Friday, February 2, 2024

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 159)

159.
პიპას მონაყოლით გაოგნებული მიმი ცრემლებს ვერ იკავებდა.
- იქნებ, აღარ გავაგრძელო. - შესთავაზა პიპამ. – ფაქტიურად უკვე ისედაც ყველაფერი იცი.
- ფაქტიურად კი, მაგრამ მაინც დეტალებში მინდა ვიცოდეთ, თუ რა გადაიტანა ჩემმა უმწეო შვილმა. - ქსუტუნებდა მიმი.
პიპამ ამოიხვნეშა. მიმის შემხედვარე, მართლა აღარ უნდოდა საუბრის გაგრძელება.
- მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთი მძიმე ამბების გახსენებაც და მერე ამის მოყოლაც. - არ ეშვებოდა მიმი. - მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ მინდა, რომ ბოლომდე გავერკვე რა ხდებოდა, თანაც დიმეოს ხომ არ მოვაყოლებ, არა?
- დიმეოსთვის ნამდვილად არ არის ამ ყველაფრის გახსენება საჭირო. - მიუგო პიპამ.
- და მერე? გააგრძელე.
- ამდენი ჭიდაობისგან ისე ვიყავი ენერგია გამოცლილი და საკუთარი ქცევისგანაც გაოგნებული. თანაც საკმაოდ ბევრი სისხლიც დავკარგე, მაგრამ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ პატარა ბიჭი უნდა გადამერჩინა, იქაურობას უნდა გამერიდებინა და ის კი ვეღარ მოვიფიქრე, რომ მაშინვე მონასტერში წამეყვანა. იქ ალბათ იტყოდა ვინც იყო და ბევრად მალეც იპოვნიდით. მე კი შტერივით დავადექით დაღმართს, ბარისკენ დავეშვი. ალბათ მეგონა, როგორც კი ამ მთას ჩავივლიდი, მაშინვე სოფელი დამხვდებოდა. ამ ციცაბო მთას კი ბოლო არ უჩანდა. უკვე გვიან მივხვდი, რომ ასე არ უნდა წამოვსულიყავი, მაგრამ დაღამებულზე, 
უკან მობრუნება გამორიცხული იყო და მაინც წინ მივიწევდით. ბარისკენ დაშვებულებს, რაღაც ხომ მაინც შეგვხვდებოდა, რომ გზის გაგრძელებამდე, ცოტათი მაინც დაგვესვენა.
- და რა უნდა შეგხვედროდათ, იმ ტყეში? 
- თუნდაც მეტყევის ქოხი, ან რაღაც მსგავსი. ტყეში ხეებს შორის თოვლი, უფრო დაბალზე იდო, ვიდრე გაშლილ ადგილას. შუა ტყეში მშიერი მგლებისა და ტურების გადაყრას, ისევ ტყის კიდეზე ვარჩიე სიარული. წამოსვლამდე მაგდენი კი მოვტვინე და გზად გარეულ ნადირს რომ არ დავეგლიჯეთ, მღვიმეში შევბრუნდი, ჯოხებზე ბლომად ნავთში დასველებული ნაჭრები მოვახვიეთ და ამ ანთებული ჩირაღდნებით მივიწევდით წინ, ძლივს ვაპობდით დიდ თოვლს და მაინც არ ვჩერდებოდით. იმ ციცაბო, ტყიანი დაღმართის მერე, შედარებით ვაკე ადგილას გავედით და ახლა ლამის ცამდე ასული, თოვლით დაფარული უსასრულო გაშლილი ტრამალი იყო წინ.
მიმიმ ამოიხვნეშა. პიპამ კი განაგრძო.
- ისე, დიმეოც მკვირცხლი აღმოჩნდა, მაშინვე შემომყვა მღვიმეში, რაღაცეები მოიმარაგა მათი ზურგჩანთებიდან. ფარანი და ბლომად ელემენტები, რამდენიმე სანთებელაც კი ჩაიდო ჯიბეში. მერე თივის ზვინიდან თავისი უმძიმესი ზურგჩანთაც გამოაძვრინა. ხელიც კი არ მახლებინა, სულ თვითონ ათრევდა.
- და შენ კი ხელში რომ გყავდა აყვანილი, ორივეს ათრევდი. - მდარე ღიმილით აღნიშნა მიმიმ.
- ასე გამოდის. - ჩაეღიმა პიპასაც. - ორმაგი ტვირთით ვიარე და...
- დაიცა. - შეაჩერა მიმიმ. - ის რატომ გამოტოვე, ბავშვი როგორ გამოიყვანე გარეთ და იქ ქალიც ხომ იყო?
- და სად გავჩერდი?
- და ის ბერიც მკვდარი დავინახეო...
- ჰო, ჰო. - თავი დაუქნია პიპამ. წამით იყუჩა და მერე ისევ განაგრძო. - მუხლებში თავჩარგული ბიჭიც იქვე იჯდა. მხოლოდ ერთხელ ასწია თავი და ისიც უაზროდ შემომხედა. აქეთ მკვდარი თხა ეგდო და იქით იმ ზვინში მიმალული მოხუცი ბერი.
- ვაიმე, რა დღეები გაგივლია, შვილო... - ამოიკვნესა მიმიმ.
- ბავშვი გაბრუებული ყავდათ, ათას სისაძაგლეებს ასმევდნენ და ამიტომაც იყო ასეთი თვალებით, უსიცოცხლო მზერა შემავლო.
- თავისთავად, ასეც იქნებოდა, რადგან ერთადერთი მისი მშველელი ბერიც აღარ იყო და სულ ჩამოყარა ყურები ჩემმა საწყალმა შვილმა.
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- და მერე? შენ როგორ უშველე? ესეც მომიყევი, უკვე ხომ გამოფხიზლებული იყავი.
- მერე? - პიპა წამით ჩაფიქრდა. - მაშინვე გამოვედი და ერთ ხანს უაზროდ ვიხეტიალე, თუმცა მღვიმის ახლო-მახლო ვიყავი და იქიდან შეუმჩნევლად ვერავინ გამოვიდოდა.
- კი მაგრამ, თუკი ის ბერი მკვდარი ნახე და საუბარსაც მოუსმინე, ბავშვი აღარ გვჭირდებაო, ხომ შეიძლებოდა მაშინვე იქვე მოეკლათ და შენ ვერ მოგესწრო?!
- მაგას გვიან მივხვდი და მაშინვე შევეჭერი! - განაგრძო პიპამ. - უკვე გადაწყვეტილი მქონდა ბიჭისთვის დამევლო ხელი და იქიდან წამეყვანა. მართლაც სულზე მივუსწარი, რადგან ის ქალიც უკვე სისხლში ცურავდა, მკვდარი ეგდო და ის კაცი კი ბავშვზე იწევდა, რაღაც წამით მივუსწარი და დავავლე ბიჭს ხელი და ბურთივით გარეთ მოვისროლე. ჰმ, კიდევ კარგი დიდი თოვლი იდო, თორემ სულ დაილეწებოდა, ისეთი ძალით მოვიქნიე, თურმე. ამაზე მერე კი ბევრი ვიცინეთ, როცა დიმეომ გამახსენა.
- და მერე?
- მერე რაღა გინდა? - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ძალა, მორევაზე იყო. ან ის ნაძირალა კაცი, ან ჩვენ ორივე!
მიმიმ ამოიხვნეშა.
- არც კი მახსოვს, ვის უფრო მეტჯერ მოხვდა მუშტი თუ ტყვია. - განაგრძო პიპამ. - თუმცა, ტყვია მხოლოდ მე მომხვდა, იმ კაცს ჰქონდა იარაღი. - პიპა გაჩუმდა.
- მერე? - ვეღარ ითმენდა მიმი.
- ბავშვსაც კი ესროლა იმ გარეწარმა.
- ვაიმე!
- წამით მოვასწარი და ხელი ძლიერად ვკარი დიმეოს, რომელიც სულ ცდილობდა ჩემთან ახლოს ყოფილიყო, მე კი თავიდან ვიშორებდი, ჩემი მაშინდელი ჭკუით, ხელს იმიტომ ვკრავდი, რომ იქაურობიდან შორს გამეშორებინა. ამას მერე დიმეო მიყვებოდა, თურმე რამდენჯერ გადავაგორე თოვლში.
- ჰმ.
- აქეთ იმ ნაძირალას ვებრძოდი, იქეთ ბავშვს ვიშორებდი, მინდოდა გაქცეულიყო და იქაურობას გაცლოდა და მართლაც სად უნდა წასულიყო იმხელა თოვლში, სადღაც ტყით შემოსილ მთის წვერზე მარტო პატარა უმწეო.
- ჩემი საწყალი და უმწეო...
- დიმეო კი ცდილობდა, რომ ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ტყვიას კი ავაცილე, მაგრამ ეტყობა სახესთან მაინც გაჰკრა, რადგან ლოყა ჰქონდა ზოლზე დამწვარი.
- ვაიმე, შვილო!
- თოვლი ხელში მოვჭყლიტე და ბავშვს სახეზე მივადე, წვას გაუქრობდა, თუმცა საერთოდ არც ეს მომენტი მახსოვს, ესეც დიმეომ მომიყვა.
- მერე?
- ალბათ, სწორედ იმ დროს, როცა ბავშვს თოვლით სახეს ვუგრილებდი, მაშინ გამიტეხა თავი, თოფის ტარით და ამის მერე უკვე რაღაც ბუნდოვნად გავარჩიე, თუმცა მანამდე ბავშვის არანორმალური წივილიც ჩამესმა.
- რა ხდებოდა? - ვეღარ ითმენდა მიმი.
- ბავშვს ძაღლივით მიათრევდა თოვლში. - პიპა კვლავ გაჩუმდა.
- დიმეომ მითხრა, ჩემი მთიდან გადაგდება უნდოდაო... - წაიჩურჩულა მიმიმ.
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- არც ის მომენტი მახსოვს, როგორ წამოვფრინდი და მივეჭერი. მეგონა ჩავაგდე, მოვიშორე ის საზიზღარი არსება, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ამოძვრა, ალბათ იქვე რამეს მოეჭიდა, ან უფსკრულის კედელი, რაღაც ტერასასავით იყო. ბოლომდე უჭირდა ამოძრომა და შველას ისევ ჩემგან ითხოვდა.
- ჰმ, მართლა რა ნაძირალა ყოფილა!
- ვიდექი და ზემოდან დავყურებდი, ის კი გაიძახოდა მილიონი, მილიონიო. ეს კი მართლა მახსოვს. - პიპა გაჩუმდა.
- მილიონი? - მიმიმ წარბები აზიდა და მაშინვე მიხვდა, ის გარეწარი კაცი, თავის გადასარჩენად იმ გამოსასყიდს სთავაზობდა, რაც მიმისგან მიიღეს.
- წარმოდგენაც კი არ მქონდა რა მილიონი, რის მილიონი, ან საერთოდ რას ნიშნავდა მილიონი. - განაგრძო პიპამ. - თავზე ვედექი და ის კი შველას, მილიონის სანაცვლოდ ითხოვდა. მილიონს ვერ მივხვდი, მაგრამ მაშინვე იმ აზრმა გამიელვა, რომ არავინ აღარ უნდა მომეკლა. ან ეს „აღარ უნდა მომეკლა.“ - ეს მაინც რას ნიშნავდა? ფიქრები და რაღაც შორეული მოგონებები ერთმანეთში მერეოდა. თან ამდენი ნაჭიდავები, ამდენი სისხლ დაკარგული და სრულიად ენერგია გამოცლილი და მით უმეტეს, ამდენი წელი აუტისტურ მდგომარეობიდან ჯერ კიდევ ნახევრად გამოუსვლელი, ისე სხარტად ვერც ვაზროვნებდი. ჰმ, თუმცა სხარტად კი არა, საერთოდ როგორ ვიყავი გონზე? თითქოს, რაღაცამ ჩამძახა კიდეც, არ შეიძლება კაცის მოკვლაო და ამიტომაც ჩვენდა საუბედუროდ, დავეხმარე კიდევაც, ხელი ჩავაწოდე და უკვე ზემოთ ამომძვრალმა კვლავ მესროლა.
- ნაძირალა!
- ეს კი ზუსტად მახსოვს, როგორ მაშინვე ვუშვი ხელი, ვედექი თავზე და მაინც არაფრით არ ვარდებოდა ძირს. მოჭიდებულიყო რაღაცას და კიდევ მილიონს გაიძახოდა მე კი რაც შემეძლო, ბოლო ძალა მოვიკრიბე და ხელებში მთელი ძალით ისე ჩავაჭირე ფეხი, რომ მისი თითების ძვლების ტკაცატკუცი დიდ ხანს მქონდა ყურებში! - პიპა კვლავ გაჩუმდა.
- მერე? - წაიჩურჩულა მიმიმ, როცა პიპას დუმილს ვეღარ გაუძლო.
- სადღაც უფსკრულიდან მილიონის ძახილი ექოსავით მეორდებოდა, მაგრამ უკვე მეც გონება მქონდა დაკარგული და სადღაც თითქოს სიზმარში ჩამძახოდა მისი ხმა. ჰმ, - პიპას მდარედ ჩაეცინა. - ეს კიდევ ერთი მკვლელობა იყო, შვილის გულისთვის და არა მარტო შვილის, პატარა უმწეო ბავშვის ჩაგვრისთვის გამოვასალმე სიცოცხლეს! კიდევ ერთი ნაძირალა მოვაკელი წუთისოფელს და მიმი, მიდი აბა განმსაჯე, კიდევ ერთი მკვლელობისთვის!
მიმიმ პასუხი ვეღარ გასცა, ანდა რა უნდა ეთქვა?
- პასუხი არ გაქვს ხომ? - ჩაეღიმა პიპას. - და რატომ არ მეუბნები, რომ ეს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა შვილის გადარჩენით კი დამთავრდა, მაგრამ მაინც მკვლელობა იყოო? თუ რადგან შენი შვილია, მაშინ ეს მკვლელობა დასაშვებია, არა? და სხვისი შვილის გულისთვის რომ ჩამედინა? თუ ის ბავშვი უმწეოდ არ ითვლება, რადგან არავისი არ არის? არავის არ სჭირდება და არც არავის უნდა იმ ბავშვზე იზრუნოს და ამიტომ არც მისი დაცვა არც არის საჭირო?!
- თუ კი ბრძოლა მართლაც გადარჩენისთვის იყო... - ჩურჩულით დაიწყო მიმიმ. - ის უკვე მკვლელობა აღარ არის.
- ჰმ. ესე იგი, მაინც აფექტის შემთხვევასთან ახლოს ვართ! თუმცა, მეტნაკლებად.
- ჰო, მაგრამ... - მიმი გაჩუმდა.
- რა, მაგრამ? - ჩაეძია პიპა. - იმის თქმა გინდა, რომ ეს ბოლო დანაშაულებრივი ქმედება ბევრად განსხვავდება იმ წინამორბედებისგან, არა?
- ჰო.
- მართალი ხარ! - მიუგო პიპამ. - სრულიად გეთანხმები! საკმაოდ განსხვავდება თავდაცვის გამო ჩადენილი და წინასწარგანზრახული მკვლელობა, თუმცა თემატიკა მაინც იგივე რჩება ჩემთვის და აღარ ჰქონდა იმ დროს მნიშვნელობა, როდის მოხდებოდა ნაძირალებისგან სამყაროს გაწმენდა.
- და ესე იგი, შენ მხოლოდ სამყაროს წმენდდი? - ირონიულად აღნიშნა მიმიმ.
- როცა კანონი მათ მხარეზეა და სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ცდილობს მის დაცვას და ამ უკანონობის აღმოფხვრას კი, ზოგჯერ ასეთი შედეგი მოჰყვება. - პიპამ წამით იყუჩა. - ფიფოს ვგულისხმობ.
- კი ვიცი, ფიფოც სწორედ მაგისთვის გაწირეს, მაგრამ შენ ბრძოლის მაინც სულ სხვა გზა ირჩიე.
- სულ სხვა გზა? ჰმ. - პიპას ჩაეცინა. - გინდა მითხრა, რომ უკანონო გზით ვიარე? და კანონიერ გზაზე მოსიარულე კი ქვემოთ პალატაში სიცოცხლისთვის იბრძვის მიმი!
პასუხად მიმიმ ამოიხვნეშა. პიპამ კი განაგრძო:
- იმას არ ვიტყვი, რომ ყოველი მსხვერპლი, პირადად ჩემს წინაშე იყო დამნაშავე, მაგრამ იმ სხვა ბავშვებმა რა დააშავეს, რომელთაც არც არავინ ესარჩლებოდა და ვერც ვერავინ იცავდა.
- და ამით, თავის გამართლებას ცდილობ?
- სულაც არა! - თავი გააქნია პიპამ. - უბრალოდ ხაზს ვუსვამ, თუ რატომ ჩავდიოდი ამას, რადგან არც გიჟი ვიყავი და არც ფსიქოპათი! მხოლოდ იმ ბინძურ სამყაროზე განაწყენებულმა და გულმოკლულმა ეს გზა ასე ვირჩიე. - პიპა წამით შეყოვნდა და ახლა უფრო გაბზარული ხმით განაგრძო. - აბა, რას წარმოვიდგენდი, ან საიდან უნდა მცოდნოდა, თუ რა სიურპრიზს მიმზადებდა სამყარო.
- თავიდანვე, თუ გეცოდინება, რა მოჰყვება იმ ამბავს, მაშინ არც იმ საბედისწერო ნაბიჯს გადადგამ.  - ჩაურთო მიმიმ. - და მაინც, არანაირად არ გამართლებ. - მიმი წამით შეყოვნდა. - შენს წარსულზე ვამბობ და არა იმ ორთაბრძოლაზე და არა იმიტომ, რომ იქ ჩემი შვილი იყო. მანდ სულ სხვა სიტუაციაში იყავი და მართლაც სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ იმ ძველ შენს ამბებს, არაფერი ამართლებს!
- თავს ნამდვილად არ ვიმართლებ და არც იმას ვმალავ, თუ რატომ ვაკეთებდი და...
- აღარ გვინდა მაგაზე. - შეაჩერა მიმიმ. - ისევ ის გააგრძელე, იმ მთიდან მერე როგორ ჩამოხვედით.
- ის გარეწარი რომ მოვიშორეთ, მაშინვე გონება დავკარგე. - განაგრძო პიპა. - მერე რაღაც ცივი და თანაც ძალიან სასიამოვნოდ პატარა გაყინული თითები ვიგრძენი შუბლზე. თვალი რომ გავახილე, ისევ საკუთარი თვალები დავინახე. ისევ ჩემი ბავშვობა მიყურებდა და ამჯერად უკვე მისი იმედიანი მზერა, მთელი შემართებით მამხნევებდა.
- დიმეო მიყვებოდა, რომ თავი ჰქონდა გატეხილიო და თოვლის გუნდით გავუჩერე სისხლიო.
- ჰმ, მასეც იყო. - ჩაეღიმა პიპას.
- მერე? - არ აცლიდა მიმი ამოსუნთქვას.
- მოვდიოდით და მოვცურავდით თოვლში. - პიპამ ამოიხვნეშა. - ალბათ, მართლა ბედი იყო, თორემ კიდევ რამდენიმე დღე რომ გვევლო, ბავშვს დავღუპავდი. ისედაც არც ვიცი ზუსტად რამდენი ვიარეთ. ორჯერ კი და დაგვიღამდა გზაში.
- თან შენ დაჭრილიც ყოფილხარ. - აღნიშნა მიმიმ.
- კიდევ კარგი, ძალა მანამდე არ გამომეცალა, სანამ იმ სახლამდე არ მივაღწიეთ.
- და მაინც, საოცარია. - უკვირდა მიმის. - ასე როგორ მიადექით.
- ერთადერთი მიზანი მქონდა, რომ სადმე ქვემოთ ბარისკენ რაღაც მაინც ხომ გამოჩნდებოდა და მოვდიოდით, თოვლს მოვარღვევდით და არაფერი ჩანდა. მხოლოდ მთვარის შუქზე განათებული თეთრი ზოლი ეშვებოდა ქვემოთ და ჩვენც მას მივყვებოდით. უკვე ვგრძნობდი, რომ არ მოვიქეცი სწორად, მაგრამ იმდენი ვიარეთ, უკან მობრუნებას აზრი აღარ ჰქონდა, სხვანაირად კი მონასტრის გზას ვერ მივაგნებდი. ჰმ! - პიპამ თავი გააქნია. - როგორც კი გამოვფხიზლდი, თითქოს მაშინვე დავკარგე ორიენტირება. მართლა საოცარი იყო, უკვე ყველაფერი მესმოდა. ყურს ვუგდებდი ტურებისა და დამშეული მგლების ყმუილს და ჩვენი ჩირაღდნებით ახლოს მოკარების საშუალებას არ ვაძლევდი, მაგრამ მოულოდნელად ტურის კივილსა და მგლის ყმუილს შორის, ძაღლის ყეფის ხმაც შეერია და მაშინ ვერ გავიგე, მომეჩვენა თუ მართლა იყო. საიდანაც მომესმა უფრო იქითკენ ვიწევდი, მაგრამ უკვე აღარაფერი მესმოდა. ერთი კი ვიფიქრე რომ შევცდი და ასე არ უნდა წამოვსულიყავი, თუმცა უკვე ვაკეზე ვიყავით დაშვებული მაგრამ მაინც, არანაირი სასიცოცხლო ნიშანწყალი არ ჩანდა. მერე უცებ ძალა მოვიკრიბე და რამდენადაც სუნთქვა მეყო, იმდენად მთელი ძალით ჩავბერე და დავუსტვინე და შენ წარმოიდგინე, არც შევმცდარვარ. ახლა დიმეომაც გაიგონა ყეფა, თუმცა ძალიან შორიდან სუსტად ისმოდა, მაგრამ მაინც გაგვიხარდა. ძაღლის ყეფა სოფლიდან იქნებოდა აბა ტყიდან ხომ არა. მერე უკვე აღარ მახსოვს როგორ მივაღწიეთ იქამდე და ჭიშკარი რომ დავინახე უკვე გავითიშე.
მიმიმ ამოიხვნეშა. პიპამ კი განაგრძო:
- დიმეო, ჩვილი ბავშვივით მივლიდა. თავისი ხელით მაჭმევდა, სიცხესაც მიზომავდა თავისი პაწაწინა თითებით. ღამით ჩუმად გადმოიპარებოდა ჩემს საწოლში, ჩამეხუტებოდა და ასე იძინებდა. სიამის ტყუპივით იყო ჩემზე მოწებებული.
- და მერე თუ ასე გენდობოდა, როგორ არ გითხრა ვინც იყო?
- იმ ვეტერინარ ბაბუს ყოველთვის აინტერესებდა ჩვენი ვინაობა და რამდენიც დიმეოს შეპარვით ჩამოუგდო დედაზე სიტყვა, იმდენი ბავშვი ცრემლად დაიღვრა. ბაბუმ ჩათვალა, გარდაცვლილ დედას დარდობსო, მამად კი მაინც მე მივაჩნდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ავუხსენი, არაფერი მაკავშირებდა ამ ბიჭთან და მაინც არ სჯეროდა. მე კი თავს მაინც დამნაშავედ ვთვლიდი რომ ბავშვის დაობლებაში მქონდა მონაწილეობა მიღებული, თუმცა ნაწილობრივ. ოდნავ იმით ვიმშვიდებდი თავს, რომ იმ ქალისთვის ხელიც არ მიხლია. ამიტომ, გადაწყვეტილი მქონდა, ბავშვი რომელიმე კარგ ოჯახში მიმეყვანა, სადაც შვილად მიიღებდნენ და სითბოსა და სიყვარულში გაზრდიდნენ. ამავე დროს, კატეგორიულად გამოვრიცხავდი ბავშვთა სახლს, მაქეთ არასდროს გავახედებდი. თუმცა, იმ პერდიოდში არც კი ვიცოდი, თუ რატომ ვერ ვიტანდი ბავშვთა სახლის ხსენებასაც კი.
- მეხსიერება კიდევ არ გქონდა დაბრუნებული?
- ფაქტიურად არც მქონდა და რაღაც არც შინაგანად ვილტვოდი, რომ რამე მაინც გამეხსენებინა. თითქოს ახლა დავიბადე, ამ ასაკის და ახლა ვიწყებდი ცხოვრებას. იმ ბაბუმ ისიც კი შემამჩნია, როგორი განათლებული ვყოფილვარ თურმე. რატომღაც პროფესორს მეძახდა და მეც ვიცოდი, რომ ასე იყო, მაგრამ არც ჩავუღრმავდი თუ რატომ. დიმეოს როცა ვამეცადინებდი, წიგნის იქეთ, მერე ჩემისეულ ახსნას ვურთავდი და ის კაციც გაოგნებული მისმენდა. ეს რამდენი რამ გცოდნიაო. და საიდან ვიცოდი? არც დავფიქრებულვარ. უბრალოდ, ვიცოდი და მორჩა. ასე იყო, მაშინაც, გომურში თივაში შენახული პიანინო რომ აღმოვაჩინეთ. თურმე დაკვრაც მცოდნია და ნოტებსაც მშვენივრად ვუწერდი ბავშვს.
- მართლა საოცარი იყო დიმეოს დაბრუნება. - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ. - იმის მაგივრად რომ გატაცებული ბავშვი, დათრგუნული და ფსიქიკაშერყეული ყოფილიყო, ამ დროს კი პირიქით, არათუ ჩამორჩა სწავლაში, არამედ რამდენიმე კლასით წინაც კი დასვეს! და არც მუსიკაში დასჭირვებია ზედმეტი გაკვეთილების აღება.
- ეგ უკვე ნიჭია, მისი პირადი დამსახურებაა. - მიუგო პიპამ. - რაც არ უნდა ზედმეტად ასწავლო, თუ არც სწავლის სურვილი აქვს და არც ნებისყოფა და ნიჭი მოსდევს, ბევრი არაფერი გამოვა.
- კი მაგრამ, ამდენი თვის მანძილზე, მაინც როგორ არ დასცდა ერთი სიტყვა ჩემზე ან ფიფოზე? - ნაწყენი ტონით ჰკითხა მიმიმ.
- ბიჭს ისე აუბნიეს თავგზა და მოატყუეს, რომ მშობლები და სხვა ახლობელი ნათესავები ცოცხლები აღარ ჰყავდა, სახლიც აღარ ჰქონდა და ახლა მას ეძებდნენ მოსაკლავად და ეს ხომ იცი, მიმი? დიმეომ ეს მაინც არ მოგიყვა?
- ჰო, ჰო. - თავი დაუქნია მიმი. - კი, ეგ მომიყვა, მაგრამ მაინც მიკვირს, ნუთუ ან სახელი მაინც როგორ არ თქვა ჩვენი რომელიმესი?
- ალბათ, ჩაიკეტა თავის თავში. ყველაფერი მის პატარა წარსულში ჩარაზა და ახლა ჩვენთან ერთად ახალ ცხოვრებას ისეთი შემართებით შეუდგა, რომ დღემდე მიკვირს. სულ ერთი ციდა ბიჭმა ამდენი გამოიარა და მაინც როგორ მედგრად იდგა.
- ჰმ. ჩემი ვაჟკაცი. - ჩაეღიმა მიმის. - და მერე? როგორ გაარკვიე, რომ ჩვენ ყველანი ცოცხლები ვიყავით და ბავშვს გამწარებულები ვეძებდით?
- როცა გადავწყვიტე ბავშვის კარგ ოჯახში დაბინავება, დავიწყე სოფელ-სოფელ ხეტიალი, დღიურ მუშად ვეხმარებოდი და სანაცვლოდ ძირითადად უფრო წიგნებსა და ბავშვისთვის ტანსაცმელს ვართმევდი. თან ვაკვირდებოდი, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ იმ ოჯახის წევრებს ერთმანეთში. ეს განზრახვა ვეტერინარ ბაბუსაც გავუმხილე და კინაღამ გაგიჟდა კაცი.
- რატომ?
- ეს ბიჭი თუ ასე სხვებისთვის გემეტება, მაშინ მე დამიტოვეო. მერე მეც იმდენი მელაპარაკა, რომ ბოლოს და ბოლოს დამითანხმა და ერთად შევუდექით ბავშვის აღზრდას. ამის მერე, უფრო სერიოზულად შევუდექით სწავლას. ჩვენი ბაბუც კი თუ სადმე მოხვდებოდა, ნებისმიერი წიგნი მოჰქონდა ჩვენთვის. გაოგნებული ვიყავი, ბავშვი ღრუბელივით იწოვდა ახალ ცოდნას და ამაშიც საოცრად მგავდა. ჩემს თვალწინ, ჩემი პატარაობა იზრდებოდა ჩემივე ხელში. თითქოს ბოლომდე მენდობოდა, გამუდმებით ვსაუბრობდით, ათას კითხვას სვამდა. ყველაფერი უნდოდა რომ სცოდნოდა, მაგრამ კრინტსაც კი არ ძრავდა საკუთარ წარსულზე. საოცარი იყო, სიტყვაც კი არ დასცდენია და მაშინ ეს სულაც არ მაკვირვებდა. აბა რაში სჭირდებოდა ასეთ ანგელოზ ბავშვს, იმ საზიზღარი და ნაძირალა მშობლების გახსენება.
- ჰმ.
- და მაინც მისი მშობლები იყვნენ. - პიპამ ამოიხვნეშა. - მე მასეთებიც კი არ მყოლია და მხოლოდ ის გამახსენდა, თუ როგორ ვნატრობდი, რომ ოჯახი მქონოდა, იქ მეცხოვრა, რომელსაც ჩემი სახლი ერქმეოდა და თუნდაც ნებისმიერი მშობლები მყოლოდა.
- და მხოლოდ ნატვრა გაგახსენდა და რატომ ნატრობდი, ან სად იზრდებოდი მაგას ვერ იხსენებდი?
- მხოლოდ ნატვრა მახსოვდა და აღარც ჩავეძიე საკუთარ ფიქრებს, თუ რატომ მახსოვდა ასე. თითქოს მეც ამ პატარა ბიჭივით ჩავკარგე განვლილი ცხოვრება და საბოლოოდ გადავუსვი ხაზი იმ ბურუსით მოცულ წარსულს. დარწმუნებული ვიყავი, ამ ბიჭსაც კარგი არაფერი ახსოვდა მათგან და აღარც მე ჩავეკითხე ზედმეტად. ან ასეთი მშობლების ხელში კარგი რა უნდა ჰქონოდა გასახსენებელი? ჩემივე ხელით დაობლებული ბიჭისთვის კი, ახლა უკვე ვალდებულიც ვიყავი თავადვე მიმეხედა.
- საოცარია. როგორ მართლა ერთი სიტყვაც არ დასცდენია ჩვენზე. - მიმი კვლავ გაოგნებული უსმენდა პიპა კი განაგრძობდა.
- როგორღაც შევამჩნიე, რომ ბავშვი ჩანთას ხშირად სამალავს უცვლიდა. ეს თავიდანვე თვალში მომხვდა, რატომ უნდა გადაემალა სასკოლო ზურგჩანთა ასე, როცა წიგნებს უკანვე ჩალაგება-ამოლაგება არც იყო საჭირო. სამეცადინო კუთხე ისე კოხტად მოუწყო ბაბუმ. პატარა მაგიდითა და მის ზემოთ თაროებით. ეს ბავშვი კი სასკოლო ზურგჩანთას რაღაც განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა. ან რისთვის უნდა დაემალა ასე ცარიელი ჩანთა? ცხადი იყო, წიგნების გარდა, კიდევ რაღაც ჰქონდა წამოღებული პატარას. თავიდან მეღიმებოდა. ალბათ, იმ მშობლებმა, გაქცევის დროს, ბავშვს აუკრძალეს არასაჭირო ნივთის სახლიდან წამოღება, როცა საცხოვრებელს ტოვებდნენ და ბავშვმა მაინც მოახერხა. ვფიქრობდი, ბიჭი რაღაც პატარა საიდუმლოს მალავს-მეთქი და აზრადაც არ მომსვლია ჩანთის გაქექვა. ერთ დღეს უთენია, ბაბუ როგორც კი გარეთ გავიდა, ჩუმად ადგა დამხედა. ძლივს შევიკავე ღიმილი და როცა დარწმუნდა რომ ღრმად მეძინა, ისევ შეუცვალა სამალავი ჩანთას. ეგონა ჯერ კიდევ მეძინა და ვერაფერი შევამჩნიე. რაღაცნაირად დავინტერესდი, ნეტა რა უნდა ყოფილიყო ასეთი. გადავწყვიტე, ჯერ ბიჭისთვის მეკითხა, პირადად მისგან მინდოდა სიმართლის გაგება, მაგრამ ეზოში იმდენი საქმე იყო, რომ დღის განმავლობაში სულ გადამავიწყდა. მალე გაზაფხულიც დადგებოდა, ჩვენ უკვე სამნი ვიყავით ოჯახში და სარჩოც მეტი გვჭირდებოდა. თავს არ ვზოგავდით ისე ვამუშავებდით მიწას, სამივე ერთად. ერთ ღამეს კი ის საშინელი კაცი მესიზმრა. ზუსტად ისე, როგორც ბოლო წამებში ვნახე, ეშვებოდა უფსკრულში და იქიდან ამოძახილი ექო ყურებში ზარივით მესმოდა. მილიონი... მილიონი... რა მილიონი? მაშინვე საწოლზე წამოვჯექი. ყველას ეძინა. ახლა უფრო მეტად დავშინდი. ვიფიქრე, ბავშვს რაღაც საშიში ნივთიერება ან სულაც იარაღი ხომ არ ჩააბარეს და ისიც ასე უფრთხილდებოდა. ისედაც ცხადი იყო, ბიჭი ხშირად ნარკოტიკებით ჰყავდათ გაბრუებული და არც წამლის შენახვა გამოვრიცხე.
- ღმერთო ჩემო! - შეიცხადა მიმიმ. - ალბათ ისიც იფიქრე, რომ ბავშვს კურიერად იყენებდნენ.
- რა თქმა უნდა! ბუნებრივია, რომ მასეც ვიფიქრე. - კვერი დაუკრა პიპამ. - და ისევ მისივე უსაფრთხოებისთვის გადავწყვიტე, რომ როგორმე, ჩანთა უნდა გამეჩხრიკა. ფეხაკრეფით მივადექი სამალავს. ზურგჩანთას ხელი დავავლე თუ არა, საკმაოდ მძიმე მომეჩვენა. გამიკვირდა, მთელი სასკოლო წიგნები ამოლაგებული ჰქონდა და ეს ჩანთა ასეთი მძიმე რატომ უნდა ყოფილიყო? ასე რას უნდა დაემძიმებინა? და ახლა უფრო მეტად დავინტერესდი. ეზოს ბოლოს გავიტანე, თან სულ უკან-უკან ვიხედებოდი, არ მინდოდა ბავშვს თავისი ჩანთის ჩხრეკაზე წამოესწრო ჩემთვის. ძალიან ფრთხილად, სულ ოდნავ გამოვუხიე კუთხე და მაგრად შეკრულ, რამდენჯერმე ფენაში გადახვეულ ფუთა ფულით იყო გამოტენილი.
LEX. 2024 წლის 19 იანვარი, პარასკევი. 
https://www.facebook.com/photo?fbid=936142071403540&set=a.2298245753751042

No comments:

Post a Comment