105.
მიმი შეტორტმანდა და ზურგით კედელს მიეხალა. კედლის სიცივესთან ერთად ეს საშინელი ამბავი, ხანჯალივით ჩაეცა ზურგში და შეაჟრჟოლა. ყბა აუკანკალდა. ხმას ვეღარ იღებდა.
შეეზიზღა, ყველაფერი შეეზიზღა. რა გულისამრევი იყო ეს კაცი და თანაც, როგორ უტიფრად, ცინიზმით სავსე თვალებით შესცქეროდა.
მიმის ყველაფერი აემღვრა გონებაში.
ვინ იყო ეს საშინელი და საზიზღარი კაცი?
დამუნჯებული, გაოგნებული შეჰყურებდა პიპას, ის კი, ვითომც აქ არაფერიო, გაყინული სახითა და ცივი მზერით განაგრძობდა საუბარს:
- გეზიზღები არა? გულიც გერევა ჩემზე და სრული უფლებაც გაქვს! შეგიძლია, დაგვტოვო. ნება შენია. ჩვენ, ყველანი მაინც, შენი მადლობელნი დავრჩებით, რომ ასეთ მძიმე დღეს, ჩვენს გვერდით იდექი და კიდევ ერთხელ მოგიხდი ბოდიშს, რომ შუაღამისას, ძილი დაგიფრთხე და აქ... ასე... და... - მოულოდნელად, პიპას ცოტა ხმა გაებზარა. ვეღარ გააგრძელა საუბარი. არადა თავიდან, დიდი შემართებით დაიწყო, გესლი და ცინიზმი არ დაუკლია, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაქაჩა.
მართლაც, რას ერჩოდა ამ გოგოს?
არც არაფერს. უბრალოდ, უნდოდა თავიდან მოეშორებინა, ისე მოეშორებინა, რომ საბრალო გოგოს, გული არ დასწყვეტოდა მასზე.
„უმჯობესია ვძულდე, ვეზიზღებოდე, ვიდრე ჩემნაირი მკვლელი და ნაძირალა უყვარდეს და ტყუილად დარდობდეს. მით უმეტეს, თუ მომავალი მაინც არ გვიწერია.
და რა აზრი აქვს? სულ ტყუილად უნდა დაიტანჯოს და რის გულისთვის? მან მართლა რა დააშავა?“
პიპას მართლაც შეეძლო, მიმის გარეშეც მოეგვარებინა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მიმის მიმართა და ამით ერთი დიდი პრობლემაც მოიშორა. მიმის თავი შეაზიზღა და ადვილად ჩამოიშორა. სხვანაირად უკვე ვეღარ გამოდიოდა, რადგან უკვე თავადაც ძალიან ეჩვეოდა ამ გოგოს და საშინელ გულის ტკივილსაც გრძნობდა და ისიც მშვენივრად იცოდა, ერთ დღესაც, ფიფო მაინც ყველაფერს შესძლებდა და მიმისთან დააპირისპირებდა. ამიტომაც დაასწრო და თავისი დაწყებული და არეულ-დარეული საქმე, თავადვე მოაგვარა და დარწმუნებულიც იყო, სწორადაც მოიქცა.
აბა მართლა, მკვლელთან რა მომავალი უნდა ჰქონოდა?
რის გულისთვის უნდა გაემწარებინა, ასეთი სათნო და კეთილი გოგო?
ხალხს მართლა იმისთვის კი არ ხოცავდა, რომ სისხლი სწყუროდა? თუ კი, სამართალს აწარმოებდა, მაშინ უსამართლოდ, რაღატომ უნდა გაეტანჯა ასე, ეს უდანაშაულო გოგო?
მიმი კი, კედელს იყო ისევ აკრული და ვერც ხმას იღებდა და ადგილიდანაც ვერ იძვროდა. თითქოს, ერთ წამში გაეყინა, სხეულიც სულიც და ყველაფერი გაქვავდა მის ირგვლივ.
- შეგიძლია, მართლა წახვიდე. შენც დაიღლებოდი. - პიპას ხმა შეურბილდა. - ჩვენ კი მაინც მადლობელნი დაგრჩებით. გადაგვარჩინე! არა, მაა? - პიპამ ბავშვს გახედა.
ძანემ ჯერ მამას გაუღიმა, მერე მიმის შეხედა და მოულოდნელად წამოდგა, მიმის ჩაეხუტა და ხელები ძლიერად შემოაჭდო წელზე.
გაკვირვებულმა მიმიმ თავზე მოეფერა ბავშვს და სევდიანად გაეღიმა.
წუთით პიპაც გაოგნებული იდგა.
- მოეწონე ძალიან... მიხვდა, რომ კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ხარ... და... ასე გიხდის მადლობას. - პიპას, სულ სხვა რამის თქმა უნდოდა. უფრო მეტი სიმკაცრის და სიცივის გამოვლენა სურდა, მაგრამ პირიქით, ხმა თანდათან უფრო ურბილდებოდა და სიტყვებს ძლივს აბამდა თავს.
ბავშვი კი მიმის არ შორდებოდა. პიპა შეეცადა, მიმი გაეთავისუფლებინა ბავშვის ხელებისგან, მაგრამ ბიჭს ისე ძლიერად ჰქონდა შემოხვეული მკლავები წელზე და იმხელა ხმაზე იყვირა, რომ პიპამ მაშინათვე ხელი უშვა.
- იცი, არასდროს არ უქნია ასე. - დაბნეული ხმით აბურტყუნდა პიპა. - ახლა რა დაეტაკა, არ ვიცი? არასდროს ამჟღავნებს თავის გრძნობებს. მხოლოდ როცა მე მხედავს, სულ კუდში დამდევს... ახლა არ ვიცი...
- სულაც არ მაწუხებს, კარგი ბიჭია, თბილი. - წაილუღლუღა მიმიმ და ძანეს თავზე, ძლივს გადაუსვა, აკანკალებული ხელი.
ტელეფონის ზარმა ცოტა თითქოს გამოარკვია. პიპას ურეკავდნენ.
- კი, კარგად არის! დამშვიდდით ორივე, უკეთ არის! - ჩასძახა პიპამ და მაშინვე გათიშა.
მიმიმ ახლაღა შენიშნა, პიპას საკმაოდ ძვირადღირებული მობილური ეჭირა ხელში და სულ სხვანაირადაც ეცვა.
გულში ჩაეცინა.
პიპაც სადღაც, რაღაცნაირად მიმისნაირი აღმოჩნდა. ნაკლებად აჩენდა თავის ქონებას, თუმცა კონკრეტულად, ვის უმალავდა?
მიმის გასამართლებელი საბუთი ჰქონდა. მამა მთელი ცხოვრება ასე არიგებდა, ასე სთვლიდა საჭიროდ და ასე უფრო დაცული იქნებოდა მისი ცხოვრება, გარეწრებისა და აფერისტებისგან, მაგრამ პიპასგან განსხვავებით, მიმი უქონელს სულაც არ ჰგავდა. მშვენივრადაც ეცვა და კარგი მანქანაც ჰყავდა, არც არავის ზედმეტად თავს აცოდებდა და არც არავის ემალებოდა, მაგრამ პიპა? ეს ვიღას ემალება?
ამას ფიქრობდა მიმი და ჩახუტებულ ბავშვს კვლავ ეფერებოდა და უღიმოდა.
ბავშვიც, თითქოს სპეციალურად არ შორდებოდა მიმის.
- ასე არასდროს აკეთებს. ახლობლებსაც ნაკლებად ეკარება და უცხოებთან კი ისე იქცევა თითქოს, ვერც ამჩნევს მათ! ან იქნებ, მართლაც ვერ ამჩნევს!
- იქნებ, სულაც არ აინტერესებს ის, ვიღაც უცხო ხალხი? - ძლივს გასაგონი ხმით ჩაილაპარაკა მიმიმ.
მოულოდნელად, მოსაცდელში ხმაურით შემოცვივდნენ ახალგაზრდების გუნდი და პიპას დანახვაზე, მაშინვე გარს შემოეხვივნენ.
მიმის წესიერად ვერაფერი გაეგო, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ პიპასგან, მაგრამ აშკარა იყო, რომ კარგად იცნობდნენ. მათი საუბრიდან დაასკვნა, რომ სტუდენტები იყვნენ. ერთმა ცოლს მოაკითხა, ბავშვს ელოდნენ. მერე ვიღაც ახალგაზრდა წარუდგინეს პიპას და მიმიმაც ყურები ცქვიტა.
- ბატონო პროფესორო, ეს ჩვენი ახალი ასპირანტია, თუ გახსოვთ?
- დიახ, კარგად მახსოვს!
- თქვენი დახმარება იქნება საჭირო, თუ გაუჭირდეს...
- არა მგონია, რომ გამიჭირდეს! ისედაც უმაღლესი ქულები მაქვს! - ცოტა არ იყოს, ზედმეტი ამპარტავნობით წამოისროლა ახალგაზრდამ.
თუმცა, არც პიპა ჩამორჩა და მისმა პასუხმა, ახალგაზრდა „ადგილზე დააბრუნა“.
- უმაღლესი ქულების მისაღებად, ზოგი სპეციალურად იზუთხავს. ხოლო ჩემი სტუდენტები, უმაღლეს ქულებზე სწავლობენ! აი, ამაშია განსხვავება და არა დაწერილ ქულებში!
„ჰმ, ახლა პროფესორიც ყოფილა! მგონი, გავგიჟდი, თუ მეჩვენება? ნუთუ, მართლა ხდება ეს ყველაფერი ჩემს თავს? რა საოცრებაა ადამიანი. ტყუილს სადამდე მიჰყავს მისი ქცევა. ახლა კოსმონავტიც, რომ აღმოჩნდეს, ალბათ უკვე აღარც ის გამიკვირდება.“
ფიქრობდა გაოგნებული მიმი და პიპას თვალს არ აცილებდა.
პიპა, როგორც იქნა, გამოემშვიდობა სტუდენტებს და ახლა მიმის მიაშტერდა თვალებში.
მიმი ადგილიდან არ იძვროდა. ისევ კედელს იყო აკრული, მაგრამ გულმოკლულ, განადგურებულ გოგოს, სულაც არ ჰგავდა. შედარებით, მკაცრი და მტკიცე გამომეტყველება ჰქონდა და ისე გაუსწორა თვალი, რომ თავად პიპამ აარიდა სახე.
- ბავშვს არ შია? - ჩვეულებრივი ხმით იკითხა მიმიმ.
- კი, მოშივდებოდა უკვე. - ცოტა არ იყოს, დაბნეულად უპასუხა პიპამ, მაგრამ მალევე მოეგო გონს და უფრო მკვირცხლად გასცა პასუხი. - წავიყვან მალე სახლში და...
- იქნებ, რამე მოვიტანო აქვე? სახლამდე მაინც დიდი მანძილია.
- არა. არ გინდა! ნუ წუხდები! მე თვითონ მივხედავ! - ბოლო სიტყვები პიპას ზედმეტად მკაცრად გამოუვიდა და შეეცადა ცოტა შეერბილებინა. - შენ ნუღარ შეწუხდები, დიდი მადლობა. ისედაც ამდენი...
სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ შეწუხებული და საკმაოდ უკმაყოფილო სახით ექიმი გამოვიდა:
- კატეგორიულად ითხოვს სახლში გაწერას. ცოტა ხნით მაინც, რომ მოგეცადათ! თუნდაც, საღამომდე მაინც!
- კარგი, წავიყვან! რადგან ასე ითხოვს. - მიუგო პიპამ. - ეგ ისეთი ჯიუტია, მაინც არ გაჩერდება!
ექიმმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი:
- მაშინ ხელწერილი დამიწერეთ!
- კარგი, ყველაფერს მოვაწერ ხელს. - ამოიხვნეშა პიპამ.
- საბუთებს მოვამზადებ!
ექიმმა კიდევ რაღაც თქვა, პიპას არც გაუგონია ისე დაუქნია თავი, მიმის გახედა და სანამ თვითონ რამეს იტყოდა, მიმიმ დაასწრო:
- მე მოგიყვანეთ და ისევ მე წაგიყვანთ უკან!
- სულაც არ მინდოდა შენი ამდენი შეწუხება.
- არ ვწუხდები! - არ აცალა სიტყვის დამთავრება მიმიმ. - მართლა არ ვწუხდები!
მიმის ისეთი ხმა ჰქონდა, ვითომ არც არაფერი მომხდარაო. პიპა კი პირიქით, ისე დააბნია მიმის ასეთმა რეაქციამ, რომ ცდილობდა მიმის გამჭოლ მზერას მორიდებოდა.
მიმი, პიპას თვალს არ აშორებდა. ყველაფერს მიხვდა, პიპა განზრახ ცდილობდა მიმისთვის თავი შეეძულებინა. ამიტომაც მისთვის ხელსაყრელი სიტუაცია გამოიყენა.
„და თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო. უტვინო, იდიოტი, სულელი კაცი!“
მიმი თან ბრაზობდა, საშინლად ეშლებოდა ნერვები, მაგრამ რატომღაც ადგილიდან არ იძვროდა.
ერთხანს, პიპას აკვირდებოდა, თითქოს თავიდან სწავლობსო. მერე ბავშვს დახედა, რომელიც ისევ მიმისთან იყო ჩახუტებული და თითქოს გაშვებას აღარც აპირებდა.
- მანქანაში რომ დაგელოდოთ, წამომყვება?
- ალბათ კი, მაგრა უმჯობესია... - პიპა წამით შეყოვნდა. - მე წამოვალ, მე თვითონ ჩავსვამ.
პიპას ისევ ხმა ებზარებოდა. მერე ცოტა უფრო მეტი ძალა მოიკრიბა და ბავშვთან ჩაიმუხლა.
- რა კარგი გოგოა არა, მიმი? ხომ მოგწონს? გინდა, კიდევ მანქანით გაგვასეირნოს?
ძანე მამას დაემორჩილა, მიმის ხელი უშვა. ბედნიერი თვალებით, ყურებამდე უღიმოდა ხან ერთს და ხან მეორეს.
- არ ლაპარაკობს? თუ? - შეპარვით, ძალიან დაბალ ხმაზე ჰკითხა მიმიმ.
- კი, როგორ არა, მაგრამ ცოტას და როცა თავად უნდა.
მიმის ხმამაღლა გაეცინა:
- თვითონ იცის, ვის ესაუბროს და რამდენი.
პიპასაც გაეღიმა.
მიმი კვლავ ჩვეულებრივად იქცეოდა. თითქოს, არც არაფერი მომხდარაო, თითქოს ყველაფერი ისევ ისე იყო, მაგრამ ცოტა სხვა გამოხედვა ჰქონდა. სულ სხვა სუნთქვა ჰქონდა ამ ყველაფერს. პიპა რაღაცას გუმანით გრძნობდა, მაგრამ ვერაფერს მიმხვდარიყო, მიმის რა სურდა? ან რა თამაშს თამაშობდა, ან თამაშობდა კი?
მანქანაში დიდ ხანს ლოდინი არც მოუწიათ. მიმი სარკეში ადევნებდა თვალს უკანა სავარძელზე, კვლავ კუბიკით მოთამაშე ბიჭს. რამდენიმე შეკითხვაც დაუსვა, მაგრამ ბავშვი ხან აქცევდა ყურადღებას და ხან არა, მხოლოდ ის უპასუხა, რომ ყველაზე ძალიან მამა უყვარს, იმიტომ რომ ჩემიაო. რაზეც მიმის გულიანად გაეცინა.
მალე პიპა და მისი ცოლიც წამოვიდნენ მანქანისკენ და ქალმა, როგორც კი შემოჰყო მანქანაში თავი და ბავშვი დაინახა, საშინლად გაბრაზდა:
- ამას აქ რა უნდა? მე ტაქსით წავალ, ტაქსი გამომიძახე!
იმდენად მკაცრი და ცივი ტონით თქვა, რომ მიმი დარწმუნებული იყო, პიპა მაშინათვე დაემორჩილებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. პიპამ დაბალ ხმაზე, მაგრამ საკმაოდ მკაცრად შეუღრინა:
- ახლავე ჩაჯექი, თორემ უკანვე მიგაბრუნებ!
ქალი ყოყმანობდა, მიმიმ სწრაფადვე ნახა გამოსავალი და წინა სავარძელი შესთავაზა. ქალი ცოტა შეყოვნდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, დაემორჩილა.
მიმის უნდოდა, მისი მგზავრები მიეყვანა და თავად სახლისკენ გაბრუნებულიყო, მაგრამ მანქანის მისვლისთანავე, ოჯახის დანარჩენი წევრები გამოეგებნენ და სანამ მიმი სტუმრობაზე არ დაითანხმეს, მანამდე არ მოეშვნენ.
არც პიპა იყო წინააღმდეგი, პირიქით:
- პიცა მაქვს შეკვეთილი, უკვე მოიტანდნენ, გაცივდება და მერე გემრიელი აღარ იქნება!
პიცის ხსენებაზე ძანე აყვირდა:
- პიცა! პიცა! პიცა!!!
და არ გაჩერდა სანამ მიმი, ხელჩაკიდებული არ შეიყვანა სახლში.
სადილი ჩვეულებრივად წარიმართა, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. მიმიმ ძალიან თავისუფლად იგრძნო თავი, პიპას სიდედრი და სიმამრი საკმაოდ თბილად შეხვდნენ სტუმარს.
სადილს დესერტიც მოჰყვა. პიცასთან ერთად ხილის ტორტიც იყო შეკვეთილი, „მთვრალი ალუბალი“. პიპას კარგად ახსოვდა, მიმის უსაყვარლესი გემრიელობანი.
მიმიმ ღიმილით შეაფასა დესერტი, რასაც მხოლოდ პიპა მიუხვდა.
დესერტის მერე, პიპა მალევე წამოდგა, მიმის ხელი ჩაავლო და სუფრაზე მყოფთ გამოუცხადა:
- ყავას კაბინეტში დავლევთ! მიმის, კოვზ ნახევარი შაქრით! - და ჯერ კიდევ გაოგნებული გოგო, ასე ხელჩაკიდებული გაიყვანა ოთახიდან.
პიპა საკმაოდ სერიოზული, მკაცრი და მიზანმიმართული იყო. ცდილობდა, ზუსტად აეხსნა მიმისთვის, თუ რატომ გაურბოდა მიმის, ჯერ თავის დროზე და მერე რატომაც დაშორდა და სულაც არ იყო საჭირო, ვინმესთვის მოეყოლა მისი ოჯახის ეს სამარცხვინო საიდუმლო.
მიმის არაფერი უთქვამს, მხოლოდ უსმენდა, მერე კი უცებ ჰკითხა:
- და ის ბინა რატომღა იქირავე? ვიღას ემალებოდი, მაშინ არც კი გიცნობდი.
- მართალია, სულ არაფერში მჭირდებოდა. შემთხვევით გამომივიდა. - მხრები აიჩეჩა პიპამ. - ჩვენი ოჯახის ახლობლები არიან. მოხუცები და საკმაოდ ამაყები. დახმარებას არ კადრულობენ და ასე ბინების ქირით ირჩენენ თავს. თუმცა, ზოგი წესიერად ვერც უხდის, ბევრიც ჩუმად ეპარება. ისევ მათ დასახმარებლად ვიქირავე, შენც ხომ ნახე, არა? ღამეც წესიერად არც გამითევია.
მიმიმ თავი დაუქნია.
საეჭვო არაფერი იყო. მართლაც ჩანდა, რომ იმ სახლში არც ცხოვრობდა, ამიტომაც იყო, რომ პირადი ნივთებიც კი არ ჰქონდა იქ. მაშინ ძალიან უჩვეულოდ მოეჩვენა, ახლა კი თურმე, რაში ყოფილა საქმე.
- და ის, შენი ანტიკვარული მობილური სად გაქვს?
- ჰმ. აქ არ მაქვს, მართლა. - პიპას ხმამაღლა გაეცინა.
- ალბათ, სხვაგან! სხვა სახლში. - მიმის ხმაში ირონიამ გაჟონა.
- არა! სამსახურში!
- და სად მუშაობ, რომ არ ვიცი?
- უკვე საკმარისი ინფორმაცი გაქვს მიღებული, ნუთუ არ გეყო? - არც პიპა ჩამორჩა იუმორში და ცოტა ცინიზმიც შეეპარა.
- დღეისთვის საკმარისია, არა? და ხვალ? რა იქნება, ხვალ?
- ხვალ არაფერი არ იქნება! ის „ხვალ“ - აღარ იქნება! - პიპას ისევ მკაცრი ხმა ჰქონდა.
მიმიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- მომისმინე კიდევ ერთხელ! - პიპა კვლავ ახსნას შეეცადა. - მინდა, რომ სწორად გამიგო. ძალიან დიდ პატივს გცემ და ამ ქვეყნად, ყველაზე ნაკლებად შენი წყენინება მინდოდა, მაგრამ სხვა გამოსავალი მართლაც არ მქონდა. მოტყუებული დაგტოვე და ამან საშინლად შემაწუხა, მაგრამ არ მინდოდა შემთხვევით სადმე, რომ შემხვედროდი და მაშინ გაგეგო ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი!
პიპამ ესეც სწორად გათვალა. ფიფოს, რომ მართლაც სპეციალურად, თუნდაც რაღაც მიზეზით, მიმისთვის, რომ პროფესორის ამპლუაში ეჩვენებინა, მაშინ ხომ გამოაშკარავდებოდა ბევრი რამ. ამიტომაც ამ მხრივაც დაიჭრა თადარიგი და ცდილობდა, ყველაფერი მის სასარგებლოდ აეხსნა და რაც შეიძლებოდა, მიმი უფრო მეტად დაერწმუნებინა.
- ძალიან გთხოვ, მიმი, უდიდეს პატივს გცემ და გთხოვ, დაივიწყე დღევანდელი დღე, და ყველაფერი, ის რაც მე მეხება! რაც ჩემს ირგვლივ არის, ყველა და ყველაფერი უნდა დაივიწყო, როგორმე უნდა შესძლო ეს! ჩვენს ურთიერთობას, არანაირი მომავალი არა აქვს! ხომ ხედავ არა? ამათ ვერ მივატოვებ, ბედის ანაბარა ვერ დავტოვებ! აქ კი, სტუმრის იქეთ, ვერავის სხვას ვერ აიტანენ, ხომ სწორად გესმის არა? ყოველთვის გაგირბოდი, მაგრამ ვერ მოვიქეცი, ისე როგორც საჭიროა! ვერ გავთვალე და ძალიან შევტოპე შენთან. ამიტომაც, მოვიგონე უცხოეთში წასვლა, თუმცა ისე კი ვაპირებ, მართლა ვაპირებთ, ყველანი ერთად!
პიპა კიდევ ბევრს უხსნიდა, ესაუბრებოდა, მაგრამ მიმის უკვე აღარაფერი ესმოდა, ყველაზე მეტად საუბარში, შევტოპეო, ამან დასწყვიტა გული.
„ნუთუ, ჩემთან ურთიერთობა, უბრალოდ შეტოპვა იყო და მეტი არაფერი? და შეცდომად თვლის, დიდ შეცდომად?“
მიმის გული ჩასწყდა, აღარაფერი ესმოდა. სულთან ერთად, ემოციებიც ისე გაეყინა, რომ ვეღარც ტირილი შესძლო და ყელზე მომდგარი ბურთიც კი, ლამის ყურებში აპირებდა გაძრომას.
დიდ ხანს იარა ქუჩებში და უაზროდ ატარა მანქანა. ნიღაბს ამოფარებული პიპას სახე, სულ თან დასდევდა და სულს უხუთავდა. ქალაქში საშინლად ცხელოდა. ღამის წვიმამ დღეს, უფრო მეტი სიცხე მოუტანა, საშინლად ჩაიხუთა, ისეთი სიცხე იგრძნო, ისეთი, რომ ლამის გაიგუდა.
მანქანის ფანჯარა ჩამოსწია და ცხელი ჟანგბადი ხარბად ჩაისუნთქა, ახლაღა გაახსენდა, მანქანაში ისე ჩაჯდა არც შუშა ჩამოუწევია და კონდიციონერის ჩართვაც კი არ გახსენებია.
ყველაზე მეტად ახლა, ცივი ნაყინი მოიყვანდა გონებაზე. ბევრიც აღარ უფიქრია და მარკეტიდან ნაყინებით ხელში, პირდაპირ მხატვარს მიადგა.
LEX. 2017 წლის 31 აგვისტო, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment