Wednesday, August 21, 2019

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 19)

19.
ვაჩე და მისი ოჯახი, მშვენივრად მოეწყვნენ სოფელში. ფიფო აღფრთოვანებული იყო, როგორ ადვილად მოაგვარა მათი პრობლემა და ახლა უკვე, უცხოეთში გასამგზავრებლად კლინიკაში თავის რიგს ელოდა. 
მიმის ხმა არ ამოუღია, არც კი უხსენებია, რომ იმ სოფელთან, გარდა პიპასთან იმ ჯვრისწერისა, კიდევ თუ რამე აკავშირებდა. ჩვეული სახით ისმენდა ფიფოს ქაქანს და ისიც სხვებივით, კვერს უკრავდა და საქმის ასე ოსტატურად მოგვარებას უქებდა.
მაგრამ ფიფოს, მაინც არაფერი გამოეპარებოდა, მშვენივრად ამჩნევდა მიმის ღიმილის მიღმა, რაღაც დაფარულსა და გაურკვეველს. ზოგჯერ, მიმის ცარიელი და არაფრის მეტყველი თვალები, სადღაც სხვა მხარეს, თითქოს სულ სხვა სამყაროში, განაგრძობდა არსებობას.
ფიფო ყველაფერს აკეთებდა, რომ მიმი ამ მდგომარეობიდან გამოეყვანა, რომ ბოლოს და ბოლოს, სწორი გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ პირველ რიგში, თავად მიმის უნდა გაერკვია, სად მთავრდებოდა ფანტაზია და სად იწყებოდა რეალობა. მიმი კი სადღაც, თითქოს სხვა არეალში ცხოვრობდა და ისე ჩანდა, უკან მოხედავასაც არ აპირებდა.
ბავშვის დაბადების დღის თარიღი, დღითი დღე ახლოვდებოდა. ფიფო მიმისგან, გადამწყვეტ სიტყვას ითხოვდა და ნებისმიერი პასუხის შემთხვევაშიც, უკვე ყველაფერი, აწონ-დაწონილი ჰქონდა და მაინც, დიდი მოთმინებით ელოდა, მიმის გადაწყვეტილებას.
- აუზში, როდის უნდა ვიცურაო? - ისე გაიწკრიალა ბავშვის ხმამ, რომ ფიფოც და მიმიც, ერთმანეთს დაბნეულნი მიაჩერდნენ.
- ცურვაზე გინდა, დეე? - ღიმილით მიმართა მიმიმ. - ფიფო, ცურვა შენც გჭირდება, სპორტული დატვირთვაც არის და ფეხისთვისაც კარგი იქნება. ისე, მეც ვივლიდი. აი, რომ ჩამოვალთ, სამივემ ერთად ვიაროთ ცურვაზე.
ბავშვი სიხარულით აჟღურტულდა. ფიფო ცოტა არ იყოს, ნირწამხდარი იჯდა. მშვენივრად მიხვდა რომელ აუზზე ამბობდა ბავშვი, ალბათ მის საუბარს მოჰკრა ყური და ახლა დრო იყო მიმისაც სცოდნოდა, თუმცა დასამალი, არც არაფერი იყო.
- სოფელში აუზს ვაშენებ.
- რომელ სოფელში? - გაკვირვებული იკითხა მიმიმ, თუმცა მაშინვე მიხვდა და გაფითრებული ჩამოჯდა სკამზე.
- ჰო! იქაურ ბავშვებს ვუშენებ ეზოში, აუზს! მასალითა და ხელოსნებით მოვამარაგე, დამხმარე მუშებად კი, თავად გამოიდეს თავი. - მერე მიმის გახედა. - სიკეთეს თუ აკეთებ, ბარემ მარილიც მოაყარეო, ხომ გაგიგია? რა, არ შეიძლება?
- როგორ არ შეიძლება! - მხრები აიჩეჩა გაოგნებულმა მიმიმ, რომელსაც ფიფოს სიკეთე, სულაც არ უკვირდა, მაგრამ მისი იმ სოფლისადმი ასეთი ინტერესი, მაინც ცოტა, არასასიამოვნოდ უღრღნიდა გულს.
- მეც მინდა აუზში! - აჭყიპინდა დიმეო.
- ჰოდა! ჩავალთ და შენც იჭყუმპალავებ. - გაუღიმა ფიფომ.
- მამ, შენც ხომ ჩამოხვალ წყალში? 
- აბა, რაა! 
- რამხელააა? - არ ჩერდებოდა ბავშვი. - ძალიან დიდია? ზღვასავით?
- შენ წარმოიდგინე, ზუსტად არც კი ვიცი. აი, ჩავიდეთ ამ დღეებში და ვნახოთ და თუ მზადაა გავცუროთ კიდეც! მიმი ხომ წაგვიყვან, შენი მანქანით? - ფიფო გამომცდელად ჩაეკითხა.
- მეე? - ენის ბორძიკით დაიწყო მიმიმ. - მე... საქმეები მაქვს... თუ მოვიცლი მერე...
- მაშინ, ჩემი მძღოლი წაგვიყვანს, მიმიმ მიხედოს აქ საქმეებს! - ისე ჩააშტერდა ფიფო, რომ მიმი სულ გაფითრდა. 
ფიფომ ფინჯანი მოიყუდა და შეეცადა მიმისგან, ღიმილი დაეფარა.
- მაშინ, ახლავე წავიდეთ! - ბავშვის სიხარულით აღარ იყო.
- არა! - წამოიძახა მიმიმ და ხმაში ცოტა, ნერვიულობაც შეეტყო. - დღეს ბაღში ხარ წასასვლელი. - მერე უფრო დაბალი და მშვიდი ხმით დაუმატა. - შაბათ-კვირას, კი ბატონო, მიბრძანდით.
- არ მინდა რაა ბაღშიი, ვერ ვიტან! მეზიზღება!
- კარგი რაა, რა არის ასეთი? რაღა დაგრჩა? - დაამშვიდა დედამ. 
- მეზიზღება! მეზიზღება!
- კიდევ მოხდა, რამე? - ჩაეკითხა ფიფო.
- კიდევ? - იკითხა გაოგნებულმა მიმიმ. - და მანამდე რა იყო, რო?
ბავშვი აილეწა, თავი ჩაღუნა.
- რა უნდა მომხდარიყო? - ბავშვის გასამხნევებლად დაიწყო ფიფომ. - ხან ის არ მოსწონს, ხან ეს! ხან ამაზე ბუზღუნებს და ხან იმაზე! დარჩა იქ საერთოდ, რამე ისეთი, რომ არ მოსწონდეს, ყმაწვილს?
დიმეომ შვებით ამოისუნთქა და ახლა, თამამად გაუსწორა თვალი დედას.
- საღამოს მასწავლებელი უცებ ძალიან გაბრაზდა და ყველას დაგვიხია ნახატები. - ჩაიდუდღუნა ბავშვმა.
ფიფომ ძლივს შეიკავა ღიმილი.
- ასე უცებ, როგორ? - ჩაეკითხა მიმი. - უცებ წამოხტა და დაგიხიათ? 
- ხმაური იყო და როცა ვხატავდით, უცებ სტაცა ხელი ფურცელებს, შუა ხატვის დროს აგვაცალა, სულ ნაფლეთებად აქცია. არაფრის ღირსები, თქვენ არ ხართო... დეე, თავხედი რა არის?
- ჰაჰ! - ცალყბად ჩაეღიმა ფიფოს.
- იქნებ, მართალიც იყო მამიდაჩემი და კერძო ბაღში უნდა შეგვეყვანა. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მიმიმ.
- ფასიანი ხომ არის და რა მნიშვნელობა აქვს? - გაიკვირვა ფიფომ.
- როგორ არა აქვს? სად მაინც კერძო, სადაც ცოტა ბავშვებია და სად...
- აღარ მინდა ბაღიიი! კერძო ბაღშიი აღარ მინდაა!
- არა რაღა დროსია უკვე, ერთ კვირაში ზეიმია და სამუდამოდ მორჩა, შენი ბაღი! - მიმი, აწუწუნებული ბავშვის გამხიარულებას შეეცადა.
- მერე ჩემი დაბადების დღე? - გამომცდელად ჩაეკითხა ბიჭი.
- შენი დაბიდუბიც, სამ დღეშია და ჩვენ კი, საჩუქარიც ვერ შეგირჩიეთ. - ჩაურთო ფიფომ. - ნუთუ, რაღაც ძველი პიანინოს მეტი, არაფერზე ოცნებობ?
დიმეო მოიღუშა.
- ისე, მე რომ შენხელა ვიყავი... - ღიმილით დაიწყო ფიფომ. - საერთოდ არ ვიცოდი, ოცნება რა იყო!
- მართლა, არაფერზე ოცნებობდი? - დაინტერესდა დიმი.
- ჰო, მართლა! რაზე ოცნებობდი ხუთი წლის, რომ იყავი? - მიმი ღიმილს ძლივს იკავებდა.
- ხუთი წლის რომ ვიყავი, ვოცნებობდი იმაზე, თუ... - ფიფო წამით შეყოვნდა. - თუ როდის გავხდებოდი ექვსის! - რიხიანად წარმოსთქვა ბოლოს, რამაც საერთო სიცილი გამოიწვია.
- ესე იგი, მაინც ოცნებობდი, რომ ექვსის გამხდარიყავი. - არ შეეპუა ბავშვი. - აბა, არ ვოცნებობდიო?
- ბავშვმა ნაკლები უნდა იოცნებოს, მეტი ითამაშოს და გაერთოს, რომ ზოგ-ზოგიერთებივით, უაზროდ მოწყენილი არ იყოს. - მიმიმ ბავშვს გადახედა.
ბიჭი მოიღუშა.
- რა ცხვირი ჩამოგიშვია? - შეუძახა ფიფომ დიმეს. - იცი, ბევრ ბავშვს იმის მეოთხედიც კი არ აქვს, რაც შენ გაქვს! შენზე ბევრად ცუდად არიან, ლუკმა პურზე ოცნებობენ და არა, სათამაშოებზე!
- პიანინო, სათამაშო არ არის! - გაწიწმატდა ბავშვი. - სერიოზული ინსტრუმენტია.
უფროსებს, ბავშვის სიტყვებზე გაეცინათ.
- იცი, სინამდვილეში. - დაიწყო ფიფომ. - ვინც მოწყენილია, მას იმედიც არა აქვს და არც არაფერზე ოცნებობს, მხოლოდ დროს უცდის, რომ გაიზარდოს, დიდი გახდეს და თავად შესძლოს, ოცნებების ასრულება, მაგრამ შენს შემთხვევაში...
- მე უკვე დიდი ვარ! - გააწყვეტინა სიტყვა ფიფოს ბავშვმა. - და მე თვითონ ავისრულებ ჩემს ოცნებებს, ჩემი ფულიც მაქვს! - ამაყად ასწია ცხვირი ბიჭმა.
- აჰა! - წარბი ასწია ფიფომ. - და საიდან გაქვთ, საკუთარი კაპიტალი, ყმაწვილო? ბევრი იშრომეთ?
- ჰაჰ, რა თქმა უნდა, ბებიებმა გაატუტუცეს და ამიტომაც არის, ასე დიდ გულზე. - ჩაერია მიმი.
- რატომ ვარ, ტუტუცი? - საშინლად იწყინა ბავშვმა. - თვითონ მაჩუქეს!
- შენ კი არ ხარ! უბრალოდ „ბაბუშკები“, ცოტა ზედმეტად გატუტუცებენ! - განუმარტა ფიფომ.
ფიფო დარწმუნებული იყო, რომ მიმის დედა და მამიდა ანებივრებდნენ ბავშვს ასე ზედმეტად, მაგრამ როცა გაიგო, მისი საკუთარი მშობლებიც კი იყვნენ ამ ამბავში გარეულნი, ძალიან გაუკვირდა.
- კი, მაგრამ მე სკოლის ბუფეტის ხურდებს მითვლიდნენ და ახლა, რა ეტაკათ? - ფიფო გაოცებას ვერ ფარავდა. - არა, ისე არაფერი მაკლდა, მაგრამ ფულით, არასდროს მანებივრებდნენ.
- არც მე მანებივრებენ, უბრალოდ ვაგროვებ დიდ ფულს! - წამოიძახა ბავშვმა.
- ოჰო! - ჩაეღიმა მიმის.
- პიანინო მინდა ვიყიდო და რა არის ამაში, ცუდი? - აწუწუნდა ისევ პატარა.
- რა ვქნა დეე. - დაუყვავა მიმიმ. - შენი მოსაწონი პიანინო, არ მოიძებნა ამ დედამიწის ზურგზე. რომელიმეზე, მაინც უნდა გააკეთო არჩევანი და მაშინვე გიყიდით.
- ან ბოლო-ბოლო, ჯერ სხვა შეარჩიე და როგორც კი შენთვის საინტერესო ინსტრუმენტი გამოჩნდება, ვიყიდოთ მერე ისიც. - დაუმატა ფიფომ.
- მერე ბევრი დრო გავა და ვერ მოვასწრებ კონცერტების ჩატარებას. - უკან არ იხევდა ბავშვი.
- ყველა ლილიპუტს, განდიდების მანია აწუხებს. - ღიმილით ჩაილაპარაკა ფიფომ, რასაც მიმის სიცილი მოჰყვა.
- კარგი, ვყიდულობთ პიანინოს, როგორც კი შენი მოსაწონი გამოჩნდება, ხომ შევთანხმდით უკვე და არა ერთხელ, მაგრამ ახლა, ბაღში წავედით! - მიმი წამოდგა და უკმაყოფილო სახიანი ბავშვიც, თან გაიყოლა.

***
- მშვენივრად გამოსულა! - ფიფომ მშენებარე აუზს, თვალი მოავლო.
- ჯერ კარგად გამოშრეს და მერე თუ ჭკვიანად მოიქცევიან, წყალსაც ჩავუსხამ, ჰა, ჰა!
მასპინძლის გაცვეთილ, ბანალურ ხუმრობაზე, ფიფოს ცალყბად ჩაეღიმა.
- გასარუჯათაც ლამაზად მოგიწყვიათ ადგილი. 
- ეე, სოფელში სულ გარუჯულები არ დავდივართ, განა? - ისევ გაეცინა მასპინძელს.
- ორ-სამ დღეში, გაშრება?
- ჰო, ალბათ.
- სხვა აბა, როგორ ხართ? რამე ხომ არ გჭირდებათ? - ჰკითხა ფიფომ. 
- აბა, რა უნდა გვჭირდებოდეს? ჰაერიც ნატურალური გვაქვს და საჭმელიც!
- რა ვიცი? იქნებ, ქალაქიდან გინდა რამე და ჩამოვიტანდი. - თავი გამოიდო ფიფომ.
- თუ დაგვჭირდება, გეტყვით, არ მოგვერიდება. - მიუგო მასპინძელმა. 
- ისე მახსოვს, საშენო საქმეს დაგავალებთო და რა ვიცი, გელით აბა, დამავალეთ!
- მეტი რაღა უნდა გააკეთო? ისედაც ბავშვები, ასე გაგვიხარე.
- ეგ, ზღვაში წვეთია იმასთან, რასაც თქვენ ახლა ასე, სრულიად უცხო ოჯახისთვის აკეთებთ, მაგრამ საჩემო საქმე, მაინც არ გამოვიდა, არც მშენებელი ვარ და ვერც შავ მუშად გამოვდექი. - გაეცინა ფიფოს.
- ნუ გგონია, არ ვიცოდე, ამხელა აუზის მშენებლობის ფასი. 
- კარგი, რაა, არც ღირს ამაზე დაწვრილმანება. - თავი გააქნია ფიფომ.
- ეს თუ წვრილმანია, დაა. - გაეცინა მასპინძელს. 
- აი, უცხოეთიდან რომ ჩამოვალ, მერე სხვა რამეებსაც მივხედოთ.
- შენ ჩამოდი და დაისვენე, მიხედვით კი, აქაურებიც მივხედავთ. ჩამოდი და ცოლ-შვილიც ჩამოიყვანე, ამაზე სუფთა ჰაერზე, აბა სად უნდა წაიყვანო.
- სამკურნალოდ, ოჯახთან ერთად მივდივარ. ვიცი, ძალიან გაწვალდებიან, მაგრამ მიმი მაინც უკან არ იხევს და ბავშვიანად მომყვება.
- ბავშვს, რა უნდა კლინიკაში? ცოდვაა, გაიტანჯება.
- ბებიებთან არ უნდა დარჩენა. ვიცი, რომ მართლაც გაწვალდება, მაგრამ რას ვიზამ?
- აქ რომ დატოვო? 
- აქ? - ფიფომ მხრები აიჩეჩა, თუმცა მოეწონა მასპინძლის წინადადება.
- ჰო, აქ! ცივ ნიავს არ მოვაკლებთ, იმდენი მომვლელი ეყოლება, ბავშვებიც ბევრია.
- არც ბებიები აკლებენ ცივ ნიავს, მაგრამ მაინც არ რჩება.
- აბა მარტო ბებიებთან, როგორ უნდა გაერთოს? დამიჯერე, ჩამოიყვანე და შენ მიხედე შენს ჯანმრთელობას. 
- ჰო, რა ვიცი, კარგი აზრი კი არის.
- პრინცივით გვეყოლება, თუმცა ისედაც აქაურობის... - მასპინძელი უცებ გაჩუმდა. იმაზე მეტი წამოროშა, ვიდრე საერთოდ უნდა ეთქვა.
- აქაურობის საპატიო სტუმარი, რა თქმა უნდა, პრინცივით გეყოლებათ, აბა რაა. - სიცილით აუბა მხარი ფიფომ, თუმცა მშვენივრადაც მიხვდა, მასპინძელი რასაც გულისხმობდა და ისიც შეამჩნია, რომ დროულადაც მოკეტა.
- აი, ჩვენი მოძღვარიც ჩამობრძანებულა მთიდან. - მასპინძელმა, სწრაფადვე შესძლო თემის შეცვლა. - აბა, წამო ბარემ, ერთად ვისადილოთ!
- რა დროს სადილია? - გაიკვირვა ფიფომ. - წამოსვლის წინ ვისაუზმე.
- მაშინ ვილანჩაოთ, თუ რას ეძახით ქალაქში? ჰა, ჰა! ლანჩია, თუ ლენჩი?
ფიფოც აჰყვა სიცილში, თან არწმუნებდა არაფერი მინდაო, მაგრამ ახლად გამომცხვარი ხაჭაპურის სურნელმა, მაინც მიიტყუა სუფრასთან.
- ბავშვი ჩამოიყვანე-მეთქი, ვეუბნები. - მიანიშნა მასპინძელმა ფიფოზე მოძღვარს. - ცოტა სოფლის ჰაერიც ჩააყლაპოს.
- ჰო, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ვიფიქრებ მაგაზე, წასვლამდე ვიფიქრებ.
- სწორს გეუბნება, შვილო. - დაემოწმა მოძღვარი. - აი, მერე მორჩენილი, რომ ჩამოხვალ, სულ შენი ფეხით უნდა აგიყვანო იქ, სულ ზემოთ, ჩვენს მონასტერში.
- ეჰ, რა ვიცი. - ხელი ჩაიქნია ფიფომ. - ჩემი ფეხით კი არა, სულ არ მომაჭრან.
- შენ მაგაზე, არ იდარდო. - დაამშვიდა მამაომ. - შენზე იმდენი უნდა ვილოცო, ისე უნდა ვილოცო შენზე და შენს ბიჭებზე, რომ სულ სირბილ-სირბილით ჩამოხვალ ჩვენთან.
პასუხად ფიფოს გაეცინა.
- ისე სულ მთლად, მარტო ჩემს ლოცვასაც ნუ ენდობი, მოხუცებული ვარ მაინც, ცოტა ექიმებსაც ყური უგდე და ყველაფერი კარგად იქნება.
მოძღვარი კიდევ რაღაცას ესაუბრებოდა, მაგრამ ფიფო უკვე აღარ უსმენდა.
„შენს ბიჭებზეო...“
ამ სიტყვებმა ჩააფიქრა, ვის გულისხმობდა, ნეტა? 
„ალბათ, ვაჩეზე და მის ძმებზე თუ მითხრა, მაგრამ რაღაც სხვანაირი გამოხედვა ჰქონდა, არა არ მეშლება და არც მომჩვენებია.
იქნებ, როგორმე ვკითხო.“
- ჩემი ჩამოყვანილი ხალხი, როგორ შეეგუა აქაურობას? - სიტყვა ჩამოუგდო ფიფომ მასპინძელს და თვალი, მამაოსკენ გააპარა.
- მშვენივრად შეეწყვნენ! ბავშვებს ძალიან მოსწონთ აქაურობა, დედაც კარგი ქალია, სულ ფუსფუსებს და საქმეში უკან არ გვრჩება. უფროსი ბიჭი, კაცივით გვერდში გვიდგას, შრომობს. 
- ძალიან კარგია, კარგი. - ამოისუნთქა ფიფომ და ისევ მოძღვარს გახედა. ისევ რაღაცნაირი მზერა დაიჭირა. თუმცა, ვერაფერს მიხვდა.
ღამეც ბევრი იფიქრა, რას უნდა ნიშნავდეს, მოძღვრის ასეთი გამოხედვა, მაგრამ ვერაფერს დაუკავშირა. ლამის, ფიქრში გაათენა ღამე და სამსახურშიაც კი დააგვიანა. მალე გამგზავრებას აპირებდა, უნდოდა ბოლომდე მოეგვარებინა სამსახურის საქმეები და მიუხედავად მიმის დიდი პროტესტისა, მაინც ახერხებდა ხანდახან, სამინისტროში გაძრომას.
მძღოლმა მანქანა გააჩერა. ფიფო ისე იყო ჩაძირული ფიქრებში, რომ ჩანდა, გადმოსვლას არც აპირებდა. 
- მოვედით, უფროსო. - ოდნავ დაბალი ხმით შეახსენა, მძღოლმა.
- არა! - გამოერკვა ფიფო. - ჯერ დიმეოს, ბაღში შევუაროთ.
- ახლახან არ დავტოვეთ იქ? - გაიკვირვა მძღოლმა.
- მერე რა? მიდი მოატრიალე და წავედით!
მძღოლი გაკვირვებული დაემორჩილა. ბევრს ვერაფერს მიხვდა, მაგრამ რადგან დღეს ბავშვის დაბადების დღე იყო იფიქრა, რომ უფროსს გეგმები შეეცვალაო. უხმოდ მოაბრუნა მანქანა და საბავშვო ბაღისკენ გასწია.

***
- იუბილარი ხარ ბიჭო! ცოტა გაიღიმე, წელში გაიმართე, რა შეშინებული სახით მიყურებ! - შეაგულიანა ფიფომ, მართლაც რომ დამფრთხალი ბავშვი.
შეშინდებოდა, აბა რა იქნებოდა, რამდენიმე წუთის წინ ბაღში მიყვანილი, ისევ მანქანაში აღმოჩნდა და ვერ ხვდებოდა, მამას რა ჰქონდა ჩაფიქრებული.
- ვააა! ეს რა გავიგეეე! - შეიცხადა მძღოლმა.
- აბა! აბა! - ჩაურთო ფიფომ.
- მეც მაქვს შენთვის საჩუქარი, მაგრამ საღამოს ვაპირებდი გამოტანას. - იცრუა მძღოლმა. მართალია, არავითარი საჩუქარი არ ჰქონდა, მაგრამ ფიფოს ანიშნა, რა ვაჩუქო, რა მოსწონსო.
ფიფომ პასუხად, მხრები აიჩეჩა.
ბავშვი იმდენად გაოგნებული იჯდა, რომ უფროსების ამ მინიშნებებისთვის, ყურადღება არც მიუქცევია.
მანქანამ აღმართზე აუხვია და ერთ მოძველებულ სახლთან შეჩერდა.
LEX. 2019 წლის 5 აგვისტო, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment