Thursday, January 25, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 66)

66.
ფიფომ ისევ მოუხშირა მხატვართან სტუმრობას. ერთი სული ჰქონდა, სანამ მიმის გადაეყრებოდა. სახლშიც და სამსახურშიც მონახულების სურვილი, ნამდვილად არ ჰქონდა. სპეციალურადაც, რომ მიეკითხა, ან ტელეფონზე დაერეკა, მაშინ ხომ უფრო გაიშიფრებოდა, რომ მისი ახალი ნომერიც იცოდა. ამიტომაც სასურველი იყო, ბუნებრივად და ვითომ და, სრულიად შემთხვევით, სახელოსნოში შეხვედროდა და იქვე გამოეკითხა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ყოველ იქ მისვლაზე, მხატვრისგან სულ ერთი და იგივე პასუხი იყო, მიმი დიდი ხანია არ გამოჩენილა, ან რა ხანია, არ მინახავსო.
- ეჰ, დაკარგული ნდობის დაბრუნება, შეუძლებელია. - ამოიხვნეშა ფიფომ და სიგარეტს მოუკიდა.
თითქოს უნდოდა მხატვრისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ ძლიერ ენატრებოდა მიმი, თუმცა ისედაც მასე იყო. რაც დრო გადიოდა და რამდენადაც მიმიზე გული მოსდიოდა, იმდენად ენატრებოდა და ბოლომდე მაინც ვერ წარმოედგინა, მიმი - მკვლელობის მონაწილე!
ფიფოს საკმაოდ რთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა. უამრავი საქმის მიუხედავად, გული მაინც მხატვრის სახელოსნოსკენ ეწეოდა. აქ შეეძლო მშვიდად დაესვენა და ბევრი საინტერესო რამეც გაეგო და შესაძლებელიც იყო, მის გაუხსნელ და აწ უკვე, ჩამორთმეულ საქმეებს, ცოტათი მაინც მოჰფენოდა ნათელი.
თუ? უფრო მეტად, ისევ მიმის გულისთვის დადიოდა იქ? 
აი, ამაში კი, საკუთარ თავსაც, ბოლომდე ვერ უტყდებოდა.
ფიფო თანდათან რწმუნდებოდა, რომ მხატვარი არაფერ შუაში იყო, მაგრამ ეჭვი კვლავ არ ასვენებდა. ამიტომაც საჭიროდ ჩათვალა, სულ ცოტა ინფორმაცია მაინც ჩაეწვეთებინა მხატვრისათვის და კარგად უნდა გაერკვია, მიმიც და მხატვარიც, რა როლს თამაშობდნენ ამ საქმეში. ან საერთოდ, თამაშობდნენ თუ არა.
- შესაძლებელია! - მხატვარი სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა. - ყველაფერი შესაძლებელია, თუ შეეცდები და თავიდან მოიპოვებ!
- ჰო, შენთვის ადვილი სათქმელია, არაფერზე დარდობ, ყველას და ყველაფერს ზედაპირულად აღიქვამ.
- და მერე ვინ გითხრა, რომ ადვილიაო? - მხატვარს ჩაეცინა. - მხატვარი ვარ და გულიანად უნდა ვიშრომო! მთელი სული უნდა ჩავდო იმ ნამუშევარში, რასაც დავიწყებ!
- ნუ, ჰო! ეგ, მესმის. - დაუქნია თავი ფიფომ.
მხატვარმა კი განაგრძო:
- არაფრის მოპოვება არ არის ადვილი! პირიქით, თავიდან მოპოვება უფრო რთულია, ბევრად უფრო რთული!
- და მერე, შესაძლებელია?
- შესაძლებელია, თუ?
- თუ? - ფიფო სკამიდან წამოიწია.
- თუ მისი გული, ისევ თავისუფალია, მაშინ რატომაც არა!
- და თუ დაკავებულია?
- ჰოდა, მაგას არ გეუბნები? თავიდან უნდა მოიპოვო!
- მერა რა გარანტიაა, რომ...
- არანაირი გარანტია არ არსებობს! უბრალოდ, შეეცადე და მოიპოვებ თუ არა, ეგ უკვე სულ სხვა საქმეა!
- ოოჰჰჰ! ახალი თქვი რამე რაა. - გაეცინა ფიფოს. - და საერთოდ, ღირს კი ცდა?
- არც ეგ ვიცი, ღირს თუ არა, მაგრამ ასე დარდსა და გაურკვევლობას არ გირჩევნია, რომ... - მხატვარმა მხრები აიჩეჩა.
მეტი რაღა უნდა ეთქვა, ან როგორ უნდა გაემხნევებინა მეგობარი? ისიც კი არ იცოდა, მიმის გული, მართლა დაკავებული იყო თუ არა. ადრე ყველაზე გულღია და თავისუფალი გოგო, ახლა მისთვისაც იდუმალებით მოცული გახდა.
- ისე, შენი საქმეები, როგორ მიდის? კიდევ ვერაფერი გამოიძიე?
- ხომ გითხარი, რომ მე აღარ ვიძიებ მაგ საქმეს. - ხელი ჩაიქნია ფიფომ.
- და საერთოდ? თუ გაიგე რამე? გამოირკვა მკვლელის ვინაობა?
- შენ რაღაც, ძაან დაინტერესდი ამ ამბით. ნუთუ მართლა ასე ჩაგითრია ამ ისტორიამ? - ფიფო ისევ შეეცადა მხატვარი, როგორმე თავის სასარგებლოდ აელაპარაკებინა.
- შენგან განსხვავებით, კონკრეტულად მკვლელი, სულაც არ მაინტერესებს.
- მართლა? აბა ვინ გაინტერესებს? რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება? - ჩაეცინა ფიფოს.
- მკვლელი კი არა და მე ის მაინტერესებს, რატომ აკეთებდა ამას?
- შენ წარმოიდგინე, მეც ყოველთვის სწორედ ეგ მაინტერესებს! - ფიფოს ახლა ხმამაღლა გაეცინა. - და საერთოდ როცა საქმეს იძიებ და გამოძიებას აწარმოებ, დანაშაულის მოტივის გარკვევა, ცალკეულადაც და ისედაც, ერთი დიდი და უპირველესი საკითხია!
- ნუ ჰო. - დაეთანხმა მხატვარი. - რატომ აკეთებდა ამას და...
- და, რა? - ვეღარ ითმენდა ფიფო.
- ეს ნიღბების დრამა, რა კავშირშია? სხვანაირადაც ხომ შეუძლია, უბრალოდ მივიდეს, მოკლას და მორჩა! წავიდეს მერე თავის გზით. ეს ზედმეტი სცენები, აღარ დადგას. ამასაც ხომ გარკვეული დრო სჭირდება და რა გარანტია აქვს, რომ თავზე არ წაადგებიან, მაგრამ იცი, რაშია საქმე?
- ჰო, რაშია აბა საქმე, მეც გამარკვიე ერთი. - ფიფო სავარძელში შესწორდა. - მერე რა, რომ აღარ ვიძიებ, მაინც საინტერესო იქნება ჩემთვის.
- ჰოდა, იმაშია საქმე, რომ მისთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს, მკვლელობის ადგილის სცენად მოწყობას!
ფიფომ ეჭვიანი მზერა მიაპყრო მოსაუბრეს. მხატვარს არც შეუნიშნავს ისე განაგრძო:
- წარმოდგენის გამართვაში წელავს დროს და იმის მაგივრად, რომ დროულად გაეცალოს დანაშაულის ადგილს, ეს კი ამ დროს, მსხვერპლს უკეთებს ნიღაბს! ესე იგი, სცენაზე გასასვლელად ამზადებს და მერე როლში შეჰყავს, თანაც მთავარ როლში! სწორედაც რომ მსხვერპლია წამყვანი ფიგურა სცენაზე და არა, თვითონ მკვლელი! - მხატვარი გაჩუმდა.
- და, მერე? - ვეღარ ითმენდა ფიფო.
- რაღა, მერე? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - ისედაც ყველაფერი ნათელია!
- და რა არის მანდ, ნათელი? - გაიკვირვა ფიფომ.
- სწორედ ასეთი წარმოდგენით, ასეთი სცენის დადგმით სურს გიჩვენოს, ის რაღაც, რის თქმაც უნდა თავად მკვლელს და როგორც ვხედავთ, ამ ყველაფერს, მსხვერპლის საშუალებით აკეთებს!
- ეგ ისედაც ცხადია, რომ ამით რაღაცის თქმა უნდა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - შენ ახალი თქვი რამე, თორემ...
- ნუ, ახალი რა უნდა ვთქვა? მართლაც არაფერი ახალი ახლა არ მითქვამს და ძალიან ცუდია, რომ შენი კოლეგები არ ეთანხმებიან ნიღბების ვერსიას, რადგან ამ სპექტაკლით კარგად ჩანს, თუ ვის ებრძვის მკვლელი!
- და, ვის ებრძვის? - გაოცდა ფიფო.
- როგორ თუ, ვის? ამაზეც ხომ ვისაუბრეთ ადრეც, რა გჭირს ფიფო? ნუთუ, ასეთი ძნელი მისახვედრია, რომ მკვლელი სისტემას ებრძვის?! ამ დღევანდელ სისტემას და იმ წყობას ებრძვის, რამაც ისეთი ძლიერი ტკივილი მიაყენა, რომ დღეს, ადამიანი მკვლელად იქცა! - მხატვარი გაჩუმდა და მერე უფრო დაბალი ხმით დაუმატა. - ამ დროს შეიძლება, თავად სულაც არ სცნობდეს თავს დამნაშავედ.
- დანაშაული, მაინც დანაშაულია და არანაირად არა აქვს გამართლება!
- თავისთავად! გეთანხმები, რომ გამართლება არა აქვს! მე მკვლელს კი არ ვამართლებ, უბრალოდ მართლა დავინტერესდი, რა მიზანი აქვს და სადამდე აპირებს? თუ მორჩა უკვე?
- არაფერი ვიცი! კიდევ თუ რამე მოხდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჯერ არც არავინ დაუჭერიათ. ეჭვმიტანილიც კი არ არსებობს!
- მდააა...
- ისე, იქნებ ნიღბები, არც არაფერ შუაშია და თვალის ასახვევად... - მხრები აიჩეჩა ფიფომ და რადგან, ნიღბების ვერსია, მიმის შემოგდებული იყო, მაინც შეეცადა, რომ ისევ მიმის ირგვლივ ესაუბრა.
- არა მგონია! ეს სწორედ ისაა, რაც ადრეც ვიფიქრეთ! სპეციალურად დგამს სპექტაკლს, ჩვენებას დგამს, გესმის?! - მხატვარი გაჩუმდა და მერე დანანაებით განაგრძო. - სამწუხაროა, რომ ჩვენს მეტი არავინ იზიარებს ნიღბების ვერსიას. იქნებ, სწორედ მაგის გამოც არის, რომ ეს საქმეც, ასე გაუხსნელი დარჩა და დარჩა!
- დიახ. სამწუხაროა. - დაეთანხმა ფიფო.
- და გაუხსნელადვე დარჩება კიდევ დიდ ხანს!
- შენ რა იცი? იქნებ? - აქ უკვე ფიფო ცოტა აწრიალდა.
„იქნებ, მართლაც მიმიყვანოს მხატვარმა მკვლელამდე?
თუ მართლაც თავად არაფერ შუაშია, შეიძლება ბევრ რამეზე ამიხილოს თვალი. ასეა თუ ისე, ხშირად მეჩვენება, რომ მკვლელთან მისასვლელი გზა, სადღაც მხატვრის ახლო-მახლო უნდა გადიოდეს.“
- ესე იგი, საქმე გვაქვს - იდეალურ დანაშაულთან! - ჩაეცინა მხატვარს. - აბა არ არსებობსო, იდეალური მკვლელობაო? თუ გვაბოლებენ, შენი წინამორბედი კოლეგები? იმიტომ რომ შეგვეშინდეს და შიშისგან მაინც შეცდომა დავუშვათ? რადგან შიშისგან ავირევით, დავიბნევით, შეგვეშინდება და აუცილებლად გაგვეპარება რაღაც შეცდომა, ჰა? - არ ცხრებოდა მხატვარი.
ფიქრებში შორს წასული ფიფო, ისევ მხატვრის ქაქანმა გამოაფხიზლა, მაგრამ საპასუხოდ არაფერი უთქვამს, ისევ მდუმარედ იჯდა. თითქოს არც უსმენდა და მერე უცებ წამოისროლა:
- მიმი!
- ???, ჰმ! მიმი? - ჩაეღიმა მხატვარს. - რადგან თავის დროზე, არაფერი გამოვიდა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეიძლება.
- და როგორ უნდა მოვიქცე? აი შენ, რას მირჩევდი?
- მეე? მე რა უნდა გირჩიო? მე თვითონ მარტო ვარ. თუმცა, არ ვარ მარტო! ნუ ხან ისეა და ხან ასე. მთავარია, თავისუფალი ვარ! - მხატვარმა სიგარეტს მოუკიდა. - და ეს სიმარტოვე სულაც არ არის! უბრალოდ, არავისთვის არ მცხელა. ამ ეტაპზე, მშვიდად ვგრძნობ თავს და ყველა მიყვარს! ნუ, თავისებურად, მაგრამ მაინც ხომ მიყვარს! აი ესაა მთავარი!
- და მაინც, ახლოს ვერავის უშვებ, არა? - ჩაეცინა ფიფოს.
- ისე, რაღაც მომენტში, მიმი ყველაზე ახლოს მოვიდა ჩემს სულთან. - გარკვეული დუმილის მერე დასძინა მხატვარმა, ხოლო როცა ფიფოს ამღვრეულ გაფართოებულ თვალებს შეეფეთა, გაეცინა.  - ფიზიკური სიახლოვე არც მიგულისხმია. საინტერესო მოსაუბრეა და თანაც, ძალიან მარტოსული. - მხატვარი წამით შეყოვნდა. - ისე, საშიშია მისი ცხოვრება. მასეთი ადამიანის ცხოვრება, ძალიან საშიშია.
- რატომ არის საშიში? - ფიფო ისევ აწრიალდა, შესაძლოა საუბარი ბოლოს და ბოლოს, იმ მხარეს წასულიყო, საითაც მას აწყობდა.
- იმიტომ, რომ მასეთი მარტო სული, უსუსური! უსუსური და ვითომ თან ძაან ძლიერი! ისე, რომ იცოდე, ვინც თავს ძლიერ პიროვნებად, დამოუკიდებელ ადამიანად გაჩვენებს, სწორედ მასეთი ადამიანები შეიძლება მოექცნენ, ისეთი ხალხის გავლენის ქვეშ, ვინც ბოროტად გამოიყენებს მათ ნდობას!
ფიფო ისევ ჩაფიქრებული უსმენდა.
„ნუთუ, მართლა ამან რაღაც იცის?
იქნებ, მართლაც ვინმე მართავს მიმის და საბრალო გოგო, საერთოდ არც არაფერ შუაშია? და მე კი, ასე უსამართლოდ განვიკითხავ?
იქნებ, თავადაც არ იცის და შველა სჭირდება, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის.
და გვიანიც, რომ იყოს მაინც უნდა დავეხმარო?! რადაც არ უნდა დამიჯდეს, თუნდაც ძველი მეგობრობის ხათრით მაინც უნდა ამოვუდგე მხარში!“
ფიქრობდა ფიფო და თან თვალს არ აცილებდა მხატვარს. ცდილობდა ამოეცნო, ამ სიტყვების მიღმა, კიდევ რამეს ხომ არ გულიხსმობდა.
- რამე არის ისეთი, რომ მე მიმალავ? - ფიფო ისე ჩაეკითხა მხატვარს, რომ თვალიც არ დაუხამხამებია.
- „მე“ მიმალავ, რას ნიშნავს? რა შუაშია აქ, ან „შენ“ ან „მე“? და ან მე, რატომ? მიმიმ, თვითონ უნდა მოგიყვეს!
- რა?! რა უნდა მომიყვეს, მიმიმ?! - ფიფოს სახეზე სისხლი მოაწვა.
- შენ თუ მიმის, პირადი რამეები და საეთოდ, მიმის ირგვლივ, რამე თუ გაინტერესებს, მე კი არ უნდა მკითხო და არც სხვა არავის! არამედ მას პირადად უნდა ჰკითხო. - ცოტა არ იყოს, იწყინა მხატვარმა.
- მაპატიე, ძალიან იდიოტურად გამომივიდა, არც მიფიქრია.
- რომ არ გიფიქრია, მაგაშია საქმე! - მხატვარს კვლავ ნაწყენი ტონი ჰქონდა.
- არა ისე, მიმისთან მართლა საქმე მაქვს. სულ სხვა საქმე.
- ხო, ისე, მიმი და შენ, ასეა თუ ისეა, მაინც დაკავშირებული ხართ შენს ამბებთან.
- ?? რას გულისხმობ? - ისევ დაიძაბა ფიფო.
- ჰაჰ! როგორ, თუ რას?! ჯერ ერთი, რომ იმ მკვლელს როცა დასდევდი, მაშინ იქ არ ნახე მიმი პირველად? ეს ერთი დამთხვევა და მეორეც კიდევ, ერთი მოკლული ქალი ხომ მიმის ვიღაც ახლობელია, თუ ნათესავი, მგონი რაღაც მასეა, ხომ?
ფიფო ამას უკვე აღარ მოელოდა, რაღაც ბუნდოვნად კი ახსოვდა თითქოს...
- მგონი, მიმის თანამშრომლის ვიღაც იყო ის მსხვერპლი, მაგრამ მაშინ მალევე ჩამომაშორეს მაგ საქმეს და მე აღარ ვიძიებდი. წესიერად არც კი დამიკითხავს მსხვერპლის ახლობლები.
- ჰოდა, რა გინდა? ორ ამბავში მაინც ხომ ხართ ერთად გარეული! - ახითხითდა მხატვარი.
„ორში კი არა და უკვე, სამში! - მიმის მანქანა? მკვლელობის მახლობლად? აი, ეს ხომ უკვე, სამია.“
ფიქრობდა ფიფო და თან მხატვარს თვალს არ აშორებდა.
მხატვარმა სიცილი შეწყვიტა, მიუხვდა ფიფოს კიდეც რაღაც ჰქონდა სათქმელი და თავს იკავებდა.
- სადაც ამდენი რამ მოყევი და გამანდე, ბარემ ეგეც მითხარი! მიდი, ნუ გერიდება! - შეაგულიანა მხატვარმა. თუმცა, ბოლო სიტყვები, მაინც ცინიკურად იყო ნათქვამი, მაგრამ ფიფო სულაც არ გაღზიანებულა.
- შენ ფიქრობ, რომ მიმი, მაშინ იქ, იმ სადარბაზოში შემთხვევით არ შემხვედრია?
- რა სისულელეა! ეგ არც იფიქრო! უბრალოდ, ისე ვთქვი, რადგან ერთხელ შემთხვევით გაერია შენს საქმეში და მეორეჯერაც, მართლა შემთხვევით. მხოლოდ აქ უკვე, იცნობდა მსხვერპლის ნათესავებს, თუ მგონი, თავად მსხვერპლსაც! - მხატვარი გაჩუმდა. მერე გამომცდელი მზერით ჩააშტერდა ფიფოს, ის კი შეეცადა მხატვრის მზერას არიდებოდა. 
- აუ, გეფიცები რააა!! - წყენით მიუგო მხატვარმა. - ვგრძნობ, რომ რაღაც ისე ვერ ხარ და თუ რამე გაინტერესებს, მკითხე და მორჩი ამ უაზრო ეჭვიანობას! - მწყრალად გახედა მხატვარმა. - სად დავიფიცო? ვინ დავიფიცო? ჩემსა და მიმის შორის, არც არაფერი ხდება და არც ადრე მომხდარა! საერთოდ, მიმიზეც ბევრი არაფერი ვიცი! - მხატვარი გაჩუმდა. აშკარად სწყინდა ფიფოს ასეთი ქცევა.
დუმილი ისევ ფიფომ დაარღვია:
- მინდა მიმის, რამდენიმე შეკითხვა დავუსვა. თანაც ისე, რომ დაკითხვა არ გამომივიდეს. არ მინდა, ცუდად გაიგოს, სჯობს ისევ მე, თორემ მერე რომ განყოფილებაში დაიბარონ და...
- რაა?! მიმი, რა შუაშია?! რატომ უნდა დაიბარონ?!
- ახლა სხვა ხალხი იძიებს და ყველაფერს თავიდან კითხულობენ. აი, წეღან შენ სწორად აღნიშნე, ის ერთი მსხვერპლი მიმის იცნობდაო. ნუ მოკლედ, რომ არ დაიბარონ, მე გამოვკითხავ და სამსახურშიც ისე გავატარებ, რომ მიმი საერთოდ არ გამოჩნდეს. ხომ იცი, გამომძიებლების ამბავი? ასჯერ დაგიბარებენ, ათასჯერ გადაამოწმებენ, შესაძლებელია იმასაც გამოეკიდონ, რა გინდოდა სწორედ იმ დროს, იმ დანგრეულ სადარბაზოშიო და ხომ გესმის არა, მიმი, მართლაც რა შუაშია?
- ჰო, ჰო!
- ტყუილად უნდა არბენინონ, უაზროდ. - ფიფომ ადვილად დაიძვრინა თავი და შვებით ამოისუნთქა. გულში ჩაეღიმა, მშვენივრად მოაბა თავი და ისეთი უტყუარი არგუმენტიც გააშანშალა, რომ მხატვარს ყველა ეჭვი გაუფანტა.
- მართალი ხარ! მიმი მართლაც არაფერ შუაშია, თანაც ისიც რომ გამოჩნდეს, რომ უკვე სადღაც მაინც, ორჯერ ფიგურირებს ამ ამბებში, თუმცა მაინც არაფერ შუაშია.
„ორჯერ კი არა უკვე სამჯერ!“
კვლავ გაიფიქრა ფიფომ.
- ისე, შენ რა დარწმუნებული ხარ, რომ მიმი მართლაც არაფერ შუაშია? და იმ სადარბაზოშიც შემთხვევით მოხვდა? ჰა? - ფიფო შეეცადა ეს სიტყვები, რაც შეიძლება უფრო მეტი ირონიით ეთქვა. ხუმრობა, ხუმრობაში ისევ ცდილობდა, მხატვრისგან იქნებ კიდევ რაღაც ამოექაჩა.
- დამიჯერე, მიმი მართლაც პირველად იყო იმ სადარბაზოში და მართლაც სულ შემთხვევით გადაეყარე. დამიჯერე, მოვა დრო და გაიგებ. თავად მოგიყვება, თუ კი ემახსოვრება.
ფიფო საშინლად მოიღუშა.
„ესე იგი, მაინც რაღაცას მიმალავენ.“
- კარგი რააა, რა სახე გაქვს! გარწმუნებ არაფერია ისეთი. პირადად არც შენთან და არც იმ შენს საქმესთან, არანაირი კავშირი არა აქვს, მართლა მასეა.
- კარგი, დაგიჯერებ, რადგან სხვა გზა არ მაქვს.
- ჰოდა, მოვა აქ და ჰკითხე რაც გინდა. რა პრობლემაა?!
- როდის მოვა? - ფიფოს თვალები გაუბრწყინდა.
- აბა მე, რა ვიცი?
- სამსახურში, რომ მივაკითხო, ესეც არ მინდა. ძველი დრო რომ იყოს, არ გაუკვირდებოდა. ახლა უკვე სხვა სიტუაციაა, ხომ ხვდები, არა? მერე არ ეგონოს, რომ სპეციალურად დავკითხე, მასეც არ მინდა.
- აბა, მე მივაკითხო? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - ეგ უფრო საეჭვო იქნება. ჰმ, როდის იყო ვაკითხავდი?
ბიჭები ჩუმად ისხდნენ. წესიერად ვერაფერი მოიფიქრეს, როგორ უნდა მისულიყვნენ მიმისთან, რა საბაბით, ისე რომ ეჭვი არ აეღო და მათი შეხვედრაც ბუნებრივად გამოსულიყო.
სწორედ ამ დროს, მათ ბედზე მხატვარს, ძველი ნაცნობი მსახიობი ქალი ესტუმრა და მხატვარსაც გონება გაუნათდა. მშვენიერი იდეა მოუვიდა თავში.
LEX. 2017 წლის 18 აპრილი, სამშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1896469803928641

No comments:

Post a Comment