Sunday, February 4, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 104)

104.
ორჯერ დაუგეგმავი და მართლაც, რომ შემთხვევითი მკვლელობა და ორჯერვე რატომღაც, შაბათი. 
და რატომღაც ისევ, თვის ბოლო შაბათი...
პიპა ისე იყო აღზრდილი, ისეთ სისტემაში და ისეთ პირობებში უწევდა ცხოვრება, რომ ნებით თუ უნებლიეთ, ყოველი წუთი და ყოველი წამი, უკვე წინასწარ დაგეგმილი და განაწილებული უნდა ჰქონოდა და ეს ჩვევაც ბავშვობიდან ისე ჩაებეჭდა, რომ ახლაც, წლების მერეც, ყოველი დღე, თუ საათი, გათვლილი და გადანაწილებული ჰქონდა. სწავლასა და მუშაობას თავისი დრო ჰქონდა დათმობილი, ხოლო დასვენებას კი, თავისი. 
და რატომღაც მოხუცი ბაბუც წარმოდგენას, ყოველთვის თვის ბოლო შაბათს მართავდა. 
თუნდაც იმიტომ, რომ უქმე დღე იყო, დასვენებისა და გართობისთვის თავისუფალი და ხელსაყრელი დღე იყო. 
„ნიღბების თეატრი“
ყველაზე ტკბილი და ასევე, სიმწრით აღსავსე პერიოდი პიპას ცხოვრებაში.
და რატომღაც თვის ბოლო შაბათი. ალბათ, მაგიტომაც იყო შერჩეული ეს დრო, რომ მთელი თვე, სპექტაკლზე მუშაობას ანდომებდნენ. ამასთანავე ბავშვებს ცალკე კიდევ სკოლაში სიარული და გაკვეთილების მომზადებაც უწევდათ. ამასაც თავისი დრო მიჰქონდა და როცა ყველაფერს მოილევდნენ, მერე ჩაუჯდებოდნენ რომელიმე, პიესაზე მუშაობას. ბაბუ ცდილობდა, ისეთი ნაწარმოები შეერჩია, რომ ბავშვებისთვის ადვილად გასაგები და განსაკუთრებით, ასეთ ყოფაში მცოხვრებთათვის, უფრო მისაღებიც ყოფილიყო. მთელი თვე თავდაუზოგავად შრომობდნენ, ცალკე როლებზე, ცალკე მუსიკალურ გაფორმებაზე და ცალკე დეკორაციებზე და მერე, თვის ბოლო უქმე დღეს კი, პრემიერას აწყობდნენ.
და ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე. მერე თანდათან ეს ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერსაც წერტილი დაესვა. 
პიპას უქმეები ისედაც ლექციებისგანაც თავისუფალი ჰქონდა და ალბათ უფრო ამიტომაც გამოსასვლელ დღეებში შეეძლო, ერბინა და ეძებნა ყველა ის ხალხი, ვისაც მის უბედურებაში ჰქონდა ხელი გასვრილი. ახლოს მისულიყო, ჩაეხედა მათთვის თვალებში და ეკითხა, თუ რატომ?
რის გულისთვის?
ღირდა კი?
და სინანულის ნაცვლად, ორჯერვე მთელი ცხოვრება კეთილშობილ ნიღაბს ამოფარებული, მზაკვრობა შერჩა ხელთ. 
და რატომღაც, ორჯერვე ისევ თვის ბოლო შაბათი.
რა იყო ეს?
უნებური დამთხვევა, თუ?
და ასევე უნებურად, სიკვდილის მერე, მათ სულში მიჩქმალული სიბოროტე, ხილულ ნიღბად უქცია სახეზე...
და არც ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი.
და მაინც, რა იყო ეს?
მართლაც შემთხვევითობა, თუ უკვე ჭკუიდან გადასული გაუკონტროლებელი ქმედება, რომელსაც შეჩერება უკვე აღარ ეწერა და აღარც შეჩერებულა წლების მანძილზე.
ხან მთელი წელი ისვენებდა, ვერაფრით იცლიდა. სანამ გეგმას სათანადოდ არ დააწყობდა, სანამ მსხვერპლს კარგად არ შეიცნობდა, მანამდე მკვლელობისკენ ნაბიჯსაც არ დგამდა. 
და ასე გრძელდებოდა და წლებიც გადიოდა.
მაგრამ სადღაც, რაღაც ყოველთვის მთავრდება და უკვე ტრადიციად ქცეული, თვის ბოლო შაბათის მკვლელობათა სერიაც, პიკს უახლოვდებოდა.
და მერე?
რას იზამდა მერე? 
ჩვეულებრივად, მშვიდად, უკვე ვალმოხდილი გააგრძელებდა ცხოვრებას, თუ თავისი ფეხით ავიდოდა სამართლის ეშაფოტზე?
და რატომ თავისივე ფეხით? იქნებ, მანამდეც დაეჭირათ?
მაგრა, არა! თავადვე უნდოდა აღიარება და ამით, ამ დამპალი სისტემის უძლურებას და უმოქმედობას, კიდევ ერთხელ გამოიტანდა სააშკარაოზე.
ყოველი მისი ქმედება, კარგად გააზრებული და ასევე სუფთად შესრულებული ჩადენილი დანაშაული იყო და ასე ადვილად, ვერც დაიჭერდნენ და ვერც ამხელდნენ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, რომ სამართალ დამცავებს, ზედმეტად არც შეეწუხებინათ თავი? ისევე, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდებოდა და სულაც მიეჩქმალათ, თაროზე შემოედოთ და ყველას  მალევე მიევიწყებინა და მკვლელს ისევ ისე, თავისუფლად ევლო ქალაქის ქუჩებში, მაგრამ თავად სამართლის ძებნაში, მის უსამართლო ქმედებას, განა ჰქონდა რამე გამართლება?
და მაინც, რატომ თავისივე ფეხით?
იმიტომ, რომ მკვლელი იყო! მკვლელი! ნამდვილი მკვლელი!
და არანაირი გამართლება არ ჰქონდა მის საქციელს.
ჩასახვისთანავე მოძულებული, მისი დაბადებაც კი ტრაგედიად ექცა ოჯახს, დედამაც კი ვერ დაიცვა, რადგან თავად იყო უსუსური და დაუცველი.
და მისი ბედის ირონიაც, სწორედ ეს იყო. მწარედ დასცინა ცხოვრებამ.
დედას ბავშვი იმიტომ წაართვეს, რომ მერე სადღაც შორს მოესროლათ და გადაეგდოთ, როგორც უსარგებლო, უვარგისი ნივთი?
მაშინ რა აზრი ჰქონდა, მის ამ ქვეყნად მოვლენას?
და ყოველივე ამის შედეგად, ოჯახიდან მოკვეთილს, გულიდან მოგლეჯილსა და მოძულებულ ბავშვს, საკმაოდ რთული ხასიათიც ჩამოუყალიბდა. აღმზრდელებს, ისე უშრობდა სისხლს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე, თავიდან იშორებდნენ. ბავშვს კი ეგონა, თუ ყველას თავს მოაბეზრებდა, იქიდან გააგდებდნენ და მაშინ უთუოდ სახლში დაბრუნდებოდა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ერთი ადგილიდან, მეორე ადგილზე გადაჰყავდათ და ყოველი ახალი ასეთი სახლი, თუ რაღაც სახლისმაგვარი დაწესებულება, წინანდელზე უფრო უარესი და საშინელი იყო და ასე გრძელდებოდა, მთელი მისი ბავშვობა, სანამ ერთ დღესაც, მოხუც ბაბუს არ გადაეყარა. შეეკედლა და იქ დამკვიდრდა საბოლოოდ. უკვე ისე აღარც ცელქობდა და ბოღმის ნაცვლად, ახლა სითბოსა და სიყვარულს სწავლობდა.
ისე მაინც რა მოხდებოდა, მის პატარა დედიკოს ცოტაც, რომ მოეცადა? იქნებ, როგორღაც მოეხერხებინა და რაღაც გარკვეული დროის მერე მაინც დაებრუნებინა თავისი შვილი და დღეს, ასე მკვლელად ქცეულს, თავადვე არ მოევლინა დაბადებიდანვე გაუბედურებული ბავშვი?
„სულ პატარა გოგონა იყო, უსუსური, უმწეო და დაბნეული. 
საკუთარმა მშობელმა დედამ, განაჩენი ისე გამოუტანა, რომ წარბიც არ შერხევია და არავინ იყო პატარა უმწეო გოგოს დამხმარე და მომკითხავი...
ჰმ, სიკვდილის წინაც კი იმ ბებერმა მძორმა, შხამი გადმოანთხია და იმ მისივე შხამში ჩავახრჩვე!
აღსასრულის პირას მისულიც კი უკან არ იხევდა, პატიებასაც კი არ სთხოვდა, არც იმ გადაგდებულ ბავშვს და არც მისი შვილის სულს!
და კიდევ მერე, ასეთი ხალხი არის საზოგადოება? და კიდევ მაგათზე იტყვიან, უი, საწყალი, როგორ მოკლესო?
ჰო! ძვირფასო საზოგადოებავ! 
დღეს მე მკვლელი ვარ! მკვლელი და არავინ მომიკლავს! უბრალოდ, ჩავაძაღლე!“
ჩაფიქრებული, თავის კაბინეტში საწერ მაგიდასთან, ჩვეული სახით თავჩარგული დაჰყურებდა მოკლულთა სიას, რომელთა დიდი ნაწილი, უკვე გადახაზულიც იყო.
რას აპირებდა? 
უკვე მობეზრდა ესეც მობეზრდა. საკმარისად გაანადგურა, მაგრამ ბოლომდე, ჯერ კიდევ არ იყო მისული, ჯერ კიდევ იყო დარჩენილი, თითო-ოროლა.
თუმცა, ყველა არც მოუკლავს. ბევრსაც აქეთ დაეხმარა, ისე რომ მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ ვინ იყო მათი მფარველი.
ზოგს უახლოვდებოდა, ზოგსაც შორიდან ისე სწავლობდა და სადაც სინანული ნახა, ვისგანაც სინანული იგრძნო, ყველას გაეცალა, მხოლოდ გარეწრებზე არ უკანკალდებოდა ხელი და ისე ასალმებდა სიცოცხლეს, რომ უკანაც არ იხევდა.
კმაყოფილი, მწარე ღიმილით დაჰყურებდა უსულო გვამებს და დიდი სურვილი ჰქონდა ზემოდან დაეფურთხებინა, მაგრამ თავს იკავებდა, სამხილის დატოვებას ერიდებოდა. სულაც არ ჰქონდა სურვილი, დროზე ადრე მოქცეოდა იმ ვიღაც ფიფოს კლანჭებში. 
ფიფოც კიდევ, სულ კვალში ედგა. თითქმის პირველივე მკვლელობიდან, თუმცა არც ყოფილა პირველი, მაგრამ მაინც.
ლამის ერთად დაიწყეს „მოღვაწეობა“.
პიპა კი კვლავ განაგრძობდა და არად აგდებდა, ფიფოს გეშს. მისივე შედგენილი სიიდან, ზოგს ვერც მოუსწრო, გარდაცვლილი დახვდა. 
აბა მათგან რა უნდა მოეთხოვა? როგორც წესი, მკვდრები ვალს არ იხდიან და არც მათი შთამომავლები იყვნენ, პიპასთან ვალში. ასე ფიქრობდა და ასე სწამდა და ამ შემთხვევაში, მართალიც კი იყო.
პიპა თვლემას მოჰყვა და ძილისკენ წავიდა. 
ლამის სიზმარშიც კი გეგმებს აწყობდა.
მერე სადღაც, ჰორიზონტზე მიმიც გამოჩნდა. 
ოჰ, როგორ არ უნდოდა, როგორ ერიდებოდა ამ გოგოს! როგორ არ უნდოდა მის სულთან მიეშვა, მასთან მიახლოებაც კი, საშინლად არ უნდოდა, მაგრამ რაც უფრო გაურბოდა, მით უფრო მეტად, მის გვერდით ამოჰყოფდა ხოლმე თავს.
მერე თითქოს ვიღაცის ხმამ ჩასძახა:
„სულში ჩახედე სიმხეცეს და აირჩიე სიცოცხლე!“ 
სიცოცხლე კი, ახლა მიმი იყო.
პიპა შეკრთა, გამოეღვიძა. რა იყო ეს?
რას ნიშნავდა ეს სიტყვები, ან მიმი რა შუაში იყო? 
მასთან ხომ ყველაფერი მოაგვარა? სამუდამოდ გაეცალა, გაერიდა და გადაიკარგა. „უცხოეთშიც კი გაიხიზნა“, არარსებული დედის ავადმყოფობის გამო.
ისე არ იყო ცუდი გოგო მიმი. 
„ცუდი კი არა ძალიან კარგი გოგოა! 
კარგი გოგოა, ლამაზი, თბილი, მხიარული, კეთილი და მერე როგორი მზრუნველი!
საშინლად მოვექეცი, თავი ვეღარ მოვთოკე. საერთოდ არც უნდა გავკარებოდი. ასე ახლოს არც უნდა მომეშვა. 
როგორი საბრალო თვალები ჰქონდა, როცა ვემშვიდობებოდი. საკუთარი თავისგანაც არ მოველოდი და მართლა ძლიერ დამწყდა გული, საშინლად მეტკინა და ვაღიარებ! როცა გამოსამშვიდობებლად მოვეხვიე, აი მაშინ ვიგრძენი, როგორ საშინლად რაღაც ძლიერ ჩამწყდა სულში. 
მივატოვე და მისი სითბო და სიყვარული გავიყოლე თან. იქნებ სჯობდა. რაღაც ისე მოვქცეულიყავი, რომ სინანულის მაგივრად, ზიზღი გასჩენოდა ჩემს მიმართ. მაშინ უფრო ადვილად გადაიტანდა უჩემობას და ასე ძლიერ არ დასწყდებოდა გული. 
ჰმ, რატომ არ ვიფიქრე ამაზე? ეს როგორ ვერ გავთვალე? რატომ არ შევაზიზღე ჩემი თავი?
ამ დედამიწის ზურგზე, ყველაზე კარგი გოგოა, მაგრამ მე ვარ საშინელი და...“
გვერდით ოთახიდან, რაღაც ხმაური შემოესმა. წამოდგომაც ვერ მოასწრო, რომ სიდედრი ძლივს ლასლასით შემოვიდა, - ჩქარა გვიშველეო. 
პიპას მეუღლე ცუდად იყო, ძალიან ცუდად.
გასისხლიანებული საწოლზე წამომჯდარი, გიჟივით ღმუოდა.
საშინელი სანახავი იყო. ადრეც ბევრჯერ სცადა თვითმკვლელობა, ბევრჯერაც უშველეს. ვერაფრით ვერ დამშვიდდა. არც ფსიქოლოგის ვიზიტებმა გაჭრა და არც ლოცვა-გალობამ. 
ბოლოს, ისევ თავისი სურვილით, ნელ-ნელა სახლიდან იწყო გასვლა, საათობით სეირნობდა. ჯერ შორიახლო, მერე კი მანძილი ბევრად გაზარდა, ახალი მეგობრები გაიჩინა, თუმცა ძველ მეგობრებს უკვე რა ხანია, ისედაც აღარ ნახულობდა. სახლშიც გვიან იწყო მოსვლა. ოჯახის წევრებს, არაფრად აგდებდა, ბავშვს ისედაც ზედ არ უყურებდა და საერთოდაც, როგორც უნდოდა, ისე იქცეოდა და რაც მთავარი იყო და რაც სიდედრს ყოველთვის უკვირდა, ქმარი, რატომღაც არაფერს უშლიდა. 
- ნება მისია! - პასუხობდა პიპა. - თუ გულით უნდა გართობა, მაშინ უნდა გაერთოს! აბა სახლში, ხომ ვერ გამოვკეტავ?
- კი მაგრამ. ვინმე რომ გაიჩინოს? - არ ცხრებოდა სიდედრი, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა ოჯახის ის საშინელი, მწარე საიდუმლო.
- თუ ვინმე შეუყვარდება, არ ვარ წინააღმდეგი, მზითევსაც გავატან! მთავარია უხაროდეს და ბედნიერი იყოს!
ასე ამშვიდებდა სიძე გაკვირვებულ სიდედრს, რომელიც სასოწარკვეთილი ვიშვიშებდა და მანამდე ვერ მოისვენა, სანამ ყველაფერი ბოლომდე არ გამოწურა პიპას.
აი მაშინ, კი სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა და ერთი პერიოდი, ლამის ლოგინადაც ჩავარდა. მერე ცოტა წამოდგომა შესძლო, მაგრამ ჯერ კიდევ, მაინც ძლივს გადიოდა ოთახიდან ოთახში. 
შვილი ყურადღებას არც აქცევდა, არც აინტერესებდა დედამისი რა დღეში იყო. ჩვეული ღიღინით ჩაუვლიდა მის ოთახს და ერთს არ შეიხედავდა. ჩანდა, რომ მშვენიერ ხასიათზე იყო და ფეხებზე ეკიდა, ყველა და ყველაფერი.
ახლა კი, რა ეცა ასეთი? პიპა ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო. 
თვითმკვლელობა სცადა და რატომ? 
ნუთუ, მორიგმა შეყვარებულმა მიატოვა და ასე დასაჯა? თუ თავი დაისაჯა?
აბსურდი იყო, არავის გულისთვის ასე არ მოიქცეო და მაინც, ქალი სისხლისგან ლამის იცლებოდა და სასოწარკვეთილი ღმუოდა, მაგრამ რა სჭირდა? რა ჩაიდინა? ვერავინ ხვდებოდა. 
ასეთ ხმაურზე გაღვიძებული ბავშვი, შეშინებული ისე აბღავლდა, რომ ვერავინ დაამშვიდა. თუმცა ახლა მისთვის, არავის ეცალა. ბავშვი ვერ წყნარდებოდა და ისევ პიპამ ითავა მისი დამშვიდება, მაგრამ ბიჭი ისე ძლიერ იყო შეშინებული, რომ მამამისის მეტს, აღარავის ეკარებოდა. ხელჩაბღუჯული კუდში დასდევდა მამას და გვერდიდან არ შორდებოდა. 
პიპას შეეძლო სასწრაფოს დალოდებოდა. ფარეხში მიგდებული, სიმამრისგან მილეწილ-მოლეწილი მანქანით, დიდი ხანია აღარც სარგებლობდა, თანაც საკმარისი ფულიც ჰქონდა, ტაქსი მაინც შეეძლო გამოეძახებინა, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა და დასახმარებლად მიმის მიმართა და ამასაც თავისებური გათვლა ჰქონდა, თუ რატომ, მაინც და მაინც მიმი, როცა უკვე, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოემშვიდობა კიდევაც და საბოლოოდ ჰყავდა მიტოვებული.
მიმი უკვე კარგა ხნის ჩაძინებული იყო, რომ ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა. 
რაც პიპას გამოემშვიდობა, მის მერე ღამით ჩართულს აღარ ტოვებდა, ახლა კი საკუთარ დაუდევრობაზე გაბრაზებული, უკმაყოფილოდ დასწვდა ტელეფონს. 
ძლივს შეავლო თვალი მესიჯს და ელდა ეცა.
პიპას გზავნილი იყო.
„ძალიან მჭირდები! სასწრაფოდ!“ 
სულ ეს ეწერა და მიმისთვის უცნობი მისამართი იყო მიწერილი. იქ უნდა მიეკითხა.
გარეთ ისევ წვიმდა, ზაფხულის წვიმით. სასიამოვნო სიგრილეს სველი ასფალტის სუნი ერწყმოდა. 
თუმცა მიმისთვის სულ ერთი იყო რა ამინდი იქნებოდა. გინდაც ეწვიმა და თუ გინდ ეთოვა, მაინც მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას სველ ტრასაზე და ერთი სული ჰქონდა, სანამ დანიშნულ ადგილს მიაღწევდა.
თან გაოცებული, თან გახარებული, ცოტაც შეშფოთებული, ასეთი მესიჯის გამო, მიმი მაინც ბედნიერი, დაუყოვნებლივ გამოქანდა მეგობრის დასახმარებლად. თან ძალიან უკვირდა, პიპა უკვე წასული ეგონა ქვეყნიდან და უცებ დახმარებას სთხოვდა და თანაც, არც თუ იმდენად შორს, ლამის მეზობელ უბანში. ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე მხატვრის სახელოსნო და ის ძველი სახლი იყო.
პიპამ ხელში აყვანილი, პლედში გახვეული ქალი მანქანაში ჩასვა. 
სახლიდან ბავშვი საშინელი ღრიალით გამოედევნა. პიპა წამით დაფიქრდა და მერე ბავშვიც მანქანაში ჩაისვა.
მიმის არაფერზე არ ჰქონდა რეაქცია. ისე მიაქროლებდა მანქანას, რომ ხმაც არ ამოუღია. მის უსაყვარლეს მეგობარს, მისი გვერდით დგომა სჭირდებოდა და ნებისმიერ დროს მზად იყო დახმარებოდა.
საავადმყოფოში უკვე ელოდნენ. ქალი საოპერაციოში შეიყვანეს. 
მოსაცდელში კი დარჩნენ მიმი, პიპა და მისი შვილი.
პიპა მიმის შეკითხვებს მოუთმენლად ელოდა. მიმი კი დუმდა. აქეთ ელოდა მისგან ახსნას. და სულაც არ იყო მასზე ნაწყენი, პირიქით ბედნიერი თვალებით შესციცინებდა და ღიმილით შეჰყურებდა ათიოდე წლის ბიჭს, რომელსაც თავი ჩაეღუნა და კუბიკ-რუბიკს გულმოდგინედ ატრიალებდა. საოცარი სისწრაფით აწყობდა ფერებს და მალევე შლიდა მერე კი კვლავ ცდილობდა, ფერები ერთმანეთზე მოერგო. 
ოპერაცია არც თუ ისე დიდ ხანს გაგრძელდა. მალე ექიმიც გამოჩნდა. მშვიდობით გადარჩენა მიულოცა.
- მაგრამ სუსტად არის, ძალიან სუსტად. არ უნდა გაეკეთებინა თვითნებურად აბორტი, ასე როგორ შეიძლება? კინაღამ დაიღუპა თავი! თქვენ არაფერი იცოდით?
- არაფერი შემიმჩნევია. - პიპამ ამოიოხრა - რაც მთავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გადავრჩით!
პიპა გაჩუმდა და ახლა მიმის მიაპყრო მზერა. მიმი კვლავ დუმდა და ბავშვს ღიმილით შეჰყურებდა მას კი თავიც არ აუწევია, კვლავ კუბიკს ჩაჰკირკიტებდა და ფერებს უჩვეულოდ სწრაფად აწყობდა, მერე ისევ ურევდა და კვლავ თავიდან დაწყობას ცდილობდა.
„მე ვერაფრით ვისწავლე ამ კუბიკის აწყობა. ეს კი, როგორი ნიჭიერი ბავშვი ყოფილა.“
ფიქრობდა მიმი და თან ეგონა, რომ ბავშვი დედაზე ნერვიულობდა და ასე, კუბიკის დაუსრულებელი ტრიალით, გამოხატავდა დარდს. 
- როგორ ნერვიულობს. ალბათ, დედა უკვე ენატრება და ასე განიცდის. - ღიმილით აღნიშნა მიმიმ და თან სპეციალურადაც ჩააწვეთა, ამით უფრო გაირკვეოდა ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის ეს ხალხი და რა საერთო ჰქონდათ პიპასთან. 
- არა, დედას საერთოდ არ იცნობს! - ცივი ხმით მიუგო პიპამ. - ისე, არც დედა სცნობს შვილად! 
მიმი შეცბა. ვერაფერს მიხვდა, მაგრამ მეტი ვერც ვერაფერი ჰკითხა.
ბავშვმა, როგორ იქნა, თავი ასწია და მისთვის ჩვეული, არაფრისმთქმელი თვალები, მიმის შეანათა. მიმიმ ახლაღა შეამჩნია, ბიჭი ისეთი არ იყო, როგორც სხვა ჩვეულებრივი ბავშვი. 
პიპა თვალს არ აშორებდა. რატომღაც ეგონა, რომ მიმი ან ცხვირს აბზუკავდა თან ისე, რომ არ შეემჩნიათ, ან სულაც კი, სინანულით გააქნევდა თავს და თუ ხმამაღლა არა, გულში მაინც გაივლებდა, „უი საწყალი!“ - ისე, როგორც ბევრს სჩვევიათ ხოლმე და სახეზეც ეწერათ მათი ფიქრი, მაგრამ მიმი არც დაბნეულა და თითქოს, წინასწარ მომზადებულივით, ბავშვის გამოხედვაზე პასუხად, თბილად გაუღიმა:
- ეს რა კარგი ბიჭი ყოფილა.
პიპასთვის მოულოდნელი იყო მიმის ასეთი რეაქცია, წამით თითქოს დაიბნა, მაგრამ მალევე უპასუხა:
- ეს ძანეა! და კი, კარგი ბიჭია! ის დედამისია, იქ, გმირობა, რომ ჩაიდინა და საოპერაციოში ამოჰყო თავი და კიდევ, თურმე ორი ბავშვიც დაღუპა! ტყუპები ყოფილან!
- ძალიან ვწუხვარ... - წაიკნავლა მიმიმ.
- ჰოო? - პიპას თითქოს, ცინიზმი შეეპარა ხმაში.
ან სულაც, მიმის მოეჩვენა ასე, მაგრამ მაინც განაგრძო:
- მერე რა, რომ ჯერ არ იყვნენ დაბადებულნი, მაინც შვილია და საწყენია. - დანანებით დაამატა მიმიმ, რომელიც პიპას რაღაცნაირი ქცევითა და სულ სხვა სახის გამომეტყველებით, ახლა უფრო მეტად გაკვირვებული და გაოცებული დარჩა.
- კი საწყენია! შვილი იყო, მაგრამ ჩემი არა, თავისი! მხოლოდ თავისი და კიდევ ვიღაცის! - პიპა გაჩუმდა.
„ალბათ ნათესავია, ან ოჯახის ახლობელი.“ 
გაიფიქრა მიმიმ და ცოტა რაღაცნაირად, თითქოს გულზეც მოეშვა და ამოისუნთქა, მაგრამ ამოსუნთქვა ვინ აცალა.
- ჰო, ისე ცნობისათვის! - მშვიდი ხმით განაგრძო პიპამ. - ის ქალი ჩემი დაა, ეს კი ჩვენი შვილია! რას ვიზამთ, ასე სცოდნია, თურმე სისხლის აღრევას!
LEX. 2017 წლის 28 აგვისტო, ორშაბათი.

No comments:

Post a Comment