10.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1741522116090078
ისე ღრმად ეძინა, სახლის პატრონმა ლამის კარი ჩამოუღო.
ძლივს მილასლასდა გასაღებად. სახელურზე დაყრდნობილი უაზრო თვალებით მიაჩერდა მოხუცს, რომელიც ოჯახის გასაცნობად სავახშმოდ ეპატიჟებოდა.
„ამას ახლა, ქირის ფულის უფრო ადარდებს, ვიდრე ჩემი ვახშამი.“
გაიფიქრა
და უარიც უთხრა. დარჩენილ ქირასაც, კვირის ბოლომდე შეჰპირდა.
ძველ სახლში მისვლა საშიში იყო, რადგან ფიფოს თავისი ამალა, აუცილებლად ჩასაფრებული ეყოლებოდა. თუმცა
იქნებ, არც კი იცის ზუსტად სად ცხოვრობს? ან ვინ არის, მაგრამ გარისკვად მაინც არ ღირდა.
სანამ დაწყებულ საქმეს, ბოლომდე არ მიიყვანს, მანამდე ვერ მოისვენებს და მერე თუნდაც, დაიჭირონ და თუნდაც, ადგილზევეც მიახვრიტონ, მისთვის უკვე სულ ერთი იყო.
დიდ ხანს იწრიალა და არაერთხელ აუარ-ჩაუარა, მაგრამ ძველი ბინის უბნის ახლო-მახლო, საეჭვო ვერაფერი შენიშნა. თუმცა, სახლში შესვლას მაინც მოერიდა.
ამჯობინა დროებით მაინც, ახალი ბინისთვის შეეფარებინა თავი. მით უმეტეს, თუ ქირა უკვე გადახდილი ჰქონდა.
როგორ აუპარპალდა სახლის პატრონს თვალები, როდესაც დარჩენილი ქირის ნაწილიც ჩაუთვალეს. ზედმეტი ემოციებისგან, სახეზეც კი წამოჭარხლდა. არ მოეშვა, სანამ შინ არ შეიპატიჟა და სახლის აშენების ისტორია, ბოლომდე არ მოუყვა.
იყო ამ სახლში რაღაც იდუმალი და შეუცნობელი. რამდენი ამბის მომსწრე იქნებოდა ეს ძველი კედლები, ნახევრად ჩამოშლილი ჩუქურთმები, ჭერზე ძლივს შემორჩენილი მოხატული ანგელოზები. ოთახიც რაღაცნაირი მშვიდი და საწოლიც გემრიელი.
სიმყუდროვე იგრძნო.
დროდადრო თითქოს ძველი პიანინოს დანჭყრეული ხმაც ყრუდ ჩაესმოდა... რაღაც ნაცნობი მელოდია... საკმაოდ ნაცნობი მუსიკა... ან იქნებ მხოლოდ, მის გონებაში ისმოდა... და მერე, ესეც მიყუჩდა.
თუმცა მოგვიანებით, ძილში ისევ რაღაც ხმა ჩაესმა.
ამჯერად, ბავშვის საშინელი ჩხავილი ისმოდა. საწოლზე წამომჯდარმა, ახლა უკვე აშკარად გაიგონა ჩვილის გულსაკლავი ტირილი. ხმა კედლის მეორე მხრიდან მოდიოდა. საწოლზე მოწყვეტით მიეგდო, თავზე ბალიში წაიფარა.
ბავშვის ტირილის ხმა კი, არ წყდებოდა.
ისევ წამოჯდა, გათენებას აღარაფერი უკლდა.
„რით ვერ გააჩუმეს ამდენი ხანი?!“
ბრაზმორეულმა, ერთი ორი მუშტიც კი უთავაზა კედელს.
იქიდან არავინ გამოეხმაურა.
მერე ყური მიადო.
მხოლოდ ბავშვის საზარელი ჩხავილი ისმოდა და სხვა არაფერი.
„მარტოა ის უპატრონო?“
ჩხავილი კი უკვე იმდენად აუტანელი გახდა, წამოდგა და გადაწყვიტა ცალი თვალით მაინც შეეხედა, თუ რა ხდებოდა მეზობელ ოთახში.
მისდა გასაკვირად, გვერდითა ოთახში და აივნის გაყოლებაზე, ყველგან სიმშვიდე იყო. ტირილის ხმა, აქეთ არც ისმოდა.
„ნუთუ, მომეჩვენა?“
ისევ ოთახში შებრუნდა. ბავშვის გულისწამღები ტირილი მის საძინებელს, იმ მეზობელი ოთახის კედელი ესაზღვრებოდა, რომელსაც სულ სხვა მხრიდან ჰქონდა შესასვლელი.
„ჰმ, სახლი კი არა ლაბირინთია! კნოსის სასახლე.“
ძლივს მიაგნო მჩხავანა ბავშვის კარს. თითქოს, დერეფანიც ეცნო. ნახევრად ჩაბნელებული, უსიცოცხლო ტალანი, ფეხაკრეფით გაიარა. თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა.
„არც გამიკვირდება ახლა საიდანღაც, მინოტავრიც რომ გამოვარდეს. ნუთუ მართლა, არავინაა? და ბავშვი, მარტო დატოვეს?“
კარი ერთი მხრის მიწოლით ადვილად გაიღო.
მართლაც არავინ ჩანდა.
არც მისაღებში, არც სასტუმრო ოთახში. ბინაც რაღაცნაირად, ცოტა უწესრიგოდაც მოეჩვენა. თითქოს, ბრძოლის კვალიც ჩანდა.
ტირილისაგან დაოსებული ბავშვი, ახლა უკვე ყურისწამღებად ღმუოდა. მის დანახვაზე, საწოლში მდგარმა, საცოდავად გამოუწოდა ხელები.
- ვაი შე საწყალო, რა მარტო დაუტოვებიხარ!
ბავშვი ნელ-ნელა ჩუმდებოდა, ისე ტვინის წამღებად აღარ ჩხაოდა. თუმცა გული, ისე ჰქონდა ამომჯდარი, რომ ვერ ჩერდებოდა.
სხვა ოთახებიც მოიარა, მაგრამ არავინ იყო.
ეს ყველაფერი საეჭვოდ მოეჩვენა.
ფრთხილი ნაბიჯებით აბაზანის კარს მიადგა. ოდნავ ფეხის წვერით შეაღო.
აბაზანის იატაკზე გასისხლიანებული და გათოკილი პირქვე დამხობილი სამი ადამიანი ეგდო. ახალგაზრდა წყვილი და შუახნის ქალი. ალბათ ჩვილის მშობლები და ბებია. სისხლი არც იმდენად ბევრი იყო დაღვრილი და ისიც მხოლოდ კაცთან.
„სავარაუდოდ, თუ არ მოუგუდავთ, შეიძლება ჯერ კიდევ...“
კისერთან ძალიან ფრთხილად პულსი გაუსინჯა.
„ცოცხლები ყოფილან...“
რა უნდა ექნა? სასწრაფო, რომ გამოეძახებინა, ისინი აუცილებლად პოლიციას დაუკავშირდებოდნენ.
პოლიცია კი...
სამზარეულოში სხვა გასასვლელი კარიც შენიშნა. ბავშვი გამოიყვანა და მოულოდნელად, მხოლოდ სხვა მხრიდან, სახლის პატრონის კართან ახლოს აღმოჩნდა. ჩვილი შუშაბანდში ფრთხილად შესვა. დაელოდა, სანამ ბოლომდე არ მიცოცდა პატრონის ოთახამდე. შემობრუნდა თუ არა, პატრონის როხროხიც მოესმა. სასწრაფოდ იგივე გზით იქაურობას უნდა გასცლოდა. თან ეღიმებოდა, მალე მთელი საინფორმაციო სივრცე აჭრელდებოდა, ჩვილმა ოჯახი გადაარჩინაო და ემტვრიათ მერე თავი, თუ როგორ აღმოჩნდა გმირი ჩვილი, სახლის პატრონთან.
ჩუმად გაიარა სამზარეულოდან შემავალი სხვა ოთახები და კვლავ იდუმალ დერეფანში აღმოჩნდა, რომელსაც უამრავი, გასაძრომ გასასვლელი ჰქონდა, მართლაც ლაბირინთივით ტალანი იყო.
და ერთ-ერთი გასასვლელით დაინტერესებულმა, შემთხვევით მიმის გადაეყარა.
„ისევ ის ტუტუცი გოგო...
რას დადის ამ უკაცრიელ სადარბაზოში?..
ვის ეძებს?..“
LEX. 2016 წლის 9 მაისი, ორშაბათი.https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1741522116090078
No comments:
Post a Comment