20.
დიმეო ვერაფერს ხვდებოდა. იუბილარს, საკუთარ დაბადების დღეზე, ჯერ კიდევ დილიდანვე, საბავშვო ბაღში უკრეს თავი. საშინლად არ უნდოდა წასვლა, მაგრამ დედას, ხათრი ვეღარ გაუტეხა. სახლში მარტოს, არავინ დატოვებდა, ბებიებიც კი თითქოს მის ჯიბრზე, დილიდანვე საქმეებში იყვნენ ჩაფლულნი.
„ამაზე საშინელი დაბადების დღე, ალბათ არასდროს მექნება.“
უკვე დღის დასაწყისშივე დაბოღმილი ფიქრობდა ბავშვი, მაგრამ რაღაც, უცნაური რამ მოხდა. მამამ, ბაღში მიყვანისთანავე, უკანვე მიაკითხა და ახლა სადღაც, უცხო სადარბაზოს, უზარმაზარ კიბეებს მიუყვებოდნენ, სვენებ-სვენებით.
დიმეოს, უამრავი კითხვა აწუხებდა, მაგრამ მამის უცნაური საქციელით გაკვირვებული, ხმასაც ვერ იღებდა, ისე მიჰყვებოდა გვერდით. არც ფიფო აპირებდა რამის ახსნას. მშვენივრად ამჩნევდა ბავშვის გაოგნებულ, ათასი კითხვით აღსავსე თვალებს და ჩუმი ღიმილით, ნელ-ნელა მიიწევდა ზემოთ. ხელჯოხისა და მტკივანი ფეხის გამო კი, ყოველ მომდევნო საფეხურზე, წამიერად უწევდათ შეყოვნება. ეს დროის წელვაც კი აღელვებდა ბიჭს და ყოველი შესვენებისას, მამას ოდნავ უჭერდა ხელს.
როგორც იქნა, აიარეს ეს „უთვალავი“ საფეხურები და ბოლო სართულზე, ერთ კართან შეჩერდნენ. თითქოს მართლაც უთვალავი იყო, დიმეოს ასე დაუსრულებლად რომ ეჩვენებოდა, მაგრამ მერე ზემოდან როცა გადმოხედა, აღმოჩნდა რომ მხოლოდ და მხოლოდ, სულ სამი სართული ყოფილა.
ფიფომ, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ზარის ღილაკისკენ წაიღო ხელი.
კარი, ხნიერმა ქალმა გააღო და გაკვირვებისგან ელდა ეცა. ისე დაიბნა ფიფოს დანახვაზე, რომ ხმა ვეღარ ამოიღო, მაგრამ როგორც კი, ბიჭი შეამჩნია, მაშინ უფრო დაკარგა ფერი. ცოტაც და, გულიც წაუვიდოდა, მაგრამ ისევ ფიფომ იმარჯვა და ოთახში თამამად შეაბიჯა. დიმეო, ისევ ღია კართან, დაბნეული იდგა. უკვირდა, უცხო სახლში, სრულიად უცხო ადამიანის წინაში, მამის ასეთი სითამამე.
ქალს ყბა აუკანკალდა, ათრთოლებული ხელი, თავზე გადაუსვა გაოგნებულ ბავშვს და ჩასახუტებლად მიიზიდა.
დიდ უზარმაზარ ოთახში, რომელიც გალერეას უფრო წააგავდა, პატარ-პატარა ჯგუფებად დაყოფილ, ოცამდე, სხვადასხვა ასაკის ბავშვს მოეყარა თავი. ყოველ ჯგუფს, თითო უფროსი ჰყავდა და მათთან ერთდ თამაშობდა თუ სწავლობდა.
დიმეოს, თავიდანვე თვალში მოხვდა, ბავშვები რაღაცნაირები იყვნენ. ისიც ვერ გაეგო, ზოგი რატომ იყო დიდი და ზოგი ძალიან პატარა, და ჯგუფებშიც, სხვადასხვა ასაკის ბავშვები იყო შერეული. ზოგი ბევრად უფროსი, რატომღაც, პატარებთან ერთად სწავლობდა, თუ თამაშობდა. გასართობი კი, უამრავი იყო, ბევრი საინტერესო სათამაშო. დიმეომ, ისიც კი შენიშნა, რომ უფრო მეტად, ლოგიკური ტიპის გასართობები იყო, რომელსაც კონსტრუქტორებს ეძახდა და თავადაც, ძალიან მოსწონდა. თუმცა დიდხანს, ვერც ვერანაირ სათამაშოს უდებდა გულს. მალევე ბეზრდებოდა და ხშირად, იწყენდა კიდევც, ამიტომაც არ უყვარდა საბავშვო ბაღი, სახლში ურჩევნოდა, თუნდაც მარტოდ დარჩენა, მაგრამ ასე პატარას და ასეთ ნაფერებ ბავშვს, მარტო აბა, ვინ დატოვებდა?
მიმიმ, თავიდანვე უარი თქვა, კერძო ბაღზეც და ძიძაზეც. ალბათ, პატარაობიდანვე შეამჩნია, შვილის ასეთი გულჩათხრობილი ხასიათი და უნდოდა, უფრო მეტად გარეულიყო ხალხში და თავი განკერძოებულად არ ეგრძნო, მაგრამ დედა ატყობდა, ბავშვი, თანატოლებთან შედარებით, ბევრად ჭკვიანი და ნიჭიერი იყო. საკმაოდ სწრაფად ითვისებდა ყველაფერს და ამიტომაც, მალევე ბეზრდებოდა. სანამ სხვა ბავშვები, აუღებდნენ ალღოს რამე ახალს, დიმეოს უკვე, დიდი ხნის გადაღეჭილი ჰქონდა. ბევრჯერ იჯდა ბიჭი მოწყენილი, თავისთვის ცალკე და ელოდა როდის მოაკითხავდნენ სახლში წასაყვანად. მოგვიანებით კი, მოწყენილობის მხსნელად, მუსიკის მასწავლებელი მოევლინა და ცდილობდა, რაც შეიძლება, მეტი დრო გაეტარებინა მასთან, თუმცა ეს ზოგჯერ შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც ახერხებდა ჯგუფიდან გამოპარვას და მთელი სულით ჩაეფლობოდა მუსიკის მოსასმენად.
ალბათ, ამიტომაც ასე საგულდაგულოდ არჩევდა ბავშვი, მისთვის სასურველ ინსტრუმენტს, მაგრამ რატომღაც, მისი მოსაწონი, არ იქნა და არ მოიძებნა ამ დედამიწის ზურგზე. ასე ფიქრობდა პატარა და ბოლო დროს, ხშირად ეს უფრო იყო, მისი მოწყენის მიზეზი.
- ის ბიჭი რატომ არ თამაშობს? - იკითხა დიმეომ და თითი, ფანჯარასთან მჯდომი ბიჭისკენ გაიშვირა, რომლსაც ზურგი შეექცია ყველა სხვა ბავშვისთვის და ქუჩას თვალს არ აშორებდა, თითქოს მოსახვევიდან, ვიღაცის გამოჩენას ელოდაო. - დასჯილია?
- არა, ბები. - როგორც იქნა, ქალმა ხმა ამოიდგა. - აქ არავის არ ვსჯით, აბა როგორ შეიძლება ბავშვის დასჯა.
- აბა, მოწყენილია? ალბათ, მშობლებს ელოდება, როდის წაიყვანენ სახლში. - თავისივე კითხვაზე, თავად გასცა პასუხი ბავშვმა და წამსვე სათამაშოებზე გადაერთო.
დიმეოს ყველაფერი ჰქონდა სახლში. მანქანები თავისი სადგომითა და ავტობანით. მატარებლები, პარკებში გამავალი რელსებით და ათასი სხვა რამ, რომელსაც უკვე ზედაც აღარ უყურებდა, მაგრამ რატომღაც აქ ნანახით უფრო მოიხიბლა. ყურადღებით უსმენდა, როგორ უხსნიდა, აღმზრდელი ბავშვებს, თამაშის პრინციპებს და როგორც ცდილობდა, აეთვისებინა მათთვის, ასეთი „რთული“ კონსტრუქცია. ეს ბავშვები კი, რატომღაც გვიან ითვისებდნენ ან საერთოდ, არც უსმენდნენ. დიმეო გაკვირვებული იყო, რატომ იყვნენ ეს ბავშვები ასეთი სხვანაირები და ასეთი „უყურადღებოები“, მაგრამ მაინც როგორი სიმშვიდითა და სითბოთი ცდილობდა მასწავლებელი, რამე ჩაენერგა მათთვის. სულ უმნიშვნელო რამეზეც კი აქებდნენ და ხოტბას ასხამდნენ, როცა დიმეოს საბავშვო ბაღში...
„რა კარგია, აქ. ნეტა მეც აქ დავდიოდე.
რატომ არ მომიყვანა დედამ აქ? მაინცდამაინც, იმ სულელ უტვინო და მოჩხუბარე ბავშვებთან რომ გამიშვა. თუ რამეს ხელი მოვკიდე, ისე გამომგლეჯენ ის გიჟი ბავშვები, რომ ლამის თითები მომატვრიონ.
მიმი და ფიფო კი სულ თავზე დამჩხავიან, იმეგობრე, იმეგობრეო. აბა ვისთან უნდა ვიმეგობრო? არც ერთი ბიჭი არ მომწონს ჩემი ჯგუფიდან და არც ის პრანჭია გოგონები მომწონს, ერთმანეთს კაბები, რომ დაუსვარეს. სულ მაწუხებენ, ჩემს გვერდით დაჯდომაზეც კი, სულ ჩხუბობენ!“
- აი! - თვალები დაჭყეტილმა გოგონამ, დიმეოს სათამაშო გაუწოდა.
- დაგვეხმარე. - შეეშველა აღმზრდელი, დაბნეულ ბიჭს. - არ გამოგვდის კარგად აწყობა.
„რა უნდა, ამის გაკეთებას? თავისივე ზომის რელსზე უნდა დასვა და მორჩა!“
გაიფიქრა დიმეომ და თვალი, მამისკენ გააპარა, რომელიც სწორედ იმ ბიჭთან საუბრობდა, ვინც ფანჯარასთან იჯდა და მომკითხავს, ამაოდ ელოდა.
„ნეტა, რაზე საუბრობენ?“
გაიფიქრა დიმეომ, თუმცა მალევე შეამჩნია, რომ მხოლოდ ფიფო ლაპარაკობდა, ბიჭი კი, ხმას არ სცემდა და მისთვის, ზედაც არ შეუხედავს.
- მოწყენილია? - დაბალი ხმით იკითხა დიმეომ და ფიფოს შორიახლო გაჩერდა. - ვერ ერთობა?
- როგორც ჩანს, მოიწყინა. - ღიმილით უპასუხა ფიფომ.
- ჰო, ვიცი. მეც მასე ვიწყენ ხოლმე ბაღში და ერთი სული მაქვს, თქვენ როდის მომაკითხავთ.
- გინდა გავართოთ? - თვალი ჩაუკრა ფიფომ, ბავშვს.
- აი, ბები ნახე, ამ ყუთში რამდენიმე რამეა. - აქამდე, მათი სტუმრობისგან გაოცებულმა და ენაჩავარდნილმა ქალმა, კვლავ შესძლო ხმის ამოღება და დიმეოს, დიდ ყუთზე მიუთითა. თუმცა მანამდე ბიჭს, რაღაც მომენტში მოეჩვენა, თითქოს ეს ქალიც, მამამისთან, ჩუმად რაღაცას ჩურჩულებდა.
- მოდი ამ ნახატებიან ხალიჩაზე გავაწყოთ. - ფიფო ძალიან ფრთხილად შეეცადა ჩამოჯდომას, თუმცა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ტკივილი არც შეიმჩნია. - დააწყვე და თან დაითვალე, მიდი აბა.
- და... ის? - დიმეომ, მოწყენილ ბიჭზე მიუთითა. - ჩვენთან ერთად, არ ითამაშებს?
- ეს ძანეა, ბაბუ. - დიმეოს უკან, მოხუცი კაცის ხმამ გაისმა. - მიდი, გაერთე და თუ მოისურვებს, თავად მოვა სათამაშოდ.
- ეჰ, ნეტავ, მართლა მოისურვებდეს. - კრუსუნით დაატირა ქალმა, თუმცა დიმეოს გაშტერებულ და ჯერ კიდევ გაოგნებულ თვალებს რომ გადააწყდა, მალევე მოვიდა ხასიათზე და მხიარული ხმით მიუალერსა. - დღეს ხომ შენი დაბადების დღეა, ბები! უგემრიელესი ხაჭაპური უნდა გამოგიცხო!
- არა, რას ამბობთ! ნუ წუხდებით! - შეიცხადა ფიფომ. - ისედაც, მალე უნდა წავიდეთ, გველოდებიან.
- აბა რა შეწუხებაა? - ჩაერია ბაბუ. - ჩვენ, ყოველ წელს აღვნიშნავთ, შენს დაბადების დღეს, ჩემო პატარავ და ყოველთვის შენს სახელზე, გემრიელი ნამცხვარიც გვაქვს.
- რა თქმა უნდა! წუხელ უკვე მზად მქონდა. - დაუმატა ქალმა. - ახლა ჯერ ხაჭაპურს მივხედავ.
- მართლა, ნუ შეწუხდებით, რაა. - წუხდა ფიფო.
- რას ჰქვია, შეწუხება? - ქალი ახლა უფრო მოვიდა ხმაზე. - ჯერ ერთი, ამ ბავშვებს დავპირდი დღესასწაულს და ხომ უნდა აღვნიშნოთ?! და მეორეც, თვითონ იუბილარი გვეწვია და რა? აბა, არ ვიმხიარულოთ?
- მინდა ხაჭაპური! - ომახიანად გამოაცხადა დიმეომ. - სახლში არ მისაუზმია და ბაღშიც ვერ მოვასწარი.
ფიფომ, უკმაყოფილო სახით გადახედა ბავშვს, მაგრამ არაფერი უთხრა.
- აბა, ყავა! ჩაი! კაკაო! ცხელი შოკოლადი! ვის რა გინდათ?! - გამოაცხადა ქალმა. - ხაჭაპურიც მალე მოვა.
ბავშვები ახმაურდნენ, არც დიდები ჩამორჩნენ. დიმეო გაოგნებული შეჰყურებდა ამ უცნაურ ადგილას, ასეთ უცნაურ საზოგადოებაში როგორი ხალისი სუფევდა, მათი მხიარულება, მასაც გადაედო და ღიმილით შეუდგა, სათამაშოების გაწყობას.
- თან დაითვალე. - ფიფომ ახალი დეტალი მიაწოდა.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა და დათვლა დაიწყო. უკვირდა რა საჭირო იყო, ამდენი თვლა და ან ამდენჯერ, თვლის შეხსენება.
- ეს ერთი, ეს ორი, ესეც სამი. - თან მალულად მამას გახედავდა და თან ითვლიდა. - ესეც ოთხი...
- არა, ოთხი არა, ხუთი. - შეუსწორა ფიფომ.
- არა, მამა! - გაიკვირვა ბავშვმა. - სამის მერე, ოთხი მოდის!
- ეს ისე, როცა ითვლი, მაგრამ როცა ასეთ დიდ წრიულ კოშკს აგებ მაშინ, ხუთი გამოდის.
დიმეომ თვალები დაჭყიტა, მამა მართალი იყო, თუმცა მაინც უკვირდა, რანაირად გამოვიდა ასე.
- ხუთის მერე, ექვსი არ არის? - გაკვირვებული კითხულობდა ბავშვი.
- არა, ამ შემთხვევაში, ხუთის მერე, რვა მოდის. - ჩაერია მოხუცი ბაბუ და ისიც ფიფოსავით, თვალს იმ მოწყენილი ბიჭისკენ აპარებდა.
„მართლა ყველანი, რა უცნაურები არიან აქ.“
ფიქრობდა გაოგნებული ბავშვი.
„მამაჩემიც უცებ, ამათნაირი გახდა.“
- ესეც ცამეტი!
აგრძელებდა ფიფო და დიმეოც, უხმოდ აწყობდა ფიგურას, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ასე.
- ესეც... - ფიფო შეყოვნდა და საჭირო დეტალისკენ ხელი წაიღო თუ არა, მაშინვე სწორედ იმ მოწყენილმა ბიჭმა ჩამოართვა და დიმეოსთვის არც კი შეუხედავს, ისე მიაწოდა და თან დაბალი ხმით დაუმატა:
- ეც ოცდათოთხმეტი... ეს ორმოცდათხუთმეტი. - ისევ მიაწოდა დიმეოს, ახალი დეტალი და კვლავ არც შეუხედავს მისთვის.
დიმეომ, დაჭყეტილი თვალები, მამას შეანათა. პასუხად ფიფომ, თვალი ჩაუკრა და ანიშნა, განაგრძეო. რადგან მოწყენილი ბიჭიც, თამაშში ჩაერთო და ეს, სტუმრის დამსახურება იყო, დიმეომ შეიფერა და ახლა უფრო თამამად ეკითხებოდა, შემდეგ რომელი რიცხვი მოდისო. უფროსი ბიჭი კი, დაუფიქრებლად პასუხობდა ზუსტ ციფრს.
- ყავას ხომ დალევთ? თუ ჩაი უფრო?.. - ჩუმი ხმით შესთავაზა ფიფოს ქალმა და შეეცადა, მოთამაშე ბიჭებისთვის, ხელი არ შეეშალა.
- იყოს, ნუ შეწუხდებით. - უჩურჩულა ფიფომაც. - ჩვენ, მალე უნდა წავიდეთ.
- ისეთი გემრიელი, ხილის კექსი მაქვს, სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარი, აბა ისე, როგორ გაგიშვებთ? - არ თმობდა ქალი.
- კეთილი, მაშინ ყავას დავლევ. - გაუღიმა ფიფომ. - ნამცხვარი არ მინდა, ბავშვებს გაუნაწილეთ, ისედაც ხელცარიელი მოვედით და თან, დაუკითხავად დაგაცხერით თავზე.
- აბა, ეგ რა პასუხია? - თითქოს, იწყინა კიდეც ქალმა. - ნამცხვარიც ყველას ეყოფა და მანამდე ხაჭაპურებიც, წუთი-წუთზე ცხვება. ცომი, ჯერ კიდევ, დილაუთენია მოვზილე. - ქალი წამით შეყოვნდა. - ამ სახლში... ამ სახლის კარი ყოველთვის ღიაა და არა, როგორც სტუმრისთვის, ამ სახლში...
- ლამაზი სახლია! მომწონს აქაურობა! - თითქოს შეეშველა დიმეო, დაბნეულად მოსაუბრე ქალს.
- ჰოდა, ეს სახლი შენია, ბაბუ! - დაუმატა კაცმა.
- ჩემია? - გაიკვირვა დიმეომ და მალულად, ფიფოს გახედა.
- ჰო! შენიც არის და ვინც მოვა და წესიერად ითამაშებს, იმისიც არის! - სწრაფადვე გამოასწორა ფიფომ და ბავშვის ცნობისმოყვარეობაც, მაშინვე დაკმაყოფილდა.
- ძლივს გაერთო. - ჩუმი ხმით მიანიშნა კაცმა, ფიფოს, იმ მოწყენილ ბიჭზე. - ზის ასე მთელი დღეები და ფანჯარას, თვალს არ აცილებს. ჭამითაც, სულ ძალათი აჭმევს ბებიამისი.
დიმეოს ყურები, დაცქვეტილი ჰქონდა. მშვენივრად მიხვდა, ფიფო ამ ხალხისთვის, უცხო სულაც არ იყო, მაგრამ?
„მე, რატომ არ ვიცნობდი აქამდე ამ ხალხს? ან დედამ რატომ ერთხელაც არ მომიყვანა აქ სტუმრად?
ამ მოწყენილ ბიჭს, ძანე ჰქვია. ჩემზე დიდია, მაგრამ ჩემთან ერთად კარგად თამაშობს. იქნებ, ჩემი გულისთვის აკეთებს, უნდა მე რომ გამართოს. მე ხომ, სტუმარი ვარ. თუმცა?.. აბა შენი სახლიც არისო და აბა მაშინ?..
ააა, მე ჯერ, ახალი ვარ და ასე, ამიტომ მართობს. თან, მარტო ჩემთან თამაშობს. თურმე სხვებს, არც ეკარება და არც საჭმელს ჭამს. ისე, არც მე მიყვარს ბაღის საჭმელები და მეც ასე ვიწყენ ხოლმე ბაღში. ჩემნაირი ყოფილა, მაგრამ ეჰ, ამას უფრო კარგი ბაღი ჰქონია.
მაგრამ... რაღა დროს ამის ბაღია? ეს უკვე, დიდი ბიჭია და სკოლაშიც უნდა დადიოდეს.“
ბებიამ ხაჭაპურები ჩამოარიგა. ცალკე მოთამაშე ბიჭებს კი, იქვე მიუტანა. ძანე ისევ, თამაშში იყო გართული და ყურადღებას არავის აქცევდა. დიმეოსთვის, კვლავ ზედაც არ შეუხედავს, ისე განაგრძობდა თამაშს.
უეცრად, ერთი გრძელ კიკინიანი გოგონა, დიმეოს მიეჭრა და ხაჭაპურის ნაჭერი, ხელიდან გამოგლიჯა და სანამ ბიჭი, გონზე მოვიდოდა, ძანე იმ გოგოს ეცა, ხელიდან გააგდებინა. მაშინვე სწვდა, ძირს დავარდნილი ხაჭაპურის ნაჭერს და დიმეოს, წინ დაუდო და არც ახლა შეუხედავს მისთვის, ისე დაიკავა, კუთვნილი ადგილი.
ყველა გაოგნებული დარჩა, ძანეს ასეთი რეაქციით. ბებია ვიშვიშით მივარდა, ძირს ნაგდები ხაჭაპური, ბავშვს სასწრაფოდ ააცალა და ახლით შეუცვალა. პედაგოგმა დიმეოს გასაკვირად, რატომღაც დამნაშავე გოგონას, ღიმილით უსაყვედურა, თუ კიდევ გინდოდა, ჩემთვის უნდა გეთხოვაო და მერე, კიდევ ერთხელ ახსნა დაუწყო.
ბიჭს ისიც კი გაუკვირდა, ის ძირს ნაგდები ხაჭაპური, ძანემ რაღატომღა დაუბრუნა. მხოლოდ იმას მიხვდა, რომ უფროსმა ბიჭმა დაიცვა, მაგრამ...
„ძირს ნაგდებს, ხომ არ შევჭამდი?“
ფიფო დიმეოს, სახეში მიაჩერდა და ძანეზე ანიშნა. ბიჭი მიხვდა, რომ ძანესთვის მადლობა უნდა გადაეხადა.
- გმადლობ, რომ დამიცავი, მაგრამ ძირს დაგდებულის ჭამა, არ შეიძლება.
ფიფოს ხმამაღლა გაეცინა.
- აქ მთავარი, ის იყო, რომ დაგიცვა და შენი თავი, არავის დააჩაგვრინა. - აუხსნა ფიფომ, გაოგნებულ ბავშვს.
დიმეომ, ამრეზით გახედა, იმ აბეზარ გოგოს. ის კი ვითომც, აქ არაფერიაო, ჩვეული სახით მიირთმევდა ხაჭაპურს.
- არც იმ გოგონას უნდოდა შენი დაჩაგვრა, ბაბუ! უბრალოდ, ასე გამოუვიდა. შემთხვევით, შეეშალა და ვაპატიოთ. - გაუღიმა კაცმა.
- ძანეს არ უყვარს, როცა ვინმეს ჩაგრავენ, მით უმეტეს, პატარებს. - ჩაერია ბებია.
- პატარა, სულაც არ ვარ! - აწრიპინდა დიმეო.
უფროსებს გაეცინათ. დიმეო მოიღუშა.
- არ მოიწყინო, ბები! - მიეალერსა ქალი. - ახლა მალე, შენს სახელზე გამომცხვარ, უგემრიელეს, გარგარის და ატმის კექსსს დავჭრი.
- სანთლებიც კი გვაქვს და ყველა ბავშვი ჩაერთვება მის ჩასაქრობად. - დაუმატა კაცმა.
- ისე, თუ გინდა, მარტო შენ ჩააქრე. - ქალმა დიმეოს, თავზე ხელი გადაუსვა. - მაინც შენ ხარ დღეს, იუბილარი.
- არა, იყოს! - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - ყველამ ერთად ჩავაქროთ! სხვებსაც გაუხარდება!
- შენ, როგორი კეთილი ბიჭი ყოფილხარ. - გაუღიმა ქალმა და მერე, კაცისკენ მიბრუნდა. - აბა, წამოდი მომეხმარე.
- მეც შეგეშველებით. - თავი გამოიდო ფიფო, მაგრამ წამოდგომას ძლივს ახერხებდა და მალევე გადაიფიქრა. - მოგწონს აქ?
დიმეომ თავი დაუქნია.
- რატომ ადრე არასდროს არ მომიყვანე?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ხან არ მეცალა და ხანაც, ათასი რამ.
- მომწონს აქაურობა. - ღიმილით მიუგო დიმეომ. - იცი, ძანე, მარტო მე მეთამაშება და სხვებს თურმე სულაც არ ეკარება და რატომ?
- იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ თქვენ, ძმები ხართ! - მოულოდნელად, თავისდაუნებურად წამოისროლა ფიფომ და თითქოს, გულზე რაღაც მოეშვაო.
დიმეოს გაკვირვებისგან, ენა ჩაუვარდა და ფერდაკარგული მიაჩერდა მამას.
- ძმები ვართ. - დაბალი ხმით ჩაიბურტყუნა ძანემ და არც ახლა შეუხედავს დიმეოსთვის სახეზე, ისე მიაწოდა ახალი ფიგურა.
LEX. 2019 წლის 15 აგვისტო, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment