Sunday, January 21, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 42)

42.
კონიაკი იწურებოდა. ფიფო წასვლას არ ჩქარობდა, არც მხატვარი აძალებდა, ისე აეშალა საუბრის საღერღელი, რომ ვეღარ ჩერდებოდა.
- აი, სულ პირველად, დანაშაულის ადგილას, რომ შედიხარ, რას აკვირდები ხოლმე?
- პირველად საერთოდ, ანომალიებს უნდა მიაქციო ყურადღება.
- ???? - მხატვარმა გაკვირვებით ამოხედა.
- ის ნივთი, რაც იქ საერთოდ არ უნდა იდოს. ან პირიქით, აუცილებლად უნდა იყოს და არ არის. - ფიფომ სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. - ნუ შეიძლება, თავიდან კონკრეტულად არც იცოდე, იქ რა უნდა იყოს და რა არა, მაგრამ ჯერ თუნდაც პირველადი დათვალიერებით და კარგი დაკვირვებით უნდა შეამჩნიო და თუ ამის უნარი საერთოდ არ შეგწევს, მაშინ სხვა სამსახური უნდა ეძებო!
- მაინც? პრიმიტიულად მაინც მითხარი. - არ მოეშვა მხატვარი.
- აი თუნდაც, საწოლ ოთახში სააბაზანო ნივთი, ადვილად მოგხვდება თვალში და კითხვაც გიჩნდება, - რა უნდოდა იქ?
- ნივთი ჩემია და სადაც მინდა, იქ დავდებ! რა? არ შეიძლება? - მხატვარს სიცილი წასკდა.
ფიფოც აჰყვა:
- შენგან არც გამიკვირდება!
- ისე, ყველაზე უტყუარი სამხილი, შეიძლება სულ თვალში გეჩხირებოდეს და ვერც კი ამჩნევდე, ესე ხომ შეიძლება?
- შეიძლება და არა ერთხელ მომსვლია მასე. - დაეთანხმა ფიფო. - გვიან მიმიქცევია ყურადღება. ყოველთვის, როცა დანაშაული ხდება, მთავარი კითხვა უნდა დასვა: - რატომ? რის გულისთვის? რატომ ამოირჩია დამნაშავემ სწორედ ეს მსხვერპლი, სწორედ იმ დროს, იმ მომენტში! იყო იმ დროისთვის რამე პროვოცირება მსხვერპლის მხრიდან, თუ უბრალოდ თვითონ სამიზნე იყო სუსტი და ადვილად მისაწვდომი? კარგად უნდა გაარკვიო, ეს შემთხვევითობაა, თუ გარემოება. აი, ჩემს შემთხვევაში ცხადია, რომ მკვლელი ირჩევს დროს და მომენტს და მოკლულის პოზასაც აქცევს ყურადღებას!
- ეს მკვლელობები  კი,  უფრო თეატრალურ დადგმას ჰგავს! -  აღნიშნა მხატვარმა.
- ჰო! უამრავი კითხვა უნდა დასვა, ყველანაირი, მაქსიმალურად ამომწურავი და თუ გინდა, რომ სწორი პასუხი მიიღო, კითხვაც სწორად უნდა დასვა, მაგრამ რომელია და როგორია ეს სწორი კითხვა აი, ამაშია საქმე! - ფიფო გაჩუმდა.
- მკვლელთან უნდა გაისაუბრო. - ჩაიბურტყუნა მხატვარმა.
- რაა?
- შენს წარმოდგენაში, მკვლელთან უნდა გაისაუბრო! გაებაასე და დაუსვი კითხვა, ის ზუსტი კითხვა, რაზედაც ზუსტი და სწორის პასუხი გჭირდება.
- ჰმ, მისი სახის წარმოდგენას, რა ხანია ვცდილობ.
- არა, არ გინდა წარმოდგენა, ისე წარმოიდგინე და გაესაუბრე, ვითომ იცი ვინც არის, რაღაც მასე. მკვლელობის ილუზია შექმენი, ვითომ ხედავდი, როგორ კლავდა მსხვერპლს და მერე ამ თემაზე საუბრობთ, - შენ და ის!
- ეჰ, ისედაც ბევრჯერ დავდგი გონებაში ეგ სცენა.
- სცენა, სცენა, ისევ სცენა! წარმოდგენას დგამს და გვიჩვენებს, თუ როგორ დაისაჯა მსხვერპლი, მაგრამ რატომ?
- ეჰ, ეგ რომ ვიცოდე, რატომ? - ფიფომ ხელი ჩაიქნია.
- ვიცით, როგორ არ ვიცით! ჩვენ ყველაფერი ვიცით! - წამოიძახა მხატვარმა. - მკვლელი სამყაროს წმენდს, ამ უწმინდური ხალხისგან!
- ჰო, თვითონ ხომ მყავს რა, წმინდანი. - ჩაეცინა ფიფოს. - ჰგონია, რომ თავად  უკეთესია? თავის მსხვერპლზე, ბევრად მეტად ამაღლებულად მოაქვს თავი და დარწმუნებულია, რომ ამით სიკეთეს აკეთებს! - ფიფომ წამით იყუჩა და მალევე გააგრძელა. - ცოდვას სჩადის და სიკეთედ გვაჩვენებს! სამწუხაროდ, იმ ადამიანთა სიცოცხლეზე მაღლა, საკუთარი შურისძიება დააყენა!
- ცოდვა ვერ შობს სიკეთეს! - წამოისროლა მხატვარმა და თავისივე ხმა ეუცნაურა, თითქოს სხვის სიტყვებს იმეორებდა, ვიღაცის სიტყვებს. სადღაც წარსულიდან მეხსიერებაში ჩარჩენილ სიტყვებს.
მხატვარი დადუმდა. ხმას აღარ იღებდა. ფიფო მოთმინებით ელოდა, მაგრამ ბოლოს უკვე ვეღარ აიტანა.
- ეე, რა იყო? რამ გაგაშეშა? შეთვერი ასე მალე?
ფიფოს როხროხმა, თვალებდაჭყეტილი მხატვარი, ცოტა გონზე მოიყვანა.
- გადავეშვი ფიქრებში. ასტრალში გავედი!
- მე კი მეგონა, რომ დაიბრიდე, ისეთი შუშის თვალებით იყურებოდი. - ფიფო სიცილისგან ჩაბჟირდა, საკუთარი იუმორით აღფრთოვანებულმა, ძლივს მოითქვა სული.
მხატვარი კი ისევ გათიშულივით იჯდა, სადღაც შორს ფრენდა მისი გონება. ფიფო მოთმინებით შეჰყურებდა, იცოდა რაღაც ისეთს იტყოდა და საინტერესო იდეის მოლოდინში გაიტრუნა. დიდ ხანს არც მოუწია ლოდინი და როგორც იქნა, მხატვარიც ამეტყველდა:
- ისე, რომ იცოდე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სად გაიზარდე, როგორ გარემოში, ვინ იყვნენ შენი აღმზრდელები?
ფიფომ უკმაყოფილოდ დაუქნია თავი, ისეთი სახე ჰქონდა, ეგ ხომ ისედაც ვიციო.
მხატვარი კი განაგრძობდა:
- ოჯახზე ბევრია დამოკიდებული. ხშირ შემთხვევაში ბავშვი, მართლაც ოჯახის სარკეა და მშობლების მიერ ჩადენილი სისულელე, ადრე თუ გვიან, მაინც აისახება შვილებზე.
- სერიული მკვლელები, ხშირად ისეთი ოჯახებიდან გამოდიან, სადაც ერთი ოჯახის წევრს მაინც აქვს ფსიქიური პრობლემა. ეს ბავშვებზე, ძლიერ ფსიქიურ ზეწოლას ახდენს. ასეთი ბავშვი, მუდმივად ჩაგვრაში იზრდება. ჩაგვრა, დამცირება, ცემა-ტყეპა. ამას დამატებული კიდევ, შთამომავლობით გადმოცემული დაავადება და ყველაფერი ამის გამო, დანაშაულის ჩადენის დროს მსხვერპლზე ძალადობა, უკვე მისთვის, ჩვეულებრივი სიყვარულის გამოხატვაა. ურთიერთობის გამოვლინებაა და...
- ჰიპოთალამუს! - შეაწყვეტინა მხატვარმა. - იცი, რა არის? 
- არა, არ ვიცი.
- ეს არის ტვინის, ის პრიმიტიული ფუნქციის ნაწილი, რომელიც განაგებს სინდისისა და მორალის არ არსებობას! ესე იგი, მის უქონლობას! - მხატვარმა წამით იყუჩა. - აი, სწორედაც, რომ მისი წყალობით, ბავშვები ტირიან, როცა შიათ და როცა რამე აწუხებთ - წუწუნებენ, ზედმეტადაც მიზეზობენ, რომ ყურადღება მიიქციონ, მოეფერონ და ზედმეტადაც რისხდებიან, როცა რამეს ძალით ართმევენ! - მხატვარმა სიგარეტს მოუკიდა. - ბავშვების უმეტესობას, ვინც ნორმალურ ოჯახში იზრდება და მშობლებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, მათი გონება, ეწინააღმდეგება ჰიპოთალამუსის გააქტიურებას და ეს, ტვინის ნორმალურად განვითარების ფუნქციონირებას უწყობს ხელს! ესე იგი, მას, ყველა გარემო პირობები აქვს, რომ წესიერ ადამიანად ჩამოყალიბდეს! 
- ნუ, თავისთავად. - ჩაურთო ფიფომ.
- თუმცა, უჩემოდაც იცი, რომ მარტო პირობებიც ზოგჯერ, არც არის საკმარისი, მაგრამ მაინც! 
- სრულიად გეთანხმები! - კვერი დაუკრა ფიფომ და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მხატვარმა არ აცადა, ისე განაგრძო:
- აი, „შენს მკვლელს“ კი, ეს არ შეუძლია, რადგან არ ჰქონია ნორმალური ოჯახი, მშვიდი და მოსიყვარულე გარემო. სავარაუდოდ, იქნებ, შთამომავლობითი ფსიქოზიც აქვს სისხლში და ყოველივე ამდენი უარყოფითი შედეგად, მისი ჰიპოთალამუსი, წლების მანძილზე განაგრძობდა პრიმიტიულ დონეზე ფუნქციონირებას! ისე, რომ იცოდე, შთამომავლობით მიღებული ძალადობის აშკარა გამოვლინება ეს უკვე გინეკომანიაა. მისი ნიშნები, ვლინდება სექსუალურ ძალადობაში, სადაც სიყვარული და ძალადობა ერთმანეთშია შერწყმული და მისი ჰიპოთალამუსი არ აძლევს უფლებას, შეეწინააღმდეგოს მოჭარბებულ გრძნობებს, გინეკომანიის გამძაფრებულ ვნებას! ეს თითქოს დაპროგრამებულია მის ტვინში და განუკურნებელ სენად არის ჩამჯდარი. მის მსხვერპლს, არა აქვს გადარჩენის შანსი, სინამდვილეში კი, თავად დამნაშავეს არა აქვს შანსი, ნორმალურად აზროვნებისა!
- ჩემს შემთხვევაში. - როგორც იქნა, ფიფომაც შესძლო ხმის ამოღება და  აქაქანებული მხატვარი მცირე ხნით, მაინც შეაჩერა. – სექსუალური ძალადობა, კატეგორიულად არის გამორიცხული!
- კი, მასეა! შენი მკვლელის ქცევაში, სექსუალური ძალადობა, გამორიცხული კი არის, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ მკვლელის გენებში იყოს რამე სხვა ძალადობა, ჩაგვრა! აი ეს კი, ნამდვილად არ არის გამორიცხული! შეიძლება, თავად ყოფილიყო ძალადობის მსხვერპლი, ან სულაც შედეგი იმ ძალადობისა!
- შეიძლება, დედამისზე იძალადეს და ისე გაჩნდა. - ამოიხვნეშა ფიფომ.
- დახშულმა, მიძინებულმა და ჩამკვდარმა გონებამ, შთამომავლობით გადმოცემულმა გენებმა, - მოგვიანებით, ურჩხული წარმოშვა!
- დაიცა ახლა, ვითომ დედა აქეზებს? ჰმ, ესეც ახალი ვერსიაა. - ფიფომ ამოიხვნეშა და განაგრძო. - ამიტომაც, მკვლელი შეიძლება, ბევრად ახალგაზრდაც იყოს, ისედაც ჩანს, რომ ფიზიკურად ძლიერია და თუ გამოცდილება ნაკლები აქვს, აქ მას უკვე, უფროსი ეხმარება და არიგებს, შესაძლებელია გეგმებსაც ის ადგენს.
- თუ იმ ვერსიას განვიხილავთ, რომ ორნი არიან, სრულიად შესაძლებელია, დედა-შვილიც იყოს!
- მაგრამ თუ ერთია, მაშინ? - ჩაეკითხა ფიფო.
- მაშინ, როგორც ძალა ერჩის, ასევე ჭკუა-გონებაც ძალიან კარგად უჭრის და არც იმდენად პატარაა, სრულიად ზრდასრულია!
- მდააა... ჰიპოთალამუს! არც გამიგია და შენ საიდან, ამდენი? როგორც აქამდე ვიცოდი, მხატვარი უნდა იყო. - გაეცინა ფიფოს.
- ჩემი ექს მეუღლეა ფსიქიატრი, მისი მშობლებიც! ბიძებიც და დიდი ბაბუაც! მოკლედ, მთელი მაგათი საგვარეულო, მთელი ოჯახი, ყველანი გიჟები არიან და აქეთ მე! მხატვარ კაცს! შემოქმედს! მე მეძახიან გიჟს და არანორმალურს!
მხატვარს სიცილში ფიფოც აჰყვა.
- ისე, რომ იცოდე, სერიულ მკვლელებს შორის, ყველაზე საშიში, ჭკვიანი და განათლებული მკვლელია. - დაიწყო ფიფომ. - მათი უმრავლესობისათვის, გონებრივი თამაში, უფრო მეტია, ვიდრე თვითონ მკვლელობის ქმედება. მკვლელი ყოველთვის მზად არის, რომ ბოლომდე ამოსწოვოს მსხვერპლს სული! სანამ ფიზიკურად გაუსწორდება, ჯერ სულიერად ანგრევს, სულიერი განადგურება კი, ზოგჯერ ფიზიკურზე მეტია!
- მანიაკი ფსიქოპათი, მაგიტომაც კლავს, რომ მას, ასე უნდა, ხოლო ეს „შენი მკვლელი“, იმიტომ კლავს, რომ თავს ვალდებულად თვლის, შური იძიოს! შურისძიება კი მისი სახეა, თუმცა არა! ამას უკვე სახე აღარ ჰქვია, ეს უკვე ძალაა!
- ახლა, ამ ბოლო დროს, რაღაც სიმშვიდეა.
- ჰმ! არავინ მოუკლავს, თუ არჩევს მსხვერპლს? იქნებ, მორჩა უკვე?
- რა ვიცი? იქნება და, მობეზრდა?! - მწარედ ჩაეცინა ფიფოს.
- ბოროტებას შეუძლია უცებ ამოფეთქოს, აალდეს და მერე თითქოს გაქრეს, მაგრამ მაინც ძლიერი კვალი დატოვოს.
- კი ძლიერი კვალი დატოვა, საკმაოდ ძლიერი! მოკლულებს მიტოვებს და არანაირ სამხილს არ ტოვებს!
- ბოლო მკვლელობა, როდის იყო? მე რომ წამიყვანე, ის იყო ბოლო, თუ იმის მერე, კიდევ მოხდა?
- კიდევ ერთი იყო, ქალი.
- კი, კი, გამახსენდა! მიმის ნაცნობის, ვიღაცა.
მიმის ხსენებაზე, ფიფოს გული შეეკუმშა. მხატვარს შეუმჩნეველი არ დარჩენია. მართალია, მიმი და ფიფო, დიდი ხანია უკვე, ერთმანეთს აღარ ხვდებოდნენ, მაგრამ ფიფოზე მაინც იმოქმედა, მიმის ხსენებამ.
მხატვარს უნდოდა, კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა.
დუმილი საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა.
- ბავშვს ელოდება... ჩემგან... – ჩუმი ხმით წარმოსთქვა ფიფომ. - ეს პრობლემაღა მაკლდა რა...
LEX. 2016 წლის 4 სექტემბერი, კვირა
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1789633027945653

No comments:

Post a Comment