Thursday, January 18, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 31)

31.
ფიფოს გული შეეკუმშა. დანაშაულის გრძნობა, ისე მოაწვა ყელში, ლამის სუნთქვა გაუჩერა.
მხატვარი ღიმილით შეჰყურებდა.
ნახატი, მართლაც მშვენივრად იყო შესრულებული. ფიფო თვალს ვერ აცილებდა მიმის მოშიშვლებულ ზურგს.
„არა რა, მართლა დამნაშავე ვარ! ნამდვილად მე ვარ დამნაშავე! თავად მივუგდე ეს გოგო მხატვარს!“
აღარც მობილურზე ურეკავდა, აღარც სახლში კითხულობდა.
მერე ერთხელაც, ტელეფონის ზარზეც კი, არ მცალიაო, მიაძახა და სწრაფადვე გაუთიშა და აღარც კი უცდია, მოგვიანებით მაინც დაერეკა.
არადა, მაშინ მართლა არ ეცალა. ახალი ჩადენილი მკვლელობა იყო. დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა და აბა რა დროს მიმის ზარები იყო?
მოგვიანებით გახსენებოდა მაინც? ჩვეულებისამებრ, ყვავილების თაიგული მაინც გაეგზავნა?
ვერა და ვერ მოახერხა მიმის მოსაკითხად, ცოტაოდენი დრო მაინც გამოეძებნა და აი შედეგიც მიიღო! - მიმი უკვე ნახევრად შიშველი პოზირებდა მხატვარს. ნუთუ, მარტო პორტრეტი საკმარისი არ იყო?
- შენ რა, ზღვაზე არასდროს ყოფილხარ? - მხატვრის ცოტა თითქოს, ცინიკურმა ქილიკმა, ფიფო გამოაფხიზლა. - ჰა, რა იყო? ხომ არ ეჭვიანობ?
მხატვარი არ დასცინოდა, მაგრამ მის მწარე იუმორზე, ფიფოს გული მაინც ბოღმით აევსო და ძლივს ამოიდგა ენა:
- არა არ ვეჭვიანობ, უბრალოდ...
- რა უბრალოდ? ბარემ ამოღერღე რის თქმა გსურს! - მხატვარმა სიცილი შეწყვიტა, ხმაც უფრო სერიოზული გაუხდა.
ფიფომ სიტუაციიდან თავის დაძვრენა სცადა:
- მიმი ასეთი არასდროს მინახავს. არა ასეთი კი არა, ასე... - ფიფო გაჩუმდა, ან მეტი რა უნდა ეთქვა.
უხერხული დუმილი ჩამოვარდა, ბოლოს ისევ სიგარეტის მოკიდებას შეეძლო გაეფანტა ეს ყველაფერი და ორივე ერთდროულად სწვდა კოლოფს, რასაც ორივეს ღიმილი მოჰყვა და დაძაბულობაც წამსვე გაიფანტა.
- მეგონა, აქ დამხვდებოდა. - ფიფომ სიგარეტს მოუკიდა. - სახლში და სამსახურში აღარ მივაკითხე, თან შენი კონსულტაციაც მჭირდებოდა, ბარემ, ვიფიქრე...
- კარგა ხანია აქ არ გამოჩენილა. შეიძლება, მთელი თვეა. არ მახსოვს ზუსტად.
- მერე არ გიცდია დარეკვა, ან?.. - ფიფო სახლში მიკითხვაზე მიანიშნებდა. მაინც შემოეპარა ეჭვიანობის ტალღა.
- არა! არც მიფიქრია დარეკვა, არც კი ვიცი მისი ტელეფონი. - მერე სიცილით დაუმატა. - ისიც კი არ ვიცი, სად ცხოვრობს.
ფიფომ შვებით ამოისუნთქა. მისდა გასაკვირად, მხატვარმა არც მიმის მისამართი იცოდა და არც ტელეფონის ნომერი.
სახელოსნოში მოსვლამდე, რამდენიმე დღით ადრე კი იკადრა ფიფომ მიმისთან დარეკვა. ისიც სულ რამდენიმე ზარი გაუშვა და სასწრაფოდ თავადვე გათიშა.
მიზეზის მეტს რას მოიფიქრებდა. იცოდა, არც მიმი უსაყვედურებდა, რატომ არ მაცალე პასუხიო. ისიც კი იფიქრა მიმი ჩემს ზარებს, რომ ნახავს, ჩვეულებრივ თვითონვე გადმორეკავსო, მაგრამ მიმის ტელეფონი ამ ბოლო დროს რატომღაც აღარ პასუხობდა.
შეტყობინების გაგზავნას, ისევ სახელოსნოში სტუმრობა ამჯობინა. ჯერ აქედან უნდოდა მოესინჯა ნიადაგი, თუმცა სახარბიელო სურათი ნამდვილად არ დახვდა.
ბოღმისგან ლამის გული გაუსკდა.
არა, მხატვარი ნამდვილად არ იყო მისი მეტოქე, თუმცა რა მეტოქე, ან რის მეტოქე?
თავისავე რჩეულს, თავადვე აქცია ზურგი და ახლა უსინდისოდ ეჭვიანობს და სხვასაც უნამუსოდ განიკითხავს.
„ისე, რა ტიპია რა ეს მხატვარი. მართლაც შერეკილია ცოტა. არა ისე, კარგი ბიჭია, მაგრამ მაინც უბერავს თავისებურად. ჰმ, ვითომ მიმისთან ჩემზე მაგრად მეგობრობს და მთელი თვეა არაფერი იცის მასზე? ნუთუ, არ უნდა მოეკითხა? სად არის და რას აკეთებს? იქნებ, რამე შეემთხვა?“
ფიფო, მხატვრის მეგობრისადმი გულგრილობამ, ცოტა არ იყოს, გააკვირვა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს.
დუმილი ისევ მხატვარმა დაარღვია.
- აბა რა ხდება, კიდევ ახალი მკვლელობაა? ის ძველები აღარ მორჩა?
- ეს რაღაც სულ სხვანაირი საქმეა. მართლაც, აშკარად სერიული მკვლელობებს ჰგავს და როგორც კი რამე მსგავსი საქმე შემოდის, მაშინვე მე მომიგდებენ. ვითომ ამით, ჩემს გამჭრიახობას სცემენ პატივს. სინამდვილეში კი, თავს იზღვევენ და რთულ საქმეს თავიდან იშორებენ. - ფიფომ ჯიბიდან მეხსიერების ბარათი ამოაძვრინა.
მხატვარი უხმოდ მიუხვდა და საწერი მაგიდაზე დადებულ ლურჯ ლეპტოპზე მიუთითა.
- ხომ იცი, კონფედენციალურია! -  მუდარით შეხედა ფიფომ. - ეს რომ ვინმემ გამიგოს, სამსახურს დავკარგავ!
- ჰო ვიცი, ვიცი! არ ინერვიულო. ისე, რომ იცოდე, ყველაზე კარგად საიდუმლო მაშინ ინახება, როცა მას არავის უმხელ.
ბიჭებს ერთდროულად გაეცინათ.
ფიფო დიდი მოთმინებითა და მოწიწებით შეჰყურებდა, მხატვარი რას იტყოდა და დიდხანს ლოდინიც არ დასჭირვებია.
მხატვარი თავის ჩვეულ სავარძელში გადაწვა და ჩაფიქრებული ხმით დაიწყო:
- ვფიქრობ, რომ ყურადღების მიქცევა მაინდამაინც არ უნდა, მაგრამ მისმა „შემოქმედებამ“, უკვალოდაც არ უნდა, რომ ჩაიაროს.
- კარგი ახლა რაა, თუ ყურადღების მიქცევა არ უნდა, მაშინ ნიღბების ვერსია და საერთოდ სერიული მკვლელობაც გამოირიცხება! - დაიჯღანა ფიფო. - არადა, ლამის ყველას ყურები გამოვუჭედე და...
- სულ სხვა რამ ვიგულისხმე. - გააწყვეტინა მხატვარმა. - ჯერ არ უნდა, რომ დაიჭირო! ამის თქმა მინდოდა!
- ჰმ! ესე იგი, ჯერ კიდევ ბევრ მსხვერპლს უნდა ველოდო, არა?! - ნაღვლიანად ჩაეცინა ფიფოს.
- ჰო! ჯერ არ უნდა, რომ დაიჭირო! ჯერ კიდევ, დარჩა სათქმელი და ამ ნიღბების დემონსტრაციითა, თუ რაღაც მინიშნებებით ცდილობს მოგმართოს!
ფიფომ წარბები აზიდა.
- იცი, რას ვფიქრობ? კონკრეტულად, პოლიციას რომ მიმართავდეს, მაშინ უფრო სხვანაირად მოიქცეოდა. - განაგრძო მხატვარმა. - ის უფრო სისტემას მიმართავს, მაგრამ ზუსტად რას და რომელს? აი, ეგ არის ჯერ გასარკვევი.
- რას მირჩევ, როგორ მოვიქცე?
- ჯერ ყველა ის ვარიანტი უნდა ჩამოვთვალოთ, რის გამოც შეიძლება ადამიანი, ანუ უფრო სწორად, ის კონკრეტული პირი, სწორედ იმ კონკრეტულ მკვლელობამდე, იმ კონკრეტულ მსხვერპლამდე, რატომ და რისთვის მივიდა.
- უამრავი ვარიანტებია და ნეტა მართლა იცოდე, რამდენი და რამდენჯერ ჩამოვთვალეთ და რამდენნაირად არ ვატრიალეთ?! აბა სამსახურში, მაგის მეტს კი არაფერს ვაკეთებთ?!
- ხომ, მაგრამ ნიღბების ვერსია? - მხატვარმა ეშმაკურად მოწკურა თვალები. - ეგ ხომ მიმისგან მოდის და არა თქვენს სისტემაში მომუშავე პერსონალისგან?
- ეგ კი, მაგრამ ნიღბები, ჯერ მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. უფრო სწორად კი, ვერსიის ვარიანტი. თუმცა, ესეც ჯერ კიდევ გასარკვევია.
- იმის თქმა მინდოდა, რომ მე, ან მიმი, ან ვინმე სხვა უცხო პირი, უფრო სხვა თვალით ვხედავთ და სწორედ მაგიტომაც, ისეთი პატარა ნიუანსები, როგორიც ნიღაბი იყო და თარიღი, ბევრად ადვილად შევამჩნიეთ, ვიდრე თქვენ!
- კი, ვიცი! და მაგიტომაც ვარ აქ! ჩვენ უფრო სტანდარტულ სტრუქტურას მივყვებით და ზოგჯერ, ესეც გვიშლის ხელს.
- ჰოდა, ჩემი არასტანდარტულობა და დამსხვრეული სტერეოტიპი, სხვა კუთხიდან ხედავს, რომ ეგ შენი მკვლელი, ალალბედზე სულაც არ ირჩევს მსხვერპლს! - მხატვარი წამით შეყოვნდა. - შესაძლოა, პირადად იცნობდეს, ან სულაც, საკმაოდ დიდხანსაც კი უთვალთვალებს, რომ კარგად შეისწავლოს.
- ისიც კი ვერ დავაზუსტე, ადრეც იცნობდა მსხვერპლს, თუ უბრალოდ ისე შეარჩია, შეისწავლა! და ნუ, რა ვიცი? ვერაფერი დავადგინე! საერთოდ ვერაფერი! არც ანაბეჭდები! არც სხვა სამხილი! არც არანაირი მინიშნება! - ფიფომ ნევრიულად ჩასრისა სიგარეტი. - ისე, ბევრგან, სადაც მწეველი არავინ იყო, ნიკოტინის მძაფრი სუნი დაგვხვდა, მაგრამ ნამწვავების ნასახიც კი ვერსად ვნახეთ, ისიც კი თან მიაქვს! უკვე აღარ ვიცი რა ვქნა?!
- იქნებ ჯერ, ყურადღება, სულ პირველ მსხვერპლს უნდა მივაქციოთ? ყველაზე მეტად იქ დაუშვებდა შეცდომას, თუ დაუშვებდა, მაგრამ ის მაინც თუ იცი, რომელი იყო პირველი?
- ჩადენილი დანაშაული ხანგრძლივობის მიხედვით, ის რაც ხელთ გვაქვს...
- მე ყველა მსხვერპლის ახლობლებს მოვიწვევდი ერთად და ვაჩვენებდი ფოტოებს! გავაცნობდი ვინ იყო სხვა მსხვერპლი და იქნებ, რამე კავშირი აღმომეჩინა...
ბიჭებმა გაკვირვებით შეხედეს კარებში შემოსულ მიმის.
LEX. 2016 წლის 15 ივლისი, პარასკევი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1732417817000508/1768080696767553

No comments:

Post a Comment