Monday, March 23, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 51)

51.
„ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?.. ვინ? ვინ?..“
ფიფო თავს იმტვრევდა. მტრების მეტი რა ჰყავდა, მაგრამ იმასაც მშვენივრად ხვდებოდა, რომ არც ისე უბრალო საქმე იყო, ამხელა თანამდებობის პირის შვილი გატაცება და ჩანდა, ბოროტმოქმედებმაც კარგად იცოდნენ, თუ რა რისკზე მიდიოდნენ და ვისთან მოუწევდათ ბრძოლა და დაპირისპირება.
საიდან უნდა დაეწყო, საიდან? რომელი ერთიდან?
შეუპოვარი ხასიათითა და უტყუარი ალღოთი, თავიდანვე გამორჩეული ფოფო, უკან არაფერზე იხევდა და არც არავის მხილებას ერიდებოდა. თუმცა, ბევრჯერაც გააჩუმეს, მაგრამ ამასაც სულ სხვა გამართლება ჰქონდა და არა ის, რომ დააშინეს და საქმეზე ხელი, საბოლოოდ ააღებინეს. მიზეზი კი, პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობა იყო. ოპერაცია-რეაბილიტაციებს, საკმაო დრო მიჰქონდა და თანაც, მკურნალობის ყოველი ეტაპი, დაუსრულებლად ჭიანურდებოდა. მიუხედავად ამისა, ყველა საქმე, გამოძიების ყოველი ფურცელიც კი ჰქონდა ფიფოს თავისთვის ცალკე, ყველასგან საიდუმლოდ გადანახული. სწორედაც, რომ იმ ძველ, გადამალულ საბუთებში აღმოაჩინა ქირურგზე, მისთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაც. თუმცა ახლა, მაგის დრო არც იყო და არც ამის გამო აპირებდა მეგობრის დაკარგვას. გულში ჰქონდა ჩარჩენილი და დარწმუნებული იყო, ოდესმე მაინც შეახსენებდა და ბოლომდე გაარკვევდა იმ ძველ ჩახლართულ, მიჩქმალულ საქმეს.
„თუმცა ჩახლართული, სულაც არ იყო! მშვენივრადაც გავარკვიე და ძალიან კარგადაც დავასკვენი, რომ ბავშვთა ოჯახის ექიმის მკვლელობაში, სერიული მკვლელის ხელი ერია. 
ჰმ! სწორედ მაგის გამო არ იყო, რომ მთელი ღამე მახეხინეს აყროლებული ციხის საკანი.
ფუჰ! რა სუნი იდგა, ახლაც კი მისი გახსენება მზარავს!
რაც მე მაშინ თავი ვიმტვრიე, ვერაფრით ამოვხსენი, რა კავშირი უნდა ყოფილიყო მკვლელსა და მსხვერპლს შორის? და მაინც მოტივის გარეშე მივაწერე სერიულ მკვლელს, რადგან დარწმუნებული ვიყავი, მისი ჩადენილი იყო, ისიც კი დავუმატე, რომ მკვლელს გაუტკბა თვითსამართლის წარმოება და ახლა სხვებსაც მიადგა. იმათაც, ვისაც კონკრეტულად მისთვის, არც არაფერი დაუშავებია-თქო. ასე ვამტკიცებდი, მაგრამ მაინც ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი, მანდ რაღაც სულ სხვა ამბავი უნდა ყოფილიყო და არა მკვლელის პირადი შურისძიება, რადგან ჩემი, ჰო, იმ დროს ჩემად წოდებული სერიული მკვლელი, ტყუილად არავის ერჩოდა, მის ყოველ მსხვერპლს პირდაპირი კავშირი ჰქონდა მკვლელთან!
არა! მკვლელობას არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ დიმეოს რომ ვინმემ რამე დაუშავოს, სულ ოდნავაც, ოდნავაც რომ... მართლა შემომაკვდება! შიშველი ხელებით მოვაგლეჯ თავს!“
ფიფო გიჟივით წამოხტა და იქვე მდგომ, პატარა დაბალ მაგიდას წამოედო. ხმაურზე მიმიმ გაიზმუვლა, თუმცა არ გაუღვიძია. ახლა მიმის მოთქმა-გოდების მოსმენის თავი, სულაც არ ჰქონდა და რაც შეიძლებოდა ფრთხილად დაუბრუნდა ადგილს, გაიტრუნა და კვლავ ფიქრებში გადაერთო.
ბავშვის გამტაცებელი, თუ ძველი მტერია, მაშინ რატომ მაინც და მაინც, ახლა? სხვა დროსაც, არაერთხელ შეეძლო ამის გაკეთება, თუნდაც მაშინ, როცა ფიფო ოპერაციებს იკეთებდა, უფრო ბევრად ხელსაყრელიც იქნებოდა და...
მობილური ძალიან დაბალ ხმაზე აზმუვლდა და ფიფოც კარის გასაღებად წამოდგა.
- უუჰ, როგორ თოვს გარეთ. - გალეო ფეხაკრეფით შემოვიდა.
ფიფო ისე უხმოდ ჩაჯდა სავარძელში, რომ სტუმრისთვის არც კი შეუთავაზებია. გალეოს ცოტა ეუცხოვა, თუმცა შეეცადა არ შეემჩნია. იქვე დივანზე მიმის ეძინა, ფიფო კი, სადღაც სივრცეში, გაშტერებული მზერით, კონიაკის წრუპავას განაგრძობდა.
- როგორც შენ მითხარი, ისე მოვიქეცი. - ჩურჩულით უთხრა გალეომ. - მანქანა გვერდით ქუჩაზე დავაყენე, არანაირი კუდი არ გამომყოლია.
ფიფომ უხმოდ დაუქნია თავი, ისე უხმოდ მოუწონა ყოჩაღო, რომ ზედაც არ შეხედა. გალეო გაიტრუნა. ახლა უფრო მეტად გაუკვირდა ფიფოს საქციელი, ვიდრე შემოსვლისას.
„უთენია წამომაგდო, თან არავინ დაგინახოს, ისე მოდიო...
ყავის დალევა მაინც მომესწრო, მაგრამ რას ვიფიქრებდი აბა? ყოველთვის სტუმართმოყვარე ოჯახი, ასე უცხვირპიროდ თუ შემხვდებოდა?“
ფიქრობდა გალეო და მალულად ავლებდა თვალს, ხან მძინარე მიმის, ხან კი მოღუშულ ფიფოს, რომელმაც უკვე მეორე ღერი სიგარეტი ისე ჩააქრო, არც ხმა ამოუღია და სტუმრისთვისაც ერთხელაც არ შეუხედავს.
მიმიმ თვალი შეაღო. გალეო ის იყო, მთელი მოწიწებით უნდა მისალმებოდა და ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა მიმიმ, მაშინვე ფიფოს გახედა.
- ეს რად გინდოდა?.. - უსაყვედურა ჩახლეჩილი ხმით.
გალეოს საშინლად ეწყინა. ძლივს შეიკავა თავი, რომ არ წამომდგარიყო და იქაურობა არ დაეტოვებინა.
„რა ლაპარაკია - „ეს?“ - ვიღაც ქუჩის ძაღლი ვარ, თუ?..“
- რატომ დამალევინე ამდენი? ყელი მეწვის. - მიმი წამოიწია. - შენ კი მთელი ბოთლი გამოგიცლია. - თავზე შემოიჭდო ხელები. - გასკდეს ბარემ ეს თავი და მორჩება! ყველაფერი მორჩება! - საშინელი ტკივილისგან სახე დაემანჭა.
- ყავას დალევ და გაგივლის. - ცივად მიმართა ფიფომ.
ყავას გალეოც სიამოვნებით მიირთმევდა, თუმცა ჯერ, არც არავინ სთავაზობდა და ჩანდა, რომ არც არავინ აპირებდა მის მომზადებას.
- ყავას მეც დავლევდი. - ფიფომ თვალები მოისრისა.
- აა... მო... მოვამზადებ... - ენის ბორძიკით წამოიწია გალეო სკამიდან.
- დაჯექი! - მშრალი, ცივი ხმით მიმართა ფიფომ.
გალეო მდუმარედ დაეშვა სკამზე და ფიფოს გაოგნებული მზერა მიაპყრო. დუმილი დიდ ხანს გაგრძელდა, ან იქნებ, გალეოს მოეჩვენა ასე.
- ბავშვი მოგვტაცეს! - ჩახლეჩილი ხმით თქვა ფიფომ და ის, დაუსრულებელი, სამარისებული სიჩუმეც სადღაც გაიფანტა.
- როგორ?! რანაირად?! - გალეო წამოხტა. - ფიფო, რას ამბობ?! მერე?!
- რა მერე? ჯერ, მეტი არაფერი ვიცით. - ფიფომ ჩაახველა. - ყავას მართლა დავლევდი, რაა... - ფიფომ გალეოს მუდარით გახედა.
- ახლავე! - გალეო სამზარეულოსკენ წავიდა. - საუზმესაც მოგიმზადებთ!
- ჰო. - თავი დაუქნია ფიფომ. - ნახე მაცივარშიც...
- მე არ მინდა... არაფერი მინდა... - ტირილით წაიკვნესა მიმიმ.
ფიფო უკვე აღარც უსმენდა და აღარც მის დამშვიდებას ცდილობდა. ისე საშინლად იყო გადაღლილი, ლაპარაკის კი არა, ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა.
- აი, ყავაც. - მოწიწებით დაუდგა ფინჯანი გალეომ მიმის.
- არა! არა! რა ყავა?! - უფრო ხმამაღლა აჩხავლდა მიმი.
- მიმი! - ისეთი ხმით დაიღრიალა ფიფომ, რომ გალეოც კი ადგილზე შეხტა. - ახლა ყავასაც მოსვამ და... - ოდნავ ხმა შეარბილა. - ისაუზმებ კიდევაც!
- არ მშია. - წაიკნავლა მიმიმ. - მე აქ ყავა ვწრუპო... ჩემი შვილი კი, ვინ იცის?..
- სერიოზულ თანხას როცა ითხოვენ, მაშინ ყველაზე მეტად... - გალეომ ფიფოს გახედა, შემეშველეო. - მაშინ თვალის ჩინივითაც კი უფრთხილდებიან!
- აბა, რა! - კვერი დაუკრა ფიფომ.
- რა დარწმუნებული ხარ, რომ არაფერს დაუშავებენ?! - ისევ ატირდა მიმი.
- დარწმუნებული ვარ! - მიახალა ფიფომ. - იციან, რომ გადამხდელები ვართ! საკმაოდ დიდ თანხას გამოჰკრავენ ხელს, ამიტომაც...
- ჰო! მასეა! მასე! - ახლა გალეო მიეშველა ფიფოს. - ნამდვილად, მასეა!
მიმი ოდნავ წამოიწია და ბიჭებს სასოწარკვეთილი მზერა მიაპყრო.
- არ მომატყუოთ, რა?.. - წაიჩურჩულა მტირალი ხმით.
- დალიე ეგ ყავა და ცოტა მოდი აზრზე! ჭამე კიდევაც! - ფიფომ თეფში პირდაპირ ცხვირთან მიუტანა, ერთი სენდვიჩი თავად იტაცა პირში. - ღონე მიხდილი, უსიცოცხლო, უძინარი და ნახევრად გონება დაკარგული, ვერც მე ვიაზროვნებ და ვერც შენ! ხომ გინდა, ბავშვი მთელი და უვნებელი დავიბრუნოთ? ამიტომ მეც თუ გული წამივა და შენც... - ფიფომ დიდი ლუკმა, უფრო მიმის დასანახად მადიანად გადაღეჭა. - ფხიზლად და საღად უნდა ვიმოქმედოთ, ამიტომ ღონე გვჭირდება, თორემ შიმშილს შენ მასწავლი? გუშინწინ დილით რომ ყავა დავლიე, მის მერე, ლუკმა აღარ ჩამსვლია პირში!
მიმის ნერვული სპაზმისგან ყელი ისე ჰქონდა შეშუპებული, რომ ყავის ყლაპვაც უჭირდა. ფიფო კიდევ აძალებდა ჭამეო.
- შოკოლადი ხომ არ გინდა? - შესთავაზა გალეომ. - მოვიტან!
- არა. არ მინდა ტკბილი... - თავი გააქნია მიმიმ.
- მაწონი? არაჟანი? - ფიფომ მაცივარი გამოაღო. - აი, იოგურტიც ყოფილა!
- დიმეს უყვარს. - წაიჩურჩულა მიმიმ - ატმის. არ შეუჭამო. - ატირდა მიმი.
- მიმი! - დაიწყო ფიფომ. ჩანდა მიმი გაჩუმებას აღარ აპირებდა. - ეს კაცი, აქ იმისთვის კი არ მოვიყვანე, რომ ყავა და საუზმე გვიმზადოს! ჭამე ახლა, ის რაც ცხვირწინ გაქვს და დაგვაცადე, სწორად ვიფიქროთ!
მიმიმ უგემურად დაუწყო წიწკნა სალათის ფურცელს.
- რადგან პირველი შეტყობინება მიმისთან დატოვეს, მაშინ ჯერ, მისი სამსახურის ავტოსადგომის კამერები უნდა გადავამოწმოთ და...
- აზრი არა აქვს. - გააწყვეტინა მიმიმ გალეოს. - უამრავი თანამშრომელია, იქნებ სულაც, ერთ-ერთია გარეული? თანაც კამერები, მხოლოდ შესასვლელშია, ვინ რას გაიგებს, ჩემს მანქანას ვინ მიეკარა და ვინ არა? და არც ანაბეჭდების იმედი მაქვს, არავინ დატოვებდა.
- აი, ყოჩაღ, მიმი! - შეაქო ფიფომ. - ხედავ? უკვე, სწორად მსჯელობ და ასეც უნდა, თორემ ვისხდეთ და ვიბღავლოთ! გამოვა რამე? მიდი ცოტა პურიც მოტეხე, სულ ცოტა, რომ გულზე არ მოგივიდეს, საღად მოაზროვნე მჭირდები გვერდში! - მერე გალეოს მიუბრუნდა. - სკოლის წინ, უკან გვერდით, მთლიან ტერიტორიაზე მინდა ყველა კამერის ჩანაწერი, გუშინ დილიდან მოყოლებული, საღამომდე! მხოლოდ არავინ უნდა იეჭვოს, ხომ იცი? რამე მოიფიქრე, რაც გინდა! და მიმი! - ახლა მიმის მიუბრუნდა ფიფო. - შენ ზუსტად ვინ გითხრა, რომ მამამისმა გაიყვანაო? დამრიგებელმა?
მიმიმ თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - უნდა დავკითხო, მხოლოდ ძალიან ფრთხილად, ისე რომ არაფერი იეჭვოს და თან, ენაც არ აჭარტალოს.
- მე რომ ვკითხო? - გამოცოცხლდა მიმი. - ვეტყვი, რომ ბავშვი, ქურთუკის გარეშე დაბრუნდა და მაინტერესებს, ვისთან ერთად გამოვიდა, ვინ დაუძახა?
- ძალიან კარგი! - შეაქო ფიფომ. - ყოჩაღ, მიმი ყოჩაღ! და დღეს იმიტომ გააცდინა, რომ ქურთუკის გარეშე დაბრუნებული ბავშვი, გზაში გაცივდა!
ფიფო რაც შეიძლებოდა მიმის ამხნევებდა და აქებდა, მიმიმაც უფრო მეტი ძალა მოიკრიბა და ცოტა უფრო მეტი შემართებით განაგრძო საუბარი:
- ნიღბით მივალ. ახლა მაკიაჟის ნერვები არ მაქვს. ვითომ, მეც გრიპი მაქვს.
- თვალებიც დასიებული გაქვს, მშვენიერი არგუმენტია. - მოუწონა ფიფომ. - მე სამინისტროში შევივლი და მალევე დავბრუნდები, მანამდე კი გალე, შენ ის ქუჩის კამერების ჩანაწერები მოიტანე და ერთად ჩავუჯდეთ.
- და სახლში, ვინ დარჩება? უცებ აქ... - მიმის ხმა გაებზარა.
- მაშინ მე დავრჩები! - ფიფო სავარძელში შესწორდა. - დავრჩები მე! სკოლიდან რომ მოხვალ, მერე შევირბენ სამინისტროში, გამოვჩნდები და ძალიან მალევე, უკანვე მოვბრუნდები.
- რომ დამირეკონ და გზაში ვიყო? - მიმი ხმაზე, შეშფოთება დაეტყო.
- მე დავრჩები! - წამოიწია გალეო. - მიმის მარტო ნუ გაუშვებ, გაჰყევი სკოლაში, გაარკვიეთ ერთად, შენ მანქანაში დაელოდე, მიმიმ თავად ნახოს მასწავლებელი, თუ უცებ დაურეკეს, მაშინვე გამოვა გარეთ და შენც მოისმენ. დაგელოდებით, სახლს არ დავტოვებ. იქნებ შეტყობინება, სულაც კართან დატოვონ?
- კარგი. - დაეთანხმა ფიფო. - შენ დარჩი სახლში. ჩვენ გავალთ სკოლაში, მიმიმ მარტო ნახოს დამრიგებელი, ასე აჯობებს. მიმი, მართლა, ხომ შესძლებ?
- შევძლებ! უნდა შევძლო, ჩემი შვილის გულისთვის, უნდა შევძლო!
- ჰოდა, ახლა მოსვი ეგ ყავა, პირზეც ცოტა ცივი წყალი შეისხი, სახე გაასწორე. ხომ იცი, ლამაზად უნდა გამოიყურებოდა, შენ ხომ ყოველთვის კარგ ფორმაში იყავი და ახლაც, არაფერი უნდა შეგეტყოს! შვილის ხათრით, ჩვენი ბიჭის ხათრით, მაგრად უნდა იყო! უნდა შესძლო!
- ჰო, ჰო, უნდა შევძლო, უნდა შევძლო... - მიმი ბარბაცით წამოდგა.
- მე დავჯდები საჭესთან. - უთხრა ფიფომ. - შენი მანქანით წავიდეთ, არც გამოვჩნდები, ცოტა ისე გავაჩერებ, შენ გადადი და მარტო  შედი სკოლაში.
- ჰო, არ უნდა გამოჩნდე, თორემ მაშინ მასწავლებელი იფიქრებს, თავის ქმარს ვერ ჰკითხა, მე რაღას მეკითხებაო? - მიმიმ ამოიხვნეშა, მერე საათს დახედა და ძალიან ჩუმად, თავისთვის წაიჩურჩულა. - აღარ უნდა გათენდეს?..
ფიფო მანქანაში ელოდა, როცა მიმი სკოლიდან გამოვიდა.
- კლასელს უთქვამს, მამამ მოგაკითხაო. - მიმის თვალები აუცრემლდა.
- მერე იმ კლასელმა, რაო? დავინახე მამამისიო? გენახა მაინც ის ბავშვი.
- ვნახე. ვიღაც უფროსკლასელმა გოგომ დამაძახებინაო.
- აუჰ! გაიგე ახლა, ვინ იყო...
- მაგასაც შევეცადე, მაგრამ უშედეგოდ.
- კარგი, წავედით! - ფიფომ მანქანა დაძრა.
- კარტოფილი დათლილ-დაჭრილია. - სახლში შესვლისთანავე, მოახსენა გალეომ. ახლა გავალ, კამერების ჩანაწერებს მოვიტან! საჭმელი გამოვიყოლო რამე?
- არაფერი არ მინდა. - მიმი უსიცოცხლოდ დაეშვა დივანზე.
- არც მე ვარ, ჭამა-სმის ხასიათზე, მაგრამ ძალა გვჭირდება, რომ ვიაზროვნოთ და სწორად ვიმოქმედოთ! - უსაყვედურა ფიფომ. - ისე, ჯერ არც მე მშია. - მიმართა გალეოს. - უშენოდ არ შევწვავთ, მოდი დროზე.
მარტონი დარჩნენ. არც ერთ ხმას არ იღებდა. წამდაუწუმ, ხან ტელეფონს და ხანაც, ერთმანეთს ავლებდნენ თვალს და მაინც ორივე დუმდა.
მიმის მოუთმენლობა დაეტყო, თავსაც ვეღარ იკავებდა. ოთახში სიარულს მოჰყვა. ფიფოს ფიქრისგან თავი უსკდებოდა, გალეოს მოსვლას უცდიდა. იქნებ, რამე გაერკვია და ისევ იქნებ... იქნებ...
- აღარ უნდა დარეკონ! - ნერვიული ხმით წამოიძახა მიმიმ. - ათის ნახევარია უკვე!
- დარწმუნებული ვარ, უკვე მალე დარეკავენ, ასე იციან ხოლმე, არც უთენია რეკავენ და არც შუაღამეზე. - დაამშვიდა ფიფომ და ისეთი სახე მიიღო, რომ თითქოს, მართლაც ასე იყო.
- მართლა?
- აბა, რა! ყოველთვის ასე იქცევიან გამტაცებლები. - მთელი დამაჯერებელი ხმით უპასუხა ფიფომ და მერე შეეცადა, ოდნავ გადაეხვია თემისთვის. - სამსახურში ხომ დარეკე, რომ დღეს არ მიხვალ?
- რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - თუ მინდა, სულაც აღარ ვივლი.
- არც მე ამიწევენ ყურებს. ბიულეტენსაც გავაფორმებინებ მერე. - ფიფო გაჩუმდა. აღარ იცოდა რა თემაზე ესაუბრა, ან დრო როგორ გაეყვანა. გალეოც ჯერ კიდევ არ ჩანდა, თუმცა არც იმდენად დიდი დრო იყო გასული.
ტელეფონმა გაიწკრიალა. მიმი გიჟივით ეცა და სარეკლამო მესიჯის დანახვაზე, კინაღამ ლამის, მობილური კედელს შეანარცხა, იმავე წუთში ფიფოსთანაც მსგავსი მესიჯი მოვიდა.
დრო გაიწელა. ფიფო ჭიქისკენ გაიწია, სადაც სულ ცოტა კონიაკი, კიდევ იყო დარჩენილი, მაგრამ მიმიმ შეუტია, ნუ სვამო.
- არ ვსვამ, მიმი! არა! უბრალოდ მინდა, ოდნავ მოვსვა, რომ ეს დაძაბულობა მომეხსნას და საღად ვიაზროვნო.
- და მთვრალი, საღად იაზროვნებ?
- არ ვაპირებ დათრობას! ისე უნდა ვიაზროვნო, რომ თითქოს... - ფიფო გაჩუმდა. აბა, როგორ უნდა აეხსნა ახლა მიმისთვის, რომ ისე უნდა ემოქმედა, თითქოს ეს ამბავი სულ სხვა, უცხო ბავშვს ეხებოდა, სწორად აზროვნებისა და მოქმედებისთვის კი საჭირო იყო, გონებას აჰყოლოდა და არა, გულისთქმას.
- დარეკონ! დარეკონ! - მოსთქვამდა მიმი. - რატომ არ რეკავენ? რატომ?
- რადგან უკვე, ერთი შეტყობინება მაინც დატოვეს, რომ ფული უნდათ, აუცილებლად შეგვეხმიანებიან კიდევ. - ფიფო მიმის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა თავადაც ვეღარ გაერკვია, ასე რატომ აჭიანურებდნენ გამტაცებლები დარეკვას.
- იქნებ სულაც, არ დარეკონ და ისევ მანქანაში ჩამიდეს რამე?
- შევამოწმე. - ამოიხვნეშა ფიფომ. - წეღან, როცა მოვედით.
- ჰოო... ჰოო... - მიმის თვალი, ერთ წერტილზე გაუშტერდა და ჩუმი ხმით წაილუღლუღა. - აბა, რა ვქნათ? - მერე ფიფოს მიმართა, ისე რომ არც შეუხედავს. - შენ, მიდიხარ?
- არსად წასვლას აღარ ვაპირებ! ერთად დაველოდებით! მარტო, არ დაგტოვებ.
ფიფომ კონიაკის ბოთლს გახედა. წვეთებიღა იყო დარჩენილი. მთელი ღამის განმავლობაში, ისე გამოსცალა სავსე ბოთლი, რომ არც კი უგრძვნია.
- მიმი, ყავა გინდა?
- არა. - წაიკვნესა მიმიმ. - შენ თუ გინდა, დალიე.
- მარტო მეზარება, შენც თუ დალევ, მაშინ მოვამზადებ. - ფიფო ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ასეთი მდუმარება და გაურკვევლობა საშინლად აღიზიანებდა, მაგრამ ცდილობდა, მიმის თვალწინ, თავი შეემაგრებინა და ყურადღება, სხვა რამეზე მიეპყრო.
- გადავიხდი, რამდენსაც იტყვიან იმდენს! იმაზე მეტს! - მოსთქვამდა მიმი.
- მიმი! როცა დარეკავენ, მასე არ უთხრა.
- მასე, როგორ?
- რამდენსაც იტყვი, იმდენს მოგცემო, ან იმაზე მეტსო! ეგ არც კი უნდა უხსენო! უნდა უთხრა, რომ ჯერ, არაფერსაც არ გადავიხდი, სანამ...
- აბა? ბავშვის გამოსასყიდი, არ გადავუხადო?! - მიმიმ რისხვით შეხედა ფიფოს.
- დამაცადე, აგიხსნი. - ფიფომ წამით იყუჩა. - ნებისმიერი თანხის დასახელების შემთხვევაში, შენ მაინც უნდა უთხრა, რომ ეს თანხა... ნუ ამხელა თანხის მოგროვებას, გარკვეული დრო უნდა, რადგან არც გაქვს ახლა ეს ამდენი ხელზე და ვერც ამხელა თანხის შეგროვებას შესძლებ... და მაგის ნახევარსაც კი, დრო უნდა, რომ...
- რააა?! - მიმი ადგილიდან წამოფრინდა. - ბავშვით ვევაჭრო? საკუთარ შვილის სიცოცხლით ვივაჭრო?!
- მიმი!.. მიმი!.. მე ეგ, არ მითქვამს!.. - ფიფო უცებ დაიბნა, მიმი ვერ მიუხვდა, რასაც გულისხმობდა. - მასე, არ მითქვამს...
- აბა, როგორ?! - შეტევაზე გადავიდა მიმი. - არ მჭირდება შენი დახმარება და არც არავისი! გადავიხდი, ორჯერ მეტს გადავიხდი! სამჯერ მეტს! მაგრამ ნუ გგონია, რომ შენგან კაპიკი ავიღო, სულაც არ მჭირდება! არა! არა! არა!
- მიმი, დამშვიდდი! სულ სხვა რამის თქმა მინდა.
- ჰო, ვიცი! ვიცი! მივხვდი! შენთვის მხოლოდ, დამნაშავის დაჭერაა მთავარი და დანარჩენს, მნიშვნელობა სულაც არა აქვს! არ გინდა, ზედმეტად დაიხარჯო, რადგან შენი ნამდვილი შვილი არ არის, მაგიტომაც...
- აღარასდროს სთქვა, მასე! - იმხელა ხმით იღრიალა ფიფომ, რომ ლამის, კედლები შეზანზარდა. - არასოდეს! აღარასდროს... არასდროს... - ფიფოს ხმა გაებზარა.
შიშისგან აკანკალებული მიმი, მუხლებზე დაეშვა.
- ფიფო, მიშველე, რაა... - ათრთოლებული ხმით მოთქვამდა მიმი. - ფიფო მიშველე, რა გთხოვ, დამიბრუნე ჩემი შვილი...
- კი, მიმი, აბა რა... - ფიფო ძლივს დაიხარა, მტკივანი ფეხი აღარც ახსოვდა, მიმის ხელები ძლიერად მოხვია და წამოაყენა. - გთხოვ, აღარასდროს მითხრა მასე, გთხოვ... დიმეო დაბრუნდება, ჩვენი შვილი მალე დაგვიბრუნდება. აი, სულ მალე, აი, ნახავ, მხოლოდ აღარასდროს მითხრა, რომ ჩემი ნამდვილი შვილი არ არის! გთხოვ!
- ჰო... ჰო... - ზლუქუნებდა მიმი. - მაპატიე... გთხოვ.... დამიბრუნე შვილი... დამეხმარე, გთხოვ... მართლა შენია... შენი გაზრდილია...
- გახსოვს, დიმე რომ დაიბადა, შენზე ადრე, შენზე პირველად მე ავიყვანე ხელში, პირველად მე მეჭირა ხელში! მაგიტომაც არის ჩემი ბიჭი! ჩემი შვილია!
მიმიმ ტირილით დაუქნია თავი. იმ პერიოდის გახსენება, არასდროს უყვარდა. ყოველთვის რცხვენოდა თავისი იმ დროინდელი საქციელის, თუმცა ფიფოს არასდროს უხსენებია, ახლა თითქოს წამოაყვედრაო, მაგრამ რაღა დროს ეგ იყო, მთავარია ბავშვი, დროულად და უვნებლად დაებრუნებინათ სახლში.
- და იქნებ?.. - მიმი შეყოვნდა. - იქნებ მან... იმან... მხოლოდ მან ხომ იცოდა, რომ...
ფიფო მშვენივრად მიხვდა, მიმი ვისაც გულისხმობდა, რადგან თავადაც ეგ არაერთხელ გაიფიქრა, მაგრამ... თუ მართლა დიმეო, მისმა ნამდვილმა მამამ გაიტაცა, მაშინ ეს გამოსასყიდის მოთხოვნაც ხომ ფარსი იყო და ალბათ, ამიტომაც აღარც რეკავდა არავინ.
LEX. 2020 წლის 23 მარტი, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment