Saturday, January 20, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 37)

37.
მხატვარი მდუმარედ შეჰყურებდა ცარიელ ტილოს. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, თავისი წარმოდგენით დაეხატა მკვლელი, მაგრამ როგორ უნდა შეექმნა მკვლელის სახე, როცა მისი სულიერი პროფილიც კი არ იყო დაზუსტებული.
- ვითომ, ერთი ჩვეულებრივი ფსიქოპათია და გიჟი არ არის?
- „ჩვეულებრივი“? - ფიფოს მხატვრის სიტყვებზე გაეცინა. - ეს როგორ გავიგოთ? თუ იმის თქმა გინდა, რომ ერთ ქალაქში, მინიმუმ ერთი ფსიქოპათი მაინც უნდა დადიოდეს?
- ერთ ქალაქში კი არა, ყოველ უბანს თავისი გიჟი ჰყავს!
- თუ გიჟია, მაშინ ძაან ჭკვიანი გიჟი ყოფილა! - ფიფომ ამოიხვნეშა. - კარგად ორგანიზებული გიჟი!
- მერე?! - ჩაეძია მხატვარი. - კარგად ორგანიზებული გიჟი, ხომ იგივე ფსიქოპათია!
ფიფო ჩაფიქრდა.
ამდენი საუბრისა და განსჯის მერე, მაინც ერთი და იგივეს ტკეპნიდნენ. საქმე წინ არ მიდიოდა. ერთ ადგილას იყინებოდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, ახალი მსხვერპლი ემატებოდა, ესეც ხან როდის იყო და ხან როდის, მაგრამ აუცილებლად თვის ბოლო შაბათი იყო, თუმცა არა ყოველი მომდევნო თვის შაბათი.
- შენ რა გგონია? ფსიქოპათის პოვნა უფრო ადვილია? - ამოიხვნეშა ფიფომ.
- მაგას მართლა გიჟი სჯობს! მოერიდები მაინც. - ჩაეცინა მხატვარს. - ისე მართლა, შენ მკვლელის პოვნა გინდა და რა მნიშვნელობა აქვს გიჟი იქნება, თუ ფსიქოპათი?
- აქვს! შენ წარმოიდგინე, რომ აქვს! - თავი გააქნია ფიფომ. - ახლა არ თქვი, რომ როცა იცი გიჟია, მოერიდები მაინცო? და რატომ ერიდები? იმიტომ რომ შენ იცი, ის გიჟია! თავად შეიცანი, ან სულაც ვინმემ გითრა!
- სახეზეც შეეტყობა! ჰაბიტუსი მაინც სულ სხვა ექნება!
- აბა რა! მაგრამ აი, სწორედ რომ ფსიქოპათის ამოცნობაა ძალიან რთული, რადგან იგი არ იმალება, პირიქით! სულ კომუნიკაციას ცდილობს, თუმცა შეიძლება გულჩათხრობილიც იყოს, მაგრამ მაინც ხალხში იტრიალოს! ამიტომაც არის მისი ამოცნობა ძნელი! ის ჩვეულებრივი ადამიანია, ნაკლებად გამორჩეული მასისგან და მანამდე ვერ მიხვდები, სანამ თავის ნამდვილ სახეს არ გამოავლენს!
- აბაა, გახვალ პურზე და შენს წინ ან უკან მდგომმა შეიძლება, ჯერ გაგიღიმოს და მერე შუბლიც გაგიხვრიტოს!
- ჰო, აი, ამიტომაც საკმაოდ რთულია მისი ამოცნობა, რადგან ყოველთვის საშიში არ არის! შეიძლება ყოველდღეც გხვდებოდეს, სადმე პარკში, გაჩერებაზე, კაფეში, მაღაზიაში, ხშირად ხედავდე უბანში. შესაძლებელია, ყველაზე ზრდილობიან და წესეირ კაცად მოგაჩვენოს თავი, თუმცა მართლა მასეთია! კულტურული, განათლებული, დახვეწილი მანერებით, ამაღლებული ინტელექტით, საკმაოდ თავაზიანიც, კარგად იცის ეტიკეტების მნიშვნელობა და არც არასდროს ეშლება. შეიძლება, სულაც შენი მეგობარი იყოს, მეზობელი, ნათესავი!
- ნეტა, ჩემი ნათესავებიდან, რამდენია გიჟი? - მხატვარი სიცილისგან ჩაბჟირდა.
ფიფოც აჰყვა, თუმცა ძალდატანებით. სასაცილოდ სულაც არ ჰქონდა საქმე. ლამის ყოველდღიურად საყვედურებს იღებდა უფროსობისგან და თუ კი რამე, მსგავსი დანაშაული იყო ჩადენილი, ყველა სასწრაფოდ იშორებდა თავიდან და აუცილებლად ფიფოს გადაულოცავდნენ.
მხატვარმა სიცილისგან ცოტა სული მოითქვა, ფიფოს დაკვირვებით დაუწყო თვალიერება.
- რა იყო? - აწრიალდა ფიფო.
- არა, არაფერი. ისე მართლა მინდა მისი დახატვა, შენი საწინააღმდეგო ტიპაჟი უნდა ავიღო.
- ეე! მასე რას გაიგებ, წეღანაც ხომ გითხარი, შეიძლება ვერავისგან გამოარჩიო, სანამ მართლა დანაშაულზე არ წაადგები.
- ისე, რატომ უნდა მოგივიდეს ადამიანს თავში, სხვისი სიცოცხლის მოსპობა? - მხატვარი გაიზმორა. - იყავი რა შენთვის, იმხიარულე, გაერთე, გაიხარე, ისუნთქე და სხვასაც შეეშვი რაა! მართლა რა ჭრელია ეს ხალხი! - და მერე, უფრო დაბალი ხმით დასძინა. - ჭრელი, მრავალწახნაგოვანი და ფერად ფერადი!
- ის თვისებები, რაც ჩვენ, სხვა ადამიანებში გვაღიზიანებს, პირველ რიგში, სწორედ ის თვისებებია, რომელიც საკუთარ თავში გვაღიზიანებდა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე და ჩვენ, მისი, ჩვენივე ცნობიერიდან განდევნა მოვახერხეთ, რადგან ჩვენ ბევრად ძლიერნი აღმოვჩნდით, შევებრძოლეთ და თავიდან მოვიშორეთ! უძლურნი კი, ამას ვერ ახერხებენ და ამიტომაც ფიზიკურად უსწორდებიან და სპობენ! - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და ახლა უფრო ჩუმად ჩაილაპარაკა. - დავიღალე, დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია. ეს საქმე გადამიყოლებს.
ფიფოს ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა, მხატვარმა იფიქრა ცოტაც და აბღავლდებაო. მართლაც საცოდავი სანახავი იყო. ერთიანად დათრგუნული და განადგურებული ადამიანი.
მხატვარი თვალს არ აცილებდა მანამ, სანამ ფიფო არ იწყინა:
- ჰო, რა იყო? რაც არ უნდა ეცადო, მაინც ვერ დამითანხმებ პოზირებაზე!
- შენ ახლა, ისეთი განადგურებული და სასოწარკვეთილი ხარ, ოღონდაც ეს ყველაფერი მოიშორო და ყველაფერზე წამსვლელი ხარ! - მხატვარმა წამით იყუჩა. - ვერ მიმიხვდი?
- ???
- განსხვავება თქვენს შორის იმაშია, რომ შენ ამას არ გააკეთებ, რასაც ის აკეთებს! ესე იგი, ბევრ რამეზე წახვალ, მაგრამ არა ყველაფერზე! აი, შენ ახერხებ ემოციების დათრგუნვას, ის კიი - ჰმ, თუმცა, ვინ იცის? - მხატვარს ირონიულად ჩაეცინა. - ერთ დღესაც შეიძლება, შენც აიწყვიტო!
- რას ვახერხებ? რას?! ლამის ჭკუიდან გადავიდე მართლა!
- ახერხებ განდევნას, ჩემთან ახერხებ! აი ახლა, აქ! შენ, ქვეცნობიერში გადატანილი იმპულსების ზედაპირზე ამოტანა მოახერხე! შენ, შენი სურვილების რეპრესირება შესძელი, იმ სურვილებისა და იმ ფიქრებისა, რომლებმაც ასე ძლიერ შეგაწუხა, ქვეცნობიერში გადაიტანე და უარყავი, უარყოფა კი – მენტალური პროცესია, შენ ადამიანის ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმები აამოძრავე, რადგან აქ მოხვედი და მიზიარებ იმას, რაზეც ბევრთან დუმხარ!
- ოო მორჩი რაა! სამსახურში ამის მეტს რას ვლაპარაკობთ, სხვა საქმე კი არ გვაქვს?!
- მერე ასე ლაპარაკობთ? ამ კუთხით? მათ ნიღბებისაც კი არ სჯერათ! ვითომ თავს გიქნევენ და შეიძლება კიდევაც გულშიც დაგცინიან, თუმცა თავადაც ვერაფერი გაარკვიეს, ამიტომაც ყველა მსგავსი საქმე თავიდან მოიშორეს და შენ შემოგტენეს!
ფიფო უხმოდ დაეთანხმა, მხატვარი მართალი იყო.
- ზოგი სუსტია, ზოგი ძლიერია. მკვლელზე კი, იმდენად იმოქმედა დიდი ხნის დაგროვილმა ტანჯვამ, რომ შეიძლება, სულ ერთი პატარა ნაპერწკალი გახდა საჭირო, რომ აფეთქებულიყო და ალბათ, ვეღარც გაჩერდება სანამ...
- მერე სადამდეა ეს სანამ?! - წამოიძახა ფიფომ. - აი, ამაზე ფიქრმა ცალკე გამაგიჟა! სამსახურიც შემაძულა, სახლიც, მეგობრებიც და ახლობლებიც. ტელეფონიც რომ რეკავს, უკვე დიდი ხანია სურვილი გამიჩნდა, სადღაც მოვისროლო და მეც ასევე, სადღაც შორს გავუჩინარდე!
- მაგრამ არსად მიდიხარ! ტელეფონსაც ჩართულს სტოვებ! აი, ამაშია საქმე! ამაშია თქვენს შორის სხვაობა. უარვყოფთ ჩვენს იმპულსებს, ვაკონტროლებთ, ვახშობთ და რადიკალურად განსხვავებულ, საწინააღმდეგო ქცევას ვიძენთ! მერე კი, ამ ჩახშული იმპულსების, სოციალურად მისაღებ ქმედებად გარდაქმნას ვახდენთ, რომელსაც შემდგომ ადამიანის შემოქმედების, ჰობის, პროფესიის და სხვადასხვა სახით ვავლენთ! თავდაცვითი მექანიზმები ყველას გვაქვს, მაგრამ ვინ როგორ შევძლებთ ამის ამუშავებას, აი სწორედ ამაშია საქმე!
- არაფერი გამომდის! არაფერი! თანამშრომლებს თვალსაც ვეღარ ვუსწორებ! ვინ იცის, რამდენს მიეცა სალაყბოდ! - ფიფომ ხელი ჩაიქნია. - უმოქმედოა და უტვინოო, ფიქრობენ ალბათ.
- რატომ ამბობ მასე? გახსოვს? იმ მოხუცი ქალის ამბავსაც, წნევის წამლებით, რომ იყო გაჭყეპილი, თვითმკვლელობად ჩათვლიდნენ, ისევ შენ რომ არ მოგექცია ყურადღება!
- ნუ ჰო. - ფიფომ ოდნავ შეიფერა. - და ამ დროს, ძნელი მისახვედრი, სულაც არ იყო. ოთახი გაბუღული სიგარეტის კვამლით და არც ნამწვავი, არც საფერფლე არსად ჩანდა, როგორც ყოველთვის, ჩვეულებისამებრ მკვლელმა, თან წაიღო სამხილი! - ფიფო კვლავ სიგარეტს წვდა. - მკვლელობამდე, რამდენიმე წუთით ადრე, მხვერპლის მობილურიდან გამოძახება დაფიქსირდა ყველგან, მაგრამ რადგან პასუხი არავინ გასცა, წესიერად არც მიაქციეს ყურადღება, ხოლო როცა გადაამოწმეს, ქალი უკვე მკვდარი დახვდათ! პირველი - სიგარეტის მძაფრ სუნზე ვიფიქრე, რომ ისევ მკვლელობასთან მქონდა საქმე, მეორე კი, პატარა ბალიში სახეზე - ნიღბის იმიტაცია და მესამე - თვის ბოლო შაბათი! ამდენი დამთხვევა უკვე...
- ჰოდა, ამ დეტალების მიგნება სწორედაც, რომ შენი დამსახურება იყო და არა მათი!
მხატვარი წამოდგა. ცარიელი ტილო კედელს მიაყუდა. შორიდან, მოჭუტული თვალებით დაუწყო ცქერა. თითქოს, უნდოდა წარმოედგინა, როგორ გამოსახავდა მის სახეს ტილოზე და თავისთვის აბუტბუტდა:
- რა თქმა უნდა, მისი ყოველი ნამუშევარი შედევრია! ბოროტულად, მაგრამ მაინც ისე წარმოგვიდგენს, როგორც თავის შედევრს! თავის ნამუშევარს! შურს იძიებს, და...
მხატვარი უფრო თავისთვის ლაპარაკობდა და ისე იყო გართული, კარში გასულ ფიფოს, დამშვიდობებაზეც კი არ უპასუხა. 
ძიებაში იყო. მკვლელის სახის ძიებაში. უნდოდა წარმოედგინა, როგორი თვალებით იყურებოდა, როგორი შეიძლება ყოფილიყო, მკვლელის სახე. სწორედ, აი იმ, მკვლელის და არა საერთოდ, სხვა ბოროტმოქმედის სახე. როგორი იქნებოდა, მაშინ როცა მშვიდად იყო, წყნარად, ისე როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ან თუნდაც მკვლელობის მომენტში, რა სახე ექნებოდა? როგორი თვალები?
- და ნეტავ, ის თუ იცის, რომ... როგორც დიდი კონფუცი იტყოდა: სანამ შურისძიებას გადაწყვეტ, მანამდე ორი სამარე უნდა გათხაროო...
ტილოს ისე შეჰყურებდა, თითქოს მართლაც ვინმე ეხატა.
- ჰო! ორი! ერთი შენი მსხვერპლისთვის და მეორე შენთვის, იმიტომ რომ ფიფო არ გაპატიებს ამას! და არც მე დაგტოვებ უყურადღებოდ! არც მე გაპატიებ!
ნუ, მიმიმ შეიძლება გაპატიოს...
LEX. 2016 წლის 6 აგვისტო, შაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1776954079213548

No comments:

Post a Comment