Monday, January 22, 2018

მებაღე (ნაწილი 26)

26.
,,ალბათ წარმოსახვა და ილუზია უფრო მისაღებია ხოლმე. 
ზოგჯერ ხვდები ადამიანს და მერე გული გწყდება, რომ ისეთი არ აღმოჩნდება, როგორიც გინდოდა ან გეგონა. შორიდან ყველა კარგია და საუცხოო, მაგრამ სინამდვილეში კი...
და ყველაზე საშინელება ისაა, როცა შენთვის ყველაზე ძვირფასს ეხები და აფუჭებ. ზოგჯერ სჯობს ყველაფერი ხელშეუხებლად დატოვო და ისე დატოვო როგორიცაა და შორიდან დატკბე.’’

პატრონი თვალს ვერ სწყვეტდა ნაწერებს, რადგან თარიღი არსად იყო დასმული, გაუგებარი იყო, თუ როდიდან დაიწყო დადამ წერა ან ახლაც აგრძელებდა თუ არა.

„როგორ მინდოდა მოგეყოლა შენი ცხოვრების შესახებ. ნეტა როგორი იყავი ბავშობაში? ბევრჯერ ვცადე წარმომედგინე. 
- მე მართლა არ მაქვს საინტერესო წარსული და არც არაფერი მახსენდება რაიმე მოსაყოლი და არ ვიცი რა მოგიყვეო... 
ეს შენი სიტყვები იყო.
ნუთუ ასეთი მძიმე ბავშვობა გქონდა?
ალბათ როდესმე მომიყვები და ამოხეთქავ ყველაფერს, რაც გულში გაქვს და გაწუხებს. და ამოხეთქვის ხასიათზე იქნები, სწორედ მაშინ მინდა, რომ შენს გვერდით ვიყო და ჩემთან ამოხეთქო ის, შენი დარდი. მე კი ყურადღებით მოგისმენ და გულით გითანაგრძნობ. ვიცი ამ ყველაფერს დრო უნდოდა, დრო და ძალის მოკრეფა, ამიტომ არც მაშინ გაჩქარებდი და ახლაც გელოდები და რამდენი ხანიც საჭირო იქნება იმდენ ხანს დაგელოდები.
იცი, რაც არ უნდა მომიყვე, მაინც არაფერი მეწყინება და სწორად გაგიგებ. შეიძლება შენს მონაყოლზე გულიც კი დამწყდეს, მაგრამ გაგიგებ.
ყელში რაღაც მომაწვა, ამას რომ გწერდი. რაღაც ძალიან სასიამოვნო, მაგრამ არ მინდა რომ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ მერე დამთავრდება... 
მე კი დამთავრების მეშინია...“

„გეგონა მოსაწყენი იქნებოდა შენს თავზე, რომ რაიმე მოგეყოლა?

სულაც არა! მართლა ძალიან კარგ ადამიანად მიმაჩნიხარ და უნდა დაიჯერო, რომ რაც არ უნდა შეგემთხვეს, ეს უკვე მოხდა და ამას ვერ გაექცევი! ამიტომ ისეთმა უნდა გააგრძელო ცხოვრება როგორიც ხარ! თუნდაც მე შემომხედე აბა. უკან აღარ ვიხედები. რაც იყო - ის უკვე იყო! და წარსულს ჩაბარდა!“

„ნეტავ ახლა შენს გვერდით მამყოფა.

ერთად ვისხდეთ და ბევრს, ძალიან ბევრს ვსაუბრობდეთ.
შენ მომიყვებოდი რაიმეს, თუნდაც ზღაპარს მე კი მოგისმენდი.
ნეტავ მართლა ამისრულდეს ეს სურვილი და გპირდები, რომ არასდროს, არასდროს არ მომბეზრდები და არასდროს არ შევწუხდები შენით.
უშენობამ კი შეიძლება შემაწუხოს... ძალიან შემაწუხოს... საშინლად...“

,,მინდა რაღაც გთხოვო

მინდა რაღაც გთხოვო, იმიტომ არა, რომ უკვე საკმარისად გთხოვე, არა პირიქით, უბრალოდ მგონია რომ თავს მოგაბეზრებ და მინდა ცუდად არ გამიგო, მე შენს შესახებ ბევრი რამ ვიცი, ნუ მგონია, რომ ვიცი, მგონია რომ ვხვდები, და თითქოს ისიც ვიცი რატომ წახვედი.
გთხოვ არასდროს მკითხო, თუმცა...
ხოდა მესმის შენი, არადა მე შენ ყველანაირი მიყვარხარ და მაინტერესებხარ, სულ მეფიქრება შენზე და სიამოვნებას მანიჭებს ეს ფიქრები. მადლობა ღმერთს, რომ ვარსებობთ და ერთმანეთი შეგვახვედრა, თუნდაც სულ ცოტა ხნითა და თუნდაც სულ დროებით, ბედნიერი წუთები, რომ მაჩუქა...
მერე რა რომ, წახვედი.
ჩუმად მაინც ხომ არ გაპარულხარ?..
არ ვიცი რაშია საქმე და წარმოდგენაც კი არ მაქვს, მაგრამ რამდენიც შეგეძლო, იმდენი მითხარი და ამიხსენი... ამიტომაც მჯერა და მომწონს შენი გულახდილობა და ამიტომაც მიყვარხარ და სულ მეყვარები შენი შორეული მეგობარი დადა. 
D. A. G.

თავიდან არა, მაგრამ შედარებით მომდევნო ჩანაწერებში დადა ხშირად თითქოს ხელს აწერდაო, ასომთავრულით რამდენიმე ასოს ერთმანეთში ხლართავდა, ზოგან მხოლოდ ინიციალები იყო ზოგან კი უფრო გარკვევით წრეში ჩახატული.
ასოთა წყობა მეორდებოდა და თითქოს ერთ მთლიან რაღაც შტამპს ქმნიდა.
D. A. G. 
ყველგან ერთი და იმავე იყო, მხოლოდ შემდეგ უკვე თანდათან სხვადასხვა გვერდზე წრეში ჩახატულ ასოებს გერბის ფორმა მისცემოდა.
შედარებით მომდევნო გვერდებზე კი უკვე გარკვევით ეხატა... 
ძალიან, ძალიან ნაცნობი გერბი.
პატრონი ჩაფიქრდა, ვერაფრით იხსენებდა სად შეიძლებოდა ენახა.
ან დადამ სად ან ვისთან ნახა? საიდან მოიტანა?
პატრონს ფიქრები აერია. ვეღარ გაეგო რა ხდებოდა, რას ნიშნავდა ეს ნახატი ან დადასთვის როგორღა უნდა ეკითხა?
მაშინ ხომ გაირკვეოდა, რომ მან დადას დღიური წაიკითხა.
ეზოში მანქანის ხმა გაისმა. ზეკის მანქანა იყო. 
პატრონმა სასწრაფოდ წიგნი ადგილზე დააბრუნა და მათ შესაგებელად გაეშურა.
LEX. 2016 წლის 13 მარტი, კვირა.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706954046213552/1716812995227657/?type=3&theater

No comments:

Post a Comment