22.
ზეკმა ბუზღუნით მიყარა მონადირის აღჭურვილობა და პატრონისთვის არც კი შეუხედავს, ისე შევარდა სახლში.
ეზოში ძაღლების ყეფა მოისმა, რასაც შეძახილები და სტვენა მოჰყვა. მონადირეები დაბრუნებულიყვნენ. პატრონმა წიგნი თავსი ადგილას დააბრუნა და მათ შესაგებებლად გაეშურა.
დადა მშვენიერ ხასიათზე იყო. მხიარული თვალები შეანათა პატრონს, პატრონმაც თბილად გაუღიმა.ზეკმა ბუზღუნით მიყარა მონადირის აღჭურვილობა და პატრონისთვის არც კი შეუხედავს, ისე შევარდა სახლში.
ზეკი აშკარად განრისხებული ჩანდა, დადა კი ზედმეტად კმაყოფილი.
პატრონმა გაკვირვებით გამოხედა.
„ჰმ, საინტერესოა.
ალბათ ისევ იჩხუბეს! ისევ იკინკლავეს! არაფერზე, როგორც ერთ დროს იცოდნენ! ჰა, ჰა. დადა უხმოდ უშლიდა ნერვებს, ზეკი კი ცოფებს ყრიდა, ხოლმე.“
გაიფიქრა პატრონმა.
თუმცა ბოლო დროს, თითქოს მშვენივრად შეეწყვნენ ერთმანეთს. რა ხანია აღარც ზეკი იბღვირებოდა და არც დადა გაბუტულა მასზე.
უხმოდ ისადილეს.
ზეკს წარბიც არ გაუხსნია. დადას თვალებში კი ბოროტად ელვარებდა სიხარულის ნაპერწკალი. პატრონი ორივეს მალულად აკვირდებოდა. არც არაფერს ეკითხებოდა, შესაფერის მომენტს ელოდა. რამდენჯერმე ზეკს კითხვის თვალით გადახედა, მაგრამ ზეკმა მშვენივრად შესძლო მისი მზერის აცილება.
მხოლოდ დესერტის შემოტანისას ზეკს უკვე მოთმინების ძაფი გაუწყდა და მაგიდას ისეთი ძალით დაჰკრა მუშტი, რომ ლამის ჭურჭელი ერთმანეთს შეამსხვრია.
დადა შეხტა, მაგრამ მაინც ცხვირ აბზუებული ახედა ფეხზე წამომხტარ ბიჭს. პატრონმა კი ისეთი სიმკაცრით უთხრა შენს ადგილას დაჯექიო, რომ ზეკი მოწყვეტით დაეშვა სკამზე. ხმაც არ ამოუღია, ისე იბღვირებოდა, კუშტად შეკრული წარბები და მოკუმული პირი მის წარმომავლობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. გაგულისებული ბოშა ბიჭი უხმოდ ცოფებს ყრიდა, მაგრამ პატრონის პატივისცემის გამო თავის ადგილს ყოველგვარი ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე დაუბრუნდა.
დადა მშვიდად შეექცეოდა გემრიელ დესერტს. ჩანდა, რომ ზეკის გაბრაზებამ მას მხოლოდ და მხოლოდ მხიარულება მოუტანა. მათი შემხედვარე პატრონს უკვე სუფრასთან გაჩერების სურვილიც გაუქრა. წამოდგა და ზეკს თავის კაბინეტისკენ მოუხმო. მარტოდ დარჩენილმა დადამ ბედნიერი სახით ბოლომდე ამოასუფთავა დესერტის ულუფა, თავადაც წამოდგა და სრულიად უნებართვოდ პატრონის კაბინეტს მიაშურა.
არავის ჰქონდა უფლება პატრონს იმ დროს დადგომოდა თავზე, როდესაც ის კაბინეტში ვინმეს სასაუბროდ იხმობდა. ახლა კი დადას ზედმეტმა სითავხედემ ზეკის გარდა უკვე პატრონიც გააოგნა.
დადამ თამამად შეაბიჯა ოთახში მათ შორიახლო სავარძელში მოკალათდა და ამაყად გადახედა კაცებს. ზეკმა წყრომით შეხედა, კაცების საქმეებში ნუ ერევიო შეუღრინა. დადამ ცალი წარბია ასწია და თავი ისე კეკლუცად გააქნია თითქოს უპასუხა შენ ვინ გეკითხებაო. ზეკი იღრინებოდა, დადა კი ჩანდა, რომ სპეციალურად შლიდა ნერვებზე.
პატრონს გაეღიმა, მაგრამ შეეცადა კვლავ სერიოზული სახით, საკმაოდ მკაცრად დალაპარაკებოდა წყვილს.
- საშინლად არ მომწონს თქვენი ასეთი ქცევა! ორივეს გეხებათ! თქვენ ხართ ამ ოჯახის სახე! მამულის სარკე! რას ვერ იყოფთ?! რის გამო ვერ მორიგდით?! თქვენი შემხედვარე მსახურები რას იზამენ თუ იცით? პირველ რიგში თქვენს მიმართ პატივისცემას დაკარგავენ! მერე თავადაც ასევე აირევიან, მთელ დღეს კინკლაობას მოანდომებენ, საქმეს სულ მიივიწყებენ და ბოლოს დაჭამენ და დახოცავენ ერთმანეთს!
პატრონი წუთით გაყუჩდა. კარგად ჩახედა ორივეს თვალებში.
- ეს გინდათ?! მითხარით, ორივეს ეს გინდათ?!
დადა მოიღუშა, თითქოს მე რა შუაში ვარო. ზეკმაც წყრომით აბრიცა ტუჩი.
პატრონი ხან ერთს შეხედავდა და ხან მეორეს, მაინც ვერაფერი გაეგო, თუ რა ხდებოდა ამ ორს შორის.
ერთ ხანს იყუჩა. ელოდა, ზეკი მაინც როდის ამოიღებდა ხმას, მერე ის იყო საუბარი უნდა დაეწყო, რომ მსახურმა აცნობა სტუმარიაო.
პატრონთან ისევ ის საშიშ თვალება კაცი მოსულიყო. მის ხსენებაზე დადას აშკარად ზიზღი დაეტყო და არც უცდია დაფარვა. ზეკი გაკვირვებული შესცქეროდა, არც პატრონს არასდროს შეუმჩნევია მსგავსი რამ დადასთვის, ცოტა არ იყოს, სახეზე გაკვირვება გამოეხატა, თუმცა მაგის დრო უკვე აღარ ჰქონდა. სტუმარი უნდა მიეღო, ამიტომ ორივე სასწრაფოდ კაბინეტიდან დაითხოვა და თითის დაქნევით კიდევ ერთხელ გააფრთხილა:
- ახლა წადით და კარგად იფიქრეთ იმაზე, რაც გითხარით! ორივეს გეხებათ!
პატრონმა მთელი ღამე ფიქრებში გაატარა. ძალიან აინტერესებდა რას წერდა დადა თავის დღიურში. მართალია წაკითხვა ვერ მოასწრო, მაგრამ იმაშიც კი არ იყო დარწმუნებული, ნამდვილად უნდა წაეკითხა თუ არა. კარგად იცოდა, არ შეიძლებოდა მის სულში ჩაძრომა ვისაც ენდობი, გიყვარს, შენიანად მიიჩნევ, პატივს სცემ და ისიც ასევე გენდობა, უყვარხარ და თავისიანად გთვლის.
„მაგრამ იქნებ რა უდევს გულში?“
ფიქრობდა პატრონი.
,,იქნებ რაიმე სიბოროტე აქვს ჩაფიქრებული? ამით ხომ თავსაც დაიღუპავს და ვინ იცის, კიდევ რამდენს შეიწირავს.
რა ვქნა? რა ვიღონო?’’
საწოლში ვეღარ მოისვენა, წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა დადა როდისღა ასწრებდა დღიურის წერას, როცა მთელი დღეები თოფით ხელში ზეკს დასდევდა.
„საინტერესოა, მართლაც, ნუთუ ასე უჩუმრად შემოიპარება საკუთარ გალერეაში, რომ დღიური წეროს? ალბათ ღამით, ღამით ახერხებს ამას, მაგრამ უკვე დიდი ხანია ჩაბნელებული სალონიდან გასული შუქიც არავის უნახავს.“
თუმცა საინტერესო კი მისი შინაარსი უფრო იყო, ვიდრე ის, თუ როგორ და როდის ახერხებდა დადა წერას.
შემდეგ დღეს უკვე წყვილის კაბინეტში დაბარება აღარ გახდა საჭირო. ზეკმა პირდაპირ საუზმეზე მოახსენა, რომ დადას სანადიროდ აღარასდროს წაიყვანდა, იმიტომ რომ ხან კურდღელი შეიცოდა, მერე სხვა სეზონზე იხვებიც დაუფრთხო. ადრე ვითომ შემთხვევით მოსდიოდა ახლა კი თურმე აღარც მალავდა და სპეციალურად კი შლიდა ნერვებზე.
დადას ბავშვურად ეღიმებოდა. ზეკი კი კვლავ განაგრძობდა ბუზღუნს.
პატრონი ჯერ მშვიდად უსმენდა, ბოლოს კი ზეკის მონაყოლზე სიცილი აუვარდა. თურმე დადას ოინებს ბოლო არ უჩანდა, და ზეკსაც ბევრჯერ მოუთმენია, მაგრამ ახლა უკვე კატეგორიულ უარზე იდგა და მეტი არასდროს აღარ წაიყვანდა სანადიროდ.
რა თამაშს თამაშობდა დადა ან რისკენ ისწრაფოდა პატრონმა ვერაფერ გაარკვია, თუმცა მშვენივრად ხვდებოდა, ეს უბრალოდ ბავშვური თამაში არ იყო. დადას აშკარად რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და ამიტომ უკვე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ როგორმე აუცილებლად უნდა წაეკითხა დადას ჩანაწერები.
LEX. 2016 წლის 9 მარტი, ოთხშაბათი
No comments:
Post a Comment