Tuesday, January 30, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 92)

92.
- რამ გაგაგიჟა? - მხატვარი, გაოგნებული შეჰყურებდა, სიშმაგით ანთებულ ფიფოს. 
ფიფო გამოერკვა. მოიბოდიშა, ჭიქის ნამსხვრევებიც აკრიფა და ნირწამხდარი ჩაესვენა სავარძელში. 
- შენთვის ახალი ამბები მოვიტანე, შენ კი?! კიდევ კარგი, ერთი წამით გვიან შემოვედი, თორემ თავსაც გამიხეთქავდი! - უკმაყოფილოდ დაუმატა მხატვარმა.
ფიფომ არაფერი უპასუხა და ისე ამოიხვნეშა, ლამის გული ამოაყოლა. 
მხატვარმა ცივი ყავა მოამზადა. ფიფოს ისე დაუდგა, არც კი ჰკითხა, იქნებ, არც უნდოდა. 
ფიფოს, მართლაც არაფერი უნდოდა. ყავისთვის ზედაც არ შეუხედავს. სიგარეტს სიგარეტზე, უაზროდ ეწეოდა და ხმას არ იღებდა. 
მხატვარი ინტერესით კვდებოდა. ერთი სული ჰქონდა, ფიფო როდისღა ამოიღებდა ხმას, ის კი თითქოს, ვერც ამჩნევდა მხატვრის დაჟინებულ მზერას. 
- მშვენივრად შეგვხვდა! - მხატვარმა, ფიფოსთვის მომზადებული ყავაც თავისკენ მიიწია. - კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თუ მართლაც, არაფერ შუაშია, სრულად თავისუფლად შემიძლია, რომ დადებითად დავახასიათო! საკმაოდ განათლებული, ინტელექტუალური! როგორც ჩანს, სტუდენტებიც და კოლეგებიც პატივს სცემენ. რა ვიცი, საკმაოდ მსუყედ შემიძლია დავახასიათო. 
ფიფო კვლავ დუმდა. 
მხატვარი კი, რადგან ალაპარაკდა აღარ ჩერდებოდა: 
- მოკლედ, როგორც პროფესორი, ნასწავლი და განათლებული პედაგოგი, შესანიშნავია! მაგრამ აი თუ დამნაშავეა და ჩემთანაც ითამაშა, მაშინ? - მხატვარმა მხრები აიჩეჩა. - ან ჩემთან, რა უნდა ჰქონოდა სათამაშო? ისე მართლა, ჩემთან რატომ უნდა ეთამაშა?
ფიფო დამცინავად შეჰყურებდა და როგორც იქნა, ხმის ამოღებაც აღირსა: 
- სწორედაც, რომ ჰქონდა! 
მხატვარმა გაკვირვებით შეხედა. 
- დიახაც, რომ ჰქონდა! და მე ვარ ყველაზე დიდი ბრიყვი ამ ქვეყნად, რომ შენ, იქ მიგაგზავნე! - ფიფომ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. 
- ვერ გავიგე? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა.
- რა ვერ გაიგე? შენ როგორ ფიქრობ? არ გამოქექავდა მიმი აქ ვისთან დადის? და ვისთან მეგობრობს, თანაც მის მეზობლად? დარწმუნებული ვარ, ისიც კარგად ეცოდინება, მეც რომ ხშირად მოვდივარ აქ! ამიტომაც ვერც ვერაფერს შეამჩნევდი და მშვენივრადაც გაართმევდა თავს, თავის როლს, ბატონი პროფესორი!
მხატვარი გაოგნებული წამოხტა. ჯერ ცოტა იწყინა, მერე კი, სიცილიც აუტყდა. 
ფიფოც ცალყბად აჰყვა. თუმცა, რა აცინებდათ? 
- აუუ! ახლა, ვინ იცის? რას კაიფობს ჩვენზე. - ვერ ჩერდებოდა მხატვარი. 
- ადამიანი, რომელიც ასეთი დონის დანაშაულებებს გეგმავს და სჩადის, როგორ ფიქრობ? ნუთუ, აზრად მაინც არ მოუვიდოდა, ყველა იმ ახლობლის გადამოწმება, ვისთანაც კი რაღაც შეხება მაინც აქვს! - საკუთარ თავზე ბრაზმორეულმა ფიფომ ხელი ჩაიქნია.
- ხატვის შესწავლა მინდაო, სახელოსნოშიც მოვიპატიჟე. - მხატვარმა ჭიქა შეივსო. - მეგონა, აქ მოვიტყუე! მიხაროდა! 
- ჰმ! ჩემი ბრალია! მე არ უნდა გამეგზავნე შენ, ვინმე სულ სხვა, თუნდაც ჩემი კარის მეზობელი, რომ მიმეგზავნა, ის უფრო აჯობებდა! 
- ახლა ეგ კაი ხანი, არც მკვლელობის ჩამდენია, რომ იცოდე. 
- არა რა მკვლელობა! ვერ ხედავ, მიმისთანაც ეგრევე გაწყვიტა ურთიერთობა. 
- ასე ხელსაც ვერ დაადებ. - ჩაფიქრებული ხმით დაუმატა მხატვარმა. 
- ასე ხელის დადება, რომ მინდოდეს! - ფიფო აღელვებით წამოიჭრა. - მე ფაქტები მჭირდება! ფაქტები! ფაქტზე უნდა დავიჭირო! უტყუარი სამხილი მინდა! ისეთი სამხილი, რომ ვერანაირად ვერ გამოძვრეს! 
- ჰო, კარგი დამშვიდდი. დაჯექი. რამეს მოვიფიქრებთ. 
მხატვრის სიტყვებზე, ფიფო გამოერკვა „ორატორული გამოსვლა“ შეწყვიტა და სავარძელს დაუბრუნდა.
მხატვარმა ფარული ირონიით გახედა: 
- აკი არ არსებობს, იდეალური დანაშაულიოოო? 
- იდეალურია, მანამ სანამ არ გაშიფრავ და არ აღმოაჩენ დამნაშავეს! 
- ჰოდა, მერე გავშიფროთ! დავიჭიროთ! მეც აქ ვარ!
ფიფოს ხმამაღლა გაეცინა და არაფერი უპასუხა. 
- მოდი რა, მიმის დავაპირისპიროთ? ჰა?! რას იტყვი? - საკუთარი იდეით აღფრთოვანებული მხატვარი, ფიფოს პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. 
ფიფომ ხელი ჩაიქნია: 
- რა აზრი აქვს? ამით მიმის უფრო გულს ვატკენთ! ისედაც, მასთან დაშორების მერე, რა სახით იჯდა აქ, არ გახსოვს? 
- ჰოო. ისე მაინც კარგია, რომ მოშორდა და არაფერი დაუშავა. 
- და რაში აწყობდა მიმისთვის ზიანის მიყენება? არც არაფერში! 
- და ახლა, რა ვქნათ? 
- არაფერი! 
- როგორ, თუ არაფერი? - მხატვარმა წარბები აზიდა.
- არაფერი! - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - ვისხდეთ ასე დებილებივით და ვიცინოთ საკუთარ იდიოტობებზე! 
- ბავშვი, როგორ არის? - მხატვარი თემის შეცვლას შეეცადა. 
- ახლა კიდევ ბავშვზე მკითხე, რა! - წაიღრინა ფიფომ. 
მხატვარს კიდევ უნდოდა რაღაცის კითხვა, მაგრამ ფიფოს პასუხით გაკვირვებულმა, ვეღარაფერი უთხრა.
ისევ სიჩუმე. 
მაგრამ უდიდესი ნებისყოფის მქონე მხატვარმაც კი დიდ ხანს ვერ მოითმინა, ფიფოს ეს დაუსრულებელი ცოფების ყრა და დაუმთავრებელი დუმილი და ისევ თავად დაარღვია სიჩუმე: 
- მშია. 
ფიფომ ალმაცერად გახედა და ჩაეცინა. 
- ჰო! გაგიკვირდებათ, ბატონო დეტექტივო და ცოცხალი არსება ვარ! ჩემი კუჭი, შევსებას მოითხოვს და თანაც, დაუყოვნებლივ! 
- ჭამე მერე, მე რას მიყურებ? არ მშია. - ფიფომ ამოიხვნეშა. - მიდი ჭამე, რა გერიდება? 
მხატვარმა სამზარეულოდან მინის ლანგარი გამოიტანა. კერძი ისე დაყნოსა, ლამის სულ შეისრუტა: 
- მმმმმ, საოცარია! გემრიელიც ჩანს! სუნზე, ქათმის სალათს წააგავს და აბა ვნახოთ ერთი, რა გემო აქვს?!
- ცეზარი იქნება. - უხალისოდ მიუგო ფიფომ. 
- ცეზარი, არა კვახი! - მიახალა მხატვარმა. - ქათმის სალათი ერქვა, რაც თავი მახსოვს! ვითომ, კეისარს უყვარდა? - ჩაეცინა მხატვარს. - უი, ჰო მართლა! კვახზე გამახსენდა, ძაან საკაიფო დესერტი მაქვს და ვერც კი გამოიცნობ! 
- ჰმ. - ფიფოს ცალყბად ჩაეღიმა. - ჩათვალე, რომ წავაგე, ვერ გამოვიცანი. 
- კვახი ნიგოზში! - გამოაცხადა კერძი მხატვარმა. 
- აუჰ, რა დროს კვახია ჯერ? - გაიკვირვა ფიფომ. - თან ნიგოზში? არც გამიგია. 
- ეჰ, შენ რა იცი, კულინარიული ხრიკები! 
ფიფოს გაეღიმა, ცოტა ხასიათზეც მოვიდა. მალე ვახშმის დროც დადგებოდა და ჯერ არც კი უსადილია. ამდენი დავიდარაბისა და ნერვიულობის შემდეგ, ცოტა სიმშვიდე იყო საჭირო. კარგად უნდა მოეფიქრებინა, თუ რა გზით უნდა მიდგომოდა მკვლელს, რომ ზუსტად ფაქტზე დაეჭირა. 
არა, მიმის გამოყენება ნამდვილად არ უნდოდა. მერე მართლაც, რომ გამოეჭირა მკვლელი, მის გვერდით მიმის არსებობაც კი უნდა დაემალა. უკვე ნამდვილად იყო დარწმუნებული, რომ მიმი მართლაც არაფერ შუაში იყო და ახლა როგორმე, უნდა დაეცვა და გაერიდებინა ამ ყველაფერს. თუნდაც, ძველი მეგობრობის ხათრით. თუნდაც, მისი მიმის მიმართ სიმპათიების ხათრით და თუნდაც, იმ ადამიანობის ხათრით, რომელსაც სინდისი ერქვა. 
- ისე, მართლა იდიოტურად გამომივიდა აქ, რომ დავპატიჟე, აქ შენც ხომ გნახავს და მიმისაც. 
- პრინციპში, ადრე მასეც გვინდოდა, მაგრამ ახლა უკვე, რა აზრი აქვს? - თავი გააქნია ფიფომ. 
- და იქნებ, „ვაბშე“ სხვადასხვა „როჟაა“? 
- არც ეგ არის გამორიცხული. ვერ ვამტკიცებ, ამ ეტაპზე. არანაირი სამხილი არ მაქვს! 
- დნმ-ს ანალიზი? დნმ-ს ანალიზი ყველაფრის პასუხს გაგვცემს! თუნდაც, თითის ანაბეჭდები იყოს! იმას მაინც ხომ დავადგენთ, რომ ეს ორი პიროვნება, ერთი და იგივე არის, თუ არა! - მხიარულად წამოიძახა მხატვარმა. - აი, ეგ არის ზუსტად! ყველა ეგ ანალიზი გვჭირდება! 
ფიფოს კი, ყოველი ნებისმიერი ანალიზის ხსენებაზე, რისხვით ენთებოდა სახე. აელვარებულ თვალებს, ბრაზით აქეთ-იქეთ აცეცებდა, რაც საკმაოდ გამჭრიახ და დაკვირვებულ მხატვარს, არც გამოჰპარვია, თუმცა ვერც ხვდებოდა, რაში იყო საქმე, მაგრამ მაინც არაფერი აგრძნობინა. 
- როცა რაღაცას ეჩვევი, შენი გგონია, გაითავისებ და სწორედ მაშინ აღმოაჩენ, რომ შენი სულაც არ ყოფილა. - კარგა ხნის დუმილის მერე, ფიფომ უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა. 
- რაღაცას, თუ ვიღაცას? - გამომცდელად ჩაეკითხა მხატვარი. 
- ჰო! თუნდაც, ვიღაცას! და რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას შენთვის? 
- აქვს! - მიახალა მხატვარმა. - ან არა აქვს! მაგრამ მინდა, შენ თვითონ მითხრა, რა ხდება. ამდენ რამეს მიყვები და ახლა უცებ, რამ გიკბინა? რას მიმალავ? ან რატომ? 
- პირადულია. ძაან პირადული. 
- მერე მე არ შემიძლია დახმარება? იქნებ, შემიძლია?
- არც შენ და არც არავის! 
ფიფოს სათქმელი ყელში მოაწვა. ჯერ არავისთვის არ გაუმხელია და ახლა უკვე იმდენად შეაწუხა, რომ ამოხეთქვას ლამობდა და როგორც იქნა, ამოღერღა. სხვის ბავშვს, რომ ზრდიდა და საკუთარი ეგონა, სწორედ ამან გააცოფა. 
- ბავშვი, კიდევ კარგი, ჯერ ძალიან პატარაა, რომ რამეს ხვდებოდეს, თორემ რამხელა ტრამვა იქნებოდა მისთვისაც! - ფიფომ სიგარეტი ისე ძლიერად ჩასრისა, რომ ლამის ძირი გააგდებინა საფერფლეს და მაშინვე ახალს მოუკიდა. - იმ ტყუილებზე მეშლება ნერვები, თორემ ერთად, რომ გვეცხოვრა არ იქნებოდა პრობლემა, ვიშვილებდი და ჩემად გავზრდიდი. ის ვინც ჩემს შვილად იწოდებოდა, მუდამ ჩემს შვილად დარჩებოდა! მაგრამ ახლა, აღარ მინდა! არ მინდა! არაფერი, აღარ მინდა! 
- იცი, რაღაც მომენტში იმ ბავშვის ვარიანტს მაგონებს. ჩვენ რომ ვეძებთ. ჯერ იშვილეს და მერე ისევ უკან ჩააბარეს, ძველი ნივთივით. 
- მაგით რა გინდა, რომ თქვა? - ფიფო საშინლად აენთო. 
მხატვარი დადუმდა. 
- აკი, გითხარი. - განაგრძო ფიფომ - ბავშვი, არც ჩემს სახლში იზრდებოდა და არც შვილად ამიყვანია, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სისხლი და ხორცი იყო. აი მართლაც, რომ მეშვილებინა, მაშინ სულ სხვა იქნებოდა, არც გვარს ჩამოვართმევდი და ბოლომდე მივხედავდი! თანაც, ძალიან პატარაა, ჯერ წლისაც არ არის, რომ გააცნობიეროს რამე და გული დასწყდეს ჩემზე. 
- ესე იგი, გვარის გასაჩივრებას აპირებ? 
- დიახ! 
- მდააა... 
- არც არავისი მერიდება! ის, რაც ჩემია - ჩემია! და რაც არ არის და არც ყოფილა - არც იქნება, და მორჩა! 
- მდაააა... ვერ გქონია კარგი ამბავი. 
- მე ხომ ყველაფერი ერთდროულად უნდა დამატყდეს თავს! ასეთი ბედი მაქვს რაა! 
- კაი, ხო, რაა! ნუ წუწუნებ! კიდევ კარგი, რომ დროზე გაიგე და ბავშვიც პატარაა. 
- ცოტა დიდი, რომ იყოს და რამის აზრზე იყოს, მაშინ მართლა არ მოვიქცეოდი მასე, უფრო სწორად, ბავშვს არ მოვექცეოდი ასე, მაგრამ ახლა... 
- ჰო, კარგია, რომ ჯერ კიდევ პატარაა. 
- არადა, როგორ მივეჩვიე იცი? ძალიან გული კი მწყდება, მაგრამ საშინლად მეშლება დედამისზე ნერვები. რამდენჯერ მივსულვარ სანახავად და ოთახშიც არ შემიშვა, სძინავს არ გამიღვიძოო! სულ მაწვალებდა ბავშვის მონახულებაზე. - ფიფო ნერვულად შეკრა მუშტები. - მარტო მონახულებაზე კი არა წესიერად ბავშვის ფოტოებსაც არ მაღირსებდა და ისიც მხოლოდ, მასთან ერთად გადაღებულ სურათებს მიტოვებდა კაბინეტში. 
მხატვარმა ღიმილით გახედა, ფიფომ კი განაგრძო: 
- ფინანსური პრობლემა არც მას აქვს და არც მე მაკლია, მაგრამ სულ ცდილობდა, რაღაცნაირად... 
- ზედმეტად აეხია შენთვის! - შეეშველა მხატვარი. 
- ერთი და იმავე რამეზე, ორჯერ გადამახდევინა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, ვუთხარი და ერთი ამბავი ატეხა! იტყუები, არ გინდა ბავშვზე ფულის დახარჯვაო. არადა, ხომ მიცნობ არა? პირიქით, რამდენიც იყო საჭირო იმაზე ბევრად მეტს ვაძლევდი. ჩემი შვილი იყო, უკან არასდროს დამიხევია და ძალიან მინდოდა, რომ სულ ჩემთან გაზრდილიყო. რაც არ უნდა მიმეტანა, სულ უკმაყოფილო იყო, საჩუქრებსაც მიწუნებდა და მიტანილ პროდუქტსაც! მარტო ფულის ზედმეტად წაგლეჯვაზე იყო! არადა, საკუთარიც არ აკლია. 
- ამით ვითომ, გსჯიდა? - გაეცინა მხატვარს. - ცოლად რომ არ მოიყვანე, მაგიტომ? 
- ცოლის მოყვანა, რომ მდომოდა მაშინ მიმის მოვიყვანდი, თავის დროზე! 
- მაგრამ რა ოხერია ეს თავისუფლება, ჰაა? - ჩაეცინა მხატვარს. 
- და რომ ეთქვა, შენი შვილი არ არისო და... 
- და, რა? 
- დამეხმარე, თუნდაც ხალხის თვალის ასახვევად. ხომ იცი, სჩვევიათ ეს ქალებს! ვითომ, ძაან აინტერესებთ ხალხი რას იტყვისო. აი, რომ ეთქვა გაუგებდი? 
- ჩემთვის რატომ უნდა ეთქვა? ვინც არის ბავშვის მამა, იმისთვის უნდა ეთქვა! აი ცოლად, რომ მომეყვანა, უფრო სწორად, რომ შემეთავაზებინა ცოლობა, ან მერე გაგვეგო ორივეს, მაშინ ჩვენს მეტი არავის ეცოდინებოდა, ან თუნდაც, გაეგოთ და რა, მერე? ჩემთან გაიზრდებოდა და ჩვენი შვილი იქნებოდა! და ახლა, აღარ მინდა, არა! ასე მოტყუებული და ქვეყნის ასაგდები გამხადა და უკვე ძაან მაგრად მკიდია კიდეც, ხალხი რას იტყვის! 
- ამიტომაც იყო, მიმიმ დახმარება, რომ შემოგთავაზა და შეუღრინე? 
- ჰო, მაშინ უკვე ვიცოდი! ახლა მართლა, კარგად არის. სახლშია უკვე, გამოწერეს, ყველაფერი რაც შეიძლებოდა ხარჯები მე მაინც ბოლომდე დავფარე და შევეშვი! ყველაფერი გადავუხადე და მეც მოვრჩი! აღარც იქ მიმსვლელი ვარ და გუშინწინ განაცხადიც კი შევიტანე გვარზე! 
ხოოო? 
- ხო! ჯერ მარტო მაგიტომ მეშლება ნერვები, რომ თავის დროზე ადვოკატი მომიგზავნა, ოფიციალურად ალიმენტი დამანიშნინა! თითქოს, უარზე ვიყავი და ფულზე ვწუწუნებდი და არ ვაძლევდი, არაფერი დამიკლია არასდროს! არადა, როგორ მინდოდა ჩემი შვილი. - დანანებით ჩაილაპარაკა ფიფომ. - ერთი წუთითაც არსად მატანდა. დედაჩემი სულ ეხვეწებოდა, დამიტოვე რამდენი ხანიც გინდაო და არაფრით არ უტოვებდა, ჩემს შვილს ვერავის ვანდობო და ზუსტად იმ კვირაში, ძიძა აიყვანა. სულ ბავშვით მევაჭრებოდა, სხვა რამეს ვეკითხებოდი და ის კი, სულ ფულის ირგვლივ ტრიალებდა! ვიცი, რომ ახლა, ამ წუთას, მართლაც, რომ საშინელი ადამიანი ვარ და ვჭორაობ ქალზე, რომლის გვერდითაც ერთ დროს, მშვენივრად ვგრძნობდი თავს! ახლა კი, მოვაღე პირი! ტფუუ, მეზიზღება ჩემი თავი! ან მიმი რის გულისთვის მივაგდე? რა იდიოტი ვყოფილვარ! ერთადერთი ეჭვმიტანილი გამოვჩხრიკე და იქაც, ჩავისვარე! ტფუუ! - ფიფო დადუმდა. 
მხატვარსაც ხმა არ ამოუღია, ანდა რა უნდა ეთქვა, რით უნდა ენუგეშებინა მეგობარი. 
სახელოსნო კვლავ დუმილმა მოიცვა და კიდევ ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასე, რომ კარებში მიმი არ გამოჩენილიყო. 
მიმის დანახვამ, ბიჭები გამოაფხიზლა და ცოტა ხასიათზეც მოიყვანა, მაგრამ მიმის ისეთი სახე ჰქონდა, რომ იქეთ იყო გუნებაზე მოსაყვანი. 
- მობრძანდით ქალბატონო, მიმი! მობრძანდით და შემოგვიერთდით ჩვენს იდიოტთა კლუბში, საპატიო წევრად! - მხატვრის ჩვეულმა და დაუღალავმა იუმორმა, ყველას ღიმილი მოჰგვარა. 
- მანქანიდან, რომ გადმოვედი ისეთი სიცხეა შემეფეთა, სანამ ამ აღმართს ამოვასკდი და აქამდე მოვაღწიე. 
- ახლავე, ცივ ყავას მოგართმევ! - მხატვარი სამზარეულოში გაიძურწა. 
ფიფომ კი დრო იხელთა და მაშინვე მიმის გამოკითხვას შეუდგა. 
- კი, მაგრამ მანქანა, ასე ამდენად შორს როგორ დააყენე, რომ აქამდე ამოღწევა, ასე ძალიან გაგიჭირდა? - ხუმრობაში შერეული კითხვა შეაპარა ფიფომ. 
გუმანით იგრძნო, მანქანა სადღაც შორიახლო, შესაძლოა სწორედ იმ პროფესორის, თუ იმ ვიღაც მიმის რჩეულის ნაქირავებ სახლთან უნდა გაეჩერებინა. 
- ჰო, ამ სიცხეში ეს აღმართი ძალიან გამიჭირდა. - მიმიმ მარაო მოიშველია და ცოტა ამოისუნთქა. 
- აბა გამისინჯე, თუ გამოვდგები ბარმენად. - მხატვარმა კარგი, გამოცდილი ოფიციანტივით დაუდგა დიდი გრძელი ჭიქა და თავი დაუკრა. 
მიმიმ ღიმილით ამოურია ყინულებისგან დაორთქლილ მინის ჭიქას. ცივი ყავა ეგემრიელა, წუთიერად მაინც შესძლო დარდის გადავიწყება. 
ბიჭებს ერთი სული ჰქონდათ, როდის იტყოდა მიმი, თუ რატომ მოუხდა ფეხით აღმართის ამოვლა. თუმცა, ორივემ ისედაც მშვენივრად ხვდებოდა, თუ სად შეიძლებოდა მიმი ყოფილიყო. 
- მეგობართან ვიყავი. - როგორც იქნა, ამოღერღა მიმიმ. 
ბიჭები სმენად იქცნენ. 
- უფრო სწორად, მის სახლში ვიყავი. გასაღები დამიტოვა. ფული ისედაც წინასწარ გადახდილი ჰქონდა. 
- და შენ, რატომ დაგიტოვა გასაღები? - ვეღარ მოითმინა ფიფომ. 
- არ ვიცი! - მხრები აიჩეჩა მიმიმ. - მე თვითონაც არ ვიცი, როგორ გამოვიდა. ალბათ, მის გარეშე ძალიან გამიჭირდება. კიდევ კარგი, თქვენ მყავხართ. მის სახლს რომ ჩავუვლი, ძალიან ჩამწყდება გული. - მიმიმ ამოიხვნეშა. - ალბათ, ამიტომ უფრო დავიტოვე გასაღები, მერე სახლის პატრონს ჩავაბარებ. თან ისე აღარ მინდა, იმ სახლში მისვლა. გასაღები, სიხარულითაც კი გამოვართვი, მაშინ მინდოდა და ახლა უკვე ვნანობ, იქითკენ გახედვაც არ მინდა. 
- შენ გინდოდა? შენ თვითონ უთხარი გასაღები მინდაო? - მხატვარმა დროულად დაუსვა შეკითხვა, ისედაც გრძნობდა, ფიფოსაც სწორედ ეს კითხვა აწვალებდა. 
- კი, მე ვუთხარი. თავიდან, ცოტა გაუკვირდა. წინასწარ გადახდილი მაქვსო, რომ მითხრა, მაგიტომ უფრო ვთხოვე... 
ბიჭები უკვე აღარ უსმენდნენ მიმის. ორივეს ერთი სული ჰქონდა, იმ სახლში შეეღწია. იქნებ, რამე სამხილი მაინც ეპოვნათ. 
- რა სახეები გაქვთ? რა მოხდა? - როგორც იქნა, მიმიმ შეამჩნია ბიჭების უცნაური ცქერა. 
- იცი მიმი. - დაიწყო მხატვარმა, მაგრამ ფიფომ გააჩუმა: 
- მე თვითონ ვეტყვი. 
მიმიმ ორივეს გაკვირვებული სახით გადახედა. 
- ძალიან ცუდ დღეში ვარ. - დაიწყო ფიფომ. - როგორც ჩემს უახლოეს მეგობარს, ამიტომ გიყვები. 
- ერთ-ერთ უახლოეს! - ხაზი გაუსვა მხატვარმა.
ფიფომ ცალყბად გაუღიმა მხატვარს და განაგრძო: 
- სახლში მისვლა აღარ მინდა, დროებით აქ ვარ შეფარებული. ისე გამოვვარდი გარეთ და ყველასგან და ყველაფრისგან, რომ... - ფიფომ იყუჩა და მალევე განაგრძო. – აქ, ცალკე შევაწუხე ეს კაციც, ვერც სტუმარი მიუღია და ვერც წესიერად უმუშავია. დღეს მთელი დღეა, სად აღარ დავრეკე, მაგრამ ისეთი დროა, ხელსაყრელ ფასად ვერსად ბინა ვერ ვნახე. თუნდაც, ორი სამი თვით. ასე მცირე დროით არავის აწყობს და დღიურად კი, იმხელა ფასებია. საკმაოდ დიდი თანხა დამიჯდა ჯერ ცალკე ბავშვის კლინიკა, გამოჯანმრთელება და შემდგომ კიდევ, უამრავი რამ... დროებით კი, სანამ ეს ამბები ჩამთავრდება... 
მიმის გაეღიმა. ჩანთიდან გასაღები ამოიღო და ფიფოს გაუწოდა: 
- ამხელა შესავალი, რად გინდოდა? - გაუღიმა მიმიმ. - ისე მართლაც, რა ზუსტ დროს მოვედი! აი, გულმაც მიგრძნო! და ორი თვის ფულიც უკვე წინასწარ არის გადახდილი. 
ბიჭებმა შვებით ამოისუნთქეს. 
მხატვარმა ფიფოს საზრიანობა ღიმილით შეაფასა. მშვენიერი იყო, რაღაცას ხომ მაინც ამოაძრობდნენ იმ ბინიდან. ან იქნებ, სულ არაფერსაც, მაგრამ იმედი მაინც იყო, სხვა თუ არაფერი. 
ყველაზე უჩვეულო კი ის იყო, რომ მიმის არც უკითხავს ფიფოსთვის, თუ რა მიზეზით ათევდა ღამეს სახელოსნოში და რატომ წამოვიდა, ან იმ ქალისგან, ან სულაც მშობლების სახლიდან. 
LEX·2017 წლის 18 ივლისი, სამშაბათი.

No comments:

Post a Comment