Monday, January 15, 2018

მებაღე (ნაწილი 14)

                        
14. 
- დადა არც ჩემი შვილია და არც ჩემი მემკვიდრე. - წყნარი ხმით დაიწყო პატრონმა.
მებაღე გახევებული შეჰყურებდა.
- გიკვირს არა? ამხელა ქონების პატრონი შვილობილს, რომ ვერაფერს ვუტოვებ? კი მაგრამ რა უნდა დავუტოვო? მე თვითონ არაფერი გამაჩნია.
ახლა უკვე მებაღის გაკვირვებულ სახეს ცინიზმიც შეერია.
პატრონი კი განაგრძობდა: 
- აი ეს ყველაფერი, რასაც ხედავ და რასაც კი ვერ ხედავ, ყველა ეს ქონება, მოძრავი თუ უძრავი, ყველაფერი უკვე დადასია და მემკვიდრე კი არა უკვე დიდი ხანია მფლობელია, თუმცა არც კი იცის. უბრალოდ არც აინტერესებს. მისთვის არაფერს წარმოადგენს ქონებრივი ღირებულება. სულიერი სიმშვიდე უფრო ძვირფასია, თუ საჭირო გახდება და ამის სურვილიც ექნება დაუყოვნებლივ დაარიგებს ყველაფერს, მხოლოდ არავინ შეაწუხოს და არავინ ცუდად არ შეეხოს მის უმანკო სამყაროს. დადა ყველაზე სანდო, კეთილი და ამაღლებული სულის ადამიანია. მისი გულის ტკენა კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ტოლფასია. დედამიწის ზურგზე ყველაზე უდანაშაულოთა შორის, ყველაზე უდანაშაულო არსებაა. ჩემი ცოდვების გამო, ძალიანაც რომ მოინდომოს პასუხს მაინც ვერ აგებს, რადგან ერთი წვეთი სისხლიც კი არ გვაქვს საერთო, ამიტომაც თავისუფალია ჩემი ყველა შურისმაძიებლისგან. მდიდარი, ლამაზი პატარა ქალბატონი, მართალია თავისი ცხოვრებით, თავისებურ სამყაროში ცხოვრობს და მაინც უამრავი მთხოვნელი ჰყავს, თუმცა ჯერ კიდევ ახლოს არავინ გაიკარა. ვერავის აუღო ალღო, რომ მის სულთან ახლოს მიეშვა. - პატრონი წუთით გაჩუმდა და მებაღეს ახლა უფრო ძლიერად ჩახედა თვალებში. - და რატომ დაინტერესდა შენით ის მაინც თუ იცი?
მებაღეს ყელი გაუშრა ძლივძლივობით ჩაყლაპა ნერწყვი. ხმას ვერ იღებდა.
- ესე იგი არ იცი! კეთილი, მაშინ მე გეტყვი! - განაგრძო პატრონმა, თან თვალს არ აცილებდა მებაღეს. - უბრალოდ სასურველ მოდელს ეძებდა და აქ, ჩვენს მამულში, აქაურ მცხოვრებთა შორის შენ შეგარჩია მუზად. უფრო სწორად ერთ-ერთ მუზად, რადგან ლამის მთელი მამულის მცხოვრებნი ჰყავს დახატული. აი სულ ეს იყო, და რაც შეეხება შენზე მზრუნველობას, შეგიძლია კარგად გაიკითხო, იგი ყველას მიმართ ასეთი მზრუნველია და სხვებისგანაც ამასვე ითხოვს, ხომ გახსოვს? ვიღაც საცოდავი, უბადრუკი მოხუცი ეგონე. შენს დანახვაზე გული დაეწვა და ლუკმა ყელში გაეჩხირა. დაუყოვნებლივ შემოგიშვა, დაგაპურა, ყველას შენი პატივისცემა მოსთხოვა, დაგასაქმა. ზეკისგანაც კი დაგიცვა. აი ასეთია ჩემი გოგონა, ჩემი პატარა გოგო. მისი გულისათვის უკან არაფერზე დავიხევ, თუმცა არა გამაჩნია რა. ჩემი ერთადერთი ქონება ის არის და ჩემი ცოდვების გამო პასუხი მას არ მოეთხოვება. ერთადერთი უცოდველი არსებაა ვისაც კი ცხოვრებაში ოდესმე შევხვედრილვარ.
პატრონმა ცოტა შეისვენა, ცდილობდა როგორმე მებაღის ტვინში ჩაებეჭდა, რომ გოგონასთვის არაფერი დაეშავებინა, პირიქით იქნებ შეებრალებინა ეს უმანკო არსება და დახმარებოდა კიდეც.
- დადა ჩემი შვილი არ არის, და ეს საიდუმლო არავინ იცის ზეკის გარდა. მან მომიყვანა, სულ პატარა იყო, ქუჩაში მაწანწალა ბავშვებთან ერთად დაბორიალობდა, ისინი კი აწვალებდნენ, აბუჩადაც იგდებდნენ დამუნჯებულ გოგონას და დღემდე არც კი ვიცი ასეთი დაიბადა, თუ რაიმე შეემთხვა. გაგიკვირდებდა და ყველაზე სასტიკ და გულქვა ზეკს შეებრალა ეს პატარა გოგო, წამოიყვანა და ქალაქის იმ ბინძური ქუჩებს მოაშორა. - პატრონმა სულ ოდნავ შეალამაზა მის ცხოვრებაში დადას გამოჩენის ამბავი. იქნებ უფრო მეტად შეებრალებინა გოგონა მებაღისათვის. 
- ზეკი დაუნდობელი და შეუპოვარი კაცია. დადას გამოჩენის დღიდანვე იცავს, ამიტომაც ჰქონდა ასეთი რეაქცია და ასე გაშმაგებით გეძგერა. მართალია ზომაზე მეტი მოუვიდა, თუმცა არც ვამტყუნებ და არც ვამართლებ, მისი მხრიდან ვაჟკაცური საქციელი იყო უსუსური გოგონას დაცვა, თუმცა არც კი იცოდა რაში იყო საქმე, რასაც თვალი მოჰკრა ესეც საკმარისი იყო დადას დასაცავად გიჟივით გამოქანებულიყო.
მებაღეს ძველი იარა სახეზე ჯერ კიდევ კარგად შერჩენოდა, ზეკის ხსენება ოდნავ აუთამაშდა ნაიარევი მხარე. პატრონმა ესეც შეამჩნია, უფრო ძლიერად ჩახედა თვალებში. უგო კვლავ გახევებული შეჰყურებდა და ხმას არ იღებდა. ყველაზე მეტად უგოს პატრონის მახვილი გონება აკვირვებდა, მშვენივრად მიუხვდა ამ საუბრის არსს, კაცი შვილობილს იცავდა ამიტომაც გაანდო საიდუმლო. მიხვდა, ამით პატრონმა მებაღეს, დადას დაცვა სთხოვა და სანაცვლოდ მზად იყო საკუთარი თავი მტრის ლუკმად ექცია.
კიდევ ბევრი რამის თქმასაც აპირებდა პატრონი, მაგრამ მის ზურგს უკან კარი გაიღო, ოთახში დადა შემოვიდა, უკან კი მსახური დიდი ლანგრით შემოჰყვა. 
დადას შემოსვლაზე მებაღეს თვალები გაუბრწყინდა და არც დაუფარავს ეს სიხარული, პირიქით ღიმილი მიაგება. პატრონი სკამიდან წამოდგა. ოსტატურად დამალა იარაღი. იქ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა. ოთახიდან გასვლისას მებაღეს გამოხედა, მის თვალებში მებაღემ რისხვასთან ერთად ვედრებაც შენიშნა.
პატრონი თავის კაბინეტში შეიკეტა. ფარულად კვლავ გაამაგრა დაცვა, როგორც სახლში ისე მის შემოგარენში. საწერ მაგიდასთან მდგარ სკამზე გადაწვა კონიაკი მოწრუპა, თვალები დიდ ხანს ჰქონდა დახუჭული, ისე როგორც ბებიამ ასწავლა ყველაფრის ანალიზს შეუდგა. მებაღის ყოველი მიმიკა, ყოველი ამოსუნთქვაც კი არაერთხელ გაატარა გონებაში. 
,,ნეტა მართლა ვინ არის? ვიმედოვნებ, რომ მიმიხვდა. იქნებ მართლაც მოსწონს დადა? იქნებ მაგიტომ უფრო უნდა ვიქონიო იმედი, რომ მართლა დაიცავს.
ოღონდ ამ გოგონას არაფერი დაუშავდეს და თუ გინდ დღესვე დავტოვებ წუთისოფელს! მაშინ რაღაა ჩემი სიცოცხლე ამ წყეულ მიწაზე, თუ უმანკო არსების დაცვასაც ვერ შევძლებ! ჭირსაც წაუღია მთელი ეს ქონება და მთელი ჩემი ავლა-დიდება!“
მერე უცებ ზეკი გაახსენდა. კვლავ არსად ჩანდა. ზეკს არ უყვარდა სიცივე, როგორც კი ზამთრის მოახლოვებას იგრძნობდა, წეროსავით გადაიხვეწებოდა თბილ ქვეყნებში. წმინდა სისხლის ბოშას აბა ერთ ადგილას რა გააჩერებდა. ყველგან მშვენივრად გაჰქონდა თავი, არც სხვაგან აკლებდა ყაჩაღობას ხელს. თავისი მომხიბვლელობის წყალობით კი ბევრგან ჰქონდა ღამის გასათევი. გულუხვიც იყო, მის მიერ მოხიბლულ ქალბატონებს კარგადაც ასაჩუქრებდა. იმათაც მეტი რაღა უნდოდათ, სიმპათიური ახალგაზრდა კაცის გამოჩენას ყოველთვის სიხარულით ხვდებოდნენ.
„ნუთუ მართლაც ზეკმა ჩაიდინა ეს?’’ 
ფიქრობდა პატრონი, თან თვალდახუჭული კონიაკს წრუპავდა.
,,ზეკი თავნება, უსინდისო ბიჭია, მაგრამ არც იმდენად უჭკუოა, რაიმე შეენიშნა და უჩემოდ, ჩემი ჩარევის გარეშე გადაეწყვიტა. იქნებ თავად მოისურვა გასწორებოდა შემოგზავნილ კაცს? მაგრამ ზეკი ქედმაღალია, არც დაფარავდა ისეთი სიამაყით მომახლიდა მტრის განადგურების ამბავს, მაგრამ თუ მაინც მან ჩაიდინა და მერე გაიგო, რომ ცოცხალი გადარჩა და მემალება?
კი მაგრამ ამ ერთი კაცის მკვლელობას, რომ გეგმავდა, იმაზეც ხომ უნდა ეფიქრა, მის უკან რამდენი კუდი იქნებოდა მოსაშორებელი ან მე რატომ არ გამაფრთხილა?
ისე არც მისი მანქანა შემიმჩნევია იმ დღეებში. იქნებ ჩუმად შემოიპარა, დანა ჩასცა და მერე ისევ უკან გავარდა?’’ 
ზეკს შეეძლო დიდ ხანს და შეუჩერებლივ ერბინა, ძველი გამოცდილების წყალობით, შესაძლებელი იყო მანქანით არც კი ესარგებლა, ასე უფრო შეუმჩნეველი დარჩებოდა. მართალია მკვლელობის მცდელობა მზაკვარი ზეკის ხელწერას კი ჰგავდა, მაგრამ მაინც იყო რაღაც საეჭვო, რასაც პატრონი ჯერ კიდევ ვერ ხსნიდა.
,,ნუთუ თავზე გადამახტა? 
არა, არა! ზეკის ხელს კი გავს, მაგრამ... 
მაგრამ იქნებ თავად, მათ... 
ვინც მომიგზავნეს... 
თუკი მიუხვდნენ, რომ უგოს დადა მართლაც მოსწონს. 
იქნებ მებაღემ დადას შებრალება ითხოვა?
ამ გოგო ხელს ვერ ვახლებო და... 
ეს კი მათ გეგმებს სულ ჩაშლიდა. 
იქნებ ამიტომაც თავად გადაწყვიტეს მებაღის მოშორება, თანაც ისე, რომ... 
ისე რომ ზეკს დაბრალდეს! 
და მერე ჩვენ! მე და ზეკი ერთმანეთს... 
ჰმ, თუ მასეა, თუ მართლაც მასეა, ესე იგი, მართლაც ძალიან კარად მიცნობენ და უფრო ჭკვიანური და მზაკვრული გეგმით უნდათ ჩემი განადგურება! 
იქნებ! 
იქნებ! 
იქნებ! უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო!’’ 
პატრონი წამოხტა. თავზე ხელები შემოიჭდო, ოთახში სიარულს მოჰყვა. ფიქრისგან თავი უსკდებოდა.
,,დადა! დადა!
ჩემი საწყალი გოგო! ღმერთო რა შარში გავხვიე! იქნებ სჯობდა ზეკს სულაც არ ეპოვა? 
იშვილებდა ვინმე უშვილო ან მრავალშვილიანი მეტყევე. იცხოვრებდა მშვიდად, წყნარად ღარიბულ ქოხში და მის სიცოცხლესაც არაფერი დაემუქრებოდა!
ახლა კი... 
როგორ დავიცვა?
როგორ?!’’ 
მის მერე რაც ბაბუამისი დააჩოქა, არასდროს თავის ასე უსუსურად არ უგრძვნია, თუმცა მანამდე ბავშვი იყო და ეშინოდა კიდეც იმ სასტიკი კაცის, ეს შიშიც გამართლებული იყო. ახლა კი თავი შეეზიზღა, ასეთი უსუსური და უბადრუკი რომ აღმოჩნდა. უზარმაზარი ქონებისა და გავლენის პატრონს ერთი პატარა უმანკო გოგონას დაცვის ძალაც რომ არ შესწევდა.
საკუთარ თავზე გაშმაგებულმა ბოთლს ხელი სტაცა და კედელს შეანარცხა. ხმაურმა ფიქრებიდან გამოარკვია, მალევე მოვიდა გონს, ნამსხვრევები ფრთხილად აკრიფა, თუმცა მაინც გაეჭრა ხელი. შემოხვეული ხელსახოციდან სისხლმა ოდნავ გამოჟონა, პატრონს გაეღიმა 
,,ახლა აქ დადა, რომ იყოს ერთ ამბავს ატეხდა სისხლის დანახვაზე.’’ 
მერე უცებ მოიღუშა, გულში საშინელი სიმძიმე იგრძნო. 
,,დადა! დადა! ღმერთო უშველე, რომც გაიტაცონ და გამოსასდია, ისევ დადას მოუწევს საკუთარი ქონებიდან გადახდა და მერე ჯანდაბას! ყიდი მოითხოვონ, მე მაინც არაფერი მაბასულ დაარიგოს თუ საჭირო გახდება! თუნდაც სამალავიდან აიღოს და მიაშავოს! მთავარია კარგად იყოს და არაფერი დაუშავონ. 
მომავლის შიში სულაც არ მაქვს! ყველაფერს თავიდან დავიწყებთ! ქვაზე დავსახლდებით და იქ ავაწყობთ ცხოვრებას! მაინც გავიტან ჩემსას და ისე არ წავალ ამ წუთისოფლიდან, რომ ეს გოგო ფეხზე არ დავაყენო!
დადა! ღმერთო! დაიცავი ეს გოგონა ყველაფერი ავისაგან!’’
LEX·2016 წლის 26 თებერვალი, პარასკევი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1711212395787717/?type=3&theater

No comments:

Post a Comment