Friday, January 26, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 75)

75.
სანოვაგით დახუნძლული ფიფო, სახელოსნოს კარში ძლივს შემოეტია.
შემოსვლისას, ერთი პატარა პაკეტი ჩამოუვარდა, საიდანაც სამედიცინო ნიღბები და ხელთათმანები გადმოიყარა. 
წამიც არ შეუყოვნებია ისე გამოაცხო ტყუილი:
- ჩემს მედ.ექსპერტს შევპირდი, უკვე რამდენი ხანია და ვეღარ მივუტანე!
მიმი ფიფოს მიეშველა. მხატვარი არ განძრეულა, მხოლოდ ფიფოს შეჰყურებდა მეტყველი თვალებით. ფიფომაც თითქოს, რაღაც ანიშნა, თუმცა ვერ გამოუვიდა, რადგან მიმიმ შეამჩნია და მაშინვე მიხვდა, ბიჭები რაღაცას უმალავდნენ. 
მიმი საშინლად გაბრაზდა და საკმაოდ მკაცრი და ნაწყენი ხმით მიმართა ბიჭებს:
- ასე მგონია, სულ რაღაც შეთქმულებას მიწყობთ! როგორც კი აქ მოვალ, თქვენ მაშინვე სულ იმას ცდილობთ, რომ ერთმანეთს რაღაც ანიშნოთ! ნუთუ, ასეთი ჭკუასუსტი გგონივართ? იქნებ, ჩემი მოსვლა გწყინთ? და მაშინ, პირდაპირ მითხარით! მართლა, არ მეწყინება! - მიმი გაჩუმდა.
ბიჭები ხმას არ იღებდნენ. თუმცა, არც დამნაშავედ გრძნობდნენ თავს და არც მიმის დამშვიდებას შეეცადნენ. 
ახლა მართლაც არ იყო მიმის სტუმრობის დრო. რამე უნდა ეღონათ, რაღაც უნდა მოეფიქრებინათ, თან ისე, რომ მართლა საბოლოოდ არ დაეკარგათ, უკვე ისედაც განაწყენებული გოგოს მეგობრობა.
მხატვარმა ისევ ფიფოს შეხედა. თითქოს ანიშნებდა, შენი დაწყებული საქმეა და შენვე უნდა მოაგვაროო.
მიმი წამოდგა და წასასვლელად მოემზადა:
- მესმის, რომ რაღაც ისეთ საქმე გაქვთ, რომელიც მხოლოდ თქვენ, მამაკაცებს გეხებათ და რომ იცოდეთ, ეს სულაც არ მწყინს!
ბიჭებმა ვერაფერი უპასუხეს.
- მე თქვენი, ასეთი უაზრო ქცევა მწყვეტს გულს! - განაგრძო მიმიმ. - ნუთუ, ამდენად ვერ გამიცანით, რომ ასეთი შეუგნებელი გგონივართ? - მიმი წამით იყუჩა და მაშინვე განგრძო. - ისე, რომ გეთხოვათ, მეგობრულად და ძმაკაცურად, ცოტა ხნით დაგვტოვეო, რა?  არ შეიძლებოდა? განა ვერ გაგიგებდით! - სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ კარისკენ წავიდა.
- მოიცა მიმი! - შეაჩერა ფიფომ და წინ გადაუდგა. - შენი წყენინება აზრადაც არ მოგვსვლია და არ მე და არც მხატვარს არ გვინდა, ასე განაწყენებული რომ წახვიდე აქედან.
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- ყველაფერს გეტყვი, მხოლოდ დაჯექი და ნუ ბრაზობ, რაა?! გთხოვ. - თბილი ხმით მიმართა ფიფომ.
- აუ, ძაან მშია! - ამოიღმუვლა მხატვარმა. - ჯერ რამე ვჭამოთ, მოყოლას ყოველთვის მოასწრებ! -  მხატვარმა ამით, ფიფოს უფრო მეტი დრო მისცა, რომ სათქმელი კარგად მოეფიქრებინა.
- კარგი, კარგი! გავამზადებ ახლავე. - ფიფომ მხატვრის დროული წინადადება აიტაცა და სამზარეულოში გაიძურწა.
მიმიც დაუფიქრებლად უკან მიჰყვა.
მხატვარმა ფიფოს მიშველება საჭირო ჩათვალა და ისიც ზლაზვნით გაემართა სამზარეულოსკენ. შესაძლებელია, მიმის ათასი კითხვა დაესვა და შესაძლებელი კი არა, აუცილებლად გამოჰკითხავდა ფიფოს, მერე ცალკე მხატვრისთვისაც მოიცლიდა და სხვადასხვა პასუხების მიღების შემთხვევაში, უფრო მეტად მოუვიდოდა გული.
- დღეს, სოკოს შილაფლავი გვაქვს! მეტი ვერაფერი დაგახვედრეთ. - მხატვარმა მაცივარი გამოაღო.
- აუუუ, როგორ მიყვარს! - ფიფომ აღტაცება ვერ დამალა. -  სანამ მე სალათს დავჭრი, შენ მანამდე ხაჭაპურები გაანაწილე. - მყისვე დასაქმა მიმი და ხელში ყუთები შეაჩეჩა და ოთახშიც შეაგზავნა.
- სხვადასხვაა? - იკითხა მიმიმ.
- ჰო! - მიუგო ფიფომ. - ზოგი ლორიანია, ყველით! ზოგიც კი ლობიანი!
- უჰ! უჰ! ლობიანიც ლორით არის? - იკითხა ნერწყვმორეულმა მხატვარმა.
- აბა რა, დღეს ლორის დღე გვაქვს! - სიცილით გამოაცხადა ფიფომ. - ვიცი, გიყვარს.
პასუხად, მხატვარი გაიკრიჭა.
მიმი სამზარეულოდან გავიდა. ბიჭებმა შვებით ამოისუნთქეს.
- რას აპირებ? რა უნდა უთხრა? - დაბალი ხმით ჰკითხა ფიფოს მხატვარმა.
- შენ დამშვიდდი. მოვიფიქრე უკვე. - თვალი ჩაუკრა ფიფომ და ახლა მასაც შეაჩეჩა ლანგარი.
ბიჭები ოთახში დაბრუნდნენ.
საუზმე და სადილი ერთმანეთში აირია და გემრიელადაც მოილხინეს. სასაუბრო თემასაც ბევრჯერ ცვლიდნენ. თუმცა, მიმის მაინც ერთი სული ჰქონდა, როდისღა დაიწყებდა ფიფო მოყოლას, მაგრამ როგორც ჩანდა, სულაც არ ჩქარობდა. ბიჭები ხუმრობებსა და ათასგვარი კურიოზების გახსნებით ირთობდნენ თავს. მიმი ძალდატანებით იღიმოდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა, წამოდგა და ბიჭებს საკმაოდ მკაცრი ტონით გამოუცხადა:
- სანამ ყავას მოვამზადებ, მანამდე თქვენ დაამთავრეთ თქვენი ანეკდოტები და რომ შემოვალ! - აქ კი, ფიფოს გახედა. - მომიყვები იმას, რასაც შემპირდი!
როგორც კი მიმი გავიდა მხატვარი ფიფოს ეცა:
- ბოლო-ბოლო, რა მოიფიქრე? რა უნდა უთხრა?
- დამშვიდდი. ხომ გითხარი უკვე? - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში მშვიდი სახით გადაწვა.
მხატვარმა მხრები აიჩეჩა და მიმის შემოსვლას დაელოდა.
- ვახ! ეს რა გემრიელი ყავის მომზადება იცის, ჩვენმა გოგომ! - შემოსვლისთანავე მიაგება მხატვარმა.
- აბა დავიწყოთ! აღარ არის დრო? - მიმიმ არც აცალა ყავის დაგემოვნება, ისე მიმართა ბიჭებს.
- კარგი დავიწყოთ! - ფიფო წამოდგა. პატარა პაკეტიდან სამედიცინო ნიღბები და ხელთათმანები ჩამოარიგა.
მიმი გაკვირვებული თვალს არ აცილებდა. ეგონა რამეს მოუყვებოდა ეს კი...
- საიდან დავიწყო, არ ვიცი. - ფიფო ყუთებთან გაჩერდა. - ჩემი უდიდესი თხოვნაა, ახლა რასაც აქ ვიტყვი, - აქედან არ გავა!
მიმი გაოცებული შეჰყურებდა, ვერაფერი გაეგო.
- საიდუმლო დავალება მომცეს. - განაგრძო ფიფომ. - ერთ ძალიან და საკმაოდ ცნობილ, მომაკვდავ ადამიანს უნდა დავეხმარო. ოფიციალურად ეს საიდუმლოა, სახლშიც კი ვერ ვამბობ. გამაფრთხილეს, არც მამაჩემმა არ უნდა გაიგოს, თორემ მერე შეიძლება კოლეგებთან რამე წამოსცდეს. სხვა გზა არ მქონდა, იქ არქივის ნესტიან და ბნელ სარდაფში ვერაფერი გავარკვიე. ამიტომ ყველაფერი აქ წამოვიღე იმ იმედით, რომ არავინ გაიტანს აქედან ამბავს. შენი იმედი მაქვს მიმი, ვიცი არავის ეტყვი. არც სახლში, არც სამსახურში, არც შენს რჩეულს არაფერს ეტყვი. - ფიფომ სპეციალურად უხსენა მიმის რჩეული და თან სახეში ჩააკვირდა.
- ვინ რჩეულს?! კარგი რაა?! - საშინლად იწყინა მიმიმ.
- კარგი, რაა? ნუ ბრაზობ. - დაუყვავა ფიფომ. - მოკლედ, ეს ადამიანი ეძებს დაკარგულ შვილს! თუმცა, დაკარგულსაც არა რადგან, არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიტყო, რომ თურმე შვილი ჰყოლია! - ფიფომ წამით იყუჩა. - იქნებ, აღარც არის ცოცხალი და მაინც სასწრაფოდ უნდა გავარკვიო, სანამ ის კაცი ჯერ კიდევ ცოცხალია და თან, სანამ ხმა გავარდნილა, ეს საბუთებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაბრუნო იმავე არქივის სარდაფში!
მიმი სულგანაბული უსმენდა.
„თურმე რაში ყოფილა საქმე. ჰმ, და მე კი რა არ ვიფიქრე. მეგონა, ჩემი ატანა აღარ ჰქონდათ. ჩემთან მეგობრობაზე უარს ამბობდნენ, ესენი კი თურმე რა დღეში არიან.“
- ისე, შენც თუ დაგვეხმარები, უფრო მალეც მოვრჩებით. - როგორც იქნა, დაასრულა ფიფომ თავისივე შეთხზული ნახევრად მართალი მონოლოგი.
- აბა რას ვიზამ? - თავი დაუქნია მიმიმ. - აბა რისთვის ვართ მეგობრები? ჰმ, ისევ ეს ნიღბები! - გაეღიმა მიმის.
- ჰოოო. ვერ ავცდით, არა? - ჩაეცინა ფიფოსაც.
- მერე, ეს ხომ სულ სხვა საქმეა. - ხაზი გაუსვა მხატვარმა და ფიფოს გახედა.
ფიფოც მიუხვდა და მაშინვე შეეშველა:
- კი, რა თქმა უნდა! ეს სულ სხვა რამაა და აქ კრიმინალური, არაფერია! უბრალოდ, ამ ადამიანს არ უნდა, რომ ჯერ ვინმემ გაიგოს, სანამ მართლა არ იპოვნის და სანამ ქონებას არ დაუმტკიცებს. საკმაოდ დიდ მემკვიდრეობაზეა საუბარი და ნუ, მოკლედ რა, ახლა დეტალების მოყოლის არც დრო მაქვს და ამ ყუთების შემხედვარე, არც ნერვები.
- ალბათ, ამიტომაც თავისიანები არ ჩარია და შენ დაგავალეს. - ჩაუთო მიმიმ.
- კი მასეა! ზუსტად მიხვდი! - შეაქო  ფიფომ. - აბა, მივხედოთ ახლა საქმეს! თქვენი დახმარება მჭირდება. როცა დაიღლებით, შეგიძლიათ დაისვენოთ!
- ისე, შენ რა, კუდიანივით მიხვდი, მიმიც, რომ აქ იქნებოდა? - გაიკრიჭა მხატვარი.
სტუმრებმა ეჭვის თვალით გახედეს, ვერ მიუხვდნენ მასპინძელი, რას გულისხმობდა.
- ნიღბები და ხელთათმანებიც ზედმეტი მოიტანე და კუდიანი ხარ-მეთი! - კვლავ ჩაიქირქილა მხატვარმა.
- კუდიანი ვარ, კუდიანი! და ახლა ამ კუდიანს, თქვენს მეტი არავინ ჰყავს ერთგული დამხმარე. - აგულიანებდა ფიფო და თავად ტანჯული სახით შეჰყურებდა ყუთებს.
მიმიმ ყურადღებით შეათვალიერა, ლამის ჭერამდე ასული ყუთები და მერე გაოცებულმა, ფიფოს შეხედა.
- ზოგიერთ ყუთს დღენაკლულები აწერია, ზოგიერთს დროული და ჩვენ, რომელს ვეძებთ?
- დროულია! ნამდვილად ვიცი, დროული! - უპასუხა ფიფომ და ყუთს დასწვდა.
- თუ დროულს ვეძებთ, დღენაკლულთა ყუთებს, რაღაზე ათრევ იქეთ აქეთ? - ჩაეღიმა მხატვარს. - ჯერ აქ შემომათრევინე, ეს ზედმეტი ყუთები და მერე, უკან უნდა გამათრევინო.
- უჰ, იმ სარდაფში აღარც დავაკვირდი. ყველაფერს უცებ მოვხვიე ხელი, იმდენად შეუძლებელი იყო იქ გაჩერება. თან საშინელი განათება, წესიერად არც არაფერი ჩანდა! - ფიფო წამით შეყოვნდა და მერე სიცილით დასძინა. - ზედმეტ ყუთებთან ერთად, საჭირო ყუთების უკან გათრევაც მოგვიწევს, ასე რომ არ იდარდო, საქმე ბლომად გვაქვს!
მხატვარმა ღიმილით ჩაიქნია ხელი და ერთი ყუთი, ცალკე თავისთვის დაიდგა.
ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. მთელი ყუთები გადმოქექეს, სადაც დროულად დაბადებული ბავშვები იყო აღნიშნული და ვერაფერი ნახეს. არც გვარი ემთხვეოდა და ყოველი ბავშვი იმავე გვარით იყო გაწერილი, რომლითაც დაბადებისთანავე დაფიქსირდა. 
საკვირველი კი ის იყო, რომ ყველა საბუთი კანონიერად იყო შედგენილი და არანაირი კრიმინალის კვალიც არ ჩანდა, როცა ფიფომ ამდენი არქივების ქექვისას, იმდენი უკანონობა აღმოაჩინა, მაგრამ რატომღაც სარდაფში ჩაგდებულ ყუთებში, ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო. თუმცა, მიტოვებული ბავშვის კვალი, მაინც არსად ჩანდა. 
ფიფო სასოწარკვეთილი იყო, მეგობრებიც დაღლილი და გათანგულები იყვნენ.
დაღამებამდე იმუშავეს და უშედეგოდ.
ბიჭებს მიმი შეეცოდათ და სახლში წასვლა სთხოვეს. მიმი ჯერ უარზე დადგა, მაგრამ მერე მაინც დათანხმდა. თუმცა, გაცილებაზე სასტიკი უარი განაცხადა, ფიფო შეიცოდა.
მხატვარი ჩაფიქრებული შეჰყურებდა ხელუხლებელ ყუთებს. დანარჩენი რაც გადაქექეს ცალკე იყო ერთმანეთზე შემოდებული.
- ხომ შეიძლება, ამ დღენაკლულებში იყოს მისი საბუთები შერეული? რა არ შეიძლება?
- შეიძლება, მაგრამ მაინც ჯერ ესენი უნდა გადამემოწმებინა ბოლომდე. თან მიმიც  შემეცოდა. ძლივს ახელდა თვალებს. ცოტას დავისვენებ და მაგასაც გადავქექავ, მაგრამ უკვე აღარც მაქვს იმედი. საშინლად დავიღალე. - ფიფომ ამოიხვნეშა. - რისთვის ვეძებ ამას, უკვე აღარც კი ვიცი? არც არანაირი გარანტია მაქვს, რომ ეს ინფორმაცია ისეთ კვალზე გამიყვანს, რომ საქმეც გავხსნა, ანდა უკვე, რომელი საქმეს? ჩემი რომ აღარ არის, ის?! ტფუ! ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ყველაფერს! დავიღალე! აღარ შემიძლია!
მხატვარი ჩვეული სიმშვიდით ელოდა, როდის დაამთავრებდა ფიფო წუწუნს და როგორც იქნა, ფიფოც დადუმდა. სათქმელიც აღარაფერი ჰქონდა. ღონე მიხდილი, უკვე სასოწარკვეთილებს პიკს აღწევდა.
- ცოტა არ დავლიოთ? - შესთავაზა მხატვარმა.
ფიფომ მხრები აიჩეჩა.
- მოგვიხდებოდა მეც და შენც! ჰაა? რას  იტყვი? - არ მოეშვა მხატვარი.
ფიფომ ხელი ჩაიქნია და არაფერი უპასუხა. იფიქრა, უთუოდ მე მომიწევს მარკეტში ჩასვლაო და ისეთი სახე მიიღო, ჩანდა არსად წამსვლელი არ იყო, მაგრამ ფიფო შეცდა.
- დეზინფექციაც ჩაგვიტარდება თან. - გაიკრიჭა მხატვარი და სავარძლის უკან გადამალული ბოთლი ამოაძვრინა.
- აუ, მარტინია? - დაიჯღანა ფიფო. - ახლა მარკეტში, ნამდვილად ვერ ჩავალ.
- სხვა არ მაქვს, თორემ... თითო მაინც მოგვიხდებოდა.
ფიფო სავარძელში გადაწვა, თვალები მილულა და მარტინის წრუპვას მოჰყვა.
ხან ერთი გააბოლებდა, ხან მეორე. თავისთვის უხმოდ ისხამდნენ სასმელს. ისე იყვნენ დაქანცულები, რომ ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდათ.
ბოთლი ამოიწურა. მხატვარი სიგარეტის დასწვდა და ცარიელი კოლოფი უკმაყოფილო სახით მაგიდაზე მიგდო.

***
უკვე კარგა ხნის გათენებული იყო, ფიფოს რომ გამოეღვიძა. თავიდან თითქოს ეუცხოვა ოთახი, მაგრამ ყუთების დანახვაზე უმალ გაახსენდა, სადაც იმყოფებოდა.
ღიმილით შეავლო თვალი, სავარძელში გემრიელად ჩაძინებულ მხატვარს, რომელსაც ფეხები პატარა მაგიდაზე შემოეწყო იქვე, მის ფეხთან კი ძველი გაყვითლებული დამდნარი ბლანკის ფურცელი იდო.
LEX. 2017 წლის 24 მაისი, ოთხშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1912110375697917

No comments:

Post a Comment