Sunday, January 14, 2018

ძველი პიანინო (ნაწილი 12)

12. 
მიმის კინაღამ ლანგარი გაუვარდა ხელიდან. ქალი ისე წამოდგა, არც უცდია შიშველი სხეული დაეფარა.
- ვაა, რა მაგარი გოგო ხარ! საშინლად მინდოდა ყავა! - ქაფქაფა ყავა დიდი ყლუპით მოსვა და მიმის მადლიერი ღიმილით გადახედა. - უფ, გემრიელიაა!
მერე ხალათს დასწვდა და აბაზანისკენ წავიდა.
ერთხანს მიმი გაოგნებული იდგა, აღარ იცოდა წასულიყო თუ დარჩენილიყო.
მხატვრის სახელოსნოში, ათამდე მაინც, საკმაოდ დიდი ზომის, სწორედ ამ ქალის გრაფიკული ნახატები იყო მიმოფანტული. მიმიმ ინტერესით დაუწყო თვალიერება. ქალი ძალიან ლამაზი იყო.
- ვაიმე, ვაგვიანებ! და უკვე მერამდენედ, მომკლავენ!
არც უცდია წესიერად ტანის შემშრალება, სწრაფად იცვამდა სველ ტანზე და თან მიმის ეცნობოდა.
სტუმარი ქალი, იქვე ძველ უბანში. პატარა თეატრის მსახიობი იყო. რეპეტიციაზე აგვიანდებოდა, საღამოს სპექტაკლზეც მიიპატიჟა. მერე მაგიდაზე საფერფლის ქვეშ მოყოლებული ფული აიღო, არც გადათვალა ისე გააქანა ჯიბისკენ.
- ყავისთვის გმადლობ, სულზე მომისწარი!
მიმიმ საპასუხო ღიმილი შეაგება. მოიხიბლა, ძალიან ლამაზი და ზედმეტად თავისუფალი, თუმცა მხოლოდ თავისუფალი და არა ვულგარული ქალით.
კართან მისული მიმის მოუბრუნდა:
- საღამოს თეატრში შევხვდებით! 
და არც უცდია პასუხს დალოდებოდა, სირბილით გადაჭრა ეზო.
მხატვარს ისევ ეძინა. არაფერი გაუგია. მიმი სავარძელში ჩაესვენა, თვალები მილულა.
„მართლაც რას ვაკეთებ აქ? რას ვეძებ? ისე კონკრეტულად არაფერს. უბრალოდ, ვისვენებ.
დიახ, ვისვენებ! ჰმ, რაღაც საოცარია ეს ყველაფერი. შეიძლება სხვის ცხოვრებაში შემოიჭრა და უბრალოდ, დაისვენო. განიტვირთო შენი პრობლემებისგან, თანაც ისე. რომ სხვა არ დატვირთო და არ შეაწუხო.“
ფიქრებმა კვლავ ძველ სადარბაზოში მიიყვანა.
„რა ლამაზი იყო იქაურობა, ამ სიძველის სილამაზე შეუდარებელია. ახლა კი აავსეს ქალაქი ახლ-ახალი უგემოვნო „შედევრებით“.
ზოგჯერ ასე მგონია, რომ ყველაზე მახინჯ ქალაქში ვცხოვრობ...
რა სამწუხაროა...“
ძილ-ბურანში ზევით კიბეებზე არბოდა, და თან დანჭყრეული პიანინოს ხმაც, უფრო და უფრო ზევით ეწეოდა, სახურავიდან ჩამომავალმა კაშკაშა სხივმა თვალი მოსჭრა, ჯერ ვერაფერს ხედავდა,
მერე უცებ პიანინო შეწყდა.
გამოკვეთილი კაშკაშა სილაპლაპე ეს თეთრი ემალის ქვაბი იყო, რომელიც კარებში მდგარ ქალს ეჭირა.
- ქვაბი არ დამიწვათ!
ქვაბი ორივე ხელით ოდნავ წამოსწია, ალბათ მიმის, რომ კარგად დაენახა, რომელ ქვაბზე იყო მინიშნება და სამზარეულოში გაიტანა.
მიმი გაოგნებული წამოდგა. ეს ქალიც მშვენივრად გამოიყურებოდა, თუმცა წინა ქალთან შედარებით, ბევრად დახვეწილი მანერითა და ჩაცმის სტილით საკმაოდ განსხვავდებოდა. ქალმა საწერი მაგიდის უჯრიდან ამოღებული ფული ჯერ გადათვალა და ისე ჩაიდო ჯიბეში. მერე გაოგნებულ მიმის მიუბრუნდა და ხელით მიანიშნა:
- ყავა გაგიცივდებოდათ! - კიდევ ერთხელ კარგად აათვალიერა დაბნეული სტუმარი და გავიდა.
მიმის ახლაღა გაახსენდა უკვე  კარგა ხნის წინ მოდუღებული ყავა. სულ გაყინულიყო, თუმცა მაინც ეგემრიელა. კვლავ სავარძელში ჩაესვენა.
„ნეტავ კიდევ ვინმე მოვა?“
ირონიულად ჩაეღიმა, თუ არა, მაშინვე კარებში თინეიჯერი გოგონა გამოჩნდა. ერთ მხარეს ჩამოშლილი ფერად ზოლებად შეღებილი თმები მეორე მხარეს ძალიან მოკლედ შეეკრიჭა, აპარსვამდე სულ ცოტაღა აკლდა. ხელებზე იდაყვებამდე სხვადასხვა სტილის სამაჯურები აესხა, ძაფებამდე მისულ, დაქექილ ჯინსის ჯიბეებში ხელები ჩაეწყო.
- აუუ! კიდევ სძინავს რააა! - ტუჩაბზუკულმა მაგიდაზე დაწყობილ ნივთებს უკმაყოფილოდ შეავლო ხელი, უჯრებიც გამოაღო, მაგრამ ვერაფერი ნახა.
„ალბათ, ამასაც ფული უნდა.“
მიმიმ გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ გოგონამ საკმაოდ უტიფრად. მაგრამ რაღაცნაირი მაცდური თბილი სახით მიმართა:
- აუუუ! ფული არ გაქვს, რომ მასესხო?
მიმიმ მხრები აიჩეჩა და ჩანთას დასწვდა:
- გააჩნია რამდენი გჭირდება?
- ტაქსის ფული მინდა, სკოლაში მაგვიანდება და...
ახალ უფრო თბილად და სიყვარულით გაუღიმა.  გოგონა რამდენად უტიფარი იყო, იმდენად თბილი და საყვარელი ჩანდა.
მიმის გაეღიმა და სანამ ფული გაუწოდა, გოგონამ თავად ააცალა ხელიდან და უკვე ეზოში იყო გასული, დიდი მადლობაო, რომ დაუძახა.
„ალბათ უკვე, მესამე გაკვეთილს თუ მიუსწრებ?
ან იქნებ, არც მიდის სკოლაში? იქნებ, ამდენი ფულიც არ უნდა მიმეცა?“
ამ ფიქრებში იყო, როცა ზურგიდან ხმა მოესმა:
- შარვალი მომაწოდე რაა.
მხატვარს შეღვიძებოდა და თხელი პლედის ქვეშიდან ხელი გამოეშვირა სკამისკენ, სადაც ცალი ტოტით ჩამოკონწიალებული საღამური პიჟამის შარვალი „იხრჩობდა თავს“. მიმიმ ღიმილით ესროლა, მისთვის უკვე  კარგად ნაცნობი პიჟამა, რომელსაც მხატვარი ღამის ნაცვლად, დღისით ატარებდა.
სანამ მხატვარი შხაპს იღებდა მიმი ისევ ყავის მომზადებას შეუდგა.
აბაზანიდან გამოსულმა, სტუმრის მომზადებული ყავა გემრიელად მოსვა და სველი თმების დიდი პირსახოცით გაშრობა დაიწყო.
- მიმი იცი, იმ სახლში რა მოხდა?
- სწორედ მაგიტომ მოვედი.
- ჰა, დავლაშქროთ? აპარატი ხომ თან გაქვს?
მიმიმ ღიმილით დაუქნია თავი.
„ისე, რა უცნაური სახლია.“
გაივლო გულში. მანქანა სახელოსნოსთან დატოვა და მხატვართან ერთად, ფეხით ჩაუყვა დაღმართს. იქნებ, ახლა მაინც რაღაც გაერკვია.
ეზოში შესვლისთანავე სახლის პატრონს გადაეყარნენ, მანაც ახალი მსმენელები გამოიჭირა და სახლის ისტორიის ამბის მოყოლა ისე დაუწყო, რომ არც უკითხავს, თუ რა საქმეზე იყვნენ მოსული.
- ეს სახლი პაპაჩემის მამამ ააშენა. წინათ სულ ჩვენი იყო, ახლა მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელიღა დამრჩა.
მიმი გულისყურით უსმენდა. ძალიან გაუხარდა როცა ოთახების დათვალიერების საშუალება მიეცა, პატრონსაც მეტი რა საქმე ჰქონდა. სიხარულით მოატარა აივნები, ზოგან შეუშვეს, ზოგან სახლში არ იყვნენ. მიმის ყველაზე მეტად, სადარბაზო და ის მიმალული ლაბირინთები უფრო აინტერესებდა, მაგრამ სახლის პატრონი ამაზე დუმდა და ხმას არ იღებდა, მხოლოდ ეზოს მხარე ათვალიერებინა.
მხატვარი ათას კითხავს უსვამდა, პატრონი კი არ ჩერდებოდა, ეტყობოდა, რომ დიდი საუბრის მოყვარული იყო.
რაც შეეხებოდა გარე სადარბაზოებს, ის მხარე ავარიული იყო და დიდი ხანია არც სარგებლობდნენ და პატრონმაც არ შეახედა იქეთ.
- გამოძიების ახალი ვერსიის თანახმად!
ნაცნობ ხმაზე მიმი შემობრუნდა.
ფიფო ყურებამდე უღიმოდა:
- დამასწარი მოსვლა? აკი დაგირეკავო?
მიმი ცოტა შეყოყმანდა, ან რა უნდა ეთქვა, პასუხიც არ ჰქონდა. თუმცა პასუხი ვინ აცალა, ფიფოს უკან თანამშრომლები ყაყანით მოადგნენ, დაღლილები და დამშეულები, ზოგი სახინკლეში, ზოგიც რესტორანში ექაჩებოდა.
ყველაზე მეტ ინიციატივას, დილით მიმი, რომ მიაცილა სახელოსნომდე ის კაცი იჩენდა. მიმის მისალმების ნიშნად ცალყბად გაუღიმა და მერე ფიფოს მიუბრუნდა:
- სახინკლეს ისევ რესტორანი სჯობს და თან, ახალ ამბებშიც გაგარკვევთ!
მხატვარმა თავი უხერხულად იგრძნო და გარიდება ამჯობინა, თუმცა ვინ გაუშვა, ფიფო ეპატიჟებოდა, უფრო იმიტომ, რომ კარგად გაერკვია მიმის გვერდით ვინ ბრძანდებოდა, მიმიც არანაკლებ უხერხულ სიტუაციაში იყო, მაგრამ...
უხერხულობაზე მეტად ყველაზე უფრო საშინელ დღეში, ის ახალი მდგმური ჩავარდა, რომელიც შემოსვლისთანავე, პირდაპირ პოლიციელთა ხახაში აღმოჩნდა.
მუხლები ეკეცებოდა, ადამიანის ფერი აღარ ედო. ცხოვრებაში, არც იმდენად მშიშარა იყო, მაგრამ ჯერ არ იყო ამის დრო. წინ კიდევ უამრავი გეგმა ჰქონდა და ბევრი რამ იყო მოსაგვარებელი.
ფიფომ ერთი გახედა, მაგრამ რეაქციის გარეშე დატოვა. რა დროს ვიღაც იქაური მობინადრე იყო, როცა მისი რჩეული ვიღაც უცხო, უნიათოდ ჩაცმული კაცის გვერდით ნახა.
ფიფოს მსგავსად, არც სხვა დანარჩენ თანამშრომლებს მიუქცევიათ მისთვის ყურადღება. პირიქით, გზაც კი დაუთმეს და თავისუფლად გაატარეს.
პიპამ თავისი, უნებურად ნაქირავები სახლის კარი, რომ მოიკეტა, მხოლოდ ამის მერე ამოისუნთქა შვებით.
ახლა მისთვის ყველაფერი ნათელი იყო. სახეზე არავინ იცნობდა და ვერც იმას იფიქრებდნენ, თუ აქ, ამ სახლში, მათივე გამოდევნილ უბანში დაიდებდა ბინას  ის, ვისაც ამდენი ხანი და ასე უშედეგოდ ეძებდა ფიფო.
LEX. 2016 წლის 15 მაისი, კვირა.

No comments:

Post a Comment