33.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1720442901531333/?type=3&theater
პატრონი და დადა არ შემცდარან. სალონის ვიტრინიდან დანახული კაცი, მართლაც რომ უგო იყო.
სწორედ იმ დღეს უგო მოულოდნელად თავს დაადგა საშიშ თვალება კაცს. მანქანა ადგილიდან დაძვრას აპირებდა, რომ უგო უმალ ჩაუხტა.
საშიშ კაცს ცივმა ოფლმა დაასხა, უგო დიდი ხნის მკვდარი ეგონა და უკვე დიდი ხანია ახალ გეგმაზეც მუშაობდა, ახლა კი მისმა გამოცხადებამ და მუქარით სავსე თვალებმა შიშის ზარი დასცა.
***
ერთ საღამოს, საშიშ თვალება კაცის სახლში შესეული მძარცველები თავადვე გააპარა, სამაგიეროდ ისეთი საჭირო ინფორმაცია მიიღო, რომ სიხარულისგან ლამის გული გაუსკდა.
პოლიცია უკვე გამოძახებული ჰყავდა, რომ მძარცველებმა მაინც შესძლეს კაბინეტში შეჭრა და მისი გათოკვაც მოასწრეს. წამიც და სიცოცხლეს გამოასალმებდნენ, მაგრამ მისდა ბედად შენიშნა, რომ მძარცველები ბოშები იყვნენ, ამიტომ თავის გადასარჩენად სასწრაფოდ პატრონის სახელი მოიშველია. მძარცველებმა ჯერ ეჭვის თვალით შეხედეს, მერე მასხრად აგდება დაუწყეს. საშიშთვალებამ კი პატრონთან მეგობრობის უფრო მტკიცე საბუთად მისი წყალობთ დარბეული რამდენიმე სახლიც კი უხსენა. კაცი დარწმუნებული იყო, რომ პატრონის ხათრით დამინდობენო, მაგრამ ბოშებს მაინც სასაცილოდაც არ ეყოთ. პირიქით, უფრო გააფრთებით დაუწყეს ცემა. სიცოცხლის სანაცვლოდ კი პატრონის ადგილსამყოფელის გაგება მოითხოვეს.
საშიშთვალებამ - შვილთან ერთად ცხოვრობსო აუწყა და როცა თავად შეიტყო, რომ ეს შვილი კი არა სწორედ იმ დღეებში ნაპოვნი გოგონა იყო, ახლა თავად აწრიალდა. ამ დროს კი სახლი უკვე პოლიციის ალყაში იყო გახვეული. მძარცველებს გასაქცევი აღარსაით ჰქონდათ, და აქეთ გაუხდათ თავისუფლება სახვეწარი.
საშიშ თვალებამ ამით ისარგებლა და ბოშებს გაურიგდა. პოლიციას კი ცრუ განგაშისთვის მოუბოდიშა:
- მაპატიეთ, სულ ტყუილად შეგაწუხეთ. მძარცველები მეგონა და მეზობლის კატა ყოფილა, მის დევნაში კიბეზეც დავგორდი!
გატეხილ ცხვირზე ცივ ტილოს იფენდა, თუმცა ტკივილს ვეღარც გრძნობდა ისეთ ეიფორიაში იყო და ისეთი ბედნიერი და მხიარული თვალებით იყურებოდა, რომ პოლიციამ უმალ უკან დაიხია, მართლაც დარწმუნდნენ, რომ საშიში არაფერი იყო. საშიშთვალება კი ბედნიერებისგან სულს ძლივს ითქვამდა, თავში სულ დადას სახე უტრიალებდა.
აი, თურმე რატომ იზიდავდა ის გოგონა ასე. რატომ იყო მის თვალებში რაღაც ნაცნობი იდუმალი სხივის. თვითონ გოგონაც კი რაღაცნაირად შეჰყურებდა და არც მალავდა, რომ ეშინოდა ამ კაცის, თუმცა კაცი თბილად ექცეოდა, ტკბილეულის გარეშე არც სტუმრობდა მათ, მაგრამ გოგონა ყოველთვის გაურბოდა და ეშინოდა მისი, მას კი ყოველთვის უკვირდა ეს შიში და აი, თურმე რატომ.
„მან ყველაფერი იცის! ყველაფერი!“
იმ ღამეს ბევრი რამ გაახსენდა.
როგორ იდგა თავისი ძმის სახლის წინ და როგორ ბურტყუნებდა
,,დამაცადეთ ყველას ამოგხოცავთო. შენს ყველა ნაშიერს ზედ დაგაკლავო!“
მერე მოულოდნელობისგან გაშეშდა, როცა შეამჩნია პატარა გოგონა როგორ იდგა მის ზურგს უკან და ყველაფერს როგორ უსმენდა.
კაცი გოგონასკენ გაიწია, მაგრამ შეშინებული ბავშვი გაექცა და სწორედ იმ სახლში შევარდა, რომელსაც ემუქრებოდა. ამიტომაც იყო, რომ კატეგორიულად მოითხოვა იმ სახლიდან არავინ დარჩენილიყო ცოცხალი.
ცოცხალი მოწმე, ბავშვიც კი ყოველთვის საშიში იყო.
,,აი თურმე ვინ ყოფილა.“
პატრონმა მოატყუა, უღალატა. დავალება ნახევრად შეასრულა.
„ჩემი წყალობით გამდიდრდა და თავს იწონებს! არამზადა!
და ვინ იცის, კიდევ როდის გამოიყენებს დადას ჩემს წინააღმდეგ!
ვინ იცის რამდენს ჩურჩულებენ და რა ხაფანგს მიგებენ ერთად!
ვინ იცის, როდის წამიჭერენ ყელში ხელს!“
პირველ რიგში, როგორმე ჯერ დადა უნდა მოეშორებინა და მოგვიანებით კი მისი პატრონი, რადგან კარგად უნდოდა გაემწარებინა. ეჩვენებინა, თუ რა მოსდევდა დაკვეთის „არაკეთილსინდისიერად“ შესრულებას და დამკვეთის ღალატსა და მოტყუებას.
თავიდან უნდოდა მასთან „შეამხანაგებული“ ბოშები მოეშველიებინა, მაგრამ უფრო მზაკვრული გეგმისათვის ბევრად გამოცდილი კაცი სჭირდებოდა.
მტრად გადაქცეულ ბოშებს კი ნებისმიერ დროს, უფრო ბოლოს, შურისძიების დასაგვირგვინებლად მიუსევდა.
***
,,რა ჯადო აქვს ასეთი იმ წყეულ გოგოს?!“
ცოფებს ყრიდა საშიშთვალება.
თავის დროზე პატრონმა მწარედ მოატყუა და მოგვიანებით დაქირავებულმა მკვლელმაც არ გაუმართლა.
„რა ჯანდაბა დაეტაკა ასეთი? ალბათ ის გაქნილი ავაზაკი პატრონი მიუხვდა და უგოს ალბათ ორჯერ მეტი შესთავაზა?“
მას კი კატეგორიული უარი შემოუთვალა, რის გამოც დასაჯა და ისევ იმ ბოშების ხელით სიცოცხლეს გამოასალმა. მაგრამ აქაც უმტყუნა ბედმა და უგო საიქიოდან გამოეცხადა.
გამოეცხადა და ვითომც არც არაფერი მომხდარა, ისე მოითხოვა დავალების თავიდან შესრულება. მიზეზად კი საკუთარი პირადი შურისძიება დაასახელა.
„იქნებ არც კი იცის, რო მე გავეცი მისი მოკვლის ბრძანება?
ან იქნებ სულაც ჩემს მოსაკლავად არის მოსული?
გასამრჯელო ხომ არ ეცოტავა ნეტავ?
მერე ეთქვა და კიდევ დავუმატებდი.“
ფიქრობდა საშიშ თვალება და შიშისგან მწარე ოფლი ასხამდა. ისევ უგოსთან მოლაპარაკება არჩია და სიშმაგის მაგივრად, პირიქით დაუყვავა:
- არც იმდენად უჭკუო კაცი ჩანხარ. მართალია დავალება არ შეასრულე, მაგრამ იქნებ გაქვს მართლაც რაღაც პირადული? და თუ კი მართლაც პირადი ინტერესები გამოძრავებს, მაშინ რატომაც არა! შენი დაწყებული საქმეა და შენვე დაამთავრე!
საშიშ თვალებამ თავი მოიკატუნა. ვითომც უგოს დაჭრის ამბავი მას არც ეხებოდა და არც არაფერი იცოდა. მართალია უგოს არ ენდობოდა, მაგრამ მაინც მის წინადადებას დათანხმდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ მარტო აღარ იმოქმედებდა და საქმეში ბოშებსაც გვერდით დაიყენებდა.
უგოს დიდად არ ესიამოვნა ეს, მშვენივრად იცოდა რა გაიძვერაც იყო, მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა. სხვანაირად ეს კაცი საქმეში აღარ ჩაახედებდა და ახალ გეგმასაც არ გაანდობდა.
LEX. 2016 წლის 21 მარტი, ორშაბათიhttps://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1720442901531333/?type=3&theater
No comments:
Post a Comment