Monday, January 15, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 17)

17. 
მხატვარს საკუთარ სახლში სტუმრების დანახვაზე, რეაქცია სულაც არ ჰქონია. შემოსვლისთანავე, უდიერად მიეგდო საწოლზე.
მიმის გაეღიმა. ფიფო მოიღუშა. უსიამოვნო შეგრძნება არ ასვენებდა. ეჭვი კი გულის სიღრმეში მიმალა, მაგრამ მაინც სადღაც ღრღნიდა.
- რაღა უნდა გავაკეთო, უკვე აღარ ვიცი, რაა? - მხატვარმა ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს.
- ყავას მოვამზადებ! - სამზარეულოში გასვლით მიმიმ, ცოტა არ იყოს, უხერხული სიტუაციიდან სცადა თავის დაძვრენა.
მხატვარი ძალიან გადაღლილი იყო. მთელი დღე თავის გოგონასთან ერთად გაატარა. ცხოვრებაში ყველაფერს მისთვის აკეთებდა, მაგრამ მოურჯულებელი, თავნება გოგო, მაინც თავის ჭკუაზე ატარებდა დროს. გართობისა და უფროსების ნერვებზე მოშლის მეტი, არც არაფერი აინტერესებდა.
- ლამის ყველა წრეზე ვატარე. არაფერი მაგას არ აინტერესებს! ყველაფერს დასაწყისშივე ტოვებს! რა უნდა ვქნა, არ ვიცი?! არც იმდენად პატარაა, უკვე დროა, რაღაც ინტერესი მაინც გაუჩნდეს, ყოველთვის ჩვენ ხომ არ ვეყოლებით?!
- რთულია დღევანდელ დღეს ბავშვები რამით დააინტერესო. ირგვლივ კი უამრავი გასართობია, არც სწავლა უნდათ და არც უფროსის რჩევა. - შენიშნა ფიფომ.
- გამაგიჟა, რა გამაგიჟა! ჩვენც ასეთები არ ვიყავით? არ გვიყვარდა უფროსების დაჯერება. ყოველთვის საშინელი თავნება და ჯიუტი კი ვიყავი, მაგრამ ინტერესების მეტი რა მქონდა? თუ გაკვეთილებს ვაცდენდი, სხვა უამრავი საინტერესო რამით ვიყავი დაკავებული. დროსაც მშვენივრად ვატარებდი და არა ერთხელ, მაგრადაც ამირევია, მაგრამ ასე ყველაფრის მიმართ უინტერესობა? თან მარტო ეგ კი არა, ლამის მთელი უბანი და სკოლა ასე იქცევა! ასე რამ დაუმახინჯათ სული ამ ბავშვებს?!
- რა ვიცი, რით შემიძლია დაგეხმარო? - ფიფომ გულწრფელად შესთავა. - იქნებ, ჩემი საქმიანობით დაინტერესდეს? ნუ რა ვიცი...
მხატვარმა ამოიხვნეშა და არაფერი უპასუხა.
- იქნებ, ჩემთან ერთად ვატარო? - როგორც იქნა, მიმიც ჩაერია. - ქალაქს დავივლით, ბევრ საინტერესო რამეს მოვუყვები კიდევაც და მასთან ერთადაც გავიგებ, ვიმეგობრებთ. ქალაქის ფოტოებს ერთად გადავიღებთ, საინტერესო ხედებს, ექსკურსიებზეც ვატარებ. ჩემს სამსახურში წავიყვან, ფოტო-ვიდეო კოლაჟების აწყობას ვასწავლი.
მხატვარი ერთხანს ჩაფიქრდა და მერე დაუმატა:
- მაშინ წესიერი ციფრული ფოტოაპარატი უნდა შევუძინო, აბა შენი სასაპნით შორს ვერ გახვალთ!
ყველას გაეცინა.
- მე მაკმაყოფილებს, თან სატარებლადაც ადვილია, ჯიბეშიც კი თავისუფლად ეტევა.
- მობილურითაც მშვენიერი ფოტოების გადაღება შეიძლება. - დაურთო ფიფომ.
- ეგ, შენ გგონია, რომ მშვენიერი ფოტოებია. - ღიმილით მიუგო მხატვარმა. - რადგან მობილურის ეკრანზე ასე ჩანს, თორემ აბა ერთი ამობეჭდე და მერე შეადარე ციფრულს.
- სრულიად გეთანხმები! - კვერი დაუკრა მიმიმ. - ჩემი მობილურიც ძალიან მაგარ ფოტოებს იღებს, მაგრამ მაინც აპარატი დამაქვს.
- ნუ, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - თქვენ უფრო იცით, ხელოვანმა ხალხმა და ისე, მიმის იდეა მომწონს! მშვენიერი აზრია! ბავშვი თან გაერთობა და ბევრ რამესაც ისწავლის. მთავარია, დაინტერესდეს.
- ნეტა მართლა დაინტერესდეს და... - ამოიხვნეშა მხატვარმა.
მიმის მომზადებულმა სადილმა, საერთოდ მოწონება დაიმსახურა, დესერტიც გემრიელი აღმოჩნდა. მიმიმ შეიფერა.
ფიფოს გულში უხაროდა,
„მალე მოგიწევს ჩვენს სახლში, ჩემთვისაც გემრიელობების მომზადებაო“.
სტუმრები წასვლას არ ჩქარობდნენ, თითქოს ერთმანეთის ჯიბრზე, არც ერთმა არ გამოთქვა წასვლის სურვილი. რაღაც მომენტში დაძაბულობაც კი იგრძნობოდა.
მოულოდნელმა ტელეფონის ზარმა, სამივე შეაკრთო.
ფიფოს ურეკავდნენ.
- სწორედ ახლა ვიმყოფები ისეთ ადგილას, სადაც კიდევ ბევრ, საინტერესო რამეს გავარკვევ! - ჩასძახა ფიფომ ტელეფონს და მაშინვე გათიშა. მერე კი გაკვირვებულ მხატვარს მიუბრუნდა. - ნიღბებზე მჭირდება ინფორმაცია და იქნებ, დამეხმარო და...
მხატვარმა მხრები აიჩეჩა წამოდგა, იმ კედელთან მივიდა, სადაც ნიღბები ეკიდა.
- რა ვიცი აბა რა და რომელი უფრო გაინტერესებს, მკითხე და...
ფიფოს ყველაფერი უნდოდა გაეგო. ყოველთვის ასეთი იყო, თუ რამის მიმართ ინტერესი გაუჩნდებოდა, სანამ ბოლომდე არ გაარკვევდა, მანამდე ვერ მოისვენებდა და თანაც, მისი პროფესიაც კი ამ თვისებას ერწყმოდა.
საზოგადოებაში ბრწყინავდა, მის გვერდით მიმი თავს ამაყად და თავდაჯერებულად გრძნობდა და მერე რამდენი შურიანი თვალი შეჰყურებდათ, ესეც სიამაყეს ჰგვრიდა და ცოტა არ იყოს ამპარტავნებამდეც კი მიჰყავდა.
გამოჩენისთანავე შემოეხვეოდნენ და საინტერესო ამბების მოყოლას სთხოვდნენ, ფიფოც ენას არ აჩერებდა, დილამდე შეეძლო მოეყოლა დაუსრულებელი კურიოზები. ფიფო საზოგადოების გული და სული იყო, იმ საზოგადოებისა, სადაც მხატვარი ფეხსაც არ შედგამდა.
ფიფოსგან განსხვავებით, მხატვარი შედარებით დინჯი იყო. წყნარი, ზოგჯერ ცოტა ზანტიც, როცა ამ დროს ფიფო ბევრად უფრო ენერგიული და ხმაურიანი იყო, ერთ ადგილას დიდ ხანს ვერ ჩერდებოდა, სულ მოძრაობაში იყო. მხატვარს კი შეეძლო რამდენიმე დღე სულაც არ გამოსულიყო სახელოსნოდან, დაუოკებლად ემუშავა, ყველასთან და ყველაფერთან გაეწყვიტა კავშირი და მხოლოდ მაშინ გამოერკვეოდა, როცა სახლში დაობებულ პურსაც ვეღარ ნახავდა. მაშინღა გაახსენდებოდა გარესამყაროს არსებობა და იკადრებდა გარეთ გამოტევას.
ფიფოს ვერავინ დაასწრებდა საუბრის დაწყებას და მერე, ვერც ვერავინ აჩერებდა. მხატვარი კი, ყოველთვის ჩუმად უგდებდა ყურს და მხოლოდ მაშინ ჩაერეოდა, როცა საჭიროდ ჩათვლიდა და მერე აღარც ის არ ჩერდებოდა და აღარც არავინ აჩერებდა, მით უმეტეს, რომ საკმაოდ სასიამოვნო მოსასმენი იყო, დინჯი, დაბალი ხმით, ფიფოს როხროხისაგან განსხვავებით.
ეს ორი სხვადასხვა სამყარო, ერთმანეთთან ჭიდილში სულაც არ იყო. პირიქით, ერთმანეთს მშვენივრად შეეწყვნენ. მიმი ორივესთან კომფორტულად გრძნობდა თავს. ფიფო ფლირტის მოყვარული, ოფიციალურად აღიარებული მექალთანე იყო, მაგრამ მიმი სულაც არ იყო ეჭვიანი, მხოლოდ მაშინ აფხუკიანდებოდა, როცა ფიფოს ზედმეტები მოუვიდოდა, ეს განსაკუთრებით მაშინ ხდებოდა, როდესაც ფიფოს დაუოკებელი ფლირტი, მიმის მეგობრებსაც გადასწვდებოდა.
მხატვარს კი ერთი შეხედვით, თითქოს სულაც არ იზიდავდა საწინააღმდეგო სქესი, თითქოს მხოლოდ შემოქმედებითად თუ უყურებდა. ამიტომაც მიმი გაოგნებული უფრო დარჩა, როდესაც საწოლში მსახიობ ქალთან ერთად შეუსწრო და რაღაც მომენტში, ცოტა გაუკვირდა კიდეც, თუმცა გასაკვირიც არაფერი იყო.
ფიფოსთან შესახვედრად საათობით იდგა სარკესთან. გული სიამაყით ევსებოდა, როცა ამჩნევდა, თუ ფიფო როგორი კმაყოფილი სახით შეათვალიერებდა და როგორ ზუსტად, ხაზგასმით შეაფასებდა, როცა მხატვარი კი ამ დროს, ზედაც არ შეხედავდა, თუნდაც მიმის, ჯვალოს ტომარა ჰქონოდა თავზე ჩამოცმული, მაინც არანაირი რეაქცია არ ექნებოდა.
ეს ორი სხვადასხვა სამყარო, თავიდან ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემოიჭრა მიმის ცხოვრებაში და ორივესთან კარგად გრძნობდა თავს. მოგვიანებით კი, უკვე ერთდროულად, ერთმანეთთან შერწყმით, თითქოს ერთმანეთის სიცარიელეებიც კი შეავსეს და ახლა უკვე მიმი, ორივესთან ერთდროულად კომფორტულად იყო.
მიმის ფიფო მოსწონდა, ძალიან მოსწონდა, მაგრამ მხატვრის მიმართ, თითქოს რაღაც შინაგან ლტოლვას განიცდიდა, შეიძლება ისიც იყო, რომ მხატვარი ყურადღებასაც არ აქცევდა, როგორც ქალს, როცა ფიფომ დანახვისთანავე აღიარა.
LEX. 2016 წლის 6 ივნისი, ორშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1753153928260230

No comments:

Post a Comment