Monday, January 22, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 53)

53.
თავჩაქინდრული მიუყვებოდა აღმართს. თოვლის ფიფქები, ნემსებივით უჩხვლეტდა სახეს, თუმცა ვეღარაფერს გრძნობდა, რადგან ცხოვრების სიმწრისგან დასუსხული გული, უფრო მეტად ჰქონდა დაჩხვლეტილი და იქ უფრო ძლიერად განიცდიდა ტკივილს.
„პირველი თოვლი.
სევდიანი პირველი თოვლი.
და სრული სიმარტოვე.“
ყველაზე მეტად, ერთგულება უნდა დააფასოო, - ასე ასწავლიდა ბაბუ, მაგრამ ახლა? სრულიად მარტოხელამ, ვისი ერთგულება უნდა დააფასოს? ვისი?!
ერთადერთი, ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნოდა და იმსახურებდა კიდეც, სწორედ მას მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე.

***
ზამთრის არდადეგები ახლოვდებოდა. ახალი წლის მოლოდინში, ბავშვები ჟრიამულით ალამაზებდნენ ოთახებს და ფერად-ფერადი ლენტებითა და ბუშტებით რთავდნენ.
პიპა ზედაც არ უყურებდა. არაფერი უნდოდა და არც არაფერი ახალისებდა. ბოლო თვე, სკოლაშიც კი წესიერად არ უვლია.
გამოსაშვები წელი იყო. მასწავლებლები და აღმზრდელები, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ასეთი საოცარი ნიჭის პატრონი, უთუოდ დიდი კაცი გამოვაო, მაგრამ პიპამ უცებ მიაგდო სწავლა. მუსიკაზეც სულ აიცრუა გული, რასაც მოგვიანებით, ბაბუს ავადმყოფობა და გარდაცვალებაც დაერთო. აბა, რა დროს სწავლა იყო, ერთადერთი სანუგეშო ადამიანი ხელიდან გამოეცალა.
ყველაფერს ბაბუს ხათრითა და სიყვარულით აკეთებდა. უნდოდა დაემტკიცებინა, როგორი კარგი ბიჭი გაიზარდა და ახლა კი, ყველაფერი ამაო აღმოჩნდა.
სადღაც, დედამიწის ერთ წერტილზე გამოკიდებული, ყველასგან მოძულებული, ნებით თუ უნებლიეთ მიტოვებული და მიგდებული უთვისტომო ბიჭი, აბა, ვის რაში სჭირდებოდა? ვის ანაღვლებდა?
და ყველაფერთან ერთად, აღარც ბაბუს ოთახი აღარ იყო.
საერთო შენობაში, ერთი პატარა ღამის გასათევი გამოუყვეს. ვითომ ოთახი ერქვა, სინამდვილეში კი სათავსო უფრო იყო. ძლივს დაეტია საწოლი, მაგრამ პიპასთვის მთავარი, ახლა ცალკე ყოფნა იყო და ეს ამშვიდებდა, ვიდრე საერთო ოთახში, სხვა ბავშვების აუტანელი და გაუთავებელი ყაყანის მოსმენა.
ის ძველი საცხოვრებელი, მთელი შენობა და მისი შემოგარენი, უკვე დიდი ხანია გაყიდული იყო და  სანაცვლოდ, რაღაც პატარა ნაკვეთი უწყალობეს, მინგრეული შენობით, სადღაც, ქალაქიდან ბევრად შორს, სადაც დაცლილი სოფლებისა და გაჩანაგებული ტყის მეტი აღარაფერი იყო.
თითქოს, ბაბუს გარდაცვალებას ელოდნენო, მალევე ააბარგეს და დიდიან პატარიანად ასე, „ქვეყნის დასალიერში“ უკრეს თავი.
„რა მინდა აქ? აქ რა მინდა! რა?! ამისთვის გავჩნდი ამ ქვეყნად? რატომ? რისთვის მოვევლინე?“
მწარე ფიქრებში გახვეული პიპა, სამზარეულოს ერთ კუთხეში, შეშის ღუმელთან შორიახლო მიყუჟულიყო. შეშა ერქვა, თორემ ბავშვებისა და აღმზრდელების მიერ, მუხლამდე თოვლში მოგროვებული ფიჩხით იყო სავსე. თუმცა საწუწუნო მაინც არაფერი იყო, აქ ღუმელი მაინც ენთო. თავის გაყინულ ოთახთან შედარებით, უფრო თბილოდა. ვიღაცის ძველ ქურთუკში გახვეული, ყინვისგან გათოშილ თითებს, ჩაის ცხელ ფინჯანზე ითბობდა.
მაინც ვისი იყო ეს ქურთუკი, ვერ დაადგინა. მამაომ, რომ მიაწოდა, იმ დღიდან გაუხდელად ეცვა. ძალიან თბილი კი იყო, თუმცა ცოტა გახუნებული, მაგრამ ტანზე ჰქონდა მორგებული, უხდებოდა.
დერეფნიდან, რაღაც საუბარი მოისმა. უცხო ხმას, ნაცნობი ხმაც შეერია.
- თქვენი ნებაა, როგორც გინდათ! - კვლავ ნაცნობი ხმა გაისმა. - აი, აქ არის და თვითონ თუ აქვს სურვილი...
ღია კარში, ის ვიღაც ბაბუს ნაცნობი მამაო და სახლის ზედამხედველი გამოჩნდნენ.
- წავიყვან ჩვენთან, გამოიზამთრებს! ცოტა ჰაერსაც გამოიცვლის. სკოლა, როცა დაეწყება, მაშინ დაგიბრუნებთ!
ზედამხედველმა თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.
- ზაფხულში კი ვნახოთ, თუ მოეწონება, ისევ ჩვენთან დავიტოვებთ. - პიპასკენ არც გაუხედავს, ისე განაგრძო მამაომ.
ზედამხედველმა ისევ თავი დაუქნია:
- ჰო. ჰო, როგორც ინებებთ! კარგი ბიჭია, წესიერი, ზედმეტად არც შეგაწუხებთ.
- კეთილი, კეთილი. - მამაო ახლა გაოცებულ ბიჭს მიუბრუნდა. - პიპა! წამოხვალ, ხომ? - და სანამ, გაოგნებული ბიჭი რამეს იტყოდა, ისევ თვითონვე დაუმატა. - მიდი გაემზადე, გელოდები.
მთელი გზა უხმოდ მიდიოდნენ. პიპას ისეთი სახე ჰქონდა, ვერ გაიგებდი, სწყინდა თუ უხაროდა, რომ ამ დედამიწის ზურგზე, ვიღაცას მაინც გაახსენდა.
დუმილი მამაომ დაარღვია:
- ბაბუმ შენზე მითხრა, ჩემი ბიჭიაო.
პიპას წამში ათასი კითხვა გაუჩნდა, მაგრამ ვერ მოაბა თავი, რომ რამე მაინც ეკითხა.
ისევ მამაომ დაასრულა:
- მეც!
- რაა? - როგორც იქნა ამოღერღა.
სანამ პიპა ისევ გაუმეორებდა კითხვას მამაომ დაასწრო:
- მეც ბაბუს ბიჭი ვარ!
ორივეს გაეღიმა.
პიპას თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნაო, ახლა მისთვის ყველაფერი გასაგები გახდა.
ბაბუმ პიპა, თავის საკუთარ შვილს გადააბარა, ამიტომაც მოძებნა და ჩამოაკითხა ამხელა გზაზე. ვინ იცის, იქნებ კარგი მეგობრებიც დადგნენ და მართლაც ნამდვილი ძმებივით იცხოვრონ, ან იქნებ სულაც ვერ შეეწყონ ერთმანეთს, შეიძლება საერთო ენაც ვერ გამონახონ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ახლა მარტო აღარ იყო და ამ დედამიწის ზურგზე, ერთი ადამიანი მაინც არსებობდა, რომელსაც სურვილი ჰქონდა მასზე ეზრუნა და ეფიქრა.
ბიჭს, უაზროდ გაშტერებულ თვალებში სითბო ჩაუდგა.
„ბაბუ, ბაბუ...
ჩემი მზრუნველი ბაბუ.
სიკვდილის მერეც კი, შენგან დავრჩი დავალებული.
ნუ გეშინია, არ შეგარცხვენ! შენ რომ გინდოდა, ისეთი კაცი უნდა დავდგე!“
უკვე საკმაოდ ბნელოდა მონასტერში როცა ავიდნენ.
- აბა გაიცანით, ჩემი პატარა ძმაა! - მამაომ ბიჭი წინ გაუშვა.
- აქ ჩვენ სულ ძმები ვართ! - მოისმა ქირქილით.
- თქვენ სულიერი ძმები ხართ, ჩვენ კი ხორციელი ძმები! - მამაომ მხარზე მოხვია ხელი დაბნეულ ბიჭს.
პიპა ყურებამდე გაღიმებული იდგა, თან ფიქრობდა, ნუთუ არ იცის, რომ ბაბუს ნამდვილი არც შვილი ვარ და არც შვილიშვილიო, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ძმები იყვნენ და მორჩა!
თაფლის სანთლისა და საკმევლის სურნელით თავბრუდახვეულს, იმ ღამით ტკბილად ჩაეძინა.
ბიჭს იმედი მიეცა, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა.
მალე სკოლაც წარმატებით დაამთავრა და მისაღები გამოცდებიც კარგად ჩააბარა.
მამაომ ქალაქში საცხოვრებელიც უშოვა, თავის ახლობლებთან ცალკე ოთახი გამოუყვეს. პიპა კარგად სწავლობდა, ბაბუს ხსოვნის საპატივცემულოდ თავს არ ზოგავდა. უქმეებზე მონასტერში გარბოდა, დაუზარელი იყო, ფიზიკური შრომაც კი სიამოვნებას გვრიდა, ყველაფერში გვერდით ედგა და ეხმარებოდა ბერებს, საღამოობით კი ჩაუჯდებოდა წიგნებს და სანთლის შუქზე ათენებდა ღამეს.

***
გვიანი ღამე იყო, დაღლილობისგან თავი უსკდებოდა. ჩაძინებას ცდილობდა, მაგრამ ვერ გაართვა თავი წარსულისგან მოწოლილი სევდას.
ხან ვინ ეზმანა და ხან ვინ.
სიზმარი და ფიქრი ერთმანეთს შეერია, იქნებ ცოტა ხნით მაინც შესძლოს თვალის მოტყუება.
აი, ცოტაც და გადაეშვებოდა ძილში, მაგრამ ვინ აცალა.
ტელეფონის ზარმა ლამის ტვინი გაუხვრიტა, არც უცდია განძრევა.
როგორც იქნა ზარი შეწყდა.
ცოტა ხანში კი შეტყობინება მოვიდა.
მიმი წერდა:
„ძალიან მჭირდები. მაპატიე. გაწუხებ.“
LEX. 2016 წლის 13 დეკემბერი, სამშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1837295199846102

No comments:

Post a Comment