Sunday, January 14, 2018

მებაღე (ნაწილი 11)

11 .
წვიმაში გადამხდარმა უცნაურმა თავგადასავალმა დადას განწყობაზე საოცრად იმოქმედა. მთელი ღამე უცნაურ სიზმრებში გახვეული ღრუბლებში დაცურავდა და ისე ღრმად ეძინა, რომ ჯერ საუზმე გამოტოვა და მერე ლამის უსადილოდაც დარჩა.
პატრონს კი ძლივს ჩაეძინა. დილამდე თვალი არ მოუხუჭავს, დადას მომავალზე ფიქრობდა. არასდროს ენახა მისი ასეთი გაბრწყინებული თვალები.
დადას ხელის მთხოვნელები, არც თუ ისე იშვიათად სტუმრობდნენ, თუმცა ჯერ კიდევ გოგონას მოსაწონი ვერავინ გამოჩნდა. მამიკოს ფულებით გაფხორილი ცხვირაწეული ყმაწვილები, თან ქონებასაც კარგად შეავლებდნენ თვალს და კმაყოფილი სახით დადას სილამაზითაც ტკბებოდნენ.
გოგონა, მართლაც საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ რატომღაც სუფრაზე ხშირად უტაქტოდ იქცეოდა, რაც პატრონს ძალიან უკვირდა, მაგრამ მშვიდად იტანდა, არაფერს ამბობდა.
ერთხელ ერთმა სტუმარმა აზრი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები ცალკე გავიდნენ, ბაღში გაისეირნონ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთიო, მაგრამ დედამთილობის კანდიდატმა ამაყად მოიღერა ყელი და დამცინავი ხმით მიუგო:
- ჰმ! და მერე რაზე უნდა ისაუბრონ?
დადამ კი ვითომ ვერც კი გაიგო, მისი მისამართით თქმული გაკილვა და უდარდელი, მხიარული სახით ისეთი ხმაურით დაიწყო კოვზით ჩაის მორევა, ლამის ფინჯანს ძირი გააგდებინა.
,,აი, თურმე რატომ იქცეოდა ასე! სამაგიეროს უხდიდა ყველა იმ ხალხს, ვინც სხვის უბედურებას დასცინოდა! ჰმ!’’
ჩაეღიმა პატრონს.
,,დადა პატარა ქარაფშუტა გოგონას ჰგავს, თანაც...
რატომღაც ჰგონიათ, რადგან გოგონას მეტყველება არ შეუძლია, აუცილებლად გონება ჩამორჩენილიც უნდა იყოს? სინამდვილეში კი თავად არიან ჩლუნგები! საკმაოდ ჭკვიანია და მშვენივრადაც გამოხატავს, რაც მას სურს!’’
პატრონმა გვერდი იცვალა.
,,ზეკიც ხომ საშინლად არ მოსწონს და არც მინდა მათი დაწყვილება. მათი შვილი, ჰმ! მკვლელის შვილი! საშინელი გენის მატარებელი! ზეკისა და მისი წინაპრების ცოდვებით გაჟღენთილი! ძალიანაც კარგი დადას თუ არ მოსწონს! მეც ეგ მინდა!
ისე მსახურებიც ბევრი ეპრანჭება, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. ალბათ მათგან ჯერ არავინ მოსწონებია და არც დავუშლიდი, თუ კი ბედნიერი იქნება.
დღეს კი რაღაც სხვანაირად უბრწყინავდა თვალები. ასეთი არასდროს მინახავს. ეს ჩვენი მებაღე ხომ არ მოსწონს? კი მაგრამ ნეტა როდისღა დამეგობრდნენ? იქნებ სპეციალურად მოვიდა ქონების ხელში ჩასაგდებად?
ისე მშვენიერი ჭაბუკია, წყნარი, შრომა არ ეზარება და არც ასე მცირე, ჩვენს მამულში ყველაზე ნაკლებად ანაზღაურებადი, მებაღეობა ეთაკილება. სხვა კაცი უთუოდ რაიმე სხვა სამუშაოს მომთხოვდა. უფრო ბევრად ვაჟკაცურს, მეტი ხელფასით. ეს კი ხმასაც არ იღებს. ყველაფერზე თანახმაა და კმაყოფილია. იქნებ დადას ქონებაზე რჩება თვალი და ასე იმიტომ იქცევა? 
ისე თუ გააბედნიერებს, რატომაც არა! დადას ქონება არ აკლია, იცხოვრონ ტკბილად!
არა! უნდა დაველაპარაკო! გავარკვიო ერთი, სინამდვილეში ვინ არის და რა უნდა?
ან რატომ მოგვაჩვენა თავი ასე მოხუც დაუძლურებულ უსუსურ კაცად?
ხვალვე დაველაპარაკები! აუცილებლად დაველაპარაკები და პასუხს მოვთხოვ!’’
ფიქრობდა პატრონი და ამ ფიქრებში ჩაეძინა კიდეც.
მხოლოდ მებაღეს არ სძინებია იმ ღამით. პატრონის ნაჩუქარი ტანსაცმელი იქვე მიყარა და სიცივისგან აკანკალებული საბანში გახვეული მიეგდო. 
დიდ ხანს არ აძლევდა ყინვა დაძინების საშუალებას.
,,ალბათ მოთოვს.“
გაივლო გულში და კანკალი კი სულ უფრო და უფრო მოემატა.
,,ნეტა მალე გათენდებოდეს...’’
დილით მართლაც მოთოვა. ულამაზესი სანახავი იყო თეთრი საფარით დაფარული ეზო.
დადას მშვიდად ეძინა.
პატრონი წამოდგა. ღამის ნაფიქრალი სისრულეში უნდა მოეყვანა, მებაღე კარგად უნდა გაეცნო. ყველაფერი უნდა გაერკვია, ვინ იყო და საიდან მოვიდა.
ჩვეულებრივ პატრონს ჩვევად ჰქონდა ახალი მსახურის მიღებისას ჯერ გამოსაცდელ დროს მისცემდა, ამასობაში თავად კარგად გაეცნობოდა, ერთგულ ხალხს კი მისი წარსულის გასაგებად დააგზავნიდა და მხოლოდ მის მერე გადაწყვეტდა დაეტოვებინა თუ არა.
მებაღესთან კი სულ სხვანაირად მოხდა. თავად დადამ მოითხოვა მისი მამულში დარჩენა. სწორედ იმ დროს პატრონს საქმიან სტუმრებს ელოდა, მერე კი სულ გადაავიწყდა და ყველაფერი თავისით უცებ მოგვარდა. 
თუმცა, მოხუცი მათხოვარი, ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი თავისთვის მოფუსფუსე საწყალი ბერიკაცი, ბევრად ახალგაზრდა აღმოჩნდა.
„იქნებ მაინც მოგზავნილია? მაგრამ სახლს სიახლოვესაც აქამდე არ გაჰკარებია.
ან იქნებ ადრევე შეათვალიერა დადა, მერე კი თავი მოისაწყლა? “
პატრონს ჩაეღიმა. არც ისე ადვილი მოსატყუებელი კაცი გახლდათ და ამ გაურკვევლობას ახლავე მოუღებდა ბოლოს. უთენია წამოდგა და მებაღის ასავალ-დასავალის გასარკვევად მსახურებს მიაშურა.
პატრონი გაკვირვებული დარჩა, როდესაც მსახურთა საცხოვრებელში არ დაუხვდა მებაღე. ნუთუ ოთახები არ გყოფნიდათო? თითქოს გაუჯავრდა კიდეც მსახურთ, მათ კი მოახსენეს - რა ვქნათ, ბატონო? თავად ისურვა იმ ქოხში ცხოვრებაო.
პატრონი გულმოსული მიიკვლევდა თოვლისგან დაფარულ ბილიკს. ეზოს ბოლოში, სამუშაო იარაღების სათავსოს ისეთივე ფიცრული ქოხი თავად მიუდგა და იქ ცხოვრობდა მებაღე, ჭამითაც იქვე ჭამდა, სხვა მსახურებივით მათთვის განკუთვნილ დიდ სამზარეულოშიც კი არ რჩებოდა.
- რა ჯანდაბა უნდა აქ?! - ბურდღუნით შეაღო კარი პატრონმა და სახტად დარჩა.
ძველ გახუნებულ პლედში გახვეული, სახეც კი არ უჩანდა, საწოლისმაგვარ დიდ ყუთზე მიგდებული მებაღე ყრუ ხმით კვნესოდა. პატრონმა პლედი ჩამოუწია, სიცხისაგან სახეზე ალმური ადიოდა. ახლაც ისეთივე საცოდავი სანახავი იყო, როდესაც პირველად ნახა.
მებაღე საშინელი გატანჯული სახით გმინავდა. პატრონმა პლედის ხელი უშვა, რაღაც ზედმეტად სველიც კი მოეჩვენა და სისხლიან ხელზე გაკვირვებით დაიხედა. ახლა უფრო კარგად გადახადა საფარი და მებაღის გასისხლიანებული სხეულის დანახვაზე უკან გახტა.
პატრონმა ძლივს მოთოკა თავი, მერე ერთგულ მსახურს უხმო და გაჩუმება უბრძანა, თან დაავალა ჩუმ-ჩუმად გამოეკითხა, ვის შეიძლებოდა ჩაედინა ეს ყველაფერი. თავად კი ექიმის მოლოდინში ქოხს არ მოსცილებია, დროდადრო სუნთქვასაც უმოწმებდა დაჭრილ მებაღეს.
,,ნეტა რა მოხდა?! ვინ ბედავს აქ, ჩემს მამულში! ჩემს უკითხავად! რა ხდება აქ საერთოდ! ყველანი თავიდან უნდა გადავამოწმო! სათითაოდ უნდა შევამოწმო!“
ათასი აზრი უტრიალებდა და ძლივს იკავებდა ხმამაღლა, რომ არ ეღრიალა მსახურთათვის.
,,ერთი ეს კაცი გადარჩებოდეს ახლა და... მერე მე ვიცი!’’
ექიმმა სახლში შესვლა დააპირა, მაგრამ მსახურმა - აქეთო ანიშნა. 
ექიმს ძალიან გაუკვირდა და არც ესიამოვნა.
,,რა უცნაური კაცია, მოსამსახურის გულისთვის წამომაგდო, ასე დილა უთენია, თან ამხელა თოვლში.’’
ბრაზობდა ექიმი, მაგრამ მსახურთა სახლსაც რომ გასცდნენ და სადღაც თავლისკენ, რომ აიღეს გეზი, ამაზე სულ გადარია.
,,ვეტერინარი ხომ არ ვგონივარ?!’’
ასე ბრაზმორეულს ქოხში შესვლაც კი აღარ უნდოდა, მაგრამ კარებშივე შენიშნა პატრონი და შიშისგან უკან ვეღარ დაიხია. უკმაყოფილოდ მოავლო ქოხს თვალი, ამრეზით გახედა მიგდებულ მებაღეს და ისეთი ზიზღიანი მზერა მიაპყრო პატრონს, რომ ყველაფერი ცხადი იყო, ექიმს არათუ მკურნალობა, არამედ ავადმყოფთან მიახლოებაც კი არ უნდოდა.
პატრონმა განრისხებული მზერა შეაგება:
- ჰიპოკრატეს ფიცი, ხომ არ შეგახსენოთ! ექიმო! - ბოლო სიტყვას საკმაოდ მკაცრად და ცინიკურად გაუსვა ხაზი, მის თვალებში ბოროტმა ნაპერწკალმაც გაიელვა.
ექიმი დაფრთხა, მაგრამ როცა გასისხლიანებულ სხეულს შეხედა შიში უფრო მეტად მიეძალა, იფიქრა აქედან ცოცხალს არც მე გამიშვებენო და სხვა რა გზა ჰქონდა, პაციენტის გასინჯვას შეუდგა.
მებაღეს საკმაოდ ღრმა ჭრილობა ჰქონდა, სულ ცოტათი იყო აცდენილი, თორემ გულს გაუპობდა. ექიმმა ამჯერად იქაურობას კარგად მოავლო თვალი, ძირს არანაირი სისხლის კვალი არ იყო, სისხლში მხოლოდ მებაღე ცურავდა, არც პლედი იყო დაზიანებული.
პატრონი მდუმარედ დაჰყურებდა და ექიმის ყოველ მოძრაობას თვალს ადევნებდა.
- შენც იმას ფიქრობ რასაც მე? - დაბალი ხმით უთხრა ექიმს.
ექიმმა თავი დაუქნია:
- როცა ეძინა მაშინ თუ დაჭრეს, თანაც ჯერ საბანი გადახადეს და მერე ისევ დააფარეს. ალბათ, დიდ ხანს რომ არავის შეემჩნია.
- ესე იგი, ეს შემთხვევითობა არ არის და სასიკვდილოდ იყო განწირული! - გამოსცრა კბილებში პატრონმა, ექიმს ზურგი შეაქცია და გარეთ დაიწყო ცქერა.
საშინელი მზერა ჰქონდა. ისეთი, როგორიც ადრე, ძალიან ადრე. ისეთი, როგორიც ძველ დროს, ძველ ცხოვრებაში.
,,არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ ზეკის ნამუშევარს ჰგავს. ჭკვიანურად მოფიქრებული, მზაკვრულად მოხერხებული დანაშაული...’’
ზეკს აქ თავისი ოთახიც ჰქონდა, როცა უნდოდა მაშინ გაათევდა ღამეს, მთავარი შესასვლელიდან, დერეფნის სხვა მხარეს. ნებისმიერ დროს შეეძლო ისე მოსულიყო და ისე წასულიყო, რომ პატრონი არც ენახა.
,,არ ვაპატიებ, თუ თავზე გადამახტა! არ ვაპატიებ! არავის ვაპატიებ!“
ფიქრებიდან ექიმის ხმამ გამოარკვია:
- მაღალი სიცხე აქვს, ბევრი სისხლი დაკარგა, მისი აქ გაჩერება შეუძლებელია, სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ!
LEX. 2016 წლის 7 თებერვალი, კვირა
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1708528282722795/?type=3&theater

No comments:

Post a Comment