Sunday, March 29, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 52)

52.
- მართლა ფიქრობ, რომ მან წაიყვანა? - ჩურჩულით ჰკითხა მიმიმ. - ბავშვი წაგვართვა?
ფიფოს გულზე მოეფინა, მიმიმ მრავლობით ფორმაში, რომ აღნიშნა „წაგვართვაო“, თუმცა, რა დროს ეგ იყო, მაგრამ მაინც ძლიერ გაუხარდა.
- თუ, მართლა მასეა... - დაიწყო ფიფომ. - მაშინ ასე ძლიერ, რაღას ნერვიულობ? ნუღარ ტირი ამდენს?
- აბა მიხაროდეს ბავშვის წართმევა? - გული მოუვიდა მიმის.
- ვერავინაც ვერავის ვერ წაგვართმევს! - ხმას აუწია ფიფომ. - ვერც კანონით და ვერც უკანონოდ! ხომ იცი? მე ეს არ მესწავლება.
- ჰო... ჰო. - თავი დაუქნია მიმიმ და წყლიანი თვალები შეანათა.
- შენ კი დამშვიდდი, ნუღარ ტირი, რადგან თუ მართლა... - ფიფომ წამით იყუჩა. - არაფერს დაუშავებს. დარწმუნებული ვარ, კარგადაც მოუვლის. ალბათ, ახლა დიმეო, მშვენივრად გრძნობს თავს, შენ კი თვალებს ითხრი.
- არაფერს დაუშავებს? მართლა?
- დარწმუნებული ვარ! მართლა არაფერს დაუშავებს საკუთარ შვილს, თვალის ჩინივით გაუფრთხილდება! – მიმის დასამშვიდებლად თავი გამოიდო ფიფომ, თუმცა თავად, საშინლად იბოღმებოდა გულში.
- და მერე, რატომ აღარ რეკავს? რატომ? - მაინც ვერ მშვიდდებოდა მიმი.
- ჯერ ალბათ, კარგად უნდა რომ გვანერვიულოს. ბოლომდე უნდა, ამოგვაცალოს სული!
- რა თქვი? - წაიჩურჩულა მიმიმ.
- არა, არაფერი. - ცალყბად გაუღიმა ფიფომ. - იცი, რა ვიფიქრე?
- რა?
- როცა დარეკავს, თავი ისე უნდა დაიჭირო, თითქოს ვერაფერს ხვდები, არც კი იცი ვინ არის გამტაცებელი, ეჭვიც კი არ გაქვს! ისე შეიძლება სულაც სულ სხვასაც დაარეკინოს, არც გამიკვირდება. 
„ნეტა მართლა, მაგას ჰყავდეს.“
ამოიხვნეშა ფიფომ. 
- და თუ ბავშვი უნდა, მაშინ ფულს, რაღაზე ითხოვს? - ამოიკვნესა მიმიმ.
- შეიძლება, ვითომ სხვა გამტაცებელია და ეს თანხის მოთხოვნაც ფარსია.
- და თუ მართლა თვითონ არის? მაშინ?
- და იქნებ, მართლა ფული უნდა? - იქეთ ჩაეკითხა ფიფო.
„და თუ მართლა ფული უნდა, მაშინ ამდენ ხანს, რა გაუხდა დარეკვა?“
კვლავ გაიფიქრა ფიფომ.
„მოითხვოს მერე! გადავუხდი! უკან არ დავიხევ, მაგრამ თუ მართლა შვილი უნდა? მაშინ არც დარეკავს!
ვაიმე, რა ვიფიქრო აღარ ვიცი? ცალკე მიმის დამშვიდება და ცალკე საკუთარი თავის ხელში აყვანა და სწორი აზროვნება და ქმედება.“
- ნუთუ მართლა ბავშვი წამართვა? - მიმის ისევ ატირდა.
- ვერ წაგვართმევს! და შენც, ნუღარ ტირი, რა?
- მაშინ, წადი და მომიყვანე! ჩემი შვილი დამიბრუნე! - ისტერიულად იწივლა მიმიმ.
- როგორც კი გავიგებ, მაშინვე...
- და მერე, როდის?! როდის გაიგებ?!
- დავიცადოთ ჯერ და...
- როდემდე უნდა ვიცადო, როდემდე?! - ჩხაოდა მიმი.
- აი, გალეოც მოვა და ნახავ, მთელი ქალაქის და მთელი სამყაროს ჩანაწერებს ამოვიღებ! მთელ ქვეყანას შევძრავ და მერე, გინდა დარეკოს და გინდა არა! - ხმას აუწია ფიფომ და მერე უფრო დაბალი ხმით განაგრძო. - მხოლოდ შენ, მორჩი ბღავილს, აიყვანე თავი ხელში და მშვიდად, წყნარად აზრიანად ვიფიქროთ, რა და როგორ უნდა უპასუხო, როცა დაგირეკავენ.
- თუ კი გალეო ჩანაწერებს ამოიღებს, მაშინ სულაც აღარ ვუპასუხებ.
- არა, მიმი! პირიქით! უნდა ვუპასუხოთ, რომ ეჭვი არაფერში შეეპაროს, თორემ მერე შეიძლება, ისე გადამალოს, რომ პოვნაც გაგვიჭირდეს! - ფიფომ წამით იყუჩა. - სადაც არ უნდა გადამალოს, მაინც ვიპოვნი, მაგრამ მერე უფრო მეტი დრო გავა, ამიტომ ისე უნდა ველაპარაკოთ, რომ ვითომც ვერ ვხვდებით, ვინ რეკავს, ან ვისგან.
- ჰო, კარგი. შენ უფრო იცი. - ამოიკვნესა მიმიმ. - ნებისმიერ თანხაზე თანახმა ვარ, ოღონდაც ჩემი შვილი დამიბრუნოს! ფიფო! მივცეთ რა ფული! მე მივცემ, მე გადავუხდი, ოღონდაც მომშორდეს, ჩემი შვილი დამიბრუნოს და მოშორდეს ჩემი ცხოვრებიდან! სამუდამოდ მოშორდეს! ღმერთო, ეს რა ჭირი ავიკიდე! ღმერთო, სად იყავი მაშინ, როცა ამ ჭირს ავეკიდე! - მიმი ისევ ხმამაღლა მოთქვამდა. - გადავუხდი! სულ წაიღოს, თავისი ფულიც და ჩემიც ზედ მიაყოლოს, მხოლოდ ჩემი ბავშვი დამიბრუნოს! ჩემი შვილი!
- რა თავისი ფული? - ფიფომ შუბლი შეკრა. - მიმი, რაზე ამბობ?
მიმიმ ქვემოდან ამოხედა, თუმცა არაფერი უპასუხა. ერთხანს, იჯდა ასე, უსიტყვოდ ღმუოდა და ფიფოს, თვალსაც ვეღარ უსწორებდა.
- მიმი. - ვეღარ მოითმინა ფიფომ. - თუ რამეს მიმალავ, ახლა დროა რომ მითხრა.
მიმი უფრო მოიკუნტა.
„კიდევ რაღას მიმალავს ეს გოგო? ახლა რაღაა? გზა აბნეულ წრუწუნას დაემსგავსა, შიშისგან სოროში შესასვლელს, რომ ვერ აგნებს.
არა, ისე თუ?..
ნუთუ, მართლა ცოცხალია? ცოცხალია და მიმის ცხოვრებაში, კვლავ გამოჩნდა?
ჰმ! მერე? რად უნდოდა ამხელა ამბის ატეხა? გონება ყოველთვის მშვენივრად უჭრიდა, მისი ჭკუისა და მოხერხებულობის წყალობით, მიმის მეორედ კი არა, მეოცედაც შეაყვარებდა თავს, და ახლა? რა ქმედებაა ეს? რა ქცევაა? ნუთუ, მიმის გამწარება უნდა?
მაგრამ რატომ? რა დაუშავა? ვითომ, მე რომ გამომყვა ცოლად?
ჰაჰ! ნეტა იცოდეს მაინც, რა ხდება ჩვენს შორის.
ეჰ, არაფერიც არ ხდება და არც მომხდარა და საკითხავია, მოხდება თუ არა?
ოხ, ბავშვს არაფერი დაუშავოს, თორემ მერე მე ვიცი!
თუმცა, რატომ უნდა დაუშავოს?
და მიმიმ, რომ... მიმიმ რომ მაინც ის აირჩიოს, და...“
ფიფოს გულზე ისე ძლიერად მოაწვა ბოღმა, რომ ლამის სული შეეხუთა, პერანგის ღილიც კი შეიხსნა.
- მე... მე... - დაიწყო მიმიმ ენის ბორძიკით. - მე დიდი ფული მაქვს! ბევრი...
- ჰო, მიმი, ჰო! ვიცი, ვიცი! - დაუყვავა ფიფომ. - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, მივაშავოთ რამდენიც უნდა და ბავშვი დაგვიბრუნოს!
- ჰო, მაგრამ... - მიმი შეყოვნდა.
- მიმი, რა იყო? - ფიფომ უფრო მეტად შეარბილა ხმა. - მითხარი, რისი გერიდება? ჩემი გეშინია, მაგრამ რატომ? ნუთუ, ასეთი საშიში ვარ?
- მან... სულ... - მიმი გაჩუმდა, მერე უფრო მეტი ძალა მოიკრიბა. - მან მთელი ფული, მთელი თავისი ქონება, სახლები, ბანკის ანგარიშები, ყველაფერი! - მიმი წამით შეყოვნდა. - ყველაფერი დიმეოს სახელზეა, ის არის ერთადერთი და მთავარი მემკვიდრე! ხოლო მეურვე, მე ვარ! თუმცა... - მიმი კვლავ გაჩუმდა.
- რა, თუმცა?
- მიკვირს, ძანეს სახელზე საერთოდ არც არაფერია, არც მისი დის და არც მშობლების! არც ვიცი რატომ? ხვალვე ქუჩაში, რომ დავტოვო ისინი, ამის რა გარანტია ჰქონდა? ასე რატომ მოიქცა?
- დაიცა, ეგ როდის იყო? დიდი ხანია იცი?
- დიმეს დაბადების დღეს. - მიმიმ ამოიხვნეშა. - გახსოვს? საშინლად ცუდად გავხდი, უჩემოდ ჩაიარა.
- ჰო, მახსოვს. ბავშვი დაბადების დღე გამოტოვე. თუმცა ჩვენ, სულ სხვანაირად აღვნიშნეთ, დიმეს უნდოდა ასე და მეც ავყევი.
- დილიდან, როგორც კი თქვენ წახვედით სახლში მომადგნენ. - მიმიმ ამოიხვნეშა და თავი გააქნია. - თავისი ნოტარიუსებითა და რწმუნებულებით.
- და ამდენი წელი, სად ბრძანდებოდა? - ფიფო უკვე, კბილებს კრეჭდა.
- არა, თვითონ არა! რას ამბობ?! - შეიცხადა მიმიმ. - ეგღა მაკლია, რომ აქ...
- ჰო, კარგი, მერე?
- მერე... - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - ყველაფერი ბავშვის სახელზე იყო. მეურვედ, მე ვიყავი ჩაწერილი. - მიმიმ ამოიხრა. - არც გამომიყენებია, ხელიც არ მიხლია, მაგრამ ახლა იქნებ... იქნებ, სულაც ამ ყველაფერს, უკან ითხოვს და...
- და ამისთვის, ბავშვის გატაცება იყო საჭირო? - შეაწყვეტინა ფიფომ. - არა, რაღაც აბსურდია! აბსურდი!
- სერიული მკვლელისგან და უკანასკნელი ნაძირალისგან, გიკვირს? - მწარედ ჩაეღიმა მიმის.
- მასეთი კაცისგან ჩადენილი, ნებისმიერი დანაშაულიც კი არ გამაკვირვებს მიმი, მაგრამ აქ რაღაც შეუთავსებლობაა, არ ჰგავს ეს საქციელი, მის ქმედებას! ხომ იცი? როგორ კარგად შევიცანი მისი ფსიქიკა და ასე, არ მოიქცეოდა!
- რა? დანაშაულის ჩადენას, არ იკადრებდა? ჰმ.
- გააჩნია, როგორ ჩაიდენდა! როგორი გზით! ამიტომაც, რაღაც ისე ვერ არის!
- და მაშინ გინდა თქვა, რომ ბავშვი მასთან არ არის? და სულ სხვებმა... - მიმი ისე საშინლად აბღავლდა და რომ ფიფომ, დიდხანს ვერ შესძლო მისი დამშვიდება.
- სრულიად შესაძლებელია, ვიღაც ეხმარება! ჰო! ჰო! ვიღაც დაიხმარა, ან ვიღაცეები და ამიტომაც ასე ცოტა უცნაური გეგმით უნდა, თავისი ქონების უკან დაბრუნება, რომ ჩვენ გზა-კვალი აგვირიოს, დაგვაბნიოს. - ამშვიდებდა ფიფო, თუმცა თავადაც უკვე აღარ სჯეროდა არაფრის.
- იმ ვიღაცეებმა, რომ ჩემს შვილს რამე დაუშავონ, მერე რა ვქნააა?.. რა წყალში გადავვარდე?.. რა მეშველებაა. - მოსთქვამდა მიმი.
- არა, მიმი მომისმინე. - ფიფომ ღრმად ჩაისუნთქა. მიმის ბღავილი, საშინლად მოქმედებდა ნერვებზე, მაგრამ ვერაფრით ანუგეშებდა. - ბავშვს არავის ანდობდა და სხვა საქმეებს კი, სხვები მიხედავენ და ალბათ, თავადაც ასე აწყობს, რომ აგვრიოს და დაგვაბნიოს.
მიმი კვლავ ღმუოდა. ფიფო დაიბნა. აღარ იცოდა ან რა ეთქვა, ან როგორ უნდა ენუგეშებინა, როცა თავადაც აებნა ტვინი, ცალკე ბოღმისგან და ცალკე, დარდისგან.
- მიმი, შეგიძლია...
- არ შემიძლია! არააა! - ჩხაოდა მიმი.
- შეგიძლია ის საბუთები მაჩვენო? იქნებ, რაღაც ისეთი ვნახო, რომ...
- საბუთები? ის საბუთები?
- ჰო! ის საბუთები, სადაც შენ ხარ მეურვედ მოხსენიებული და ბავშვი, მემკვიდრედ! თუ სახლში არ გაქვს და სადმე სხვაგან ინახავ, წავიდეთ და მოვიტანოთ, ან იქვე ვნახოთ, ან...
მიმი ბარბაცით შევიდა თავისი კაბინეტში, ფიფო ფეხდაფეხ მიჰყვა და თავის დროზე ფიფოს ინტერესი, რომ ჰკლავდა, სწორედ იმ სეიფიდან გადმოიღო მიმიმ დიდი ყავისფერი პერგამენტის კონვერტი და ფიფოს გაუწოდა და ის ნაცნობი ლურჯი ლეპტოპიც ზედ მოაყოლა.
- კი, მაგრამ ეს ლეპტოპი ხომ?.. - ფიფომ ალმაცერად შეხედა მიმის.
- ვერაფრით გავხსენი, არც კი ვიცი, რა არის მანდ! და გინდა გეწყინოს და გინდა არა! ვერც გითხარი, არც ვიცი, რატომ დაგიმალე!
- ჰო, კარგი! ჯერ გადავხედო საბუთებს.
- და ამ ლეპტოპს, რა ვუყოთ? 
- წავიღებ და გავახსნევინებ, ეგ აღარ არის უკვე პრობლემა. - ფიფოს თავი არ აუწევია, ისე უპასუხა მიმის. სულ სათითაოდ გადაიკითხა ყოველი გვერდი, ყოველი აბზაცი, მაგრამ ხელმოსაჭიდი, ვერაფერი ნახა.
- ეს საბუთები, ჯერ კიდევ მაშინ არის შედგენილი, შენ რომ დიმეზე ორსულად იყავი. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. უკვე ოთახში მოწევას აღარც ერიდებოდა და აივანზე გასვლას, არც აპირებდა. - ჰმ. როგორ ოსტატურად და როგორი დიდი გამჭრიახი ტვინის შედგენილია! საოცარია, მემკვიდრე პირადად შენი შვილია, მით უმეტეს, რომ ჯერ არც იყო დაბადებული და თანაც, მითითებულია შენი პირველი შვილი! ესე იგი, ჩემგან, ან თუნდაც ვინმე სხვისგან, რომ გაგეჩინა, ის შვილი, ვერანაირად ვერ გამოვიდოდა მემკვიდრედ!
- და, ძანეს? ძანეს რატომ არაფერი დაუტოვა? გიჟდებოდა შვილზე და ცარიელი დატოვა?
- აი მაგას, სულ სხვა გამართლება აქვს მიმი, სულ სხვა.
- რა? რა გამრთლება აქვს?
- ის, რომ იმდენად გენდობოდა, რომ შენს იმედზე დატოვა მშობლებიც და შვილიც, იცოდა ქუჩაში არ გაყრიდი და არც შიმშილით ამოხოცავდი!
- და იმის გარანტია, რომ დიმეო, როცა ოფიციალურად მემკვიდრეობას მიიღებს, მერე რომ დატოვოს ისინი ქუჩაში? მერე?
- ეჰ, მიმი. შენ გეტყობა, საერთოდაც ვერ გაგიცვნია.
- რამდენადაც გავიცანი, ჩემი ცხოვრებისთვის ისიც კი საკმარისი აღმოჩნდა. - ამოისლუკუნა მიმიმ.
- დიმეოს სრულწლოვანებამდე, ჯერ კიდევ ბევრი უკლია, მაგ დროისთვის კი შესაძლებელია, არც ერთი იმათგანი არ იყოს ცოცხალი. ჰმ, ხედავ? სად გათვალა?
- ჰოო? - წაიკნავლა მიმიმ. - და ის რატომ ვერ გათვალა, რომ ცოცხლად დამმარხა აქ! დამიბრუნოს ჩემი შვილი დამიბრუნოს და უკან წაიღოს თავისი დამპალი ქონება! რა ჯანდაბად მინდა, რად? ჩემსასაც დავუმატებ, ოღონდ ჩემი შვილი დამიბრუნოს!
„ჰმ, მართლაც საოცარია.“
ისევ ჩაფიქრდა ფიფო.
„ყველაფერი საათივით ააწყო და ზუსტად გათვალა, მაგრამ ეს ბავშვის გატაცება, რაღაც მაინც არ მომწონს! არა, მართლა არ მომწონს, თუმცა სჯობს მიმიმ ახლა ასე იფიქროს, რადგან იმას მაინც აღარ იდარდებს, რომ ბავშვს რამე დაუშავდება.“
- რატომ აღარ რეკავს? რატომ? - მიმი უკვე უცრემლოდ მოსთქვამდა.
- მიმი. - ფიფომ კვლავ ამოიხვნეშა. ისევ თავიდან უნდა დაეწყო, ცალკე მიმის დამშვიდება და ცალკე იმის ახსნა, თუ რა და როგორ უნდა ეპასუხა, თუ ვინიცობაა, პირადად მას დაუკავშირდებოდნენ. - მიმი მორჩი რა ბღავილს, გასკდა თავი. გგონია, მე არ ვნერვიულობ და არ განვიცდი? მაგრამ მირჩევნია ვიაზროვნო, ვიფიქრო, რომ სწორი გამოსავალი ვნახო. ადექი ახლა, შეინახე ეს საბუთები და დაველოდოთ მოვლენებს.
მიმი წამოდგა, კონვერტში უკან ჩააბრუნა ფურცლები და მერე ლეპტოპს სწვდა.
- არა. - შეაჩერა ფიფომ. - ეგ იყოს, მაგას გავახსნევინებ ბიჭებს.
- ხომ, მაგრამ...
- ნუ გეშინია, არავის შევახედებ, უბრალოდ გახსნან და მერე, მე მივხედავ.
- მეც მინდა ვნახო.
- აბა, რა! შენც ნახავ. - ფიფო წამით შეყოვნდა. - იცი, რას ვიზამ? აქ მოვიყვან ვინმე სანდოს და აქვე გავახსნევინებ!
- არ მინდა! - თავი გააქნია მიმიმ. - ახლა აქ არავის დანახვა არ მინდა.
- კარგი, ჯერ დარეკონ და მერე, სხვა დროს იყოს. - ფიფომ ამოიხვნეშა. - ან ეს გალეო, მაინც სად დაიკარგა? საათზე მეტი გავიდა.
მიმის ტელეფონში, ზარი შემოვიდა. მიმი გიჟივით ეცა. დედა ურეკავდა, როგორ ხართო. მიმიმ წყლიანი თვალებით, ფიფოს შველა სთხოვა. ფიფომაც მაშინვე გამოართვა ტელეფონი.
- როგორ მყავს, ჩემი უსაყვარლესი სიდედრი! - ომახიანად დაიგრუხუნა ფიფომ. - მთაში ვართ მთელი ოჯახი, ზამთრის კურორტზე! აქ ცუდად იჭერს ტელეფონი, როგორც კი ჩამოვალთ, აუცილებლად გინახულებთ! - ფიფომ ტელეფონი გათიშა და ამით, ზედმეტი შეკითხვებიც დასრულდა.
მიმიმ შვებით ამოისუნთქა. ახლა არც დედის და მით უმეტეს არც მამიდის თავი, არ ჰქონდა.
- რატომ არავინ რეკავს? - წაიჩურჩულა მიმიმ. - იქნებ, შენთან დარეკეს და ზარი ვერ გაიგე? ან იქნებ სულაც, შენ დაგირეკოს?
- დარეკოს, რა მერე? მეგაფონზე ჩავრთავ! თუმცა, მაინც მგონია, რომ შენ უფრო დაგიკავშირდება.
- საინტერესოა, რამდენს მომთოვს? არა მე უკან არაფერზე დავიხევ, პირიქით, მაგრამ მაინც მაინტერესებს, თვითონ რამდენად უღირს თავისი შვილი... - მიმი უცებ გაჩუმდა და ფიფოს, საბრალო თვალებით გახედა.
ფიფოს ჩაეღიმა.
- და იქნებ, სულ სხვაა? - მიმი ისევ დაემანჭა სახე. - სულ სხვებმა გაიტაცეს ბავშვი?!
- დაიმახსოვრე! ვინც არ უნდა იყოს და რამდენიც არ უნდა მოითხოვოს, მაინც უნდა შეევაჭრო! მართლა უნდა შეევაჭრო! - ფიფო ახსნას შეეცადა. - დრო უნდა გაუწელო და იქეთ ანერვიულო, სანამ ბავშვის ხმას არ გაიგებ, მანამდე არაფრის გადამხდელი არ ხარ! ეს აუცილებელი პირობაა! იცოდე! ბავშვი უნდა დაგვალაპარაკონ და არა ძველი ჩანაწერი მოგვასმენინონ!
- ჰო, ჰო... და თუ სხვებმა... სხვამ...
- ამიტომაც, იქეთ უნდა ევაჭრო და ანერვიულო, თორემ თუ მართლა სხვების ხელშია ბავშვი, მაშინ იმას უნდა ელოდო, რომ დღეს ათას მოითხოვენ, ხვალ ასიათასს, ზეგ მილიონს და ბავშვს კი, არ დააბრუნებენ, რადგან ყოველთვის უფრო მეტი და მეტი ფულის მიღების იმედი ექნებათ! აი, ამიტომაც თავიდანვე ასე გითხარი და შენ კი, ბოლომდე არ გინდოდა მოსმენაც და გაგებაც!
კარზე ზარი გაისმა. ორივე ადგილზე შეხტა. გალეო იყო.
- ცხელი თონის პურიც წამოვაყოლე. ვიცი, თქვენ ახლა ამის თავი არ გაქვთ, მაგრამ არსებობა ხომ გინდათ?! აი, ჩანაწერებიც მოვიტანე. სკოლის ეზოდანაც ამოვაღებინე, და მთელი ის ქუჩაც ორივე მხრიდან, ბოლო მოსახვევამდე. დანარჩენ სხვა ქუჩებსაც, მერე მომაწვდიან, რომელიც დაგვჭირდება.
- ყოჩაღი ბიჭი ხარ! - შეაქო ფიფომ. - არ გკითხეს, რად გინდაო? 
- მანქანაა გატაცებული და ჯერ გასაიდუმლოებულია, არავინ უნდა გაიგოს-თქო. უპრობლემოდ მომაწოდეს. - უპასუხა გალეომ. - დიდად არც ჩამეკითხეს. მასალა საკმაოდ დიდია. 
- დიდ ხანს მოგვიწევს თვალიერება, მაგრამ რას დავეძებ. მიმი, ლეპტოპი მოიტანე, რაა. აი, შენ კი. - ახლა გალეოსკენ გადმოიტანა მზერა. - ყავასაც თუ ბარემ მოამზადებ, ოქრო ბიჭი იქნები! არა, ოქრო ისედაც ხარ და ბაჯაღლოც!
- კარტოფილსაც შევწვავ და ყავასაც მოვამზადებ. - დაფაცურდა გალეო.
- მაცივარში ხორცია, სტეიკისთვის. - წაილუღლუღა მიმიმ. - მე არ მინდა.
- მოიტანე რა ლეპტოპი და ბარემ,  ერთად შევხედოთ. - კვლავ გაუმეორა ფიფომ. - და ვინც არ შეჭამს, ნუ შეჭამს! ცუდად გახდება და მე, არ მოვუვლი!
- ლეპტოპი, არ მაქვს. - წაიკნავლა მიმიმ. - სამსახურში დავტოვე.
- და ბავშვის? მოიტა წავა.
მიმიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- მაინც და მაინც, დღეს წაიღო... - მიმის ცრემლები წასკდა. - თუ, გუშინ?..
- და, ეს? - გალეომ იმ ლურჯ ლეპტოპზე მიანიშნა.
- ეს არ მუშაობს. - უკმაყოფილო ხმით უპასუხა ფიფომ.
- გავალ, მოვიტან! - გალეო წასასვლელად მოემზადა.
- დაიცა! - შეაჩერა ფიფომ. - მე გავალ! მაინც გასასვლელი ვარ და შენ, მინდა აქ დარჩე მიმისთან. მარტო არ დატოვო. - მერე მიმის მიუბრუნდა. - მიმი, აბა შენ იცი, ყოჩაღად იყავი! ვინც არ უნდა დარეკოს. - ფიფომ, გალეოს უჩუმრად, თითი ტუჩებთან მიიტანა. მიმი მაშინვე მიუხვდა, რომ პიპა, არ უნდა ეხსენებინა. - და რაც არ უნდა გითხრას, შეეცადე შეევაჭრო, ბავშვის დალაპრაკება, აუცილებლად უნდა მოითხოვო! გავედი და მოვალ!
ფიფომ იმ ლურჯ ლეპტოპს სტაცა ხელი. მიმიმ კითხვის ნიშნით შეხედა. ფიფომ ჩუმად დაუქნია თავი და მიმიც დამშვიდდა.

***
- ეს, როდინდელი ლეპტოპია? - ჩაიხითხითა პიპას მამამ.
- კი მოძველებულია ცოტა, მაგრამ საჭირო საბუთებს ვინახავდი. - ფიფო წამით შეყოვნდა. - დამებლოკა და ვეღარ გავხსენი. თანაც, სანდო კაცი მჭირდება, რომ...
- სანდო, კი ვარ, მაგრამ... - კაცმა სათვალის ქვეშიდან გამოხედა.
- მაგრამ? - ვეღარ მოითმინა ფიფომ.
- ვისია ეს ლეპტოპი?
ფიფო შეცბა. ამ შეკითხვის გარდა, ყველაფერს ელოდა. ისედაც ნირწამხდარი, ახლა საერთოდ გაფითრებული შესცქეროდა, ყოფილი მტრის მამას. ან არის უკვე ყოფილი? იქნებ, ახლაც მტერი იყო მისი?
- იცი, რატომ გეკითხები?
ფიფომ უარის ნიშნად, თავი გააქნია. მოხუცმა კი განაგრძო:
- შენ ამბობ, რომ დამებლოკაო, თუმცა ვხედავ, რომ ეს არ არის სიმართლე, მაგრამ ეგ არაფერი. საქმე, სულ სხვა რამეშია.
- და, რაშია?
- აქ ისეთი კოდი აქვს, რომ თუ ზუსტად ის პაროლი არ ჩაიწერება, სხვანაირად არც გაიხსნება.
- და გამოსავალი, არ არის?
- არის ერთი ვარიანტი, მაგრამ სახიფათოა, რადგან ისე ოსტატურად და მოხერხებულად არის დაბლოკილი, რომ შესაძლებელია, გახსნისთანავე, ყველაფერი ავტომატურად წაიშალოს. - კაცმა სათვალე მოიხსნა. - ნუ, თუ გაწყობს? თუმცა, გარანტია არ მაქვს, რომ გაამართლებს, სარისკოა.
ფიფოს, ცივმა ოფლმა დაასხა. სუნთქვა შეეკრა და თვალები ისე დაუბინდდა, რომ მოხუცის სახესაც ძლივს არჩევდა და უცებ, მოულოდნელად, თავის და უნებურად წამოისროლა:
- ვიცი, რომ თქვენც შეამჩნიეთ თითების თამაში!
- რაა?
- დიმეო ზოგჯერ თითებს ათამაშებს, თითქოს კლავიშებზე უკრავდეს, ისევე როგორც... ეს გენეტიკურია და თქვენც იცით ეს!
LEX. 2020 წლის 29 მარტი, კვირა.

No comments:

Post a Comment