38.
- არ გშია? - გაიწკრიალა მიმის ხმამ, როგორც კი ფიფომ, მის ზარს უპასუხა.
- ჰო, მაგრამ... ასე ადრე, ვერ მოვალ სახლში. - გაკვირვებულმა ფიფომ, კედლის საათს გახედა.
ჯერ შუადღეც არ იყო და მიმი უკვე, სადილად ელოდა. ნეტა ხომ მშვიდობააო გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ მიმიმ ზედიზედ მიაყარა:
- ჯერ რა დროს სახლია. შესვენება, როდის გაქვს? სადილზე გეპატიჟები. გამოგივლი ცოტა ხანში.
- კარგი, ჩამოვალ ქვემოთ.
ფიფო კვლავ გაკვირვებული იყო. მიმი ხშირად არ აკითხავდა სამსახურში, უმეტესად, უფრო საქმიანი ვიზიტით. ახლაც ასეთივე შეგრძნება დაეუფლა და ერთი სული ჰქონდა, სანამ მიმი ხმას ამოიღებდა.
- რა სახით ზიხარ? - შეეკითხა მიმი. - ხინკალი, ხომ გიყვარს? სანამ მოვიდოდით, მანამდე ჩავაყრევინე. თუ გინდა, სხვა რამე შევუკვეთოთ.
- არა, იყოს.
- რატომ იყოს? თუ არ გინდა...
- იყოს ხინკალი, კი მიყვარს, მართლა. - ფიფო გაჩუმდა, მაგრამ სული ელეოდა, თუმცა დიდხანსაც ლოდინი არც მოუწია.
- იცი, რა მაინტერესებს? - როგორც იქნა, დაიწყო მიმიმ. - ის ტიპი, როგორ ვერ დაადგინეთ?
- ვინ ტიპი? იმ ქალის კურო?
- ნუ, ჰო! ვინც არის! კურო, თუ ხბო.
- ახლა სად ცხოვრობს, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია და მისი მობილურის ნომრის გაშიფვრაც, ჯერ ვერ შევძელით.
მიმიმ არაფერი უპასუხა.
- ამის საკითხავად მომქრთამე ხინკლით? - გაეცინა ფიფოს. - კათხა ლუდიც, თუ შეიძლება. - მიმართა ფიფომ ოფიციანტს. - და ლიმონათიც.
- კათხა ლუდი კი არა, პინტა ლუდი. - შეუსწორა მიმიმ.
- ჰო, იყოს პინტა. - ფიფომ საყელო შეისწორა. - ესე იგი, შემომიტყუე ხინკალზე?
- თან ხინკალი და თან, საქმე!
- მერე გისმენ! - ფიფო ხინკალს ორი თითით სწვდა და მიმის ღიმილით გახედა. - შენ როგორც ყოველთვის, ჩანგლით მიირთმევ.
- რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა მიმიმ და ხინკლის კუჭს, ისე ფრთხილად გაუყარა ჩანგალი, რომ წვენი არც გადმოსვლია.
- ეს თქვენი ლუდი. - ოფიციანტმა ფიფოს ლუდი წინ დაუდგა, ხოლო მიმის მოუბოდიშა. - სამწუხაროდ, პიტნის ლიმონათი არ გვაქვს და არც გვქონია. სამაგიეროდ, არის ტარხუნის, მსხლის, ნატურალური წვენებიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ.
- იყოს ტარხუნის. - თავი დაუკრა მიმიმ და სიცილისგან ჩაბჟირებულ ფიფოს გახედა.
- ეგეც შენი, პიტნა ლუდი. - ეცინებოდა ფიფოს.
- პიტნა კი არა, პინტა.
- ჰო, აბა! თან, საქმე. - შეახსენა ფიფომ. - ახალი იდეები გექნება შენ, ტყუილად არ მომიყვანდი აქ.
- იცი, რა მიკვრის თქვენგან?
- აბა, რა გიკვირს? - ეღიმებოდა ფიფოს.
- იმ ქალის ნომერზე შემავალი ზარებიდან, ნუთუ ვერ უნდა მიგეგნოთ იმ კაცისთვის? ოცდამეერთე საუკუნეა, ბოლო ბოლო.
- მიმი, რა გინდა ახლა რომ თქვა? - ცინიკურად შენიშნა ფიფომ. - რომ შენ მიხვდი და ჩვენ, ვერა?
მიმიმ მხრები აიჩეჩა.
- იქნებ, სხვა ნომერიც აქვს? - განაგრძო ფიფომ. - სხვათა შორის, ამაზეც ვიფიქრეთ! არ გაუჭირდებოდა, ოცდამეერთე საუკუნეა. - გამოაჯავრა ბოლოს.
- დარწმუნებული ვარ, რომ იმ ნომერზეც ურეკავდა! იქნებ, ვიღაც სულ უცხო ქალზე გაფორმებული ნომერი იყო და...
- და შენ გგონია, ყველა არ გადავამოწმეთ? - ფიფოს უკვე სერიოზულად სწყინდა მიმისგან.
- და ყველგან, ქალმა გიპასუხათ?
- დიახ! ნუ, მართალია, ზოგმა შედარებით, გვიან გაგვაგონა, აქეთ გადმორეკა, თქვენი ზარი იყო შემოსულიო...
- და იქნებ, სულაც სხვას გადმოარეკინა, რომ აქეთ შეემოწმებინეთ, ჰა? - მიმი უკან არ იხევდა.
- ოჰ, მიმი, მიმი! - გაეცინა ფიფოს. - არც ეგ გამოვრიცხეთ, მაგრამ ასე ადვილად გადასამოწმებელიც არ არის ეგ.
- უფრო სწორად, ვერ დაადგინეთ!
- ჰო! ვერ დავადგინეთ ვერაფერი და ჩავთვალეთ, რომ ის კაცი, სულ სხვა ნომერზე ურეკავდა! და არა იმ ნომერზე, რომლიც შენ მოგცა! ოცდამეერთე საუკუნეა მიმი! - დამცინავი ხმით შეუძახა ფიფომ. - უკვე ერთ მობილურში შეგიძლია, ორი კი არა, სამი ნომერიც გქონდეს.
მიმი გაიბღუზა.
- და თუ დაახლოებით ვიცი, სად და როდის დაურეკა?
- და თუ იცი, მერე? - ისევ გამოაჯავრა ფიფომ.
- მაშინ არ შეიძლება იმის დადგენა, რომ იმ ტერიტორიაზე, სწორედ იმ გარკვეულ საათზე შემოსული ზარი, გაიშიფროს?
- სად მიმი? სად და როდის? ან რა ტერიტორიაა ასეთი? - ამოიხვნეშა ფიფომ.
- შეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმ კაცმა დაურეკა იმ დროს, როცა ქირურგთან ვიყავით.
- ან ეგ როდის იყო? ან მაშინვე, რატომ არ მითხარი, რა ელაპარაკა?
- არ იღებდა! ის ურეკავდა და ეს, არ იღებდა!
- ჰა, ჰა! და შენ რა იცი, ვინ ურეკავდა?
- როგორც კი დარეკა, ჩანთის მიწოდება მინდოდა და ისეთი შეჰკივლა, ხელი გამიშეშდა, მერე ბევრჯერ დაურეკა, ეს კი, მაინც არ იღებდა.
- და მერე, რა? რა გავიგო?
- ნუ, თუ არ არის შესაძლებელი იმის დადგენა, რომ იმ დროს, იმ ტერიტორიაზე, იმ კაბინეტში, საიდან შემოვიდა ზარი.
- ვაიმე, მიმი კარგი რაააა!
- იცი, როგორ იყო? - მიმის ჩაფიქრებული ხმა ჰქონდა.
- აბა, როგორ? - ფიფოს ეცინებოდა.
- ჯერ დარეკა და ჩანთისკენ, რომ წავედი გაჩუმდა, მაგრამ მაინც მინდოდა მიწოდება, ამან კი ისეთი იწივლა და უცებ ისევ დარეკა, მაგრამ უფრო მეტი ზარებით.
- და მერე? - ფიფოს უკვე, სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა.
- მერე ის, რომ ასე რამდენჯერმე განმეორდა.
- ასე, როგორ?
- ჯერ შემოუშვებდა ზარს, გათიშავდა და მერე უფრო ხანგრძლივად რეკავდა.
- ვაი. - გაეცინა ფიფოს. - პაროლის ვარიანტში? შემთხვევით, ზარების რაოდენობაც ხომ არ დაგითვლია?
- ჯერ ორი ზარი, გათიშა და მერე ხანგრძლივი, ნუ შეიძლება რვა ათი, ან სანამ თვითონ ტელეფონი არ გაითიშა. მერე ისევ სადღაც ოც წუთში ასეთივე სტილში. მერე უფრო გვიან. ალბათ, ერთ საათშიც იგივე.
- და ეს ქალი, არ პასუხობდა?
- არა!
- და გინდა გავიგო, საიდან იყო, ეს ზარები?
- მე რაში მჭირდება? თქვენთვის ვამბობ.
- ნუ, ჰო. - ფიფომ ამოიხვნეშა.
მიმიმ რამდენჯერმე ახედა ფიფოს, თითქოს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ჩუმად იყო.
- და კიდევ? - ვეღარ მოითმინა ფიფომ. - დაგრჩა სათქმელი? ახალ სიურპრიზად.
- წუხელ, რომ დამირეკა დაადგინეთ საიდან იყო?
- კი მიმი. დაახლოებით, კი! ისიც გავარკვიეთ, თუ რომელი უბანი იყო, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ, რომ შენ ეს იცოდე.
- რატომ? - იწყინა მიმიმ. - შემთხვევით, რომ შემხვდეს ან დამპატიჟოს, ხომ უნდა ვიცოდე, სად მივდივარ?
- არსადაც არ წახვალ! - ფიფოს ხმაში, სიმკაცრე დაეტყო. - თუ დაგირეკავს, იცი როგორც უნდა მოიქცე, თუ შემთხვევით შეგხვდა, ან სადმე დაგპატიჟა, მაშინვე უნდა შემატყობინო, როგორც გინდა ისე, მესიჯით ან სხვა რამ მოიფიქრე! არ ვიცი, რა სიტუაციაც იქნება, იმის მიხედვით, მაგრამ არსად არ წაყვები! გასაგებია?!
- კი, გავიგე, მაგრამ... დავუშვათ...
- რა?
- დავუშვათ, შემხვდა და მე კი არ წამიყვანა, აქეთ გამომყვა, მაშინ შენ როგორ გაგაგებინო? ან რომც დაგირეკო, რა და როგორ გითხრა?
- რა ვიცი? - მხრები აჩეჩა ფიფომ. - სავარაუდოდ, რამე აბსურდული უნდა მითხრა, ან მკითხო, მე კი იქიდან, ისეთ შეკითხვას დაგისვამ და შენც ისე მიპასუხებ, როგორც საჭიროა! ჰოდა, რაც მთავარია, სახელით არ მომმართო, ეს არ შეგეშალოს! არც მისგან შორს არ გადგე და ისე არ დამირეკო. იყოს, მოგისმინოს. - ფიფომ წუთით იყუჩა. - და საერთოდ მიმი, რას მახსნევინებ? შეეშვი რა, მაგ ქალს საერთოდ!
- შეშვებული არ ვარ? თვითონ დამირეკა და მგონი, კვალზეც გაგიყვანეთ! ასე არ არის?
- ჰო, რა ვიცი. - ჩაიბურტყუნა ფიფომ. - ასე მგონია, აგენტად გიშვებ და წინასწარ გამზადებ.
მიმის გულიანად გაეცინა.
- აუ, რამდენი ვჭამე. - ფიფომ ღრმად ამოისუნთქა. - დღეს ცურვა გვაქვს?
- მოგვიწევს, ხინკლების ჩამოყრა. - ჩაეღიმა მიმის.
თავიდან ცურვაზე, ჯერ დიმეო მიიყვანეს, მერე მიმიც აჰყვა და მოგვიანებით, ფიფოც ჩააბეს. ეს ერთადერთი სპორტია, რომელსაც ადვილად გაართმევ თავსო, იმდენჯერ უთხრა მიმიმ, რომ ბოლოს დაითანხმა და რადგან დღისით, არც ერთს არ ეცალა, ამიტომ აუზზე შედარებით გვიან დადიოდნენ და დიმეოსაც საღამოს ცურვით დაღლილს, ტკბილად ეძინებოდა.
მიმი თავისი შარმით, საკმაოდ დიდ ყურადღებას იპყრობდა, მაგრამ ფიფოს შიშითა თუ რიდით, ვერავინ ბედავდა მასთან მიახლოებას. სამაგიეროდ, ფიფო იყო თავისუფალი და მიმის გვერდითაც უკვე აღარც ერიდებოდა ფლირტის გამბას. მიმის კი იმის მაგივრად, რომ ეეჭვიანა, პირიქით, ფიფოს ეს საქციელი, უფრო ართობდა და ახალისებდა, რაზეც ფიფო გულის სიღრმეში, საშინლად ბრაზობდა და ცდილობდა, უფრო მეტად ეჩვენებინა მიმისთვის, თუ როგორი მიმზიდველი და სასურველი მამაკაცი იყო.
აუზზეც ასე მოხდა და თუ მიმი, თავისი მოხდენილობით გამოირჩეოდა, არც ფიფო იყო მასზე ნაკლები და სრულებითაც არ გაჭირვებია მიმის თვალწინ, ახალი რომანის გაბმა.
ფიფო ადრე, ასე აშკარად არ იქცეოდა, შედარებით, თითქოს ცოტას მალავდა კიდეც, თუმცა მიმიმ ისედაც იცოდა, ფიფოს პატარ-პატარა, ახალ-ახალი და მოკლე ვადიანი თავგადასავლები და ჩვეულებრივად ხვდებოდა ამ ამბავს. ახლა კი ეს ყველაფერი, მის ცხვირწინ ხდებოდა და ფიფოც ზედმეტად მოურიდებლად იქცეოდა. მიმის თავის ხელში აყვანა, საკმაოდ კარგად შეეძლო, მაგრამ ფიფომ, რამდენჯერმე მაინც დაიჭირა, მიმის ოდნავ ჩამქრალი თვალები, თუმცა ეს მხოლოდ წამიერი გაელვება იყო და მიმი ისევ ახერხებდა არაფერი შეემჩნია. ფიფო ამაზე იბოღმებოდა და უფრო მეტად ეშვებოდა ფლირტის მორევში.
რაც შეეხებოდა, იმ ღამით, მიმის ტელეფონზე დაფიქსირებულ ზარს, ის ქალაქის განაპირა, საკმაოდ დიდი კორპუსებიანი სტილის დასახლებიდან მოდიოდა. გარდა იმისა, რომ კორპუსები მრავალსართულიანი იყო და უამრავი ხალხი ცხოვრობდა, მის ქვეშ და მიმდებარე ტერიტორიები სავსე იყო ათასგვარი მარკეტებითა და უამრავი წვრილ-წვრილი მაღაზიებით. რადგანც, ზუსტი ლოკალიზაციის ადგილის დადგენა შეუძლებელი გახდა, ფიფოს და გალეოს, ახალი თავსატეხი გაუჩნდათ.
- კიდევ ერთი ზარი, რომ შემოუშვას და უფრო მეტ ხანს, რომ ესაუბროს მიმი, იქნებ უფრო ზუსტად დავადგინოთ, საიდან შემოდის.
- კარგი რაა, გალე, რააა, კარგი. - აბუზღუნდა ფიფო. - ბარემ, მისამართიც ზუსტი დაუსახელოს, არ გინდა?
- იქნებ, შემთხვევით მოხვდა, იქ რომელიმე მარკეტში და იქიდან დაურეკა?
- ან იქნებ იქ, რომელიმე კორპუსში იქირავა ბინა? - ირონიულად ჩაეცინა ფიფოს. - ჩვენ ისიც კი ვერ დავადგინეთ, ზარი კონკრეტულად და ზუსტად, რომელი ბინიდან მოდიოდა.
- ან მარკეტიდან. - დაურთო გალეომ.
- რა მნიშვნელობა აქვს? - ფიფო წამოდგა. - ეჰ, წავედი, წავედი. გადავცურო რუბიკონი.
- დღესაც? - ჩაეღიმა გალეოს. - შენ რაღაც, მოუხშირე აუზზე ვიზიტებს.
- სირბილით, მე ვერ ვირბენ და ვერც ბურთს ვითამაშებ. - ჩაეღიმა ფიფოს, თუმცა მშვენივრადაც მიხვდა დეტექტივმა, რაც იგულისხმა. - ცურვა, კარგი სპორტია. კარგი და მშვენიერი, მშვენიერ გარემოცვაში და ისე, არც შენ გაწყენდა.
- ცურვა არ ვიცი. ბავშვობიდან მეშინია წყლის.
- აუჰ! წყალსაც არ სვამ? - გაეცინა ფიფოს.
ის იყო გალეოს, სიცილითვე უნდა ეპასუხა, რომ მისი მობილური აწკრიალდა. საუბრისას დეტექტივი, ისე ჭყეტდა თვალებს და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ფიფო მაშინვე მიხვდა, რაღაც საინტერესო ხდებოდა და მოსასმენად მოემზადა.
- დავადგინეთ ის კორპუსი საიდანაც ზარი შემოვიდა! - გამარჯვებული იერით, სულმოუთქმელად მიახალა ფიფოს.
- მშვენიერია! - მოუწონა ფიფომ. - სავარაუდოდ ისევ მიმის დაურეკა, არა? - ფიფოს ახლა ყველაზე მეტად ეს აინტერესებდა.
დეტექტივმა თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია და სანამ ხმას ამოიღებდა, ისევ ფიფომ განაგრძო:
- წინასწარ, ახალ
წელი, ხომ არ მიულოცა? თუმცა, ჯერ ახალ წლამდე, თვეზე მეტია და მიუხედავად ამისა, ზარის და მოკითხვის მიზეზიც, მაინც ისევ ბუნებრივი გამოდის.
- ჯერ მიმის, მერე სოფელშიც გადარეკა, იქაც მოიკითხა ვიღაც-ვიღაცეები. - დეტექტივის სახეს, გამარჯვებული ღიმილი არ შორდებოდა.
- ვინ ვიღაც-ვიღაც ვიღაცეები? - მიუხვდა ფიფოც.
- აი, ის ტიპი, წამლის კაიფში რომ დაიბრიდა.
ფიფომ წარბები ასწია, მაგრამ არაფერი უპასუხა.
- საიდანაც ეს ამბები დაიწყო. - განაგრძო გალეომ.
- ჰო, მაგას კი მივხვდი და მერე?
- მერე ის, რომ მიცვალებულს, ხომ არ დაურეკავდა? მაგრამ მის ნომერზე დარეკა! ზარი, იმ სოფლის მახლობელ სოფელში დაფიქსირდა და მშვენივრადაც გააგონეს.
- ჰოოოო. - ჩაფიქრდა ფიფო. - საიქიოდან ზარებს, რომ არ პასუხობენ ეგ ვიცი, მაგრამ ვინ გააგონა, აი ეგ უკვე, შენი გასარკვევია.
- არც ისე ადვილია.
- ადვილი, რომ არ არის, სწორედ მაგიტომ არის გასარკვევი! და მიმისთან, რაო? - ვეღარ მოითმინა ფიფომ.
- ისეთი, არაფერი. - მიუგო გალეომ. - როგორც შენ ივარაუდე, დამდეგს წინასწარ გილოცავო, ჩვეულებრივად მოიკითხა და მორჩა! ისევ იგივე, როგორც ადრე, სოფელში დიდი ხანია აღარ ვყოფილვარო და...
- და ერთად ხომ არ ჩავსულიყავითო? - დაასწრო ფიფომ
- ჰო! - ჩაეღიმა დეტექტივს. - როგორ მიხვდი?
- ძაან რთული მისახვედრი იყო. - ირონიულად ჩაეღიმა ფიფოს. - ჯერ დამდეგს ულოცავს, წინასწარ! მერე ახალ წელსაც მიულოცავს, ალბათ მერე შობას და ძველით ახალ წელს! ესე იგი, იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ რამდენჯერმე მოუწევს დარეკვა და შენ რაღას მიყურებ? წადი, ახლა და გაარკვიე, ზუსტად რომელი ბინიდან შემოვიდა ზარები და საერთოდ, რაც ხდება.
- დაიწყეს უკვე ბიჭებმა ძიება. მე არ მინდა გამოვჩნდე, თუ ის წყვილი იქვე ცხოვრობს, არ მინდა მიცნონ.
- ისევ გაზის კანტორა, არა მგონია, რომ წავიდეს. - ფიფო წამით ჩაფიქრდა. - თუმცა, რატომაც არა! მაგრამ ახლა სხვა თანამშრომლები. ჩვენიანიც სხვა უნდა იყოს.
- ზუსტად მაგ კორპუსის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს, გაზის აფეთქებისას, ოთხი სართული ჩამოინგრა და არც თუ ისე დიდი ხნის წინ. მსხვერპლიც იყო.
- მაშინ, იყოს ისევ გაზის გადამოწმება!
- იყოს! - ალბათ რამდენიმე დღე დამჭირდება. ყველა ბინა სათითაოდ უნდა შემოწმდეს. არც თუ ისე ცოტა მაცხოვრებელია.
- ჰოდა, მერე? მიხედე საქმეს!
მას შემდეგ, რაც მიმის ხელმეორედ დაურეკეს, არც თუ ისე დიდი დრო იყო გასული და ფიფოსთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ მათთვის სასურველი აბონენტი, ერთ-ერთი კორპუსის, სულ ქვედა სართულიდან რეკავდა.
- ეგ უკვე, ქვედა სართული კი არა, სარდაფია. ვითომ, იქ იმალებიან? - ფიფოს ჩაფიქრებული ხმა ჰქონდა. - თან ამ სიცივეში.
- შეიძლება, სულ სხვა სართულზეა, მაგრამ იმ ნომრის ჩართვისას, ქვემოთ ჩადის და ისე რეკავს. ან შეიძლება, სულაც არ ცხოვრობენ იქ.
- როგორც მივხვდი, მათ საცხოვრებელს ვერ მიაგენით, არა?
- ისე კი დავადგინეთ, ზარი საიდან შემოვიდა, მაგრამ არც იმ კორპუსში და არც სხვა, იქვე მდგარი საცხოვრებელი კორპუსის ბინებში, „ჩვენები“ არ არიან.
- და იმ სარდაფში, რაღა უნდა? - ფიფოს კოპები ჰქონდა შეყრილი. - ამდენი ხანი, რატომ ვერ შეხვედით?
- ყრუ კედელივით არის და სარდაფის შესასვლელი არ არსებობს! უფრო სწორად, იქ სარდაფიც არ არსებობს. ნუ, ოფიციალურად არ არსებობს. ცოტა კი გავიქაჩეთ, იქიდან გაზის სუნი ფიქსირდებაო, მაგრამ დაგვიმტკიცეს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ, ყრუ კედელია და არც იმის იქით, არაფერია და არც გასასვლელი, ან გამავალი კარი, არც სხვა სარდაფი ესაზღვრება.
- არადა ზარი, სწორედ მაქედან შემოვიდა! - ფიფოს უკვე მოუსვენრობა ეტყობოდა.
- სწორედაც, რომ მაგ კედლის მხრიდან, მაგრამ ბეტონში ხომ არ ჩააყოლეს? - გალეოს თავისივე ხუმრობაზე გაეცინა, თუმცა სახუმაროდ, სულაც არ ჰქონდათ საქმე.
- მდაა. - ამოიხვნეშა ფიფომ. - საინტერესოააა. ესე იგი, არც სარდაფია, არც ოთახია და ზარი მაინც შემოდის.
- რაღაც ახსნა, კი ექნება მაგასაც.
- ის ახსნა აქვს, რომ მანდ, სულ სხვა მხრიდან არის ჩასასვლელი.
- სავარაუდოდ, მასეა! - თავი დაუკრა გალეომ.
- და საუბრის გარდა, უკან რამე, სხვა ფონი თუ იყო? და თუ გაშიფრეთ?
- რაღაც მუსიკის ხმასავით კი იყო, მაგრამ ძალიან ყრუდ ისმოდა, რაღაც დაგუბულად.
- არალეგალური კაზინო, ხომ არ არის? - ფიფომ თვალები მოწკურა. - სათამაშო სახლი, ან საროსკიპო? ან ორივე ერთად?
- არ არის გამორიცხული!
- და თუ, მასეა? - ფიფო სავარძელში გადაწვა. - აი, სწორედაც მანდ ექნება, წამლის გასაღებასაც ადგილი და თანაც, ძალიან ადვილადაც და მშვენივრადაც!
- ჰო, მასეც იქნება.
- მაყუთიანი, სარფიანი კლიენტები და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ გავიგოთ, ან საიდან მივუდგეთ? აი, ეგ არის ახლა, დასადგენი.
ფიფო მთელი ღამე თავს იმტვრევდა, როგორ და საიდან უნდა მიდგომოდა, ჯერ კიდევ გაურკვეველ დაწესებულებას. ან არსებობდა კი საერთოდ? და რომც მიეგნო, ამ ეტაპზე, ვერც თვითონ გამოჩნდებოდა და ვერც გალეო. ზედმეტი ხმაურისა და აყალ-მაყალის გარეშე იყო საჭირო იქ შეძრომა.
არაა!.. მიმი, არა! გამორიცხული იყო!
რაღაც სულ სხვა გეგმა უნდა მოეფიქრებინა. ბევრად გამართლებული და საქმის გამოძიებისთვისაც, ბევრად მომგებიანი.
ფიქრებში ისე დაათენდა თავზე, რომ ვერც კი გაიგო, სანამ მიმიმ კარზე არ მიუკაკუნა, არ დაგაგვიანდესო.
ზლაზვნით წამოდგა. ათასი რამ უტრიალებდა თავში. ერთხანს სარკეში ათვალიერა საკუთარი თავი, მერე კარადა გამოაღო და დიდ ჩანთაში, ტანსაცმლის ჩალაგებას შეუდგა.
საუზმემ, უხმოდ ჩაიარა. ფიფო ჩვეულებრივზე მეტად იყო ჩაფიქრებული, თუმცა მიმიმ, ზედმეტი კითხვების გარეშე მიაცილა კარამდე და არც ის ეცნაურა ფიფოს ხელში, რაღაც მომცრო ჩანთა, რომ ეჭირა.
LEX. 2020 წლის 7 იანვარი, სამშაბათი.
No comments:
Post a Comment