Thursday, February 8, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 120)

120.
- სად ხარ ამდენ ხანს? – შემოსვლისთანავე უსაყვედურა ფიფოს, მხატვარმა.
- ძლივს მოვახერხე მოსვლა, სამაგიეროდ ნახე რა ხინკალი მოვიტანე. - ფიფომ მაგიდა გაათავისუფლა და ხინკალი ყუთიანად ჩადგა.
- აუუ, გუშინდელი ლობიოთი გავსკდი!!! - უკმაყოფილოდ დაიჯღანა მხატვარი. - დაგერეკა რაა და მოვიცდიდი.
- ხომ დაგირეკე და გეძინა! ვიფიქრე, სანამ გამოფხიზლდებოდი, მეც მოგისწრებდი, მაგრამ ვერ მოგითმენია და გიჭამია. - ეცინებოდა ფიფოს. - ჰოდა, ახლა ძალიანაც კარგი! მეტი შემხვდება!
- მიმი იყო აქ. - მხატვარმა ბოთლს თავი მოხსნა
- მერე?
- რა მერე? ეს „ჯეკ დენიელსი“ მოიტანა, ლობიო შემიჭამა და გავარდა! 
- სად გავარდა? - ჩაეკითხა ფიფო. - დაურეკა ვინმემ?
- აბა მე რა ვიცი სად დადის?
ფიფო მოიღუშა. 
მხატვარმა კი განაგრძო:
- ძალიან ნაწყენი იყო ჩემზე.
- შენგან რა უნდოდა? - გაიკვირვა ფიფომ.
- რატომ უთხარი შენს „ლუბოვს“, რომ ორსულად ვარო, რა გატლიკინებდაო!
- და რამ გათქმევინა მერე? - შუბლი შეკრა ფიფომ.
ჩანდა, არც მას ესიამოვნა ეს ამბავი, რადგან თუ მხატვრის შეყვარებულმა იცოდა, ესე იგი, ისიც ხომ გაიგებდა?
- ისე მართლა, ვინ გეკითხებოდა? სხვა საქმე არ გქონდათ? ნუთუ, მეტი ვერაფრით გაერთეთ? - გესლიანად ჩაეცინა ფიფოს.
- არაფერი მითქვამს! - მხატვარი ბრაზისგან წამოენთო. - და საერთოდაც არ გვისაუბრია, არც მიმიზე და არც მაგ თემაზე და შენი არსებობაც კი არ იცის! 
ფიფოც არანაკლებად ბრაზობდა და იბოღმებოდა და ჰქონდა კიდეც გაბრაზების მიზეზი. თუ მისმა ეჭვმიტანილმა, ადრე არაფერი იცოდა მიმის ორსულობის შესახებ, ახლა უკვე ცხადი გახდა, რომ იცოდა და იმასაც მიხვდა, რომ ეს ამბავი მიმისგან არ ჰქონდა გაგონილი. 
„არა, მაინც საიდან უნდა სცოდნოდა? ნეტა ვისგან უნდა გაეგო?“
გაიფიქრა ფიფომ და ამ ცხელ გულზე, მკაცრად შეუტია მხატვარს:
- და იმას მაინც რატომ არ ეკითხები, სახლში ძმა გყავს, თუ ქმარიო? რამდენჯერ გთხოვე? რა გჭირს? დაინახავ თუ არა, უკანალის გასაღები გეკარგება! 
- რა იყო, რა გაღრიალებს? - მოიღუშა მხატვარი. - ცალკე მიმი დამეტაკა, ცალკე კიდევ, შენ მიბღვერ!
- არ უნდა გეთქვა და იმიტომ! - კვლავ საყვედურით მიუგო ფიფომ. - წამოგცდებოდა ისე, რომ ვერც გაიგებდი! 
- და არ მითქვამს-მეთქი! - მხატვარი უკვე საშინლად ბრაზობდა. - ან, საიდან მოიტანეთ?! მიმიც ძლივს დავარწმუნე! თუმცა, ბოლომდე მგონი, მაინც არ დაიჯერა.
მხატვარი გაჩუმდა, მოღუშული სახით მოუკიდა სიგარეტს, მერე ასანთის ღერი გააქნია და ჩაქრობისთანავე იატაკზე მოისროლა.
ფიფოც გატრუნული იჯდა. ხმას აღარ იღებდა და აღარც მშიერი კუჭი ახსოვდა. 
ბოლოს ისევ მხატვარმა ამოიღო ხმა:
- რა ხდება შენსკენ?
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ახალი საქმეა, ვითომ თვითმკვლელობა იყო, მაგრამ როგორც კი ხელი მოვკიდე, მაშინვე აღმოვაჩინე, რომ მკვლელობა იყო. 
- აუჰ, ისევ ის?
- ვერაფერს გეტყვი. - თავი გააქნია ფიფომ. - ერთადერთი შაბათი საღამო ემთხვევა და მეტი, არც არაფერი აბსოლუტურად!
- ეე, მარტო მაგ შაბათს ხომ არ ჩაიხვევ? - ჩაეღიმა მხატვარს.
- ჰოდა, ამიტომაც ჯერ მაინც ეჭვი მეპარება, რომ ეს მკვლელობაც, ჩემი ეგრეთ წოდებული, სერიული მკვლელის ჩადენილი იყოს, მაგრამ...
- მაგრამ? - ჩაეკითხა მხატვარი. - შენ, ტყუილად არ შეგეპარებოდა ეჭვი. 
მხატვარი წამოდგა და სამზარეულოდან ორი თეფში გამოიტანა.
- მიდი თან ვჭამოთ. - შეაგულიანა მასპინძელმა. - ხინკალი, მაინც ხინკალია! 
- ჰო, სულ სხვა გემო აქვს! - ფიფომ თეფში მისკენ მიიწია.
- ჰოდა, მერე?
- მერე და ის, რომ. - განაგრძო ფიფომ. - მსხვერპლი, სწორედ ის ექიმია, რომელიც ადრეც მყავს დაკითხული. 
- ჰოო? - წარბები აზიდა მხატვარმა. - და რა საქმეზე?
- ჰმ. - ჩაეცინა ფიფომს. - სწორედაც, რომ იმ სერიულ ამბებზე! გახსოვს? ფულები, რომ დაუწვეს კაცს, შენი გოგოს კლასელის მეზობლად?
- კი, როგორ არ მახსოვს!
- აი, მაშინ სწორედ, იმ ექიმთან ვიყავი. - მიუგო ფიფომ. - ისე, დაკითხვაც არ მქონია. უფრო გამოვკითხე რაღაც-რაღაცეები, მაგრამ რაც შეეხებოდა მამამისს. - ფიფო წამით შეყოვნდა. - აი, იმ ჩვილების საქმეებში, საკმაოდ კარგად ფიგურირებდა!
- ვაა, მართლაა?
- ჰო! თუმცა, მე რომ მივადექი, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი აღმოჩნდა. დაახლოებით, ასე ათი წლის. 
- ისე იქნებ, ის მამამისიც მოკლეს, რა იცი? - ჩაიხითხითა მხატვარმა. 
- ჰმ, ეგ მეც გავიფიქრე და გადავამოწმე კიდევაც. - ნიშნის მოგებით მიუგო ფიფომ. - ინფარქტით გარდაცვლილა, საკუთარ კაბინეტში! ასეთი იყო მაშინდელი ექსპერტიზის დასკვნა და რა ვიცი, აბა? 
მხატვარი ჩუმად იჯდა არაფერი უპასუხა. მერე ტელეფონს დასწვდა და მეგაფონზე ჩართო.
უპასუხეს თუ არა, მაშინვე მიახალა:
- შეიძლება ხელოვნურად ინფარქტის გამოწვევა?
- ჯერ გამარჯობა, როგორ ხარ და მერე უნდა იკითხო რაც გაინტერესებს. - ცივად უპასუხა მხატვარს, ყოფილმა მეუღლემ.
- ჰო, გამარჯობა! როგორ ხარ? მშობლები როგორ არიან. - ზედიზედ მიაყარა მხატვარმა. - და შეიძლება თუ არა, ხელოვნურად ინფარქტის გამოწვევა?
- ყველაფერი შეიძლება და ძალიან ადვილადაც! თუმცა, კარგ და საკმაოდ ყურდღებიან მედ.ექსპერტს, ამის გარკვევაც შეუძლია, ხელოვნური იყო თუ, ბუნებრივი!
- ჰო ოო? - გაიკვირვა მხატვარმა.
- და რა იყო? ვინმეს მოკვლას აპირებ? - დამცინავი ხმით ჰკითხა ქალმა.
მხატვარმა ხმა არ გასცა, ისე გაუთიშა.
- აი, ხომ ხედავ? - მიუბრუნდა ფიფოს. - იქნებ, ისიც მოკლულია?! მაგრამ მის შვილს, რაღას ერჩოდა?
- სწორედ მაგაზე ვმუშაობ, რომ გავარკვიო.
- ისე, მამამისი როდის გარდაიცვალა? რომელი დღე იყო? შემთხვევით, შაბათი ხომ არა? - ჩაიქირქილა მხატვარმა.
ფიფოს თვალები აენთო:
- ჰმ, ეხლა კიდევ ეგენი მაქექინე, რაა!! ისე, მაგასაც გავარკვევ...
სიტყვა ძლივს დაასრულა, რომ ტელეფონმა დარეკა. სასწრაფოდ განყოფილებაში იბარებდნენ.
ფიფომ ორი ცალი ხინკალი, ლამის ერთდროულად პირში იტაცა და იქაურობა დატოვა. 
ცოტაც და დაღამდებოდა. დარწმუნებული იყო კრიმინალისტებისა და მედ.ექსპერტის დასკვნა, უკვე მაგიდაზეც დახვდებოდა. მერე სახლში მყუდროდ მოკალათდებოდა და მეტი ყურადღებით ჩაუჯდებოდა საქმეს. ამიტომაც ახალგაზრდა ფსიქოლოგი, აღარ შეაწუხა. დილამდე მოითმინოსო, ფიქრობდა.
ფიფოს ელდა ეცა, როდესაც კაბინეტში შესულს, პიპა იქ დაუხვდა.
- ცუდ დროს ხომ არ მოვედი? - დაბალი დინჯი ხმით მიმართა პიპამ.
- ნუ, საქმეს რა გამოგვილევს, მაგრამ რადგან მოხვედით, გისმენთ აბა! – ფიფომ ჯერ ოდნავ ბორძიკით დაიწყო და შემდეგ უფრო ომახიანად დაასრულა.
- ჩემი სტუდენტია დაკავებული. მკვლელობის ბრალდებით.
- ჰმ, მართლა? - ფიფოს კინაღამ გაეცინა, მაგრამ თავი შეიკავა. 
- დიახ? და რატომ გიკვირთ? - პიპამ მშვენივრად შენიშნა ფიფოს რეაქცია და არ აცალა ამოსუნთქვა.
- არა, სულაც არ მიკვირს, მაგრამ... - ფიფოს ჯერ კიდევ ვერ მოეკრიბა გონება. მაგიდაზე რამდენიმე ნივთსაც შეუცვალა ადგილი და მერე ისევ უკანვე დააბრუნა. 
პიპა ისეთი სახით უყურებდა და ისეთი ინტონაციით ესაუბრებოდა, რომ ახლა ფიფო უფრო ჩანდა ეჭვმიტანილი და დაბნეული დამნაშავესავით, აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალს.
პიპა მშვენივრად ხვდებოდა ფიფოს დაბნეულობის მიზეზს, არც ნივთების უაზროდ გადალაგება არ გამოჰპარვია და უფრო მეტად ემატებოდა სიამაყე. ერთი ორჯერ, დამცინავი ღიმილიც კი აუთამაშდა სახეზე. რასაც ფიფოს ბოღმიანი გამოხედვა მოჰყვა.
„დამაცადე, ჩემი დროც მოვა, ჩემი ხელით დაგადებ ბორკილებს, მანამდე კი საყვარელს ქალსაც აგაცლი ცხვირწინ და შვილსაც აგახევ!“
ფიქრობდა ფიფო და ბოღმით გულზე სკდებოდა, როცა პიპას მშვიდ და ირონიულ სახეს შეყურებდა.
- რესტორანში ქეიფობდნენ. - დაიწყო პიპამ. - და ახალგაზრდებს, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ზედმეტად ამბიციურნიც არიან! მით უმეტეს, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან.
უხსნიდა პიპა და თან თვალს არ აცილებდა ფიფოს, რომელსაც უკვე დაბნეულობა აშკარად ეტყობოდა.
- მოკლედ დალიეს, შემდეგ შეკამათდნენ, სერიოზული ჩხუბიც მოსვლიათ! - განაგრძო პიპამ. - და ასე, ერთმანეთს დაერივნენ, რის შედეგადაც, რამდენიმე მძიმედ დაშავდა და სამწუხაროდ, ერთი გარდაიცვალა. 
- ოოო, საქმე ვერ ყოფილა კარგად! - მიუგო ფიფომ. - იქ სადაც მკვლელობაა, ვერაფრით დაგეხმარებით. 
- ძალიან სამწუხაროა. - მოიღუშა პიპა. - მე კი, თქვენი იმედი მქონდა, რომ რაღაცნაირად მაინც შეუმსუბუქებდით სასჯელის ზომას.
- რადგან ახალი დაკავებულია, ჯერ მხოლოდ დაკითხვა მიმდინარეობს, სასამართლო კი არა, მაგრამ მე, აბა რანაირად დაგეხმარებით? - ფიფოს ცოტა დაბნეულობა მოეხსნა და ახლა უფრო მშვიდი ხმით მიუგო. - დანამდვილებით ვიცი, რომ არც მე მაქვს ეგ საქმე! ამ ეტაპზე, მკვლელობას ნამდვილად არ ვიძიებ და ვერც სხვის საქმეში ჩავერევი. - ფიფო სახეში ჩააშტერდა.
პიპამ კი ისე გაუსწორა თვალი, რომ წარბიც არ შერხევია.
-  ერთადერთი დანაშაულის სიმსუბუქე ის არის, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ. - განგრძო ფიფომ. - განზრახ მკვლელობა არ ყოფილა, თორემ დანარჩენი...
- დიახ, სწორედაც, რომ არ ყოფილა და სამწუხაროდ, განზრახ მკვლელობის მუხლით გადის!
- ჰმ, დარწმუნებული ხართ? - წარბები აზიდა ფიფომ.
- დიახ! და მაგიტომაც გეახელით. - მშვიდად მიუგო პიპამ. - მინდა, სამართლიანად განსაჯონ. მეტი სხვა, არაფერი თხოვნა არ მაქვს. 
- კარგი. გავარკვევ ყველაფერს.
„რაღა მაინც და მაინც, ეს გაიძვერა მომიგზავნეს?“ 
ფიქრობდა ფიფო. 
„სხვა ვერავინ ნახეს? თუ, სპეციალურად მოვიდა? ჰმ, დიახ სპეციალურად მოვიდა ჩემთან და არა იმასთან, ვინც ამ საქმეს იძიებს.“
ფიფო ეჭვობდა და მართალიც იყო. 
პიპა მართლაც, რომ სპეციალურად ეწვია. ისე არც იმ სტუდენტს იცნობდა და არც კი ჰყავდა ლექციებზე ნანახი. შემთხვევით მოჰკრა ყური და მიზეზიც მიეცა. თუმცა, რა უნდოდა? რატომ მოვიდა? ამას ფიფო ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა. 
- და თქვენ, რატომ დაინტერესდით? თქვენი ახლობელია, თუ? - ფიფომ კითხვის დასმა მოასწრო, როცა შეატყო, რომ პიპა წამოდგომას აპირებდა.
- ჩემი სტუდენტია. - კვლავ დინჯი ხმით მიუგო პიპამ. - დასაწყისშივე აღვნიშნე და მეტი არაფერი. უბრალოდ, საკმაოდ ხელმოკლე ოჯახია. ეს ერთი შვილი ჰყავთ და ასეთი უბედურება დაატყდათ თავს. თანაც... - პიპა შეყოვნდა. - ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, თუ კონკრეტულად ვისი ხელით არის მოკლული, ის საცოდავი ახალგაზრდა. ხომ იცით? ყველას პატრონი ჰყავს და... - პიპამ ამოიხვნეშა. 
ახლა მართლაც ნაღვლიანი სახე ჰქონდა.
ფიფო შეცბა. ვერაფერი უპასუხა.
- ისე, ჩვენს ქვეყანაში რა უნდა სამართალს? - განაგრძო პიპამ. - თუმცა, მაინც არსებობენ ჯერ კიდევ ადამიანები და ამიტომაც თქვენი რეპუტაცია, ყველაზე საიმედოდ მომეჩვენა და შეგაწუხეთ კიდევაც, ჩემთვის სრულიად უცნობი სტუდენტის გამო.
- კი მესმის. მესმის! - შეიფერა ფიფომ შექება და სამართლიანადაც. ფიფოზე ვერავინ ვერასდროს იტყოდა აუგს. - შევეცდები სამართლიანად ჩატარდეს ყველაფერი და...
ფიფომ სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო, რომ კაბინეტში აღელვებული თანამშრომელი შემოიჭრა:
- სად ხარ ამდენ ხანს? მთელი განყოფილება შენ გელოდება! უფროსმა დაგვცოფა!
და სანამ ფიფო პასუხს გასცემდა, უკანვე გავარდა.
დიდი მოწიწებითა და ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. პიპას ცინიკური სახის შემხედვარე ფიფო გულზე სკდებოდა. ძლივს იკავებდა თავს. 
ფიფო გულზე იყო გახეთქილი და ისე ჩაიარა დერეფანი, სალამზეც კი არავის უპასუხა.
- შეიძლება? - ფიფო პასუხს არც დაელოდა, ისე ჩამოჯდა სკამზე. 
უფროსის, საქაღალდეში თავჩარგული მელოტი თავი, ნათურის შუქზე, კიდევ უფრო ლაპლაპებდა. 
ფიფოს დაღლილობისგან და ცალკე ბოღმისგან თავი უსკდებოდა. ერთი სული ჰქონდა, სანამ აქედან გაძვრებოდა.
უცებ პრიალა ლაპლაპა ბურთი ამოტრიალდა და ფიფოს სახეში მკაცრად მიაჩერდა:
- სპეციალური მოწვევა გჭირდება, რომ ამობრძანებულიყავი?! - ისეთი ხმითა და ინტონაციით დაიგრუხუნა, რომ ფიფოს არ ესიამოვნა.
- დაკავებული ვიყავი.
- ოხ! დაკავებული იყო ბიჭი! და რას იძიებდი? შემთხვევით, მკვლელობის საქმით ხომ არ იყავი დაკავებული?!
- დიახ! სწორედაც, რომ! - უკმაყოფილოდ უპასუხა ფიფომ. 
დუმილი ჩამოვარდა. 
უფროსმა ისევ თავი ჩარგო საქაღალდეში.
ფიფოს ერთი სული ჰქონდა გაეგო, ან რა საქმეზე დაიბარეს და ან რა ეწერა ასეთი იმ საქაღალდეში თვალს, რომ ვერ სწყვეტდა მისი უფროსი. 
რატომღაც ახლა გაახსენდა, რომ არც ექსპერტიზის დასკვნა და არც სხვა არაფერი საბუთი მაგიდაზე არ დახვედრია. თუმცა, კაბინეტში შესვლისთანავე პიპას დანახვამ, სულ გადაავიწყა ყველაფერი.
უცებ მაგიდაზე, პოლიეთილენის პარკში გამოკრულ ხელბორკილებს მოჰკრა თვალი. 
რა თქმა უნდა, ნივთმტკიცება იყო, მაგრამ ამ მაგიდაზე რა უნდოდა?..
LEX. 2017 წლის 25 ოქტომბერი, ოთხშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1982837658625188

No comments:

Post a Comment