Thursday, January 25, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 67)

67.
- არც მასეა საქმე, ასე ადვილად ადამიანებს არ ივიწყებენ. ზოგიერთი კი, მაშინ გაგიხსენებს, როცა რამეში სჭირდები. - ზლუქუნებდა ქალი.
მიმი მხატვრის მეგობრის, მსახიობი ქალის დამშვიდებას ცდილობდა, რომელსაც შესვენებაზე სადილად გამოსული, სრულიად „შემთხვევით“ გადაეყარა.
ქალი ცრემლად იღვრებოდა. მხატვართან ყოფილა ნაჩხუბარი. არადა, თავიდან თითქოს უმნიშვნელო კონფლიქტით დაიწყეს და მერე სერიოზული კამათიც მოსვლიათ.
- თუ არ მოგწონს წადიო, რას მაყვედრი შენს თავსო! ასე, რატომ უნდა ეთქვა? რატომ? ასეთი რა დავუშავე? უცებ, ერთ წამში იმდენად ვეღარ ამიტანა, რომ ჩემი დანახვაც კი აღარ უნდა! არადა, უკვე იცი, როგორ მენატრება? - ისევ მოსთქვამდა ქალი.
მიმის წესიერად ვერც გაეგო, თუ რა მოხდა და რატომ იჩხუბეს, მაგრამ მხატვრისგან მაინც ვერ წარმოედგინა, ასე როგორ უნდა ეწყენინებინა მეგობრისთვის? ყოველთვის დინჯი, აუღელვებელი მხატვარი, ასე რამ გამოიყვანა წყობიდან? დაუჯერებელი იყო.
მსახიობმა ქალმა კი თავის როლს, ისე ოსტატურად გაართვა თავი და მართლაც, ისე შესაბრალისად ტიროდა, რომ მიმის ეჭვიც კი არ შეჰპარვია მის სიმართლეში. აბა რას წარმოიდგენდა, რომ ეს ყველაფერი, სპეციალურად მისთვის დადგმული სპექტაკლი თუ იყო. საკმაოდ ნიჭიერი ქალი, აბა რის მსახიობი გახლდათ, თუ როლს წესიერად ვერ მოირგებდა?
ყავაც კი ვერ მოსვა, ისე იყო „განერვიულებული და განადგურებული“, უაზროდ ურევდა ფინჯანში კოვზს და თან ისევ შესაბრალისად ზლუქუნებდა.
თავიდან, მიმის უნდოდა შესვენების ეს დრო, პიპასთვის დაეთმო. ბოლო პერიოდში სულ დაკავებული იყო და ვერაფრით ვერ ახერხებდა მასთან შეხვედრას. ახლა ცოტა დროც გამოუჩნდა და ის იყო, უნდა დაერეკა, რომ...
თუმცა ისიც საკითხავი იყო, პიპა რამდენად დროულად უპასუხებდა, ან საერთოდ, ეცლებოდა თუ არა.
ახლა კი, მეგობრის ახლო მეგობარი ასეთ მდგომარებაში რომ ნახა, გული შეეკუმშა და ვეღარ მიატოვა.
- გინდა შეგარიგოთ? - მხიარული სახით ჩახედა მიმიმ. - არა, მართლა?
ქალმა ცხვირი მოიწმინდა და დაწითლებული თვალები, მიმის სევდიანად შეანათა:
- კარგი რააა, შერიგება, რომ უნდოდეს...
- და რას იზამდა? დაგირეკავდა? ჰმ, აი ახლა, მართლა კარგი რააა. - მიმის გაეცინა.
- ეჰ. - მსახიობს კი ნაღვლიანად ჩაეღიმა.
- ხომ იცი, არც დაგირეკავს და არც მოგიკითხავს და განა იმიტომ, რომ ამპარტავანია, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთია. სხვანაირია, ცოტა უდარდელიც!
- ჰო, ვიცი, რომ ვკიდივარ! ვიცი! მე კი ამდენი წელი შევალიე და ერთი ხელის აქნევით დამიფრინა! და თანაც, სამუდამოდ!
- და გგონია, რომ მას ახლა არ ენატრები? - ისევ გაუღიმა მიმიმ. - ჩემზე კარგად იცნობ, ხომ იცი რა ტიპიც არის. ასეთია, რაღაცნაირი. ასეთია და რა ქნას?!
- ჰოდა, ეგდოს ახლა იქ, თავის ზეთებით აყროლებულ სახელოსნოში მარტო და ვინც უნდა, ის მიათრიოს!
„ალბათ, იეჭვიანა?“
ფიქრობდა მიმი, თუმცა კონკრეტულად არც უკითხავს ჩხუბის მიზეზი.
„შეიძლება, ვინმესთან შეუსწრო. ეგ ხომ კარს არასდროს კეტავს.“
- მოკლედ ასე! ჯერ დავლიოთ ყავა, დავიმშვიდოთ ჩვენი ლამაზი თავები და მერე, ერთად წავიდეთ სახელოსნოში!
- კარგი რაა, მიმი, სად უნდა წამოვიდე, აბა?!
- ერთად მივიდეთ და ხომ შეეტყობა, რამდენად გაუხარდა შენი დანახვა და რამდენად, არა და მერე, შენც მიხვდები, ღირს თუ არა მაგ კაცის გულისთვის, ამდენი ტანჯვა.
ქალი არ ეთანხმებოდა, თან უნდოდა, თან ვითომ არც უნდოდა.
- რა მოხდა, მერე? ერთად მივიდეთ! მართლა, თოფს ხომ არ გესვრის, არა? რის გეშინია? - არ ეშვებოდა მიმი.
- არა, თოფს ნამდვილად არ მესვრის, არც მასეთი არ არის.
- ჰოდა, მივალთ და გაირკვევა, აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას მომავალი!
მიმიმ იმდენი ელაპარაკა და ისე ელაპარაკა, რომ ბოლოს, მაინც „დაითანხმა.“
- კარგი, დაგიჯერებ. - ამოიხვნეშა ქალმა. - შენ ძალიან უყვარხარ და დიდ პატივს გცემს. შენთან ერთად, რომ მნახავს, იქნებ... ნუ, რა ვიცი?
- დარწმუნებული ვარ, როგორც კი დაგინახავს, გულიც მოულბება და სულიც და გონებაც გაუნათდება! - აგულიანებდა მიმი.
ამ საუბარში ქალმა, მიმისგან შეუმჩნევლად, ფიფოსთან შეტყობინების გაგზავნაც მოახერხა.
ფიფო, დანახვისთანავე მოეწონა. თუმცა თავიდანვე ისე გააცნეს, როგორც მიმის შეყვარებული. ამიტომაც არაფერი შეიმჩნია. თანაც იმ პერიოდში, მხატვართანაც მშვენივრად გრძნობდა თავს.
მხატვრის ქაოტურობისგან განსხვავებით, ფიფო შედარებით სტაბილური ჩანდა. ხშირად გრძნობდა მისგან ყურადღებას. სიამოვნებას გვრიდა, როცა ფიფო მალულად თვალებით ჭამდა. თუმცა ფიფოს, ნაბიჯიც კი არ გადმოუდგამს. არც კი უცდია. ალბათ ისევ, მხატვრის პატივისცემის გამო, ხოლო როცა მსახიობს გაუჩნდა იმის შანსი, რომ ფიფოს მობილურის ნომერი ხელთ ეგდო, სიხარულისგან აღარ იყო და უკვე აღარც ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რისთვის გაცვალეს ნომრები.
სახელოსნოში მხატვარი ბოლთას სცემდა. უნდოდა მიმის მოსვლამდე, რაც შეიძლებოდა მეტი სერიოზული, გაბრაზებული სახე ჰქონოდა, მაგრამ მეგობრების დანახვაზე, ისეთი სიცილი აუტყდა, რომ ძლივს მოიბრუნა სული.
- აი, ხომ ხედავ?! – გამარჯვებული სახით უხსნიდა მიმი მსახიობ ქალს. - ასეთი არასერიოზულია, განა შეიძლება ამისგან გეწყინოს რამე?
წყვილები „შერიგდნენ“. მიმი სიამაყით ივსებოდა.
მსახიობმა მშვენივრად გაართვა თავი, მორგებულ როლს.
„ყოჩაღ, რა ნიჭიერი მყოლია და არც კი ვიცოდი.“
მხატვარს გულში ეღიმებოდა ახლა მიმი და ფიფო უნდა შევარიგოო, ფიქრობდა.
ცოტა ხანში, „დიდი ხნის დაკარგული“ ფიფოც „შემთხვევით“ მოადგათ. ძველი მეგობრების კვლავ ერთად შეყრით „სიხარულით აღფრთოვანებულმა“ მხატვარმა, შინაურულ ვახშამი მოვაწყოთო.
ფიფოს ერთი სული ჰქონდა, მიმი როგორმე დაემარტოხელებინა და შესაფერის დროს, მოთმინებით უცდიდა.
მოულოდნელად მსახიობმა გამოუცხადა, სპექტაკლზე მაგვიანდებაო და თქვენც გეპატიჟებითო. ფიფომ მადლიერი თვალით გადახედა, ქალმა კი კმაყოფილი ღიმილით დაასაჩუქრა. ახლა საჭირო იყო მხატვარიც, როგორმე რამე მიზეზით, ცოტა ხნით მაინც გასულიყო.
- საწყენია, რომ იმ საქმეს ჩამოგაშორეს. – უთანაგრძნო მიმიმ ფიფოს.
- ნუ, რას ვიზამ? - ამოხვნეშა ფიფომ და მერე უფრო მხიარული ხმით დაუმატა. - ისე, სულაც არ ვდარდობ! სამაგიეროდ, თქვენ გაგიცანით!
ფიფომ ჭიქები შეავსო, მალულად მხატვარს გახედა, მას კი უკვე დრო იყო, რაღაც მიზეზი უნდა მოეფიქრებინა, რომ წყვილი მარტო დაეტოვებინა.
- აუ, ხომ არ ეწყინა სპექტაკლზე, რომ არ წავყევი? ჯერ მაინც ახალი შერიგებულია და... - მხატვარი წამოიწია. - მოდი რა, მე წავალ და თქვენ დარჩით აქ! შინაურებად გთვლით მაინც.
ფიფო კმაყოფილებისგან გაიტრუნა.
მიმიმ შეიცხადა:
- კარგი, რაა, რას ამბობ? რატომ უნდა გვეწყინოს? თუ გინდა, ჩვენც წამოვალთ, რა პრობლემაა?
ეს კი უკვე ფიფოს აღარ აწყობდა და არც მხატვარს ჰქონდა მართლაც თეატრში წასვლის სურვილი. სადმე სხვაგან გაუხვევდა, ახლა კი იძულებული გახდებოდა, უკვე არაერთხელ ნანახ და მისთვის უინტერესო სპექტაკლს დასწრებოდა.
მიმი გაჯიუტდა. თითქოს, არ უნდოდა ფიფოსთან მარტო დარჩენილიყო. ფიფო მოიღუშა, სხვანაირად მიმის ვერ დაიმარტოხელებდა, სახლშიც კი ვერ მიაცილებდა. მიმი საკუთარი მანქანითაც ფიფოს დახმარების გარეშეც მშვენივრად წავიდოდა.
უკვე ჩანდა, რომ მათი საუბარი, ვეღარ შედგებოდა და ისევ მხატვარმა ითავა.
- კარგი! დავრჩეთ ყველანი და გავარკვიოთ რა გვინდა, რას მოვითხოვთ ერთმანეთისგან!
- რას უნდა ვითხოვდე? - გაიკვირვა მიმიმ.
- არა, არაფერი. ისე, მინდა, რომ ყველანი კარგად და მაგრად ვიყოთ. - აბლუკუნდა მხატვარი.
წამიერი დუმილი, ამჯერად ფიფომ დაარღვია. თავისი გასაკეთებელი საქმე იყო და სჯობდა თავადვე მოება თავი და უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, მესამე პირიც დაესწრებოდა თუ არა.
- მიმი, იცი, ამას წინათ, გვიან ღამით, შენი მანქანა შევნიშნე. - დინჯი, უდარდელი ხმით დაიწყო ფიფომ. - მაგრამ ქუჩის იქეთა მხარეს ვიყავი, სანამ მოვაბრუნე, უკვე ვეღარ დაგინახე.
- მართლა? როდის?
- რას დადიხართ ღამ-ღამობით? ან ერთნი და ან მეორენნი? სად დაძვრებით? ნეტა, ჰა? აბა, განა შემოივლიან უბადრუკი მხატვარი მეგობრის სანახავად! - მხატვარი საუბარში ჩაეჩხირა.
ფიფოს ცოტა არ იყოს, არ ესიამოვნა. თუმცა, უფრო ბუნებრივი იერი შესძინა მიმის დაკითხვას.
მიმი კი უკვე, რა ხანია ახალი მანქანით დადიოდა და ისიც კი არ ახსოვდა, ფიფომ იცოდა თუ არა. ეს კი ისევ ფიფოს შეცდომა იყო, მაგრამ პასუხიც მალევე მოამზადა, თუმცა მიმის აზრადაც არ მოსვლია ეკითხა.
- უჰ, რამდენჯერ მისეირნია ღამით მანქანით. მასეთ დროს, ნებისმიერი დეპრესიიდან გამოვდივარ. - აჭიკჭიკდა მიმი.
- კი, მეც მიყვარდა ადრე. - მხარი აუბა ფიფომ. - მაგრამ ახლა, იმდენი მანქანები მომრავლდა, რომ გინდა დღე იყოს და გინდა ღამე, მაინც საშინელი მოძრაობაა ქალაქში.
- ჩემს მეტი, ყველს მანქანა ჰყავს რაა. - აქირქილდა მხატვარი.
ფიფო ხასიათზე მოვიდა, საუბარი სწორედ იქითკენ წარიმართა, საითაც მას აწყობდა, მაგრამ მაინც ვერაფერი შეიტყო. მიმიმ ვერანაირად ვერ გაიხსენა, ვერც ის ქუჩა, რომელსაც ფიფო უსახელებდა და ვერც ის დრო.
- ალბათ, ძაან მაგარი მთვრალი იყავი და არც კი გახსოვს, შუა ღამით სად დაასრიალებდი მანქანას! - დრო და დრო, მხატვარი ჩაურთავდა სიტყვას. რასაც მიმის ღიმილიანი პასუხი მოჰყვებოდა:
- როდის იყო, რომ ვსვამდი და თან მთვრალი, როდის მნახე?
- აუ, შენ რომელ დღეზე ამბობ, პირველად რომ მოთოვა? - ისევ ჩაერია მხატვარი.
ეს კი უკვე ფიფოს აღარ ახსოვდა და ძალიან გაუხარდა.
- კი, დილით ადრე მოთოვა. - ფიფოს თვალები გაუბრწყინდა, გულში შეაქო კიდეც მხატვარი და მიმის პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
აი თოვლის ხსენებაზე კი მიმი, გამოერკვა.
ჩაფიქრდა.
გაახსენდა ის ღამე.
მანქანაში პიპასთან ერთად.
- კი, კი, მახსოვს! ახლა გამახსენდა! უფრო სწორად თოვლმა გამახსენა. თვალი, რომ გავახილე საოცრად ლამაზი დილა დამხვდა.
„თვალი, რომ გავახილეო - ეს რას ნიშნავს? რა? მანქანაში ეძინა?“
გაუელვა ფიფოს.
მიმი კი თავის ფიქრებში წავიდა და სასიამოვნო ღიმილიც არ შორდებოდა მის სახეს.
ფიფო თვალს არ აცილებდა. მიმის ზედ ეწერა, რაზეც ფიქრობდა. მისი გამომეტყველება, იმ ღამით, არა თუ მკვლელობის ჩამდენს, არამედ უბრალო დანაშაულის თანამონაწილესაც კი არ ჰგავდა.
მხატვარს შეუმჩნეველი არ დარჩენია ფიფოს დაკვირვებული მზერა და თავადაც ჩააფიქრა მიმის სიტყვებმა. ისე მაინც, რატომ ეძინა მიმის მანქანაში? ახლა უკვე დარწმუნდა, რომ საქმე, უფრო სხვა რამეში იყო, ვიდრე მიმის მონატრებაში. მშვენივრად მიხვდა, ფიფოს სულ სხვა რამ აწუხებდა, ვიდრე მიმიზე ეჭვიანობა.
მიმის გაცისკროვნებული თვალები კი, ვერაფერს ამჩნევდა. ბედნიერი ღიმილით ბრწყინავდა. სიამოვნებით მოწრუპა კონიაკი და სავარძელში მოეშვა. მერე უცებ, ბიჭების დაჟინებულ მზერას, რომ წააწყდა, სიცილიც აუვარდა და ჭიქა, მაგიდაზე დააბრუნა.
- კარგით რააა, რა სახეები გაქვთ! ხომ იცით, რომ არ ვსვამ! თანაც, მანქანით ვარ. მხოლოდ ეს ერთი ყლუპი მოვსვი.
- თუ გინდა დალიე, ცოტა არაფერია და მე მიგიყვან სახლში! - დრო იხელთა ფიფომ.
- ოოო, მერე მანქანის დატოვება მომიწევს და ხვალ სამსახურში... უჰ, დილით კი, სანამ ტაქსი მოვა. - აწუწუნდა მიმი.
- შენივე მანქანით მიგიყვან და ჩემსას დავტოვებ, რა პრობლემაა? - არ ცხრებოდა ფიფო.
მხატვარმაც მხარი აუბა, ფიფოს ეთანხმებოდა.
მიმი მაინც უარზე იდგა. მერე შენ გაწვალდები, უკან მოგიწევს მობრუნებაო.
ფიფო კი მაინც თავისას არ იშლიდა და ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს ხვეწნა-მუდარა, რომ უეცრად მიმის მესიჯი, რომ არ მიეღო.
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა. მიმის სახე გაებადრა, შეტყობინება პიპასგან იყო.
ახლა ერთი სული ჰქონდა, სანამ სახელოსნოდან გააღწევდა და სანატრელ წერილს სხვების დაუსწრებლად გახსნიდა. 
LEX. 2017 წლის 27 აპრილი, ხუთშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1900720573503564

No comments:

Post a Comment