რაც უფრო აკვირდებოდა პიპა სიმამრს, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ მამამისი იყო. სიდედრისგან განსხვავებით, მასში ბევრი მსგავსებაც აღმოაჩინა, თუმცა სიდედრსაც მოუწყო გამოკითხვა, ის კი იფიცებოდა, მხოლოდ ერთი შვილი გავაჩინეო და ვერაფრით ხვდებოდა, თუ რატომ უსვამდნენ ასეთ უცნაურ კითხვებს.
პიპა მეუღლის ოთახში საერთოდ აღარ შედიოდა, არც ის გამოდიოდა გარეთ. იწვა მთელი დღეები. ხან სულ არაფერს აკარებდა პირს და ზოგჯერ წყალსაც კი არ სვამდა. არაფერზე არ ჰქონდა რეაქცია, მხოლოდ პიპას ხმაზე, ზიზღით ბრიცავდა სახეს.
ბევრჯერ უფიქრია პიპას გამოეკითხა მისთვის, იცოდა თუ არა ეს საშინელი საიდუმლო, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა. თუმცა, უკვე ისედაც ჩანდა, რომ იცოდა და შესაძლებელია სანამ ბავშვი დაიბადებოდა, უკვე მანამდეც სცოდნოდა. სავარაუდოდ, კონსულტაციიდან გაიგებდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ორსულობის ბოლო პერიოდში საშინლად შეიცვალა და განსაკუთრებით კი ქმარს ვეღარ იტანდა. პიპა მაშინ ვერაფერს ხვდებოდა და ბუნებრივია ყველაფერს ორსულობას აბრალებდა.
„სიყვარულს ხომ მაინც ვერ დამიშლის? თუნდაც მასხრად ამიგდოს, გარეთ გამომაგდოს, მაინც მეყვარება ჩემს გულში და ვიდარდებ ჩემთვის. მერე რა, რომ ჩემი დანახვაც აღარ უნდა და ჩემზე გულიც კი ერევა, რას გაიგებს ჩუმად რომ მიყვარდეს? რას ვაშავებ ამით? ვიცხოვრებთ ერთ ჭერ ქვეშ და მერე ვინ იცის?“
ჯერ კიდევ, ბავშვის დაბადებამდე ფიქრობდა პიპა და ცოლის შემოსაბრუნებლად, იმედს მაინც არ კარგავდა და რაც უფრო მეტად საშინლად ექცეოდა მეუღლე, მით უფრო და უფრო ძლიერად უყვარდებოდა იგი.
ახლა კი უკვე, როცა ყველაფერი ნათელი გახდა და გული უკვდებოდა. საშინლად ეცოდებოდა და მოთმინებით იტანდა მის ყოველ ისტერიკასა და შემოტევას.
სანამ ბავშვი უკეთ გახდებოდა, პიპამ ბევრი რამ მოაგვარა. ყველაფერი, მთელი მისი მემკვიდრეობა ბავშვის სახელზე გადააწერინა. ახალი მეგობრის წყალობით კი, საავადმყოფოში ზომაზე მეტ ხანსაც გააჩერა. ბავშვის სახლში გაყვანას, ჯერ არც ჩქარობდა. იქ მშვენივრად უვლიდნენ, კარგ ხალხში აღმოჩნდა. საკმაოდ ყურადღებიანი და გულისხმიერი პერსონალი შეხვდა, პიპაც თავის მხრივ პატივისცემას არ აკლებდა.
დნმ-ს ანალიზის პასუხები, ჯერ კიდევ იგვიანებდა. თუმცა, პიპამ პასუხი უკვე ისედაც იცოდა, მაგრამ ახლა იმას დარდობდა დედის ვინაობა, როგორ უნდა დაეზუსტებინა. იქნებ, ის გოგონა, არც არაფერ შუაში იყო და საქმე, სულ სხვა ქალს ეხებოდა. იქნებ, დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და წლების მანძილზე უშედეგოდ ეძებდა, თავის დროზე, მიტოვებულ ან სულაც მოპარულ შვილს? ან იქნებ, სულაც არავინ ეძებდა, მაგრამ მაინც, როგორ უნდა გაეგო ეს?
- ადამიანი, რამდენადაც და როგორადაც არ უნდა შეიცვალოს, ჩვევები მაინც უცვლელი რჩება. - ღიმილით მიანიშნა ჩაფიქრებულ პიპას, მოთამაშე თითებზე, მეგობარმა ქირურგმა.
- ჰო, ეს შთამომავლობითი საჩუქარია და წლებია, ჩვევად მექცა. - ცალყბად გაუღიმა პიპამ.
ადრეც ბევრჯერ ეცადა ეს თითების თამაში, როგორმე მოეშორებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა და ბოლოს შეეშვა კიდევაც.
- ჩვევა შეძენილია, მაგრამ გარკვეული ტიპის მოძრაობა შთამომავლობითია. - შენიშნა ქირურგმა.
- მართლაც რა საოცარია გენეტიკა! - ამოიხვნეშა პიპამ. - ზოგჯერ, ვერც კი იფიქრებ, ისეთ რამეს გადმოგიტანს გენში.
- გენეტიკის მთავარი დანიშნულებაც სწორედაც რომ ეგაა! - კვერი დაუკრა ქირურგმა. - წინაპრების უნარი, ნიშან-თვისება უნდა გადასცეს მომდევნო თაობას!
პიპამ უხმოდ დაუქნია თავი.
- ისე, რომ იცოდე. - განაგრძო ქირურგმა. - ინდივიდის ყველა ნიშან-თვისება, მემკვიდრეობით მიღებული სულაც არ არის. ზოგჯერ, გარემო და აღზრდაც განაპირობებს მის ჩამოყალიბებას.
- მაინც რა საოცარია? არც კი ვიცნობდი იმ ოჯახს და არც ადრე არასოდეს მყავდა ნანახი. ეს თითების თამაში კი ადრეც მქონდა ჩვევად.
- გენეტიკურად ატარებ მშობლის ნიშან-თვისებებს და მაგიტომაც იყო. იცი, რომ გენეტიკას, როგორც ცალკეულ მეცნიერებას, წინათ არ აღიარებდნენ და მაინც ჯერ კიდევ, ახლად ჩამოყალიბებული მეცნიერებას ეძახიან.
- ჰმ.
- ჰო, მასეა. დაახლოებით ათას ცხრაასიანი წლების დასაწყისში, უილიამ ბეტსონმა მისცა მას ოფიციალურად დამოუკიდებელი სახე. - ქირურგი წამოდგა და მარკერი მოიმარჯვა. - თვისებები, ქრომოსომების საშუალებით გადადის შვილზე. თვითონ ქრომოსომა წარმონაქმნია, რომელიც სხეულის ყველა უჯრედშია, ამიტომაც არის, რომ თითოეული უჯრედი შეიცავს ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ როგორ არის აგებული მთელი ორგანიზმი! უჯრედის ბირთვში ბევრი ქრომოსომა იყრის თავს და ყოველ მათგანს, თავისი წყვილი ჰყავს. წყვილი იმიტომ ჰქვია, რომ ერთი დედისეულია და მეორე კი მამისეული! და თითოეულ ინდივიდს, ისევე როგორც ადამიანს, ასევე ცხოველსაც და მცენარესაც, კონკრეტული რაოდენობის ქრომოსომები აქვთ. ადამიანს ორმოცდაექვსი ქრომოსომა გააჩნია, რომელიც ოცდასამ წყვილს ქმნის! ამიტომაც არის, რომ ადამიანის გენეტიკაში, ზედმეტი ქრომოსომა იწვევს... - ექიმი წამით გაყუჩდა. - აი, შენი შვილის გენეტიკაში, ზედმეტი ქრომოსომაა, უფრო უხეშად რომ ავხსნა, ზომაზე მეტი გადავიდა და ის ზედმეტი რაოდენობა დაწყვილდა, გამრავლდა.
- კი მესმის, ადრეც დაახლოებით ასე ამიხსნეს.
- ჰოდა, ეს შენი თითების თამაში, შენი გენეტიკური ნიშანია.
- სხვებმა შეამჩნიეს, პატარაობიდანვე. მე ვერც ვატყობდი.
- თავისთავად! შენ რა უნდა შეგემჩნია? ისე თავიდან მეგონა, რომ პიანისტი იყავი. - სიცილით დაასრულა ქირურგმა და ადგილს დაუბრუნდა.
- ჰმ, ვაპირებდი ერთ დროს. - ამოიხვნეშა პიპამ. - ისე ეგეც გენეტიკურია. იმ ოჯახში, რომ მიმიღეს იქაც შთამომავლობითი იყო და მაშინ რას წარმოვიდგენდი? დიდი ბაბუა მეცნიერი იყო და თან ბავშვობიდან ვირტუოზ პიანისტად იყო ცნობილი. - პიპა წამით გაყუჩდა. - ისე რატომღაც, ბებია ხშირად მადარებდა მას. თვითონ თითებს არ ათამაშებდა, არც მისი შვილი და შვილიშვილი. მე რომ ეს ჩვევა შემამჩნია, მაშინათვე მის წინაპრებს შემადარა. ჩემი უფროს დას გამოჰყვა ეს ჩვევაო, - მაშინ ასე მიყვებოდა. რაღაცნაირად შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მათი ოჯახის ნაწილი ვიყავი, თუმცა მაინც აბა რას წარმოვიდგენდი?
სიჩუმე ჩამოვარდა. ორივე მოსაუბრე ფიქრებში წავიდა.
პიპას ბოღმა ახრჩობდა, ბევრჯერ გაუჩნდა სურვილი, ერთი მაგრად მიებერტყა მამამისი. თუმცა, ამით არც არაფერი აღარ შეიცვლებოდა.
- და ისე, თუ ის გოგონა. - ჩუმი ხმით დაიწყო პიპამ. - თუ მართლაც დედაჩემი იყო, ისიც უკრავდა პიანინოს, მათ ოჯახში იღებდა გაკვეთილებს. იქ გაიცნეს ერთმანეთი. ის პატარა მოსწავლე გოგონა იყო, ეს კი დიდი ვირი! ლექტორიც კი იყო უკვე!
პიპა გაჩუმდა. არც ქირურგი იღებდა ხმას. ცოტა ხნით ასე იყუჩეს და მერე პიპამ, ის უცნაური ამბავიც მოუყვა.
- დღემდე ვერ ამიხსნია, მაინც საიდან უნდა მცოდნოდა ის ნაწარმოები, როცა როგორც, ვიცი ადრე არასდროს მომისმენია. იმ გოგონას კი ისე დაუმალავს, არავის სცოდნია და სიურპრიზად უნდოდა, თავის სოლო კონცერტზე თავადვე დაეკრა. ფაქტიურად, ის მელოდიაც კი არავინ იცოდა იმ სამის გარდა.
- იცი, რომ ბავშვს, მუცლად ყოფნისას ყველაფერი ესმის?
- კი მაგრამ, ასე ზედმიწევნით მელოდია? - უკვირდა პიპას.
- რა იცი? რას გაუგებ ამ გენეტიკურ კოდს. - მხრები აიჩეჩა ქირურგმა. - იქნებ, მართლაც დედაშენი იყო ის გოგონა?
- ცოტა თითქოს, ზღაპარივით გამოდის, მაგრამ ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე.
- და შენ თუ იცი, რომ დნმ ყოველ სულიერსაც აქვს! ხესაც აქვს და შენ წარმოიდგინე, ხის დნმ, ყველაზე ახლოს არის ადამიანის დნმ-თან.
- მართლა? ჰმ, რა საოცარია! - გაიკვირვა პიპმა. - ხე მიწასთან არის ახლოს... მდააა, მიწა ხარ და მიწადვე იქცევი...
პიპა და ის ქირურგი კაცი, გაცნობის დღიდანვე კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს და სულ მოკლე ხანში, განუყრელი მეგობრებიც გახდნენ. ქირურგს მოსწონდა ამ საკმაოდ კარგად განათლებული ახალგაზრდა კაცთან საუბარი, მისი უბრალოებითაც კი იყო მოხიბლული.
- ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე კომპიუტერს დავეუფლებოდი! შენი დამსახურებაა, ჩემო პიპა ეს. რამდენჯერ ისე ამეშალა ნერვები, რომ ლამის ფანჯრიდან მოვისროლე. - ბედნიერი სახით ეუბნებოდა ქირურგი პიპას.
პიპამ არამარტო იმ ქირურგს, არამედ თითქმის მთელ განყოფილებას კომპიუტერული პრობლემები მოუგვარა. მთელი მედ.პერსონალი სულ მის ლოცვაში იყო.
ერთ დღესაც ქირურგმა, თავისთან დაპატიჟა სახლში.
თავიდან თითქოს, უჩვეულო არაფერი იყო, მაგრამ თანდათან პიპა ატყობდა, რომ სპეციალურად იყო იქ მიწვეული სტუმრად და არც შემცდარა.
- არ ვიცი, შვილო რა კავშირი აქვს ამ ამბავს შენს წარმომავლობასთან, მაგრამ სურვილი გამიჩნდა, რომ მოგიყვეთ. - დაიწყო ქირურგის ბებიამ.
პიპას ლამის სუნთქვა შეეკრა. ისეთი ფერი ედო, რომ ქირურგს გაეცინა და დაამშვიდა:
- შენი პატარა ისტორია მოვუყევი და გაცნობა მთხოვა.
პიპა ამბის მოლოდინში გაიტრუნა.
- ალბათ, ნახევარი საუკუნეა ვინახავ ამ ამბავს. - ქალი ისევ დადუმდა. - ან იქნებ, უფრო ბევრად ნაკლებიც.
- ჰოდა, ახლა დროა, უკვე ჩვენც ვიცოდეთ. - თვალი ჩაუკრა ქირურგმა პიპას, რომელიც ფერწასული იჯდა და გული გამალებით უცემდა.
- ეჰ, ისტორიების მეტი რა მინახავს და რას არ მოვსწრებივარ, მაგრამ ერთი იმდენად ჩამრჩა გულში, რომ...
- ეს იმ ამბავს, ხომ არ უკავშირდება, შენ რომ სამსახურიდან დაგითხოვეს?
- დიახ, სწორედაც, რომ მაგ ამბავს მოჰყვა და მერე აღარც მიმუშავია მანდ. სამაგიეროდ, ახლა შენ მუშაობ იქვე.
- ჰოდა, დავწყდით ლოდინით, მოგვიყევი ბარემ!
- საიდან დავიწყო, არც კი ვიცი. - ამოიხვნეშა ქალმა.
- თავიდან დაიწყე ბებო, თავიდან!
- იმ დროს, დღენაკლულ ჩვილთა განყოფილებაში ვმუშაობდი, მორიგე ექთნად. ყოველ მორიგეობაზე ახალი ბავშვები ემატებოდნენ, სანამ ძველებს გაწერდნენ და იყო ერთი გაწამაწია. მშობლებისთვის, ცალკე ოთახები იყო ქვედა სართულზე. ისედაც პრობლემური ჩვილები იყვნენ და ასე უფრო დაცული იყო ზედმეტი ბაქტერიებისგან, რადგან ჩვილები ზედმეტად სუსტები იყვნენ, წონით პატარები, ჯერ კიდევ დედის მუცელში უნდა ყოფილიყვნენ და ისინი უკვე ამ ქვეყნად ცხოვრობდნენ. სანამ ცოტა მაინც არ წამოიჩიტებოდნენ, მათი გაწერა არ შეიძლებოდა და არც მნახველების რია-რია იყო ნება დართული. დაახლოებით, ორ-სამ თვემდე იწვნენ ჩვენთან, ხშირად ერთი თვეც საკმარისი იყო. ოთხი დიდი პალატა, ჩვილებით იყო სავსე და თითოს, ორ-ორი ექთანი ემსახურებოდა. კი ვიღლებოდით, მაგრამ საღამოსკენ, დღის ექიმები რომ დაიხვეტებოდნენ სახლებში, მშობლებს ჩუმად ვუშვებდით და ისინი თავიანთ შვილებსაც უვლიდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, სხვა ჩვილებსაც აჭმევდნენ. ზოგი მართლაც ობოლი იყო და ზოგიც, მიტოვებული, ზოგ მშობელს კი რძე არ ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში, ჩვილებს ისე შევეჩვეოდი ხოლმე, აღარ მინდოდა, რომ გაეწერათ. - ქალმა იყუჩა და მალევე განაგრძო. - მიუხედავად, იმისა რომ ეს ჩვენი განყოფილება, მხოლოდ დღენაკლულთათვის იყო, ბევრჯერ შევამჩნიე რომ, რატომღაც, დროულად დაბადებული და თანაც საკმაოდ ჯანმრთელი, უპრობლემო ბავშვებიც ემატებოდნენ. თუმცა, მე ვინ მეკითხებოდა? მაგრამ მაინც ჩაფიქრებული ვიყავი და მიკვირდა, ამ ბავშვებს არც არაფერი აწუხებდათ, სხვა ჩვილებისგან განსხვავებით, ტანადაც დიდები ჩანდნენ, გოლიათებივით იყვნენ ამ დღენაკლულ წრიპებთან შედარებით, მაგრამ დიდხანს არ აჩერებდნენ ჩვენთან, მალევე გადაჰყავდათ სხვაგან, როგორც ვიცი, ოჯახებში გასაშვილებლად ამზადებდნენ და განსაკუთრებულ მოვლას ითხოვდნენ. ეს საიდუმლო ბრძანება იყო, რომელიც ზემოდან მოდიოდა და ზედმეტი კითხვის დასმაც არ შეიძლებოდა. - ქალი კვლავ გაჩუმდა.
პიპა მოთმინებით ელოდა, თუ როდის დაასრულებდა მოხუცი იმ რაღაც, მისთვის საინტერესო ამბის შესავალს და ახლა კი სულ რომ დადუმდა, ლოდინში ლამის გული შეუღონდა.
- ერთი პაპიროსი მომაწევინეთ, თორემ არ გავაგრძელებ. - ჩაიხითხითა მოხუცმა.
- კარგი რა ბებო, რაა. ხომ შევთანხმდით, რომ აღარ უნდა მოწიო. - აწუწუნდა შვილიშვილი, მაგრამ მაინც მიაწოდა.
ქალმა გემრიელად ამოუშვა კვამლი, ცოტაც ჩაახველა და განაგრძო:
- ღამის მორიგეები რადგანაც ვიყავით, არც უნდა დაგვეძინა. სულ ფხიზლად უნდა ვყოფილიყავით. გვიან ღამით, ჩამოვსხდებოდით ხოლმე პატარა ოთახში და ვკითხულობდით ამ მიტოვებული ჩვილების ისტორიებს. არ მახსოვს მაშინ რა ინტერესი იყო ამისი. მოგვიანებით კი გავიგე, თურმე ხალხი რიგში დგას და ცხადი იყო, ბავშვის წარმომავლობის ისტორიის ის დაფარული ნაწილიც აინტერესებდათ და ინფორმაციის წყაროდ, უთუოდ ვინმე ჩვენგანი უნდა ყოფილიყო. ეჰ! სასწაული ისტორიები იყო, ზოგჯერ ისეთი საშინელი და ამაზრზენი, მაგრამ გატყობთ, ისეთი სახეები გაქვთ, რომ ვეღარ ითმენთ, იმ ერთს მოვყვები მაშინ. - ქალმა ნამწვავი ჩააქრო. - ერთი დიდი ბიჭი იყო. ლამის ექვსი თვე უსრულდებოდა და მგონი უფრო ცოტა მეტისაც იყო. ცხოვრობდა ამ ჩვილებში. ვიფიქრე, ეს ბავშვი ხომ არ დაავიწყდათ? ნუთუ, არავის მიჰყავს და თუ მართლა მასეა, მაშინ უკვე, ამ ასაკის, რა ხანია ბავშვთა სახლში უნდა ყოფილიყო გადაყვანილი. მერე მოგვიანებით გავიგე, ერთი ჩვენი თანამშრომელი ამზადებდა საბუთებს. შვილად უნდა აეყვანა. ისე ამდენი თვეც კი, უკვე აღარ შეიძლებოდა ჩვენს განყოფილებაში მისი გაჩერება, წესით საერთოდაც არ უნდა ყოფილიყო იქ, მაგრამ ხომ იცით, არა? როგორც ხდება ხოლმე?
- ჰმ, მაგის მეტი, რა ვიცი! - კვერი დაუკრა შვილიშვილმა.
- მერე ერთი ორჯერ დღისით, რაღაც ჩოჩქოლი იყო შემოსასვლელში, თურმე ბავშვებს მოაკითხეს მშობლებმა თუ ახლობლებმა, მაგრამ ექიმი კატეგორიულ უარზე დადგა და არ აძლევდა ბავშვის, თუნდაც ნახვის უფლებას.
„განცხადება თავისი ხელით დამიწერა არ მინდა ბავშვიო და ახლა ნახვა მოუნდა?!“
- მთავარი ექიმი ისე წიოდა და რომ მეც შემეშინდა. ბავშვები უკვე გადანაწილებული და გამზადებული ჰყავდათ და აბა უკან, ვინ დაუთმობდა?
- კაი „მაყუთიც“ იტრიალებდა აბა. - ჩაურთო ქირურგმა.
ბებიამ ამოიხვნეშა და ისევ განაგრძო:
- რამდენჯერმე, ერთი პატარა გოგო მოვიდა, ზედიზედ. რა თქმა უნდა, ბავშვი არც გამოუჩინეს. თვითონაც ბავშვს გავდა, სკოლის მოსწავლეს. ყოველ მოსვლაზე, აქ არ არისო, ეუბნებოდნენ. ბავშვთა სახლშია გადაყვანილიო. იქაც უძებნია იმ საცოდავს. ყველგან, სადაც არ გააგზავნეს, მაგრამ ვერ პოულობდა. ერთადერთი კვალი კი, ჩვენთან წყდებოდა. მერე სხვებისგან გავიგე, თურმე სწორედ იმ ბიჭს ეძებდა. ძალიან მიკვირდა, ასე რატომ უმალავდნენ ბავშვს და ხმა, რომ ამოვიღე, ისეთი შემომიტიეს შენს ტყავში დაეტიო, რომ... - ბებიამ ამოიხვნეშა. - ერთხელაც ისეთი იერიშით მოვიდა. დარაჯი კატეგორიულად არ უშვებდა, ისედაც სასტიკად იყო გაფრთხილებული, ექიმის ნებართვის გარეშე არავინ უნდა შემოეშვა. გოგონამ ლამის თვალები ამოკაწრა. ერთი ამბავი ატეხა, ბავშვი მომპარეთო და აქ მალავთო. დარაჯმა ძლივს გაითავისუფლა თავი და ისე მაგრად ჰკრა ხელი, რომ გოგონა კიბეებზე ჩაგორდა, კიბე სულ ოთხი საფეხური იყო, მაგრამ სახე დაარტყა, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, დარაჯს კი წარბიც არ შეურხევია, ილანძღებოდა და იგინებოდა. საშინლად შემეცოდა, იქვე კიბეზე გამოვუტანე სპირტი და ბამბა, თან ჩუმ-ჩუმად გამოვკითხე. თურმე, ბავშვის მიტოვებაც მის გარეშე გადაწყვიტეს და განცხადებაზეც მის მაგივრად ისე მოუწერიათ ხელი, რომ თვითონ არაფერი იცოდა. ჯერ ატყუეს ცუდად არისო და მერე ვერ გადაიტანაო, მერე ხან რა და ხან რა, მაინც გაუგია, რომ ცოცხალია. გოგონას გვარი გამოვკითხე და არც ერთი ჩვილის გვარს არ დაემთხვა. მაშინ სულ სხვა გვარი დამისახელა. სწორედ იმ ბიჭუნას გვარი იყო. გული შემიღონდა და ჩუმად ვუთხარი, გვიან მოსულიყო შენობის უკანა მხრიდან. იმავე ღამეს მოვიდა. მეც ავდექი და ყველას უჩუმრად, მეორე სართულის ფანჯრიდან დავანახე მისი შვილი. ვიდექით ასე! მე - ჩვილით ხელში და ის კი, ქვემოდან მომზირალი. კიდევ ალბათ არ ვიცი, რამდენი ხანი ვიქნებოდი ასე, თავზე რომ არ წამომდგომოდა მორიგე ექიმი. ეჰ, რაც დღე მაშინ მაყარააა?! - ქალი ისევ გაყუჩდა. - მომდევნო მორიგეობაზე, რომ მივედი, აღარც ის ბავშვი დამხვდა, უკვე გაუყვანიათო და სასწრაფოდ მთავარი ექიმი გიბარებსო. შევედი თუ არა, ასე გამომიცხადეს, - თუ შენ თვითონ დაწერ განცხადებას, სამსახურიდან წასვლის თაობაზე, მაშინ კარგ რეკომენდაციას მოგცემთო, თუ არა და... - ბებიამ ისევ ამოიხვნეშა. - აბა რა უნდა მექნა? გამოსულიც არ ვიყავი შენობიდან, რომ ყველა შეშფოთებული ახალ ამბავს უზიარებდა ერთმანეთს. თავი მოუკლავს, ჩვენი პროფესორების ერთადერთ ქალიშვილსო. პანაშვიდზე მეც წავედი და ფეხები მომეკეცა, როცა კედლის დიდ სურათიდან, სწორედ იმ გოგონას რაღაცნაირად მომზირალი თვალები მიყურებდა. თურმე, იმავე ღამესვე ჩამოუხრჩვია თავი. წლები გავიდა და ზოგჯერ მაინც თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ალბათ არ უნდა მეჩვენებინა ბავშვი. - ბებია დადუმდა.
პიპა ნირწამხდარი იჯდა. ხმას ვერ იღებდა. ან, რა უნდა ეთქვა?
- შენ ფიქრობ, რომ შესაძლებელია იმ გოგონას შვილი ხარ? - მოგვიანებით ჰკითხა ქირურგმა, როცა ბებია ოთახიდან გავიდა.
- შესაძლებელია! თუმცა, არ ვიცი. - ამოიხვნეშა პიპამ. - ან, როგორ უნდა დავამტკიცო? არც კი ვიცი.
- ვინ მოგვცემს, გვამის ექსგუმაციის უფლებას, თორემ... - ამოიხვნეშა ქირურგმა.
პიპა გიჟივით იყო. მთელი ცხოვრება მშობლებს ეძებდა, მის წარმომავლობას არკვევდა. ბევრჯერ წარმოიდგინა, როგორ შეხვდებოდნენ ან საერთოდ გაუხარდებოდათ კი მისი დანახვა? ან თუნდაც, თვალებში ჩაეხედა და ეკითხა, რატომ მიატოვეს?
რისთვის?
და ახლა ყველაფერი ცხადი, როცა გახდა, გონება სულ აემღვრა. რაღაც ყელზე უჭერდა და ახრჩობდა. რამდენჯერმე, იმ აზრმაც წამოუარა, რომ გაქცეულიყო სადღაც შორს გადახვეწილიყო, მაგრამ სად უნდა წასულიყო? სად? საკუთარ თავს სად უნდა გაქცეოდა? თანაც, სულ რაღაც ხმა ჩასძახოდა. თითქოს, ამშვიდებდა კიდეც, სიცოცხლის წყურვილს თავიდან უღვივებდა და კამათშიც იწვევდა.
„იყავი! და მხოლოდ იყავი! დარჩი და ბევრი დარჩი და ცოტა იმოქმედე! ყველაფერი თვითონ მოვა! იყავი!
იყავი, დარჩი!
ყველა გზა გამოჩნდება!
ყველაფრის გზას აეხდება ფარდა!“
და რას აეხდებოდა ფარდა? უკვე ყველაფერი გარკვეული ჩანდა. დედას, ჩვილი ააგლიჯეს და შორს მოისროლეს.
„სითბო, სიყვარული, ოჯახი - რა არის ეს? რას ნიშნავ? რა გრძნობაა?
გრძნობა, - რომელსაც ბავშობიდან ვძულვარ და ვეზიზღები?
ასე რატომ მოხდა?
რატომ?“
ათასი ფიქრებით გამოჭედილი სული, სხეულიდან გარეთ გამოვარდნას ლამობდა.
„თავიანთი საკუთარი და სანუკვარი ცხოვრების იდილია, რომ არ დაერღვიათ, მსხვერპლად შესწირეს პატარა, უსუსური, უდანაშაულო ბავშვი, ისე რომ საკუთარი შვილიც კი არ დაინდეს!“
და უკვე ყველაფერი ამოვიდა ყელში. მთელი ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ და მხოლოდ მსხვერპლი იყო! ზვარაკი! გაუსაძლისი გახდა მისი ყოფა, მსხვერპლის როლში მეტი აღარ შეეძლო, ახლა თავად იქცეოდა მის ხელში მსხვერპლად ყველა ის, ვინც...
და ის მსხვერპლი, თანდათან თავად ხდებოდა დამნაშავე...
როგორც იქნა, ეღირსა და დნმ-ს ანალიზის პასუხებიც მოვიდა. თუმცა, ისედაც ცხადი იყო, მაგრამ როგორ უნდა ეთქვა სიმამრისთვის, რომ მამაჩემი ხარ და არა ჩემი სიმამრიო?
- უმჯობესია, შესაფერისი დრო შეარჩიო. - არიგებდა ქირურგი. - ასე უცებ, რომ მიახალო, არც ეგ ივარგებს!
- ჰო, მეც მაგას ვფიქრობ. - მიუგო პიპამ. - თუმცა, სანამ პასუხი მოვიდოდა, ერთი სული მქონდა, როდის მივახლიდი სახეში, ახლა კი?.. არ ვიცი! რაღაც მაკავებს.
პიპა ახსნას შეეცადა. თუმცა, ვერ ხსნიდა ბოლომდე. ან რა უნდა აეხსნა, როცა თავადაც ვერ ხვდებოდა, უკვე რა უნდოდა და რისკენ ისწრაფოდა.
ბავშვის ოთახი თავიდან მოამზადა. უფრო ახლებურად მოაწყო. ოჯახის წევრებსაც საკმაოდ მკაცრად გამოუცხადა, რომ ეს სახლი და ყველაფერი ბავშვის საკუთრება იყო. ის იყო აქ ერთადერთი მემკვიდრე. დანარჩენებს კი, თუ სურვილი ექნებოდათ, დარჩებოდნენ და თუ დარჩენა არ სურდათ, არავინ იჭერდა. თავისუფლად შეეძლოთ ოჯახის დატოვება. გაგდებით კი არავინ არავის აგდებდა.
ოჯახის წევრებს კი, წასასვლელი მართლაც არსად ჰქონდათ. ისევ სადღაც, ღარიბულ ქოხში და თანაც, კვლავ ქირით ცხოვრებას, იძულებულნი იყვნენ შერიგებოდნენ, არასასურველი მემკვიდრის იქ ყოფნას. თუმცა, ბავშვის მიყვანისთანავე, ბებია-ბაბუა უმალვე შეეჩვივნენ პატარას. მშვენივრადაც უვლიდნენ და ისიც აღიარეს, რომ თავს დამნაშავედაც გრძნობდნენ მის წინაშე.
მხოლოდ დედა არაფრით არ იკარებდა. არც მის ოთახში შედიოდა და ბავშვის ტირილზეც კი საშინელი ისტერიკა მოაწყო.
- ვინც გულში მყავდა, სწორედ მან ჩამაფურთხა სულში! და არ გაინტერესებთ, რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე ახლოს ის მოვუშვი და ადვილად ჩასწვდა ჩემს სულს ჩასაფურთხებლად! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა გოგო და პერანგის ამარა, სახლიდანაც კი გარბოდა.
ძლივს დააკავეს იმ დღეს. ისეთი ძლიერი ნერვული შეტევა ჰქონდა, რომ მთელი კვირა მის დამშვიდებას ცდილობდნენ. ახლა უკვე, მისი სახლში მარტო დატოვებაც კი საშიში გახდა. კლინიკაში მოთავსებაზე, პიპამ კატეგორიული უარი განაცხადა და თავადვე მოაგვარა პრობლემა.
საკმაო ხანს იყო მეუღლის ოთახში შეკეტილი. რას ესაუბრებოდა არავინ იცოდა, მაგრამ როცა გამოვიდა, კარს უკან ატუზულ დამფრთხალ მშობლებს გამოუცხადა, ყველაფერი რიგზეაო და ამის მერე მართლაც, ყველაფერი მოგვარდა.
მართალია, დედა ბავშვს ყურადღებას კვლავ არ აქცევდა და არად აგდებდა, მაგრამ აღარც მის ტირილზე და არსებობაზე ეშლებოდა ნერვები. იწვა მთელი დღეები თავის ოთახში და საჭმელადაც კი არ დგებოდა. არც ეს იყო ჯანმრთელი სიტუაცია, მაგრამ იმ წინა ფსიქიურ აშლილობას, მაინც სჯობდა.
სიდედრი ცდილობდა, მისი შვილის მდგომარეობა, რაღაცით მაინც გაემართლებინა და მის საქციელს სიზარმაცეს აბრალებდა.
- ეს სიზარმაცე არ არის - პასუხობდა პიპა - ეს სულ სხვა რამაა! წართმეული გაქვს ძალა, სიცოცხლის წყურვილი ჩაკლული გაქვს! სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნება აღარ გაქვს ძარღვებში!
- მერე, ეშველება რამე?
- ჩვენგან, იგივე სითბო და სიყვარულია საჭირო, დანარჩენს კი, თვითონ უნდა მიხედოს. ადამიანის პირველი მკურნალი, საკუთარი თავის რწმენაა!
- დრო გავა და ყველაფერი შეიცვლება, აი ნახავ შვილო, დამშვიდდი. - ამშვიდებდა სიდედრი.
- დრო არაფერს ცვლის! მართალია, ზოგჯერ კურნავს კიდეც, მაგრამ ბოლომდე არა!
პიპამ იცოდა, მისი ცხოვრება უკვე აღარასდროს იქნებოდა იდეალური, მაგრამ უკეთესი, ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო.
ოჯახი პრობლემებით სავსე ჰქონდა და ვის უნდა მიეხედა, თუ არა და ისევ მას. ამიტომ, ყველანაირი ძალა მოიკრიბა, ყველანაირად აიყვანა თავი ხელში და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ახლა უფრო მეტი შემართებითა და სულ სხვა კუთხით დაიწყო.
ჯერ კიდევ არ იყო მკვლელი და ჯერ კიდევ ვერ ბედავდა ეთქვა სიმართლე ოჯახში. შესაფერის დროს ელოდა და ეს დროც, რაღაცნაირად დაუსრულებლად იწელებოდა. თანდათან, უფრო მეტად უძლიერდებოდა სამაგიეროს გადახდის სურვილი და ნელ-ნელა ჭამდა ის ფიქრი, რომ დაუსჯელი, არავინ უნდა დარჩენილიყო.
ეგუებოდა იმ აზრს, რომ მის ცხოვრებაში ტრაგედია ტრაგედიას მოსდევდა და დასასრული, სადღაც ისე მიმალულიყო, რომ ჰორიზონტზეც კი ასე ადვილად ვერც მოჰკრავდა თვალს.
LEX. 2017 წლის 14 აგვისტო, ორშაბათი.
No comments:
Post a Comment