Tuesday, January 16, 2018

მებაღე (ნაწილი 16)

16. 
უგოს უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დადას არაფერს დაუშავებდა, აკი თავიდანვეც ასე გაიფიქრა. პირველივე მათი შეხვედრისთანავე ამ გოგონათი მოიხიბლა. უფრო მეტად, მისმა უბოროტო სულმა მოხიბლა.
მებაღეს ეგონა საშინელი გაბურძგნული, ჭუჭყიან ჩვრებში გამოხვეული, არყისა და შარდის სუნით აყროლებული მათხოვრის მიმართ მხოლოდ ზიზღი წამოვიდოდა, მაგრამ შეცდა. დადა პირველი იყო ვინც ადამიანად მიიღო და ყოველგვარი ზიზღის გარეშე საკუთარი ლუკმაც კი გაუნაწილა.
მებაღეს სინანულით ჩაეღიმა.
სხვა ცხოვრებაში და სხვა ალაგზე ქალებისგან მოსვენება არ ჰქონდა. არც აქ, ამ მამულში დაუკლია ხელი, მაგრამ დადასთან სულ სხვანაირად, სულ სხვა რამ მოხდა და ამან უფრო აუბნია თავგზა. მისი სულიერებითა და სისადავით მოხიბლული, მისი გარეგნული მშვენიერებითაც აღფრთოვანებული იყო.
არც თუ იმდენად პატარა გოგო, ჯერ კიდევ გულუბრყვილო, უბოროტო გულის პატრონი იყო. დიდი ხანია უკვე სრულწლოვანებას გადააბიჯა, მაგრამ მაინც ბავშვივით უმანკო სული ჰქონდა შერჩენილი და ასეც დარჩებოდა მუდამ.
დიდი მწვანე თვალები და მუქი შავი თმა, უფრო მეტად ხაზს უსვამდა მის სიმშვენიერეს, იყო მასში რაღაც უცხო, განსაკუთრებული და განსხვავებული.
ჯერ კიდევ პატარაობაშივე შეინიშნებოდა დადას უჩვეულო სილამაზე. გოგონას ბანაკში უცხო ფერია შეარქვეს, ბოშური სამოსით შემოსეს, ყურებიც კი გაუხვრიტეს და დიდი საყურეებიც დაჰკიდეს. პატრონს საშინლად არ მოეწონა, დადას სულ სხვა სტილის გარეგნობა ჰქონდა, ყველაზე მეტად კი დიდი საყურეები არ მოეწონა, მართალია ოქროსი იყო, მაგრამ რაღაც უგემოვნო და ასეთი ლამაზი სახის გოგონასთვის შეუფერებელი.
როცა ბანაკი დაიშალა, პირველივე ქალაქში ჩასვლისას პატრონმა დადა საუკეთესო სამოსით შემოსა, მერე ოქრომჭედელთან მიიყვანა.
რუსული წარმოშობის ებრაელმა დადას თვალების დანახვაზე აღფრთოვანება ვერ დაფარა.
- „Брюнетка с изумрудами“ - წამოიძახა გოგონას სილამაზით მოხიბლულმა.
პატრონს კი სიამაყით აივსო, როცა შეიტყო, თუ რასაც ნიშნავდა ეს სიტყვები.
- ჰო და აბა შენ იცი, დამიმშვენე ეს პატარა ქალბატონი მისი შესაფერისი სამკაულით. - თავზე გადაუსვა ხელი შვილობის.
„Брюнетка с изумрудами“ - პატრონმა ეს ორი რუსული სიტყვა კარგად დაიმახსოვრა და ხშირადაც მიმართავდა დადას ასე. დადას ყურებამდე ეღიმებოდა თან სათითაოდ მოივლებდა ხელს ზურმუხტის საყურით დამშვენებულ ყურებს, ხომ არ დამიკარგავსო.
დადას სხვა ბევრი და გემოვნებით დამზადებული სამკაული ჰქონდა, მაგრამ ამ საყურეებს ისე იყო შეჩვეული არასდროს იხსნიდა, თუმცა მაინც არაფერი უნდოდა, ზედაც არ უყურებდა ძვირფას ნივთებს.
უზადო გემოვნების პატრონი ყოველთვის დიდ ხანს და გემოვნებით ურჩევდა საჩუქრებს. დადას კი მხოლოდ თვითონ საჩუქრის ჩუქება უხაროდა და არა მისი ღირებულება.
პატრონი მებაღეს დადას თხოვნით, ზურმუხტის საყურეების ისტორიას უყვებოდა, მხოლოდ ბოშების ამბავი გამოტოვა და პირდაპირ საყურის შეძენით დაიწყო.
მებაღესაც მოეწონა ის სიტყვები.
- „Брюнетка с изумрудами“ - რამდენჯერმე გაუმეორა კიდეც, რასაც დადას ხალისიანი კისკისი მოჰყვა.
როგორც იქნა ნანატრი გაზაფხულიც დადგა. ზამთარი იმდენად იყო გაჭიანურებული, ლამის გაზაფხულის მოსვლის იმედი დაუკარგა ხალხს.
სადაცაა ზეკიც გამოჩნდებოდა და მაშინ რაღაც უფრო გაირკვეოდა, თუმცა რაც უფრო გადიოდა დრო, პატრონი მით უფრო მეტად რწმუნდებოდა ზეკის უდანაშაულობაში.
მებაღე კი კვლავ დუმდა, საკუთარ თავზე არაფერს ჰყვებოდა, მაშინაც კი როცა პატრონი ათას სასაცილო და საინტერესო ამბავს უყვებოდა დადას, ზეკისა და თავის ცხოვრებაზე, იქნებ რაიმე კურიოზი მაინც წამოსცდენოდა უგოს, მაგრამ ამაოდ.
დადა მხიარულად კისკისებდა, მებაღე კი კვლავ ჯიუტად დუმდა, თითქოს ასეთივე დაიბადა და ყოველგვარი წარსულის გარეშე მოევლინა მათ მამულს.
პატრონი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ როგორმე აელაპარაკებინა მებაღე, მაგრამ დროსთან ერთად, უფრო ღრმად იძირებოდა უგო თავის წარსულში. ნებისმიერ შეკითხვაზე ისე კარგად მომზადებული და დახვეწილი პასუხი ჰქონდა, რომ შემდეგი შეკითხვა დასმა უკვე აღარც ხდებოდა საჭირო.
პატრონი რაც შეიძლებოდა თბილად ექცეოდა, ცდილობდა მასში მეტოქე კი არა ერთგული მეგობარი ამოეცნო. ერთ დილას მებაღეს საუცხოო ფეხსაცმელიც კი დახვდა საწოლთან. უგოს იმდენად მოეწონა და იმდენად იყო გაოგნებული, რომ თავიდან ფეხის ჩადგმაც კი დაენანა.
დადას ისე ახარებდა პატრონის კარგი დამოკიდებულება მებაღისადმი, რომ თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.
გოგონას პირადმა ექიმმა აღნიშნა, რომ მის მერე, რაც დაჭრილი მებაღე მათ სახლში გადმოიყვანეს, დადას მხოლოდ ერთხელ დასჭირდა წვეთოვნის დადგმა, ისიც მაშინ, საშინლად აღელვებულმა საწოლზე უღონოდ მისვენებული, ერთიანად გასისხლიანებულ კაცი, რომ დაინახაო.
,,რა ცოტა რამ არის ადამიანის ბედნიერებისათვის საჭირო.’’
ფიქრობდა პატრონი.
„რა ცოტაა და რაოდენ ძვირად სანახავი, მთელი ქვეყნიერების ქონებაზეც კი მეტია! რთულად დასანახი და ზოგჯერ იმდენად უმნიშვნელოდაც ჩანს, რომ შეიძლება გვერდითაც ჩაუარო და ვერც კი შეამჩნიო.
ალბათ ამიტომაც არის ასე რთული მოსაპოვებელი და თუ კარგად არ გაუფრთხილდი ასევე ადვილად დასაკარგიც!’’
პატრონი ათას რამეს ფიქრობდა და შვილობილზე დარდი გულს უღრღნიდა. მშვენივრად ატყობდა უგო დადას მიმართ, როგორ კეთილად განწყობილი ჩანდა, მაგრამ მაინც...
,,ერთ დღესაც უგომ, რომ გვიმუხთლოს? მერე?’’
მაინც ვერ ენდობოდა მებაღეს ბოლომდე, თუმცა უკვე აღიარებდა, სადღაც გულში ძალიანაც კი მოსწონდა ეს მამაცი ბიჭი.
უგო ბევრად უკეთ გრძნობდა თავს. გალერეაში სკამ-სავარძელში ჩათვლემილი შოპენს უსმენდა. დადა ძალიან კარგად უკრავდა, რადგან მებაღესაც მოსწონდა, უფრო მეტი ხალისით ასრულებდა.
მამულში აქა იქ მებაღე კვლავ მოიკითხეს, ბაღს მოვლა უნდა ამდენი ხანი სად დაიკარგაო. პატრონმა მებაღედ ახლა სხვა მსახური გაამწესა, რადგან აღარ უნდოდა თავის სამფლობელოში კიდევ ახალი უცხო კაცის შემოშვება.
მებაღე კი ისეთი სახეშეცვლილი იყო ფანჯრიდანაც რომ იხედებოდა ეზოში მაინც ვერავინ სცნობდა, აბა საიდან უნდა სცოდნოდათ იმ გაბურძგნული ტყის კაცის ტყავში თუ ბევრად ახალგაზრდა სიმპათიური კაცი იყო გახვეული.
მებაღე უცხო სტუმარი ეგონათ და წესიერად არც აქცევდნენ ყურადღებას, ყველა თავისი საქმით იყო გართული.
LEX. 2016 წლის 28 თებერვალი, კვირა
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1711789065730050/?type=3&theater

No comments:

Post a Comment