„არა, არა! მიმის ჯერ არაფერს ვეტყვი, სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდები. ან რა უნდა ვუთხრა? რამდენიც ბავშვი მკერდზე დავუწვინე, იმდენი ფიფოს გული აუფანცქალდაო? და მერე რა? რა შედეგი? თვალიც კი არ დაუხამხამებია. თუმცა, იმედს მაინც არ ვკარგავ და მგონი, კარგი დასაწყისისთვის, ნამდვილად არ უნდა იყოს ცუდი შედეგი.“
- რას დაარბენინებ ამ ბავშვს? - მიმი გაოცებას ვერ ფარავდა.
- მამიკო მინდაო.- მიამიტი სახით მიუგო პიპამ. - დედიკოს ეძინა და...
- და შენ შემოგჩივლა! - მიმის გულიანად გაეცინა. ფიფოს საწოლთან ჩამოუჯდა და ფრთხილად გადაუსვა თავზე ხელი.
- ნეტა, ფიფო თუ გრძნობს ახლა რამეს? - წაიჩურჩულა მიმიმ.
- დარწმუნებული ვარ, მართლა ბევრ რამესაც გრძნობს და ყველაფერიც ესმის, თუმცა კონტაქტში ვერ შემოდის.
- და შენ ასე იმიტომ აკეთებ, რომ იქნებ ბავშვმა შემოიყვანოს?
- იქნებ. – პიპას ჩაეღიმა. - ჰმ. მიმიხვდი, არა?..
- უბრალოდ ვიფიქრე, რომ შენ ტყუილად არ მოიქცეოდი ასე. - მიმიმ ღიმილით გააქნია თავი.
პიპამ არაფერი უპასუხა.
- და მერე? - ვეღარ მოითმინა მიმიმ. - არის რამე წინსვლა?
- შენ თვითონაც ხომ ხედავ, თვალიც არ დაუხამხამებია.
- იქნებ, დრო უნდა და ჯერ იმდენად... - მიმი გაჩუმდა.
- იქნებ. - თავი დაუქნია პიპამ.
- და ამიტომაც დაარბენინებ ბავშვს აქეთ-იქეთ. - მიმის ცალყბად გაეღიმა.
- დიმეომ ხვალ ჩამოვალო. - პიპამ სასწრაფოდ შეცვალა თემა. - წეღან მომწერა.
- და მე რატომ არ დამირეკა? - იწყინა მიმიმ.
- დედიკოს ალბათ, სძინავსო უკვე და მომიკითხეო, მამიკოს აკოცოსო.
- და, დაიკოს? - შუბლი შეკრა მიმიმ. - დაიკო არ მოიკითხა?
პასუხად პიპამ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- რა მაიმუნი ბავშვია. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მიმიმ.
- ჰო, მიმი! ბავშვია, ბავშვი! - სიცილით მიუგო პიპამ. - რაც არ უნდა ჭკვიანი და საზრიანი იყოს, მაინც ბავშვია და სადღაც გულში, ეჭვიანობს კიდეც!
- ჩამოვიდეს ერთი და მე ავუხსნი კარგად, სად და როდის უნდა იეჭვიანოს!
- დააცადე, ჯერ შეეგუოს და უმჯობესია, მე ავუხსნა.
- და რატომ იღებ ასე შენს თავზე ყველაფერს? - იწყინა მიმიმ. - რატომ გინდა მასწავლო, თუ ჩემს შვილს როგორ უნდა მოვექცე?!
- ჩემიც არის. - მშვიდად მიუგო პიპამ.
მიმი შეცბუნდა და ძლივს წაილუღლუღა:
- ჩვენ... ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, რომ...
- ჰოდა, როგორ ფიქრობ? ასეთი თავმოყვარე ბიჭი, დედიკოს უფრო მოუსმენს, თუ უფროს მეგობარს? ძმაკაცს!
- ჰო, კარგი. კარგი.
- და სწორედ ამ წუთას შენ თვითონ იეჭვიანე, გეგონა რომ შვილის სიყვარულში გეცილებოდი და ათი წლის ბავშვის ეჭვიანობა გიკვირს?
- ნუ, ჰო! როგორც ყოველთვის შენ სულ მართალი ხარ! - ცინიკურად აღნიშნა მიმიმ.
პიპას გაეცინა.
დიმეოს არც რეალურად მოეწონა თავისი პატარა დაიკო. ისეთი უკმაყოფილო სახით დაჰყურებდა მძინარეს, რომ მიმის გული შეეკუმშა და მაშინვე პიპას შესჩივლა.
- ნუ გეშინია, არაფერს დაუშავებს. - დაამშვიდა პიპამ.
- რა ვიცი. - წუხდა მიმი. - ნეტა მართლა არაფერი დაუშაოს. იციან ხშირად ასე, უფროსმა და-ძმებმა, ეჭვიანობის გამო, ათასი რამ შეიძლება მოიმოქმედონ.
- ისე, მართლა რომ დაუკვირდე, რა მოსაწონია ერთი კვირის ჩვილი? - ეღიმებოდა პიპას. - შენი რომ არის და უკვე დაბადებიდანვე გიყვარს, მაგიტომაც ყველაზე არაჩვეულებრივი და მშვენიერი გგონია, მაგრამ დიმეომ სულ უცხო თვალით შეხედა და ცხადია, არც მოეწონა.
- ჰოდა, დაელაპარაკე! - შუბლი შეკრა მიმიმ. - მაინც ისედაც შენ გვმართავ ყველას და...
- და ჩემს ჭკუაზე გატარებთ! - გაეცინა პიპას. - მაშინ ქალბატონო მიმი, თქვენ თავად წარმოადგინეთ უკეთესი პროექტი და ვიხელმძღვანელოთ იმით!
- არანაირი პროექტი არ მაქვს, ბატონო პროფესორო!
- როცა გექნება, უყოყმანოდ შემატყობინე! - კვლავ ღიმილით მიმართა პიპამ. - და გპირდები, რომ შენს რჩევას, აუცილებლად გავითვალისწინებ!
დიმეო გაბუსუნებული ისმენდა პიპას შეგონებას და დროდადრო მტრული მზერით გახედავდა მიმის ოთახს, საიდანაც ჩვილის აჩხავლებული ხმა მოისმოდა.
- ტვინი წაიღო! - ვეღარ მოითმინა ბიჭმა.
- რა ქნას შია, მაგრამ ჯერ აბა სანამ არ გამოცვლის და არ ჩასუფთავდება, მანამდე ვერ ეღირსება ჭამას. - ღიმილით უხსნიდა პიპა. - აი დედიკო ჩააცმევს ახალ პამპერსს და გაჩუმდება კიდევაც!
- და ყველამ მაგის ჭკუაზე უნდა ვიაროთ?! - შუბლი შეკრა ბიჭმა.
- ჯერ სად აქვს ამდენი ჭკუა. - გაეცინა პიპას. - ჯერ პატარა ტვინუკა აქვს, რომელიც მხოლოდ მის პაწაწუნა კუჭთან არის მიმართებაში.
- ხომ მარტო ჭამა და ჩასვრა ეხერხება კარგად! - კვლავ ღვარძლი გაისმოდა ბიჭის ხმაში.
- დიმეო გპირდები! - პიპა ლამის მუხლებში ჩაუვარდა და სერიოზული სახით მიმართა. - როგორც კი ფეხს აიდგამს და ლაპარაკს ისწავლის, ვაიძულებ რომ საკუთრი ხელით ჭამოს და თვითონ შევიდეს ტუალეტში!
დიმეო შეიშმუშნა. ვეღარ მიხვდა დასცინოდნენ თუ მართლა სერიოზულად ეუბნებოდნენ.
- მომისმინე, ბავშვო! - პიპამ ბიჭს თვალებში ჩახედა. - ირჩევენ მეგობრებს, მეზობლებსაც, საცხოვრებელი ადგილსაც, ირჩევენ ცოლებსაც და ასევე ქმრებსაც, მაგრამ მშობლებს, ძმას ან დას უკვე ვეღარ, რადგან ეს ღვთის საჩუქარია და მერე რამდენად გაუმართლებთ ერთმანეთში ეს უკვე სულ სხვა რამაა.
- ესე იგი, შვილებს არ ირჩევენ, არა? - ცინიკურად ჩაეკითხა დიმეო. - და ღვთის საჩუქარია?!
- რა თქმა უნდა!
- ჰა ჰა! - დიმეომ ირონიულად ჩაიცინა. - აბა, ბავშვთა სახლში რომ არჩევენ როგორი შვილი უნდათ, ის არ არის არჩევა?
- ჰმ. - პიპას ცალყბად ჩაეღიმა. - გინდა მართლა იცოდე, თუ რატომ არჩევენ და არა პირდაპირ ნებისმიერი აჰყავთ?
- მიდი, აბა მითხარი! - ნიშნის მოგებით მიახალა დიმეომ.
- იმიტომ რომ იმ ოჯახს, ვისაც თავისი საკუთარი შვილი არ გაუჩნდა, ესე იგი, ვერ მიიღო თავის დროზე, ის ღვთის საჩუქარი და ამ ღვთიური ძღვენის მისაღებად, უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდათ, ამიტომაც ობოლ ბავშვს როცა გაუწევ მზრუნველობას, ამით უფალი უფრო მეტ შანს გაძლევს მისი მადლის მისაღებად!
დიმეომ ვერაფერი უპასუხა.
- და რაც შეეხება ბავშვის არჩევას და შერჩევას. - განაგრძო პიპამ. - სასურველია, შავგვრემანმა მომავალმა მშობლებმა მისი მსგავსი ბავშვი შეარჩიონ, თეთრებმა თავისნაირი. თუმცა, ეს ჩვენი გასარჩევი სულაც არ არის. აქ მთავარია სითბო და სიყვარული აჩუქონ, მშობლის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს.
- ესე იგი, თავისნაირი ტიპის შვილი უნდათ რომ ჰყავდეთ?
- ბუნებრივია.
- რომ ნაშვილები არავის ეგონოს? - კვლავ ჩაეკითხა დიმეო.
- თავისთავად!
- და, მე რომ არც დედას ვგავარ და არც მამას, ესე იგი, რა გამოდის? მიშვილეს?
- ჰმ. – პიპას გაეცინა.
- ნამდვილად არ ხარ ნაშვილები. - ჩაერთო მიმიც. - რადგან მშვენივრად მახსოვს შენზე რომ ორსულად ვიყავი და როგორც გაგაჩინე!
- აი ხომ ხედავ? - მიმართა პიპამ ბავშვს. - დედას ყველაფერი ახსოვს შენზე და არც ხარ ნაშვილები, მაგრამ რაც შეეხება მსგავსებას, სულაც არ არის აუცილებელი, რომ უეჭველი დედას ან მამას ჰგავდე. თუმცა, რომელიმე უახლოეს ნათესავთან, ნამდვილად გექნება მსგავსება.
- ვითომ? - ეჭვიანად ჩაეკითხა ბიჭი.
- რადგან ვერავის მიამგვანე შენი თავი. - განაგრძო პიპამ. - სავარაუდოდ, შენს დაბადებამდე უნდა იყოს გარდაცვლილი და რადგან პირადად არც კი იცნობდი, ამიტომაც გეპარება ამდენი ეჭვი შენს წარმომავლობაზე.
- და ვერც ძველ ფოტოებშიც ვერავინ ვნახე ჩემი მსგავსი! - დიმეოს ხმაში ცინიზმმა გაჟონა. - და იცი, რატომ?
- არც იმდენად რთული გამოსაცნობია, თუ რატომ. - მიუგო პიპამ.
- ვითომ? - კვლავ ეჭვიანი სახით გახედა დიმეომ პიპას.
- ფოტოები, ძველი იქნება, უხარისხოც შეიძლება. - მიუგო პიპამ. - მით უმეტეს, თუ მასზე უკვე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანები არიან ასახულნი.
- სულაც არა! - გააპროტესტა დიმეომ.
- აბა? რაშია საქმე, დეე? - ტკბილი ხმით ჩაურთო მიმიმ, თუმცა უკვე საშინლად ღიზიანდებოდა, ბავშვის ასეთ აგრესიულ შემოტევაზე.
- დედიკოა ნაშვილები და მაგიტომაც არავის არ ვგავდი მისი წინაპრების ფოტოებს!
პიპას ელდა ეცა. მკვდრისფერი დაედო და წამებში ათასი საშინელება გაიფიქრა და უკვე შუბლზე ცივმა ოფლმაც დაასხა.
დიმეოს რომ არაფერი შეემჩნია, მიმიმ მყისვე იმარჯვა და მთელი ტანით დაფარა პიპა და ბიჭს საყვედურით მიმართა:
- დიმე, რა შენი საქმეა, სხვის წარსულში ქექვა?! - მკაცრად შეუტია მიმიმ. - იქნებ, სულაც ვმალავ და არაფერს ვამბობ ჩემს წარმომავლობაზე და შენ ასე უნებართვოდ უნდა იტლიკინო?!
- დე... დე... მაპატიე... - თვალები აევსო წამოჭარხლებულ ბიჭს.
- განა, არ გაპატიებ, მაგრამ... - თავი გააქნია მიმიმ. - იქნებ, ისიც კი გიფიქრია, რომ შესაძლებელია მე და მამაშენი ნათესავებიც კი აღმოვჩნდეთ, თუმცა შენზე ადრე, სხვებმაც ვიფიქრეთ, ამიტომაც ყველანაირი ანალიზის ჩატარების მიხედვით, შენთან მხოლოდ დედაშვილობა მაკავშირებს და მეტი არაფერი!
პიპას აშკარად გულზე მოეშვა. ბავშვს რომ არ დაენახა, თუ პიპას რა სახე ექნებოდა ამ ამბის გაგონება, მიმი მისკენ სპეციალურად ზურგშექცევით იდგა, თუმცა მთელი ტანით იგრძნო, თუ როგორ შვებით ამოისუნთქა პიპამ.
სულ ერთი წამით დუმილი და თან, რაღაც უცნაური უხერხულობაც ჩამოვარდა, მაგრამ ჩვილის ჩხავილმა ყველას თითქოს შვებაც მოჰგვარა. მიმიმ დრო იხელთა და მაშინვე ბავშვთან გაჩნდა. პიპა კი უკვე ფიფოსთან შედიოდა, როცა დიმოეც წამოეწია.
- რატომ მასე? - ჰკითხა ბიჭმა.
- ასე, როგორ? - ცალყბად გაუღიმა პიპამ.
- სულაც არ მინდოდა დედიკოს წყენინება, მაგრამ უცებ ასე გამოვიდა, ბოდიშიც ხომ მოვიხადე, მაგრამ შენ უფრო მოწყენილი ხარ ახლა და რატომ ხარ მასე?
- ჰო, რა ვიცი. - თავი გააქნია პიპამ. - სულ სხვა რამეზე ჩავფიქრდი და არც ჩემი ნაფიქრალი მომეწონა.
- რაზე ჩაფიქრდი? - არ მოეშვა ბიჭი.
პიპამ უხმოდ გააქნია თავი.
- ვიცი, უზრდელობაა ამდენს როცა გეკითხები, მაგრამ მაინტერესებს და რა ვქნა? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
- რა უნდა ქნა და ასეთ დროს, სხვა რამეზე უნდა გადაიტანო ყურადღება.
დიმეო მოიღუშა. ვეღარც შეეპასუხა.
- ისე, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და შემიძლია უპრობლემოდ გენდო. - დაუყვავა პიპამ. - მხოლოდ, დედამ არ უნდა გაიგოს.
- არაფერს ვიტყვი! - თვალები გაუბრწყინდა ბიჭს. - არც კი წამომცდება!
- იცი, თქვენს სახლში ისევ დადიან და ისევ რაღაცას ეძებენ და ამოწმებენ. - ლამის ჩურჩულით უთხრა პიპამ. - ასევე ბებიებთანაც, ორივეგან.
- სამივეგან. - დაბალი ხმით დაურთო დიმეომ.
- რაა?
- ძანეს სახლშიც იყო მოსული ვიღაც და რაღაცეებს ამოწმებდა.
- ჰაჰ. – პიპამ თავი გააქნია. - და შენ რა იცი, თუ ვინ იყო? იქნებ, მართლა ინკასატორი იყო და მართლა მრიცხველებს ამოწმებდა?
- ჰმ, არც თუ ისე ძნელი გამოსაცნობი იყო და იცი, როგორ მივხვდი?
- აბა, როგორ?
- ბაბუ ისეთი სახით აკვირდებოდა რომ იმ კაცმა კეპი ლამის ცხვირამდე ჩამოიფხატა, ცდილობდა თავი არ აეწია, რომ ბაბუს მისი სახე დაემახსოვრებინა, მერე ბაბუს ცივი წყლის მოტანა სთხოვა, სინამდვილეში სულაც არ სწყუროდა და როგორც კი მარტო დარჩა ჯერ იმ კაცმა შვებით ამოისუნთქა, მაშინვე მესიჯი გააგზავნა, თან სულ აქეთ-იქეთ იყურებოდა და სანამ ბაბუ შემოვიდა, მობილურის ჯიბეში ჩადებაც მოასწრო!
- მდაა. – პიპას გაეღიმა. - შენ მთელი გამოძიება ჩაგიტარებია, ყმაწვილო!
დიმეომ შეიფერა.
- და ის საიდანღა დაასკვენი, რომ სულაც არ სწყუროდაო? იქნებ...
- ბაბუ როგორც კი დაბრუნდა, ის კაცი მაშინათვე წავიდა ისე რომ ჭიქისკენ არც გაუხედავს. ესე იგი, მარტო მესიჯის გაგზავნა უნდოდა და...
- დაიცა, დაიცა. - შეაჩერა პიპამ. - ბოლოს და ბოლოს, გარეთ როცა გამოვიდოდა აი მაშინ გააგზავნიდა იმ მესიჯს, ნუთუ ორი სამი წუთი წყვეტდა რამეს?
- და აბა, რატომ გაუშვა ბაბუ ოთახიდან?
- იმიტომ რომ სწორედ იმ ოთახში მარტო უნდოდა დარჩენა.
- და რატომ?
- ვერაფერს გეტყვი, მაგრამ შენ თუ გაიხსენებ, იმ კაცმა მესიჯის გარდა, კიდევ რამე ხომ არ გააკეთა, აი მაშინ უფრო სწორ დასკვნას გამოვიტანთ.
- მე შუშაბანდიდან ვხედავდი და მთლიანად არც კი ჩანდა, მაგრამ ბაბუ სანამ შემოვიდოდა, მანამდე სხვაგან იდგა და მერე კართან დახვდა.
- და ეს ყველაფერი, არავისთვის გითქვამს?
- არა! - დიმეომ თავი გააქნია.
- და ნურავისაც ეტყვი ჯერ, კარგი?
- კარგი.
- ახლა დარჩი მამიკოსთან და ცოტა ეჭორავე. - პიპა კარისკენ გაემართა.
- შენ სად მიდიხარ? - გაკვირვებით დააწია ბიჭმა.
- თუ ნებას დამრთავ, საპირფარეშოში შევივლი.
პასუხად დიმო გაიკრიჭა.
ოთახის დატოვებისთანავე პიპა გალეოს შეეხმიანა და სთხოვა, რომ ძანეს სახლში, ერთ ადგილას ბათქაში ჩამოყრილა და იქნებ ვინმე მუშა ნახო, შეღავათიან ფასშიო.
გალეო მშვენივრად მიხვდა, თუ რა რემონტის ჩატარებას ითხოვდა პიპა.
„ესე იგი, იმ სახლშიც დაიწყეს უკვე ძრომა და სავარაუდოდ, რაღაც სათვალთვალო დატოვეს.
გავარკვევ, ყველაფერს გავარკვევ, მაგრამ მაინც რას ეძებენ ასეთს, რომ ლამის ყველგან ასე „სარემონტო“ გამიხადეს საქმე? ფიფოს მშობლებთანაც იყვნენ, მიმისთანაც და ახლა ძანეს სახლში. ესე იგი დიმეოს კვალში დაჰყვებიან, რომ იქნებ, ბავშვს მაინც წამოსცდეს რამეო, არა?
ჰმ. აბა ვნახოთ რამდენად ძლიერად მაგარია თქვენი სადაზვერვო სამსახური, ჩემი და ფიფოს მეგობრობას თუ აჯობებს!“
დილიდანვე გალეომ გულდასმით დაათვალიერებინა ძანეს საცხოვრებელი სახლი და როგორც მიმის და ფიფოს მშობლების სახლში, ასევე აღმოაჩინა რამდენიმე კამერა. თუმცა, ხელი არ ახლებინა, ისევ ისე დატოვეს და ოჯახის წევრებიც გააფრთხილეს, გარკვეულ ოთახებში მაინც ზედმეტი არაფერი უნდა ელაპარაკათ.
იმავე საღამოს კი ჩუკისთან ერთად ფიფოს მოსანახულებლად ჩავიდნენ სოფელში.
პიპას თხოვნით დიმეოც დაესწრო კაცების საუბარს და თავი მართლაც დიდი ბიჭივით, საკმაოდ სერიოზულად ეჭირა. თუმცა, თავიდან გალეო უარზე იდგა, ბავშვია მაინცო, მაგრამ პიპამ დაარწმუნა, ასეა სჯობ, რადგან ახლა უფრო მეტი ყურადღებით იქნებაო.
- კი მაგრამ, თუ ის კამერები ნახეს, მაშინ რატომღა არ მოხსნეს? - უკვირდა დიმეოს.
- ასეა საჭირო და იმიტომ! - მიუგო გალეომ გაკვირვებულ ბიჭს.
- და რატომ? - არ ცხრებოდა ბიჭი.
- თუ გაიგეს რომ აღმოვაჩინეთ და მოვხსენით, მაშინ სულ სხვაგან დააყენებენ. - მიუგო ჩუკიმ.
- ან სულაც სულ სხვა ხერხს მიმართავენ. - აუხსნა პიპამ.
- ამიტომაც სჯობს, რომ იცოდნენ და გვისმინონ რამდენიც უნდათ? - კვლავ იკითხა ბიჭმა.
- თავისთავად! - კვერი დაუკრა გალეომ. - მთავარია ზედმეტი არაფერი არავის წამოსცდეს.
- მე არაფერი წამომცდება! - რიხიანად მიუგო დიმეომ.
- რა თქმა უნდა, შენი იმედი გვაქვს აბა, რაა? - შეაქო გალეომ.
- ჰო, ისე დიმეოს რომ არ ემარჯვა, ჩვენ ვერც კი მივხვდებოდით რომ ძანესთანაც იქნებოდა თვალთვალი. - ახლა ჩუკიმ შეაქო და დიმეოც გაიბადრა.
- ხედავთ? გენეტიკა მაინც რამდენს ნიშნავს, არა?! - გალეომ ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა. - მაინც გამომძიებლის ალღო აქვს! მამამისის კვალზე დადის!
დეტექტივმა, რა თქმა უნდა, დიმეოს გენეტიკაში ფიფო იგულისხმა და ბიჭმაც გაბადრული სახით შეიფერა, მაგრამ გალეომ, როგორც კი ეს თქვა, ჩუკის უნებურად პიპასკენ გაექცა თვალი. პიპა გაქვავდა, თუმცა მაქსიმალურად შეეცადა, რომ არაფერი შემჩნეოდა.
ჩუკის გამომეტყველება, თითქოს იმასაც უწყოდა, რომ მე ყველაფერი ვიციო, მაგრამ საიდან? როგორ?
„ნუთუ, მიმის წამოსცდა რამე?“
მოგვიანებით ფიქრობდა პიპა. სტუმრები რა ხანია გააცილეს. მიმის და ბავშვებსაც უკვე ეძინათ. პიპა კი ფიფოს ოთახში ბოლთას სცემდა და ვერანაირად ვერ გაეგო, თუ ჩუკიმ ვისგან იცოდა, ან საერთოდ რა იცოდა?
„დარწმუნებული ვარ არც ფიფოს წამოსცდებოდა რამე.
ნუთუ, მხატვარმა? ან ვითომ ქირურგმა?
ნეტა, ძანეს სახლში რამეს ხომ არ მოჰკრა რამეს ყური?
როგორ გავიგო, როგორ?
ერთადერთი გზა რჩება, რომ პირდაპირ ვკითხო, მაგრამ ვაითუ სულ სხვა ინფორმაცია აქვს და მე კი რა აღარ მგონია. იქნებ, იმაზე მეტი არც კი იცის, რამდენადაც მეჩვენება?“
თავიდან იფიქრა, რომ რადგან იმ სახლში ჩუკის დაჰყავდა ხოლმე ფორტეპიანოს გაკვეთილებზე, ალბათ თუ ძანეს ბებიას წამოსცდა რამე, მაგრამ მაშინ ხომ უკვე დიმეოსაც უნდა სცოდნოდა?
ან იქნებ, სულაც არავის არაფერი წამოსცდა, მაგრამ ჩუკიმ სრულიად შემთხვევით მოჰკრა ყური.
დიდი სიამოვნებით ჩავიდოდა ახლა ქალაქში და არც ადვოკატის გაღვიძებას მოერიდებოდა, რომ ყველაფერი ბოლომდე გაერკვია, მაგრამ მერე ხომ მართლა გამოაშკარავდებოდა, თუ რა მიზეზი ჰქონდა მის ასეთ ინტერესს და იქნებ, მართლაც სულ სხვა რამეში იყო საქმე და ეს პირველ რიგში, ჯერ დიმეოსგან უნდა გაეგო.
დილით ისევ მოთოვა, გადათეთრებული მიდამო, ლამის ცამდე აივსო თოვლით. საოცრად ლამაზი იყო იქაურობა. საკმაოდ ციოდა, მაგრამ იმდენად აღარ ყინავდა. დიმეო თოვლში გაიჭრა. არც პიპა ჩამორჩა, გემრიელად იგუნდავეს, არც თოვლის კაცის გაკეთება დავიწყნიათ. ისიც კი აღნიშნეს, თუ ერთ დროს როგორ სძულდათ ორივეს თოვლი, ახლა კი ასე მშვენივრად გაერთნენ. მერე აგიზგიზებულ ბუხართანაც გემრიელად მიირთვეს და პიპამაც დრო იხელთა. ჯერ მუსიკაზე ჩამოუგდო სიტყვა, მერე მეცადინეობა შესთავაზა. ბავშვი სიამოვნებით დათანხმდა. ამასობაში პიპამ ისიც კი შეაპარა, რომ მართალია, თავადაც მშვენივრად უკრავდა, მაგრამ მუსიკის სწავლება მაინც სულ სხვააო.
- რაც არ უნდა კარგად ვუკრავდე, მე მაინც ისე კარგად ვერ გასწავლი, როგორც გამოცდილი პედაგოგი.
- როცა მთელი კვირა ქალაქში დავრჩი, მაშინაც ყოველდღე ვსტუმრობდი მუსიკის მასწავლებელს. - მიუგო დიმეომ.
- მშვენიერია! - შეაქო პიპამ. - ეტყობა, როგორ კარგად შეუძლია სწავლება. განა ყველას აქვს გადმოცემის უნარი.
- შენც მშვენივრად მასწავლიდი, გახსოვს?
- ძალიან ვცდილობდი და ალბათ გამომდიოდა კიდევაც, რადგან საკმაოდ ნიჭიერ მოსწავლესთან მქონდა საქმე.
დიმეომ შექება შეიფერა.
- ვინ იცის. - დაიწყო პიპამ. - რამდენი მოსწავლე ეყოლება შენს პედაგოგს, რადგან მართლა ასე მაგრად გამეცადინებს.
- ადრე მართლაც ბევრი მოსწავლე ჰყოლია, თურმე.
- ადრე? და ახლა რატომ არა? - გაკვირვებით იკითხა პიპამ.
- არ ვიცი. - დიმეომ თვალი აარიდა.
- ჰმ, რა საინტერესოა. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - მართლაც ასეთ კარგ პედაგოგს, ცოტა მოსწავლეები რომ ჰყავს. ალბათ, კარგი რეკლამა სჭირდება და ერთი ორი გავლენიანი ოჯახიდან მოსწავლე და სულ ეგ არის!
- ალბათ. - დიმეომ კვლავ თვალი აარიდა.
პიპა კი თითქოს ვერაფერს ამჩნევდა ისე განაგრძობდა.
- თუმცა, შენც საკმაოდ გავლენიანი და უკვე ახლა მართლაც საკმაოდ ცნობილი ოჯახიდან ხარ და ნუთუ, არც ახლა დაემატა მოსწავლეები?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
- იქნებ, უკვე ბევრი მოსწავლე ჰყავს და შენ არც კი იცი. - პიპა სახეში ჩააშტერდა.
- ჰო, მასეც იქნება! - ბიჭს თვალები გაუბრწყინდა, თუმცა მზერას მაინც ვერ უსწორებდა პიპას შემოტევას.
- და აღარ მოგბეზრდა ამდენი ტყუილები? - მოულოდნელად მიახალა პიპამ. - ან არ დაიღალე?
დიმეო გაფითრდა. ვერაფერი უპასუხა.
- რა შეშინებული თაგვივით იყურები? - გაუღიმა პიპამ. - ნუთუ ასეთი საშიში და მტარვალი ვარ შენთვის, რომ მუსიკის მასწავლებელს მიმალავ?
- არა, არ გიმალავ, უბრალოდ... - ძლივს ამოილუღლუღა ბიჭმა, მაგრამ პიპამ გააწყვეტინა:
- სავარაუდოდ პირობა დადე, რომ არავის ეტყოდი და მართლაც საოცარია, ან რა არის აქ დასამალი? მუსიკას სწავლობთ, თუ რაღაც სექტაში ხარ და სულ სხვა რამით ხარ დაკავებული. იქნებ, სულაც ტერორისტად გამზადებენ და არ უნდა ვიცოდეთ შენებმა? თუ არ მთვლი შენიანად?
დიმეო გალურსული იჯდა, მერე უცებ ყელზე ბურთი მოაწვა და უკვე აცრემლებული თავის ერთგულ მხსნელს ჩაეკრო. მწირი მისთვის შეუცვლელი მეგობარი იყო, თუმცა რატომღაც მასაც უმალავდა, იმ სხვენზე მოხუცი მუსიკის მასწავლებლის არსებობას.
და ვინ იყო ის ქალი საერთოდ, რომელთანაც რაღაც ნათესაური კავშირი ჰქონდა. აკი ჩუკი როცა დაეხმარა და დნმ-ს ანალიზის პასუხების მიხედვით, მხოლოდ მამის მხრიდან ამოვიდა მათი საერთო გენი. დიმეო კი დარწმუნებული იყო, ეს ქალი უთუოდ ფიფოს რომელიღაც შტოს წინაპარი იქნებოდა, რამდენჯერმე კი გამოკითხა ბებია-ბაბუა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. ისევ ფიფოს გამოჯანმრთელებას უნდა დალოდებოდა და მანამდე კი არ შეეწყვიტა კავშირი იმ ქალთან. ახლა კიდევ ეს მწირი ვინღა იყო? რომელსაც თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი არ ახსოვდა, ისევე როგორც თავისი ნამდვილი სახელი. ასე ეგონა დიმეოს და ამიტომაც დღემდე მწირს ეძახდა. პიპათი მხოლოდ მიმი მიმართავდა და ისიც მაშინ, როცა მარტონი იყვნენ. დიმეოსთან და არც სხვა მეგობართან არც კი წამოსცდენია.
- განა რამეს გიშლი, ჩემო სიხარულო. - ეფერებოდა პიპა გულამომჯდარ ბიჭს. - მაგრამ მეც, დედასაც და ყველა შენს კეთილის მსურველს, ყველას გვეშინია, რომ არაფერი გამოგვეპაროს და ისევ ხიფათში არ ჩავარდე, ხომ გესმის რასაც ვგულისხმობ? ნუთუ ნაკლები რამ გადაგხდა თავს, რომ ახლა უფრო მეტად ფრთხილად არ ვიყოთ?
- ის მოხუცი ბებო, ტერორისტი სულაც არ არის და არც არავის უშავებს რამეს. - ძლივს ამოიკვნესა ბიჭმა. - წევს თავისთვის და მამეცადინებს.
- ჰოო? - წარბები აზიდა პიპამ.
- იცი, რა ლამაზი პატარა როიალი აქვს, ნამდვილი სამეფო. - აღფრთოვანებით განაგრძობდა დიმეო. - თან სულ უძველესი ფოტოებით აქვს სავსე და იმ ძველ სურათებში ერთი ბიჭი იმდენად ძალიან მგავს, რომ თავიდან იმ ბებოს ის ვეგონე, თუმცა ახლაც ხშირად ის ბიჭი ვგონივარ და ზოგჯერ პიპას მეძახის!
LEX. 2024 წლის 5 აპრილი, კვირა.
No comments:
Post a Comment