112.
- ბავშვის მოყვანა მინდოდა თქვენთან. - პიპამ საფერფლე ახლოს მიიწია. - ხომ ეწევით აქ? - პასუხს არც დაელოდა, ისე ამოიღო ჯიბიდან სიგარეტი და მოუკიდა.
- დიახ, დიახ. შეგიძლიათ მოწიოთ. - გაუღიმა ექიმმა. - ეს პირადი კაბინეტია, პაციენტებს კი, გვერდით ოთახში ვიღებ. - დაუკონკრეტა უდროო დროს მოსულ ვიზიტორს.
პიპა მშვენივრად მიუხვდა. თუმცა, ისედაც კარგად იცოდა, თუ როგორ გულმოდგინედ „ზრუნავდა“ ექიმი თავის პაციენტებზე. ერთი შეხედვით, მართლაც დასაფასებელი ჩანდა ის, რომ ექიმი ვიზიტზე, უარს არავის ეუბნებოდა. ნებისმიერს იღებდა, მიუხედავად იმისა, ბავშვის პატრონი, რამდენად იყო საფასურის გადახდის უნარიანი. არავის თაკილობდა. ეს ერთის მხრივ, ასეთი განურჩევლობა დასაფასებელიც იყო, მაგრამ ასევე, ამ განურჩეველ მიღებებს, კიდევ სულ სხვა მოტივიც ედო საფუძვლად და აი, სწორედ ეს იცოდა პიპამ ძალიან კარგად.
- როდის შეიძლება მოვიყვანო?
- საერთოდ, უნდა დარეკოთ და წინასწარ ჩაეწეროთ, ერთი კვირით ადრე მაინც. - ექიმი წიგნაკს დასწვდა. - ვნახოთ აბა.
- სასურველია, გვიან იყოს. როცა ყველა პაციენტი წავა. ისეთი დრო მაწყობს, რომ ჩვენს მეტი, არავინ იქნება და არც ჩვენს მერე მოვლენ. არ მინდა ბავშვმა, დისკომფორტი იგრძნოს. - პიპას საოცრად ნაღვლიანი ხმა ჰქონდა.
- სამწუხაროდ, მთელი კვირა გადატვირთული მაქვს. - ექიმმა სათვალე მოიხსნა და პიპას კარგად ჩააკვირდა.
ეს მართლაც დამწუხრებული მშობელი, თუ მისი მორიგი კლიენტი? ახლა უფრო მეტად ფრთხილობდა, მისი ერთ-ერთი კლიენტის დაღუპვის გამო. თუმცა, როგორც პოლიციიდან აცნობეს, მძარცველებს მსხვერპლი შემოაკვდათ და სახლში ხანძრის გაჩენაც სცადეს. ასე იყო ინფორმირებული. თავიდან კი საკმაოდ დააფრთხო ფიფოს ვიზიტმაც, მაგრამ შემდგომ არც არავინ გამოჩენილა და არც განყოფილებაში დაუბარებიათ ჩვენების მისაცემად.
- ხალხი უკვე წინასწარ არის ჩაწერილი, მაგრამ რადგან უკვე აქ ხართ და თანაც, გვიანაც გსურთ, შევეცდები როგორმე.
- გმადლობთ. თქვენი იმედი მაქვს. - ნაღვლიანად გაუღიმა პიპამ.
- შეგიძლიათ მოიყვანოთ ბავშვი, თუ ახლა გვიანი არ არის. საერთოდ, შაბათ-კვირასაც არავის ვიღებ, მაგრამ დავუშვებ თქვენთვის გამონაკლისს.
- არა, არ არის გვიანი. - პიპამ ცალყბად გაუღიმა. სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და ოთახს მოავლო თვალი. მერე მზერა კედელზე გაკრულ ფოტოზე შეაჩერა.
- ეს მამათქვენია ხომ?
- დიახ. მამაც ექიმი იყო.
- კარგად მახსოვს. - ჩაეღიმა პიპას. - მთელი ბავშვობა, ოდნავ დამაცემინებდა თუ არა, ბებოს აქ მოვყავდი. - იცრუა პიპამ.
- და ამიტომაც შემარჩიეთ თქვენი შვილისთვის, არა? - ყურებამდე გაეღიმა ექიმს და აშკარად გულზე მოეშვა.
- რა თქმა უნდა! თქვენთან სპეციალურად მოვედი! თქვენი იმედი მაქვს! შეუძლებელი უნდა შესძლოთ!
ექიმი თავი გააქნია:
- ჰმ, ექიმები ვართ - ღმერთები კი არა!
- მართლა? მე კი მეგონა რომ ღმერთებზე მაღლა იდექით და სწორედ თქვენნაირი ექიმები წყვეტდნენ ბავშვების ბედს!..
ღამდებოდა. პიპა წვიმამ ისე დაასველა, რომ უკვე გუბეებსაც აღარ ერიდებოდა. ერთი სული ჰქონდა, სახლში დროზე მისულიყო. მაინც ასე წვალება ერჩივნა მანქანის ყიდვას, რადგან ავ საქმეზე წასული, ასე უფრო ნაკლებად შესამჩნევი გახდებოდა. თუნდაც, მანქანა სახლშიც დაეტოვებინა, მაინც ზედმეტი კითხვები წამოვიდოდა, მით უმეტეს, თუ დანაშაულის ჩასადენად აპირებდა წასვლას.
ექიმისგან გამოსული, ჯერ ფეხით ჩაუყვა დაღმართს და მთავარ ტრასაზე გავიდა. იქიდან, ქუჩის მეორე მხარეს ტაქსი გააჩერა, მაგრამ სახლამდე მაინც არ მისულა. შორი-ახლო ჩამოვიდა და წვიმისგან გალუმპული, ისევ ფეხით გაუყვა გზას.
მოულოდნელად. მიმის მანქანა შენიშნა. თითქოს, ჩასაფრებულივით იდგა შესახვევში, საიდანაც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, პიპას კორპუსი ჩანდა. წამით საშინლად გაბრაზდა, მაგრამ მაშინვე გაეცინა. როგორ უნდა მოეშორებინა თავიდან ეს აბეზარი გოგო, როცა უკვე თავადაც უჭირდა და მასთან განშორებაც, გულს ასე ძლიერად უსერავდა.
- აქ რას აკეთებ? - მოურიდებლად გამოუღო მანქანის კარი.
მიმი შეკრთა. დაიბნა. ნამდვილად არ ელოდა. ხმა ვეღარ ამოიღო. ან რა უნდა ეთქვა, ისედაც ცხადი იყო ყველაფერი.
- ხომ გთხოვე, არა? და თანაც, არა ერთხელ! - პიპას ცივი გაყინული ხმა ჰქონდა, თუმცა გული, უკვე საშინლად წყდებოდა.
- რა მთხოვე, აბა? იმის მერე, არც მინახიხარ და არც დამირეკავს. აბა, როდის შეგაწუხე? - როგორც იქნა, მიმიმ მოიკრიბა ძალა და ომახიანად უპასუხა.
- მართალი ხარ, მაგრამ მაინც რას აკეთებ აქ? ამ წვიმაში?
- რა შენი საქმეა? იქნებ, ვის ველოდები? - მიმი მანქანიდან გადმოვიდა. - თანაც, არც თუ ისე შორს ვცხოვრობ შენგან.
- ჰო, აი საქმეც მაგაშია! ჩემგან! ჩემს სახლთან დგახარ ახლოს!
მიმიმ ვერაფერი უპასუხა. გაშეშებული იდგა, წყლიანი თვალები ლამპიონის შუქზე უელავდა. წვიმის შხეფებისგან გაწუწულ თმებშიც კი, საოცრად ლამაზი ჩანდა.
პიპამ ძლივს მოთოკა ვნება და რაც შეიძლება მკაცრი ხმით უთხრა:
- უცხოეთში მივდივარ! მინდა სამუდამოდ გადავიხვეწო და აქაურობის ყველა და ყველაფერი დავივიწყო! ჩემს შვილთან ერთად, რაც შეიძლება შორს უნდა წავიდე, სადაც არავინ მიცნობს და არც არავის ვიცნობ! მხოლოდ ჩემს შვილთან ერთად და სხვა დანარჩენებს, კისერიც უტეხიათ! აი, ამიტომაც არ მაქვს სურვილი, რომ ვინმეს მივეჩვიო ან მივიჩვიო! ნუთუ, მართლა არ გესმის? რატომ ვერ ხვდები, რომ ადამიანს არ უნდა შენგან არც არაფერი და არც შენთან უნდა! - ბოლოს სიტყვებზე ხმა შესამჩნევად გაებზარა. ყალბმა სიცივემ გაჟონა მის სიტყვებში. თვალებიც საშინელი სევდიანი ჰქონდა.
მიმიმ ვეღარ მოითმინა მკერდზე მიეკრო, მერე ფეხის წვერებზე წამოიწია და ლოყაზე ნაზად აკოცა. პიპა არ განძრეულა.
- მაშინ დაგემშვიდობები. - წაიჩურჩულა მიმიმ. - ყველაფერი მესმის. შენ, შენი პრობლემა გაქვს და ყველას კი, თავისი. - მიმიმ ამოიხვნეშა.
პიპას გული შეეკუმშა, მაგრამ მაშინვე მოთოკა თავი.
- ჭკვიანი გოგო ხარ. შენზე ცუდად ნამდვილად არც მიფიქრია და არც შენი შეურაცხყოფა მინდა, მაგრამ მე ჩემი ამბები მაქვს და არც ვაპირებ არაფრის ახსნას. ჩემია და მორჩა! შენი გზა უნდა ნახო! ისეთი ადამიანის გვერდით უნდა იყო, ვინც...
- შენ რომ გეთხოვა... ცხრა მთას იქით წამოვიდოდი. - მიმის ხმა გაებზარა.
პიპას ხმამაღლა გაეცინა:
- ცხრა მთას იქით კი არა, სახლში ვერ წასულხარ!
მიმის სულაც არ ეცინებოდა. კვლავ ნაღვლიანი სახით იდგა.
წვიმა კი ისევ ასხამდა.
- სველდები აქ. წადი სახლში, მეც სულ სველი ვარ, ახლა სასწრაფოდ ცხელი შხაპი თუ არ მივიღე, მერე გავცივდები და მოვკვდები! თუ გინდა, რომ მოვკვდე?
- არა! არ მინდა! - წამოიკნავლა მიმიმ.
პიპას ისევ გაეცინა და ისევ შეეცადა მიმის დამშვიდობებოდა. მიმი კი კვლავ ყოყმანობდა. მართალია, მანქანაში როგორც იქნა ჩაჯდა, მაგრამ კარს მაინც არ ხურავდა.
- ბავშვი, როგორ არის? - ძლივს ამოიკნავლა მიმიმ.
- უჰ, დღეს დილიდან, მაღალი სიცხე ჰქონდა. ძლივს დავუგდეთ. ყელს იტკივებს საშინლად. ექიმის გამოძახებაზეც ერთ ამბავს ტეხავს. ჩემთან მშვიდდება და მე მარტო მიჯერებს! ჰოდა, მივიჩქარი სახლისკენ და შენ კი, არ მიშვებ! - ცოტა ირონიაც შეეპარა პიპას.
- ძალიან გთხოვ, რაა... ეს... - მუდარით დაიწყო მიმიმ და შეეცადა მანქანის უკანა სავარძლიდან, დიდი ყუთი გადმოეთრია.
- ეს რა არის? მოიცა, მოგეხმარები.
- სათამაშოა და მინდა წაუღო. ვიცი, არაფერს არ აკლებს, თავისი უსაყვარლესი მამიკო, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ეს ჰქონდეს. გთხოვ. უარს ნუ მეტყვი, რაა. თუ გინდა, მე სულაც ნუ მახსენებ! ვიცი, მოეწონება. ასეთები მოსწონს... - ჩურჩულით დაასრულა მიმიმ.
პიპა წამით შეყოვნდა, მერე ჩაეღიმა:
- იცი, რა? წამოდი და შენ თვითონ მიეცი.
- რაა?
- ჰო, რა იყო? წამოდი და შენ თვითონ აჩუქე! - მიმის პასუხს აღარც დაელოდა, ისე დაიკავა მგზავრის ადგილი და ისიც კი უთხრა, აქედან პირდაპირ ტრასა არ გადაჭრა გვერდით წრიდან შედიო.
პიპას ისევ ისეთივე, ჩვეული გაყინული, ცივი ხმა ჰქონდა, მაგრამ მიმისთვის სულ ერთი იყო. გვერდით საყვარელი ადამიანი ეჯდა და მასთან ერთად მიიჩქაროდა.
წინა დღით, სრულიად შემთხვევით ვიტრინაში შენიშნა კორიდაზე გაწყობილი ფიგურები. სათამაშო საინტერესოდ მოეჩვენა, თანაც ისიც იცოდა, რომ პიპას ბიჭი, ლოგიკური სათამაშოებით უფრო ერთობოდა. მაშინვე შევარდა მაღაზიაში და იყიდა, მაგრამ დაუკითხავად სტუმრობა ვერ გაბედა. მით უმეტეს, თუ არავინ ეპატიჟებოდა. ორი დღე უტრიალა სახლს, მაგრამ მაინც ვერ შესძლო მისვლა.
პიპა საჩუქრით დაინტერესდა, იმიტომ უფრო მიიპატიჟა მიმი. იქნებ, მაინც ეს ყველაფერი ფიფოსგან მოდიოდა? ან იქნებ, სულაც ასე სათამაშოთი შენიღბული მოსასმენი აპარატურაც იყო?
„ან იქნებ, ყველაფერი მეჩვენება უკვე და მართლაც, ვეღარავის ვენდობი?“
მოულოდნელად, მიმი პიპას კორპუსს გასცდა და მარკეტთან, გაჩერებისთანავე ისე გადმოხტა, რომ პიპამ ვერც დააწია ხმა. მალევე გამობრუნდა, ხელში დიდი ნაყინის კოლოფი ეჭირა და სანამ პიპა რამეს იტყოდა, მიმიმ დაასწრო:
- ნაყინი, საუკეთესო სიცხის დამწევი საშუალებაა, როცა ყელი სტკივა ბავშვსაც და დიდსაც!
პიპა ღიმილით შეჰყურებდა. ვერაფერს უხერხებდა ვერც ამ გოგოს და უკვე ვეღარც საკუთარ თავს, მაგრამ მაინც არანაირად არ შეიძლებოდა მის ცხოვრებაში მიმის შემოჭრა.
სიდედრი გაბადრული სახით შეხვდა. ძალიან მოსწონდა მიმის სტუმრობა და არც მალავდა. პირიქით, ცდილობდა ხელიც კი შეეწყო პიპასთვის. იქნებ, თავისი გზა ეპოვნა და ასევე მის გოგოსაც, თავისი. უფრო მშვიდად იქნებოდნენ ერთიც და მეორეც და ასე დაუზოგავად არ დაჭამდნენ ერთმანეთს.
- კაპუჩინო, ჩაი თუ შავი ყავა? ხსნადიც გვაქვს!
- კაპუჩინო იყოს, ან ჩაი. - მიმიმ ყურებამდე გაუღიმა და ბავშვი მოიკითხა.
პიპა უარზე დადგა, არ უნდოდა მიმის შეშვება ბავშვის ოთახში.
- ვირუსი რომ გადაგედოს, მერე?
- მერე რა? წამლებს დავლევ და მოვირჩენ როგორმე თავს.
- და მერე, შეიძლება შენთვის? - პიპას რაღაცნაირი ხმა ჰქონდა.
- და რატომ, არა? - გაუკვირდა მიმის. თუმცა, ისიც კი გაიფიქრა, ნუთუ ჩემს ორსულობაზე რამე იცისო.
- შეეცადე, ახლოს არ გაეკარო! - მკაცრად გააფრთხილა პიპამ და შუბლშეკრულმა სააბაზანოსკენ გასწია.
ნეტავ რას გულისხმობდა, მიმის სულით ხორცამდე გაყინული მეგობარი? რატომ არ უნდა შესულიყო ბავშვის ოთახში, როცა მის სანახავად იყო აქ მოსული.
„ნუთუ იცის, რომ ორსულად ვარ? კი მაგრამ საიდან უნდა გაეგო? ალბათ დაიკომ ჩაუკაკლა? მას კი?
ჰმ, მოვკლავ მხატვარს! ხომ გავაფრთხილე?! დამაცადოს, აბა ერთი!“
ბავშვს ეძინა. ლოყები აწითლებოდა და მძიმედ ქშინავდა.
- მთელი ღამე არ უძინია. წამალიც ვერ შეირგო, უკან ამოაბრუნა. - ვიშვიშებდა ბებია.
- დამშვიდდით, ბავშვებმა იციან, ასე. მე კი ისეთ წამალი მოვუტანე არც უარს იტყვის და სიცხესაც დაუწევს.
- მერე ნაყინი შეიძლება გაციებულზე?
- თუ ყელი ძალიან სტკივა და მართლაც მაგის გამო აქვს მაღალი სიცხე, პირიქით უკეთესიცაა.
მიმიმ ფინჯანი ახლოს მიიწია და თან თვალს ვერ აშორებდა ოთახის ღია კარს, სადაც წელზე პირსახოც შემოკრული პიპა, გადი-გამოდიოდა და ისე იყო ტელეფონზე საუბარში გართული, რომ ვერც ამჩნევდა, როგორ ხარბად აყოლებდა სტუმარი თვალს.
მოულოდნელად, კარისკენ წამოვიდა. მიმიმ პიპას გულზე, ოდნავ მოზრდილი ჯვრის თვალის შევლება ძლივს მოასწრო, რომ კარიც დაიხურა.
ბავშვმა გაიღვიძა მამას ეძახდა. მიმიმ სპეციალურად მისთვის ნაყიდი, დიდი სათამაშოს ყუთი შეუცუნცულა.
- ისე არ მიყვარს ეს სპორტი! - ხელები გაასავსავა სიდედრმა. - საცოდავ ხარებს, იმისთვის ხოცავენ წამებით, რომ ხალხის ბრბო გაერთოს.
- ისე, მეც არ მიყვარს. - მოწყენილად ამოიხვნეშა მიმი, როცა საჩუქარი დაუწუნეს. - არც მიფიქრია თავიდან, უბრალოდ მომეწონა, როგორც სათამაშო, გასართობი.
- ბავშვმა ასეთი სასტიკი თამაშები, არ უნდა ითამაშოს! ის კი არა, არც უნდა უყუროს ასეთ სისასტიკეს!
მიმი ისე აიწურა, რომ მზად იყო ეს საჩუქარი, ყუთიანად ფანჯრიდან მოესროლა, მაგრამ ქალი წამსვე მიხვდა, როგორ ზედმეტად უტაქტოდ გამოუვიდა და გამოსწორებას შეეცადა:
- არა, შენ არაფერ შუაში ხარ, მიხვდი არც მიგიქცევია ყურადღება, მხოლოდ ბავშვის გახარება გინდოდა. არა უშავს. ეჰ, ეს საცოდავი, ბევრს მაინც ვერაფერს მიხვდება იყოს ითამაშოს.
- ბავშვმა უნდა იცოდეს, თუ როგორ სასტიკ სამყაროში უწევს ცხოვრება! - ჩაერია პიპა. - სხვანაირად ვერ გაარჩევს, კეთილსა და ბოროტს! და „საცოდავი“ და „საწყალი“ - ასეთები არ გვინდა! - დაუმატა პიპამ და სიდედრს მწყრალად გადახედა.
მიმის ცოტა გულზე მოეშვა და ამოიკნავლა:
- ისე მართლაც რა სასტიკი სპორტია.
- ხარებთან ბრძოლა, სპორტი სულაც არ არის! - პიპა ხალიჩაზე სათამაშო ფიგურების გაწყობას შეუდგა. - ეს გარკვეული რიტუალია. წარმოდგენითი ხელოვნების, ერთ-ერთი სახეა, რომელიც ბოლოს აუცილებლად, მსხვერპლშეწირვით მთავრდება! ან ხარი კვდება, ან ტორერო! - პიპამ ჯერ ერთი ფიგურა წააქცია, მერე მეორეს წაჰკრა თითი.
მიმი შეცბუნდა. სიდედრიც უსიამოვნოდ აიწურა, მხოლოდ სიცხიანი ბიჭი უღიმოდა ყველას და მამას კიდევ რამის მოყოლას სთხოვდა.
- მერე, მერე? ჩვენც მოვისმენთ. - ჩაერია სიდედრი.
- ეს არის მთელი სპექტაკლი, დადგმა! - განაგრძო პიპამ. - სადაც წარმოგვიდგენენ ტრაგედიას, რომელიც სამ ნაწილად იყოფა! სამება და ბოლოს, რა თქმა უნდა, - პიკი - სიკვდილი! აი, დაახლოებით ასეა. - პიპამ ახლა ფიგურები საბრძოლველად განალაგა. - პირველ ნაწილში, მატადორი ხარს აკვირდება, ამოწმებს მის ხასიათს, გამოსცდის მას მოთმინების ამოწურვამდე და ამით შეიტყობს, ღირსეული არის თუ არა მისი მეტოქე, რომ შეებრძოლოს! იმსახურებს კი ის ხარი, სწორედ აი ამ, მატადორთან შებრძოლებას?
- ხომ, მაგრამ ხარი ხომ ადამიანზე ძლიერია მაინც? - გაიკვირვა სიდედრმა.
- მართლა ძლიერია, მაგრამ მაშინ აბა როგორღა ერევიან? - შენიშნა მიმიმ.
- აი, საქმეც მაგაშია. - გაეღიმა პიპას.
„სახლში რა სხვანაირია. საოცრად თბილი და ალერსიანი, ისე კი ყინულის ლოდზე უფრო ცივი და სასტიკი!“
ეღიმებოდა მიმის.
„თუმცა, რატომ სასტიკი? სასტიკი ადამიანი, ხომ სადისტია, დაუნდობელი და შეიძლება მკვლელიც იყოს! პიპა კი სულაც არ არის მასეთი.“
- მეორე სტადია კი, დროშების სამეულია! - განარძობდა პიპა. - მატადორის დამხმარენი და მათი კვადრილია, ხარს მუცელში ურჭობენ შუბებს, რომ მოასუსტონ და ამასთანავე გააღიზიანონ, გაამწარონ, გააბოროტონ! და ბოლო სტადია, სიკვდილის სამეულის პიკი! სადაც უკვე მატადორი, თავის პუნტილიას იყენებს, რათა უკვე, ბოლოს და ბოლოს, მოკლას ის ცხოველი! მოუღოს ბოლო და ამით თავისი რაინდული ღირსება აჩვენოს ხალხს! - პიპამ ხარი წააქცია და გამარჯვებული მატადორი, სიმაღლეზე აღმართა.
- პუნტილია? - იკითხა, პიპას მონათხრობით გაოცებულმა მიმიმ.
- პუნტილია. - მიუგო პიპამ. - ეს არის მომცრო, არც თუ ისე დიდი, მოხრილი დანა, რითაც მატადორი ზურგის ტვინს ჩაუჭრის მსხვერპლს!
მიმი შიშით ტუჩები დაბრიცა:
- მართლაც ეს რა საშინელი სათამაშო მოვიტანე!
- მთავარია, ადრესატს მოეწონა და შენ მაგაზე ნუ იდარდებ. - გაეცინა პიპას.
ბავშვი მართლაც კარგად გაერთო. სიცხემაც დაუწია, ნაყინიც ეგემრიელა. ახალი სათამაშო საინტერესო აღმოჩნდა მისთვის, უამრავი ფიგურა იყო, ცალკე არენა, სხვადასხვა ტიპის ხარები. მონაწილეები, მაყურებლები, ფერადი დროშები.
მიმი წასვლას არ ჩქარობდა, არც არავინ აიძულებდა. პირიქით, სასურველი სტუმარი იყო და თავსაც ევლებოდნენ. მხოლოდ პიპა იყო, ისევ ისეთივე ცივი და გაყინული, მაგრამ ეს სიცივეც უკვე მოჩვენებითი ჩანდა და მიმიც ატყობდა ამას.
- ადამიანებს სჩვევიათ აკვიატება. ზოგჯერ იმდენად ავადმყოფურად არიან მიდრეკილნი იმ მომენტზე, რასაც მისი მეორე „მე“, სრულიად ეწინააღმდეგება. ის მეორე ეუბნება და უჩიჩინებს, რომ არ გინდა, არ გინდაო, მაგრამ მაინც იმდენად არის შეპყრობილი, რომ შესისხლ-ხორცებული აქვს და უჭირს გაშვება. - პიპა მშვიდად საუბრობდა.
მიმი სულგანაბული უსმენდა, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, რომ აშკარად არ ეთანხმებოდა.
პიპა უკან არ იხევდა და მაინც ცდილობდა მიმისთვის ახსნას, რომ გრძნობადი მოვლენები, ზოგჯერ აკვიატებაა, ამოჩემება და მეტი არაფერი.
- შენ ყოველთვის იცი როდის გაიქცე და დროულადაც გარბიხარ. ცდილობ არ ამყვე. ჰო! ცდილობ. თვალებში გეტყობა, სულ სხვა რამეს ფიქრობ და ქცევით კი ცდილობ, რაც შეიძლება ცივად მომექცე. თავს იძვრენ და გარბიხარ ჩემგან. - ნაღვლიანი ხმით აწუწუნდა მიმი.
- მერე კარგია ის, რომ გავრბივარ? - მიუგო პიპამ. - სულაც არა! კარგი ის არის, როცა არ გარბიხარ და ისე ცხოვრობ, რომ გაქცევა არ გჭირდება!
მიმი ისევ მოიღუშა. ვეღარაფერი უპასუხა.
- სულაც არ მინდა, რომ მოიწყინო ან აგატირო, მაგრამ ხომ ხედავ არა, არაფერი გამოგვივა. არასდროს! არაფერი! - პიპას ისევ გაუმკაცრდა ხმა.
მიმი ისევ ჩუმად იჯდა, დამნაშავე ბავშვივით თავი ჩაეღუნა.
პიპას ისევ შეებრალა, შეეცადა მშვიდი ხმით აეხსნა:
- ასე ძალიან რამ შეგაყვარა ჩემი თავი? მართლა რით დავიმსახურე? ალბათ შენს სანაცნობოში, ჩემზე საშინელი, ცივი, უხეში და გაყინული არსება არავინ გყავს და შენ კი მაინც უკან არ იხევ, რატომ? რის გულისთვის? როცა ასეთი კარგი გოგო ხარ და გვერდით მართლაც, კარგ ბიჭს იმსახურებ და არა ჩემნაირ... - პიპას ხმა ჩაუწყდა, სიტყვის გაგრძელება ვეღარ შესძლო.
მიმი ისევ თავჩაღუნული იჯდა და უხმოდ ცრემლებად იღვრებოდა.
- როცა ძალიან გიყვარს, უნდა გაუშვა! თუ კი ის ვერ ჩერდება შენთან, მაშინ უნდა გაუშვა! - განაგრძო პიპამ. - საშინელი ადამიანი ვარ! საშინელი და საზარელი! ყველასთვის უბედურება მომაქვს! არ მინდა შენც რამე ხიფათს გადაგყარო, ამიტომ სანამ დროა, შემეშვი და წადი აქედან!
მიმი ძლივს წამოდგა სათამაშოებით გაწყობილი ხალიჩიდან. ლასლასით გავიდა ოთახიდან. პიპა კვალში მიჰყვა. მანქანაშიც ჩასვა და მიმის გასაოცრად გვერდით მიუჯდა, სანამ გაოგნებული გოგო ხმას ამოიღებდა თავად დაასწრო:
- არა! საჭესთან მე დავჯდები! გადმოდი!
მიმიმ უხმოდ დაიკავა მძღოლის გვერდითა სავარძელი.
- ასე უფრო მშვიდად ვიქნები. მიგიყვან სახლამდე და წამოვალ, თორემ ისეთი ფიზიონომიით იყურები, რომ ან ვიღაცას გაიტან ან თავს დაიზიანებ, ან კი - ორივე ერთად და მერე ვის დაბრალდება? რა თქმა უნდა, ისევ მე! მოვა მერე შენი მეგობარი პოლიციელი დამდებს ჯერ ბრალს და მერე ბორკილებს!
- პოლიციელი კი არა დეტექტივია. - წაიკნავლა მიმიმ.
- კარგი, იყოს დეტექტივი!
- იყოს კი არა, არის! - გამოცოცხლდა მიმი.
პიპას გაეცინა. მიმიც ცოტა ხასიათზე მოვიდა.
უხმოდ მგზავრობდნენ. პიპამ საკმაოდ შორი გზიდან მოუარა. თითქოს, მიმის მასთან ყოფნის, მეტი დრო დაუთმო. თანაც ძალიან უნდოდა, ორსულობის შესახებ ეკითხა, მაგრამ ვერ ახერხებდა. არც მიმის ჩამოუგდია სიტყვა.
- შენი და იყო ჩემთან. - დაარღვია დუმილი მიმიმ.
- რაა? რა უნდოდა?!
- გინდა თუ არა, შენ უთხარი მხატვარს, ასეთი შვილი, რომ მყავსო.
პიპა მოიღუშა.
- ვერაფრით დავარწმუნე, მართლაც არაფერი მითქვამს, მხოლოდ ის ვუთხარი გაცნობისთანავე, რომ ჩემი ერთ-ერთი მეგობრის და იყო. არც ის დამიკონკრეტებია, რომელი მეგობრის. ისიც კი არ მითქვამს, იყო თუ არა ადრე გათხოვილი. საერთოდ, არაფერი მითქვამს!
- მერე? რა თქმა უნდა, არ დაგიჯერებდა.
- მგონი არა. - წაილუღლუღა მიმიმ.
„მიმის თუ არ უთქვამს, მაშინ საიდან უნდა გაეგო? ან საერთოდ, რა იცის ჩვენზე? ის გაიძვერა ფიფო ამოქექავდა ყველაფერს და ჰმ, საწყალ მიმის დაბრალდა.“
ფიქრობდა პიპა თავისთვის და მაშინ გამოერკვა, როცა მანქანა, მიმის ეზოში შეაგრიალა.
- აი, მოვედით. - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა პიპამ.
- თავსხმა წვიმაა. უკან როგორ გაბრუნდები ასეთი წვიმაში? - შეიცოდა მიმიმ.
- რა პრობლემაა? თუ მინდა ტაქსს გამოვიძახებ, ან ფეხითაც მშვენივრად წავალ! არ ვარ შენნაირად კომფორტულ ცხოვრებას მიჩვეული.
- მე არ ამირჩევია ჩემი ცხოვრება. - წაილუღლუღა მიმიმ.
- არც მე! სხვათა შორის!
პიპამ მანქანიდან ჩასვლა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად, თავის და უნებურად მიმი მაგრად ჩაიკრა გულში და ყურში უჩურჩულა:
- ოდესმე თუ მიხვდები, ოდესმე თუ ჩავა შენს პატარა ტვინში, რომ ჩემნაირი ურჩხული არ უნდა გიყვარდეს. გიყვარდეს კი არა უნდა გძულდეს, გეზიზღებოდეს! უმორჩილესად გთხოვ, შენ არც კი იცი, როგორი გულით გთხოვ! არასოდეს, აღარასდროს გამოიხედო ჩემკენ! და მოვრჩეთ, საბოლოოდ მოვრჩეთ ამით!
LEX. 2017 წლის 5 ოქტომბერი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment