Wednesday, January 24, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 59)

59.
ერთხანს, მოსაცდელში აყურყუტეს და მერე როგორც იქნა, კაბინეტის კარიც გაიღო.
თითქოს ოთახი არ ეთმობოდათო, ნელ-ნელა ზლაზვნით იწყეს გამოსვლა, ბოლოს უფროსიც გამობრძანდა, ფიფო ფეხზე წამოდგა.
- აჰ, შენ აქ ხარ? - მიმართა ფიფოს და წამით ჩაფიქრდა. ახლა შეეპატიჟებინა კაბინეტში, თუ კიდევ სხვა დროს დაებარებინა. მერე ერთი ძლიერად დაიგრუხუნა. - წამოდი, წამოდი შენ ჩემთან! - პასუხსაც არ დაელოდა ისე შეაქცია ფიფოს ზურგი და გასასვლელისკენ გაემართა.
ფიფოს, ბავშვობიდან უყვარდა მათთან სტუმრობა. დიასახლისი, ძალიან თბილი, კეთილი და საკმაოდ სტუმართმოყვარე ქალი იყო. უშვილო ოჯახში, საყვარელი ნათლულის გამოჩენა, ყოველთვის დღესასწაულს ჰგავდა.
- შეეშვი ბიჭო მაგ საქმეს! - ნათლია სავარძელში მძიმედ ჩაეფლო და კონიაკი მოსვა.
ფიფო თვალს არ აშორებდა, ხმა არ ამოუღია. არც ჭიქისთვის უხლია ხელი.
- უშენოდაც გამოიძებენ! - ისევ მოსვა ყლუპი ნათლიამ, წინ გადმოიწია და ფიფოს თვალებში ჩააშტერდა. - ან ვერ გამოიძიებენ! ეს შენ უკვე აღარ გეხება! და ნუ დააინტრიგე ხალხი! რას ეძებ? ვის რას უმტკიცებ? ან რის დამტკიცებას ცდილობ?
- არაფერს განსაკუთრებულს, ისე უბრალოდ, მეგობრებს ერთი ორჯერ დავეხმარე და რა მოხდა მერე?
- მოხდა! ის მოხდა, რომ იმაზე მეტად ჩანხარ, ვიდრე შენ გინდა, რომ გამოჩნდე! რა?!  გგონია, ვერ ვხვდები რაც გაწუხებს? რა მოხდა მერე? საქმეს ჩამოაშორეს ბიჭი და გულზე სკდება?
- ჰო! მასეა! - ფიფომ კონიაკით შევსებული ჭიქა მთლიანად გადაჰკრა. - ბოღმა მახრჩობს! და ყველაზე მეტად, საკუთარ ნათლიაზე ვარ განაწყენებული! რატომ ჩამომაშორე ამ საქმეს ისე, რომ ახლოსაც არ მაკარებ? რა ხდება? უბრალოდ ამიხსენი და გავჩერდები!
- რა ხდება? არაფერიც არ ხდება! ცხოვრება უაზროდ აიწეწე, დაკისრებული საქმის წარმოება, პირადულ პრობლემას დაამსგავსე, ერთ შეცდომაზე კიდევ უფრო სხვა დიდ შეცდომას ამატებდი. მსაყვედურობდნენ შენს გამო, აი შენი მოყვანილი სანაქებო ნათლულიო! – ნათლიამ ცოტა ხნით იყუჩა, ჭიქები შეავსო და განაგრძო. -  დაიმახსოვრე! არც ერთმა საქმემ, არ უნდა გადაგიყოლოს. მერე რა, თუ ვერ გაიხსნა. ზოგჯერ ასეც ხდება, ზოგჯერ კი არა, ბევრჯერაც! დროებით შეიძლება კიდევაც გვერდზე გადადო და სხვა საქმეს მოჰკიდო ხელი, და მერე უცებ, იმ დროს, როცა საერთოდ არ ელოდები, ისეთი კვანძი გაიხსნას რომ... ან იქნებ, საერთოდ არაფერი გამოვიდეს, მაგრამ თავი კი არ უნდა დაკარგო!
ფიფომ არაფერი უპასუხა.
- ან საერთოდ, რა არის? რანაირად დადიხარ სამსახურში? - კვლავ გააგრძელა ფიფოს დატუქსვა ნათლიამ. - აღარც თავს უვლი, წვერსაც წესიერად არ იპარსავ! ან სულ მოუშვი, ან მოიწესრიგე! ან რა პიჯაკი გაცვია? რა არის ეს?! მეტი არ გაქვს ვითომ?! არ გიცნობდე მაინც.
ნათლიამ სიგარეტს მოუკიდა. ფიფო კვლავ მდუმარედ იჯდა. ჩანდა, სათქმელი არაფერი ჰქოდა, ან იქნებ არც არაფრის თქმა არ სურდა.
- მიდი დაალაგე ჯერ შენი პირადი ცხოვრება და კაცს დაემსგავსე და მერე, რა ვიცი? ვნახოთ, თუ სხვა ვერავინ მოაბამს თავს ამ საქმეს, შესაძლებელია ისევ შენ დაგიბრუნდეს! - ნათლიას ეშმაკურად ჩაეღიმა და ღიმილის დასაფარად, ჭიქა მოიყუდა.
ფიფოს თვალებში იმედის ნაპერწკალმა იელვა. ვახშამზეც არც დარჩენილა, ისე ფრთებ შესხმული გამორბოდა იქედან.
მართალი იყო ნათლია.
რას დაემსგავსა? დეტექტივს კი არა, უფრო მაწანწალა მაძებარს ჰგავდა.
თავიდან, სახლისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ გზიდან გადაუხვია და პირდაპირ იმ ექიმისკენ აიღო გეზი. საჭირო იყო თვალებში ჩაეხედა და პირადად დაეკითხა, ტელეფონით დადასტურებულს არ დასჯერდა. ახლა უფრო მეტად გაუჩნდა წყურვილი, რომ ეს საქმე, ბოლომდე მიეყვანა და ბევრად უფრო ჭკვიანურად უნდა ემოქმედა.
ექიმის დაკითხვამ, ახალი არაფერი მოიტანა. დაკითხვაც უფრო, გამოკითხვას ჰგავდა. აუღელვებლად და დინჯად პასუხობდა, ხოლო როცა ფიფომ უთხრა, მოგვიანებით ოფიციალური ჩვენების მისაცემად განყოფილებაში დაგიბარებთო, ამაზე ექიმი საშინლად გაფითრდა და ძლივს ამოილუღლუღა, წინასწარ უნდა შემითანხმდეთო. ფიფოს თვალიც ვეღარ გაუსწორა, სულ აქეთ-იქეთ აცეცებდა, ბოლოს დაცვარული შუბლი მოიწმინდა, დაღლილობა მოიმიზეზა, თან უკვე მართლაც გვიანიც იყო და დიდი პატივით მიაცილა „სასურველი“ სტუმარი კარამდე.
ფიფო სახლში გაბრწყინებული დაბრუნდა. დიდ სარკეში, კარგად შეათვალიერა საკუთარი თავი. საშინლად არ მოეწონა, უფრო დაბერებული მოეჩვენა. ერთ დროს, გამოწკეპილი და მოდურად ჩაცმული ბიჭი, დღეს ჩვეულებრივ, მოუვლელ და უნიათოს უფრო ჰგავდა.
ხვალიდან ყველაფერს მიხედავს. ახალ ტანსაცმელსაც შეიძენს, წვერსაც სუფთად გაიპარსავს, ჯაგარივით დამდგარ თმასაც შეისწორებს. მერე დროსაც გამოძებნის და ბავშვის სანახავადაც წავა.
მთელი თვეა არ უნახავს შვილი. მედ.ექსპერტი მართალია, ცხვირ აბზუებული დახვდება, მაგრამ არაუშავს, როგორც ყოველთვის, ისევ შემოირიგებს.
ვერა და ვერ მოხერხდა, მათი ბოლომდე დაწყვილება. მუდმივი კამათის გამო, თანდათან შეუძლებელი ხდებოდა, მათი ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება. სილაღის მოყვარული ფიფო, არაფერს იკლებდა და უკან არაფერზე იხევდა. ქალი გამუდმებით, ზოგჯერ სამართლიანად და ზოგჯერ კი, მართლაც უსამართლოდ ეჭვიანობდა. ხშირად, მიმისაც ღვარძლიანად უხსენებდა, რაზეც ფიფო საშინლად ბრაზდებოდა და სახლიდანაც კი გარბოდა, ბოლოს სმასაც მოუმატა.
ფიფო დაბნეული ათვალიერებდა, ერთ დროს, თავის უსაყვარლეს მაღაზიას. თავბრუ დაახვია, პიჯაკების სიმრავლემ. აღარ იცოდა, საიდან დაეწყო შერჩევა. ცალკე, პერანგების სიჭრელემაც მოსჭრა თვალი.
რა ხანია, აქ აღარ ყოფილა და უკვე კარგა ხანია, არც არსად არაფერი შეუძენია.
ეჰ, რა დრო იყო...
შემოსვლისთანავე მიეგებებოდნენ სასურველ კლიენტს, რომელმაც ზუსტად იცოდა, თუ რა უნდოდა და რა უხდებოდა. ახლა ალბათ, ვერც კი იცნეს. ყურადღებაც არავინ მიაქცია.
მერე რამდენჯერ ყოფილა აქ მიმისთან ერთად.
ერთად არჩევდნენ, ერთმანეთისთვის შესაფერ სამოსს.
ერთად.
ერთმანეთისთვის.
რა ლამაზი წყვილი იყო...
„ისევ მიმი... ჰმ.“
- დიახ, მართალი ხართ. ეს სტილი მეც მომწონს, ფერიც უხდება პერანგს!
მოულოდნელად, სადღაც ახლოს, მის ზურგსუკან, მიმის ხმამ გაიწკრიალა.
ფიფო შეკრთა. საკიდიდან ჩამოსახსნელი პიჯაკი, ისე ძლიერად ჩაბღუჯა ხელში, რომ შენიშვნაც კი მიიღო. თუმცა, სხვა არაფერი ესმოდა, გარდა მიმის ხმისა.
არა არ ცდებოდა. ნამდვილად მიმის ხმა იყო.
„ალბათ, ახლა სხვასთან ერთად არის და მასთან ერთად არჩევს ახალ ტანსაცმელს.
ან იქნებ, მას ურჩევს?..“
ფიფო ფიქრებმა შეიპყრო. უკან მიხედვაც ვერ გაბედა. თანაც, ასეთ გაბურძგნული, მოუვლელი და საშინელი შესახედი, მიმის როგორ უნდა დანახვებოდა?
მომსახურე პერსონალი გოგონა, რაღაცას ეკითხებოდა, ფიფო კი, გაშტერებული იდგა. ბოლოს მაშინ მოეგო გონს, როცა უფრო ხმამაღლა ჩასძახეს.

***
- არა, სასმელი არ მინდა! აი ყავას კი, სიამოვნებით დავლევ. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და მხატვრის სავარძელში ჩაეშვა.
არც ახსოვს, როგორ გამოვიდა ტანსაცმლის მაღაზიიდან, როგორ ჩაჯდა მანქანაში და როგორ ესტუმრა მხატვარს. გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა მასპინძლის კუთვნილი სავარძელი დაიკავა, თუმცა მაინც დაუთმეს. მხატვარმა, მის გაფითრებულ სახეს რომ შეხედა, იყავი, არ ადგეო, მაშინვე უთხრა. თვითონ კი, მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა და ამბის მოსასმენად მოემზადა.
სტუმარი აღელვებული უყვებოდა, რაც გადახდა ამ ერთი წლის მანძილზე. მოუბოდიშა კიდევაც, ამდენი ხანი, რომ არ ინახულა მეგობარი და ბოლოს, მიმისთან მოულოდნელი შეხვედრის ინციდენტიც მოუყვა.
მხატვარს ძალიან გაუკვირდა:
- მერე? რატომ არ მიბრუნდი და არ დარწმუნდი? იქნებ, სხვა იყო?
- არა! ნამდვილად მიმის ხმა იყო!
- მე შენს ადგილას, მივბრუნდებოდი და მივიდოდი კიდევაც.
- არა, არ მინდოდა, თან ძალიან მინდოდა, მაგრამ...
მხატვარი თვალს არ აცილებდა, ფიფო კი, თითქოს უფრო თავისთვის განაგრძობდა საუბარს და არც აქცევდა ყურადღებას, უსმენდა თუ არა მასპინძელი.
„მაინც რა საოცრებაა, ამდენი ინტერვალის შემდეგ, ჯერ მიმის ვიზიტი და მერე კი, იმავე დღესვე ფიფოსი.“
ფიქრობდა მხატვარი.
ნამდვილად მიმის ხმა იქნებოდა.
ალბათ ამიტომაც მკითხა, როგორ შეიძლება გავუკეთო მეგობარს სიურპრიზი, ისე რომ არ ეწყინოსო. 
ჰმ, სიურპრიზი რა საწყენია, თუმცა გააჩნია სიურპრიზსაც.
იქნებ, ვინმესთვის ტანსაცმლის ყიდვა უნდოდა და თან, ერიდებოდა კიდევაც რადგან შეიძლება მისი საჩუქარი სხვანაირად მიიღონ და ისე ვერ გაუგონ.“
LEX. 2017 წლის 2 თებერვალი, ხუთშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1860631957512426

No comments:

Post a Comment