Monday, January 8, 2018

შენი თვალებით ვუყურებ სამყაროს


ნუთუ მართლა გაინტერესებს ჩემთან რა ხდება? აი ეს ხდება, შენი თვალებით ვუყურებ სამყაროს, შენი ფოტოებიდან ვხედავ როგორია ახლა ზღვა, მთა, როგორი ამინდია ქვეყანაზე, რა ხდება სამყაროში საერთოდ და რა ფერი აქვს ახლა ფოთლებს, თუ ხასხასა მწვანეა უკვე გაზაფხული დიდი ხნის მოსულია... იცი... ჩიტების ჭიკჭიკიც კი მესმის... რა ვიცი ასე მგონია, რომ მესმის, ან იქნებ გარედან შემოდის, და ჩემს დახშულ ბნელ ოთახში ისმის... არა, არა მაგიტომ კი არ გწერ რომ დანაღვლიანდე და დადარდიანდე, სულაც არა. ზოგი ისე ცხოვრობს, ზოგი ასე, ზოგიც კი არ ცხოვრობს და მაინც სუნთქავს ჯერ კიდევ... ჩემსავით,
თითქოს სამყარო თავისი ცხოვრებით ცხოვრობს... მე კი ჩემი
შენი ფოტოებიდან გადმოსული ქვეყნიერება მაცოცხლებს, ასე მგონია მეც მანდ ვარ, კი არ მგონია ვგრძნობ ამინდს, ნიავიც კი მეხება სახეზე, ზოგჯერ წვიმისგან ისე მაქვს დასველებული ფეხი, რომ ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ, როდის გავიხდი ფეხზე... და ვერც კი ვგრძნობ რომ არც კი გავსულვარ ჩემი ნახევრად ჩამქრალი ოთახიდან. სიხალისე მემატება, სტიმული მეძლევა, რომ ჯერ კიდევ ადრეა, ჯერ კიდევ ცხოვრება გრძელდება და ჯერ კიდევ სად ვართ, იმდენი მთა და მდელო უნდა გადავიაროთ... გამწვანებული ფოთლები ნელანელა აფერადდება შემოდგომის ფერებში ჩაიძირება, მერე კი პირველი თოვლის მოსვლა უნდა გვახაროს დათოვლილმა ტოტებმა...
მე კი ისევ იქ ვარ იმ ოთახში... სადაც არაფერი შეცვლილა.
LEX. 2015 წლის 6 ივნისი, შაბათი.

https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706244729617817/1712468348995455/?type=3&theater

No comments:

Post a Comment