Tuesday, January 30, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 88)

88.
- გენეტიკას თავი დაანებე! გენეტიკურად ყველაფერი გადმოგეცემა, მაგრამ გააჩნია, რომელს მოიხმარ და როგორ? რომელს გააღვიძებ და გაზრდი შენს სულში! უამრავ რამეს ჩამოგითვლი და დარწმუნებული ვარ, გულში ერთხელ, ოდნავ მაინც გაგივლია, თუნდაც წამიერად, მაგრამ მთავარი ფიქრი, არ არის! მთავარია, ქმედება! და ისე იმოქმედებ, იმის კარნახით იმოქმედებ, ვინც სულში გაიზარდე! - მხატვარი გაჩუმდა. ცოტა ხანს იყუჩა მერე კი უფრო დაბალი ხმით მიმართა ჩაფიქრებულ ფიფოს. - შენი გენეტიკის პასუხი მოვიდა უკვე?
- უჰ, რა ვიცი? ველოდებით ყოველდღე! -  ამოიხვნეშა ფიფომ. - ასეთ გაწამაწიაში ბავშვის ავადმყოფობაღა მაკლდა სრული ბედნიერებისათვის. საშიში არაფერიაო და რა ვიცი? რას გაიგებ?
- დამშვიდდი, ნერვიულობით ვერაფერს უშველი, სხვა რამეზე გადაერთე.
- გადართული არ ვარ, აბა რაა! კიდევ კარგი, მიმისკენ მაინც სიმშვიდეა. ბოლო მკვლელობისგან, ამჯერად ბევრად შორს იყო.
- უჰ, აბააა, რაც ჩვენ ვინერვიულეთ იმ ღამეს და სულ ტყუილად. - ჩაეღიმა მხატვარს. - თურმე, მეგობრის გარდაცვლილი ძმის დაბადების დღე ყოფილა, სოფელში წასულან, მის მშობლებთან. იქ ყოფილა დასაფლავებული, მიმის ტელეფონიც სახლში დარჩენია.
- ჩვენ კი გადავედით ლამის ჭკუიდან და... - ფიფო გაჩუმდა. მერე მხატვარს რაღაცნაირად გამოხედა.
- ჰო, რა იყო?
- ისე. - დაბალი ხმით დაიწყო ფიფომ. - ის ბოლო მკვლელობაც, ძალიან ჰგავს სერიული მკვლელის ხელწერას და თანაც, თვის ბოლო შაბათიც იყო, მაგრამ რა ვიფიქრე იცი?
- აბა, რა იფიქრე? - ჩაეკითხა მხატვარი.
- ალბათ, მიმი მართლაც სულ სხვასთან მეგობრობს და ის სულაც არ არის, ის სერიული მკვლელი, მაგრამ იქნებ, მართლაც ორნი არიან და აი მაშინ? მიმის, რომ რამე დაუშავონ, მერე რაღა ვქნა? საკუთარ თავს, როგორ ვაპატიო? ან ჩემი თავის პატიება, რა მოსატანი იქნება, თუ...
- კარგი, რაა! - გააჩუმა მხატვარმა. - მიმის მოკვლა, რომ ნდომოდა, აქამდეც ბევრჯერ ჰქონდა ამის შესაძლებლობა და სულ ადვილადაც მოუსპობდა სიცოცხლეს, ისე რომ ვერც ვერავინ გაიგებდა.
- არაფერში სჭირდება მისი მოკვლა და იმიტომ! - მიუგო ფიფომ. - თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, მაინც არ არის სანდო. ჯერ!
- ჰო, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. 
- მკვლელს, თავისი კანონზომიერება აქვს, თავისივე დასახული. მიმის ასე ადვილად ვერ მოკლავს! არ მოკლავს! ჯერ ერთი, რომ არ არის ის ტიპაჟი, ის კონკრეტული სახე, ვისაც სიცოცხლეს უსპობს, ამით უფრო ამტკიცებს, რომ ზუსტად იბრძვის იმ სისტემის წინააღმდეგ, რამაც აქამდე მიიყვანა!
- და თუ დაუშავა რამე? თუ მიმისგან იგრძნო საფრთხე, მაშინ? მაშინაც გჯერა, რომ არაფერს დაუშავებს?
- თუ მისგან საფრთხე იგრძნო, აი მაშინ კი მართლაც არის საშიშია, მაგრამ არც იმდენად უჭკუოა, რომ ვინმეს რამე მოუყვეს, ან გაანდოს. ასე ადვილად არც მიმისთან ჩაიჭრება და არც სხვასთან. - ფიფო გაჩუმდა. - ისე მართლა, რომ მიმისგან რამე საფრთხე იგრძნოს?
- თუ მართლა ასე ძაან ჭკვიანი და გონებაც ასე კარგად უჭრის და მიმისგან საფრთხე თუ იგრძნო, მაშინ უბრალოდ ადგება და გაეცლება! ისე გაეცლება, რომ აღარასდროს შეხვდეს! - მხატვარმა წამით იყუჩა. - ნუ, რა ვიცი, ასე მჯერა! მინდა, რომ მჯეროდეს არაფერს დაუშავებს. თუმცა, მართალი ხარ, მაინც არ არის ბოლომდე სანდო.
- შესაძლებელია ორნიც მოქმედებენ. ესეც ხომ დავუშვი? - მიუგო ფიფომ. - ერთი გეგმავს, ყველაფერს მოსინჯავს, მერე მეორე ასრულებს ან მონაცვლეობით ასრულებენ, რომ ერთმანეთს მყარი ალიბი შეუქმნან და ის მეორეც კი, კაი მაგარი ჭკვიანი და გაქნილი უნდა იყოს.
- ეეე, იქნებ მკვლელსაც მოპარეს და გაუყიდეს ბავშვი და საქმე მის შვილშია და არა კონკრეტულად, მის ბავშვობას ეხება! რა? არ შეიძლება? - ჩაეკითხა მხატვარი.
- და ამიტომაც ამდენი წელი იცადა და მერე ამოასხა? - ცალყბად ჩაეღიმა ფიფოს.
- თუ მართლა მის შვილზეა საქმე, მაშინ არც უცდია ამდენი წელი და ეგაა და ის ძველი ამბავი...
- გოგონას თვითმკვლელობა და დაკარგული ბავშვიც არაფერ შუაშია? ვითომ? ეჰ, რას გაიგებ? - თავი გააქნია ფიფომ.
- თუ მოტივი, ძველი ამბებიდან მოდის, ძაან მძაფრად კი ამოუსხამს! - ჩაიქირქილა მხატვარმა.
- მოიცა რაა! - ხელი აიქნია ფიფომ. - სულ ამერია ტვინი! ახლა გამოდის, რომ ძველი კი არა, ახალი ამბავი ყოფილა?!
- ძველია თუ ახალი, საქმე მაინც ბავშვებიდან იწყება!
- ისევ ბავშვები! - ამოიოხრა ფიფომ. - თუ, საქმე ბავშვს ეხება და ახლა რაც ვიწვალე, თავიდან უნდა დავიწყო? თუ, მიმართულება უნდა შევცვალო?
მხატვარმა არაფერი უპასუხა. ლუდის ბოთლს თავი მოხსნა და მოიყუდა.
ფიფოს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მხატვრის გაყინული მზერას წააწყდა, რომელსაც ცარიელი ლუდის ბოთლი ხელში გაშეშებოდა და სადღაც სივრცის მიღმა ქროდა მისი ფიქრები.
ფიფო მოლოდინში გაიტრუნა. თუმცა, დიდ ხანს ლოდინი არც მოუწია, მხატვარი მალევე გამოერკვა ფიქრებიდან და ახალი იდეა წამოაყენა:
- იქნებ, ვინმე თანამშრომლის გვარი აირჩია...
- რაა? - ფიფომ გაკვირვებული სახით გადმოხედა. - რა თანამშრომელი? ვინ თანამშრომელი?
- აი, სწორედ იმის, ვისაც შეეჩვია, ან სულაც მიეკედლა.
- რაა? ვინ თანამშრომელი? ვის გულისხმობ? ან რა, გვარს?
- იცი, რა ვიფიქრე? - განაგრძო მხატვარმა ჩაფიქრებული ხმით. - აი, იმ ბიჭმა სკოლა როცა დაამთავრა და ისეთ ასაკშიც იყო, რომ ავტომატურად ბავშვთა სახლიც უნდა დაეტოვებინა და თუ მართლა, მიზეზით, თუ უმიზეზოდ, გვარის შეცვლაც გადაწყვიტა! - მხატვარი გაჩუმდა.
- მერე? - ვეღარ მოითმინა ფიფომ.
- მერე და, სრულიად შესაძლებელია, რომ აერჩია იმის გვარი, ვინც მისთვის ყველაზე, ან ერთადერთი ძვირფასი გახდა ამ წლების მანძილზე! და შენ, აი ეს ვერსიაც უნდა მოსინჯო! თუმცა, შეიძლება ამან არც არაფერ მოგიტანოს!
- კარგი, ბატონო! მაგასაც მოვსინჯავ! - ამოიხვნეშა ფიფომ.
მხატვარს ისევ ჩაფიქრებული მზერა ჰქონდა.
- ტყუილად არ მოგივიდოდა თავში ეს იდეა. - მიუხვდა ფიფო. - ბარემ ბოლომდე თქვი რაც ხდება.
- არაფერიც არ ხდება, რადგან ეს უკვე მოხდა! - გაეცინა მხატვარს.
- ეჰ, ნეტა მართლა შენ რაა?!!
- იცი, როცა ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი. - დაიწყო მხატვარმა. - ნუ, იმას ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვსო, მაგრამ რაღაც-რაღაც დეტალები, მაინც წამოტივტივდება ხოლმე მეხსიერებაში და ისიც არასრულად!
- ჰოო? და აბა ამოატივტივე, გისმენ! - ჩაეღიმა ფიფოს.
- ზოგჯერ, რომელიმე აღმზრდელი. - კვლავ განაგრძო მხატვარმა. - თუნდაც, დამლაგებელი, რომელიმე ბავშვს მიიჩვევს! არა, ცუდი გაგებით არა! ისე, ვამბობ. მფარველობას უწევს, მერე ბავშვიც სითბოს გრძნობს და მართლაც სურს რაღაცნაირად იმ ადამიანის ნაწილი გახდეს და თან იცის, რომ არანაირი ნათესაური კავშირი არა აქვს, მაგრამ იმდენად შეეთვისა, რომ...
- გასაგებია. კი ბატონო! თუ ეს იდეა გვიშველის და გაამართლებს, რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა ფიფომ. - მართალია, უკვე მრავალი წელი გავიდა, რაც ის სახლი დაიხურა, მაგრამ არქივში ხომ მაინც იქნება! აუჰ, ისევ არქივი! ატანა აღარ მაქვს!
- შენ მალე არქივარიუსს შეგარქმევენ და შეგრჩება მერე ეგ სახელი! - ხითხითებდა მხატვარი.
ფიფოც ცალყბად იღიმოდა, ანდა, რა ჰქონდა სასაცილო?
ზანტად დასწვდა ტელეფონს. მხატვრის იდეა, ჭკუაში დაუჯდა. თუმცა, მეტი ხელმოსაჭიდი მაინც აღარაფერი ჰქონდა. კვალი სადაც წყდებოდა და სადაც მეტ ხანს დაჰყო, ჯერ იმ ბავშვთა სახლის თანამშრომლები უნდა გადაემოწმებინა. დიდ ხანს ლოდინი არც დასჭირვებია, რადგან უკვე ყველაფერი, სამსახურის კომპიუტერში შეუტანია მის ახალგაზრდა სტაჟიორს. თუმცა, არც არავის დაუვალებია. მშვენიერი იყო. ფიფოსაც ეს აწყობდა. სასწრაფოდ მოითხოვა, ყველაფერი გადმოეგზავნათ მისთვის.
- ახლა არ მითხრა კომპი აღარ მაქვს, ან ინტერნეტია გათიშულიო. - ალმაცერად გადმოხედა ფიფომ.
- ყველაფერი შენს განკარგულებაშია! - მხატვარმა ხელით მიანიშნა.
ფიფომ თითს გააყოლა თვალი, მაგრამ იმ მინიშნებულ ადგილას კომპიუტერის მსგავსი ვერაფერი შეამჩნია.
მხატვარი ზლაზვნით წამოდგა, ნატურმორტთან მივიდა, თიხის დიდი ნახევრად ტუჩმოტეხილი ქოთანი ძირს ჩამოდგა, მერე გახუნებული ტილო მოაშორა და წიგნებზე შემოდებული ლურჯი ლეპტოპიც გამოჩნდა.
- ჰმ! - ჩაეღიმა ფიფოს.
- „დრაპიროვკა“ ეფარებოდა, ამიტომაც ვერ შეამჩნიე.
საბუთები, არც თუ ისე ცოტა იყო, ყველა თანამშრომლის პირადი ინფორმაციები, თავის ფოტოსურათთან ერთად. ყველაფერი მოწესრიგებულად იყო დაწყობილი, თუ ვინ როდის დაიწყო იქ მუშაობა, რამდენი ხანი დაჰყო, რა სამუშაოს ასრულებდა.
ფიფომ ყველას სათითაოდ გადახედა.
- ჰა, აბა აქ რას მირჩევ? ყურადღება ვის უფრო უნდა მივაქციო? მაღლებს და გამხდრებს, თუ მსუქნებს? - ცოტა არ იყოს, ირონიით მიმართა მხატვარს.
- რა ვიცი? - მხრები აიჩეჩა მხატვარმა. - აირჩიე ყველაზე უხუცესი.
- ჰოო? ვითომ რატომ?
- მაშინ, ყველაზე ახალგაზრდა!
ფიფომ უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი, მაგრამ მაინც მის რჩევას მიჰყვა.
- იყოს, ყველაზე უხუცესიდან დავიწყოთ!
- მახსოვს, ერთი ბაბუა კაცი. ყველაზე კარგად მას შევეთვისე. არც უფროსი იყო, არც დირექტორი და არც ზედამხედველი. ზუსტად არც კი მახსოვს იქ რა ევალებოდა. თუმცა, მგონი არც არაფერს აკეთებდა, მაგრამ არც არავინ უშლიდა. სულ ჩვენთან ერთად იყო, ბავშვებში. - მხატვარმა იყუჩა. - ჰმ, მთელი ხელები, მკლავებიდან დაწყებული, თითებამდე სულ „ნაკოლკებში“ ჰქონდა. ჰაჰ! ძაან მაგარი, ჯიგარი ბაბუ იყო. ეჰ, ახლა ალბათ, მისი ძვლებიც კი აღარ იქნება.
ფიფომ ალმაცერად გადმოხედა მოგონებებში წასულ მხატვარს. მერე ისევ ტელეფონს დასწვდა. გვარი უკარნახა და ყველაზე ხნიერი, წლების მანძილზე ნამუშევარი, თანამშრომლის დოსიე მოითხოვა.

***
მხოლოდ ჯიბეებს უცარიელებდა. თავიდან უნდოდა, რომ მოკლული, გაქურდვის მსხვერპლად წარმოეჩინა. ამით უფრო მეტ დროს მოიგებდა და იქნებ, ბოლომდეც მიეყვანა დასახული მიზანი. ფული არაფერში სჭირდებოდა. სადმე ტაძართან ჩაივლიდა და იქვე ქვაზე დებდა, მპოვნელი გაიხარებსო. ტელეფონიც თუ ახლდა, სადმე სულ სხვაგან, ცდილობდა უფრო ხშირად წყალში მოესროლა, მაგრამ ზოგჯერ ტელეფონსაც არ კიდებდა ხელს და არც სხვა დანარჩენ განძზე რჩებოდა თვალი. ან კი, რაში სჭირდებოდა? მართლა გასაქურდად კი არ იყო მისული?
საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული, ძალიან კარგად აცნობიერებდა, რომ დანაშაულს სჩადიოდა. ერთის მხრივ, არ ამართლებდა მის საქციელს, მაგრამ მეორეს მხრივ, მაინც ეთანხმებოდა და უკანაც არ იხევდა.
არ ამართლებდა, მაგრამ მაინც სჩადიოდა დანაშაულს და რა იყო ეს?
„განგებამ, უჩემოდ მიიღო გადაწყვეტილება! ჩემი სურვილის გარეშე გადამიწყვიტა ბედი!
და არავის დახმარება არ მჭირდება!
არავისი!
უკვე იმდენად გავძლიერდი და გავიზარდე, რომ ნებისმიერ დახმარებას უარვყოფ თქვენგან და ამით ვთავისუფლდები ყველასგან და ყველაფრისგან!
ძალას ვგრძნობ და ამ ძალას, თავადვე ვმართავ!“
- თუ ის ძალა გმართავს შენ!
პიპა შეკრთა. ოთახში მარტო იყო. თავისივე ფიქრების პასუხი, მკაფიოდ ჩაესმა ყურში. ზურგს უკანაც მწველ მზერას გრძნობდა. იმდენად მწველს, რომ თითქოს გულზეც გაჰკრა. რაღაც ემწვავა, რაღაც ჩასწყდა. სულიერი ტკივილი, ფიზიკურსაც შეეხო, თუმცა ოდნავ, მაგრამ მაინც ემწვავა.
გული შეეკუმშა, სული შეეხუთა. ფანჯრები ფართოდ გამოაღო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. უნივერსიტეტის კაბინეტის ფანჯრიდან, კარგად მოსჩანდა ეზოში მოფუსფუსე, მოზღვავებული სტუდენტების ჟრიამული. სასწავლო წელი იწურებოდა.
„ჰმ, ზუსტად გამოცდებზე თავგამოდებულ სტუდენტებს, ცოტა თავის დროზეც რომ გადაეშალათ წიგნი, ხომ აჯობებდა?“
ეღიმებოდა პიპას.
საკმაოდ მკაცრიც იყო და ამავე დროს ლმობიერიც. მონდომებული სტუდენტი ერჩია ნიჭიერსა და ზარმაცს. თუმცა, გამორჩეულად არც არავის ზედმეტად წაახალისებდა და არც არავის დაჩაგრავდა. თუმცა, არც არავინ გაუმწარებია. სტუდენტებს ძალიან უყვარდათ, პატივს სცემდნენ. სასიამოვნოდ საუბრობდა, ბევრი რამის გადმოცემა შეეძლო. მისი ლექციები, ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
უცებ რაღაც შენიშნა.
რაღაც კი არა ვიღაც. აშკარად შენიშნა, სტუდენტს ნამდვილად არ ჰგავდა. არც ჩაცმულობით, არც...
თითქოს, რაღაც გუმანითაც იგრძნო ისე დააკვირდა.
ეზოში შემოსვლისთანავე შენიშნა, როგორ შეერია სტუდენტებს, რაღაცას კითხულობდა, ვიღაცას კითხულობდა და მერე როგორ წამოვიდა შენობისკენ.
პიპა შეცბა.
ამას უკვე აღარ მოელოდა. ჯერ არ იყო ამის დრო.
სულ რამდენიმე წუთიც კი არ იყო გასული, რომ მოახსენეს:
- ბატონო პროფესორო, თქვენთან არიან!
საწერ მაგიდასთან სავარძელში ოდნავ გადაწოლილი, საკმაოდ მშვიდი სახით შეხვდა დაუპატიჟებელ სტუმარს.
მაინც, რას ეძებდა?
რა უნდოდა ფიფოს აქ?
LEX. 2017 წლის 3 ივლისი, ორშაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1931383387103949

No comments:

Post a Comment