Wednesday, January 24, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 58)

58.
გამოძიების კვალს, არსად მიჰყავდა. ანდა, სად იყო იქ კვალი?
ერთ ადგილას შეყინულ საქმეს, ძვრა არ ჰქონდა. სამაგიეროდ კი, დანაშაული მატულობდა და მატულობდა.
ისევ თვის ბოლო შაბათი, მაგრამ ამჯერად მსხვერპლი ნიღბის გარეშე.
რაში იყო საქმე? რა მოხდა? იქნებ, ეს სულ სხვა დანაშაული იყო და უბრალოდ, შაბათ დღეს დაემთხვა?
ან იქნებ, შემოსწრებულ მოწმეებს მოერიდა და მკვლელმა ვეღარ მოასწრო თავისი ჩვეული ხელწერის დატოვება, მაგრამ აბა რომელი თვითმხილველი?
არყისაგან გაბრუჟული ქალი, ძლივს მოიყვანეს გონს. ხშირი სმისგან სახე დაბერილი, უაზრო თვალებით მისჩერებოდა მისკენ მომზირალ ხალხს და არც არაფერი ესმოდა რას ეკითხებოდნენ, ან რა უნდოდათ მისგან.
ბავშვზე, ჩემი შვილიშვილიაო იფიცებოდა. ქალაქში ექიმთან ჩამოუყვანია. დიდი მზრუნველის როლს კი თამაშობდა, თუმცა ბავშვი საშინლად მოუვლელი, ქუჩიდან აყვანილს უფრო ჰგავდა. საბუთების მიხედვით, ყველაფერი წესრიგში იყო. ბავშვი მართლაც, ამ ქალის შვილიშვილი იყო. მაგრამ რატომღაც, ყველა საბუთი ახალი აღებული იყო, თუმცა ამაზეც და ბევრ სხვა წვრილმან დეტალებზე ქალს, წინასწარ კარგად მომზადებული პასუხები ჰქონდა.
მაინც იყო რაღაც საეჭვო, მაგრამ მტკიცებულების გარეშე.
ფიფოს ინტერესი ჰკლავდა. ძალიანაც კი უნდოდა, ეს შემდგომი დანაშაულებები, რომელიც მისი ვარაუდით, თუ ყველა არა, ზოგიერთი მაინც, ისევ იმ სერიულ მკვლელს ეკუთვნოდა, კვლავაც თავად ეწარმოებინა და გამოეძიებინა, მაგრამ აბა, ვინ აცალა? ამდენი კრახის შემდეგ, საქმეს ჩამოაშორეს. ამასთან ერთად, პირადმა პრობლემებმაც იჩინა თავი და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ახერხებდა, რაღაც-რაღაც ინფორმაციები გაეგო და თავისთვის, ჩუმად ჩაენიშნა. კაბინეტიდან კაბინეტში დადიოდა და ისე, სასხვათაშორისოდ, ხან რას იკითხავდა და ხან რას, თანაც ისეთ სახეს იღებდა, თითქოს იმ საქმით, სულაც არ იყო დაინტერესებული.
ფიფომ, თავისი სახლის სარდაფში, დახურული კაბინეტი მოიწყო. უბრალო ხის კარი, რკინის კარით შეცვალა და არავის ახედებდა იქ. გათენებამდე იჯდა ხოლმე, ამ მომცრო ოთახში და ათას ვარიანტს ატრიალებდა თავში. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ეს საქმე უნდა გაეხსნა, თუნდაც არაოფიციალურად, სულაც არ გამოჩნდებოდა, ისე გაარკვევდა ყველაფერს. ამიტომ ყველას, ვისაც მსგავსი საქმე, ოდნავ მაინც ეხებოდა, დაწყებული რიგითიდან და დამთავრებული მაღალი ჩინიდან, ყველასთან, რაც შეიძლებოდა კარგი ურთიერთობა დაამყარა. ფიფო გახდა, მათი გაჭირვების ტალკვესი. ცდილობდა, ყველაფერში დახმარებოდა, თითქოს ამ ყველაფერს უანგაროდ აკეთებდა. სინამდვილეში კი, გამოუძიებელი საქმის ბოღმა არ ასვენებდა, რისთვისაც ჩამოაქვეითეს და ამდენი ნარბენი და ნაწვალები საქმე, სხვას გადაულოცეს. ყველაფერი კი, იმ წყეული მკვლელის ბრალი იყო, თავის უიღბლობასაც მას აბრალებდა და ყველაზე მეტად, მიმისთან დაშორება უკლავდა გულს და რა თქმა უნდა, ესეც იმ მკვლელის „ბრალი“ იყო.
ასე ფიქრობდა ფიფო და დარწმუნებულიც იყო. სანამ იმ სერიულ მკვლელს არ დაიჭერდა, მანამდე ვერც პირადში გამოუსწორდებოდა საქმე და ვერც სამსახურში ვერ დაიბრუნებდა ძველ „დიდებას“.
ახალ მკვლელობას, მთელი გულისყურით ჩაეჭიდა. ამ საქმის მთავარი დეტექტივი მასთან უკვე კარგად დაახლოებული პირი, ჭკვიანი და გამჭრიახი ახალგაზრდა კი იყო, მაგრამ საშინლად სუსტი ჯანმრთელობის. საკმარისი იყო, ერთხელ ვინმეს დაეცემინებინა, რომ უკვე თავადაც ეწყებოდა გრიპოზული ვნებები. ვერც სასმელს იტანდა, ბახუსი მისთვის ყველაზე აუტანელი იყო, არა თუ სამუშაოსი, წამოდგომის თავიც კი არ ჰქონდა, მაგრამ ასეთ დროს, მშველელად ფიფო მოევლინებოდა ხოლმე და მთელ საქმეებს ადვილად და უპრობლემოდ უგვარებდა.
ახლაც საკმარისი იყო, ერთხელ დაერეკა და ფიფოც მაშინვე, მის მაგივრად, დანაშაულის ადგილას გაჩნდა.
მოკლული, მეზობლის ქალმა აღმოაჩინა, რომელიც ყოველ დილით, სახლის დასალაგებლად და საჭმლის მოსამზადებლად მოდიოდა, კარსაც საკუთარი გასაღებით აღებდა. შემოსვლისთანავე, საშინელი დამწვრის სუნი ეცა, მერე მსხვერპლიც აღმოაჩინა და პოლიციაშიც დარეკა. მისგან ბევრი ვერაფერი შეიტყო, არც არაფერი გაუგია და არც ღამით შეუნიშნავს ვინმე.
ფიფომ ახლა ყურადღება ბავშვზე გადაიტანა. მართალია, გოგონა პატარა იყო, მაგრამ იქნებ, მაინც რაღაც გაიგო ან დაინახაო. საიდან არ მოუარა, რა არ ჰკითხა, მაგრამ ვერაფერი შეიტყო. დარწმუნებული იყო, გუმანით გრძნობდა, საქმე სწორედ იმ მკვლელთან ჰქონდა და მერე რა, რომ ამჯერად მოკლული, ნიღბის გარეშე დახვდა. შესაძლოა, ბავშვმა თუნდაც, ძილში წამოიტირა და მკვლელიც დროულად გაეცალა აქაურობას.
- ჰმ, ისევ ბავშვი! ბავშვი!.. მომეჩვენა, თითქოს რაღაც იცის.
- მკვლელმა, ხომ არ დააშინა?
- რა ვიცი? ისე, შეშინებულს სულაც არ ჰგავდა, გაკვირვებული უფრო იყო. თან პატარაა, ძალიან პატარა... - ჩაილაპარაკა ფიფომ.
- ცოტას მოვიკეთებ, წამოვდგები და მივხედავ. შენ რომ არ ყოფილიყავი...
- კარგი რააა! – ფიფომ მეგობრულად მხარზე დაჰკრა ხელი. - შენ ჯერ ფეხზე დადექი, გამოჯანმრთელდი, მე აქ ვარ! ამ საქმეს არ ჩაგიგდებ და არც უფროსობის ყურამდე მივა და თუ მაინც მივიდა, რამეს ისეთს მოვიფიქრებთ, ერთად. რაც მთავარია, საქმე არ იქნება არც გაფუჭებული და არც მიგდებული! - გაამხნევა ფიფომ.
თავადაც ასე აწყობდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა, გახსნილი საქმის გამო, სწორედ მას შეაქებდნენ თუ სხვას. მთავარი ის იყო, რომ ყველგან და ყველაფერში ადვილად მიუწვდებოდა ხელი.
ფიფო ხელახალ დაკითხვას აწარმოებდა. მთვრალი ქალი, როგორც იქნა, საბოლოოდ გამოფხიზლდა. თუმცა, ახალი არაფერი უთქვამს. ისევ იგივეს იმეორებდა. ბავშვი ჩამოვიყვანე სამკურნალოდო და ამჯერად უკვე, ექიმის ვინაობაც და მისამართიც, რატომღაც გაზეპირებულივით დაუსახელა. 
ან იქნებ, ფიფოს მოეჩვენა ასე?
ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერი ჩანდა, მაგრამ იყო რაღაც, რასაც ფიფო ვერ ხსნიდა. გუმანით გრძნობდა, რაღაც ისე ვერ იყო იქ საქმე. არანაირი ფაქტი არ გააჩნდა, მაგრამ მაინც დარწმუნებული იყო, ამ დანაშაულსაც, სხვა წინა საქმეებთან, აუცილებლად უნდა ჰქონოდა კავშირი.
ისიც კი, ცოტა არ იყოს, საეჭვოდაც მოეჩვენა, რომ სტუმარმა ქალმა, ექიმთან ვიზიტს, რატომღაც უქმეები დაამთხვია. ფიფო ჩაფიქრდა. იმ ექიმის გადამოწმებაც აუცილებლად იყო საჭირო. ტელეფონით დაკავშირებას კი, პირდაპირ დაუპატიჟებლად, მოულოდნელად თავზე დადგომა ამჯობინა, თუმცა ტელეფონის ზარმა შუა გზიდან მოაბრუნა. სასწრაფოდ, მთავარ სამმართველოში იბარებდნენ.
მოსაცდელში, დიდ ხანს მოუწია ყურყუტი. მდივანი ქალი, დაჭყეტილი თვალებით მისჩერებოდა მონიტორს.
„ალბათ, პასიანს თამაშობს.“
გაიფიქრა ფიფომ.
„ჰმ, რატომღაც, რომ ომობანა ითამაშოს. ჰაჰ! არაა, ტანკებით მოთამაშეს, ნადვილად არ ჰგავს, ისე ახამხამებს მიწებებულ წამწამებს.“
თავისივე ნაფიქრალმა, ღიმილიც კი მოჰგვარა და მოწყენილობისგან ოთახის თვალიერებას მოჰყვა. უეცრად, პატარა მაგიდაზე, ლარნაკში, ფურცლებ შემჭკნარ ღია ფერის ვარდებზე გაუშეშდა მზერა.
„ალბათ, ისეთმა ვინმემ მოართვა, რომ დამჭკნარი ყვავილების გადაყრაც კი დაენანა.“
ფიქრები, ფიქრებს მიჰყვა. უნებურად, მიმი გაახსენდა.
გული შეეკუმშა. 
საშინელი სურვილი გაუჩნდა, ახლა მისი ხმა მაინც გაეგო, მაგრამ დარეკვას ვეღარ ბედავდა. საკმაო დრო იყო გასული და ალბათ, მიმისაც უკვე აღარ ახსოვდა ფიფო.
„რა ბედნიერება იყო, როცა ნამდვილი მეგობრები ვიყავით... 
ახლა კი ძველი, მართლაც რომ ამ ვარდის გახუნებული ფურცლებივით, უშინაარსო და გამომშრალი ურთიერთობაღა შემორჩა მოგონებას.“
LEX. 2017 წლის 23 იანვარი, ორშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1855977691311186

No comments:

Post a Comment