Saturday, July 18, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 71)

71.
ერთხანს, უხმოდ იარეს ასე თოვლში. არსად არანაირი ნიშანწყალი არ იყო არც სოფლის და არც რამე სადგომის.
- ასე შორს არის მონასტერი? - იკითხა ღონე გამოცლილმა ბიჭმა.
მწირი შედგა. თოვლით დაფარულ დიდ დამრეც ფერდობზე, ტყეებიც კი შორს მოსჩანდა. აშკარად სულ სხვა მხარეს წამოვიდნენ. ან უკან უნდა მიბრუნებულიყვნენ, რომ მონასტრამდე როგორმე მიეღწიათ, ან კი უღრანი ტყე უნდა გაევლოთ, რომელიც დაბლობისკენ იშლებოდა და შესაძლებელია, რაღაც დასახლებამდე მაინც მისულიყვნენ. შუადღეს გადასული იყო, მალე ბინდიც ჩამოწვებოდა, ამიტომ უკან დაბრუნებას, ისევ წინ წასვლა სჯობდა. ბავშვს სიარული გაუჭირდა, თოვლის საფარი მკერდამდე სწვდებოდა. მწირმა, ძალაგამოცლილი ბიჭი ხელში აიყვანა, გულზე მიიკრა და ახლა ასე განაგრძეს გზა. ტყის გავლით, თანდათან უფრო დაბლა ეშვებოდნენ, თუმცა ტურებისა და მგლების ყმუილი სულ უფრო და უფრო ახლოს ესმოდათ. ბინდდებოდა. მწირს თანდათან საშინლად გაუჭირდა, ნაბიჯს ძლივსღა ადგამდა. ბოლოს ღონემიხდილმა, ბიჭი ძირს ჩამოსვა. წაბარბაცდა და დათოვლილ ფერდობზე ჩაგორდა. ბიჭი სირბილით დაედევნა, რაც უფრო წინ მიიწევდა,  მით უფრო მაღლა სწვდებოდა თოვლის საფარი. მწირმა ძლივს შესძლო წამოდგომა. ანთებული ფარანი ირგვლივ მოატარა, გადათეთრებული მიდამო, ფარნის შუქის მოყვითალო ზოლზე, მთელ ჰორიზონტზე იჭიმებოდა. მწირმა ფარანი ჩააქრო და ბიჭსაც ჩააქრობინა. ახლა ასე, სიბნელეში დააკვირდა იქაურობას და შორს, ძალიან შორს, პატარა წერტილივით, რაღაც განათებული შენიშნა და იქეთ გაიშვირა თითი.
დიმეო ვერ მიუხვდა, ამ სიბნელეში ვერაფერს ხედავდა. მწირმა ბავშვი ხელში აიტაცა და რაც შეიძლებოდა ზემოთ ასწია.
- იქ რაღაც ანთია! - წამოიყვირა გახარებულმა ბავშვმა. - იქ არის მონასტერი?
მწირმა არაფერი უპასუხა. ბავშვი ძირს ჩამოსვა და ხელჩაკიდებული მიიკვლევდნენ თოვლში გზას იმ მიმართულებით, საითაც რაღაც განათებული შენიშნეს, მაგრამ იქამდე, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი მანძილი იყო და საკითხავი, რა იყო განათებული. თუმცა ამას ახლა, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუ სახლი არა, შესაძლებელია რამე პუნქტი მაინც ყოფილიყო.
უკვე კარგად დაბნელდა. ტყის განაპირა სიარული, უკვე საკმაოდ საშიშიც იყო. მწირი შეჩერდა, ყური მიუგდო მგლების ყმუილი, ახლა უფრო მეტად ახლოს ისმოდა. მწირმა, მთელი სისწრაფით დაახვია, მღვიმედან წამოღებული ჩვრები ჯოხზე,  ნავთი გადაასხა და ჩირაღდანი აანთო. ბიჭი ვერაფერს მიხვდა.
- ფარანი ხომ გვაქვს? და თანაც, ორი. - იკითხა გაკვირვებით. თუმცა, არავინ უპასუხა.
დიმეო თანდათან რწმუნდებოდა, იმაში რომ რასაც ამბობდა, ამ უცნაურ კაცს, ყველაფერი ესმოდა, მაგრამ რატომღაც, ხმას არ სცემდა. თუმცა ბიჭი მაინც, კმაყოფილი იყო თავისი მეგზურით და მის გვერდით, უფრო დაცულად გრძნობდა თავს.
მწირი წინ მიიწევდა, თოვლში კვალი გაჰყავდა. პერიოდულად ანთებულ ჩირაღდანს აქეთ იქეთ იქნევდა. თითქოს ბუზებს იგერიებსო, დიმეო ვერაფერს ხვდებოდა და უხმოდ მიჰყვებოდა კვალში. რაც უფრო ქვემოთ ეშვებოდნენ, თოვლის სიმაღლე, მით უფრო იკლებდა და ახლა ბევრად უფრო სწორ ადგილას აღმოჩნდნენ, თუმცა გზასაც არ ჰგავდა. უფრო თოვლით დაფარული ტრამალი იყო. ტყეებიც საკმაოდ შორს მოიტოვეს, თუმცა ის განათებული წერტილი, რის იმედადაც აქეთ წამოვიდნენ, თითქოს ახლა, თოვლმა შეყლაპაო. გეზი უკვე აღებული ჰქონდათ და ისევ წინ წასვლა ამჯობინეს. მწირს საშინლად უჭირდა სიარული, ძლივსღა მიათრევდა ტანს, ბიჭიც ძლივსღა მილასლასებდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და დაიწუწუნა:
- გავჩერდეთ რა ცოტა ხანი. - შეევედრა დიმეო.
მწირმაც თითქოს უსმინაო და შედგა.
- საშინლად დავიღალე, დავისვენოთ და მერე... - სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ მწირმა პირზე ააფარა ხელი და გაირინდა. აშკარად რაღაცას დაუგდო ყური. დიმეოც გაიტრუნა და შორიდან, ძალიან შორიდან, ძაღლის ყეფაც მოისმა. მწირმა იქეთ გაიშვირა ხელი. დიმეოსაც იმედი მიეცა.
- აღარ ვარ დაღლილი, წავიდეთ ჩქარა! - გაუხარდა ბავშვს.
ყეფა მართლაც მოისმოდა, მხოლოდ ძალიან შორიდან, იმდენად რომ თითქოს ეს ხმა, სხვა ქვეყნიდან მოჰქონდა ქარს. მუხლამდე თოვლში, ძლივს მიიკვლევდნენ გზას. დროდადრო მწირი შედგებოდა, უფრო კარგად აკვირდებოდა ხმას და იმ კვალს მიჰყვებოდა. სანატრელი ყეფის ხმა, ახლა უფრო მკაფიოდ ისმოდა. ბიჭმა ფეხს აუჩქარა წინ გავარდა. მწირი ლასლასით მიჰყვებოდა უკან. ცოტაც და ხეებს შორის, სინათლის კვალიც გამოჩნდა.
- მონასტერში მივედით! - ქოშინით აჭყიპინდა დიმეო. - შუქი უნთიათ.
მწირი წამით შედგა. კარგად დააკვირდა იქაურობას. დიმეო კი ხელით წინ ეწეოდა, მივედით, მივედითო. თუმცა, ბავშვის გასაკვირად, ის მონასტერი, სახლი აღმოჩნდა. ჭიშკართან ძაღლი უფრო გამეტებით აყეფდა, ადრე თუ მგლებს და ტურებს აფრთხობდა, ახლა უფრო მეტად გაიგიჟა თავი, ისეთი გამალებით ყეფდა და ისეთ დღეში იყო, რომ ლამის აეწყვიტა ჯაჭვი. ეზო საკმაოდ დიდი იყო, ერთ სართულიანი სოფლის სახლი კი ეზოს სიღრმეში ჭიშკრიდან არც თუ ისე ახლოს იდგა. მწირმა ჭიშკარზე ბრახუნი ატეხა, თუმცა ძაღლი ისეთ დღეში იყო, ამის გარეშეც გამოიხედავდა პატრონი. ეზოში შუქი აინთო.
- რომელი ხარ?! - მოისმა შორიდან. თუმცა მასპინძელი, პასუხს არც დალოდებია, მაინც ჭიშკრისკენ წამოვიდა. კაცმა ძაღლს დაუცაცხანა და ძაღლიც მაშინვე გაჩუმდა, თუმცა ჯაჭვის ჩხრიალზე ჩანდა, ადგილს ვერ პოულობდა.
ჭიშკრის კარი ჭრიალით გაიღო და სანამ მასპინძელი რამეს იტყოდა, მწირი მოცელილივთ დაეცა ზღურბლზე, მის უკან კი, პატარა ბიჭის სილუეტი გამოჩნდა.
- კაი მძიმე ყოფილა.- მასპინძელმა ხვნეშით მიათრია მწირი ბუხართან მდგარ ტახტამდე. - შენ კი, ვერც მომეხმარე. - ირონიით გახედა ბავშვს. - მიდი გათბი ბუხართან! ფეხზე გაიძრე, წინდებიც დასველებული გექნება! მიდი, ნუ გეშინია, არ გიკბენს!
დიმეომ ახლაღა შენიშნა, ბუხრის წინ ფარდაგზე გაწოლილი უზარმაზარი ფუმფულა ძაღლი, რომელსაც სტუმრების შემოსვლაზე, იმ ეზოს ძაღლისგან განსხვავებით, არც ყეფა აუტეხავს და არც განძრეულა. მხოლოდ ოდნავ წამოსწია თავი, სევდიანი თვალებით შეხედა ბიჭს, მერე ისევ უკან მიაგდო და კუდის ბოლოც, რამდენჯერმე ზანტად დაიქნია. ბავშვი ბუხართან ახლოს მიცუცქდა და თვალი კედლის კუთხისკენ გაექცა, სადაც ჭერამდე ფოტოებითა და ხატებით იყო სავსე. კედლის ბოლოში, პატარა მაგიდა იდგა, რამდენიმე პატარა სანთელი და დიდი სქელი სანთლებიც ენთო და სანთლებთან ერთად კი იქვე, პატარა სუფრაც იყო გაშლილი.
- უჰ, ეს რამხელაზე გაუტეხია თავი. - მასპინძელი ვითომ ვერც მიუხვდა ბავშვს, შიმშილისგან სული რომ ძვრებოდა და სპირტიანი დოლბანდით მწირის შუბლს უწმენდდა.
დიმეომ არაფერი უპასუხა, თავი ჩაღუნა და მზერა ისევ, იმ პატარა სუფრისკენ გააპარა.
- ჭრილობა კარგად დავამუშავე. გავუკერავდი, მაგრამ ჯერ დავტოვოთ ასე ღია, ინფექცია არ იყოს შესული და არ გამოგვეპაროს! სიცხისგანაც იწვის, ახლა ნემსაც გავუკეთებ და მერე მე და შენ, ერთი გემრიელად მოვილხინოოთთ! დამეწვიე სუფრაზე, ხომ შეჭამ ჩემთან ერთად?
- კი! - წამოიყვირა ბიჭმა და სიხარულით დაუქნია თავი.
- აბა მომეხმარე, ბარემ ეს პალტოც გავხადოთ! უი. რამხელა შინელი სცმია! ჰმ, სად იშოვნა ნეტა?! - ჩაეღიმა მასპინძელს. - თან როგორ კომფორტულად მოუწყვია, შიდა ჯიბეებიც რამდენი ჰქონია. სამოგზაუროდ კარგად შემზადებულა! ვაახ, მხარზეც სისხლი სდის! ეს რა მოგსვლიათ, ბიჭო?
დიმეო გაიტრუნა. აღარ იცოდა, ეთქვა თუ არა ამ უცხო კაცისთვის ყველაფერი. მწირი კი კვლავ გონებაზე არ იყო მოსული.
- ავარიაში ხომ არ მოჰყევით? - მიმართა ბიჭს. - ამხელა თოვლში, მანქანა ვერ ივლიდა, თუ ტრაქტორი გადაბრუნდა? - ეჭვიანი სახით ჩაეკითხა თავჩაღუნულ ბიჭს. თუმცა, მშვენივრად შენიშნა მხარზე ნატყვიარი. ტყვიამ რბილში გაუარა და მხრის ძვალს, ოდნავ იყო აცდენილი. ჭრილობაც გამჭოლი იყო. ესეც კარგად დაუმუშავა, ნემსიც გაუკეთა და ნაბადი თბილად ამოუკეცა და ბიჭისკენ მობრუნდა. - ჰე, აბა! მივხედოთ სუფრას! შობის ღამე დგება!
ბიჭმა ხელების გადაბანა მოითხოვა. მასპინძელმა ისიც კი შენიშნა, ბავშვმა შემოსასვლელთან, ფეხიც როგორ კოხტად შეაწმინდა ტილოზე.
„კარგად აღზრდილი ბავშვი ჩანს. ტანსაცმელიც ძვირფასი აქვს, მაგრამ ამ მათხოვარს, საიდანღა აეკიდა?“
ფიქრობდა მასპინძელი და მალულად აკვირდებოდა ბიჭის ქცევებს. დიმეო მართლაც კარგად იყო აღზრდილი. მადიანად ილუკმებოდა, მაგრამ პირსაც მალ-მალე იწმენდდა და ცდილობდა, ხელიც ნაკლებად დაესვარა. ტრაპეზის დასრულებისას კი, ასეთი გემრიელი გამასპინძლებისთვის, მადლობაც კი მოუხადა.
„ნეტა ამ კაცმა ეს ბავშვი, ხომ არ გაიტაცა და მაგიტომაც დაახალეს ტყვია? თავიც კარგად გაჩუჩეჩქვავთ და ტანზეც არა ერთი დაჟეჟილობა აქვს.“
ახლა უფრო კარგად დააკვირდა მათ ურთიერთობას. ბიჭს ამ კაცისგან გატაცებულის, არაფერი ეტყობოდა. პირიქით, მზრუნველობას არ აკლებდა. დრო და დრო შუბლზე თავის პატარა ხელს ადებდა, სიცხემ თუ დაუკლოო. აზრიც კი გამოთქვა, გავაღვიძოთ და ვაჭამოთო.
- იყოს, ასე. - დაამშვიდა მასპინძელმა. - გამოიძინოს, უფრო გამოშუშდება. მშიერი, არც მაგას დავტოვებ, შენ არ იდარდო.
„არა, მაინც საიდან და როგორ უნდა მოხვედრილიყვნენ ერთად, ეს მათხოვარი და ეს კარგად ჩაცმულ-აღზრდილი ბავშვი, ამ ქვეყნის დასალიერში? მოშორებით დიდ გორაკზე, ჩვენი მეცხვარეები იზამთრებენ. ნუთუ, იმათ გამოექცა? ასეთი, რა დააშავა რომ გასაცოდავებულ მათხოვარს ტყვიაც კი დაახალეს? დანარჩენი აქაური სოფლებიც კი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის. ნუთუ, იქიდან მოდიან? ან აქეთ, საითღა მიდიან? ტყიანი მთების მეტი, არაფერია.“
კვლავ ფიქრობდა მასპინძელი და ახსნას ვერ უძებნიდა.
- აბა, რა ვიცოდი, ასეთი კარგი სტუმრები თუ მეწვეოდა, თორემ ახალ ტახტს გამოვჭედავდი. შენ ხომ არ გეწყინება ბაბუ, ლოგინი, ძირს რომ გაგიშალო? ბუხართანაც ახლოს იქნები და არ შეგცივდება.
დიმეომ მხრები აიჩეჩა და თავი გააქნია. კაცმა კი განაგრძო:
- ლეიბები ბლომად კი მაქვს, დასაწოლი არ არის მეტი. გარეთა ტახტზე, მე დავწვები.
- მერე იქ, ხომ სიცივეა? - გაიკვირვა ბავშვმა.
- აბა მეც ბუხართან წამოვკოტრიალდე? - გაეცინა მასპინძელს. - კარგი მასე იყოს. ამ ძაღლს მაინც მიხედვა უნდა, ამაღამვე არ დაყაროს ლეკვები.
- რატომ უნდა გადაყაროს? - გაიკვირვა ბავშვმა. - ცოდო არ არის?
- უნდა გააჩინოს! გააჩინოს! - გაეცინა კაცს. - ესე იგი უნდა დაყაროს ლეკვებიო, ასე ამბობენ!
- ამიტომაც ასეთი სევდიანი თვალები აქვს ალბათ. - დიმეო დიდ ბომბორა ძაღლს, თავზე მოეფერა. ძაღლს თავი არ აუწევია, მხოლოდ კუდის ბოლო, რამდენჯერმე რბილად დაჰკრა იატაკს.
ბიჭი თავის კუთვნილ რბილ ლეიბზე მიწვა თუ არა, მაშინვე ღრმად ჩაეძინა. რაც სახლიდან მოჰკვეთეს მას მერე, ასე ტკბილად ალბათ, არც სძინებია.
დილით გემრიელმა სურნელმა გააღვიძა. მასპინძელს უთენია საშობაო ღვეზელი დაეცხო. ბუხარშიც რაღაც მრგვალ ძირიანი ქვაბით თუხთუხებდა და ცალკე ის აფრქვევდა, მადის აღმძვრელ სურნელს.
ბავშვი წამოდგა თუ არა მაშინვე მწირს მიადგა. შუბლზე თავისი პატარა ხელით, სიცხე შეუმოწმა. საბანიც ამოუკეცა. მერე აზრიც კი გამოთქვა, თუ ამდენ ხანს სძინავს, საჭმელს როდისღა შეჭამსო.
- ეგ, არაფერია. - დაამშვიდა მასპინძელმა. - კარგად გამოიძინებს, მოშუშდება, ჯერ მარტო ცივი წყალი სიამოვნებს, მთელი ღამე წყალს ითხოვდა, პირი უშრებოდა და თანაც, შენ გეძახდა.
- მართლა? - გაუხარდა ბავშვს, თუმცა გაიფიქრა, აკი ლაპარაკი არ შეუძლია და მე როგორ მეძახდაო, მაგრამ ხმამაღლა, არაფერი უთქვამს.
შუადღისკენ მწირმა, მართლაც მოიხედა. დიმეო თავის ხელით აჭმევდა წვნიანს და თან, ამშვიდებდა. აი, ახლა ამას თუ ბოლომდე შეჭამ, მალე დადგები ფეხზეო. მწირს ოდნავ ეღიმებოდა და უხმოდ ემორჩილებოდა პატარა უფროსის ბრძანებას.
მასპინძელი ინტერესით კვდებოდა, ვინ იყვნენ ესენი და საიდან მოდიოდნენ. ან ეს კაცი რატომ იყო ასე მათხოვარივით ჩაცმული და ბავშვი კი კოხტად გამოწკეპილი. ბოლოს ვეღარ მოითმინა და საღამოს, ვახშმობის ჟამს იკითხა:
- ისე ძაან კი მაინტერესებს, საიდან მოდიხართ და საით გაგიწევიათ?
- არ ვიცი, საიდან მოვდივართ. - უპასუხა დიმეომ, თუმცა მასპინძელს ეგონა, რატომღაც მწირი იტყოდა რამეს. - ძალიან დიდი ხანია, გზაში ვართ, ბევრი ვიარეთ. სადმე კარგ სოფელში გვინდა ჩავიდეთ. - დაასრულა ბიჭმა და ამაყად გააპარა თვალი მწირისკენ, ხომ კარგად ვთქვიო.
მასპინძელს არ გამოჰპარვია ბიჭის ჩუმი გადახედვა. ისედაც ცხადი იყო, რაღაცას მალავდნენ, მაგრამ ზედმეტად, აღარც ჩაეძია. მწირს კვლავაც არ ამოუღია ხმა.
- ასეთ დიდ თოვლში, შორს ვერ წახვალთ. - დაიწყო მასპინძელმა. - ყველაზე უახლოესი სოფელიც კი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არის და ისიც, ნახევრად დაცლილი და განადგურებული.
- განადგურებული, რატომ არის? - იკითხა დიმეომ.
- განადგურებული ჰქვია, ბავშვო აბა, რაა? წლების მანძილზე, მიწას რომ არ დასთეს და მოსავალს რომ არ მოიყვან, ხეს რომ ხილი ზედ მიალპება და მომკრეფი, რომ არავინაა! სახლს და მიწას ხავსი და ბალახი სჭამს მერე, მოუვლელობით ნადგურდება.
- ეჰ, ნეტა მე მქონდეს ერთი სახლი და ისე კარგად მოვუვლიდი. - ამოიხვნეშა ბავშვმა.
- მერე აგერ, ეს სახლი. - გაეცინა მასპინძელს. - იყავი და მოუარე. - მერე მწირს გახედა. - ისე, დარჩით აქ, რამდენ ხანსაც გინდათ, იმდენი იყავით! კიდევ უფრო ძლიერი თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ბავშვი გზაში არ გაგეყინოს, ვერც შენ დგახარ ჯერ წესიერად ფეხზე. გამოიზამთრეთ მაინც.
- დავრჩებით! - წამოიძახა გახარებულმა ბავშვმა და მწირს გახედა. რას იტყვისო. ის კი ადგა და ბუხართან მწოლიარე ძაღლს, მუცელზე ხელი ფრთხილად მოუსვა, რომელიც მოგუდული ხმით ყმუოდა და აშკარად, შველას ითხოვდა.
- დაეწყო?! - იკითხა მასპინძელმა და ისიც ძაღლისკენ გაემართა.
- რა დაიწყო? - კითხულობდა გაკვირვებული ბავშვი.
ძაღლს ძალიან გაუჭირდა ლეკვების დაყრა, მასპინძელთან ერთად, დასახმარებლად მისი სტუმრებიც აქტიურად ჩაებნენ. დიმეო გახარებული იყო, ერთი დიდი კალათა ლეკვები ჩააბარეს მისახედად. პატრონმა ძაღლი, ცალკე დიდ ყუთში ჩააწვინა. ლეკვების კალათი კი იქვე მიუდგა. დიმეო აკონტროლებდა, რომ ჭამის დროს ყველას ერთდროულად არ დაეგლიჯათ დედა, ჯერ ორს ჩაუსვამდა და შემდეგ, კიდევ სხვა ორს. თან სულ გაკვირვებული ამბობდა, რა ღორმუცელები არიანო.
- აბა, ამოირჩიე! - უთხრა მასპინძელმა. - ერთი შენია! ამდენი, განა ტყუილად იშრომე?
- ჩემია? - გაუხარდა დიმეოს. - შემიძლია, წავიყვანო?
- შენია და გინდა წაიყვანე და გინდა, დატოვე. აბა მიდი ამოირჩიე სანამ დროა, თორემ ჩამოვა მისი პატრონი და წაიყვანს ცხვარში!
- როდის ჩამოვა? - მოწყენილი ხმით იკითხა დიმეომ, რომელიც უკვე ისე შეეჩვია ლეკვებს, რომ აღარ ეთმობოდა.
- გაზაფხულისკენ ავცრი და გავატან კიდევაც!
- რომ დაიტოვო, არ შეიძლება?
- ცოდვაა აქ. ეს მეცხვარე ძაღლია, იქ ურჩევნია მთაში. თანაც ამდენ ლეკვებს, რა საჭმელი აუვათ? ცოტა ხანში, დედასაც შეჭამენ მგონი და ჩვენც არ მიგვაყოლონ. - სიცილით დაასრულა მასპინძელმა.
- აი, ეს მომწონს. - დიმეომ ერთი, როგრც იქნა შეარჩია.
- ჰოდა, შენი სახელიც დაარქვი ბარემ!
- დოტის დავარქმევ! - განაცხადა დიმეომ და კვლავ თვალი, მწირისკენ გაექცა, მაგრამ ამჯერად მასპინძელს არაფერი შეუნიშნავს.
რამდენიმე დღეში მწირი უკვე, ბევრად კარგად გახდა. იმდენად მოღონიერდა, რომ შეშასაც ჩეხდა და ჭიდანაც ეზიდებოდა წყალს. აშკარად ყველაფერს ხვდებოდა და მშვენივრადაც ესმოდა კიდეც, მაგრამ კვლავ ხმას არ იღებდა. 
მასპინძელი ვეტერინარი აღმოჩნდა. ხშირად აკითხავდნენ, ხან თან მიჰყავდათ, ხანაც მასთან ჩამოჰყავდათ მოსალოგინებელი, თუ სამკურნალო პირუტყვი. დიმეოს ძალიან მოსწონდა მასთან სტუმრობა. საჭმელი არ აკლდათ და სითბო. თავიდან ბუხრიან ოთახში, მხოლოდ ერთი ერთი ტახტი იდგა, მაგრამ მწირის დახმარებით, ძველი დანგრეული ტახტიც შეაკეთეს და გარეთ მიგდებული რკინის საწოლიც შემოათრიეს. დიმეომ მწირთან ახლოს მოინდომა დაწოლა, მის გვერდით თავს უფრო მშვიდად გრძნობდა. რამდენჯერმე ღამით კოშმარიც კი ესიზმრა, მწირს ჩაეხუტა და დილამდე, ასე ეძინა. მასპინძელი მაინც ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო რა კავშირი უნდა ჰქონოდათ მის სტუმრებს, ერთმანეთთან. თუმცა, ზედმეტ შეკითხვებსაც მოერიდა და სხვა ტაქტიკა არჩია.
დიმეო ხშირად ათვალიერებდა კედლის იმ კუთხეს, რომელზედაც ჭერამდე იყო გაკრული ხატები და სხვადასხვა ფოტოები. მასპინძელმა დრო იხელთა და ჯერ ხატების ახსნა დაუწყო. მერე ახლობლების ფოტოებზე გადავიდა.
- ეს, ცხონებული დედაჩემია. - უხსნიდა მასპინძელი. - მარტო ეს ერთი ფოტოღა შემომრჩა.
დედის ხსენებაზე, დიმეომ თავი ჩაღუნა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
- შენ დედა, აღარ გყავს? - რბილი ხმით შეაპარა მასპინძელმა.
დიმეოს თავი არ აუწევია, ისე მოიწმინდა ღაპა-ღუპით გადმომსკდარი ცრემლები.
მასპინძელმა თავზე გადაუსვა ხელი გულმოკლულ ბავშვს.
„ახლა ყველაფერი გასაგებია. დედა გარდაეცვალა. ალბათ, დედულეთში აღარ გააჩერეს ობოლი ბავშვი და ყრუ-მუნჯ მამას გამოაყოლეს, შეიძლება გაშორებულიც კი იყო თავის დროზე და ალბათ, ასე უსახურად დაწანწალებდა, თმა და წვერიც წლებია არ გაუკრეჭავს. ჰმ. ამას ბავშვი, როგორ ანდეს? საწყალი, ალბათ მართლაც მოიშორეს დედულეთიდან. ან იქნებ, არც არის მამამისი? მაგრამ ბავშვი, წუთითაც არ შორდება, ეზოშიც რომ ჩადის, იქაც თვალს ადევნებს არ გამეპაროსო, ალბათ ფიქრობს. ჰაჰ!“
- ცხოვრებაში, ათასი რამ ხდება. - დაიწყო ისევ მასპინძელმა. - ზოგჯერ, საერთოდაც აღარ გინდა იცოცხლო, მაგრამ ალბათ, აქაც საჭირო ვარ. ამათ ერთი სანთლის დამნთები, მაინც ხომ სჭირდებათ? - კაცმა დიდ ფერად ფოტოებზე გამოსახულ ბავშვებს, აკანკალებული თითებით მოეფერა. - ჩემი შვილებია. - განგრძო მასპინძელმა. - წესიერად არც ვუვლიდი, მოვიტანდი ხორაგს, დავყრიდი და მერე სულ ვლოთობდი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ძალიან ავურიე. რადგან საჭმელ-სასმელს არ ვაკლები, მეგონა ეს იყო ყველაფერი. ჩემი ცოლი, მეხუთე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, როცა სახლში ხანძარი გაჩნდა. მე კი გალეშილ მთვრალს, ეზოში ჰამაკზე მეძინა. არაფერი გამიგია. სოფელმა მომიძულა. ვერც მე ვუყურებდი თვალებში ვერავის. უფრო გავლოთდი, თუმცა ჩემთან ერთად, აღარც არავინ სვამდა და აღარც არავინ მიკარებდა.
- მერე? - ვეღარ მოითმინა დიმეომ და თან შენიშნა, ამ საუბრის დროს, მწირი როგორ შემოვიდა ოთახში და მათ საუბარს, აშკარად ყურს უგდებდა.
- მერე ასე ვიწანწალე, აღმა დაღმა. ერთ დღესაც კი, დაკარგული ცხვარი გადავარჩინე და მოვალოგინებინე. ჩემი ძველი პროფესიაც გავიხსენე და მის მერე, აქ ვარ. დახმარების ხელს, ყველას ვუწვდი, გინდა ორფეხი იყოს და გინდა, ოთხფეხი.
დიმეოს, ყურებამდე გაეღიმა.
- ამდენ ლაპარაკში, ვახშმის დროც მოსულააა! ჩავალ პირუტყვს დავაპურებ. აბა დოტი, შენ მანამდე სუფრას მიხედე! - მასპინძელი კარისკენ წავიდა.
დიმეო დაფაცურდა. მაგიდა მოაწესრიგა თეფშები დააწყო და უცებ ზურგს უკან, მწირის ხმა მოესმა:
- შენ დოტი, არ გქვია, არა?
LEX. 2020 წლის 18 ივლისი, შაბათი.

No comments:

Post a Comment