Tuesday, June 18, 2024

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 166)


166.
მიმის მხოლოდ ბავშვის ტირილი ჩაესმა და მერე გადაღლილსა და ასე ტანჯვით ღამე ნათევს ღრმად ჩაეძინა. შუა დღისკენ, როგორც იქნა გამოფხიზლდა. თავს საკმაოდ სუსტად გრძნობდა, თუმცა უკვე აღარაფერი აწუხებდა. მშვიდად მოავლო იქაურობას თვალი და ხელზე წვეთოვანიც შენიშნა. თავი წამოსწია, ჯერ კიდევ ბურანში იყო, მაგრამ ბავშვი?..
ოთახში არავინ იყო.
- ბავშვი! - შეჰკივლა მიმიმ.
- რა იყო, მიმი? - პიპამ ღია კარში თავი შემოჰყო და საკმაოდ მშვიდი ხმით მიმართა.
- ბავშვი სად არის? - შეშფოთებული ხმით იკითხა მიმიმ.
- სძინავს.
- სძინავს?.. - ღიმილით წაიჩურჩულა მიმიმ.
მშვიდად მისდო თავი ბალიშზე და თვალებით ბავშვს დაუწყო ძებნა, თუმცა ვერც საწოლში, ვერც სარწეველაში და ვერც მის გვერდით შენიშნა. შეშფოთებული ახედა თავზე წამომდგარ პიპას, რომელიც წვეთოვანის დაკიდულ პლასტმასის ბოთლში დიდი შპრიცით ვიტამინების ჩამატებას ცდილობდა.
- არ მინდა ამდენი წამლები.
- საჭიროა.
- სად არის ბავშვი?! - მიმიმ წამოჯდომა სცადა.
- ხომ გითხარი, სძინავს. - კვლავ აუღელვებლად მიუგო პიპამ.
- და სად არის?! - შეშფოთდა მიმი. - აქ არ არის! სად წაიყვანე! რამეს მიმალავ და... - ზედიზედ მიაყარა მიმიმ.
- მამამისთან. - მშვიდი ღიმილით მიუგო პიპამ.
- რაა?! - მიმიმ წარბები აზიდა.
- მინდოდა კარგად გამოგეძინა, ამიტომ მარტო დაგტოვეთ, თან მამიკო გავაცანი და ახლა ერთად სძინავთ.
- ჰმ. - მიმის აშკარად გულზე მოეშვა. - აუ, მომიყვანე, რაა...
- ბავშვი, სათამაშო არ არის, შენ როცა გინდა მაშინ ნახო და გაერთო. აცალე, გამოიძინოს, შენც მანამდე დაისვენე, მიხედე შენს თავს და მოგიყვან, აბა რაა. ბოლოს და ბოლოს მოშივდება და იჩხავლებს.
მიმიმ შვებით ამოისუნთქა. საშინლად აინტერესებდა ახალშობილის ნახვა, მაგრამ პიპა მართალი იყო და სრულიად ეთანხმებოდა.
- ბავშვსაც სჭირდება დასვენება და გამოძინება. - განაგრძო პიპამ. - დაბადებისას ისიც ისევე წვალებითა და ტანჯვით მოდის ამ ქვეყნად, როგორც დედა წვალობს მისი გაჩენისას და ვინ იცის? იქნებ, დედაზე მეტადაც!
- ალბათ, მასეც არის. - მიუგო მიმიმ და წამოდგომას შეეცადა.
- შეგიძლია შხაპიც მიიღო, მხოლოდ დიდ ხანს და ცხელ წყალშიც ნუ გაჩერდები. - დაარიგა პიპამ და ოთახი დატოვა.
პასუხად მიმის ჩაეღიმა.
სააბაზანოდან გამოსულმა ფიფოს ოთახს მიაშურა. უკვე ერთი სული ჰქონდა, სანამ პატარას ჩაიხუტებდა. ძალიან ფრთხილად, ფეხაკრეფით შევიდა ოთახში და გაოგნებისგან კინაღამ შეჰკივლა. ფიფოს ისევ ისე, სტაბილურად და გაუნძრევლად, კომატოზური მდგომარეობა ჰქონდა და მის გულზე კი ჩვილს მშვიდად ეძინა.
- რა იყო მიმი? - აუღელვებლად მიმართა პიპამ.
- ბავშვი... - წაიჩურჩულა მიმიმ.
- ჰო! რა იყო? სძინავს. - ღიმილით მიუგო პიპამ. - და ნუ ჩურჩულებ. არ არის საჭირო ძალიან დაბალ ხმაზე საუბარი. ჩვეულებრივად ილაპარაკე, ისე როგორც სხვა დროს, რადგან აქედანვე უნდა მიეჩვიოს იმ ბუნებრივ ხმებს! სხვა შემთხვევაში, უკვე ზრდასრულ ასაკში უფრო გაუჭირდება დაძინება. გარედან შემოსული, ფოთლის შრიალის ხმაც კი გაუფრთხობს ტკბილ ძილს.
- მოკლედ, ყველაფერზე ლექციებს მიტარებ. - ჩაეღიმა მიმის. - ალბათ, ის ძველი დროც გენატრება და... იქნებ, ზოგჯერ თავი კათედრაზეც გგონია.
- ჰმ! ძველი დრო. - პიპამ თავი გააქნია. - ბევრი რამ მართლა მენატრება და ბევრიც კი საერთოდ არა, მაგრამ აღარასდროს ჩავიდენდი იმ საშინელებებს.
- ეგ არც მიგულისხმია. - უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები მიმიმ. - თუმცა, მაინც უამრავი კითხვა დამიგროვდა, სწორედ შენი იმ საშინელი პერიოდების და...
- და, რა? - ცინიკურად ჩაეკითხა პიპა. - დავჯდე და მოგიყვე? იცი, რომ აღსარება უკვე ჩაბარებული მაქვს და რაც შეეხება აღიარებით ჩვენებას, სულაც არ ვაპირებ და მით უმეტეს, შენთან!
მიმიმ უხმოდ გააქნია თავი.
- ისე, შეგიძლია მკითხო ხოლმე რაც გინდა, მაგრამ...
- მაგრამ მაინც არ მიპასუხებ, არა? - ჩაეცინა მიმის.
- შეიძლება, ზოგიერთ კითხვაზე გაგცე კიდევაც პასუხი, თუმცა დიდად იმედს ნუ იქონიებ. შენ ახლა უამრავი საზრუნავი და საფიქრალი გაქვს და დროებით მაინც დაივიწყე სხვის წარსულში ქექვა.
- და თუ ის წარსული, მეც მეხება, მაშინ?
- მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრვ კი. - თავი დაუქნია პიპამ. - სადღაც შენც კი გეხება. თუმცა, ჩემგან განსხვავებით, სულიერად იმდენად არ განგრევს.
- აღსარებაც გითქვამს, თურმე და მაინც განგრევს?
- ჰმ. - პიპამ ამოიხვნეშა. - აღსარება ცოდვიან სახეს მაინც ვერ მოგბანს.
- და აბა, მაშინ რა საჭიროა?
- მთავარია, შემდგომ ცხოვრებას როგორ გაივლი, ამაშია მისი არსი და არა დღეს ვაღიარებ და ხვალ წავალ და იგივეს ან უარესსაც ჩავიდენ, რადგან ზეგ ისევ მოვალ და მოვინანიებ!
- მართალი ხარ... - მიმის კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამ დროს, ფიფოს გულზე მძინარე ჩვილი შეიშმუშნა და აკრუსუნდა.
- მოშივდა უცნობ ქალბატონს. - სანამ მიმი ნაბიჯს ბავშვისკენ გადადგამდა, პიპამ უკვე ჩვილი ხელში აიყვანა და მიმის თავისი ოთახისკენ წაუძღვა.
- უცნობი ქალბატონი? - ღიმილით მიჰყვა მიმი.
- ბოდიში, საქალბატონე!
- და უცნობი, რატომ არის?
- აბა, რომ არ ვიცი რა ჰქვია?
- არც მე ვიცი, ჯერ რა გქვია დეე. - მიმი ბავშვს მიეალერსა. - მაგრამ უკვე ძალიან, ძალიან მიყვარხარ... იყოს, მე გამოვუცვლი.
- შენთვის უმჯობესია, საწოლში შეწვე, დიდ ხანს ფეხზე დგომა არ შეიძლება, წუხელ იმშობიარე. - დამოძღვრა პიპამ.
მიმიმ ღიმილით გააქნია თავი და უხმოდ დაემორჩილა.
პიპამ ბავშვს გამოუცვალა, მერე აწონა კიდევაც და მისი წონაც ჩაინიშნა. მიმი გაკვირვებული ადევნებდა თვალს.
- არც კი ვიცი რომელი სახელი შევურჩიო. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო მიმიმ. - დედაჩემის სახელი, რომ დავარქვა, მამიდაჩემს უეჭველი ეწყინება და რა თქმა უნდა, დედაჩემსაც ეწყინება მამიდის სახელი. ასევე ფიფოს დედასაც ვიცი, გულში ეწყინება, რომელიმე ჩემიანის სახელი რომ დავარქვა, თუმცა მამიდაჩემისგან განსხვავებით, არც მაგრძნობინებს.
პიპამ ცალყბად გაუღიმა.
- ვფიქრობ, დიმეომ უნდა შეურჩიოს! - განაგრძო მიმიმ. - რომელი სახელიც უნდა, ან ვისი სახელიც უნდა, ის დაარქვას! მე კი სრულიად ადვილად გავიმართლებ თავს, თუ რომელიმე ბებია ნაწყენი დარჩება! აი, ასე!
- დიმეოს... - პიპამ უკმაყოფილოდ თავი გააქნია.
- რა იყო? - მიმის ფერი წაუვიდა.
- დილით, ვიდეო ზარით გავაცანი თავისი დაიკო და საშინლად არ მოეწონა.
- რაა? - მიმის გაეცინა. - რა თქვა, რომ დაინახა?
- არც არაფერი! - მიუგო პიპამ. - მაგრამ ისეთი მჟავე სახე ჰქონდა...
- ვაიმე, ვაიმე! არ მოეწონე დედი, ძამიკოს?
- აბა, გემრიელად მიირთვით, ჯერ კიდევ უცნობო ქალბატონო. - პიპა ოთახიდან გავიდა და მაშინვე ფიფოს ოთახს მიაშურა.
ერთი სული ჰქონდა, კომპიუტერში ფიფოს მდგომარეობის უახლესი მონაცემები ენახა და ძველისთვის შეედარებინა.
ფიფოს აშკარად უკეთესობა ჰქონდა. პიპას ძალიან გაუხარდა, თუმცა მაშინვე ჩაფიქრდა, ეხარებინა თუ არა მიმისთვის უკვე ეს ამბავი, თუ ჯერ კიდევ დაეცადა?
იქნებ, ჩვილის მის გულზე დაწოლამაც იმოქმედა?
პიპა სპეციალურად მოიქცა ასე, დიდად იმედი არც ჰქონდა, მაგრამ უკანაც არ იხევდა. თითქოს, გაამართლა კიდევაც მისმა ექსპერიმენტმა. ფიფოს აშკარად რაღაც მინიმალური, მაგრამ მაინც ჰქონდა რეაქცია, როცა პიპამ ჩვილი გულზე დაუწვინა. თუმცა, ეს მხოლოდ კომპიუტერულმა მონაცემებმა აჩვენა და რეალურად, ფიფოს თვალიც კი არ დაუხამხამებია.
ან იქნებ, უბრალოდ დამთხვევა იყო?
და მართლაც, რის მომცემი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ყველაფერი?
ზოგჯერ ასეთი მძიმე ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ სულ მცირე ხნით და ამას მერე, უფრო გაუარესება მოჰყვება და სწორედ ეს მოასწავებს უკვე მის აღსასრულს.
- არა! არა! რა აღსასრული! - აღმოხდა პიპას. - ფიფო, არ გაბედო ახლა სიკვდილი! არ გაქვს უფლება! გესმის!
- რა გაყვირებს! - მოულოდნელად წაადგა მიმი.
პიპა წამით შეცბა, მერე გაეცინა კიდევაც.
- აბა, შენ და დიმეო სულ ეფერებით და...
- და ვიღაცამ ხომ უნდა გააწნას სილა, არა? - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ.
- ნეტა მართლა ეგ უშველიდეს და ახლავე ვცემდი. - ეღიმებოდა პიპასაც.
- და მთელ ბოღმასაც ამოანთხევდი. - ჩაურთო მიმიმ.
- რა ბოღმა მიმი?! - იწყინა პიპამ. - ფიფოს მიმართ, არანაირი ბოღმა და შუღლი არ მაქვს!
- ნუ მესმის, ახლა იმიტომ არ გაქვს შუღლი, რომ ასეთ უმწეო მდგომარეობაშია.
- ნება შენია. - მშვიდად მიუგო პიპამ. - როგორც გინდა, ისე იფიქრე.
- და რა ვთქვი, არასწორი? - წყენით მიუგო მიმიმ. - მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ პირისპირ შერკინება უფრო გირჩევნია, ვიდრე ასეთ უმწეოსთან.
- აჰა! - ირონიით ჩაეღიმა პიპას. - დიდი მადლობა, რომ ჩემს მიმართ, ასეთი ვაჟკაცური აზრის ხართ, ქალბატონო მიმი!
- და რა ვთქვი მაინც ასეთი? - მიმის ტონში კვლავ წყენა იგრძნობოდა. - საკმაოდ უცნაური ბრძანდებით, ბატონო პროფესორო!
- ფიფოსთან, არაფერი მაქვს შესარკინებელი და საჭიდაო. – დაბალი ტონით დაიწყო პიპამ. - თუ გგონია, რომ შენი თავის წართმევა მინდა და ამის გულისთვის შევერკინებოდი, ფეხზე რომ იდგეს, სულაც არა!
მიმი უხერხულობისგან შეიშმუშნა. მსგავსი რამ არც უფიქრია, სულ სხვანაირად უნდოდა და სულ სხვა რამ გამოუვიდა.
„სულაც არ მითქვამს, რომ ფიფო და პიპა ერთმანეთს ჩემი გულისთვის უნდა შეეჯახოს, სკოლაში კი არ ვართ, თინეიჯერი ბავშვებივით მოვიქცეთ ყველა და გამოდის, რომ ერთმანეთის მიმართ გავახელო, თუ ვის დარჩება ჩემი თავი? რა სისულელეა! ასე სულაც არ მითქვამს!“
- რატომ ჩაფიქრდი? - ფიქრებიდან პიპას ხმამ გამოაფხიზლა. - მიმი, დაიმახსოვრე ის რაც გულში რჩება ან გადის, მხოლოდ გულის არის, გონებაში კი სულ სხვანაირად ხდება. ფიქრობ, აზროვნებ და ცდილობ, სწორი დასკვნა გამოიტანო, ასე რომ შენს მიმართ და ვის მიმართაც გინდა იყოს, რაც არ უნდა გრძნობა მქონდეს, ჩემი გულის ზრახვების წინ, ჩემი გონება დგას. სულაც არ ვცდილობ, რომ ჩემს სისხლსა და ხორცს, ასეთი თბილი და მოსიყვარულე ოჯახი დავუნგრიო.
- და იქნებ, მეც მკითხო, თუ ვის გვერდით მინდა ყოფნა? - იწყინა მიმიმ. - რატომ გგონია, რომ მე ვცდილობ შენს...
- არც ვაპირებ კითხვას! - მიუგო პიპამ. - შენ მშვენივრად იცი ჩემი პოზიცია და შენი და ჩემი და ყველას გრძნობების წინ, ბავშვი დგას! არ შეიძლება მისთვის სიხარულის წართმევა!
- და დავუშვათ, დიმეო რომ არ დაბადებულიყო, მაშინ თუ შეეცდებოდი კვლავ ჩემს დაბრუნებას? - შუბლი შეკრა მიმიმ. - და არც კი იფიქრო, რომ მე მინდა ეს და ამიტომ გეკითხები.
- ვიცი, რატომაც მეკითხები. - ღიმილით გააქნია თავი პიპამ. - სადღაც გულში, მაინც არ გჯერა ჩემი და შიშით ფიქრობ, ან ახლა შემომივარდება საწოლში და ან ახლაო, მაგრამ უნდა გაგაწბილოთ, ქალბატონო მიმი! რადგან ის გრძნობა, რაც შენს მიმართ მქონდა, არსად წასულა, მხოლოდ გულში დარჩა და ასე ვთქვათ, გვერდი იცვალა. მიმართულება შეიცვალა გულში ჩაბუდებულმა გრძნობამ და ახლა, გონების მოხმობის დროა! ჩემს გონებას, არ სურს ის, რაც არასწორია, იმიტომ რომ ამ დედამიწაზე, მარტო მე და შენ არ ვართ! და თუ მართლა გიყვარს და მისთვის სიკეთე გინდა, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ის, სადაც არის და ვისთანაც არის, მართლა ბედნიერია!
მიმიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები. ანდა, რა უნდა ეთქვა? ისედაც ცხადი იყო, პიპა არც კი ცდილობდა მიმის შეხებოდა და არც თვალებით ჭამდა. თითქოს მართლა, უფროსი ძმასავით იყო მისთვის.
რაღაც უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ღრმა ძილს მიცემული ფიფოს ფშვინვა ისმოდა. ბედად, ჩვილის ტირილის ხმაც მოისმა და ვიღას ახსოვდა ეს დაძაბული სიტუაცია.
პიპა წამსვე ჩვილთან გაჩნდა. სანამ მიმი ოთახში შეფარფატდა, პიპა უკვე სააბაზანოში ბანდა ბავშვს.
- სასტიკად იყო ჩასვრილი.
- სასტიკი ჩასვრა, როგორია? - გაეცინა მიმის.
- ნუ დაახლოებით კისრამდე, სადღაც ასე, ნახევარი სანტიმეტრი აკლდა. - პიპამ ჩასუფთავებული ჩვილი ჩაუგორა მიმის საწოლში და იქაურობა დატოვა.
მაინც როგორ ახერხებდა ასე სწრაფად ეს კაცი ყველაფერს. მიმი კვლავ გაოგნებული იყო. მოულოდნელად, პიპა ისევ თავს დაადგა. დანაყრებული ჩვილი ჩამოართვა, აწონა, კვლავ წონა ჩაიწერა და იქვე სარწეველაში ჩააწვინა. მერე მიმის ცხელი ბულიონი შემოუტანა, ცალკე მოხარშული ხორცი იყო ლამის დაპაშტეტებული, ისე როგორც მიმის უყვარდა და არც ვაშლის კომპოტი დაავიწყდა.
მიმის ეღიმებოდა. ყოველდღიურად, საათობრივადაც კი აოცებდა პიპას ქცევა, საიდან ამდენი ენერგია და სურვილი, მისწრაფება იმისა, რომ მის ირგვლივ, ყველანი კარგად უნდა იყვნენ.
- კიტრი თუ გინდა, სათბურიდან ამოგიტან, პომიდორი არ შეიძლება ახლა შენთვის.
- ასეთ თოვლში, რა დროს გარეთ გასვლაა. - ღიმილით მიუგო მიმიმ. - თანაც, ყოველ გემოს, თავისი სეზონი აქვს.
- სრულიად გეთანხმები, თუმცა გარეთ მაინც მომიწევს გასვლა. ჩვენს ცუგრიკოებს ვახშმის დრო აქვთ. უკვე რა ხანია მელიან.
გვიან საღამოს უკვე ვეტერინარი ბაბუც ტრაქტორით მოარახრახეს და ქალაქელი სტუმრებისთვის, ძღვენიც გამოატანეს. თუმცა მიმის და ბავშვის ნახვა, არ ისურვა, მარტო თავის სახლის ნაწილში შევიდა და იქ მოუხმო პიპას.
- აბა, მზის ჩასვლის შემდეგ ახალშობილის მონახულება, როგორ შეიძლება.
- ვითომ, რატომ? - ჩაეღიმა პიპას.
- იმიტომ შვილო, რომ. - მიუგო ბაბუმ. - ბინდთან ერთად, ბალღს უჟმურიც დახედავსო და არც გვიან შეიძლება ჩვილის გამოყვანა გარეთ, ორმოც დღემდე.
- ეს ცრურწმენა, მაინც ჭეშმარიტ რწმენაზე ძლიერია, ვითომ?
- ცრუ თუ ჭეშმარიტი, არ ვიცი მე! ასეა ეს და ასე ვიცი, ჩემი წინაპრებისგანაც!
- აბა, ტკბილ ძილს გისურვებ! – პიპა კარისკენ გაემართა და დილიდანვე გელოდებით. ერთად ვისაუზმოთ, ჩვენ მაინც აღვნიშნოთ ახალი სიცოცხლის დაბადება.
- უჰ, ისეთი არაყი გამომატანეს, რომ მისაყოლებელიც კი გაუფუჭებს გემოს.
- კარგი, ერთ ჭიქას მაინც დავლევ. - გაეცინა პიპას.
- ეეე! შენა ყოფილხარ, რაა! - სიცილით მიუგო ბაბუმ. - არ სვამ! არ ჭამ და არც გძინავს, აბა რით ცოცხლობ, ჩვენ მაინც გვასწავლე, ბიჭო!
- მხოლოდ, თქვენი სიყვარული მაცოცხლებს.
- მაიცაა, რააა!!! - გაეცინა ბაბუს. - სიყვარულით კუჭს ვერ ამოივსებ!
- ჯერ სიყვარული და მერე ერთი ორი გემრიელი ლუკმაც კი მშვენივრად მანაყრებს.
პიპა გასასვლელისკენ გაემართა.
- ის ბალღი, მე მაინც შენი შვილი მგონია. - დააწია ზურგში ბაბუმ.
პიპას კარის სახელურისკენ გაწვდილი ხელი ჰაერშივე გაუშეშდა, მაგრამ მაშინვე მოეგო გონებას, მოტრიალდა მასპინძელს თვალი გაუსწორა და საკმაოდ მშვიდი ხმით უპასუხა:
- შვილი მისია, ვინც დაბადებიდან ზრუნავს მასზე და სითბოსა და სიყვარულს არ აკლებს.
- აბა ახლა შენ რომ ამ პატარა გოგოს დაბადებიდან რომ უვლი, განა შენია, რო? 
- ჯერ სულ ერთი დღის არის და მას ისედაც ჰყავს ნამდვილი რეალური მამა.
- ეჰ, ფიფო. - ამოიხვნეშა ბაბუმ. - შენ როგორ ფიქრობ, ეშველება რამე იმ კაცს?
- ვერაფერს ვფიქრობ. - თავი გააქნია პიპამ. - უფრო სწორად, არ ვფიქრობ იმას, თუ ეშველება ან არ ეშველება. თუმცა, ზოგჯერ მართლა მაქვს რაღაც, სულ მცირეოდენი იმედი.
- იმედი, ნუ მოგიშალოს ღმერთმა!
- განა, მარტო უფლის იმედად უნდა დარჩე, ცოტა შენც უნდა შეუწყო ხელი. - პიპას ცალყბად გაეღიმა.
- აბა, ფიფოს თუ ხელისშეწყობა აკლია და მაშინ სხვებმა რაღა უნდა თქვან?
- დღისით, უკეთესობა შევამჩნიე. - დაბალი ხმით დაიწყო პიპამ. - თუმცა, საღამოსკენ ისევ ისე სტაბილურად, ძველ რიტმს დაუბრუნდა.
- ვაახ. ნეტა მართლა... ნეტა მართლა... - ჩაიბურტყუნა ბაბუმ.
- ამ ეტაპზე, ვერაფერს ვიტყვი, თუ რამდენად სასიხარულო იყო ეს, მაგრამ ხვალაც ვცდი და ვნახოთ აბა.
- და ასეთი რა წამალი გაუკეთე?
- წამალი? ჰმ. - ჩაეღიმა პიპას. - ვფიქრობ, ყველა წამალზე უკეთესია. - პიპამ წამით იყუჩა. - ახალშობილი დავუწვინე გულზე და ლამის ოთხ საათზე მეტი, ორივეს ისე მშვიდად ეძინა. ჩვილი არც კი განძრეულა.
- და ფიფომ? - გაოგნებული სახით იკითხა ბაბუმ.
- ფიფოს, თვალიც არ დაუხამხამებია. - ამოიხვნეშა პიპამ. - თუმცა, მოგვიანებით იმ პერიოდის კომპიუტერული მონაცემები, წინა საათების და შემდგომ დროს, როცა შევადარე, აშკარად განსხვავება იყო.
- მართლა, კაცო?  და მიმის როგორ გაუხარდებოდა ახლა. - ბაბუს ცრემლები მოერია.
- არა, მიმისთვის ჯერ არც მითქვას, არ მინდა წინასწარ იმედები ჩავუსახო, რადგან იქნებ, სულაც ვცდები და მხოლოდ, ბუნებრივი რეფლექსია და ფაქტიურად, არც არაფრის მომცემი.
ვეტერინარმა ბაბუმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ხვალაც ვცდი, გავიმეორებ და მერე ვნახოთ. – პიპა მასპინძელს გამოემშვიდობა.
გარეთ გამოსულს, რაღაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა. აშკარად შუბლში მიახალა და ფაქტიურად ისე უთხრა ვეტერინარ ბაბუს, ჩვენს საქმეში ნუ ერევიო, როცა კაცმა დიმეოზე მიანიშნა, მაინც შენი შვილი მგონიაო.
„არადა, ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ადამიანს ახლობლად მიაჩნიხარ და გამოდის, რომ მას უმალავ, ატყუებ, რომ ასე კი არა, არამედ ისე არის, მაგრამ ის რაც ძალიან პირადულია, ამაზე ამდენი შეკითხვა, აბა როგორ შეიძლება? და სრულიად შესაძლებელია, რომ მისი ეს ინტერესი, იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ ახლა სხვა წყაროდან შეეცადოს მის გაგებას და ამით, უფრო გაგიფუჭოს საქმე და ბოლოს და ბოლოს, ისევ ბავშვის ფსიქიკა ზიანდება.“
პიპას ბევრიც აღარ უფიქრია, მაშინვე უკან შებრუნდა.
- აბა, ერთი გამასინჯე, ასეთი რა არაყი გამოხადეს, რომ თურმე, მისაყოლებელიც კი არ ჭირდება. – შესვლისთანავე მიახალა პიპამ.
სახლის პატრონმა გულით გაიხარა და მაშინვე აღნიშნა, განა მართლა მისაყოლებელი არ მაქვსო.
- მე, მიმიმ და ფიფომ, ფაქტიურად ერთდროულად გავიცანით ერთმანეთი. - დაიწყო პიმამ. - თუმცა, მე და ფიფო, შორიდან მიმიზე ბევრად ადრე ვიცნობდით ერთმანეთს. არაერთხელ გადაიკვეთა ჩვენი გზები, მაგრამ ძალიან შორიდან. უბრალოდ, მხოლოდ ერთმანეთის არსებობა ვიცოდით, ასე უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვა. აი, მიმი კი ჩვენ ორივემ, ზუსტად  ერთიდაიმავე დღეს გავიცანით, ერთიდაიმავე წუთში. ფიფოს, მაშინვე მოეწონა, ისე მოეწონა რომ იმ საღამოსვე სახლში მისულ მიმის თაიგულიც კი დახვდა ფიფოსგან.
- ვააა. - გაეცინა ბაბუს. - და მერე, მერე? შენ, არ მოგეწონა?
- სიმართლე გითხრა, იმ წუთას, მიმისთვის ზედაც არ შემიხედავს, სულ სხვა განწყობაზე ვიყავი. ფიფო კი ისეთი ტიპია, ყოველთვის მზად არის, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს შეუძლია მოწონებული ქალის გული მოინადიროს.
- ჰო, შენ უფრო დინჯი ხარ.
- ალბათ, ან საკმაო მძიმე ხასიათიც მაქვს. - დასძინა პიპამ.
- და მერე?
- მერე იმ დღიდან, ფიფო და მიმი შეყვარებულები გახდნენ და როგორც ვიცი, მერე ფიფო რაღაც რომანტიკულ ინტრიგაში გაეხვა და ამის შედეგად, მიმის სიყვარულიც დაკარგა.
- ვაახ კაცო, ფიფომ ასეთ გოგოს, როგორ უღალატა?
- ღალატი? ჰმ. ეს ცოტა სულ სხვა ასპექტში შეიძლება განიხილოს. - ჩაეცინა პიპას. - ფიფო, მიმის აღმერთებდა, მაგრამ მის მოზღვავებულ ვნებებს კონტროლს ვერ უწევდა, რის გამოც მიმი ეჭვიანობდა და ხშირად გულდაწყვეტილი, ჩემთან იოხებდა დარდს. მე კი იმის დამტკიცება მიწევდა, რომ სიყვარული, სულ სხვა გრძნობაა და ხორციელი ვნებისგან საკმაოდ განსხვავდება. ვცდილობდი, დამერწმუნებინა, თუ ფიფოს, როგორ მართლა ძლიერ უყვარდა, მაგრამ ამდენი ქალების შემოსევისგან თავის ვნების მოთოკვაც უჭირდა. მერე კი ფიფოს ზედმეტიც მოუვიდა.
- რა მოუვიდა? - ვეღარ მოითმინა ბაბუმ.
- ხშირად რჩებოდა ერთ ქალთან და ბოლოს სულ იქ გადაბარგდა. მიმიმ უკვე ზურგიც შეაქცია, მაგრამ ამით სულაც არ მისარგებლია. მიმის სულ გავურბოდი, ვცდილობდი, ზედმეტად თვალში არ მოვხვედროდი.
- შენც მაგრად მოგწონდა და მაგიტომაც.
პასუხად პიპამ გაუღიმა. აბა, მართლა ყველაფერს ხომ არ მოუყვებოდა.
- მოგვიანებით, მართლაც აღმოვაჩინე, რომ მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ არ შედგა ჩვენი დაწყვილება, განგებამ ასე ინება. მე მონასტრისკენ მქონდა ისედაც გეზი აღებული და სულ ვფიქრობდი ამ გზაზე და მიზეზიც გამომიჩნდა. ფიფოც მიმის დაუბრუნდა და ასე განაგრძეს ცხოვრება. რაც შეეხება ჩემს მაშინდელ ამნეზიას, როცა შენ შემოგეჭერით და აქ დავიწყეთ ცხოვრება, მართლა წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა და როგორ მომივიდა ეს.
- საერთოდ, ვერაფერს იხსენებ?
- სავარაუდოდ, მონასტრისკენ მიმავალი, სადღაც გადავიჩეხებოდი და ბერებმაც მიპოვეს. - პიპამ ამოიხვნეშა. - აი, დიმეოს კი მართლაც შემთხვევით შევხვდი და წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ ვინ იყო ეს ბავშვი. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იმ სიბოროტისგან უნდა დამეცვა და შენამდეც მოვედით. აი, სულ ეს იყო, რაც ასე ძალიან გაინტერესებდა.
- ღმერთმა ასე ინება.
- ჰო, ასე ინება. - პიპა კარისკენ გაემართა. მერე მობრუნდა და ბაბუს თვალებში მკაცრად ჩახედა. - დიმეოს ძალიან უყვარს ფიფო და მის ადგილს, ვერავინ შეუცვლის!
მოხუცმა უხმოდ დაუქნია თავი. ყველაფერი გასაგები იყო. ენაზე კბილი უნდა დაეჭირა და მეტჯერ აღარ უნდა ჩაძიებოდა ამდენი კითხვებით.
პიპასაც ცოტა გულზე მოეშვა. მშვენივრად აუხსნა მასპინძელს, თუ რატომ არ შეიძლება ასე სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ცოტაც საიდუმლოც გაანდო, ამით უფრო დაუმტკიცა ნდობა და მისი ზედმეტი ცნობისმოყვარეობაც ჩაახშო.
ახლა დრო იყო ფიფოსთვის მიეხდა. მიმის მშვიდად ეძინა. პიპამ ფრთხილად გამოიყვანა ჩვილი ოთახიდან და კვლავ მამამისს დაუწვინა გულზე.
ბავშვის გულზე დაწვენისთანავე, კომპიუტერმა ფიფოს მონაცემების აშკარა ცვლილება აჩვენა. გულის ცემა უფრო გაუხშირა, სუნთქვის რიტმიც შეეცვალა, თითქოს ფიფო მართლა რაღაცას გრძნობდა, მაგრამ რას?
და ეს უკვე აღარ იყო შემთხვევით...
LEX. 2024 წლის 2 აპრილი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment