Friday, October 27, 2023

უკვალოდ არ ჩაივლის (ნაწილი 153)

153.
კოვზის დაკარგვით შეძრწუნებულმა დეტექტივმა, მაშინვე ავტოფარეხში ჩაირბინა. ალბათ ჯიბიდან, იქ ხომ არ ამომივარდაო,
„ისე შესაძლოა ადვოკატმაც უჩუმრად ამომაცალა და იქვე სადმე მანქანაშიც კი ჩამალა.“
ამის იმედი უფრო ჰქონდა გალეოს. თუმცა, მთელი სალონი კარგად მოჩხრიკა. ყოველი შემთხვევისთვის, საბარგულიც კი ასწია, მაგრამ არც კოვზის და არც მისი ცხვირსახოცის ნასახიც კი არსად იყო.
გამწარებული ისევ სახლში აბრუნდა. იქაურობაც კარგად მიჩხრიკ-მოჩხრიკა და რადგან ვერც იქ ვერაფერი აღმოაჩინა ახლა უფრო მეტად დარწმუნდა, რომ ჩუკი ასე უშნოდ ეხუმრა და საშინლად მოსდიოდა ბრაზი. რა დროს ასეთი უადგილო ოხუნჯობა იყო, როცა საქმე...
ანერვიულებული დასწვდა ტელეფონს, მაგრამ ჩუკის მობილურის გამორთული ჰქონდა. ახლა უფრო მეტად მოეშალა ნერვები. ცოფებს ყრიდა გალეო, დილამდე მოუწევდა მოცდა.
„დარწმუნებული ვარ, სპეციალურად გამორთო ტელეფონი!“
ფიქრობდა გონება აჭრილი დეტექტივი.
„იმედია, მაგდენი ტვინი მაინც ეყოფა და ჩემს, ასე სიმწრით მოპოვებულ სამხილს ბოლომდე არ გამინადგურებს.
მთავარია, ისევე სუფთად შეინახოს, როგორიც აიღო.
არა მაინც, რაში სჭირდებოდა ეს მაიმუნობა?
ოხუნჯობის დრო იყო ახლა?“
საშინლად გულმოსულ დეტექტივს ბოღმა ახრჩობდა, თან ფიქრობდა დილამდე რა მოიცდისო და ისიც კი გაიფიქრა, ახლავე ავდგები და ამ შუაღამისას წამოვაგდებ საწოლიდანო, მაგრამ მერე ისევ დაღლილობა ერეოდა და ბოლოს, როგორც იქნა, გამთენიისას ძლივს ჩაეძინა.
დილით კი სამსახურშიც დააგვიანა. მერე ლანჩის დროს უნდოდა ჩუკის მოკითხვა, მაგრამ ვერც მაშინ მოხერხდა და ისე დაღამდა, ადვოკატთან დარეკვაც კი ვერ შესძლო.
„რა არის ეს უაზრო ქცევა?“
ფიქრობდა ადვოკატზე გამწარებული დეტექტივი.
„მე არ მცალია და ვერ შევეხმიანე, თვითონ ხომ უნდა იაზროვნოს, არა?..
მოსულიყო და მოეტანა, ან დაერეკა მაინც.
მხატვრისგან არც გამიკვირდებოდა ასეთი საქციელი, ისიც კარგი ოხუნჯი და მატრაბაზია, მაგრამ ეს ადვოკატი მაინც, რაღამ გადარია? ყოველ ხუმრობასაც ხომ აქვს, არა საზღვარი! თანაც, რა დროს მაიმუნობა იყო ახლა?!“
უკვე საკმაოდ გვიანიც იყო, როცა დეტექტივმა ადვოკატს სახლთან მიაკითხა. მიუხედავად ბევრი პატიჟისა, გალეო მაინც მანქანიდან არ გადმოვიდა და ჩუკისაც იქვე მოუხმო.
ერთ ხანს ისხდნენ ასე ჩუმად. ბოლოს ჩუკიმ ვეღარ მოითმინა:
- რა ხდება? მშვიდობაა?
- შენს ხელში მშვიდობას რა უნდა? - მკვახედ მიახალა გალეომ.
ჩუკიმ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ჰო, კარგი ახლა.  ვიხუმრეთ და მორჩა! - ბრაზმორეული ხმით მიმართა გალეომ.
ადვოკატმა გაკვირვებით გადმოხედა.
- მომეცი, ახლა! - კვლავ შეუღრინა გალეომ.
ჩუკი ახლა უფრო მეტად გაკვირვებული სახით მობრუნდა მისკენ.
- რა გინდა, გალე?
- მორჩი, რა ხუმრობას! - უკმაყოფილოდ მიუგო დეტექტივმა.
- რას გულისხმობ, ერთი ამიხსენი?
- არ გვინდა, რაა, ამდენი ახსნა-განმარტებები, ისედაც დილიდან მაგის მეტს რას ვისმენ!
- და აბა, რა ბზიკმა გიკბინა? - ჩუკი კვლავ გაკვირვებული იყო. - იღრინები და რას მერჩი, ვერც ვხვდები.
- აჰ, ვერც ხვდები, არა? - ირონიულად მიუგო დეტექტივმა.
ჩუკიმ გაკვირვებით აიჩეჩა მხრები.
- კოვზი! - კვლავ ბრაზით მიმართა გალეომ.
- რა კოვზი? - წარბები აზიდა ჩუკიმ.
- კარგი, დამიბრუნე და წავედი სახლში, ამაღამ მაინც გამოვიძინო. - ისევ იღრინებოდა გალეო.
- რა კოვზი? ან რა უნდა დაგიბრუნო? - ახლა უკვე ჩუკისა მოსდიოდა ბრაზი.
- უნდა დააბრუნო, ის რაც აიღე და მეორეჯერ, ასე უშნოდ აღარ იხუმრო!
ჩუკი ვერაფერი უპასუხა. გალეომ კი განაგრძო.
- მეგობარი, რომ ხარ მაგიტომ არ გაგიდებ წიხლ ქვეშ, თორემ... - გალეოს უკვე  ტვინში ასხამდა ჩუკის ასეთი თავხედობა.
- რა თორემ? - ახლა უკვე ჩუკიც გაბრაზდა. - შენ რაღაც ვერ ხარ შენს მოტორზე. სხვაზე გულმოსულმა ჩემზე გინდა ჯავრი იყარო?!
- ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა თავს იკატუნებენ და ასე უსინდისოდ და უნამუსოდ...
- გალე! რა ხდება? - შეუყვირა ჩუკიმ. - ან ამიხსნი და ან თავი დამანებე საერთოდ!
- დამიბრუნე-მეთქი, რაც აიღე! - იბღვირებოდა გალეო.
- და რა ავიღე? ან როდის? - ჩუკიც არანაკლებ ბრაზობდა, დეტექტივის ამგვარ გამოხტომებზე, მაგრამ მისი დინჯი და საკმაოდ ჭკვიანი გონება, გალეოსავით ასეთ აფეთქების უფლებას არ აძლევდა. ამიტომაც, მოსაუბრესთან შედარებით,  სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.
- რა და კოვზი! - მკვახედ მიახალა გალეომ.
- რა კოვზი? - ცხადია, ჩუკიმ უცებ ვერც გაიხსენა, წინა ღამით მიმის ოჯახიდან, კოვზის მოპარვის ამბავი.
ადვოკატს იმდენად გაოგნებული სახე ჰქონდა, რომ დეტექტივს უკვე ოდნავ ეჭვიც კი შეეპარა.
- შენ ხომ დამინახე, მე რომ იმ კაცს ლამბაქიდან კოვზი რომ ავაცალე.
- აა! ეგაა! - ჩუკი გაეცინა.
- ჰოო! ეგა! - კვლავ მკვახედ მიუგო გალეომ.
„ეს მატრაბაზი ბიჭი იცინის კიდევაც და მე აქ ნერვები დამახია“.
გაივლო გულში დეტექტივმა.
- და მერე ახლა ჩემგან რა გინდა? - შუბლი შეკრა ჩუკიმ.
- ჰოდა, დამიბრუნე-მეთქი!
- რა დაგიბრუნო? შენ ავად ხომ არ ხარ?! - უკვე წყენით მიმართა ჩუკიმ. - შენ თვითონ ააცალე და მე დაგიბრუნო?
დეტექტივი მოიღუშა. ხმას ვეღარ იღებდა. ახლა უკვე ვერაფერი გაეგო.
- გამაგებინე ერთი, რა მოხდა? - ჩუკის კვლავ ნაწყენი ტონი ჰქონდა, თუმცა ხვდებოდა, რომ გალეოს რაღაც ეშლებოდა.
- შენ ნამდვილად დამინახე, რომ ჯიბეში ჩავიდე? - ახლა უფრო დინჯად მიმართა გალეომ. - თუ მხოლოდ რომ ავიღე, ან როცა შევცვალე?
ჩუკი ჩაფიქრდა, თუმცა დიდხანსაც არ მოუწია ფიქრი.
- იმ კაცის ლამბაქზე რომ კოვზი დადე, მოლოდ ეს დავინახე. - ჩაფიქრებული ხმით მიუგო დეტექტივმა. - მერე რატომღაც უნებურად, თვალი შენი ლამბაქისკენ გამექცა და კოვზი რომ აღარ იდო, მივხვდი რომ შეუცვალე და არც იმდენად ძნელი გამოსაცნობი იყო, თუ რატომ.
- ჰმ!- თავი გააქნია გალეომ.
- და რა იყო?
- მეგონა, ვერავინ შემამჩნია.  - ჩაიბურტყუნა გალეომ.
- ისე, იმ წუთებში იმ კაცსაც შევავლე თვალი და ზუსტად მახსოვს, იმ მომენტში, შენსკენ არც იყურებოდა.
- ეგ. ჰოოო... - გალეომ ამოიხვნეშა.
- და რა მოხდა? აღარ მეტყვი?
- სახლში რომ მივედი, აღარ მქონდა. - გაბზარული ხმით მიუგო გალეომ. - პიჯაკის ჯიბეში მედო ცხვირსახოცში გახვეული.
პასუხად ჩუკიმ წარბები აზიდა.
- მთელი მანქანა გადავაქოთე. - განაგრძობდა გალეო. - სახლშიც კი მოვიძიე, მაგრამ...
- და გეგონა, რომ მე ამოგაცალე? - უკმაყოფილოდ ჩაეკითხა ადვოკატი.
გალეომ არაფერი უპასუხა, თუმცა პასუხი ისედაც ნათელი იყო.
- არ მეგონა, თუ ამდენად იდიოტი გეგონე. - წყენით მიმართა ჩუკიმ.
- ბოდიშებისა და მაპატიეს სიტყვების ნერვები აღარ მაქვს ახლა და მთხოვე რაც გინდა! - მუდარით გადახედა გალეომ. - ჩათვალე, რომ შენი მოვალე ვარ!
- დაიცა, რაა. - თავი გააქნია ჩუკიმ. - ვალი არა, იხვი კიდევ...
დეტექტივი ჩაფიქრებული იკვნეტდა ტუჩებს. ახლა უკვე ვეღარაფერს ხვდებოდა. აქამდე დარწმუნებული იყო, რომ ადვოკატი უშნოდ და უადგილოდ ეხუმრა და ის მოპარული კოვზი ამოაცალა, მაგრამ უკვე თავადაც ეპარებოდა ეჭვი, ხომ ნამდვილად ჩავიდე ჯიბეშიო.
- ისევ მიმისთან ხომ არ ამოგივარდა სადმე? - ჩაეკითხა ჩუკი.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა გალეომ. - არა მგონია. დავარდნის ხმას, ნუთუ ვერ გავიგებდი? ან მე, ან სხვა ვინმე?
- ტუალეტში ხომ არ შეხვედი? ეს მაინც თუ გახსოვს? - კვლავ ჩაეკითხა ჩუკი.
- კი! შევედი! - თავი დაუქნია გალეომ. - სწორედაც რომ იმის მერე შევედი, პირზე წყალი შევისხი, ისე ვიყავი აღელვებული.
- და იქნებ, იქ ამოგივარდა და...
- არა, არა! - თავი გააქნია დეტექტივმა. - გამოსვლის წინ გარედან შევამოწმე ჯიბე. მაშინ ნამდვილად იქ იდო!
- მდაა... - ჩაფიქრებული ხმით აღმოხდა ჩუკის. - საინტერესოა...
- შენ თუ შემამჩნიე, უეჭველი სხვებიც შემამჩნევდნენ, არა?
- ნამდვილად მახსოვს, მაშინვე პირველ რიგში, იმ კაცს დავაკვირდი და საერთოდ არ იყურებოდა შენსკენ. - მიუგო ჩუკიმ. - ყველზე ახლოს შენ იჯექი მასთან. მე კი ზუსტად თქვენს პირდაპირ ვიჯექი. მიმი შენგან მოშორებით იჯდა, ქირურგი და მხატვარი კი ისე ისხდნენ, რაღაც არა მგონია, რომ მათ რამე შეემჩნიათ.
- და ისევ, მე ამომივარდა, ვითომ? - გალეო ჩაფიქრდა. - პიჯაკის ჯიბე, მხოლოდ ტუალეტიდან გამოსვლის წინ  მოვსინჯე, მერე სპეციალურად აღარც მივეკარე, რადგან მაინც, ყურადღების მიქცევას მოვერიდე. აი, მერე უკვე, სახლში მისვლამდე არც მომისინჯავს.
- დამშვიდობებისას, ხელი ვის ჩამოართვი?
- არც არავის! - მხრები აიჩეჩა გალეომ.
- აბა, თავისით ამოხტა? - ჩაეცინა ჩუკის.
- ასე გამოდის. - ამოიხვნეშა გალეომ.
წუთით დუმილი ჩამოვარდა.
- და შენ, რას ფიქრობ? - გალეომ ჩუკის მიუბრუნდა.
- რადგან, ასეთი გაქექილი და გამოცდილი კაცი ჩანს, არც გამიკვირდება, რომ შეგამჩნია კიდევაც და ამოგაცალა, მაგრამ აი, როდის? რა მომენტში?
- ჩემგან მარჯვნივ იჯდა და ნამდვილად ვიცი, რომ მარცხენა ჯიბეში ჩავიდე და ასე, უკვე საკმაო მანძილზე, ფიზიკურად ხელს ვერ გადმოყოფდა რომ ამოეღო.
- ჰო, არა, ეგ გამორიცხულია. - ჩუკი წამით შეყოვნდა. - ისევ დამშვიდობების დროს, შეიძლება ისე მოგიახლოვდა, რომ ვერც იგრძენი.
- რა ვიცი, აბა? - მხრები აიჩეჩა გალეომ. - ისეთი დაძაბული ვიყავი... მეგონა, მაქსიმალურად ვფხიზლობდი.
- იქნებ, მანქანამდე, სადარბაზოში გამოსვლისას ამოგივარდა?
- არ ვიცი, უკვე აღარაფერი არ ვიცი და შენ მაინც ფიქრობ, რომ შესაძლებელია იმ კაცის ხელი ერიოს?
- აბა, რა გითხრა? - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ. - თუმცა, არც გამოვრიცხავ!
- ჰო, რა ვიცი. არც გამიკვირდება.
- ეს შენ ვერ იხსენებ, როდის მოგიახლოვდა იმდენად, რომ ჯიბიდან ამოეცალა.
დეტექტივმა უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ყველა ვარიანტში, ახლოს უნდა მოსულიყო შენთან, აბა ანკესით ხომ არ ამოგაძრობდა? - სიცილით დაასრულა ჩუკიმ.
- აღარც ეგ გამიკვირდება უკვე. - ხელი ჩაიქნია გალეომ.
- იქნებ, მხატვარმა ამოგაცალა? - იკითხა ჩუკიმ. - მაგას უყვარს ხოლმე ეს უაზრო ხუმრობები.
- იქნებ, მართლა... გამისკდა თავი. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო...
- დავუშვათ, ამოგივარდა.
- დავუშვათ... - ამოხვნეშა გალეომ.
- ჯიბიდან ამოვარდნის რამდენიმე ვარიანტიც შეიძლება განვიხილოთ! - განაგრძო ჩუკიმ.
გალეომ უხმოდ აიჩეჩა მხრები.
- ან წაიქეცი, ან წამოწექი და ან თავდაყირა დადექი! - ღიმილით დაასრულა ჩუკიმ.
- არც ერთი და არც მეორე! - გაეცინა გალეოს. - და არც მესამე!
- ესე იგი, ვიღაცამ...
- უეჭველი იმ კაცმა ამომაცალა, მაგრამ როდის? რა მომენტში?
- მასე მეც მაბრალებდი, მაგრამ ნამდვილად არ ამიღია, შეიძლება მაინც არ გჯერა, მაგრამ...
- ახლა კი მჯერა, მჯერა...
- და სანამ ვინმეს რამეს დააბრალებ, ხომ იცი, რომ კარგად უნდა გამოიძიო. - სიცილით მიმართა ჩუკიმ. - დეტექტივი, ტყუილად კი არ ხარ!
გალეოს ირონიულად ჩაეცინა.
- ახლა კი ძალიან გვიანია.  - მთქნარებით უთხრა ჩუკიმ. - წადი სახლში გამოიძინე და მერე კარგად, დაკვირვებით შეეცადე რომ ყოველი დეტალი გაიხსენო.
- მართლა კი ვარ ისე დაღლილი. - ამოიხვნეშა გალეომ. -  აღარც კი ვიცი რა ვიფიქრო? ან ვის რა დავაბრალო.
- მოდი ხვალ საღამოსკენ. - შესთავაზა ჩუკიმ. - მარტო მე და შენ შევიკრიბოთ და ყველაფერს თანმიმდევრობით გადავხედოთ. ვინ სად იჯდა, ვინ როდის წამოდგა, გავიხსენოთ და დავალაგოთ.
- ჯერ ყველას დავაბრალოთ და მერე, სათითაოდ გამოვრიცხოთ! - ღიმილით გააქნია თავი გალეომ.
- ჰოდა, ხვალ გავიაროთ დეტალებში. - ჩუკი მანქანიდან გადავიდა და გალეოს ხელის ქნევით დაემშვიდობა.
ვერც მეორე დღემ მოიტანა სიკეთე და ისე დაღამდა, რომ კვლავაც ვერაფერი გაარკვიეს. რანაირად არ ატრიალეს, ვის აღარ დააბრალეს, ვინ აღარ გამორიცხეს, მაგრამ დეტექტივი ყველაფერზე, უარის ნიშნად, თავს აქნევდა, ჯიბიდან რომ ამოეღოთ, ასე ახლოს არც არავინ მომკარებიაო.
- აბა, თავისით ამოხტა? - ირონიულად ეცინებოდა ჩუკის.
გალეომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- დიმეოც კი არ იყო იქ, ბავშვს რომ მაინც დავაბრალოთ. - კვლავ ეღიმებოდა ჩუკის.
- მიმი, კატეგორიულად გამოვრიცხეთ! - კვლავ თავიდან დაიწყო გალეომ. - ჩემგან ბევრად მოშორებით იჯდა. მხოლოდ ყავა მოგვიმზადა და მერე პლედში გახვეულმა, ჩვენს გასაცილებლად, წამოდგომა როცა მოინდომა, სპეციალურად აღარ ავაყენე, არ მინდოდა ორსული ქალის ამდენი შეწუხება.
- სამაგიეროდ, მხატვარმა გამოიდო თავი, მე გავაცილებო. - ჩაურთო ჩუკიმ. - თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ სკამიდან წამოიწია. წესიერად არც კი წამომდგარა.
- ქირურგი, ჩვენზე წინ გავიდა.
- ჰო!
- არც კი მოგვიახლოვდა ისე დაგვემშვიდობა. - დაამატა გალეომ.
- ის უცხო კაცი, კი გამოგვყვა კარებამდე, მაგრამ როგორც მახსოვს, ახლოს არც მოსულა. - ჩაფიქრებული ხმით სთქვა ჩუკიმ. - თუ მოგიახლოვდა? იქნებ, ჩემთან ახლოს რომ არ მოსულა, მე სწორედ ეს მახსოვს და მხოლოდ მარტო შენ მოგიახლოვდა?
- აღარაფერი ვიცი, ვერაფერს ვიხსენებ. - დეტექტივმა დაღლილი თვალები მოიფშვნიტა. - ჩვენ ხომ ერთად წამოვედით.
- დაიცა! - ჩუკი გალეოს ჩააშტერდა. - მე შენზე წინ გავედი!
- მართლა? - ირონიულად გადმოხედა გალეომ. - აბა, ერთდროულად კარში ხომ ვერ გამოვიდოდით?
- არა, არა! მაგას არ ვგულისხმობ. - თავი გაქნია ჩუკიმ.
- მიდი აბა, გისმენ.
- მე როცა გამოვდიოდი, მეგონა შენ, ჩემს უკან მოდიოდა და როცა შენს მანქანასთან გავჩერდი, შენ მერე გამოხვედი.
- მართლა? - ახლა უკვე გაიკვირვა გალეომ.
- ჰო! - კვერი დაუკრა ჩუკიმ. - ნამდვილად ასე იყო.
- ესე იგი...
- ესე იგი, ის რამდენიმე წამი უნდა გაიხსენო ზუსტად.
გალეო ჩაფიქრებული იჯდა.
- ჰა! ახლა! - შეუძახა ჩუკიმ. - ხმამაღლა მაინც იფიქრე.
- ზუსტად მახსოვს, ის მარცხენა მხარე, სადაც კოვზი მედო, ისე მიხურდა და მეწვეოდა, ასე მეგონა რომ ყველა ხედავდა და ყველამ იცოდა. - ჩაფიქრებული ხმით დაიწყო გალეომ. - მეგონა ეს კოვზი ისეთი ცხელი იყო რომ...
- ჰმ. გეტყობა, ცხოვრებაში არაფერი მოგიპარავს.
- არა! - თავი გააქნია გალეომ. - საკმაოდ მხდალი და მშიშარა ბავშვი ვიყავი, თუმცა გარეგნულად არც ვიმჩნევდი.
- ესე იგი, პირველი ქურდობა იყო?! - ირონიულად ჩაეღიმა ჩუკის.
- ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს გავარვარებული უთო მედო ჯიბეში.
- და ამიტომაც იქნებოდი ასე დაბნეული და არეული. - მიუგო ჩუკიმ.
- ალბათ. - მხრები აიჩეჩა გალეომ.
- ჰოდა, მაგის გამო, ზუსტად ვერც იხსენებ როდის და რა მომენტში მოგიახლოვდა.
- იქნებ, არც მოსულა ჩემამდე ახლოს? - ჩაიბურტყუნა გალეომ.
- თავისით რომ მართლა არ ამოხტებოდა, ეგ უკვე ფაქტია! - მიუგო ჩუკიმ. - სხვათა შორის, ჯიბიდან ამოვარდნაც გამოვრიცხეთ და მეტი, რაღა რჩება?
- კი მაგრამ, როგორ?! რანაირად?!
ერთ ხანს დუმილიც კი ჩამოვარდა. დეტექტივი გახევებული იჯდა. ვერანაირად ვერ იხსენებდა თუ როდის ან როგორ მიუახლოვდა იმდენად ვინმე, რომ ის ჩუმად ჩადებული ნივთი, ჯიბიდან ამოეღო.
- შენს მანქანასთან რომ მივედი. - დაიწყო ადვოკატმა. - კარისკენ მეჭირა თვალი, ერთი სული მქონდა, თუ როდისღა გამოხვიდოდი.
- მართლა ასე გვიან გამოვედი?
- არც იმდენად. სავარაუდოდ უფრო მალე ვიდრე გვიან, მაგრამ ეს შეყოვნება ხომ იყო? ერთი-ორი წუთით მაინც, მეტი არა.
- ესე იგი, შენ თუ ორ წუთს მაინც მელოდე, იმის მერე, როცა უკვე მანქანასთან მიხვედი...
- სანამ ქვემოთ ჩამოვედი, ესეც რომ მივათვალოთ სამი წუთი ხომ მაინც გამოდის სულ?
- გამოდის რომ მინიმუმ სამი წუთის მერე გამოვედი მე, არა?
- ასე გამოდის! - თავი დაუქნია ჩუკიმ.
- ესე იგი, სამი წუთი მაინც... - ჩაილაპარაკა გალეომ.
ადვოკატი მთელი მოთმინებით ელოდა, თუ რას გაიხსენებდა დეტექტივი, თუმცა ისევ ისე, ვერაფერ ახალს ვერ ამატებდა.
- მდაა... - ჩუკიმ ამოიხვნეშა და წასასვლელად მოემზადა. - და იმ კაცს, როდისთვის შეპირდი ბაზაში შეშვებას?
- მმ.... ხვალ! - ფიქრებიდან გამოერკვა გალეო. - იმ დღეს ვუთხარი რომ ორ დღეში-მეთქი. ესე იგი, ხვალ!
- და როდის უთხარი? - ჩაეკითხა ჩუკი. - რაღაც არ მახსენდება. ან მე ვერ გავიგე.
- რომ გამოვდიოდით კარებში მაშინ ვუთხარი.
- გამოვდიოდით კი არა, ბოლოს შენ რომ გამოდიოდი! – ჩუკიმ თვალები მოწკურა და გალეოს ჩააკვირდა. -  და მაშინ ხომ არ მოგიახლოვდა?
 - ამ ეტაპზე, ახლა მხოლოდ შენი იმედი გვაქვსო მითხრა და მაშინ მხარზე კი შემეხო ოდნავ... ძმაკაცურად ხელს რომ მოგითათუნებენ ისე... თუმცა მგონი, არც იმდენად ახლოს იყო რომ ჯიბიდან... - გალეომ გაფითრებული სახით გადახედა ჩუკის.
- ჰმ! მხარზე ერთი ხელი მოგითათუნა და მეორეთი ის კოვზი ამოგაცალა! - იყვირა ჩუკიმ. - ეგ არის!
- კი მაგრამ, ახლოს არც მოსულა, ხელი გამოიწვდინა თავის სიგრძეზე და რანაირად?..
- სწორედაც, რომ ის ხელის მოთათუნება იქნებოდა შენთვის ყურადღების გადატანის მომენტი!
- ნუთუ მართლა?...
დეტექტივი ტუჩებს იკვნეტდა. ამდენი საათი უამრავი ვარიანტი ატრიალეს და ეს ბოლო მომენტი აქამდე არც კი გახსენებია.
- და როგორ?.. რანაირად მოახერხა? - ბურტყუნებდა დეტექტივი.
- მაგარი გაქექილი ვინმე ჩანს-მეთქი, ტყუილად კი არ ვფიქრობდი.
- ჰო... რა ვი...
- აბა, ტიპმა! - დაიწყო ჩუკიმ. - შენ მარტო კომპთან დამსვიო და ყალბ საბუთს კი არ გავაკეთებ, პირდაპირ ორიგინალში შევცვლი ყველაფერსო, აზრზე ხარ რა ნაწრთობი და დაქოქილი ვინმეა?!
- ჰოო...- თავი დაუქნია გალეომ.
- თან სწორედაც რომ შენ გთხოვს, თავისი ყალბი პასპორტი გაანამდვილოს, ესე იგი, დარწმუნებულია თავის თავში და ალბათ, არაერთხელ გამოსვლია მსგავსი რამ და გესმის ახლა, ვისთან გვაქვს საქმე?!
- ეგ კი მესმის, თუმცა მიმის ასეთი მუდარით რომ არ ეთხოვა...
- და მაგრამ შენ მაინც ფხიზლობ ვიცი და მაგიტომაც გინდოდა მისი თითების ანაბეჭდების გადამოწმება. - ჩაურთო ჩუკიმ.
- რა თქმა უნდა!
- და არც უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის გაქექილი კაციც აუცილებლად შენზე მეტად იქნებოდა ფხიზლად და სავარაუდოდ ისე გვაკვირდებოდა ყველას, რომ აზრზეც ვერ მოვედით.
- მე ალბათ, ყველზე მეტად...
- თავისთავად! შენ ყველაზე მეტად დაგაკვირდებოდა და შეგისწავლიდა და დიდი ალბათობით, არც იმ კოვზის ამბავი გამოეპარებოდა.
გალეომ ღრმად ამოიხვნეშა.
- ისე, ყველაზე მაგარი ის იქნებოდა, რომ შენივე კოვზი ჩაედო, ალბათ ამდენი ვერ მოახერხა. - ეცინებოდა ჩუკის. - შენივე ანაბეჭდები რომ ამოვიდოდა, მაშინ ნამდვილად იფიქრებდი რომ შენ თვითონ შეგეშალა.
- და მართლა? - გაიკვირვა გალეომ. - თუ ამდენი მოახერხა, ბარემ მასეც მოქცეულიყო, თუ დრო არ ეყო?
ჩუკიმ არაფერი უპასუხა. ჩაფიქრებული იჯდა.
- ჰე, ახლა! - შეუძახა გალეომ. - შენ რაღაც იდეაც მოგივიდა და მითხარი ბარემ!
- ვფიქრობ, რომ სპეციალურად არ შეგიცვალა ის კოვზი.
- და ვითომ, რატომ? - ირონიულად მიუგო გალეომ.
- მაშინ შენ იფიქრებდი, რომ შენვე შეგეშალა. ახლა კი დარწმუნებული ხარ, რომ თავად იმ კაცმა ამოგაცალა.
- და?..
- და ამით, თავისი სიძლიერე გიჩვენა!
- მდაა... - ჩაიდუდღუნა დეტექტივმა და აჟიტირებულ ადვოკატს გადახედა. - და ახლა შენ მაინც გაიხსენე, თუ საიდან გეცნობა.
- შევეცდები. - მხრები აიჩეჩა ჩუკიმ.
გვიან დაიშალნენ, ახლა უკვე ორივე დარწმუნებული იყო, რომ იმ კოვზის ჯიბიდან ამოცლის საქმეში, იმ ვიღაც უცხო კავის ხელი ერია, თუმცა დეტექტივი ზუსტად მაინც ვერ იხსენებდა და მილიონჯერ ატრიალებდა იმ მომენტს.
სახლში მისულმა, საშინლად გადაღლილმა ადვოკატმა, ტელეფონი მაშინვე გამორთო. თავიდან მოიშორა ეს უსაფუძვლო ეჭვები თუ ფიქრები და მშვიდად დაეძინა. უთენია კი დის ოთახიდან გამომავალი მკრთალი შუქი შენიშნა. ალბათ, ისევ კომპიუტერთან მუშაობაში გაათენაო, გაიფიქრა.
- ისევ ვერ იძინებ ღამით? - დაბალი ხმით ჰკითხა ჩუკიმ.
- ძველებური ფოტოების აღდგენაში, თავზე დამათენდა. - ასევე ჩურჩულით მიუგო დამ. - იცი რა საინტერესოა, ძველი, უკვე გაქექილი და ფერგადასული სურათების გაცოცხლება...
ადვოკატს კიდევ რაღაცას უყვებოდნენ, მაგრამ ჩუკის უკვე აღარაფერი ესმოდა. მის გონებაში კი ახლა სხვენში, ძველებურად მოწყობილ ოთახში, ასევე მოძველებული პატარა როიალის თავზე, ლამაზად მოვარაყებულ ჩარჩოში ჩასმული, ძველ ფოტოზე აღბეჭდილი სახე ამოტივტივდა, რომელიც საოცრად ჰგავდა, იმ ვიღაც უცნობ კაცს.
LEX. 2023 წლის 27 ოქტომბერი, პარასკევი.

No comments:

Post a Comment