Saturday, January 20, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 38)

38.
- რაზეა, ეს წიგნი?
მოხუცმა არაფერი უპასუხა. უხმოდ აწყობდა, ყდა გაქექილ წიგნებს.
ბიჭი ინტერესით შეჰყურებდა.
„ნეტა, რაში სჭირდება, ეს ნახევრად დაფლეთილი წიგნები?“
- სიყვარულზეა, თუ ცხოვრებაზე?
მოხუცს ჩაეღიმა. ცხადი იყო, ეს ბავშვი არ მოასვენებდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა.
- სიყვარულზეა... სიყვარულზე...
- სიყვარულზე? ოოო. - პიპამ ცხვირი აიბზუკა. - მაშინ საინტერესო არც იქნება.
მოხუცს გაეცინა. პატარა, აბეზარ ბიჭს, თავზე ხელი გადაუსვა, თმები ნაზად მოუჩეჩა.
- სიყვარულია, ცხოვრება.
- სიყვარული? მე რომ შეყვარებული არ მყავს, რა? არ ვცხოვრობ? - არ ნებდებოდა ბავშვი.
- სიყვარულია, სიცოცხლეც და ცხოვრებაც!
მოხუცი ჩამოჯდა. ერთ ხანს, ნაღვლიანად გაჰყურებდა ეზოში გამავალ ღია კარს. მერე ჯიბიდან უფილტრო სიგარეტი ამოიღო.
ბავშვი, მის ნიკოტინისგან გაყვითლებულ, კოტიტა და სვირინგიან თითებს, გაკვირვებული ათვალიერებდა.
- დაიმახსოვრე ბავშვო! თუ არ გიყვარს, ესე იგი, არ ცხოვრობ! და არა აქვს მნიშვნელობა, სიყვარულის საგანს!
ბავშვი დაბნეული შეჰყურებდა ამ ახალ ბინადარს და თავადაც ვერ გაეგო, რატომ იყო მისთვის ასე საინტერესო ეს მოხუცი კაცი, ვიდრე მისი თანატოლები.
ქვედა სართულზე, ნახევრად სარდაფში, ერთი დიდი ნესტიანი ოთახი უწყალობეს. მისი ბარგი ოთხკუთხა, ძველმოდური, კუთხეებ მოცვეთილი  ჩემოდანი იყო, სადაც თითო ოროლა ტანსაცმელთან ერთად წიგნები, საქაღალდეები და ცოტაც სხვადასხვა პირადი ნივთებით ჰქონდა ამოვსებული.
ბავშვი არ შორდებოდა. მთელი ინტერესით აკვირდებოდა ყოველ წვრილმანს. მოწყენილ და ერთფეროვან ცხოვრებაში, უხაროდა კიდეც ახალი ვინმეს გამოჩენა.
თავის თანატოლებთან კარგად ვერ კონტაქტობდა და ადვილად იწყენდა. მალევე ბეზრდებოდა მათთან ერთად თამაში. თამაშობანი კი, თითქმის სულ ერთი და იგივე იყო და არაფერი ახალი და საინტერესო.
წლების მანძილზე ყოველდღე, სულ ერთი და იგივე ხალხთან ურთიერთობა, იმდენად დამღლელი და მოსაბეზრებელი იყო, რომ ამ მოხუცის გამოჩენამ, სიხალისეც კი შემატა მის ერთფეროვან ცხოვრებას.
მოხუცი, დიდი მოთმინებით იტანდა, ბავშვის გამაბრუებელ ქაქანს და დაუსრულებელ შეკითხვებს, რომლებზედაც ან მოკლე პასუხს გასცემდა, ან საერთოდაც არ აქცევდა ყურადღებას. 
მისთვის იქაურობა, სამოთხე იყო. მრავალწლიანი ციხის საკნის, შემდეგ ეს ნესტიანი, ბნელი ოთახი სასახლედ ეჩვენებოდა. უფრო ბევრად ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, კიდევ დიდხანს მოუწევდა ყურყუტი ციხეში, მაგრამ ახლა გამოუშვეს. ასაკის გამო, უფრო გამოაძევეს, ვიდრე შეწყალების გულისთვის.
თავიდან, აღარც უნდა იქაურობის დატოვება, უკვე ისე იყო მიჩვეული ციხეს, მაგრამ აბა ძალით ვინ გააჩერებდა? დარაჯის სამუშაოც და ღამის გასათევიც, იოლად გამოუძებნეს და ზედმეტად სარჩენი ლუკმა, ასე მოიშორეს თავიდან.
ახლა აქ კიდევ, ერთი პატარა, აბეზარი ბიჭი აეკიდა და მოსვენებას არ აძლევდა. მოხუცს, სხვა რა გზა ჰქონდა, შეითვისა ბავშვი და იმდენად შეეჩვია, რომ ერთი სული ჰქონდა, სანამ ბიჭი სკოლიდან მოვიდოდა. 
ეზოში ელოდა და შორიდან მომავალს, როგორც კი დაინახავდა ძველი, პატარა დასაკეცი დანით, მისთვის ვაშლის გათლას იწყებდა. ზოგჯერ კი, თავისივე ხელნაკეთ სათამაშოსაც ახვედრებდა. ბავშვი ბედნიერი იყო ამ უცხო კაცის მზრუნველობით და თავს დავალებულად სთვლიდა, როდესმე თვითონაც იზრუნებდა მასზე.
მოხუცმა მოსვლისთანავე, თავისი ბარგი ოთახში განალაგა, მხოლოდ ერთი ფუთა დაიტოვა, რომელიც ჩემოდნიანად, საწოლის ქვეშ შეაცურა.
ბიჭი ინტერესით კვდებოდა, ძალიან უნდოდა გაეგო, რას ინახავდა მოხუცი იმ ფუთაში, მაგრამ შეკითხვასაც ვერ ბედავდა.
- არასდროს დაჩაგრო შენზე სუსტი! დაიმახსოვრე! მოვა დრო და ის იმდენად გაიზრდება და გაძლიერდება, რომ როცა სრულებითაც არ ელი, აი სწორედ მაშინ, გამოგითხრის ძირს!
- ის თუ გაიზრდება, მაშინ მეც ხომ გავიზრდები და როგორ მომერევა? - არ ცხრებოდა ბავშვი.
მოხუცს გაეცინა:
- დაიმახსოვრე ბავშვო! შურისმაძიებელი ძლიერი და შეუდრეკელია, მაგრამ სიბოროტით არის სავსე. მისი დამარცხება, არც ისე ადვილია. მთელი ცხოვრებაა საჭირო, მის გასანადგურებლად.
- და როგორ უნდა დავამარცხო?
- იქნებ, შენ თვითონ ხარ ბოროტი და დასამარცხებელი? ამაზეც უნდა დაფიქრდე ხანდახან, უკვე არც თუ იმდენად პატარა ბიჭი ხარ.
- მეე? - ბიჭს ფერი წაუვიდა.
- ხომ შენ! ჯერ საკუთარ თავს მოჰკითხე, რამდენად კარგი ადამიანი ხარ და მერე სხვის ბოროტებაზე უნდა ისაუბრო. ეჰ, ადამიანი ცხოველია! ყველაზე გარყვნილი და საშინელი ცხოველი!
- ცხოველი?
- ჰო! ცხოველი! მხოლოდ მეტყველი ცხოველი. უბრალოდ, ჩვეულებრივი ცხოველისგან განსხავავებით, ლაპარაკი შეუძლია.
- და, აზროვნებაც! - სხარტად დაუმატა ბიჭმა.
მოხუცს გაეცინა.
- რატომ დამცინი? - იწყინა ბიჭმა. - განა მართლა ციდან მოვევლინე?! დიდი ხანია ვიცი, რომ არც კომბოსტოში არ ვუპოვნივარ და არც წეროს მოყვანილი ვარ! - ბავშვი გაჩუმდა და მერე უფრო დაბალი ხმით განაგრძო. - იქეთ მხარეს, ეზოს უკან, დიდი ქუჩის ძაღლია... თავის ლეკვებს ისე იცავს... აბა ერთი, ვინმე მიეკაროს... - ბიჭს ხმა გაებზარა.
 მოხუცმა თავი გააქნია.
- ჰმ, განა მართლა ცხოველს არ შეუძლია აზროვნება? ეჰ, ცხოველს უფრო მეტი და დიდი გული აქვს, ვიდრე ზოგიერთ ადამიანს! ხედავ? არც ერთი ცხოველი არ ტოვებს თავის ნაშობს და მერე, როგორ უვლის!ადამიანი კი, საკუთარი შვილის მკვლელობაში იხდის ფულს და ეს თუ ვერ მოახერხა, ისე მოიგლეჯს გულიდან! - მოხუცი გაჩუმდა. 
ეს უკანასკნელი სიტყვები საშინლად გამოუვიდა. უნებლიეთ ბავშვს, პატარა გული ატკინა, დაუსერა. სწორედ, იმ ჭრილობას შეეხო, რის გამოც, ამ ბავშვებს უხდებოდათ, იქ ცხოვრება.
დაუსერა კი არა, ჭრილობაზე მარილიც მოაყარა. არადა უნდოდა, ბავშვისთვის ეთანაგრძნო, ბევრი რამ აეხსნა, ბევრი რამ ესწავლებინა, სანამ ცოცხალი იყო მოესწრო, თუნდაც ეს ერთი პატარა ადამიანი მაინც დაეყენებინა გზაზე, მაგრამ ბიჭი პატარა იყო და ბევრს ვერაფერს ხვდებოდა. თუმცა, როცა მოუშუშებელ ჭრილობას შეეხნენ, სადღაც მარცხენა მხარეს, რაღაც ლოდივით დაეკიდა და ეს სიმძიმე საშინლად ასტკივდა. 
- ესე იგი, ავია ის ძაღლი, არა? - ღიმილით სცადა მოხუცმა საუბრის გამოსწორება. 
- იცი, ის ძაღლი ყველას კი არ უღრენს! - ბიჭი გამოცოცხლდა და ცოტა ხალისი მიეცა. - მე ძალიან ვუყვარვარ!
მოხუცს ჩაეღიმა. მშვენივრად შეაფასა ბავშვის გამჭრიახობა. ტკივილის არავის უჩვენებდა და ცდილობდა, ყოველთვის შეუპოვარი ყოფილიყო, მაგრამ მაინც ბავშვი იყო, პატარა ბიჭი.
- ცხოველს, დიდი სითბოსა და სიყვარულის ჩუქება შეუძლია და ყოველთვის მადლიერია, ბევრი ადამიანისგან განსხვავებით. სამწუხაროდ ასეა! - მოხუცმა ამოიხვნეშა. - ეჰ, ადამიანის უმადურობას კი, საზღვარი არა აქვს. ზოგჯერ, იმავე ჯამში აფურთხებს, საიდანაც ჭამს და ვერ გრძნობს, საკვებს თავისავე ფურთხს რომ აყოლებს! 
ბავშვი დაბნეული შეჰყურებდა, ალბათ თუ ფიქრობდა, რატომ უნდა ეჭამა ადამიანს, ფურთხიანი კერძი.
- რამ ჩაგაფიქრა? - გაუღიმა მოხუცმა. - ასეა ეს! შენ ჯერ ბევრი არაფერი გესმის, მაგრამ დაიმახსოვრე და გამოგადგება! გაიზრდები, გამოგადგება!
ბავშვი გაკვირვებული შეჰყურებდა. დარწმუნებული იყო, მოხუცი ცუდს არაფერს ეტყოდა, სწამდა მისი და სჯეროდა. მის ყოველ ნათქვამს იმახსოვრებდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ხვდებოდა თუ არა იმ მომენტში რამეს.
- ხო, მასეა! უმადურია ადამიანის მოდგმა! უმადური და ბოროტი! არ აფასებს იმას, რა მადლშიც იმყოფება და სანამ ნეხვში არ აღმოჩნდება, მანამდე თავი ამაყად უჭირავს, მერე კი გვიან ხვდება.
ბიჭი ბევრს ვერაფერს მიხვდა. მოხუცის სიტყვებს, თავის ცხოვრებას ადარებდა. ვერ ჩასწვდა იმ აზრს, რატომ ჰქონდა ასეთი ცუდი ცხოვრება ამ პატარას? მას ხომ არაფერი დაუშავებია, რომ ასე, როგორც ამ ბაბუმ უთხრა, „კისრამდე ნეხვში“ აღმოჩნდა. ვერაფერი გაიგო და მოიწყინა.
- კარგი რა იყო, რა ფერი წაგივიდა, შენ კი არაფერს გაბრალებ. - მიუალერსა მოხუცმა.
ბიჭი ერთ ხანს, ჩაფიქრებული იჯდა, მერე მოხუცს მოუბრუნდა და ჰკითხა:
- როგორ უნდა გავიგო, ბოროტი ვარ თუ არა?
მოხუცმა ამოიხვნეშა, თუმცა პასუხი აღარ დააყოვნა:
- სიბოროტეს ვერ დაინახავ და ვერც ხელით შეეხები. სიბოროტე თავისით არ ჩნდება, ის ადამიანისგან მოდის. ადამიანი თავად შობს მას და მერე შვილივით ზრდის უბეში, მასთან ერთად სძინავს, უნანავებს, თავისი სუფრიდან აჭმევს, საკუთარ ლუკმას უყოფს და კარგად რომ გამოზრდის, მხოლოდ მაშინ უშვებს გარეთ! სჯობს ლეკვი გაზარდო - გიერთგულებს, ვიდრე აფთარი ზარდო გულში!

***
პიპა ხელში ატრიალებდა, მოძველებულ პატარა დასაკეც დანას. ეს ის ნივთი იყო, რომლის დაკარგვასაც, საშინლად ატკენდა გულს. ძალიან გაუჭირდებოდა მასთან განშორება, რადგან თავის დროზე, ის, მისი ცხოვრების ნაწილი იყო და უძვირფასესი სახსოვარი იყო, იმ მოხუცი ადამიანისგან, ვისგანაც პირველად იგრძნო, უანგარო სითბო და სიყვარული.
LEX. 2016 წლის 12 აგვისტო, პარასკევი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1779546092287680

No comments:

Post a Comment