Monday, January 15, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 18)

18. 
ბავშვები არ ივიწყებენ უსამართლოდ გადატანილ სიმწარეს და არც პატიობენ.
წლების მანძილზე გულში ჩაბუდებულმა, მიძინებულმა ტკივილმა ერთ დღესაც გამოიღვიძა და ისე ძლიერად ამოხეთქა, რომ გაყუჩებას აღარ აპირებდა და აღარც უკან დასახევი გზა ჰქონდა.
ან სად უნდა დაეხია?
ვისთან?
ვისთვის?
ან რის გულისთვის?
ცხოვრებამ მკვლელად აქცია. არა ცხოვრებამ კი არა, არამედ იმ ადამიანებმა, ვინც...
„ვენდეტა შემაყვარეს! არა არ შემაყვარეს მაიძულეს! მაიძულეს!“
შეშლილივით წამოვარდა და მთელი საწოლი ძირს გადმოყარა.
„გამაგიჟეს! ვენდეტაზე გამაგიჟეს! მაიძულეს!“
ძირს დაგდებულ საბანს ზედ დაემხო. სასოწარკვეთილი ღმუოდა, თავჩარგული ახშობდა ხმას.
აბობოქრებულ ტალღასავით ამოხეთქა ტკივილმა და ახლა დაოკება უჭირდა.
მოგვიანებით, თავი ასწია. გულაღმა ამობრუნდა და თვალები ზევით მიაპყრო.
ცოტათი დამშვიდდა კიდეც, ჩაწყნარდა და ლამაზად მოხატულ ჭერს მიაჩერდა...
როგორც ძლიერი შტორმის შემდეგ, ზღვის ზედაპირზე წყალში არეკლილი მზის სხივები, სწორედ იმ გვარად, ლაჟვარდის ფერებში აკიაფდა ჭერზე მოხატული, ღრუბლებში მონავარდე, ფერად-ფერადი, პატარა ანგელოზები.
ფანჯრიდან შემოსული მზის სინათლე კი, ისედაც ნახატის მოოქროვილ კონტურებს, უფრო მეტად აელვარებდა და ოქროს ბზინვარებას სძენდა.
სიმშვიდემ ცოტა ღიმილიც მოჰგვარა, მაგრამ ისევ გადასწვდა ფიქრებს.
„ვისაც გავწვდები, ყველას ვაზღვევინებ! სადამდეც მეყოფა სიცოცხლე, იქამდე მაინც ვაზღვევინებ!“
მაინც რა ბედი აქვს ასეთი?
რატომ მოევლინა ამ ქვეყნად?
იმიტომ რომ მთელი ცხოვრება, დაბადებიდან ტანჯვა იწვნიოს?
და რატომ? რისთვის?
„კმარა ტანჯვა-გოდება! უკვე დროა, ყველამ პასუხი აგოს! სადამდეც მეყოფა სიცოცხლე, არ გავჩერდები!“
ფიფოს ბევრჯერ გადაეყარა. არა კი არ გადაეყარა, კინაღამ გადაეყარა. ფიფოსთვის მხოლოდ დამნაშავის ლანდი იყო. რამდენჯერმე მართლაც კინაღამ კლანჭებში ჩაუვარდა. თითქმის წაასწრო დანაშაულზე, მაგრამ იყოჩაღა და ალბათ იქაც, რაღაც ბედისწერამაც შეუწყო ხელი.
ან იქნებ, იმიტომ გადაურჩა, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა?
იქნებ, ჯერ არ იყო მისი დრო?
და მართლაც, რაღაც განგება განაგებდა და მისი ხელით განაჩენის აღსრულებას ცდილობდა და მაგიტომ რაღაც შეუცნობელი მფარველობდა და ახალ-ახალ გზებს უხსნიდა გასაქცევად და თავის დასაძვრენად.
„ამ ქვეყანას სამართალი გაასწორებსო?
რა იდიოტური დოქტრინაა!
სამართალმა პური ჭამაო... ჰმ, დიდი კოვზით აჭამეს სამართალსა და უფრო დიდი ჩამჩით კი, მის მძებნელს!
ჰო! მართლაც უჭამია!
უჭამია და შეურგია!“

***
მკვლელმა თვალებში ჩახედა მუხლებზე ძლივს მდგარ მოხუცს.
- ისედაც იცი, რომ მოკვდები, მაგრამ ჯერ უნდა აღიარო, რომ დამნაშავე ხარ! ადამიანების გაუბედურებისთვის! მკვლელობისთვის!
- მე... მე არავინ არ მომიკლავს! არავინ მომიკლავს!
- საკუთარ შვილს აიძულე! შენ გამოუტანე სასიკვდილო განაჩენი! ნუთუ, ასე მალე მიივიწყე? შვილი დამარხე და შენ კი, ცხოვრება განაგრძე არა?! შენ სვამდი, ჭამდი და შენს ერთადერთ შვილს კი, მიწა ჭამდა!
მოხუცი ხმას არ იღებდა. მერე ჩასისხლიანებული, გაბოროტებული თვალებით ამოხედა ქვემოდან:
- და შენ ხარ სამართალი? და შენ გგონია ახლა, ამ შენი საქციელით, გამოასწორებ რამეს?
- მე არაფერიც არ მგონია! და ამ ქვეყანას, არც არაფერი ეშველება, მე მხოლოდ შენ! პირადად შენ გიხდი სამაგიეროს! საკუთარი შვილის მკვლელობისთვის!
მკვლელი, ხელზე ქამრის ერთ ბოლოს იხვევდა, რომელიც ნელ-ნელა ეჭირებოდა მსხვერპლის ყელს. მის მოკვლას არც ჩქარობდა. პირიქით, დროს წელავდა. უფრო მეტ სიამოვნებას გვრიდა სიკვდილმისჯილის წამება. თუმცა მსხვერპლი, მაინც მედგრად იდგა მუხლებზე.
დიდი ხანია ჩასაფრებული იყო, ყველაფერი კარგად ჰქონდა შესწავლილი. მოხუცი ფაქტიურად მარტო ცხოვრობდა. ასეთ დროს კი, არც არავინ მოიკითხავდა. წინ მთელი ღამე იყო. დრო საკმარისად ჰქონდა, კარგად რომ გაეწამებინა, აღსარებამდე მიეყვანა, ბოდიშიც მოეხდევინებინა. თუმცა, რად უნდოდა მისი ბოდიში? მაინც სასიკვდილოდ ჰყავდა გამზადებული, მაგრამ ვინ იცის? იქნებ, მის აღსარებას შეეცვალა რამე...
მოხუცი კი ამ დროს, სულაც არ აპირებდა უკან დახევას. მზად იყო სიკვდილის შესახვედრად და არც არაფერს ნანობდა. წარსულში ჩადენილს, ცოდვად სულაც არ თვლიდა. პირიქით, დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში. ამან მკვლელი უფრო გააღიზიანა. მოხუცსაც ეს უნდოდა, რაც უფრო გაამწარებდა, მით უფრო დროზე მოეღებოდა ბოლო მის ტანჯვას.
მკვლელი მოთმინებას კარგავდა. თანდათან წყობიდან გამოდიოდა, მაგრამ მაინც ერეოდა თავს. ასე უცებ, ერთი ხელის მოსმით არ უნდოდა საქმის დასრულება. დიდ ხანს უნდოდა გაემწარებინა, თუმცა მშვენივრად ესმოდა, ეს მაინც ვერ აანაზღაურებდა იმ ტანჯვას, ვერ დაფარავდა იმ ტკივილის, რაც ამ კაცის გამო ცხოვრების სიმწარე ნახა.
- ყველას განანებთ! ყველას! სათითაოდ ჩამოგივლით! - გმინავდა მკვლელი.
უცებ მოხუცმა ძალა მოიკრიბა და მთელი ხმით ღრიალი მორთო:
- მიშველეეთ! მიშველეეთ!
მკვლელი საშინლად გაბრაზდა. მზად იყო ახლავე მიეხრჩო, მაგრამ ბოლომდე უნდოდა გაეგებინებინა, თუ ვინ იყო სინამდვილეში და რატომ მოვიდა მაინც და მაინც მის მოსაკლავად.
- საკუთარი შვილი სახრჩობელაზე აიყვანე! ერთადერთ შვილს, უარი უთხარი სიცოცხლეზე, ბედნიერებაზე, სიხარულზე და ახლა უნამუსოდ შველას ითხოვ? - ყურში ჩასჩხაოდა კუშტად მოღუშულ მოხუცს.
მოხუცი მაინც ვერაფრით მოდრიკა, შეუვალი იყო.
- მკვლელო! - კბილებში გამოსცრა დაუპატიჟებელმა სტუმარმა: - შვილის მკვლელო! მკვლელო!
- შე მართლა მკვლელო, ვის უბედავ მაგის თქმას?! შენნაირი გველის წიწილისთვის დაბადებიდანვე უნდა გამესრისა თავი, მაგრამ...
მოხუცს სიტყვის თქმა არ დასცალდა, კარზე ვიღაც მოადგა. მიშველეთო, რომ იღრიალა მოხუცმა, მეზობელს გაუგონია და კარზე ზარის რეკვასა და ბრახუნს მოჰყვა:
- რაშია საქმე! ხომ კარგად ბრძანდებით? შეგიძლიათ კარის გაღება?
მოხუცმა ხმა არ გასცა. არც იმის მერე ამოიღო ხმა, როცა მკვლელმა უჩურჩულა, უპასუხე - კარგად ვარო. მოხუცი ჯიუტად დუმდა და ცინიკურად შეჰყურებდა გაბოროტებულ დაუპატიჟებელ სტუმარს.
- აღიარე, რომ მკვლელი ხარ! – ჩასისინებდა ყურში და რაც უფრო მეტად უჭერდა ქამარს, მოხუცს მით უფრო უჭარხლდებოდა სახე და მაინც, უარზე იდგა. თავს იმართლებდა და ჯიუტად დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში. უკვე დრო აღარ ითმენდა. მეზობელს უკვე შესაძლოა სასწრაფოც და პოლიციაც ჰყოლოდა გამოძახებული და მართლაც, არ შემცდარა, რადგან სულ რამდენიმე წუთში, ფიფო თავის ამალით კარს მოადგა.
თვის ბოლო შაბათი თენდებოდა. 
LEX. 2016 წლის 8 ივნისი, ოთხშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1755099998065623

No comments:

Post a Comment