Thursday, January 25, 2018

მებაღე (ნაწილი 31)

31.
საშიშ თვალება კაცთან პატრონს წლების მანძილზე გარიგება ჰქონდა. ქალაქში ერთი დიდი, უმსხვილესი ბანკისა და მისი რამდენიმე ფილიალის მფლობელს რა საქმე უნდა ჰქონოდა ყაჩაღთა ბელადთან, თუ თავადაც არ იყო გაქნილი ავაზაკი სულის.
დიდ და წარჩინებულ ხალხში ტრიალებდა. სხვადასხვა დროსა და ალაგზე ხან თავის კლიენტების ხან კი მათი მეგობრების სახლებს აძარცვინებდა და არბევინებდა. მდიდრულ სახლებზე ინფორმაცია ყოველთვის უტყუარი იყო და გარკვეულ წილად დიდი ნაძარცვი ქონებაც ყაჩაღთა კარგი გასამრჯელოც გამოდიოდა. რა თქმა უნდა წილში თავადაც იყო, მაგრამ სულ რატომღაც მიზერულ ნაწილს ითხოვდა. არც არავინ დაინტერესებულა რატომ ითხოვდა ასე ცოტას. მხოლოდ პატრონი ჩაფიქრდებოდა ხოლმე ამაზე, გრძნობდა ამ კაცს რაღაც სხვა მიზანი ამოძრავებდა, თუმცა ჯერ ვერც ვერაფერს ხვდებოდა.
ერთხელაც დამკვეთმა მეტისმეტი მოითხოვა. მარტო ერთ გაყოლებაზე ხუთი სახლის თითქმის ერთდროულად დარბევას ითხოვდა. განსაკუთრებით კი ერთი სახლის გაძარცვის გარდა მთლიანი განადგურება კატეგორიულად მოითხოვა. 
მოითხოვა კი არა ლამის ემუდარა. ხან კი თითქოს ცოტას ემუქრებოდა კიდევაც.
აი სწორედ მაშინ მიხვდა პატრონი, თუ რაც ამოძრავებდა ამ ბოროტ თვალება კაცს. მთელი ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ იმ ერთი ოჯახის მიწასთან გასწორება სურდა. დანარჩენი სახლების ძარცვა კი მხოლოდ თვალის ასახვევად იყო საჭირო.
პატრონმა გარიდება ამჯობინა და გეგმის შედგენაშიც კი არ ჩაერია.
ამჯერად ყველაფერი ზეკმა ითავა, მასვე დაევალა გეგმის შემუშავებაც და საქმის შესრულებაც. 
საშიშ თვალება კაცის კატეგორიული მოთხოვნა, რომ იმ სახლიდან არავინ უნდა დარჩენილიყო ცოცხალი - სისრულეში იყო მოყვანილი.
ზეკმა დავალება პირნათლად შეასრულა. სახლი გაძარცვეს და გადაწვეს, ოჯახის წევრები ერთიანად ამოწყვიტეს. მერე რაღაც მომენტში ერთ-ერთ ყაჩაღს მოეჩვენა, თითქოს ძაღლის სადგომში ვიღაც შეძვრაო. ზეკმა, რადგან ეს საქმე პირადად მას ევალებოდა, თავად გადაწყვიტა გადაემოწმებინა. 
ფრთხილი ნაბიჯით მიეპარა. არავინ ჩანდა, ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა, მხოლოდ გრძელ ჯაჭვზე გამობმული მკვდარი ნაგაზი ეგდო შორიახლო. ზეკმა მოულოდნელად შეანათა ფარანი და მის წინ შიშისაგან გაფართოებული დიდი მწვანე თვალები აელვარდა. 
ძაღლის სადგომში პატარა გოგონა მოკუნტულიყო. ბიჭი გაშეშდა. პირველად ცხოვრებაში შეყოყმანდა. წამით სუნთქვაც შეეკრა.
ზურგიდან ბიჭების ჩუმი სტვენა მოესმა. ეს უკვე ნიშანი იყო, დროულად უნდა გასლოდნენ იქაურობას.
ზეკმა უსაფრთხოების მიზნით ბიჭები წინ და სხვადასხვა გზით გაუშვა. 
თვითონ უკანვე გამობრუნდა. გოგონა ზურგზე მოიგდო და ტყეს შეაფარა თავი. მეორე დილას კი პატრონს მიუყვანა, ვითომდა დილით ტყეში ნაპოვნი ბავშვი.
სწორედ ზეკის იმ წამიერმა შეყოვნებამ იხსნა დადა.
ზეკს ყოველთვის უნდოდა პატრონისთვის ეს ამბავი მოეყოლა, მაგრამ ვერ ბედავდა, მერე კი რაც უფრო მეტად გადიოდა დრო, მით უფრო რცხვენოდა თავისი მაშინდელი ,,სილაჩრის“ და სამუდამოდ დავიწყებას მისცა ის დრო.
ზეკმა არც კი იცოდა, რომ ამ ყველაფრის თავი და თავი ის საშიშ თვალება კაცი იყო პატრონთან, რომ ასე ხშირად სტუმრობდა.

No comments:

Post a Comment