Thursday, January 25, 2018

მებაღე (ნაწილი 30)

30.
პატრონის მიერ შემუშავებული ყოველი ახალი ძარცვის გეგმა იშვიათად ჰგავდა წინამორბედს. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ყოველთვის უმართლებდათ და ხიფათსაც არასდროს გადაჰყრიან. მისი გამჭრიახობის წყალობით ბევრი ავი საქმე ჩადენილა, ბევრი ოჯახი ჰყავდა გამწარებული და განადგურებული და ამას ისე აკეთებდა, რომ წლების მანძილზე მათ კვალსაც ვერვინ აგნებდა.
ნაძარცვი ქონება ერთად გროვდებოდა, მერე კი თანაბრად ნაწილდებოდა. პატრონს სულ უმნიშვნელო ნივთი, წიგნიც კი საერთო ქონებაში შეჰქონდა და არავის ჰქონდა უფლება მის უნებართვოთ თუნდაც უბრალო რამ მიეთვისებინა, მაგრამ თუ ვინმეს ჩუმად გადამალულ სამკაულს ან რაიმეს უპოვიდნენ, მას სათანადოდ დასჯიდნენ და იმ ნაძარცვიდან წილის გარეშე ტოვებდნენ. ბანაკის წევრების დიდ ნაწილს ძალიან არ მოსწონდა პატრონის მიერ შემოღებული ახალი წესები, ამაზე ბევრი ბრაზობდა და იღრინებოდა, ხშირად ბუზღუნებდნენ და იმ ძველს, ბევრად უფრო აღვირახსნილ დროს მისტიროდნენ, როდესაც დიდი ბაბუ ხელმძღვანელობდა ჯგუფს.
პატრონს კი სხვა გეგმები ჰქონდა.  ერთი ალაგიდან თავის წილ ნაძარცვ ნივთებს, სხვა ქალაქში აქცევდა ფულად და შემდეგ კი სულ სხვა ქალაქში აბანდებდა. ასე ნელ-ნელა, თანმიმდევრობით დააგროვა დიდ ძალი ქონება. დაბანდებულმა კაპიტალმაც თავის მხრივ უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა.
პატრონი მოპარული ნივთებიდან არაფერს იტოვებდა, არც უნდოდა რაიმე მოსაგონებელი ჰქონოდა. მხოლოდ დადას დაუტოვა მის მიერ მოწონებული ნივთები, როგორც ვარაუდობდა შესაძლო იყო თავის დროზე ეს გოგონას ქონების ნაწილიც შეიძლებოდა ყოფილიყო. სწორედ ამის გამო ბანაკში ერთხელ შეტაკებაც კი მოხდა. 
დადას არჩეულ ზოგიერთ ნივთებზე ბევრს დარჩა თვალი, პატრონის უჩუმრადაც კი წაართვეს ბავშვს. იცოდნენ ლაპარაკი არ შეეძლო და ვერაფერს მოჰყვებოდა, თანაც დააშინეს, ცხვირწინ დანაც კი აუელვარეს, ყურებს დაგაჭრითო. მაგრამ ატირებულმა გოგონამ, როგორღაც მაინც შესძლო უხმოდ ყველაფრის ახსნა და თითიც კი უშიშრად გაიშვირა ნაძირალა ყმაწვილებისკენ. 
ზეკი მაშინ ძლივს დააკავეს, თორემ სათითაოდ აკუწავდა ბიჭებს. განრისხებულმა პატრონმა ისინი ყოველგვარი შეწყალების გარეშე სამუდამოდ გაყარა ბანაკიდან. რითაც უკვე ისეთი მოსისხლე მტრები შეიძინა, რომლებიც სახეზედაც იცნობდნენ და მის შესახებაც ბევრი რამ იცოდნენ.
უხუცესებმა მათი დახოცვა მოითხოვეს, ცოცხლად გაშვება არანაირად არ შეიძლებოდა, რადგან 
„ყველაზე ცუდი მტრად მოკიდებული ბოშების დანდობაა და ვინ იცის შურის საძიებლად სად და რა დროს დაგაჭერენ წიხლსო...“
მაგრამ პატრონი უარზე დადგა და მთელი ბანაკის გასაგონად გამოუცხადა:
- სიცოცხლეს გჩუქნით იმ პირობით, რომ აღარასდროს არ გაეკარებით ბანაკს! აღარასდროს შეაწუხებთ მის რომელიმე წევრს! იარეთ თქვენი გზითა და თქვენი სიმართლით და აღარასდროს მოიხედოთ უკან!
როდესაც მებაღის ისტორია დატრიალდა, პატრონმა ერთი კი გაიფიქრა იმ ხალხზე, თავის დროზე დადას გამო ბანაკიდან, რომ გაყარა, მაგრამ სასაცილოც კი იყო თავზე ხელაღებული ხალხისთვის ქილერის დაქირავება. ან ამდენი წარმოდგენის გამართვა რა საჭირო იყო? ყაჩაღობაში გამოცდილი ხალხი თავადაც ისე სუფთად მოაგვარებდა ყველაფერს, რომ კვალსაც არ დატოვებდა. თუნდაც დაქირავებულ მებაღესაც ისე მოკლავდნენ, რომ მის გვამსაც ვერავინ მიაგნებდა, მაგრამ აქ რაღაც სულ სხვა რამ იმალებოდა.
და რაც უფრო დრო გადიოდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ მებაღეს კარგად გააზრებული და ბევრად დაწყობილი გეგმა ჰქონდა, მაგრამ...
„ვინ იყო დამკვეთი?
ან ასე დიდ ხანს რატომ გაწელა შეკვეთის შესრულება?“
მერე, ისიც კი გადაიფიქრა, იქნებ დამკვეთი გადააგდო და ამის გამო დაისაჯაო.
„ნუთუ მართლა უგო იყო ის?
რა უნდოდა იმ კაცთან ერთად?
იქნებ შევცდი და მომეჩვენა?
ან უბრალოდ მივამსგავსე?
ალბათ მართლაც ძალიან ჰგავდა, რადგან დადასაც ხომ...“
პატრონი დიდ გაშლილ აივანზე სავარძელში თვლემდა. ფიქრისგან თავი უსკდებოდა. 
საკმარისად ციოდა. ჯერ კიდევ გაზაფხულამდე მთელი თვე იყო დარჩენილი. 
ბინდდებოდა, ცხელი ჩაის სასიამოვნო სურნელმა პატრონი გამოაფხიზლა. მის ახლოს დადა იჯდა და ჩაძინებულ პატრონს ხატავდა. 
,,როგორც იქნა.’’ 
გაუელვა თავში. გაუხარდა დადა თავის ძველ საქმიანობას მართლაც გულით უბრუნდებოდა. გემრიელი ჩაიც მოუმზადებია და პატრონისთვის პლედიც უჩუმრად წაუფარავს. ის ვიღაც დადას სხეულში ჩასახლებული ოინბაზი, გაბოროტებული ტუტუცი გოგო სადღაც გამქრალიყო და ახლა ისევ ის ძველი დადა იჯდა მის წინ და ხატავდა.
,,ჩემი მზრუნველი გოგო’’
ფიქრობდა გულში პატრონი.  
,,ჩვენი წეროც დაბრუნდაა...’’ 
პატრონი თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ზეკს გულისხმობდა.
 ,,და ჩვენი დადაც დაგვიბრუნდაა...’’
სიხარულმა მთელს სხეულში სასიამოვნოდა დაუარა. კმაყოფილი სახით წამოდგა და ეზოს გადახედა.
ლამაზი სანახავი იყო აქედან ყველაფერი. ყველგან სიმშვიდე სუფევდა. 
სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. 
„რა თქმა უნდა ჯანსაღი ჰაერი და ლამაზი ბუნება ბევრად უფრო სასარგებლოა გონებისა და სულისათვის. კარგი ვქენი თავის დროზე აქ ცხოვრება, რომ გადავწყვიტე.“
სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, თუმცა მაინც გულში რაღაც უსიამოვნოდ გაჰკრა, სადღაც ჩარჩენილი სევდა ყელში მოაწვა.
რამდენიმე საათში კი...
LEX. 2016 წლის 16 მარტი, ხუთშაბათი
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1718563798385910/?type=3&theater

No comments:

Post a Comment