Tuesday, January 16, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 21)

21.
მწვანე ხასხასა არაყი, საკმაოდ ძლიერი გამოდგა. მიმის საერთოდაც არ მოეწონა. ერთ ყლუპზე იმდენი ახველა, ლამის თვალები გადმოსცვივდა.
ბიჭებს სასაცილოდაც არ ეყოთ.
- აი, სულ ტყუილად გააფუჭე, რა! - ბჟირდებოდა მხატვარი.
- სწრაფად უნდა გადაგეკრა! - ეცინებოდა ფიფოსაც. - ერთი დიდი ყლუპით და მაშინვე მიგეყოლებინა! 
სიცილით გული იჯერეს.
და მერე ისევ დუმილი.
დრო იწელებოდა.
ფიფოს ერთი სული ჰქონდა, სანამ ბოლომდე ჩასწვდებოდა ნიღბების არსს. თითქოს მის ჯიბრზეც, მხატვარიც არ ჩქარობდა. თვალებ მინაბული სადღაც ჭერის სიღრმეში იყურებოდა.
და ბოლოს, ფიფომ უკვე ვეღარ მოითმინა:
- გადაჭრილ ჯირკზე, იმდენი რგოლია, რა ასაკისაც იყო ის ხე, ასეა?
- დიახ, მასეა! - თავი დაუქნია მხატვარმა.
- და, ნიღბები? - ირონიულად ჩაეკითხა ფიფო.
- ისიც მასეა! - კვლავ თავი დაუქნია მხატვარმა.
- როგორ, მასე?
- თითო რგოლის მატებასთან ერთად, მისი ასაკიც იმატებს და რგოლის სიდიდეც! აი, ესაა სულ მისი კანონზომიერება და მთელი მისი ყოფიერების ფილოსოფიაც!
ფიფო სულ დაიბნა. ახლა უკვე ნათლად დარწმუნდა, მხატვარი რაღაცას ურევსო. სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა და უკვე გადაწყვიტა კიდეც, ცოტა ხანში რამეს მოვიმიზეზებ, ავდგები და წავალო.
„მიმისაც წავიყვან, თუ წამოვა...
ანდა რას ჰქვია, თუ წამოვა?“
უცებ საშინლად გაბრაზდა მიმიზე. თითქოს უკვე შესთავაზა წასვლა და მიმი უარზე იდგა. ისეთი მწყრალი თვალებით გადახედა გოგოს, რომ მხატვარიც კი შეცბუნდა.
- გავაგრძელო?
- გისმენ! – უხალისოდ მიუგო ფიფომ და უსიამოვნო სახით მოუკიდა სიგარეტს.
- ხემ, ბუნებრივად გვიჩვენა მისი ასაკიც და ვიზუალური ზომაც! ასე არ არის? - მხატვარმა კითხვის თვალით გადახედა სტუმრებს.
ორივემ უხმოდ დაუქნია თავი. მასპინძელმა კი განაგრძო:
- რაც უფრო დიდი რგოლია, მით უფრო სიგანეში იზრდებოდა, სიმაღლესთან ერთად, მაგრამ სიმაღლეს და სიგანეს ვხედავდით და მისი ზუსტი ასაკის დადგენა კი, მხოლოდ ხის მოჭრის შემდეგ უფრო ხდება ცნობილი! ყველასთვის ხილული! შედეგად, ცნობილი გახდა ის დაფარული მისივე საიდუმლო და ჩვენ ეს ვიხილეთ, გარკვეული ქმედების შემდეგ! და როდის? - ყურებამდე გაკრეჭილმა მხატვარმა წარბები აზიდა და არც აცალა სტუმრებს ხმის ამოღება, თავადვე განაგრძო. - სწორედ მაშინ, როცა ზუსტად ის ხე მოიჭრა! როცა რაღაც გარკვეული ქმედება მოხდა, ზუსტად იმ საგანზე, რომელიც გვაინტერესებდა!
სტუმრები ახლა უფრო დაინტერესდნენ.
მხატვარმა ღრმად მოქაჩა სიგარეტი და ისევ განაგრძო:
- აი, ნიღაბი კი ის ვიზუალური ენაა, რომელიც ჩვენ უნდა დავინახოთ! ისევ და ისევ, გარკვეული ქმედების, განსახიერების შედეგად, ის ხილული უნდა დავინახოთ! - მხატვარმა ამოისუნთქა. - ასევე ვიზუალურ ენასთან ერთად, ნიღაბი ერთ-ერთი წყაროა დაფარული საიდუმლოს შეცნობისა, რომელიც უნდა შევიგრძნოთ!
მხატვარმა ყავის ფინჯანს ჩახედა. წამოდგომა დააპირა, მაგრამ მიმი მყისვე წამოხტა.
- უჩემოდ არ გააგრძელო! ახლავე მოვალ! - უკვე სამზარეულოდან გამოსძახა მიმიმ.
- უძველესი დროიდან ნიღაბი, ითვლებოდა როგორც რელიგიურ-საკრალური მოვლენა და ასევე გარკვეული რიტუალის ნაწილს შეადგენდა, იმ ქმედებისა, იმ წარმოდგენისა, რომელიც დანახვისთანავე ერთიანად უნდა შეგეგრძნო, თუ რის გადმოცემა სურდათ მნახველისთვის, მაყურებლისთვის, სწორედ ზუსტადაც, აი ამ წარმოდგენის გამართვით!
მხატვარი საკმაოდ კარგად ხსნიდა.
ფიფო მთელი გულისყურით უსმენდა. სახეზე უკმაყოფილებაც კი გაუქრა. აშკარად იყო, რომ უკვე ჩასწვდა იმ არსს, თუ რის თქმაც სურდა მკვლელს.
მასპინძელმა სიგარეტის ნამწვავებისგან გადავსებული საფერფლე გაასუფთავა, უჯრიდან ახალი კოლოფი ამოიღო და ადგილს დაუბრუნდა.
სტუმრები ინტერესით შეჰყურებდნენ, მთელი მოთმინებით უცდიდნენ როდის გააგრძელებდა საუბარს. ამჯერად, დიდ ხანს ლოდინი არ მოუწიათ, მხატვარმა სიგარეტს მოუკიდა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ისევ განაგრძო:
- Comedia Del Arte! – ეს იყო იტალიური „საერო თამაშებიდან“ წარმოშობილი „ფიცარნაგული თეატრი“. თუ სწორად მახსოვს მეთექვსმეტე საუკუნიდან მოდის, როგორც უკვე ჩამოყალიბებული, იმპროვიზირებული თეატრალური წარმოდგენა. დადიოდნენ ასე, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, თან დაჰქონდათ ფიცარნაგი სცენები, დეკორაციები.
- რა საინტერესოა! - ჩაურთო მიმიმ.
თუმცა ფიფოს სახეზე ემჩნეოდა, ჯერ კიდევ, დიდად საინტერესოს ვერაფერს ხედავდა, მაგრამ ცდილობდა უფრო მეტად ჩასწვდომოდა არსს. ატყობდა, მხატვარს რაღაცის გადმოცემა სურდა, მაგრამ რატომღაც, ზედმეტად შორიდან უვლიდა.
- ჰო! მართლაც საინტერესოა! - განაგრძო მხატვარმა. - და ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ სადაც წარმოდგენის გამართვას აპირებდნენ, ყოველთვის ცდილობდნენ წინასწარ შეესწავლათ იმ ქალაქისათვის დამახასიათებელი თემატიკა და ზუსტად მის შესაბამისად გაემართათ წარმოდგენა!
- ჰოო? - გაიკვირვა ფიფომ. - მე კი, რატომღაც მეგონა, რომ ერთი დადგმული სპექტაკლით მთელ სამყაროს შემოივლიდნენ და თურმე, არც მასე ყოფილა საქმე!
- აი დაუკვირდი! - განაგრძო მხატვარმა. - წარმოდგენას მართავდნენ სწორედაც, რომ იქაურობისთვის, იმ ხალხისთვის ადვილად გასაგები, ჩასაწვდომი, იქაურ მცხოვრებთა დამახასიათებელ ზნე-ჩვეულებისა და მათი ისტორიის მიხედვით, რადგან სწორედ მათთვის მარტივად მისახვედრი ყოფილიყო! მათთვის გამოსაცნობ სიუჟეტზე დგამდნენ სცენებს. ესე იგი, ეს წარმოდგენა, კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის იყო გამიზნული, ვისაც ზუსტად უნდა გაეგო, უფრო სწორად შეეცნო. აი, ამაშია საქმე!
- ჰმ, ახლა უფრო გასაგები გახდა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - რამხელა ფილოსოფია ყოფილა.
- ახლა ცალკე, თვითონ ნიღბები დავაკონკრეტოთ! - 
განაგრძო მხატვარმა. - ძირითადად იყენებდნენ სამი ტიპის ნიღაბს: პირველი იყო - სახალხო კომედიური, მეორე - შეყვარებულთა ლირიკული ნიღბები, და მესამე კი - სატირულ-მამხილებელი ნიღაბი. ალბათ, ეს უკანასკნელი უფრო ახლოს არის მკვლელის ქმედებასთან და საერთოდ ფაქტიურად, ეს ნიღაბი იყო უფრო მეტად სიუჟეტის წამყვანი. შესაძლებელია, მკვლელი ნიღაბს სწორედაც ამ შინაარსით იყენებს, გვიჩვენებს ჩვენ! კონკრეტულად იმ ხალხს, ვინც უნდა დავინახოთ! ამოვიცნოთ! და ამ ნიღბის მორგებით ამხელს დამნაშავეს, იმ საწყისს დანაშაულისას, იმ მიზეზს, რომელმაც დღეს, დღევანდელი დანაშაული წარმოშვა. შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ სხვანაირად არ ამხილა? ან არ გაასაჩივრა? იქნებ, თავის დროზე, უჩივლა კიდეც, ბევრი იწვალა და ირბინა, მაგრამ ვერაფერს გახდა...
- და თავად გადაუწყვიტა სამართალი! - დაურთო ფიფომ.
- რა თქმა უნდა! თავად წყვეტს და თან მიგვანიშნებს რაღაცას კონკრეტულად, მაგრამ რას?! ნათლად ჩანს, რომ მსხვერპლი შენიღბა, იდუმალებით შემოსა, იმისთვის რომ მიანიშნოს, იმას ვინც კონკრეტულად უნდა გაიგოს. ამ ფორმით გვაჩვენა და გამოხატა ის ინფორმაცია, რაც მასში ჩადო!
- მდაა. - ამოიგმინა ფიფომ. - გაიგე ახლა, რა ჩაიფიქრა და რის თქმა სურს.
- ისე ზოგჯერ, ნიღაბს სახის გამურვის წესი სცვლიდა. - განაგრძო მხატვარმა. - ამას დღეს უკვე გრიმს ვეძახით, თუ ნიღაბი იყო გარკვეული მასალისგან დამზადებული და ნებისმიერი წარმდგენის მონაწილეს, ან უბრალოდ, ისე მსურველს შეეძლო მოერგო, სახის გამურვის, ასე ვთქვათ ვარიანტმა ცოტა უფრო მეტად შემოქმედებითი ხასიათი მიიღო, უფრო მეტი ინდივიდუალურობა შესძინა.
- ჰო, მართალი ხარ, სწორად აღნიშნე, კონკრეტულად ნიღაბს კი არ უკეთებს, სახეს უფარავს, ხან რით და ხან რით, რაც იმ მომენტში მოხვდება ხელთ.
- მაგრამ მაინც ნიღაბი! როგორც არ უნდა დაუფაროს სახე, მაინც ნიღაბია და უკვე ამ შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა ნიღბის მასალას.
- დიახ, მასეა... - ჩაილაპარაკა ფიფომ.
- საინტერესო იქნებოდა ფოტოები მენახა, მაგრამ... - მხატვარმა თვალები მოწკურა და ფიფოს ეშმაკურად გახედა.
ფიფოს გაეცინა:
- საერთოდ, როგორც წესი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, გამოძიების პერიოდში უცხო პირთა ჩარევა და საქმის მასალების გაცნობა, ოჯახის წევრებისთვისაც კი აკრძალულია რამის მოყოლა. - ფიფომ ამოიხვნეშა. - მაგრამ ამ შემთხვევაში, დავუშვებ გამონაკლისს, მხოლოდ სრული გარანტია უნდა მქონდეს იმისა, რომ...
- სამარე ვარ! - მხატვარს გაეღიმა და ჭიქები შეავსო.
LEX. 2016 წლის 17 ივნისი, პარასკევი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1757475357828087

No comments:

Post a Comment