Thursday, January 18, 2018

მებაღე (ნაწილი 20)

20.
დრო გადიოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. პატრონს დაცვა ისევ გამაგრებული ჰქონდა, თუმცა არავინ ჩანდა მათი არც ავად და არც კარგად მომჩივან-მომკითხავი.
დადას უღიმღამო ცხოვრებას ისიც შეემატა, რომ იმ საშიშ თვალებიანმა კაცმა მათთან ვიზიტს უმატა. ისევე, როგორც ადრე, დადას საშინლად არ სიამოვნებდა და ძალიან აღიზიანებდა მისი სტუმრობა, მაგრამ წინათ თუ შეშინებული უყურებდა, ახლა ცივ გაყინულ მზერას შეაგებებდა და საშიშ თვალება კაცი, ისე თამამად ვეღარ უბედავდა დადას თვალებში ჩაძრომას.
დადას ნაცრისფერ დღეებს დრო კიდევ უფრო უფერულს ხდებოდა. ირგვლივ სიმშვიდე იყო, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ადრე, მებაღის გამოჩენამდე.
ყველაფერი ისევ ისე... როგორც ადრე, მაგრამ დადას გარდა.
ერთ დროს მხიარული, ბედნიერი და ყოველთვის ხალისიანი გოგონა ახლა უკვე ცივი, უხეში და უინტერესო გახდა.
დანარჩენი კი ყველაფერი მართლაც ისევ ისე იყო, როგორც ადრე, მაგრამ პატრონი მაინც ვერ ისვენებდა. გრძნობდა უგოს გამოჩენა-გაქრობა მათ ცხოვრებაში უკვალოდ არ ჩაივლიდა, ამიტომაც მუდამ ფხიზლობდა. დროდადრო ამოწმებდა თავის იარაღების კოლექციას. კაბინეტიდან გამავალი კარის იქეთ პატარა მუზეუმიც კი ჰქონდა მოწყობილი. დადა იქ არასდროს შედიოდა და არც არასდროს იჩენდა ინტერესს იარაღების მიმართ, ამიტომაც იყო, რომ პატრონი ძლიერ გაკვირვებული დარჩა, როდესაც იმ ოთახში შესულს დადა იქ დაუხვდა.
დადას ერთ-ერთი მაგიდის საფარი შუშა ახდილი ჰქონდა და იარაღებს ათვალიერებდა, ზოგს ისე უყურებდა ზოგსაც კი ხელს ავლებდა. ყველაფერი აინტერესებდა, პატრონი სათითაოდ უხსნიდა და კარგად ათვალიერებინებდა. დადაც მთელი ინტერესით უსმენდა და გულდასმით აკვირდებოდა. ზოგი ძალიან მძიმე მოეჩვენა, ზოგიც კიდევ მოუხერხებელი, პატრონი სროლის სწავლას და თან იარაღის ჩუქებასაც დაჰპირდა, ისეთს რომელიც მას მოუხდებოდა და მოეწონებოდა, ხელში ადვილად დაიჭერდა თან ბევრად ლამაზიც იქნებოდა და სროლაც ადვილად გამოუვიდოდა.
დადა სიხარულით უქნევდა თავს, ეტყობოდა, რომ პატრონის წინადადება ძალიან მოსწონდა. თუმცა მის თვალებში სიხარულთან ერთად რაღაც სხვა ნაპერწკალმაც გაიელვა, რაც პატრონის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია. ვერ მიუხვდა დადა შურისძიებას აპირებდა თუ?
ან და როგორ უნდა ეძია შური?
სად უნდა ეპოვნა უგო?
,,ზეკს მაგიტომ უფრო ხომ არ დაუმეგობრდა, რომ უგოს პოვნაში დაიხმაროს? ოღონდაც თავის თავს არაფერი ავნოს, არაფერი დაიშავოს.“
ფიქრობდა პატრონი, თან ეჭვმაც აღარ მოასვენა და ზეკთან სალაპარაკოდ გაეშურა. სასტიკად განრისხდა, როცა გაიგო, რომ ზეკი თურმე რა ხანია დადას სროლას ასწავლის და არც თუ ისე ცუდი მოსწავლე ყოფილა.
- რა იყო რა ამბავი ატეხე? დადამ თვითონ მთხოვა სროლა მასწავლეო და მერე რა? - გაკვირვებული პასუხობდა ზეკი.
- მერე თავის თავს რომ რაიმე ავნოს? მაგაზე თუ დაფიქრებულხარ? - შეუბღვირა პატრონმა.
ზეკმა მხრები აიჩეჩა:
- არა მგონია! მაგას არ ჩაიდენს, თუმცა... - ზეკი გაჩუმდა.
პატრონს მოთმინება აღარ ეყო:
- რა თუმცა? მითხარი კიდევ რა იცი? კიდევ რას მიმალავ?!
ზეკი გაბრაზდა:
- რას უნდა გიმალავდე? თავის მოკვლა, რომ უნდოდეს, მაშინ ამდენი ხანი რაღას უცდის? ორ ლულიანი თოფითაც დაინტერესდა, საკმაოდ კარგადაც ისვრის, გუშინ სანადიროდ წაყვანაც კი მთხოვა!
პატრონი ჩაფიქრდა. ვერ მიმხვდარიყო თუ რა მიზნები ამოძრავებდა დადას. არა, მისი ეს ინტერესი სულაც არ ჰგავდა თვითმკვლელობის მცდელობას, ეს უფრო მეტად შურისძიებას, კარგად მოფიქრებული გეგმის სამზადისს უფრო ჰგავდა.
,,ეჰ, დადა... დადა...
როგორ შეიცვალე ასე?
ნეტა რას ფიქრობ? რა გინდა? რის გაკეთებას აპირებ?’’
პატრონმა ახლა დადასთან დალაპარაკება გადაწყვიტა, სანამ მართლა გვიანი არ იყო, უნდოდა ყველაფერი დროულად სცოდნოდა.
დადამ ჩვეულებრივად მიიღო პატრონის შიში. როგორ შეეძლო, ისე აუხსნა, რომ საშიში არაფერი იყო. პატრონის გასაკვირვად დადა თურმე არც თავის მოკვლას აპირებდა და არც ვინმეზე შურისძიებას, მას მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის დაცვა სურდა. მასაც უნდოდა მონაწილეობა მიეღო მამულის დაცვასა უსაფრთხოებაში და ყველაფრისთვის მზად უნდოდა, რომ ყოფილიყო.
პატრონს გაეღიმა და გოგონას მოეხვია, თუმცა მის თვალებში კიდევ რაღაც ამოიკითხა. ცხადი იყო დადამ რაღაც იცოდა. პატრონს ეს არ გამოჰპარვია. გოგონა აშკარად რაღაცას მალავდა და მამობილი იმასაც მიხვდა, რომ ამ ეტაპზე მისგან ჯერ მეტს ვერაფერს შეიტყობდა.
,,ნეტა რა უთხრა უგომ წასვლის წინ? რა დაუბარა? ან რას შეჰპირდა? ან ამდენი ხანი მაინც რატომ არ გამოჩნდა?’’
ფიქრობდა პატრონი, თუმცა რაც მებაღე გაუჩინარდა მას მერე დადასთან არასდროს არ უხსენებია. მით უმეტეს, რომ აღარც დადა იჩენდა ინტერესს.
LEX. 2016 წლის 7 მარტი, ორშაბათი

No comments:

Post a Comment