Thursday, September 9, 2021

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 124)

124. 
დიმეოს საშინლად არ უნდოდა სკოლაში წასვლა. ზლაზვნით წამოდგა და თან საკუთარ თავზე მოსდიოდა გული, ასე ღრმად როგორ დაეძინა და სხვენში ასვლის გეგმაც, ასე უაზროდ როგორ ჩაეშალა. ახლა კიდევ ერთი ღამის დადგომას უნდა დალოდებოდა და მანამდე, მოთმინებით უნდა აეტანა ყველა და ყველაფერი, განსაკუთრებით კი, სკოლა.
ძანემაც თავი წამოჰყო და შეწუხებული სახით ადევნებდა თვალს, როგორ ბუზღუნ ბუზღუნით იცვამდა დიმეო. მერე წამოხტა და უკვე კართან მისულს სირბილით მიეჭრა. 
- მოხვალ? - ისეთი სასოწარკვეთილი სახით ჰკითხა ძანემ, რომ თითქოს დიმეო სკოლის ნაცვლად, სადღაც ომში მიდიოდა. 
დიმეომ ჯერ დედას გახედა, აბა რას იტყვისო. 
- ჰო, აბა? ზუსტად ჩემს ჭკუაზე დადიხარ! - მიმის ჩაეღიმა და მერე ნაღვლიანად დასძინა. - ასე ძალიან გიყვარს დე, აქ ყოფნა? 
- აბა, იქ ბებიებთან რა ვაკეთო? - აწუწუნდა ბიჭი. - ყველაზე და ყველაფერზე სულ შენიშვნებს მაძლევენ! 
- საწყალი ბიჭი, როგორ მიტანჯავენ! - გულიანად გაეცინა მიმის. 
- მართლა! - კოპები შეკრა დიმეომ. - კომპიუტერი მარტო ერთი საათითო და ისიც არც მაცლიან წესიერად, მერე მობილური რად გინდა სულ ხელში რომ გიჭირავსო, ტელევიზორი დიდ ხანს ნუ გაქვს ჩართული, მაინც კარგს არაფერს უჩვენებენო, ამდენი გამოსხივება რა ამბავია, არ შეიძლებაო! მერე ამდენი წიგნის კითხვაც თვალებს გატკენსო. ეზოშიც კი სულ ცოტა ხნით მიშვებენ და თანაც, ყოველ წუთს მეძახიან! 
- ვააა! - გაიკვირვა ბაბუმ. - აბა, რა გააკეთეო? 
- მოდი ჩვენთან დაჯექი, ვილაპარაკოთო და რაზე ველაპარაკო? 
ყველას გაეცინა. 
- დიმე, აქ ლაპარაკზე კი არ არის დედი, საქმე. - დაუყვავა მიმიმ. - უბრალოდ, შენთან ურთიერთობა უნდათ და მესმის შენიც და მათიც. რა ქნან აბა, როცა ასე ძალიან უყვარხარ. 
- მეც მიყვარს! განა არ მიყვარს? მაგრამ დიდი ხნით, ვიწყენ იქ. - დიმეომ ყურები ჩამოყარა. 
- შენ მამიკო გენატრება და ჩვენი სახლი. - მიმი ბიჭს მიეალერსა. 
- ჰოდა, მანამდე იყოს აქ. - დიმეოს დასაცავად ჩაერია ბებია. - შენც ხომ ხედავ? აქ ძანესთან ერთად, უფრო აყოლებს გულს ბავშვი. 
- მაშინ, ყოველდღე ივლის სკოლაში! - ულტიმატუმი წამოუყენა მიმიმ. - არ შეიძლება ამდენი გაცდენა, თანაც წლის ბოლოა. 
- პროგრამა ისედაც გავლილი მაქვს და... - წაიბურდღუნა ბიჭმა. 
- სამაგიეროდ, ბევრი გაცდენა გაქვს. - არ თმობდა მიმი. - და შევთანხმდით, ივლი სკოლაში და... 
- დე, მგონი ვაგვიანებთ? 
პასუხად მიმის გაეცინა. 
გზაში დიმეოს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ სანამ მანქანა იმ ქუჩაზე ჩაუხვევდა, სადაც მისი სკოლა იყო, მანამდე სთხოვა დედას, გამიჩერეო. 
- და მიგიყვანდი, ბარემ! რაღა დარჩა? - გაუკვირდა მიმის. - იმიტომ კი არ გაკითხავ მანქანით, რომ ასე შუა გზაზე ჩამოგსვა. 
- დეე, გთხოვ, რაა. - შეევედრა დიმეო. - ერთ ბიჭს უნდა გავუარო, სკოლასთან ცხოვრობს და ბარემ ერთად მივალთ! 
- შენი მეგობარია? - მიმის ძალიან გაუხარდა, რადგან ბიჭი სკოლაში ვერავისთან მეგობრობდა. 
- არა, მაგრამ ვნახოთ! 
- ესე იგი, ჯერ არა. - მაინც უხაროდა მიმის. - ძალიან კარგი. 
მიმიმ მანქანა შეაჩერა და სანამ ბავშვი კარს გააღებდა და მანქანიდან გადავიდოდა, მიმი უკანა სავარძლიდან ცოტა მოზრდილ, შეფუთულ ყუთს დაწვდა და ბიჭს ღიმილით გაუწოდა. 
- აი, ჩაიდე ჩანთაში. 
- ეს რა არის? - დიმეომ ფუთა შეათვალიერა. აშკარად იმაზე მოზრდილი იყო, ვიდრე სხვა დროს ატანდა დედა. - ამხელა ყუთი რად მინდა? 
- ლანჩი ორმაგი გაგიმზადე, შენც გეყოფა და სხვაც დანაყრდება. 
- ვინ სხვა? - დიმეო, ცოტა არ იყოს შეცბა. 
- აბა, მე რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - დაპატიჟე შენი ახალი მეგობარი. 
- აა, ხო. - აშკარად გულზე მოეშვაო ბიჭს და მანქანიდან გადავიდა. 
მიმის არაფერი გამოჰპარვია. მშვენივრად შეამჩნია, დიმეო ჯერ როგორ შეცბა და მერე აშკარად, როგორ მშვიდად ამოისუნთქა. ღიმილით გააყოლა ქუჩაზე მიმავალ ბიჭს თვალი და ამ დროს, რაც დიმეოს არასდროს არ უქნია, სვლა შეანელა და უკან გამოხედა დედას. 
- ეს ლაწირაკი ბავშვი, მგონი ჩემს წასვლას უცდის? - ჩაილაპარაკა მიმიმ. - აბა ერთი დამაცადოს! 
მიმიმ მანქანა დაძრა და იქვე მეორე ქუჩაზე ჩაუხვია. მერე მანქანიდან გადმოვიდა, ფეხით მივიდა იმ კუთხემდე, სადაც ბიჭმა გადმოსვლა ითხოვა. დიმეო კი ისე მიიწევდა წინ, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, დედა თუ ედგა კვალში. 
არ მისული სკოლამდე, ერთ პატარა ქუჩაზე შეუხვია. მიმი გაოცებული ადევნებდა თვალს. ბიჭი ერთ ადგილას შედგა. ჩანთა გახსნა და იქიდან რაღაც ამოიღო. მიმი დაძაბული შეჰყურებდა. წამით ისიც კი გაიფიქრა, ლანჩს ხომ არ ტოვებს სადმეო, მაგრამ ბიჭმა კედელზე, რაღაც წარწერა გააკეთა. ცარცი კვლავ ჩანთაში შეინახა და უკანვე, ამჯერად სკოლისკენ გამობრუნდა. მიმი კედლის კუთხეს ისე ამოეფარა, რომ დიმეოს არაფერი შეუნიშნავს. 
„ჰმ. საკუთარი ცარცითაც დადის სკოლაში?“ 
ჩაეღიმა მიმის. 
„წინასწარაც ჰქონია მომზადებული ბიჭს და ნეტა ერთი რა დაწერა?“ 
მიმი ახლოს მივიდა. დიმეოს, რაღაც მათემატიკური ფორმულა დაეწერა კედელზე, საკმაოდ შესამჩნევ ადგილას. მიმი ამასაც დაუკვირდა და იმასაც მშვენივრად მიხვდა, ბიჭი ამას ტყუილად არ გააკეთებდა. 
(4+70+300+10/70) :) 
კიდევ კარგი, მობილური თან ჰქონდა და ფოტოც გადაუღო იმ ნაწერს, მაგრამ რა იყო ეს? და რატომ აქ და არა სკოლაში? 
„ვითომ, უბრალო ჩვეულებრივი მაგალითია? თუ რაღაცის ფორმულაა, რომელიც მათემატიკაში, თუ ბევრს არაფერს ნიშნავს და რაღაც კოდური სიტყვაა? და თუ ფორმულაა, მაშინ? რა უნდა ამ კედელზე? ვისთვის დაწერა? რას ხლართავს ეს ჩემი შვილი, ერთი გამაგებინა.“
ფიქრობდა გაოგნებული მიმი და როგორც ყოველ დილით, ახლაც ფიფოსთან მიიჩქაროდა, სადაც ნებით თუ უნებლიეთ ჩუკისაც იქ ხვდებოდა. უფრო ხშირად მიმი ურეკავდა და ჩუკიც, მართლაც წინასწარ დაბარებულივით, ძალიან მოკლე ხანში ჩნდებოდა იქ. 
მიმის ადრე მოუწია მოსვლა. ფიფოს დილის პროცედურებს უტარებდნენ, ამიტომ კარგა ხანს მოუხდა გარეთ ცდა და არც ჩუკი ჩანდა ჯერ. მიმი იმ მინაწერს ჩაუჯდა, თუმცა ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნა. ხან შეკრიბა, ხანაც გაყო და გადაამრავლა, მაგრამ აზრი მაინც ვერ გამოიტანა. 
ჯერ კიდევ კლინიკის ეზოში იჯდა, რომ მოულოდნელად დაინახა, თუ როგორ გამოვიდა ონკოლოგიური განყოფილების კორპუსიდან ჩუკი. ხელში რაღაც დიდი, განიერი პაკეტი, თუ უზარმაზარი საქაღალდე ეჭირა. ადვოკატი, საკმაოდ შორს იყო, დაყვირებას და ღრიალს, მიმიმ ისევ დარეკვა ამჯობინა და ჩუკიმაც მაშინვე გააგონა. 
- ახლა გამოვდივარ სახლიდან და მალე ვიქნები ფიფოსთან. - უპასუხა ჩუკიმ და იქვე ვიღაცის მანქანაში ჩაჯდა. 
მიმი გაკვირვებული დარჩა. მაინც რატომ უნდა მოეტყუებინა ჩუკის? ის ხომ მათი მეგობარი იყო? ან რა იყო იქ დასამალი? შეეძლო სულაც სხვანაირად ეთქვა. 
„იქნებ, ვინმეს მოაკითხა? ონკოლოგიურში უწევს და მალავს? და მერე? რა არის აქ დასამალი?“ 
მიმიმ საშინლად მოიწყინა და ისევ ფიფოს პალატაში შესვლამ და გულის მოოხებამ ცოტათი მაინც დაამშვიდა, თუმცა სიმშვიდემდე ჯერ კიდევ ბევრი უკლდა. 
ცოტა ხანში, ჩუკიც მოვიდა. ხელში ის დიდი პაკეტი აღარ ეჭირა. ერთი კი დააპირა მიმიმ, ვეტყვი რომ დაგინახეო, მაგრამ მერე, რატომღაც თავი შეიკავა და ახლა მთელი ყურადღება, იმ კედელზე მიწერილ ფორმულაზე გადაიტანა. 
- ეს რომ სკოლის რვეულში მენახა, არც მივაქცევდი ყურადღებას. 
- ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ მაგალითს გავს. - მიუგო ჩუკიმ. - მაგრამ ეს გაყოფა ბოლოში რაღას ნიშნავს? დავუშვათ, შევასრულეთ ეს ფრჩხილებში ჩასმული მოქმედება და მერე გავყოთ, მაგრამ რაზე გავყოთ? 
- ვერც მე ვხვდები. - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ისე, ძანეს ბაბუ კი არის, კარგი მათემატიკოსი, მაგრამ მერე დიმეომ რომ გაიგოს? 
- და ამხელა კაცს, რომ უთხრა, არ გამცეო, რა? მაინც ჩაგიშვებს? - გაეცინა ჩუკის. 
- ხშირად ბიჭებს ამეცადინებს და იქნებ, სულაც თავად ასწავლა ეს კოდებია, თუ ფორმულები? 
- მაშინ, თუ არ ჩაგიშვებს, დიმეოს დაუწყებს გამოკითხვას და ისიც მიხვდება, რომ სადღაც დედიკოს ხელი ურევია. 
- ჰმ, დიახაც, მიხვდება! ხომ კარგად გაიცანი? როგორ დაქოქილი ბიჭიც მყავს. - ღიმილით გააქნია თავი მიმიმ. 
- იცი, რა ვიფიქრე? 
- აბა, რა იფიქრე? - კვლავ ჩაეღიმა მიმის. 
- ძანეს აჩვენე! 
- ძანეს? - ჩაფიქრდა მიმი. 
- ჰო! ისე აჩვენე, რომ იმ მომენტში არავინ დაგინახოს. უბრალოდ შეახედე და მის რეაქციას კარგად დააკვირდი. 
- ისე, მართალი ხარ. - კვერი დაუკრა მიმიმ. - არ მგონია, რომ ძანემ, დიმეოს დეტალებში მოუყვეს, მიმიმ რა მაჩვენაო. 
- ჰოდა, მაგიტომაც! - მიუგო ჩუკიმ და მერე კვლავ ნაწერს ჩააკვირდა. - ნეტა მაინც, რას უნდა ნიშნავდეს? თუ ეს ციფრები ასოებს გამოხატავს, მაშინ ჩვენი ანბანის მიხედვით, ეს 70 და 300 რაღას ნიშნავს? 
- უნდა გავარკვიო! - მიმიმ მძიმედ ამოისუნთქა. - სხვანაირადაც უნდა გავარკვიო! აი, გალეოსაც ვთხოვ, იმ ადგილას ვინმე თუ მივა ეს დღეები, ქუჩის კამერებიდან უნდა ამოვაღებინო. 
- მშვენიერი აზრია! - მოუწონა ჩუკიმ. - შეიძლება იმ ნაწერს, სხვა ვინმემ, პასუხიც კი მიუწეროს. 
- ჰო, არც ეგ არის გამორიცხული! - დაეთანხმა მიმი. - მაგასაც გავარკვევ და თუ მაინც ვერაფერი გავიგე, ავდგები და ბოლოს და ბოლოს პირდაპირ ვკითხავ! მართლა და მართლა, რვა წლის ბავშვის კი არ მეშინია! 
- ეგ, ნამდვილად არ ივარგებს. - თავი გააქნია ჩუკიმ. - შეეცადე, დიმეომ არც არაფერი გაგიგოს, თორემ საბოლოოდ დაკარგავ მის ნდობას, თანაც ისე რომ ყოველთვის შეეპარება ეჭვი შენში, შენს ერთგულებაში, შენგან უნდობლობაში და ეს მომავალში ძალიან გაგიფუჭებთ ურთიერთობას. 
- მართალი ხარ. - ამოიხვნეშა მიმიმ. 
- და დიმეო უკვე რვა წლის არის? - გაკვირვებით იკითხა ჩუკიმ. 
- მალე გახდება. ჯერ ჩემი დაბადების დღე მოდის და მერე... - მიმი გაყუჩდა. - ანდა, რომელი დაბადების დღე? - მიმიმ ღრმად ამოიხვნეშა. - ნეტა მართლა, როდის დავიბადე? 
- სადღაც იანვარში. - ღიმილით მიუგო ჩუკიმ. 
- ჰო, ალბათ. - ჩაეღიმა მიმისაც. - სადღაც იანვარში. 
ერთ ხანს, დუმილი ჩამოვარდა. მერე მიმიმ ძანესთან წასვლა შესთავაზა. დიმეოს მოსვლამდე უნდა მოეხერხებინა მიმის იმ კედელზე მინაწერის ჩვენება და სანამ ჩუკი მოხუცების ყურადღებას მიიპყრობდა, მიმიც მაშინვე დროს იხელთებდა. 
- დადგა უკვე გაზაფხული და ბიჭებს მინდა ახალი კედები ვუყიდო. - გამოაცხადა მიმიმ და მობილურ მომარჯვებული, პირდაპირ ძანესკენ წავიდა. - აბა, ამოირჩიე, რომელი გინდა და ის გამოვიწეროთ. 
- მიმი, შვილო, ზედმეტად რატომ იხარჯები. - წუხდა ბებია. - ისედაც ამდენი ხარჯი და გასავალი გაქვს. ფეხსაცმლის მეტი რა აქვს, ძანეს?! 
- განა ვინმე მაძალებს? - ღიმილით მიუგო მიმიმ. - და ერთი კედები რაღა გახდა, რომ ჩემს ბიჭებს ვერ ვუყიდო. 
- უი, ეს რამდენი სურსათი მოგიტანია, ამდენი რამ როგორ ამოათრიე კიბეზე? მერე შენთვის შეიძლება მძიმის თრევა? - ზედიზედ მიაყარა ქალმა. 
- ჩუკიმ ათრია. - გაეცინა მიმის. 
- შენც მანქანით ხომ არ ხარ? - ჩაეკითხა სტუმარს ძანეს ბაბუა. 
- დიახ, მხოლოდ მიმის მანქანით. - გაეცინა ჩუკის.
- ნეტა ვიცოდე, რატომ ეკითხები. - ირონიით მიუგო ბებიამ. 
კაცმა არაფერი უპასუხა და კონიაკიანი, პატარა გრაფინი გამოაცუხცუხა. 
ჩუკის გაეღიმა. 
- მიმი, შენ არ მოხვალ, სუფრასთან? - შესთავაზა ძანეს ბებიამ. 
- მოგვიანებით შემოგიერთდებით, მხოლოდ დიმეოს როცა მოვიყვან, მერე. 
- ეე! ეგ, როდის იქნება?! - გაეღიმა ბაბუს. - მოდი, თითო ჭიქა დაგვილიე და მერე დიმეოსთან ერთად გავაგრძელოთ, აგერ ძანეც შემოგვიერთდება, მის გარეშე მაინც არაფერს შეჭამს! არა, ბაბუ? 
- ჩვენ, ძმები ვართ. - ძანემ თავისი ჩვეული ფრაზით დაუქნია ბაბუს თავი, რამაც ყველას ღიმილი მოჰგვარა.
- როდის იყო, რომ ვსვამდი? - გაეღიმა მიმის. 
- ორსულ გოგოს, რას აძალებ, მაგ თოფივით არაყს?! - დაუცაცხანა ბებომ. 
- არაყი კი არა შინაური კონიაკია! - შეუსწორა ბაბუმ. - სახლში დაყენებული! 
- ერთი ცეცხლია, მაინც. - ბუზღუნებდა ქალი. - მიმი დალიე, თუ გინდა? - ახლა მიმის მიუბრუნდა. - ერთი ჭიქა არაფერს გიზამს. პირიქით, ორგანიზმს გაწმენდს. 
- საჭესთან ვარ. - მიუგო მიმიმ. 
- მერე რა? - არ იხევდა უკან ბაბუ. - გამოიძინე და გამოფხიზლდები, უცხო ოჯახში ხომ არ ხარ? შენია ეს ოჯახიც! 
- მალე დიმეო მყავს მოსაყვანი. - უპასუხა მიმიმ და ცალი თვალით ძანეს აკვირდებოდა. ამ საუბარის დროს ხან ნაირ-ნაირი ფერის კედები ათვალიერებინა და ხანაც პერიოდულად იმ ფორმულასაც უჩვენებდა. 
- ისე, მეც მალე უნდა გავიდე. - ჩაურთო ჩუკიმ. - საპროცესო მაქვს შესატანი და ბარემ მიმი გამიყვანს. - ჩუკიმ ვედრების თვალით გახედა მიმის. 
- როგორ არ წაგიყვან! - მიუხვდა მიმიც. - ახლავე წავიდეთ! 
- ეს ერთი ჭიქაც დალიე და ლობიანიც მიაყოლე. - არ ეშვებოდა ბაბუ. 
ჩუკიმ უარი ვეღარ უთხრა. 
როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ, ადვოკატმა შვებით ამოისუნთქა.
- ამ თითო-თითო ჭიქაში, არ გამომათრო?.. - ეღიმებოდა ჩუკის.
- ალბათ, ძლიერი არაყი იყო? თუ კონიაკი.
- რა ვიცი, რა იყო? - მხრები აიჩეჩა ადვოკატმა. - მგელივით კი დამეტაკა!
მიმის გულიანად გაეცინა.
- ჰო, მართლა! - გაახსენდა ჩუკის. - რა გითხრა ძანემ? 
- არც არაფერი! - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - წესიერად ვერც გავიგე, რამეს მიხვდა თუ... 
- და ზუსტად რა გითხრა? 
- ხომ გითხარი? არც არაფერი. სულ დიმეოს ახსენებდა და თან მიღიმოდა, მერე კედები აარჩია, თუმცა ჯერ ფერი ვერ გადაწყვიტა. 
- მდაა. - ამოიხვნეშა ჩუკიმ. - შეიძლება არც არაფერია და ბავშვმაც უბრალოდ, ხუმრობით რაღაც გაითამაშა, მაგრამ მაინც... ვერაფერს გეტყვი. 
- და მე ამ დროს, სულაც არ მეხუმრება! - გაეცინა მიმის. 

 *** 
- ბებომ დიდი თეფში გატეხა. - ვახშმისას, მოულოდნელად წამოისროლა ძანემ. 
წამით დუმილი ჩამოვარდა. თითქოს ორივე მოხუცი ადგილზე გახევდა. მიმის არაფერი შეუნიშნავს, დიმეომ კი ჯერ ბებოს გახედა და მერე ბაბუს. 
- ჰოო, ჰო! - ყურებამდე გაიღიმა ბებომ და მალულად დიმეოს გახედა. - თვალსა და ხელს შუა, ბაბუაშენი კინაღამ დაგვეხრჩო! დიდი ლუკმით მომინდომა დანაყრება, ამ ბებერმა ხრონწმა და აბა თეფში კი არა... - გულიანად გაეცინა ქალს. 
თუმცა დიმეოს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ ეს სიცილიც ყალბი იყო, ისევე როგორც მისი მონაჩმახი.
„ნამდვილად ზუსტად მახსოვს, ჯერ თეფში გაუვარდა, წამით სიჩუმე იყო და მერე ატეხა ბაბუმ ხველა, მაშინაც მასე გავიფიქრე, რომ სპეციალურად დაიწყო ხველა. ყურადღების მიქცევა უნდოდა.
ნეტა მართლა რა ხდება, იქ ზემოთ? 
უნდა ავიდე! მორჩა! უნდა ავიდე!“ 
- რაო, დიმე? - მიმართა მიმიმ. - რამ ჩაგაფიქრა?
დიმეო შეცბა. აშკარა იყო, მოხუცებიც გამომცდელი თვალით უმზერდნენ და სანამ დიმეო პასუხს გასცემდა, ძანემ დაასწრო: 
- მე წითელი კედები მინდა! 
- ჰო, მეც წითელი მინდა! - მაშინვე აუღო ალღო დიმეომ და სასაუბრო თემაც მყისვე შეიცვალა. 
- ჰა, ჰა! - ეცინებოდა ბაბუს. - სახლში წითელ კედება ბიჭები გვეყოლება, გარეთ კი, წითელ ფეხება მტრედები! 
ყველას გულიანად გაეცინა და დიმეომაც შვებით ამოისუნთქა. 
როგორც იქნა, დაღამდა და ყველანი დასაძინებლად წავიდ-წამოვიდნენ. მიმი დედასთან დაბრუნდა და დიმეოსაც სწორედ ეს უნოდა, რადგან მიმის, ამ მოხუცებთან შედარებით, ფხიზელი ძილი ჰქონდა. შეიძლება ღამით ამდგარიყო კიდევაც და ბიჭებისთვის დაეხედა, საბანიც გაესწორებინა, რასაც ძალიან ხშირად აკეთებდა და ახლა სულაც არ აწყობდა დიმეოს ეს. მიმისგან განსხვავებით, ბებოს და ბაბუს კი, ისევე როგორც ძანეს, ერთი თავის დადებაღა უნდოდათ და მალევე გემრიელად ეძინებოდათ. 
თითქოს უკვე ყველას ეძინა. დიმეო გატრუნული აცეცებდა თვალებს. ირგვლივ სიჩუმე და სიმშვიდე სუფევდა. უკვე ადგომის დროც იყო, მაგრამ ბიჭი საწოლზე წამოჯდა, თუ არა, ამ დროს ბაბუს ოთახიდან ძლიერი ჩახველების ხმა მოესმა, რასაც ბუზღუნი და ბუტბუტიც მოჰყვა. 
დიმეომ ერთი ამოიხვნეშა და უკმაყოფილოდ მიდო თავი ბალიშზე. 
ოთახიდან ბებო გამოვიდა და სამზარეულოსკენ, ფრთხილი ნაბიჯებითა და ჩუმი ბუზღუნით წავიდა.
დიმეო მაშინვე მიხვდა, რადგან ეს პირველად არ ხდებოდა. ბაბუს დალევა ცოტა ბევრი მოუვიდა და აი, გულმაც შეაწუხა და ახლა წამლის დასალევად წყალი შეჰქონდა მისთვის ბებოს და თან ჩურჩულით უცაცხანებდა.
- არაყი რა შუაშია? - უკან არ იხევდა ბაბუ. - კრისტალივით სუფთა იყო. ალბათ, შენმა გამოცხობილმა ლობიანმა მომწამლა. ასეთი რა ჩაურიე? - სიცილით ხიხინებდა ბაბუ. 
- ნუ აჭიხვინდი ცხენივით! - კვლავ ჩურჩულით შეუტია ბებომ. - ბავშვები არ გამიღვიძო, თორემ ამ შუღამისას გაგსვამ აივანზე! გგონია, დაგინდობ?
ბიჭი საშინლად მოიღუშა, რადგან კიდევ მოუწევდა მოცდა, სანამ მოხუცები დაშოშმინდებოდნენ და კვლავ ჩაიძინებდნენ, მაგრამ ამ ლოდინში მას თავადაც დაეძინა და ასე გააგრძელებდა ძილს, რომ უცებ რაღაც ძალამ, თითქოს შეანჯღრია. ძილში ისე ძლიერად შეკრთა, რომ ლოგინშიც შეხტა და გამოეღვიძა. მაშინვე გამოფხიზლდა. საწოლზე წამოჯდა. გათენებამდე ჯერ კიდევ დრო იყო, თუმცა უკვე არც იმდენი. სხვენის დასალაშქრად უკვე ჩაძინებამდეც იყო მზად და ახლა მხოლოდ ფეხსაცმლის ამოცმა და ოთახიდან შეუმჩნევლად გასვლაღა რჩებოდა საჭირო. 
დიმეომ თავის საწოლი, მუთაქასავით დახვეული სქელი პულოვერი შეავსო, საბანიც წააფარა და გვერდებიც ისე შემოუკეცა, თითქოს მართლაც ვიღაც იწვა. 
კიდევ ერთხელ მიუგდო ყური. მოხუცებს აშკარად უკვე ეძინათ, რადგან მათი ხვრინვის ხმა, კარს აქეთაც აღწევდა. დიმეომ ფეხაკრეფით ჩაუარა მათ ოთახებს. ოთახები ერქვა, თორემ ისე ფაქტიურად ერთი ოთახი იყო, გამყოფი ტიხარით და ერთმანეთში გამავალი უკარო თაღით.
ბიჭმა ფრთხილად გაიარა დერეფანი და აივნისკენ აიღო გეზი. საცაა გათენდებოდა. საკუთარ თავზე გულმოსული, ჩუმი ნაბიჯებით მიაბიჯებდა.
ბრაზი ახრჩობდა, ისევ დაეძინა. ისევ ვერ გაართვა თავი, რომ ღამით ამოსულიყო, მეტი დროს ექნებოდა და უფრო გულდასმით გადაათვალიერებდა იქაურობას.
თუმცა უკან არ იხევდა და მაინც იმედი ჰქონდა, სანამ სკოლაში წასვლის დრო მოვიდოდა და დედა მოაკითხავდა, მანამდე ყველაფერს მოინახულებდა და ერთხელ და სამუდამოდ დაიხურებოდა სხვენის კარიც და ეს უაზრო საიდუმლოც. 
LEX. 2021 წლის 9სექტემბერი, ხუთშაბათი.

No comments:

Post a Comment