Wednesday, January 24, 2018

მებაღე (ნაწილი 28)

28.
დადა საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა.
ბარბაცით ჩავიდა სასადილო ოთახში სადაც საუზმე ეგულებოდა, თუმცა უკვე სადილი დახვდა. ჯერ კიდევ ბურანში იყო. ცალი თვალით საათს გახედა.
ზეკი ირონიულად მიესალმა:
- ვისთვის შუადღე და ვისთვის დილა მშვიდობისა!
დადას ყურადღება არ მიუქცევია. არც ჭამის სურვილი და თავი ჰქონდა, მხოლოდ ყავის ფინჯანს დასწვდა და ცარიელ ძირს ჩააშტერდა. 
პატრონი წამოდგა ფინჯანი ჩამოართვა, თავად  დაუსხა ყავა და იქვე უჯრიდან აღებული, დადას უსაყვარლესი შოკოლადის ბურთულები ლამბაქზე რკალივით შემოუწყო.
ზეკი დაიბოღმა. ეგონა პატრონი, გუშინდელი საქციელის გამო დადას დატუქსავდა ან ჭკუას მაინც დაარიგებდა. მან კი, პირიქით - ფერება დაუწყო.
,,ძალიან ზედმეტადაც კი გაანებივრა.’’ 
ღვარძლიანად გაივლო გულში.
ჭამის სურვილი სულ გაუქრა. ნევიულად ჩამოიგლიჯა ყელთან ჩაფენილი ხელსახოცი, მაგიდაზე დააბერტყა, წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
პატრონს არ მოეწონა ზეკის ასეთი საქციელი, მაგრამ დადას ბოლო პერიოდის ქცევებთან შედარებით ეს იმდენად უმნიშვნელოდ ჩანდა და ამიტომაც რეაქციის გარეშე დატოვა, რამაც ზეკი უფრო მეტად გააღიზიანა. 
დადა კი ამ დროს თვალს არ აცილებდა ოქროსფერ ქაღალდში გახვეულ ბურთულებს და არც მას მიუქცევია ზეკისთვის ყურადღება.
უსაყვარლესი და უგემრიელესი სასუნავი.
ეჰ, როგორ უყვარდა ერთ დროს და უკვე რა ხანია პირსაც აღარ აკარებდა.
რამდენს დაუტოვებდა პატრონი, ზედაც აღარ უყურებდა ისე ატანდა, ოთახის დასალაგებლად შემოსულ მსახურ ქალს.
დადამ თითით ერთ ბურთულას დაუწყო წვალება, თანდათან თვალები ცრემლით ევსებდა. მერე ბოლომდე აევსო და უცებ ისე ძლიერად აეტირა, რომ ღაპაღუპით გადმოსული ცრემლები სულ ფინჯანში ცვიოდა.
პატრონს გაეცინა. თბილად მოეხვია და გოგონა ახლა უფრო გულამოსკვნით აღმუვლდა.
მომდევნო პერიოდი შედარებით უკეთესი აღმოჩნდა. დადა ოინბაზობას მოეშვა. ზეკს აღარ უშლიდა ნერვებს. თუმცა ის ძველი დადა მაინც აღარსად ჩანდა, მაგრამ აღარც აბეზარი და აუტანელი დადა იყო, ახლა რაღაც უფრო სხვა, დადას მესამე სახე გამოჩნდა.
პატრონი მშვიდად იყო. დადას მესამე სახე ნამდვილად სჯობდა იმ მეორე აუტანელ არსებას. თითქოს არც არაფერი მომხდარაო ყველაფერმა თავისი გზით იწყო სვლა.
ერთ დღეს გალერეაში მოფუსფუსე მსახურებმა პატრონს სიხარულით აუწყეს, რომ დადა ოთახის დასუფთავება ითხოვსო.
მშვენიერი ამბავი იყო, იქნებ დადას ახლა უფრო უკეთ ეგრძნო თავი, იქნებ ძველი დადა დაბრუნებულიყო კიდევაც.
პატრონს ბევრი აღარც უფიქრია და ქალაქში წასვლა შესთავაზა: 
- ახალი საღებავები და ფუნჯები იქნება საჭირო, თან სჯობს შენ თვითონ აარჩიო.
გოგონამ სიხარულით დაუქნია თავი.
- ეს დიდი ხნის მიტოვებული ფუნჯები, როგორ გამომშრალა და გამომხმარა, უკვე აღარც ვარგა, სულ გადასაყრელია! - განაგრძო პატრონმა. - და ეს საღებავებიც? როგორ მტვერთან ერთად მიახმა პალიტრას! აუცილებლად ახლები გვჭირდება!
დადა ბედნიერად უღიმოდა და მისთვის უკვე გამოუსადეგარ ნივთებს ერთ გროვად უყრიდა თავს.
სამხატვრო სალონში დადამ ძლიერ გაიხარა. ათას რამეს არჩევდა. ხან რას და ხან რას, ბევრიც უკან დააბრუნა, ზოგსაც კიდევ უმატებდა. არჩევანი დიდი იყო, უსაზღვროდ დიდი. დადას მხიარულად მოელვარე დიდი მწვანე თვალების შემხედვარეს ყველას ეღიმებოდა და სიხარულით უსრულებდნენ კაპრიზებს. პატრონი ბედნიერი ღიმილით ადევნებდა თვალს და დადას სიხარულით ხარობდა. ისეთი ბედნიერი იყო, რომ ის ძველი, გულში ჩაბუდებული ტკივილის კვალიც კი არ ჰქონდა სახეზე. 
მოულოდნელად დადას მკვდრის ფერი დაედო. მაღაზიის ვიტრინაში რაღაცაზე გაუშტერდა თვალი. მთელი სალონი შემოეხვია. 
დადას უფრო და უფრო მისდიოდა ფერი, სკამზეც მოწყვეტით დაეშვა. წყალიც ისე დალია, რომ არაფერი უგრძვნია.
ალბათ ჰაერი არ ეყოო, მარაოც კი დაუფრიალეს ცხვირ წინ. ვერავინ მიმხვდარიყო, თუ რა მოუვიდა წუთის წინ მხიარულ და უსაზღვროდ ბედნიერ გოგონას.
მხოლოდ პატრონმა შენიშნა ვიტრინის იქეთ, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, იმ საშიშ თვალება კაცის მანქანა 
და როგორ ჩაჯდა მანქანაში უგოს აღნაგობის კაცი.
პატრონი ცალკე მოსასულიერებელი გახდებოდა თავი რომ არ შეემაგრებინა. გული სიბრაზით აევსო, მხოლოდ მან იცოდა ვინ იყო და რას წარმოადგენდა სინამდვილეში საშიშ თვალება კაცი.
„ჰმ, კაციო.“ 
ბოროტად ჩაეცინა პატრონს.
,,კაცი, რომელმაც საკუთარი ოჯახი გააძარცვინა! 
კაცი, რომელმაც არ დაინდო საკუთარი ნათესავები ისე ამოახოცვინა ყველა, რომ ცოცხალი არავინ დაატოვებინა, ბავშვებიც კი არ დაინდო და ისიც რის გულისთვის?!
ყველაფერი კი იმ წყეული მემკვიდრეობის გულისთვის!
არც შვილი ჰყავს და არც ძირი. რა თავში იხლის ამხელა სიმდიდრეს?! 
ან კი ვის რად უნდა მისი ძველებური ტიტული და საგვარეულო წოდებები? რაღა დროს ეგ არის? ნეტა ერთი ვინღა აქცევს ახლა ამას ყურადღებას, როცა დიდძალი ქონების პატრონი ხარ. შენი ტიტულიც ეგაა და გვარ-წოდებაც.
მაგრამ იქნებ სულ სხვა რამეშია საქმე? იქნებ ეს ყველაფერი რაღაც სულ სხვა პრინციპის გამო უფრო ჩაიდინა?
შური იძია საკუთარ ოჯახზე და არავინ დატოვა ცოცხალი.
იმხელა სახლიც კი ისე გადააბუგინა, რომ ცარიელი ფერფლიღა იყო დარჩენილი და თან არაფერს მოითხოვდა იქიდან, ნადავლიდან არც არაფერ უნდოდა
მხოლოდ მემკვიდრეობა და ტიტული, როგორც ერთადერთ მემკვიდრესა და კანონიერ მფლობელს.“
ამ ყველა ცოდვაში კი პატრონის ხელი ერია. დამკვეთი საშიშ თვალება კაცი იყო, გეგმის მომფიქრებელი და შემდგენი პატრონი, ხოლო შემსრულებელი ზეკი თავისი ამალით.
,,ზოგჯერ საკუთარ ჩადენილ საზიზღრობებზე ისე მერევა გული, რომ...’’ 
ფიქრობდა პატრონი და სალონის ვიტრინიდან დანახული სცენას გონებიდან ვერ შლიდა.
LEX. 2016 წლის 15 მარტი, სამშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1717645188477771/?type=3&theater

No comments:

Post a Comment