100.
შვილის გაჩენის სიხარული, სიმწარით შეეცვალა, რასაც უფროსი ძმის და მოძღვრის გარდაცვალებაც მოჰყვა. მთელი კვირა, ისე იყო ყურებ ჩამოყრილი, სიცოცხლის სურვილიც კი აღარ ჰქონდა, მაგრამ როცა...
„უდანაშაულო, უსუსურ არსებას, შენს მეტი არავინ ჰყავს და შენი გვერდით დგომა სჭირდება, შენ რა უფლება გაქვს, რომ ხელი ჩაიქნიო?!
ვინ მოგცა უფლება? შენ! ადამიანო, რომ სხვა, შენზე დამოკიდებულ პატარა ადამიანს ხელი ჰკრა და არ მიეშველო?!
ვინ ხარ?!
რა უფლებით?!
რით ხარ მასზე აღმატებული?!“
ათასგვარი შინაგანი ხმა ჩასძახოდა პიპას და სიცოცხლის წყურვილიც, თანდათან უჩნდებოდა. თუნდაც, მხოლოდ იმისთვის უნდა ეცოცხლა, ვისთვისაც მისი გვერდით დგომა ყველაზე მეტად იყო ახლა საჭირო.
ჯერ კიდევ შურისძიებაზე არც ფიქრობდა.
კი, ბევრჯერ გაუელვა ბოღმამ გულში, ბევრჯერ ათასი რამ გაიფიქრა, მაგრამ...
ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ოდესმე...
პიპა გაოგნებული დაჰყურებდა, შუშის რაღაც დიდ კაფსულას მაგვარ კოლოფში ჩასმულ შვილს. ცხვირთან პატარა სასუნთქი მილები ჰქონდა მიმაგრებული. ბავშვი ღრმად სუნთქავდა, მოვლილსა და გასუფთავებულს მშვიდად ეძინა.
ბავშვი ასეთ მდგომარეობაში რომ დახვდა, თავიდან ძლიერ შეშინდა. მერე ექიმმა აუხსნა და დაამშვიდა.
- ჯერ ის, რომ დიდი ხნის გამოსაცვლელი იყო, მერე ის, რომ საკუთარ ნარწყევში ეძინა რამდენიმე საათი. არ ვიცი რა აჭამეს, შეიძლება არაფერი ისეთი, მაგრამ ვერ შეირგო ბავშვის ორგანიზმმა, ორმხრივი ფილტვების ანთება დაუდგინდა. ნუ გეშინიათ, კიდევ კარგი დროულად ჩავერიეთ. ეს სპეციალური აპარატია, აქ თბილადაც იქნება, სპეციალური ვიტამინებიანი ჟანგბადი აქვს. დამშვიდდით, აი ნახავთ სულ მალე გამოჯანმრთელდება!
პიპამ შვებით ამოისუნთქა. მართალია ნახევარი ვერაფერი გაიგო, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო. მერე ის კაცი, თავისი შვილის გადამრჩენელი მოიკითხა.
- ჯერ კიდევ საოპერაციოშია. საკმაოდ რთული ოპერაციაა, შესაძლებელია ცუდადაც დასრულდეს.
- ვნახოთ, უფალი მოწყალეა. - პიპა ექთნის დამშვიდებას შეეცადა, თუმცა თავისთვის გაიფიქრა:
„უფალი მოწყალეა...
მხოლოდ ჩემთვის არა!“
- იმდენი რამ მოუტანა, რომ თქვენი ბარათი აღარც გახდა საჭირო, ბატონო პროფესორო. - შემოსვლისთანავე მიეგება ექთანი გოგონა, ცისფერ ხალათსა და შარვალში გამოწყობილ იმ უცნობ კაცს.
საოცარი იყო. ისევ იმ კაცს გაუჩნდა სურვილი, ვიღაც უცნობს, კიდევ ერთხელ დახმარებოდა. პიპა კი, თავის შვილიანად, ისე მოუვლელად გამოიყურებოდა, მართლაც უპოვარს ჰგავდა. ამიტომაც იფიქრა, უცნობმა ქირურგმა, რომ უქონელი იყო და საოპერაციოდან ბავშვის ნივთების შესაძენად ექთანს თავისი ბარათი გამოატანა და ღამის გასათევად საკუთარი კაბინეტიც კი შესთავაზა.
აი აქ კი პიპა, უკვე გონს მოეგო. საშინლად შერცხვა თავისი გარეგნობის. მართლაც რას ჰგავდა? აუცილებელი ხომ არ იყო, რომ ძვირფასი ტანსაცმელი სცმოდა, მაგრამ ასე საშინლად მოუწესრიგებელი, ტალახში ამოსვრილი ფეხსაცმელებითა და ჭუჭყიანი პერანგით...
მოგვიანებით, უკვე „ადამიანს დამსგავსებულმა“ პიპამ, სანოვაგით ხელში იმ პროფესორის კაბინეტში შეაბიჯა.
საოცარი ადამიანი აღმოჩნდა.
მართალია, დიდი ხნით დააგვიანა და პაციენტთა ახლობლების მთელი განაწყენებული არმია დახვდა. თუმცა, უფასო შვებულებაში ყოფილა, მთელი კვირა მისცეს დასვენების უფლება. მაგრამ არც უფიქრია დაესვენა. მაინც მოვიდა. დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდა და გადაუდებელი, რამდენიმე საათიანი ოპერაციაც ჩაატარა და მერე კი ჩუმად, სულ სხვა მხრიდან შეიძურწა თავის კაბინეტში.
ხალხი მაინც გმინავდა.
- რას გვემალება?!
- ახლა მაინც, რაღას გვემალება?!
- დაგვენახოს მაინც!
- კიდევ კარგი, დროზე მობრძანდა, თორემ!
- ყველაფერი კარგად არის! ოპერაციამ კარგად ჩაიარა! ახლა მაინც დაწყნარდით და ნუ ხმაურობთ, სხვა პაციენტებს მაინც ეცით პატივი! - მოყაყანე ხალხს უსაყვედურა სხვა ექიმმა.
- ერთი ბავშვს რამე მოსვლოდა, დაა!!!
- სად ბრძანდებოდა მთელი დღე?!
- წესით, მთელი კვირა საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ თქვენი გულისთვის მოვიდა, თქვენ კი, რა ამბავში ხართ?
- როგორ იქცევით! ახლა მაინც! - შეეშველა ექთანი. - კაცი საკუთარი შვილის დასაფლავებიდან, პირდაპირ თქვენი შვილის გადასარჩენად მოვიდა აქ და თქვენ კი, მადლობის მაგიერ! - ბოლო სიტყვები იმდენად მკაცრად და ხმამაღლა გამოუვიდა, რომ წამსვე მთელი დარბაზი გაიტრუნა.
სანამ პიპა კაბინეტში შეაბიჯებდა, ამ ყველაფრის მომსწრე გახდა. ახლა უფრო მეტი პატივისცემა გაუჩნდა იმ უცნობი ადამიანის მიმართ.
„ვისი იმედიც მქონდა ცხოვრებაში, ყველა ნელ-ნელა, სათითაოდ შემომეცალა, მაგრამ ამ ქვეყნად თურმე, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები.“
- ვერ გიცანი უცებ. - პიპას დანახვაზე, ქირურგი გაკვირვებული დარჩა. - ეს რამდენი რამ მოიტანე, ბუფეტის გახსნას ხომ არ აპირებ?
- ყველას გვეყოფა! ეს გოგოებიც დილიდან მშივრები მთელი დღე ფეხზე დგანან. - პიპამ სანოვაგე მაგიდაზე შემოაწყო.
- ჰო, დღეს მაინც ძალიან ბევრი ხალხია. ასეა სულ ზამთრის პერიოდში. - მერე ჩუმი ხმით დაუმატა. - მე არაფერი მინდა, გოგოებს კი დავუძახოთ.
არაფერი მინდაო ამბობდა ქირურგი, მაგრამ როცა პიპამ, ბრენდის ბოთლი ამოაძვრინა, მაშინვე დაუქნია თავი.
- აი მაგას კი დავლევ ცოტას, უარს არ ვიტყვი. - თან ცოტა არ იყოს, ეჭვის თვალით ახედა პიპას.
ახლა ბევრად უფრო კარგად ჩაცმული, ძვირფასი სუნამოთი გაჟღენთილი და რაც უფრო საოცარი იყო, საკმაოდ ძვირადღირებული, ორი ბოთლი სასმელით ხელში, მანამდე ნანახი კაცის ფონზე, ცოტა უცნაურიც იყო, თუმცა პიპა წამსვე მიუხვდა:
- დარდმა, ისე იცის კაცის შეჭმა, რომ რაც არ უნდა აღმატებული იყო, წამსვე მათხოვარს დაგამსგავსებს და უბადრუკად გაქცევს!
ქირურგმა თავი ჩაქინდრა. აშკარა იყო, ცრემლის შეკავება უნდოდა.
კაბინეტში ექიმი ქალი შემოვიდა:
- ვაიმე ბოდიში. დღეს იმდენი ხალხია, ძლივს მოვახერხე თქვენთვის ყავის მომზადება. - ფინჯანი წინ დაუდგა.
ქირურგმა ისე მოუხადა მადლობა, რომ თავი არ აუწევია.
ექიმმა ქალმა დანანებით შეხედა და მერე პიპას მიუბრუნდა:
- თქვენც შემოგიტანთ ყავას!
- სიამოვნებით, მხოლოდ სავახშმოდ დაგვეწვიეთ ან უმჯობესია, რომ...
- გოგოები ცალკე ვიჭორავებთ, თქვენ აქ ხელს არ შეგიშლით. - წამსვე მიუხვდა ექიმი ქალი და პიპას მოწოდებული ცხელ-ცხელი შეფუთული დიდი მუყაოს კოლოფი ჩამოართვა. - ყავას ახლავე შემოგიტანთ! - გაუღიმა ქალმა.
***
- ესე იგი, შენი ვარაუდით არ იციან რომ... - ქირურგმა ჭიქები ისევ შეავსო.
პიპას მოყოლილმა ამბავმა, ძალიან დააინტერესა და ჩააფიქრა.
- კი, საუბრიდან ასე ჩანს, რომ ოჯახში არ იციან ერთი სისხლის, რომ ვართ, მაგრამ რომელია ჩემი მშობელი? თუ ორივე?
- სამწუხაროდ, საკმაოდ ძვირი ჯდება ეგ ანალიზი, თორემ ადვილად გაიგებდი.
- არ არის პრობლემა! რამდენიც იქნება საჭირო, იმაზე მეტსაც გადავიხდი! თან...
- რა თან?
- შეიძლება ისე გავაკეთო, რომ მარტო მე ვიცოდე? ნუ, ჯერ მაინც.
- საერთოდ, არ შეიძლება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, როცა კარგი მეგობრები გყავს. - თვალი ჩაუკრა ქირურგმა. - თანაც, შენს შემთხვევაში კრიმინალური არაფერია.
- აუცილებლად მინდა გავიგო. ძალიან მინდა! რა თქმა უნდა, მოგვიანებით ყველას ვეტყვი, მაგრამ ჯერ პირველმა, მე მინდა ვიცოდე!
- ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ თვითონაც არ იცოდნენ! - ექიმი გაჩუმდა. - სისხლს შენ უჩუმრად ვერ აუღებ, მაგრამ მაშინ რამე პირადი ნივთი იქნება საჭირო, თუნდაც კბილის ჯაგრისი.
- მოვიტან, ყველაფერს მოვიტან!
- ცალ-ცალკე პაკეტებში ჩააწყე და დააწერე, რომ არ აირიოს ვისი რომელია.
- პასუხი რამდენ ხანში იქნება?
- ოოო, პასუხზე ლოდინი კი მოგიწევს. უნდა გადააგზავნონ სხვაგან, იქ ჩაუტარდეს ანალიზი, მერე დასკვნას უნდა დაელოდონ და მერე მოვა იმათი პასუხი ჩვენამდე.
- დაველოდები, სხვა რა გზაა?
- და შენ რას ფიქრობ?
- ჩემი ნამდვილი გვარით, ვერავინ ვნახე ისეთი, ვისი შვილიც შეიძლებოდა ვყოფილიყავი. თავის დროზე, ბევრიც ვეძებე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ან იქნებ, არც ის იყო ნამდვილი?
- შეიძლება. - კვერი დაუკრა ქირურგმა. - თუმცა, ასე სულ მართლაც, ვიღაც უცხოს გვარიც არა მგონია რომ იყოს. თუ მშობლის არ იყო, მაშინ ვინმე ძალიან ახლობელი თუ შესძლებდა მის გვარზე დაეწერე დაბადებისთანავე, რადგან საბუთის გარეშე ვერ გაგაფორმებდნენ. - ქირურგი ისევ გაჩუმდა, მაგრამ მალევე განაგრძო. - თუ დედა არასრულწლოვანი იყო, მეურვე ან მშობელი ან ძალიან ახლობელი გამოიყენებდა თავის საბუთს.
- არც ეგ ვიცი, სამწუხაროდ. - პიპამ მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა. - იქნებ, თუ დაბადებისთანავე მიმატოვეს, რომელიმე ექიმმა ან ექთანმა მიბოძა მისი გვარი, სულ რომ უგვაროდ არ დავრჩენილიყავი? ან სულაც ბავშთა სახლში.
- მაშინ ეგ საბუთი, უეჭველი იქნებოდა, სადაც ზუსტად იქნებოდა მითითებული, თუ რის საფუძველზე მიიღე ის გვარი.
- არა! მსგავსი არაფერი მინახავს! - თავი გააქნია პიპამ. - თუმცა, ისეთი დრო იყო, ომი და უბედურება, ვინ იცის? რა საბუთი სად გაქრა და სად წავიდა? თავიდანვეც, რამდენიმე ბავშვთა სახლი მაქვს გამოცვლილი, რაც თავი მახსოვს, სულ ის გვარი მქონდა, მერე კი მოგვიანებით შევიცვალე.
ქირურგი ჩაფიქრებული უსმენდა პიპას მონათხრობს. რაღაც მომენტში, თითქოს რაღაც ეცნო კიდევაც და პიპას, მრავლისმეტყველი სახით მიაჩერდა.
- რა იყო? - ვეღარ მოითმინა პიპამ.
- წამოდი ერთი, რაღაცას გაჩვენებ.
ქირურგმა პიპა, ერთ დიდ საკონფერენციო დარბაზში შეიყვანა. პიპამ გაკვირვებით მოავლო თვალი ცარიელ დარბაზს. კედლები სავსე იყო ჩარჩოში ჩასმული სიგელებითა და ფოტოებით.
- აი ეს ქალი, მეცნიერებათა დოქტორი. - ქირურგმა თითით, ფოტოზე მიანიშნა. - შენი მოგვარეა. ეს კი მისი ქმარია, მაგრამ სხვა გვარი აქვს.
პიპამ მხრები აიჩეჩა:
- მოგვარე ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ...
- ჰო, მოგვარე შეიძლება ბევრი იყოს და ყველას თავისებური პატარა ისტორიაც ჰქონდეს.
პიპამ კითხვის თვალით შეხედა.
- არ ვიცი ახლა ეს ამბავი, რამდენად ან საერთოდ თუ არის შენთან რამე კავშირში. - განაგრძო ქირურგმა. - მაგრამ ამ ოჯახს, ერთი საშინელი ისტორია აქვს.
პიპა ამბის მოლოდინში დაიძაბა.
ქირურგი დადუმდა. თითქოს, სიტყვები არ ეთმობოდაო და ბოლოს, როგორც იქნა ხმა ამოიღო:
- ერთადერთი გოგონა ჰყავდათ. - წამით იყუჩა და უფრო დაბალი ხმით დასძინა. - ძალიან პატარა ასაკში გარდაეცვალათ.
პიპას გული შეუქანდა და ძლივს ამოღერღა:
- რატომ?
- რა ვიცი აბა რატომ? განა, ცოტაა მიზეზი ამ ქვეყნად, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფისა?
პიპას ლამის მკვდრისფერი დაედო.
- თავი ჩამოიხრჩო... - ძლივს ჩურჩულით ამოილუღლუღა.
- ჰოო, სამწუხაროდ! და შენ რა იცი? თუმცა, რადგან შენს წარმომავლობას ირკვევდი, სავარაუდოდ, ყველა შენს მოგვარეზე გაიგებდი ამბებს.
- ამ ქვეყნად უამრავი ადამიანი დადის. ადამიანს ირქმევს, თორემ ისე ცარიელი გვამია, უსულო გვამი! მისი სხეული, მისი ხორცი დადის! სული კი აღარ აქვს! და თავის უსულობასაც კი აღარ კმარობს ახლა სხვა აცლის სულს! სიცოცხლის ბოლო წვეთსაც კი გულიდან აგლეჯს!
- ეჰ, ჩემო პიპა. - ამოიხვნეშა ქირურგმა. - დედამიწა სავსეა მოსიარულე გვამებით. ცხოველს უფრო შეიძლება ენდო ვიდრე ადამიანს. ძაღლს უფრო მეტი სული აქვს, ვიდრე ზოგიერთ, ცხოველის დონემდე დაშვებულ ადამიანს.
- არა, ძაღლებს არა აქვთ სული! სული, მხოლოდ ადამიანებს აქვთ!
- კი მაგრამ, როგორ? ძაღლიც სუნთქავს და ადამიანიც, ძაღლსაც შეუძლია სიყვარული და ერთგულება და ბევრ ადამიანზე მეტადაც! - არ ეპუებოდა ექიმი.
პიპას გაეღიმა და მშვიდი ხმით მიუგო:
- ადამიანი, სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: სხეული, სამშვინველი და სული. ისე, სამშვინველი ცხოველებსაც აქვთ, სული კი, მხოლოდ – ადამიანებს. აი ის ერთგულება და სიყვარული, რასაც შენ ამბობ, სწორედაც, რომ სამშვინველია. სამშვინველი კი თავის მხრივ, სიცოცხლის სიმბოლოა და არა მისი წყარო. - პიპამ სასმელი მოსვა და განაგრძო. - ადამიანის სხეულისა და მიწის შემადგენელი ქიმიური ელემენტების პროპორციულობა ერთი და იგივეა. სული, ფსიქიკა – ეს ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი, აუხსნელი, მაცოცხლებელი ძალაა, ადამიანური აზროვნების ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე განუსაზღვრელი ცნებაა! აი, ნახე თუ გინდა, შეადარე - სამშვინველის ცნებაში, ადამიანის სრულიად განსხვავებული თვისებებია მოქცეული: გრძნობადი სურვილი, აღქმა, მგრძნობელობა, აზროვნება, შემეცნება და ამის მიზეზია, რომ სამშვინველის ცალკე მდგომ ერთეულად წარმოდგენა, ესე იგი, სხეულის გარეშე მისი არსებობა, ყველანაირად გამორიცხულია! სული კი ადამიანისთვის, როგორც მაცოცხლებელი ჟანგბადი ისეა. სულია მისი ტვინიც, გულიც და გონებაც! ადამიანის ფსიქიკაა მისი სული! - პიპა გაჩუმდა.
ექიმი სულგანაბული უსმენდა. გაოგნებული იყო თავისი მოსაუბრის ცოდნის დონით.
- მდაა, ალბათ ამიტომაც არის სულიერად დაავადებულებს, რომ უწოდებენ ფსიქიურად აშლილებს. ჰმ, საინტერესოა, ადრე არც დავფიქრებულვარ ამაზე. - ჩაეცინა ექიმს.
პასუხად პიპამ გაუღიმა.
***
გვიანი ღამე იყო. სახლში სიჩუმე იდგა. ცხადია, ეძინათ.
პიპა მოურიდებლად დაადგა სიმამრს საძინებელში, შუქი აანთო და მის გაღვიძებას უხეშად შეეცადა.
კაცმა ძლივს ამოისუნთქა, ძლივს გაითავისუფლა ყელი სიძის მარწუხებისგან. ვერაფერი გაეგო, ამ შუაღამისას რა უნდოდათ მისგან? რისთვის ახრჩობდნენ?
პიპამ ისევ მოზიდა და ყელში მოუჭირა:
- გქონდა იმ გოგონასთან, ფიზიკური სიახლოვე?! მითხარი! მითხარი!
კაცმა ისევ ძლივს გააშვებინა ხელი გამხეცებულ სიძეს და ხველებ-ხველებით ძლივს გასცა პასუხი:
- ვისთან?! ვისზე ამბობ?! ვინ გოგო?!
- ძალიან კარგადაც იცი, ვისზე ვამბობ!
კაცმა წამით იყუჩა. მერე თითქოს ძლივს გაიხსენა და უკმაყოფილო ბურდღუნით უპასუხა პიპას:
- შეყვარებულები ვიყავით და მქონდა აბა რა!
- ბებერო ღორო!
- მაშინ ახალგაზრდა ვიყავი! - თავის მართლებას შეეცადა კაცი.
- ის კი ბავშვი იყო! ბავშვი! პატარა ბავშვი! - ბოლო ხმაზე აღრიალდა პიპა და ისევ ყელში სწვდა.
კიდევ კარგი, სიდედრი დროულად შემოვარდა, თორემ მართლა დაახრჩობდა.
პიპა მაინც ვერ მშვიდდებოდა, მხეცივით გმინავდა. პასუხებს მოითხოვდა. სიდედრს ვერაფერი გაეგო, ან რას ეკითხებოდნენ ან რას პასუხობდნენ.
- მერე? შვილი თუ ეყოლა? ბავშვი რა უყავით? ისიც ასე მიაგდეთ არა?!
- რა შვილი? რომელი ბავშვი? - კაცი რაღაცას ბურტყუნებდა. ცხადი იყო, ბავშვის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. ისიც კი არ იცოდა, ორსულად იყო თუ არა ის გოგონა.
- მშობლების გვარი მაინც თუ გახსოვს?!
- დედამისი ცნობილი ქალი იყო მამამისი უფრო ნაკლებად, დედის გვარი არ მახსოვს. ჩვენ რომ დავშორდით მგონი ორი წლის მერე... მერე... აღარ იყო...
- რატომ მიატოვე?! პატარა ბავშვი მოატყუე, შეაცდინე და მიატოვე! მიაგდე!
- არ მიმიტოვებია! მე არ მიმიტოვებია! - აკანკალებული ხმით აღმუვლდა კაცი. - ტელეფონთან აღარ მოდიოდა, სახლში რამდენი მივაკითხე ან არ იყო ან არც გამოვიდა. არ ვიცი, ასე რატომ მოხდა. არც კი აუხსნია, თუ რატომ აღარ უნდოდა ჩემი დანახვა! შეიძლება, მშობლებმა აუკრძალეს და მერე თვითონაც აღარ უნდოდა, მაგრამ თავი რაღატომ მოიკლა, არც ეგ ვიცი! გეფიცები, მართლა არაფერი ვიცი!
პიპა უხმოდ გამობრუნდა. უკვე აღარ აინტერესებდა რას ბლუკუნებდა ის ღორი კაცი. ჯიბეში დნმ-ს ანალიზისთვის ყველაფერი ედო, კბილის ჯაგრისები, სავარცხლიდან აღებული თმები, საპარსი ნივთები.
ახლა უკვე თანდათან რწმუნდებოდა იმაში, რომ მამამისი იყო და არა სიმამრი. თვითონ კი იმ საცოდავი გოგონას შვილია, ბებიამ თავის გვარზე დაწერა და ისე მიაგდეს, აღარც მოუკითხავთ.
თუმცა, ყველაფერს ჯერ კიდევ მაინც ბოლომდე დამტკიცება უნდოდა.
LEX. 2017 წლის 10 აგვისტო, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment