Tuesday, January 14, 2020

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 39)

39.
ფიფოს ფლირტს, არც თუ ისე მოკლე ხანში, სერიოზული რომანი მოჰყვა, მაგრამ მიმი, ვერც ამან გააღიზიანა. პირიქით ცდილობდა, რომ ახლა უფრო მეტად, გამოპრანჭული და გამოწკეპილი გაეშვა სახლიდან. ფიფო ხან ცოტას იგვიანებდა ხან ბევრს, მაგრამ გათენებამდე, მაინც ბრუნდებოდა სახლში. 
თუმცა ერთ დღესაც, ასე სულაც არ მოხდა.
ფიფოს გასვლისას, ახლა მეორე ჩანთაც ეჭირა და შედარებით უფრო დიდი, ვიდრე წინა დღეებში ჰქონდა. ამჯერად მიმიმ, ამას უკვე ყურადღება მიაქცია, თუმცა ისევ არაფერი უკითხავს. 
დილაობით, ბავშვი სკოლაში ფიფოს დაჰყავდა, მიმი მათთან შედარებით, გვიან მიდიოდა სამსხურში. იმ დილითაც, ასე იყო. თითქოს ჩვეულებრივი დღე იყო, ჩვეულებრივ ისაუზმეს. ფიფო კვლავ, ჩაფიქრებული ჩანდა, ისევე როგორც, ბოლო პერიოდში. მიმი ატყობდა, ფიფოს სერიოზული სადარდებელი ჰქონდა, მაგრამ არაფერი უკითხავს, დარწმუნებული იყო საქმე, სამსახურს ეხებოდა, ამიტომაც ჩუმად იყო, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, ფიფო ისედაც თავად მოუყვებოდა. 
- რაღაც, ცოტა მაჟრიალებს. - მიმიმ მეორე ფინჯანი ჩაი დაისხა და ლიმონი ბლომად ჩაწურა.
- მერე ნუ წახვალ დღეს სამსახურში. - უთხრა ფიფომ.
- ჰო, რა ვიცი. - მიმიმ კისერი გვერდით გადასწია. - ცოტა თავიც მტკივა. წლის ბოლოა, ყველას უნდა დროულად მოასწროს დაწყებული საქმე, მთელი დღეები სამსახურში იმდენი ხალხი ირევა, ალბათ მართლაც, ვინმემ ვირუსი გადამდო.
- დარჩი მერე სახლში და გამოშუშდი. ჩვენც არ გადმოგვდო. - ფიფომ ბავშვს გაუღიმა.
- დღეს ცურვა, რომ გვაქვს? - წაიწრიპინა დიმეომ. - დეე, ვერ წავალთ?
- არა, რა ცურვა? - ფიფომ შუბლი შეკრა. - ამ საახალწლოდ, გინდა მართლა გრიპი აიკიდოთ? ისედაც როგორი ცივი ზამთარია და რამდენი ვირუსებია მოდებული.
- მართლა რა დროს ცურვაა. - ამოიკვნესა მიმიმ. - მგონი დავრჩები დღეს სახლში. 
- აბა, გავაცდინოთ ცურვა? - დიმეო მოიღუშა.
- დედიკოს არ შეუძლია და თუ ასე ძაან გინდა, მარტო მე და შენ წავიდეთ. 
- ჰო, კარგი, თქვენ წადით. - დაეთანხმა მიმი. - ჩემი გულისთვის, რატომ უნდა გააცდინოთ.
- დღეს კაცების ცურვა გვაქვს! - გამხიარულდა ბავშვი.
- აბა, რაა! - ფიფოს ორმაგად უხაროდა, აუზზე თავის სატრფოსაც შეხვდებოდა და თან მიმის გარეშეც, უფრო თავისუფლად იქნებოდა. თუმცა მიმი, არასდროს ზღუდავდა. - აბა წავედით, თორემ ვაგვიანებთ უკვე. - მერე მიმის მიუბრუნდა. - სკოლიდანაც მძღოლი გამოიყვანს, საღამოსკენ კი ცურვისთვის გამიმზადე! და შენ არ წამოხვიდე იცოდე!
იმავე საღამოს, ბავშვი ცურვიდან, ფიფომ მოიყვანა და მაგრამ სახლში თავად არ ამოსულა. ესეც ჩვეულებრივი ამბავი იყო. მალე ახალი წელი დადგებოდა და ფიფოსაც, მიმის არ იყოს, უფრო მეტი სამუშაო ჰქონდა და გვიანობამდე უწევდა სამინისტროში დარჩენა.
ბავშვს რა ხანია ეძინა. ფიფო კვლავ არსად ჩანდა. საერთოდ, ჩვეულებრივ იბარებდა ხოლმე, დამაგვიანდებაო, მაგრამ ამჯერად, არც არაფერი უთქვამს. 
მიმის უცებ გაახსენდა. ფიფოს ორჯერ შენიშნა სხვადასხვა ჩანთა. ნეტა მართლა რა ეწყო იმ ჩანთებშიო გაიფიქრა და მის საძინებელს მიადგა. ერთი თვალის მოვლებით, თითქოს არც არაფერი იყო შეცვლილი. საძინებელში სარკესთან, ყველაფერი ადგილზე ჩანდა, თუმცა... მიმი შეყოვნდა. აშკარად აკლდა რაღაც რაღაცეები.
„და, მერე რა? იქნებ გააჩუქა? ზოგი სუნამო, ლამის თვეობით გაუხსნელი უდევს, ზოგი კი, მხოლოდ ერთხელ დაისხა.“
მიმიმ ახლა, კარადა გამოაღო და სახტად დარჩა. საკიდები, თითქმის დაცარიელებული იყო. ქვემოთ კი ორი ჩანთა სავსე იდო, ფიფოს ტანსაცმლითა თუ პირადი ნივთებით. მერე ფიფოს სააბაზანოსაც მიადგა და უკვე მართლაც გაოგნებულმა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ კბილის ჯაგრისი იყო დატოვებული, საპარსი და სხვა პირადი ნივთებიც კი, წაღებული ჰქონდა.
თავიდან იფიქრა დაერეკა, ჯერ ისე მოიკითხავდა, როდის დაბრუნდებოდა სახლში, მისთვის მომზადებულ ვახშამზე ისე გაუბამდა საუბარს, ვითომ ვერც ხვდებოდა, რომ ფიფო სახლიდან იყო წასული. თუმცა მალევე გადაიფიქრა. მძინარე ბავშვს მიადგა და ფრთხილად დაუწყო შეღვიძება. 
- დეე, დეე. მამამ რა გითხრა? დღეს როდის მოვალო?
- არ ვიცი დეე, მგონი ვერაო... მეძინება, რაა...
- ვერაო? ვერ მოვალო? დღეს ვერ მოვალო, თუ საერთოდ ვერ მოვალო?
- არ ვიცი...
- ზუსტად, რა გითხრა? აბა, გაიხსენე? - არ ეშვებოდა მიმი.
- მგონი, დღეს ვერ მოვალო... - მძინარე ბავშვმა, თვალები მოიფშვნიტა. 
- და კიდევ? კიდევ რამე გითხრა?
- დილით სკოლაში წასვლამდე მოგაკითხავო... რაც მოხდება, მაინც ასე დავრჩებიო.
- რა რაც მოხდებაო? სად დავრჩებიო?
- მაინც მამაშენი ვიქნებიო. ცოტა ხანი, ბებოსთან და ბაბუსთან უნდა ვიყოო... - ბიჭი გადაბრუნდა და დაძინებას შეეცდა.
მიმიმ წამით იყუჩა და მერე ისევ მძინარე ბავშვს დააცხრა:
- გინდა, გავისეირნოთ?
- მმმ.... - მძინარე ხმით აზმუვლდა ბავშვი. - სად?..
- ბებოსთან და ბაბუსთან! - მხიარულად შესძახა მიმიმ. - მამიკოსაც გავახარებთ და მაგარი სიურპრიზიც გამოგვივა! - მიმიმ უფრო აუწია ხმას, რომ ბავშვი, უფრო მეტად გამოეფხიზლებინა.
ბევრი ცდაც არ დასჭირვებია, დიმეო სიხარულით წამოხტა და ტანსაცმლის ძებნას შეუდგა.
- დეე, ეს ჩავიცვა?
- პიჟამოების ზემოდან გადაიცვი რამე, მაინც მანქანით არ ვიქნებით? - ეღიმებოდა მიმის. 
დიმეოც სიხარულით აკრიჭინდა.
მიმი ისე იყო აჟიტირებული, რომ ბავშვიც აიყოლია და შუაღამით ფიფოს მშობლიურ სახლს მხიარული ღიმილით მიადგნენ. 
ფიფოზე არანაკლებ გაოგნებული მისი მშობლებიც იყვნენ, თუმცა მიმის, თავის მართლება არც გაუჭირდა. 
- ვერაფრით დავაძინე. - მიმის სასოწარკვეთილი სახე მიეღო და ისე ქაქანებდა. - ერთი პერიოდი კი ჩაეძინა, მაგრამ მერე მამამისი, რომ მოითხოვა, ვეღარ დავაძინე. გასკდა ტირილით.
- სულაც არ მიტირია! - ეწყინა ბიჭს, მტირალად რომ ჩათვალეს. თავიდან, ისიც დედას აჰყვა. მის ყოველ სიტყვას, კვერს უკრავდა, მაგრამ იტირაო, ისე არ მოეწონა, რომ ახლა მართლა მოადგა ცრემლი თვალზე და მამას დარცხვენით ჩაეკრო.
ფიფოს გული აუჩუყდა. ბავშვი კალთაში ჩაისვა და მისი ფერებით ტკბებოდა. დიმეომ თვალები მილულა. 
- მართლა ასე ძაან გიყვარვარ, მამ? - უჩურჩულა ფიფომ.
- სულ ყველაზე ძალიან. - ჩურჩულითვე უპასუხა ბიჭმა.
- დედიკოზეც? 
- დედიკო ქალია. მე კაცებში გითხარი.
- ჰოო. - გაეცინა ფიფოს და თვალებ მილულულ ბავშვს, უფრო მეტად მოეხვია. - ამას უკვე სძინავს.
მიმი უხერხულად აიწურა, თუმცა არ დაიბნა, მაშინვე წამოდგა და ფიფოსთვის, ბავშვის გამორთმევას შეეცადა.
- წავიყვან ბარემ, მანქანაში გააგრძელებს ძილს.
- რას ამბობ?! - შეიცხადა დედამთილმა. - ამ შუაღამეზე, სად უნდა გაგიშვათ?
- დარჩით ყველანი აქ. - ჩაერია მამამთილი. - ვერ დავეტევით, თუ რა? თუ მაინცდამაინც, თქვენნაირი ძვირფასი აპარტამენტები უნდა გვქონდეს?
- არა, სახლი რა შუაშია? - მიმიმ ახლა უფრო უხერხულად იგრძნო თავი.
- ძალიან მეწყინება, რომ არ დარჩეთ ამაღამ. - დედამთილს შეწუხებული სახე ჰქონდა. 
მშვენივრად შეამჩნია, ფიფო ზედიზედ ჩანთებს, რომ ეზიდებოდა იმ სახლიდან, მაგრამ შვილმა აუხსნა, ძველი ტანსაცმელია, არ მჭირდება, ცოტა ხნით იყოს აქ, თან ხანდახან, აქაც მომიწევს დარჩენა, რაღაც საქმეებიც მაქვს გადასახედი, ჩემი ძველი ყუთებიდანო და ფიფოს თქმით, ეს იყო მშობლიურ სახლში დარჩენის მიზეზი, მაგრამ როცა შუაღამეზე, მიმი ბავშვით მოადგა, მაშინვე მიხვდა, რაღაც კონფლიქტი იყო მათ ოჯახში და მთელი არსებით გადაწყვიტა ჩარეულიყო და როგორმე, ისევ შეერიგებინა. 
- ხვალ, სკოლაში აქედან, როგორ წავა? - წუხდა მიმი, თუმცა მაინც უხაროდა დარჩენა, რომ შესთავაზეს. - არც ჩანთა აქვს და...
- დილით ადრე გავა ფიფო და მოუტანს. - დაამშვდა მამამთილმა. - რა პრობლემაც ეგ არის?
- მაშინ, მე მომიწევს ადრე გასვლა, ტანსაცმელიც დასჭირდება სკოლისთვის. - თითქოს, ცოტა ნაღვლიანად დაუმატა მიმიმ.
- კარგი, რააა. - ჩაერია დედამთილი. - ხვალ პარასკევია, იყოს ერთი დღე გააცდინოს, რა მოხდება? 
- არაფერიც არ მოხდება! - კვერი დაუკრა ფიფოს მამამ.
- ფიფოს ძველ ოთახში გაგიშლით ორივეს. დიდი საწოლი არ არის, მაგრამ არაბული ტიპის ტახტია, მოთავსდებით როგორმე. ბავშვს კი, ჩვენ დავიწვენთ, ცოტა მოხუცებმაც მივესიყვარულოთ პატარას.
მიმი ისევ უხერხულად აიწურა. მამამთილმაც, ცოლს აუბა მხარი და ისიც იგივეს ამბობდა, შვილიშვილს ჩვენ დავიწვენთო, მაგრამ ჩანდა, მთავარი და გადამწყვეტი სიტყვა, მაინც ფიფოს უნდა ეთქვა. ის კი უხმოდ იჯდა და ჩუმად ეღიმებოდა. ცდილობდა, არავის შეემჩნია, მაგრამ გულის სიღრმეში, მიმის და ბავშვის დანახვა, უზომოდ გაუხარდა. 
- ჰო, კარგი ახლა. - ამოიდგა ფიფომ ბოლოს ენა. - დავრჩეთ ერთი ღამე აქ. არაფერი მოგვივა. 
- რა ვიცი, საღამურიც კი არ მაქვს. - ახლა მიმიმ დაიწყო უკან დახევა, მაგრამ აშკარად ჩანდა, სულაც არ იყო მასე.
- შენნაირი მოდური საღამურები არ მაქვს, მაგრამ ახლებიც მაქვს, აბა წამოდი. - დედამთილმა მიმი, ფიფოს ძველი საძინებლისკენ წაიყვანა. - თავის დროზე, შენთვის საჩუქრად ჩუსტებიც და თბილი ხალათიც მოვამზადე, მაგრამ ფიფომ დამიშალა, მიმის ისეთი გემოვნება აქვსო, ასეთს არ ჩაიცვამსო. 
- ვაიმე, რატომ? - გაეცინა მიმის. - წუნია არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მართლაც ისედაც უამრავი ჩასაცმელი მაქვს, რატომ წუხდებოდით.
- ალბათ, ეგეც იგულისხმა ფიფომ, ბევრი კარგი რამეები აქვსო.
- მშვენიერი ხალათია, თბილი და რბილი. 
- ჰოდა, შენია, ისედაც შენთვის იყო. - გაუხარდა დედამთილს. 
- ამ საძინებელში ცივა. საუკუნეა არ გაგვითბია. - მამამთილმა რგოლებიანი გამათბობელი შემოაგორა. 
ფიფოს მშობლებმა, უკვე მძინარე ბავშვი თავიანთ საძინებელში გადააწვინეს. გვიანი იყო. მიმი კი დაწოლას აჭიანურებდა, ან იქნებ, ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, ფიფოსთან ერთ საწოლში დაეძინა თუ არა. ფიფოს მართლაც უამრავი საქმე ჰქონდა. თავის დროზე, იქვე საწოლ ოთახშივე მოწყობილ კაბინეტში, საწერ მაგიდასთან, ყელამდე საბუთებში თავჩარგული მიმის, ყურადღებას არც აქცევდა.
- გრიპმა არ გაგიარა ცოტა? - ბოლოს, როგორც იქნა, იკადრა ფიფომ და მიმის გამოხედა. 
- უკეთ ვარ. ბევრად უკეთ. ლიმონმა და თაფლმა მიშველა.
- ჰოდა, შეწექი ახლა, ისევ არ შეგაბრუნოს. - ფიფომ წამით იყუჩა. - ნუ გეშინია, მოძალადე არასდროს ვყოფილვარ. - ეს ბოლო სიტყვები, საკმაოდ მწარედ გამოუვიდა. 
მიმი საწოლში შეწვა და იქიდან ადევნებდა თვალს, ოთახის მეორე ბოლოში, საწერ მაგიდაზე ჩამხობილ ფიფოს და განვლილ დღეებზე ფიქრობდა. ზუსტად რა იყო მიზეზი, ფიფოს სახლიდან წასვლისა, თუმცა ადრე თუ გვიან, ისედაც ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა იქნებ, რაღაც გარემოებამაც შეუწყო ხელიო, ფიქრობდა მიმი და თან, წინა დღეებს, თვალს ავლებდა.
ფიფოს ფლირტები, არასდროს უკვირდა. ზოგჯერ ხანმოკლე, ზოგჯერ კი უფრო დიდხანსაც იწელებოდა, მაგრამ მერე, ისიც მთავრდებოდა და ისევ ჩვეულებრივ გრძელდებოდა ცხოვრება. მაგრამ ერთ დღესაც, უცებ ფიფო აიბარგა და მშობლებთან გადასახლდა და თან ისე, რომ მიმისთვის არც არაფერი უთქვამს.
„ან მართლა, რა უნდა ეთქვა? ისედაც, ხომ ვიცოდი, ადრე თუ გვიან, მაინც ასე უნდა მომხდარიყო, და მაგრამ მაინც...
ხომ უნდა ეთქვა? რატომ არაფერი მითხრა?“
მიმის თან სწყინდა, თან რაღაც მომენტში, მაინც ამართლებდა კიდევაც ფიფოს. 
„ჩვენ, ხომ მხოლოდ მეგობრები ვართ და ჩვენი შეთანხმების მიხედვით ვცხოვრობდით ერთად და როდესმე, მაინც უნდა დამთავრებულიყო ეს ცოლ-ქმრული ფარსი, მაგრამ თუ კი მართლა მეგობრები ვართ, რატომ არ გამაფრთხილა? რატომ არ ჩათვალა საჭიროდ ჩემთვის რამე ეთქვა?!“
საწერი მაგიდის გვერდით კედელთან დახვავებული ყუთები, საქაღალდეებით იყო სავსე. სავარაუდოდ, ფიფოს ძველი საქმეები, თუ იქნებოდა. მიმიმ ასე შეაფასა. თვითონ ფიფო კი, ერთ საქაღალდეს ჩასცქეროდა. მიმის პირდაპირ, მოშორებით, მაგრამ ზურგით იჯდა, თუმცა ჩანდა, საკმაოდ დაინტერესებული იყო და აღელვებასაც ვეღარ ფარავდა. 
მშობლების სახლში მოსვლისთანავე, მამამისმა ფიფოს თავისი ძველი საქმეები, მისსავე ძველ ოთახში დაახვედრა. ფიფოს ერთი სული ჰქონდა, ყველაფრისთვის თვალი გადაევლო და რაც გადასაყრელი იქნებოდა, უკვე დრო იყო მეხსიერებიდანაც და ოთახიდანაც მოეშორებინა. სწორედ იმ ღამით აპირებდა ჩაჯდომას, როცა მიმი და ბავშვი თავს დაადგნენ, თუმცა ამას მისი გეგმისთვის ხელი არ შეუშლია და ახლა თავის ძველ საწერ მაგიდასთან აშრიალებდა ლამის დამდნარ, უკვე დიდი ხნის გაყვითლებულ ფურცლებს. 
- ეს აქ, რაღად მინდოდა? - ჩაიბურტყუნა ძალიან დაბალი ხმით. როცა ხელში ქირურგის შვილის, ტრაგიკული დაღუპვის საქმე მოჰყვა ხელთ.
ქირურგი, დაწვრილებით არასდროს ჰყვებოდა ამ ამბავს, ან რა სასიამოვნო იყო ყოველ წუთს, ამის გახსნება? ერთხელ აუხსნა რა ტრაგედიაც თავს დაატყდა და მორჩა. მეტად აღარ უხსენებია და აღარც ფიფო ჩაეძია ზედმეტად. თუმცა, ძალიან გული დასწყდა, წესიერად რატომ არ გამოიძიეს მისმა კოლეგებმა ეს საქმე. თითქოს, მიჩქმალულსაც ჰგავდა და თითქოს, ზერელედ გამოძიებულს და მივიწყებულს. 
ფიფოს კარგად ახსოვს, როგორ დაიწყო იმ ამბის ძიება, მერე ქირურგმაც თავად მოუყვა და ამასობაშიც გალეომაც, იმ საქმის საქაღალდეც შეაგება. წესიერად აღარც დაუხედავს, ისე მიაგდო ყუთებში ძველ საქმეებთან ერთად. ახლა სჯობდა, უკვე თავიდან მოეშორებინა, საჭიროდ სულაც აღარ მიაჩნდა, რომ შეენახა. თუმცა, პროფესიულმა სულმა, მაინც თავი იჩინა. უსარგებლო ქაღალდების ყუთში მოსროლილ საქაღალდეს, კვლავ დასწვდა და ისევ გადახედა საქმეს და სრულიად მოულოდნელად, გაოგნებულიც კი დარჩა, საერთოდაც რომ არ მოელოდა, ისეთი რამ აღმოაჩინა. 
თავის დროზე, სერიული მკვლელის გამოუძიებელი საქმეების გროვა აქ, თავის სახლში ჰქონდა გადანახული. თუმცა, სულაც არ იყო გამოუძიებელი. ფიფომ მშვენივრად გაართვა თავი, დამნაშავესაც მიაგნო, მაგრამ ვინ აცალა? საქმე, ცხვირ წინ ააცალეს და ისე აურ-დაურიეს, რომ ეჭვმიტანილს, ბრალდებაც წესიერად არც წაუყენეს, ისე დააკავეს. მართალია, საქმე ჩამოართვეს, მაგრამ ფიფო მაინც არ ეშვებოდა და ყოველ საბუთსა და ქაღალდის ნაგლეჯსაც კი ჩუმად ინახავდა სახლში. ქალაქში დატრიალებული, იმ სტიქიური უბედურების მერე, ხომ საერთოდ ისე გააჩუმეს, გასაქანი აღარ მისცეს, თუმცა მიუხედავად ამისა, კარგადაც მოქრთამეს. ერთი პერიოდი, ცოტა აჯანყდა კიდეც, არც მაგათი მოგდებული თანამდებობა უნდოდა და არც მაგათი სხვა საჩუქრები, მაგრამ მერე, მამამ შეაჩერა. ურჩია, დროებით მაინც ჩამჯდარიყო, იმ შემოთავაზებულ სავარძელში. ასე უფრო მეტად ექნებოდა ხელ-ფეხი გახსნილი და უფრო ადვილად მისწვდებოდა, კორუმპირებით გაქსუებულ თანამშრომლებს, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მისდა სამწუხაროდ, თავისი ნათლიაც კი აღმოჩნდა. 
- ჯერ, შენს ჯანმრთელობას მიხედე. - არიგებდა მამა, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა სტიქიისგან განადგურებული ქალაქის უბნები, თანდათან ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. - ფეხი რა დღეში გაქვს? ისევ საოპერაციო ხარ. თან ჩვილი ბავშვი გყავს, ცოდოა მიმი, როგორ წვალობს, ყველა ექიმთან დაგყვება, თავს გევლება. მოირჩინე ეგ ფეხი, ჩაჯექი იმ სავარძელში და მერე თანდათან, ძალიან მშვიდად შეუდექი საქმეს. მე შენს გვერდით ვარ, იცოდე. 
ფიფო თავს უქნევდა, მაგრამ გულში ეურჩებოდა. თუმცა, მოგვიანებით მიხვდა, რომ მამა მართალი იყო. ამიტომაც ისე განაგრძო ცხოვრება, ვითომდა ყველაფერი, დავიწყებას მისცა. ნათლიასაც შეურიგდა და ყველას მოსაჩვენებლად, ძველებურად გულში იკრავდა. თუმცა ზოგჯერ, საშინლად აღიზიანებდა ეს ფარსი, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, როგორმე უნდა გაეძლო. ახლა მარტოც აღარ იყო, ბავშვზე აღებული პასუხისმგებლობა, ბოლომდე უნდა შეესრულებინა და თავს ვალდებულადაც სთვლიდა, მიმის გვერდით, ყოველთვის ერთგულ მეგობრად დარჩენილიყო, მაგრამ არასდროს შეეწყვიტა ის ძველი, ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუძიებელი საქმე. 
სულ ფიქრობდა, სერიულ მკვლელს კი მივაგენი, მაგრამ ჯერ კიდევ, ბევრი დეტალი იყო გასარკვევი და დასადგენი. ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინა. თუ მკვლელი, შურს იძიებდა, პირადად მისი ცხოვრების დამანგრევლებზე, მაშინ რატომღა ერია ამ მსხვერპლთა შორის ის ხალხი, ვისაც მკვლელი, ადრე არც არასდროს შეხვედრია და არც არანაირ კავშირში არ იყო, პირადად მასთან. ეს კითხვა, ყოველთვის აწუხებდა ფიფოს და ახსნას ვერ უძებნიდა. 
ახლაც ასეა იყო, ისევ უნდოდა იმ ძველი ამბების თავიდან ამოქექვა, მაგრამ ჯერ, გამოუსადეგარი საქაღალდეები უნდა მოეშორებინა თავიდან და ერთ-ერთი ასეთი კი, ქირურგის შვილის ტრაგედია იყო. ალბათ, ახლო მეგობარს, არც ესიამოვნებოდა, რომ გაეგო მის ზურგს უკან ასე, რომ ჩიჩქნიდნენ მის ტკივილის. ამიტომაც ფიფოს, პირველ რიგში, ეს ფურცლები უნდა გაენადგურებინა, თუმცა ვერ მოითმინა და მაინც თვალი გადაავლო და მოულოდნელად, სრულიად შემთხვევით გამოიკვეთა, ერთი ფრიად საინტერესო მომენტი. 
აი, ვისგან უნდა დაეწყო ფიფოს, აი საიდან უნდა ეწარმოებინა ძიება. კვლავ ფარულად და საიდუმლოდ ისევე, როგორც ერთ დროს, მაგრამ ახლა უკვე დრო იყო ბოლომდე მიეყვანა საქმე! სწორედაც, რომ უკვე დამდგარიყო ის დრო ყველასთვის ბოლომდე ჩამოეგლიჯა ფარისევლობის ნიღაბი.
LEX. 2020 წლის 14 იანვარი, სამშაბათი.

1 comment:

  1. ღმერთოოო...რა კარგი დაწერილია

    ReplyDelete