- ჰმ, როგორც შენ აღწერე, ის ჭკვიანი, ფრთხილი
და წინდახედულია! შენ კი, იმპულსური! პირდაპირი და ბავშვურად მიამიტური. აქედან
გამომდინარე, თქვენი ასეთი ხასიათების სხაობამ, შეიძლება კიდეც დაგაშოროთ ერთმანეთს, ან პირიქით, თქვენს შორის მიზიდულობა, კიდევ უფრო მეტად გაძლიერსეს! - მხატვარმა წამით შეისვენა. - შენ, ერთი შეხედვით, თავნება და თითქოს, დაუმორჩილებელ ქალს წარმოადგენ!
ისე კი ქვეცნობიერად ყოველთვის გაქვს იმის განცდა, რომ ეს სწორედ ის კაცია, რომელსაც ღირს რომ დაემორჩილო. ნუ, დამორჩილებაში, ყურმოჭრილ მონობას, სულაც არ ვგულისხმობ!
- ვიცი, ვხვდები. - ამოიკნავლა მიმიმ.
- ახლა ფიფო, იქ იმ ოთახში ნებივრობდ მშვიდად. სახლში კი ერთი ამბავია ატეხილი, ბავშვის გამო და რა ქნას? აბა, სად დაიმალოს?
- კი კარგი ვქენი, რომ დავუთმე! - კვერი დაუკრა მიმიმ. – ცოტას
მაინც დაისვენებს ყველასგან. აქ მართლაც არ არის, ორი კაცის ადგილი.
- ისე, საკმაოდ კარგად გესმის, თუ რა არის ადამიანობა და სიყვარული. - გაუღიმა
მიმი ატყობდა ამას და მეგობრის ეშმაკურ ხერხს, ღიმილით პასუხობდა.
- თან შენ ისეთი ხასიათი გაქვს, რომ შენთვის მხოლოდ გარეგნული სილამაზე დამაკმაყოფილებელი არ არის, ნუ მამაკაცი, მაინც მამაკაცია და მისთვის მთავარია კაცობაში არ ჩაიჭრას, თორემ რად გინდა მერე მისი გარეგნობა? მაიმუნზე, ოდნავ სიმპათიურიც კი საკმარისია, რომ...
მხატვრის ამ ბოლო სიტყვებზე, მიმი სიცილისგან კინაღამ გაიგუდა. მხატვარიც აჰყვა. თავს ბედნიერად გრძნობდა, როგორც იქნა, ცოტათი ხომ მაინც შესძლო და გაამხიარულა დაზაფრული მეგობარი.
- ჰოდა, მეგობარო! თქვენ იმსახურებთ, როგორც ვიზუალურად, ასევე შინაგანად დადებით მეორე ნახევარს! დიახ! ასეა ეს! უჰ, რამდენი ვიქაქანე. ხანდახან, გამაჩერე ხოლმე, რაა, ხელით მაინც მანიშნე, რომ გავჩუმდე!
მიმი კვლავ კისკისებდა, ძლივს იჯერა სიცილით გული, მაგრამ მაინც მალევე მოიწყინა, რადგან ფიქრებით, კვლავ პიპას ირგვლივ დაჰქროდა და ვერც მხატვრის დაუღალავმა იუმორმა გაჭრა ბოლომდე და ცოტა ხანში, ისევ ისეთივე ნაღვლიანი სახე ჰქონდა.
- მე მაინც, ყოველთვის გამაღიზიანებლად მეჩვენებოდა მისი ასეთი სიჩუმე. - მიმიმ მძიმედ ამოიხვნეშა. - მართალია, ხმას არ ვიღებდი და ველოდი, თავად როდისღა ალაპარაკდებოდა, მაგრამ... - მიმის ხმა გაებზარა. - ისე წავიდა, წესიერად არაფერი მოუყოლია თავის ცხოვრებაზე. მის შესახებ, ბევრიც არაფერი ვიცი. თითქმის, არც არაფერი.
ბოლო სიტყვები, ჩურჩულით გამოუვიდა და სადაცაა ატირდებოდა, მაგრამ მხატვარმა, პიპას გასამართლებლად, კიდევ ახალი არგუმენტი მოიყვანა:
- მასეა, როცა პრობლემების გადასაჭრელად გზებს ეძებ, როგორც წესი, სწორედ მაშინ ჩუმდები და ყმაწვილი იგი, პირქუშად დუმს! - დასჭექა ბოლოს მხატვარმა.
მიმის ისევ გაეცინა.
- რა გაცინებს? იქნებ, არ უნდა, რომ ძველმა საიდუმლომ, მისი ახალი ცხოვრება არიოს და დაამსხვრიოს? ამიტომაც თავის გასამართლებლად, დუმილის კოდექსი გამოიყენა.
- შენ ყოველთვის იცავ და ამართლებს მის საქციელს. - ამოიკვნესა მიმიმ.
- კი არ ვიცავ! - შეუძახა მხატვარმა. - და სხვათა შორის, არც ვამართლებ! უბრალოდ, ლოგიკურად ვმსჯელობ! ხომ ხედავ? ვიღაც, თავქარიანი ბიჭი კი არ აღმოჩნდა, რომ უცებ მოუფრინდეს ოფოფები თავში და წამო სადმე გადავიხვეწოთო, არამედ ნახე, როგორ ჭკვიანურად ალაფებს ურთიერთობებს შენთანაც და დარწმუნებული ვარ, ალბათ ყველგან და ყველასთან.
- კი, ძალიან ჭკვიანია, მართლაც არ ახასიათებს იმპულსური ქმედებები.
- აი, ხედავ არა? გონივრულად მოქმედებს! აბა, ჩემსავით კი არ ზის აქ ამ სოროში და ელოდება, თუ როდის შეიცვლება გარეთ სამყარო.
მიმიმ ამოიხვნეშა და არაფერი უპასუხა. მხატვარმა კი განაგრძო:
- შენ კი, აქ ცხვირ-პირი ჩამოგტირის და რის გამო? შენს მეგობარს, პირადი პრობლემა აქვს, დედა ჰყავს ცუდად, წესიერად არც საშუალება აქვს, რომ უმკურნალოს და უცებ მის ბედზე, სწორედ ის სახსრები გამოჩნდა, რომელზედაც ალბათ, ადრე ვერც კი იოცნებებდა და როგორ ფიქრობ? არ უნდა წავიდეს? თუ მიმიმ არ ინერვიულოსო და დედაჩემი, ფეხებზე მკიდიაო? თან, დაგემშვიდობა კიდევაც და სიტუაციაც აგიხსნა, ჩუმად ხომ არ გაპარულა? და როგორც ვიცი, არც არასდროს უწუწუნია შენთან, დედა ცუდად მყავს და მკურნალობის საშუალება არ მაქვსო. ხმაც კი არ ამოუღია თავის სიდუხჭირეზე. მით უმეტეს, მშვენივრადაც გამჩნევდა ალბათ, რომ ფინანსურად არც იმდენად გიჭირს, მშვენივრად დგახარ ფეხზე. ზოგი აფერისტი კავი კი მის ადგილას იმდენს იწუწუნებდა, რომ მანქანასაც კი გაგაყიდინებდა მის დასახმარებლად!
- არც მაგდენად სულელი ვარ. - ამოიკვნესა მიმიმ.
- შენ კი არ ხარ სულელი, მაგრამ ზოგი მაინც შეედებოდა, ამის თქმა მინდოდა, ეს კი პირიქით, არც კი გაგრძნობინა, თუ როგორ უჭირდა და რა დღეშიც ყოფილა!
მხატვარი კვლავ შეეცადა დაზაფრული მეგობრის გამხნევებას. ამიტომაც, ხშირად უწევდა პიპას დაცვაც და მისი საქციელის გამართლებაც. თანაც, უფრო მეტად ის უნდაო, რომ კარგად გამოექექა. იქნებ, მიმის რამე ისეთი წამოსცდენოდა, რაც ფიფოს თანდასწრებით ვერ თქვა, ან იქნებ, არც თქვა და დამალა. შესაძლებელი იყო, სულ პატარა ნიუანსსაც რაღაც მაინც შეემატებინა გამოძიებისთვის.
მხატვარი ბევრს ეცადა, მაგრამ მისთვის საინტერესო ვერაფერი გაიგო. მიმი ახალს ვერაფერს ამატებდა, გარდა იმისა, რაც უკვე ადრეც ბევრჯერ ჰქონდა ნათქვამი.
მერე მხატვარმა, თანდათან თემა შეცვალა. თავის გოგონაზე დაიწყო საუბარი, ის პროფესორიც უხსენა, თან კარგადაც აკვირდებოდა, მაგრამ მიმის, არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. ცხადი იყო, მიმი სულ სხვა სახელით იცნობდა, როგორც სულ სხვა პიროვნებას, მაგრამ იყო, ეს ორი ადამიანი ერთი და იგივე? ამას ისევ, მიმი თუ მოჰფენდა ნათელს, მაგრამ როგორ? ფიფოს კატეგორიულად არ უნდოდა ამ საქმეში მიმის, თუნდაც სულ ოდნავ მაინც გამოჩენაც კი.
მხატვარი მაინც შეეცადა ვინაობა გამოეკითხა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მიმიმ მისი რჩეულის გვარიც კი არ იცოდა. არც უკითხავს. აზრადაც არ მოსვლია, რომ ეკითხა. თავის მხრივ, თურმე არც პიპა დაინტერესებულა და მხოლოდ ფიფოს ირგვლივ თუ უსვამდა შეკითხვებს. მიმი კი დარწმუნებული იყო, რომ პიპა, ამას მხოლოდ იმიტომ კითხულობდა, რომ გაეგო, თუ რამდენად თავისუფალი იყო მიმის გული.
სინამდვილეში კი პიპას, სულ სხვა ინტერესები ჰქონდა და ამას, მიმისგან განსხვავებით, მხატვარიც მშვენივრად ხვდებოდა და რადგან მიმიმ, ბევრი ვერაფერი მოუყვა, მხატვარი შეეცადა, ის დღე მაინც შეეხსენებინა, როცა პიპამ თავის სოფელში წაიყვანა.
- სასაფლაოზე რომ გახვედით, იქ მაინც წაგეკითხა გოგო, გვარები. - მხატვარმა იუმორში გაუტარა შეკითხვა.
მართლაც, სასადილო იყო. ამდენი ხანი იცნობდა და გვარიც კი არ იცოდა მისი.
- მე, ქვემოთ დავრჩი, ეზოში. სასაფლაო კი, ციცაბო გორაზე იყო. ისე, გემრიელად ვისვენებდი ჩრდილში, სუფთა ჰაერზე ჰამაკში, რომ აღარც შემაწუხეს ზედმეტად.
- ესე იგი, უფროსი ძმა ჰყავს გარდაცვლილი?
- კი, მისი უფროსი ძმა და ბაბუაც, ერთად არიან დასაფლავებულნი და იცი, მისი ძმა, თურმე ბერი ყოფილა. მთელი ცხოვრება, მონასტერში გაუტარებია.
- ჰოო? - ვითომ მართლა გაიკვირვა მხატვარმა.
„რა საინტერესო დამთხვევაა.“
გაუელვა მხატვარს.
„იმ პროფესორის ძმაც, თუ მამაც, მღვდელი ყოფილა და გარდაცვლილია. ბაბუც ჰყოლია. ისე, სულ რაღაც ემთხვევა და მერე, ისევ ისე ირევა და ძაფივით იბურდება ყველაფერი.“
- ისე, რა საოცრებაა. - განაგრძობდა მიმი. - მთელი ცხოვრება, მონასტრის კედლებში გამომწყვდეული. მე ალბათ, ვერც გავძლებდი.
- ვერც მე! - მხარი აუბა მხატვარმა. - თუმცა, გამომწყვდეული რატომ უნდა ყოფილო? ხომ არავის დაუძალებია? შუა საუკუნეები კი არ არის, თავად აირჩევდა ასეთ ცხოვრებას.
- ჰო. ალბათ. - წაიჩურჩულა მიმიმ.
მხატვარს, ერთი სული ჰქონდა, სანამ ფიფო მოვიდოდა და ამ ახალ აღმოჩენას მიახლიდა, მაგრამ ფიფოს ახალ სად ეცალა მხატვართან საქაქანოდ. იქ, იმ პიპას ყოფილ ბინაში ჰყავდა კრიმინალისტები მოწვეული და ისიც, ფარულად და სრულიად საიდუმლოდ. ზედმეტი ხმაურის გარეშე უნდა გაექექათ ყოველი კუთხე-კუნჭული. შეუმოწმებელი უბრალო ბეწვიც, კი არ უნდა გამორჩენოდათ. ფიფომ, დერეფნის მიკარგულ კუთხეში, ის სამალავიც კი იცოდა უკვე, საიდანაც თავის დროზე, მიმი და პიპა ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. რა თქმა უნდა, ესეც მხატვრისგან გაიგო. თუმცა, თავიდან მხატვარი, კატეგორიულ უარზე იდგა. მისთვის გამხელილი საიდუმლოს გამხელა არ სურდა, მაგრამ მერე როცა, მიმი მთელი დღით დაიკარგა და თავადაც ძლიერ შეშფოთდა, აი მაშინ კი იკადრა და ფიფოს, ყველაფერი დაწვრილებით უამბო.
ფიფო, მოხუცი სახლის პატრონთანაც, იმავე დღესვე დამეგობრდა. ჩაიზეც დაიპატიჟა თავი, თუმცა ისედაც მიიწვევდნენ. მოხუცს სალაპარაკოდ, ყოველთვის ექავებოდა ენა. სახლის პატრონმაც, მიმის მსგავსად, ბევრიც არაფერი იცოდა მის უკვე ყოფილ მდგმურზე. მისი ერთადერთი სტუმარი კი მიმი იყო და ისიც მხოლოდ ერთხელ ეწვია, წვიმაში გალუმპული.
- ამაზე საუკეთესო მდგმური, არასდროს მყოლია. - უყვებოდა სახლის პატრონი. - არც არავის აწუხებდა, ქირასაც ყოველთვის პატიოსნად მიხდიდა. მაგის გამო, არც ერთი მეზობლისგან არ მიმიღია საყვედური. იყო თავისთვის წყნარად და მშვიდად.
ფიფო ღიმილით პასუხობდა, რომ ასეთი მორცხვი და მორიდებული ბიძაშვილი მყავს, ქალები აქეთ აკითხავენ სახლშიო.
ფიფო ყურებამდე უღიმოდა, მაგრამ გული ბოღმისა და ბრაზისგან ენთებოდა. ყველაზე მეტად კი, საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები. ყველაფერი მისი ბრალი იყო, თავად ჩაუგდო ეს გოგო ხახაში მკვლელს და ნაძირალას.
მიმის კი, პიპას მონატრებისგან, ლამის სული მისდიოდა. დიდხანს ვეღარც გაჩერდა სახელოსნოში. თავადაც არ იცოდა, საით უნდოდა წასვლა. ისე იმ ძველ სადარბაზოში უნდა ეცადა ბედი. იქნებ, ცოტა შვება მაინც ეგრძნო. ახლა პიპას ყოფილ ბინაში მისვლა, ნამდვილად უაზრობა იქნებოდა. მით უმეტეს, თუ ახლა იქ მის ნაცვლად, ყველასგან და ყველაფრისგან გამოქცეული ფიფო აფარებდა თავს. ასეთ მძიმე პერიოდს გადიოდა მისი მეგობარი და ხელის შეშლაც არ უნდოდა.
ძველი სადარბაზოს სრიალა, მაგრამ მტვრისგან დაფარული ცივი კიბეებისგან სასიამოვნო სიგრილე იგრძნობოდა. მტვრისა და ნესტის შერეულმა სუნმაც კი ღიმილი მოჰგვარა. ზაფხულის ცხელი ჰაერისგან განსხვავებით, აქ თითქოს, სულ სხვა სამყარო იყო. სადარბაზოდ კარს იქეთ გამეფებულ ხვატს, აქაურობის სიგრილე ცვლიდა. საოცარი იყო. პიანინოს ხმა, ისევ ისმოდა. სადღაც ყრუდ, ისევ ის მელოდია გაისმოდა.
მიმი კედლის აქა-იქ ჩამოშლილ ჩუქურთმებს შეეხო. თითები ჩააყოლა ხვეულებს და რაღაც ხმებიც კი შემოესმა. რაღაც ყრუდ, თითქოს მოგუდულ საუბარსაც მოჰკრა ყური. ხმა სწორედ კედლის იმ ნაწილიდან მოდიოდა, სადაც პიპა ასე საგულდაგულოდ ემალებოდა ხოლმე . მიმიმ ყური მიუგდო. ალბათ, რომელიმე ოჯახი, სახლის ამ მიგდებულ გაპარტახებულ ადგილებს ასუფთავებდა. ხმები არ წყდებოდა. თუმცა, სიტყვებს ვერც არჩევდა. საკმაოდ დაბალ ხმაზე საუბრობდნენ. თითქოს, არ უნდოდათ, ვინმეს რომ მათი იქ ყოფნა გაეგო. მიმის ცნობისმოყვარეობას სძლია და კედლის ნაპრალში შეიხედა.
ელდა ეცა.
„არა, არა! შეუძლებელია, შეუძლებელი!“
კედლის იქეთ ფიფო და ორი-სამი ვიღაც ფარნის შუქზე რაღაცას ეძებდნენ, მაგრამ რას? რა უნდოდათ? რის მოპოვებას ცდილობდნენ?
მიმი საშინლად აღელდა. აღარ იცოდა, რა უნდა ექნა. დაეყვირა აქ, კედლის აქეთ რომ იდგა, თუ ჩუმად გასცლოდა იქაურობას.
წამში ყველაფერი აერია.
მისი პირველი ვიზიტი აქ და მერე შიშით კედელზე აკრული ფიფოს გაცნობა და...
რაღაც საშინელი სუსხი იგრძნო. მთელ სხეულში დაუარა სიცივემ. ყველაფერი აემღვრა. ეს ნესტის სუნიც უკვე თითქოს, გულსაც ურევდა. კანკალი აუვარდა. კედელს ზურგით მიეყრდნო, რომ თავი შეემაგრებინა, მაგრამ მუხლებში ჩაიკეცა და გონებაც დაკარგა.
LEX. 2017 წლის 20 ივლისი, ხუთშაბათი.
No comments:
Post a Comment