Tuesday, January 16, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 20)

20. 
- ვინ არის დამნაშავე, როცა უკითხავად იბადებიან?
იქნებ, სულაც არ უნდოდა ამ ქვეყნად მოსვლა?
შეეკითხა ვინმემ?
არავინ არაფერს გეკითხება, ყველაფერს შენს თავს ზემოთ წყვეტენ და მერე ზევიდანაც კი დაგყურებენ! შენს მაგივრად ტკეპნიან, შენივე გასავლელ გზას და მერე კიდევ უკვირთ, რამ გაგაბოროტაო?
რა იყო, რა მოხდა ასეთიო?
ჩემი ცხოვრება მოხდა! ჩემს გარეშე! თითქმის, უჩემოდ! ჩემი სურვილისა და ჩარევის გარეშე შედგა!
და ეს ყველაფერი, თქვენს გამო მოხდა!
თქვენ ხართ დამნაშავე!
თქვენ! სხვისი ცხოვრების გზის გამართვაში!
და რა უფლებით?!
მე თქვენ გეკითხებით, რა უფლებით?!
მარიონეტივით, ხან იქეთ მიგახეთქებენ და ხან აქეთ და როცა აღარ ხარ უკვე საჭირო, მაშინვე ძველი ნივთივით, დამტვრეული სათამაშოების ძველ ყუთში მოგისვრიან...
და მერე უკვირთ, რატომო?
ასეთი, რა დაემართაო?..
მკვლელი მშვიდი ხმით საუბრობდა. თავისავე დასმულ კითხვებს, თავადვე პასუხობდა და თანაც, თვალს არ აცილებდა მსხვერპლს, რომელიც გაკვირვებით მისჩერებოდა დაუპატიჟებელ უხო სტუმარს.
- ვინ ხარ, შვილო? - ამოილუღლუღა ბოლოს.
- სასიკეთოდ არ მოვსულვარ, დედი.
- ვიცი შვილო, ვხვდები მაგას, მაგრამ მე არც ფული მაქვს და არც ოქრო. აბა მარტო ჩემი სული, რად გინდა? ისედაც ორი დღის სიცოცხლეღა დამრჩენია...
- სწორედაც რომ შენი სული მინდა! საკუთარი თვალით მინდა ვნახო, როგორ ამოგძვრება ეგ ბინძური სული!
ქალმა გაოცებისაგან თვალები დაჭყიტა. დაკვირვებით შეათვალიერა შუაღამის დაუპატიჟებელი სტუმარი.
მკვლელმა ახალ სიგარეტს მოუკიდა.
- ნუ ეწევი შვილო ამდენს. - მზრუნველი ხმით უთხრა საწოლში წამომჯდარმა ავადმყოფმა.
ვინ იყო ეს ცხოვრებისგან ასე წელში გატეხილი ახალგაზრდა კაცი? რას ერჩის, რისთვის მოვიდა?
ან რა ხელს აძლევს ავადმყოფი, დაუძლურებული, მოხუცი ქალის სიკვდილი?
- იცით, ჩემი დიაგნოზი...
- სულ ფეხებზე მკიდია შენი დიაგნოზი! - გააწყვეტინა მკვლელმა.
ქალი დადუმდა, ან რა უნდა ეთქვა ისეთი, რომ მოუსმენდნენ. მძიმედ ამოიხვნეშა, თეთრ, გაპუწულ თმაზე ხელი გადაისვა და კიდევ ერთხელ ჩააკვირდა სტუმარს, მაგრამ მაინც, არანაირად არ ეცნო.
- თუ ნებას მომცემ. - დაბალი ხმით მიმართა ქალმა. - ცოტათი მაინც თავს მოვიწესრიგებ და...
- ლამაზად გინდა ხომ მოკვდე, ბებერო? - მკვლელმა სიტყვებს მთელი გესლი ამოაყოლა.
მოხუცს სევდიანად გაეღიმა და ძლივს მილასლასდა კარადასთან. ერთ ხანს მდუმარედ იდგა, აღარ იცოდა რომელი აერჩია.
მკვლელს მოუთმენლობისგან, ცოტა ნერვიულობაც შეეპარა, მაგრამ მაინც შეეცადა თავი მოეთოკა:
- თეატრში ხომ არ მიბრძანდები?
ქალმა გესლი ხუმრობაში გაატარა. ცდილობდა მკვლელი, უფრო მეტად არ გაეღიზიანებინა და თბილიმ სევდიანი ღიმილით დაასაჩუქრა. როგორმე დრო უნდა მოეგო. უნდა დაერეკა დასახმარებლად, სადმე მაინც უნდა გაეშვა ზარი, ნებისმიერ ადგილას, თუნდაც სახანძროში, ან თუნდაც გაზის კანტორაში, მთავარი იყო, რომ დრო გაეწელა.
იქნებ, უნდოდა სიცოცხლის ბოლო დღეები გაეხანგრძლივებინა?
ან იქნებ, მკვლელის დაუსჯელად გაშვება არ უნდოდა?
ან ვინ იცის?
ცხოვრების ირონიაა ეს, თუ სადღაც, რაღაც ბუნების შეცდომაა დაშვებული? მარტოხელა, ავადმყოფი, გაჭირვებული, უშვილძირო მოხუცებული ქალი, რომელიც დღე დღეზე სიკვდილს ელის და ამ დროს, მოულოდნელად მოსაკლავად დაადგნენ თავს.
- ძალიან დიდ ხანს ფიქრობ! - მოთმინება ეკარგებოდა უკვე მკვლელს. - რა მნიშვნელობა აქვს, რომელი კაბა გეცმევა?! რამე თეატრალურს არჩევ? ალბათ, სპექტაკლზე დასასწრებად! კომედია გხიბლავთ უფრო მეტად, თუ ტრაგედია? ჰმ, მთელი ცხოვრება ნიღაბმორგებული წარმოდგენებს თამაშობთ! სპექტაკლი აქაა აქ! იქ კი, აღარაფერი არის! იმის იქეთ, არაფერიც არ არის! და რა მნიშვნელობა აქვს, თუ რას ჩაიცვამ?! თუ იმას დარდობ, ხალხი რას იტყვის, ცუდად ჩაცმული გვამი რომ დახვდები? ჰა, ჰა! დამიჯერე! იმას იქეთ არაფერი არ არის! არა!
- იქეთ შვილო, ჩვენი სულები მიდის.
- და რომელი სული? შენ, სად გაქვს სული? მაგ გამხმარ სხეულში ჩადებულ ლოდს, გულს ეძახი? და შენს დაბინძურებულ, ამყაყებულ ჭაობს კი, სულს?
- ეჰ, შვილო...
- შვილო! შვილო! რა გააწყალე გული! - შეუღრინა მკვლელმა. - მერე აცალეთ რომელიმემ, რომ შვილი ეწოდებინათ ჩემთვის?
მოხუცმა არაფერი უპასუხა. ვერაფერი გაეგო, რა უნდოდა ამ გაბოროტებულ კაცს მის სახლში, ან რას ერჩოდა? რას მოითხოვდა მისგან? რატომ უნდა მოეკლა, ისედაც მომაკვდავი მოხუცი?
როგორც იქნა, აარჩია კაბა. ამდენი დროის გაწელვაც, უკვე აღარ შეიძლებოდა. საწოლისკენ წალასლასდა და კიდეზე კვნესით ჩამოჯდა.
- თუ არ შეწუხდები შვილო, იქნებ მაცადო ჩაცმა და...
მკვლელმა სკამი შეაბრუნა, ზურგშექცევით დაჯდა და ახალ სიგარეტს მოუკიდა. ქალმა ამით ისარგებლა, ბალიშის ქვეშ მიმალულ ტელეფონს დასწვდა და ზარების გაშვება დაიწყო. აპარატი ძველი იყო, ამიტომ ღილაკების აკრეფისას მისდა ბედად, ხმას არც გამოსცემდა.
მკვლელს არაფერი შეუნიშნავს. მოთმინებით ელოდა, თუ ბოლოს და ბოლოს, როდისღა დაამთავრებდა გამოწყობას მისი მსხვერპლი, უკანაკნელი გზისთვის.
მოხუცმა, როგორც იქნა კაბა გადაიცვა, ტელეფონი ისევ ბალიშის ქვეშ დააბრუნა და ჩართული დატოვა, მერე ძლივს გასაგონი ხმით მიმართა:
- მზად ვარ შვილო...
„შვილო! შვილო!“ - ყველაზე მეტად, ახლა ეს სიტყვები აღიზიანებდა, მაგრამ მაინც შესძლო თავის მოთოკვა და საკმაოდ მშვიდი ხმით მიმართა:
- თუ გინდა, შენი უკანასკნელი სიტყვა მითხარი. შანსი გაქვს, სიკვდილის წინ მოინანიო და იმართლო თავი ჩადენილ დანაშაულზე.
- რა ჩავიდინე ამის ფასი, რომ მშვიდად სიკვდილსაც კი არ მაცლი? მითხარი და თუ მართლაც რამე ბრალი მიმიძღვის, მზად ვარ ვაღიარო ჩემი დანაშაული და გულწრფელად მოვინანიო. დარწმუნებული ვარ ცდები, არაფერი ჩამიდენია იმის ფასი, რომ ასე...
- საკმაოდ ბევრს ლაპარაკობ იცი? სიცოცხლის დროს წელავ არა? ჰმ!
- გისმენ შვილო, ამიხსენი რა ამბავია ჩემს თავს და მზად ვარ ყველაფრისთვის.
- კარგი. - თავი დაუქნია მკვლელმა. - მაშინ მე მოგიყვები შენს ბინძურ საქმიანობაზე, შენ კი ზუსტად ყოველ სამ წუთში, თითო აბს გადაყლაპავ.
მკვლელი, ავადმყოფი ქალის ბოთლიდან გადმოყრილი აბების გროვას, კომოდზე მძივებივით, ერთმანეთის მიყოლებით აწყობდა.
- ყოველ სამ წუთში გადაყლურწავ, სანამ მთლიან ბოთლს არ დაცლი. აი ხომ ხედავ, როგორი ლმობიერი ვარ, უმტკივნეულოდ გიშვებ ამ ქვეყნიდან. დღეს ასეთ ხასიათზე ვარ!  გაგიმართლა!
- მაშინ მონანიება, რატომღა არის საჭირო, თუ მაინც უნდა მომკლა? - ამოიკვნესა მოხუცმა.
- თუ აღიარებ და თავს, დამნაშავედ სცობ, მე თვითონ გამოგიძახებ სასწრაფოს და გადაგარჩენენ, არ ინერვიულო!
მკვლელი უყვებოდა, თუ რატომ იყო მის მოსაკლავად მოსული. მოხუცი კი მაინც ჯიუტად იმეორებდა, არ ვარ დამნაშავე, დრო იყო ასეთიო.
ქალმა აბები სულ ბოლომდე გამოცალა, მერე თვალებ მილულულმა, თავი ბალიშზე მიდო და სიკვდილის მოლოდინში გაირინდა.
მკვლელმა კეფიდან ბალიში გამოაცალა და მაშინღა შენიშნა ბალიშის ქვეშ მიმალული ჩართული ტელეფონი.
- ბებერი გაიძვერა! - გამოსცრა კბილებში.
უკვე დრო იყო. სასწრაფოდ უნდა გასცლოდა იქაურობას. მსხვერპლს სახეზე ბალიში ისე დააფარა, რომ მარტო თვალები უჩანდა, თითქოს ნიღაბი მოარგოო და იქაურობას გაეცალა.
ერთი ფეხით გაასწრო კარზე მომდგარ პოლიციას, სასწრაფოსა თუ სახანძროს. 
LEX. 2016 წლის 13 ივნისი, ორშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1755666168009006

No comments:

Post a Comment