Friday, January 26, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 74)

74.
ისევ ნიღბები.
აქ არაფერი შეცვლილა. სახელოსნო, ძველებურად ისევ იმ ადგილას იყო.
ძველი ქუჩა, ძველი უბანი, ძველი სახლი.
მოძველებული ავეჯიც კი, ისევ იმ ადგილას იდგა და კედლის ერთ კუთხეს, კვლავაც ამშვენებდა ვენეციური ნიღბების სერია
და ისევ ეს ნიღბები.
მიმი შეეცადა, ზურგი შეექცია და ისე დამჯდარიყო, მაგრამ ნიღბების მზერამ ახლა ბეჭები აუწვა. რაღაც საშინელი, აუტანელი სუნი, ის უწინდელი, ზეთის საღებავების, ოდნავ მოტკბო, ცოტაც თავბრუდამხვევი სუნი სადღაც გამქრალიყო და ახლა, რაღაც სიმყრალეს დაეკავებინა მისი ადგილი. 
მიმი ახლა უფრო საშინლად შეწუხდა და სხვაგან გადაჯდა. თუმცა, ამჯერადაც ნიღბების მზერას ვერ ასცდა და მათ პირისპირ აღმოჩნდა. 
ერთი ორჯერ, მალულადაც შეავლო თვალი. თითქოს, მზერას ვერ უსწორებდაო ამ უსულო, მაგრამ მრავლის მეტყველ საგნებს.
მხატვარი, მდუმარედ ადევნებდა თვალს დაკარგულ და კვლავაც, უკვე მერამდენედ გამოჩენილ მეგობარს. ვითომ, ვერც კი ამჩნევდა მის ასეთ ეიფორიულ რეაქციებს და ისეთი მშვიდი სახით იჯდა და ელოდა, ბოლოს და ბოლოს, როდისღა დაშოშმინდებოდა მისი მეგობარი, მაგრამ ლოდინმა იმდენ ხანს გასტანა, რომ მასპინძელმა ვეღარ მოითმინა და თავად წამოიწყო საუბარი.
- როდისღა უნდა გავიცნოთ შენი რჩეული? აღარ არის დრო?
- ო, კარგი რაა, რა რჩეული. - შეიჭმუხნა შუბლი მიმიმ.
- ესე იგი, შენ გინდა თქვა, რომ თავადაც არ იცი რა ხდება, არა?
- ჰმ, როგორ მართლა ზუსტად იცი სიტყვების შერჩევაც და ადამიანის წუხილის გამოცნობა. - სევდიანად ჩაეღიმა მიმის.
პასუხად მხატვარმა, თბილად გაუღიმა და მერე დინჯად დასძინა:
- სიტყვების შერჩევისა, რა მოგახსენოთ, ღრმად პატივცემულო, მაგრამ ყველაფერი სახეზე გაწერია! მე, ერთი უბრალო მხატვარი ვარ და მხოლოდ და მხოლოდ, შენი რეაქციები გავახმოვანე.
მიმის ცალყბად ჩაეღიმა, მაგრამ არაფერი უპასუხა.
- და შენ წარმოიდგინე! - განაგრძო მხატვარმა. - ახლა ძალიან დავინტერესდი და თანაც, საშინლად დავინტრიგდი! ვინ აურია ასე, ეს დაწყობილი გონება? ვინ აუბნია თავგზა და ეს დალაგებული ცხოვრება, ჩემს უახლოეს მეგობარს! დიახ, სწორედაც იმ მეგობარს, რომელმაც არც კი იცის, რომ ამ ოთახში ისე მოთავსდეს, რომ ნიღბების მზერას ასცდეს! და იმასაც ვერ ხვდება, რომ ეს აქ შეუძლებელია, რადგან ჩემს სახელოსნოს, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხი კედელი აქვს! - სიცილით დაასრულა მხატვარმა და მიმის რეაქციებს დაელოდა. 
მიმი უკვე ყურებამდე იღიმოდა, მისი ეიფორია, სადღაც გამქრალიყო. მართალი იყო მხატვარი, თუ არაფრის მოყოლა არ გინდა და არც არაფრის თქმა, მაშინ შენი ნერვები უნდა მოთოკო და შენი ემოციები შენთვის შეინახო, სხვა კი არ უნდა დააინტრიგო.
დადგა უკვე მოყოლის დროც, მაგრამ რა მოეყოლა?
- მართლაც არ ვიცი. - დაიწყო მიმიმ. - ვაღიარებ, მომწონს! მაგრამ ზოგჯერ, თითქოს მაშინებს კიდეც მასთან ურთიერთობა. მის გვერდით სულ ვიბნევი, რადგან თვითონ არის რაღაცნაირი. ვერ ვხსნი, მიჭირს გადმოცემა.
- დაბნეული და არეული რომ ხარ, ეგ გეტყობა ისედაც! შენ ის მითხარი, რა ტიპის ურთიერთობა გაქვს?
- როგორ, რა ტიპის?
მხატვარი ცოტა ჩაფიქრდა. ძალიან უნდოდა, მიმი მასთან გულახდილი ყოფილიყო და ყველაფერი მოეყოლა, მხოლოდ ისე, რომ თავად დაეწყო, მაგრამ როგორც ჩანდა, მიმი საუბარს თავს ვერ აბამდა და ისევ თავად შეეშველა.
- აი, თუნდაც, რას ფიქრობ მასზე? როგორია? გულწრფელია, თუ გრძნობ, რომ რამეს გატყუებს? ან?
- არ ვიცი, რატომ, მაგრამ ზოგჯერ, მართლა ვგრძნობ ტყუილს! აშკარა ტყუილს, თუმცა...
- თუმცა? - მხატვარს ჩაეღიმა. 
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- იცი, მიმი. - დაიწყო ისევ მხატვარმა. - არის ზოგჯერ მომენტი, როცა სათქმელს ვერ ამბობ! ან იქნებ, სულაც არ გინდა, რომ შენზე ყველამ ყველაფერი იცოდეს. თუნდაც, ნაცნობობის ამ ეტაპზე და აქ რამდენიმე ვარიანტია. ან რაღაც მართლაც გაქვს დასამალი, ან კიდევ, მოსაყოლადაც არ გიღირს! სულაც არ გსურს იმის გასაჯაროება, რის გახსენებაც შეიძლება, საშინლად გტკენს გულს გტკენს.
- შეიძლება, ალბათ. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ზოგჯერ მგონია, რომ ჯერ კიდევ წარსულით ცხოვრობს და ძალიან უჭირს გამოსვლა იქიდან.
- აი, ხედავ? - თავი დაუქნია მხატვარმა. - ესე იგი, რამეს კი არ გიმალავს, ალბათ, ვერ გიყვება და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ გენდობა.
- კი, კი! მასეა, მასე! - კვერი დაუკრა მიმიმ და მაშინვე ის საუბარი გაახსენდა, როცა პიპა, თავისი ოჯახის ამბებს უყვებოდა. 
- ესე იგი. - განაგრძო ისევ მხატვარმა. - ასეა, თუ ისეა, მის ცხოვრებაში გავერკვიეთ. 
- ალბათ. - გაეღიმა მიმის. 
- გამოდის რომ, არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, გარკვეული მიზეზების გამო და ეს მიზეზებიც, ჩვენთვის უცნობია? - ჩაეკითხა მხატვარი და თან, მიმის რეაქციას დააკვირდა.
- ნუ არც, იმდენად.
- გასაგებია. - მხატვარმა სიგარეტი ღრმად მოქაჩა და კვლავ განაგრძო მიმის „დამუშავება“. - ახლა, მოდი გავარკვიოთ, თუ როგორი ხასიათი აქვს!
- ხასიათი?.. ცოტა.. ცოტა.. - მიმი ჩაფიქრდა. პიპას გაურკვეველი და უფრო მეტად ცივი ხასიათი, უკვე მშვენივრად იცოდა. თუმცა, ამ ბოლო დროს, ეს ცივი ყინული, აშკარად გალღვა.
- როგორია? - ვეღარ მოითმინა მხატვარმა და კვლავ თავად განაგრძო. - როგორ აცვია? სტილს ვგულისხმობ.
- ცუდად! ცუდად აცვია! ძალიან ცუდად აცვია!
- ნუ, ალბათ რაც აქვს, იმას იცვამს! - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - და ამის გამო, შეიძლება ვერც განსაზღვრო, მისი გემოვნება! აი თუნდაც, მე! რაც მინდა და როგორც მინდა, ისე მაცვია და სულ მკიდია სტილი.
- შენ უფრო კარგად გაცვია. - გაუღიმა მიმიმ.
- ჰმ, გმადლობ. - გაეცინა მხატვარს და განაგრძო. - ჩაცმაში არაფერია გასაკვირი და არც დასაძრახი ხომ?
- არა! არა! ტანსაცმლით ადამიანებს როდის ვაფასებ? ეს ხომ ისედაც იცი?
- ვიცი და მაგიტომაც, მეც სწორედ ჩაცმულობის სტილი გკითხე და არა თვითონ ტანსაცმელი. ესე იგი, თავისუფალი სტილი. დაახლოებით ჩემსავით, მაგრამ ბევრად უფრო უხარისხო ტანსაცმელი.
- თან თითქოს, სხვისი აცვიაო.
- როგორ თუ სხვისი?
- თითქოს მორგებულიც არა აქვს და რაღაც სულ სხვა სტილის. - მიმი წამით ჩაფიქრდა. - როცა საუბრობს და თუ მაგ დროს არ უყურებ, გეგონება რომ სულ სხვა ვინმეა და უცებ შეხედავ და მისი ეს სტილია, თუ რაღაც ჩასაცმელი და უფრო ზუსტად ტანის საფარი!.. ვაიმე, არ ვიცი, ვერ ვხსნი! - მიმი აღელვებული სახით დასწვდა სიგარეტს.
მხატვარი ყველაფერს მიხვდა. თუმცა, სულაც არ აპირებდა მიმისთვის რამის ახსნას და თუ ეტყოდა, უფრო ფიფოს ეტყოდა, მაგრამ ჯერ, თავად უნდა გაერკვეულიყო ბოლომდე, თუ რა ნიღაბს იყო ამოფარებული, მიმის აჩრდილივით ქცეული რჩეული.
მიმიმ სწორედ ეს შეიცნო მასში. ეს ამოიცნო. ფარდას ამოფარებული სული, მაგრამ ვერ მიხვდა, ბოლომდე ვერ ჩასწვდა. სწორედ ახლა იყო დრო, რომ როგორმე უფრო მეტად აელაპარაკებინა ეს არეული და დაბნეული მეგობარი, რომ მერე, იმ გამოუცნობ და იდუმალ თაყვანის მცემელს, მართლაც რამე ხიფათში არ გაეხვია საწყალი გოგო.
- კიდევ რა მოგეჩვენა უჩვეულო? - კვლავ განაგრძო მიმის გამოკითხვა მხატვარმა.
- უჩვეულო? - მიმი წუთით ჩაფიქრდა და მერე უცებ წამოიძახა. - სუნამო!
- სუნამო? ჰმ, ამაში უჩვეულო არაფერია! - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - როგორც წესი, გემოვნებაზე არ კამათობენ. მას მოსწონს, შენ კი ის სურნელი გაღიზიანებს და ეს, უჩვეულოს სულაც არ ნიშნავს! იქნებ, კიდევ სხვა რამ გაიხსენო?
- არა, არა! შენ ვერ გამიგე! კი არ მაღიზიანებს არამედ, პირიქით! - მიმიმ წამით იყუჩა. - რამდენჯერ მის გვერდით ძალიან ახლოს, რომ ვიყავი, რაღაც ძალიან საოცარი სუნამოს სურნელი ვიგრძენი და იმასაც მივხვდი, რომ საკმაოდ ძვირიანიც იქნებოდა. ხომ იცი, ეს მე არ შემეშლებოდა.
- და, მერე რა?! იქნებ, სტუმრად იყო და იქ დაისხა? რა? არ შეიძლება?! თუ ის გიკვირს, ასეთი ცუდი ჩაცმულობის კაცი, ასეთ ძვირიან სუნამოს რომ ისხამს? იქნებ, სულაც აჩუქეს? ან თუნდაც, მოიპარა?! - მხატვარს თავისივე სიტყვებზე სიცილი აუტყდა.
მიმისაც გაეცინა.
- შეიძლება, მართლაც სხვისი სუნამო ესხა, მაგრამ... - მიმი ყოყმანობდა. არ იცოდა, ეთქვა თუ არა ბოლომდე სათქმელი.
 - ჰო, რა მაგრამ? მაინც რა გაგიკვირდა? - ჩაეძია მხატვარი.
- ტანსაცმელზე არ ასდიოდა სუნამოს სურნელი. მხოლოდ მას! და ნუ მიყურებ მასე! უბრალოდ, ერთ-ორჯერ ჩავეხუტე და აშკარად ვიგრძენი. მის სამოსს, ცოტა სიძველის სუნი ასდიოდა, თავად კი სასიამოვნო სუნამო ესხა. თუმცა, კი არ ესხა, თითქოს შემორჩენოდა.
- ესე იგი, ჯერ სუნამო დაისხა და მერე ჩაიცვა! - მხატვარი სიცილს ვეღარ იკავებდა, ძლივს მოითქვა სული. - ან იქნებ, ვინმე ქალისგან გამოჰყვა? ხომ შეიძლება?
- არა, ქალის არა! ნამდვილად მამაკაცის სუნამო იყო! დარწმუნებული ვარ! არ ვცდები!
- უამრავი ვარიანტი შეძლება იყოს, და არც ერთი არ არის გამორიცხული და არც უჩვეულოდ გასაკვირი.
- აი, ჰო, მეც ეს გავიფიქრე მაშინ, უჩვეულოც არაფერია, მაგრამ მაინც ჩამაფიქრა და კიდევ, ცხვირზე ოდნავ, სათვალის ნაჭდევი ეტყობა. მე კი არასდროს მინახავს სათვალით.
- ეგ სათვალეც არაფერია! ზოგი, მხოლოდ კითხვისას იყენებს.
- ჰო, ალბათ.
- ესე იგი, ბევრს კითხულობს და საკმაოდ კარგადაც არის ინფორმირებული, არა?
- კი ძალიან ჭკვიანი და ნაკითხია. ძალიან. თან იმდენი რამ იცის, თანაც ისე დაწვრილებით. სულ დეტალებშიც კი ახსოვს, თითქოს ამ წუთას წაიკითხაო. არადა, რომ გეკითხა, ეს ოცი წლის წინ მაქვს წაკითხულიო. რა ვიცი, რაღაცნაირია. - მიმიმ მხრები აიჩეჩა. - უცნაური, უჩვეულო.
მხატვარი ჩაფიქრებული შეჰყურებდა მიმის.
ჯერ, ლამის გამთენიისას, ფიფო დაადგა. მალე მოვალო და მერე რატომღაც დაიკარგა. ახლა, კი მიმიც დაბარებულივით, ადრიანად გამოჩნდა.
ყველაზე ნაკლებად, ახლა მიმის სტუმრობა იყო საჭირო, რადგან სადაცაა ფიფოც დაბრუნდებოდა და მხატვართან ერთად უნდა ექექა, ის ჟამ გადასული არქივები. მიმის ჩარევა კი, ასეთ სიტუაციაში საერთოდაც არ ივარგებდა, მით უმეტეს, რომ მისი ეს იდუმალი თაყვანისმცემელი, რაღაც მომენტში ფიფოს ეჭვმიტანილიც იყო, თუმცა, ამას ჯერ კიდევ დადგენა და დაზუსტება უნდოდა.
ამიტომაც არ იყო, ახლა მიმის სტუმრობის დრო, მაგრამ აბა უკან ხომ არ გაუშვებდა, ისედაც არეულ და აფორიაქებულ მეგობარს.
„კიდევ კარგი, ფიფო აქ არ დახვდა, ალბათ ჯერ სახლში შეირბინა, ან სამსახურში გაიარა. იქნებ, მიმი მის მოსვლამდეც წავიდეს, მაგრამ როგორ ვაიძულო? ან ჯერ როგორ გავუშვა? მართლაც, რომ რა დღეშია გოგო.“
მიმი ნელ-ნელა ალაპარაკდა. ბევრიც საინტერესო და ბევრიც არაფრის მთქმელი რამ მოჰყვა, მაგრამ საუბრიდან, უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ მიმის საკმაოდ ჭკვიან და საზრიან ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც თავიდან უბრალო ადამიანად ასაღებდა თავს, ახლა კი გაუშინაურდა და აღარც მალავს ან ვეღარც ფარავს თავის „სიდიადეს“.
თითქმის არაფრისმთქმელი მინიშნებები, მიმის მაინც უჩვეულოდ მოეჩვენა. შინაგანად გრძნობდა, რაღაც ისე ვერ იყო საქმე. ამიტომ მეგობრების თანადგომა სჭირდებოდა. ძალიან კარგია, რომ მხატვარს მაინც გაუმხილა თავისი ეჭვები. თუმცა უსაფუძვლო, მაგრამ მაინც.
მხატვარიც, თავის მხრივ ათას რამეს ფიქრობდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა - საჭირო იყო თუ არა, უკვე ფიფოს ჩარევა? თუ ცოტაც მოეცადა? ჯერ თვითონ გაერკვია, თავად დარწმუნებულიყო და კარგად გამოექექა მიმის იდუმალი მეგობარი. თუმცა, არც ეს იყო ადვილი საქმე. რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ყოფილიყო. ფრთხილად და ფხიზლად.
- ფუ, ეს საშინელი სუნი, აქედან მოდის?!
მხატვარი ფიქრებიდან, სტუმრის ძლიერმა შეძახილმა გამოარკვია.
მიმი ძველ დაობებულ, ჭერამდე ასულ ყუთების გროვასთან იდგა და ფიფოს მოტანილ საბუთებს, ძალიან ფრთხილად, ორი თითით, მყრალი სუნისგან ცხვირ აბზუებული ავლებდა ხელს.
მხატვარი გაიტრუნა.
- ვაიმე, ეს რა არის? რა ხდება? თავიდან ვერც შევამჩნიე. რად გინდა ეს ძველი ფურცლები? თან რა დამპლის სუნი აქვს! - დაიჯღანა მიმი.
- ახლობელმა მთხოვა, დავაწყობინე და ვნანობ, მართლაც საშინლად ყარს, მაგრამ უარი ვეღარ ვუთხარი.
- ჰმ, რაში სჭირდება? თანაც რომელი წლებია?
- დაავალეს! ჰო, დაავალეს ძველი საბუთების კომპიუტერში გადატანა და ნაწილი თავის სახლში წაიღო ნაწილი, რომ არ დაკარგულიყო აქ შემომტენა...
მხატვარს სიტყვა შუაზე გაუწყდა, როცა კარში შემოსული ფიფო დაინახა.
LEX. 2017 წლის 20 მაისი, შაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1917218701853751

No comments:

Post a Comment