60.
ფიფო წასვლას არ ჩქარობდა. თითქოს, კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა.
მხატვარი ჩვეული სიდინჯით წრუპავდა კონიაკს და ელოდა, როდისღა ამოღერღავდა ბოლომდე სათქმელს, მისი სტუმარი. ფიფო კი, ამ დროს, მონუსხულივით შეჰყურებდა ფანჯრის, რაფაზე მდგარ უბრალო მინის ქილაში, ნახევრად ჩამპალ ყვავილებს. ეს ყვავილები სულაც არ ჰგავდა იქ, იმ მოსაცდელში მდივნის მაგიდაზე მდგარ, ფურცლებ შემხმარ ვარდებს, მაგრამ იყო მათში რაღაც საერთო... ის საერთო, რასაც მოგონება ერქვა...
ან სინანული...
ან კი, ორივე ერთად.
- შენ აქ, ფანჯრებს საერთოდ არ აღებ? - ფიფო არც დაელოდა პასუხს, ისე წამოხტა. ნერვულად გადასწია ფარდა და ყვავილებიან ქილას ჩამოაფარა, რომლის დანახვაც, უკვე ნერვებს უშლიდა.
ფანჯრის გაღებისთანავე, სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. სიცივემ ტანში დაუარა და მაინც სასიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
- უჰ! სულ სხვა სუნი დგას ჰაერში! თითქოს უნდა, რომ ისევ მოთოვოს, თოვლის სუნია. - ფიფომ თითქოს შვებით ამოისუნთქა.
მხატვარი კვლავ დუმილით შეჰყურებდა. მხოლოდ ფიფო ლაპარაკობდა, უფრო თავისთვის, ვიდრე მხატვრის გასაგონად.
მოულოდნელად, ოთახში მხატვრის გოგონა შემოიჭრა და ერთდროულად შემოიტანა ქაოსი, ხმაური და მხიარულება.
- მამ! იცი, დღეს სად ვიყავი?
- აბა, აბა მოგვიყევი, სად იყავი და ვინ ნახე? - ზლაზვნით წამოდგა მხატვარი და აკანკალებულმა ფანჯარა მიხურა. - გავიყინე, რაა!
ფიფოს გაეღიმა, თავად სიცივეს ადვილად იტანდა. თანაც ცალკე, ახლა სისხლი უდუღდა და ცალკე ტვინიც, ამდენი დარდისა და ფიქრისგან.
„აბა ამას, რა აქვს სადარდებელი? ჭამს, სვამს, სძინავს! როცა უნდა ადგება და დახატავს, არაფერი სხვა საზრუნავი ამას არა აქვს.“
- ვინ ვნახე და დღეს, მიმი ვნახე! - ზარივით გაიწკრიალა გოგონას ხმამ.
მიმის ხსენებაზე ბიჭები შეკრთნენ.
- და იცი, დღეს კიდევ, სად ვიყავი? - გოგონამ ისე დაუსვა მამამისს კითხვა, თითქოს პასუხსაც ელოდაო.
- ????
- ის კაცი, რომ დაწვეს ფულებთან ერთად, სწორედ იმ ეზოში ვიყავი! ჩემი კლასელის ფანჯრები, ზუსტად იმ კაცის ფანჯრებს უყურებს!
მხატვარმა გამომცდელად გადახედა ფიფოს, რომელსაც აშკარად შეეტყო, რომ მშვენივრად იცოდა ამ საქმის შესახებ, თუმცა ხმა არ ამოუღია.
- მერე მამი, მერე? რაო შენმა კლასელმა? დაინახა რამე?
- არა! მგონი არა! ან, რავი? მარტო ის ფანჯრები დაგვანახა.
ფიფო აწრიალდა. მხატვარმა ისევ გადახედა, თუმცა კვლავ არაფერი უთხრა.
გოგონა გაუჩერებლივ ლაპარაკობდა, ხან რა მოყვა და ხან რა. მერე ისიც მოაყოლა, ტანსაცმლის მაღაზიასთან, მიმი ვნახეო.
- მაგრამ ქუჩის მეორე მხარეს ვიყავი, ის კი მანქანაში ჯდებოდა, როცა ხელი დამიქნია და გნახავთ მალეო, დამიძახა.
წუთით დუმილი ჩამოვარდა.
- მიმი იყო დღეს დილით აქ!
მხატვრის ხმა ზარივით ჩაესმა ფიფოს. გაფითრებული მიაჩერდა და თითქოს, გამჭოლი მზერით ეკითხებოდა, რატომ არაფერი მითხარიო, თუმცა ხმა არ ამოუღია.
- ცოტა ხნით შემოირბინა და ყავაც არ დაულევია ისე გავარდა. სადღაც აქვე ჰქონდა საქმე, თუ არ ვცდები. ისე მეც დამპირდა, სხვა დროს უფრო დიდი ხნით მოვალო.
- აუ, ძაან მაგარი გოგოა, ძაან მიყვარს მიმი! – აწრიპინდა მხატვრის შვილი.
- ჩვენც გვიყვარს. - ჩაურთო მხატვარმა და ფიფოს გახედა.
ფიფომ ღიმილით დაუქნია თავი და ახლა უფრო მეტად დარწმუნდა, რომ ის, ნამდვილად მიმის ხმა იყო.
- მამ, ცოტა ფულს ვერ მომცემ? - მუდარით სავსე თვალები შეანათა გოგომ.
მხატვარი სიცილით წამოდგა:
- ისე, კი ვიფიქრე, რომ ფული გინდოდა და თან ჯერ კიდევ, არ მთხოვდი.
- და გგონია, მარტო მაგიტომ მოვედი? ხომ იცი მამ, როგორ მიყვარხარ, ჩემი ყველაზე ნიჭიერი და საყვარელი მამიკო! - მიამიტი სახით, ბავშვი მამას კისერზე ჩამოეკიდა.
- გინდა, პატარა ექსკურსია მოვაწყოთ? - ფიფო სიგარეტს დასწვდა. - ჩემთან, სამსახურში.
გოგონამ გაკვირვებით შეხედა.
- იცი, ზოგჯერ უფროს კლასელებს ვიწვევთ ხოლმე ჩვენთან. - დინჯად განაგრძო ფიფომ. - ათვალიერებენ სამუშაო ოთახებს, მერე უამრავი კითხვაც უჩნდებათ და ჩვენც, შეძლებისდაგვარად ვპასუხობთ!
- რატომ შეძლებისდაგვარად? თუ გამოძიების მასალები საიდუმლოა? - ეშმაკურად გაეღიმა გოგონას.
- ყოჩაღ! სწორად შენიშნე. - შეაქო ფიფომ. - გამჭრიახი და ჭკვიანი ბავშვი ხარ! შენ არც გაგიჭირდება არჩევანის გაკეთება, მომავალი პროფესიისთვის!
მხატვარმა გამომცდელი სახით გახედა ფიფოს, რადგან მისი ფუქსავატი შვილის ამბავი, მშვენივრად იცოდა მისმა სტუმარმა.
- ისე, რომ იცოდე. - განაგრძო ფიფომ. - სხვადასხვა სამსახურების დათვალიერება, ხშირად ეხმარება მოზარდებს, მომავალი პროფესიის არჩევაში.
მხატვარი ფიფოს თვალს არ აშორებდა.
„ნეტა რა ჩაიფიქრა?“
- ვა, რა მაგარიააა!! – აღტაცებული შეხვდა ფიფოს წინადადებას, მხატვრის გოგონა.
- ჰოდა, მერე იცი? რამდენ საინტერესო რამეს ნახავთ და გაიგებთ.
- თითის ანაბეჭდებსაც ავიღებთ?
- აბა რა! ფოტო რობოტსაც ავაწყობთ! - ფიფოს თვალები უცნაურად აელვარდა.
მხატვარი ატყობდა, ფიფოს რაღაცისთვის სჭირდებოდა ბავშვი და სადღაც, არ ესიამოვნა კიდეც, მაგრამ მაინც მხარი აუბა. მერე ვითომ ხუმრობით, მეც რომ წამოვიდე, ხომ შეიძლებაო.
- აბა რა! მთელი კლასი უნდა წამოვიდეს! თუ უნდათ, მშობლებიც წამოიყვანონ! მასწავლებლებიც! დირექტორიც და მანდატურებიც წამოიყვანეთ! - აჟღურტულდა ფიფო.
- დამლაგებლის და სკოლის დარაჯის წაყვანა, არ დაგავიწყდეთ! - ჩაიქირქილა მხატვარმა.
ფიფოს ცალყბად გაეღიმა.
- აუუ, მოდი რაა, ზეგ იყოს რა, ძაან გთხოვ, რააა! - შეევედრა გოგონა.
- როცა გინდა! - თავი დაუქნია ფიფომ. თან გაიფიქრა, რაც მალე, მით უკეთესიო. - მთავარია, წინასწარ ვიყო გაფრთხილებული.
- აუუუ, მაგარიააა! ზეგ სამი საკონტროლო გავმაზეთ! - სიხარულისგან აყვირდა გოგონა.
ბიჭებს გაეცინათ.
- რა მნიშვნელობა აქვს, როდის იქნება? - ეცინებოდა მხატვარს. - ზეგ დაწერთ, თუ მაზეგ? მაინც დაგაწერინებენ და ასე რომ, ვერ გადარჩებიი!! მოგიწევს მეცადინეობა.
- სამაგიეროდ, უფრო მეტი დრო მექნება და ვიმეცადინებ, სხვა რა გზაა? - გოგონამ ამოიხვნეშა, მაგრამ უფრო მამის დასანახად, სინამდვილეში კი, სულაც არ აინტერესებდა სწავლა.
როგორც კი ბავშვი გაისტუმრეს, მხატვარმა ვეღარ მოითმინა და პირდაპირ ჰკითხა:
- რა ხდება?
ფიფომ ორაზროვნად გააქნია თავი.
მხატვარმა კითხვა გაუმეორა:
- არ გინდა მითხრა, რა ხდება?
- კარგი გეტყვი, ოღონდ ხომ იცი?
- ოო, კარგი რაა, არ გრცხვენია?
- მე მინდა რომ, ის ბავშვიც წამოვიდეს ექსკურსიაზე ჩვენთან, შესაძლებელია რამე ისეთი შეამჩნია.
- და ბავშვის დაკითხვას აპირებ?
- არა დაკითხვას არა, უფრო გამოკითხვას. ნუ გეშინია, ბავშვს საფრთხეში მართლა ხომ არ ჩავაგდებ? ისე გამოვკითხავ, არაოფიციალურად. თანაც მარტო მე, სხვა თანამშრომლებს არაფერი ეცოდინებათ.
- ის მაინც უნდა გააფრთხილო, რომ ამ თემაზე აღარავისთან ილაპარაკოს.
- კი, კი, აბა რა! ახლანდელი ბავშვები, ღამეებს ათენებენ კომპიუტერთან და იქნებ, მართლაც რაღაც შენიშნა. - ფიფომ ამოიხვნეშა. - ან ვიღაც.
- ჰოო, თუ მასეა, მაშინ ვერაფერსაც ვერ შენიშნავდა!
- რატომ?
- ისე იქნებოდა მონიტორზე მიშტერებული, რომ მეზობლის კი არა, საკუთარი სახლი, რომ დაეწვათ იმასაც ვერ გაიგებდა, სანამ მეხანძრე მხარზე არ დაჰკრავდა ხელს!
ბიჭებს გაეცინათ.
***
ბავშვმა მართლაც არაფერი იცოდა. არც არაფერი დაუნახავს და არც არაფერი გაუგონია, თუმცა არ ეძინა და როგორც ყოველთვის, კომპიუტერთან ათენებდა, მაგრამ როცა ფიფომ ჰკითხა, იქნებ სხვა დროს, რამე ცოტა, თუნდაც უცნაურად მოგეჩვენაო, ან ვიღაც უცხო რამდენჯერმე შენიშნე ეზოს ახლო-მახლოსო, აი მაშინ კი ცოტა ჩაფიქრდა.
- კი, დადიოდა ვიღაც კაცი. ხან ერთი სადარბაზოდან გამოდიოდა და ხან მეორედან, ხან ეზოში იდგა და ფანჯრებს აკვირდებოდა, მხოლოდ როცა დღე იყო. მგონი ყოველდღე მოდიოდა არ მახსოვს, ჩვენი უბნელი არ იყო, თორემ ვიცნობდი.
- და მერე? - კვლავ ჩაეკითხა ფიფო. - მაინც, რა მოგეჩვენა უცნაური?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - თუ ვინმეს ეძებდა, შეეძლო ეკითხა. ეს კი, ერთი სადარბაზოდან გამოდიოდა და მეორედან გადიოდა, თითქოს გასასვლელებს ეძებსო, მაგრამ ისევ უკან ეზოში ბრუნდებოდა, მხოლოდ ახლა სულ სხვა სადარბაზოდან.
„ჰო. გასაძრომ-გამოსაძრომებს სწავლობდა.“
გაიფიქრა ფიფომ.
სამწუხაროდ, ბავშვმა მისი აღწერა ვერ შესძლო.
თვალებამდე ჩამოფხატული, რაღაც უბრალო ნაქსოვი ქუდი. საყელო აწეული პალტო, სახეც წესიერად არ უჩანდა, მერე ბოლოს დაუმატა, პალტო კი არა, ცოტა მოგრძო, გახუნებული, ძველმოდური ქურთუკი ეცვაო.
- და ქუდი რა ფერის იყო? თუ გახსოვს?
- შავი! ჰო, შავი!
- ან იქნებ ლურჯი? - ღიმილით ჩაეკითხა ფიფო.
- ან ლურჯი, მაშინ მუქი ლურჯი.
- საერთოდ, როცა რაღაც მუქი ეჩვენებათ, ყოველთვის ამბობენ, რომ შავიაო.
- და შეიძლება მუქი ლურჯიც იყოს!
- შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. - ფიფომ ამოიხვნეშა.
- და გგონიათ, თუ ეგ არის დამნაშავე, ახლაც მაგ ქუდით ივლის? თუ იდიოტი არ არის, აქამდე სადმე ნაგავშიც მოისვრიდა!
ფიფოს გაეცინა, შენ რა გამჭრიახი ბიჭი ყოფილხარო.
- აბა როგორ? ჩვენც ვუყურებთ დეტექტივებს! - შეიფერა ბავშვმა.
„ჰო, თუ მართლა იდიოტი არ არის, იქვე მახლობელ ბუნკერში კი არა, სადმე სხვა უბანში მოიშორებდა თავიდან და სად გინდა მერე ნახო?“
LEX. 2017 წლის 7 თებერვალი, სამშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1862909330618022
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1862909330618022
No comments:
Post a Comment